შვილი სულხან თამაზაშვილმა და ალექსანდრე ბირთველიშვილმა მომიკლეს!

კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომლის გამოძიებაც მეორე წელია, გრძელდება და კონკრეტული პასუხი ოჯახს ამ დრომდე არ აქვს, თბილისში 2016 წლის აგვისტოში მოხდა.
ზურაბ ხუციშვილი-ელიბაშვილი ოჯახის დასახვედრად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიდიოდა და გზიდან გაუჩინარდა, ოჯახმა მეორე დღეს შეიტყო, რომ მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. დედა საფრანგეთიდან ყოველწლიურად ჩამოდის, მაგრამ საქმე ისევ გამოუძიებელი ხვდება.

„ქრონიკა+“ კიდევ ერთხელ უბრუნდება ზურაბ ელიბაშვილის საქმეს და გთავაზობთ ინტერვიუს მის დედასთან, მანანა ელიბაშვილთან:

_ 2016 წლის პირველ აგვისტოს, გამთენიისას, ჩემი შვილი, ზურა ხუციშვილი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანა BMW-OV-202-OV-ს მართავდა, აეროპორტში მოდიოდა. დაუდგენელი გარემოებისა და ვითარების გამო ნიკოლოზის ეკლესიასთან იცვლის მიმართულებას, გადადის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მიემართება დიღმის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებით მოძრაობისას გადაასწრებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რა დროსაც ავტომანქანას ძვრება წინა მარჯვენა საბურავი და დისკით განაგრძობს მოძრაობას. აშკარა იყო, რომ ის ვიღაცას ან რაღაცას გაურბოდა. ბელიაშვილის ქუჩაზე ოდნავ ეჯახება იქვე გაჩერებულ მიკროავტობუსს, გადმოდის მანქანიდან და მტკვრის მიმართულებით გარბის. ჩემი შვილის გვამი მდინარე მტკვარმა გამორიყა. იგი 2016 წლის 3 აგვისტოს იპოვეს.
ჩემი შვილის დაკრძალვიდან მესამე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელ დავით პოპიაშვილთან შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ ეს საქმე უკვე კარგად შეკერილი იყო. პოპიაშვილი შეეცადა, ჩემთვის დაეჯერებინა პოლიციისთვის მისაღები ვერსია, რაც შემდგომში მდგომარეობდა: აეროპორტში მიმავალი ჩემი შვილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნიკოლოზის ეკლესიასთან იცვლის მიმართულებას და რატომ? გამომძიებლის თქმით, ეს მხოლოდ ჩემმა შვილმა იცოდა და რადგან ის მკვდარია, ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვედრის შემდგომ იგი მტკვარში გადახტა და თავი მოიკლა.
რა თქმა უნდა, ამ უსინდისო გამომძიებელს შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ჩემს შვილს თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა და რომ მუხლებამდე მტკვარში ჩემი შვილი არ დაიხრჩობოდა, რადგან ძალიან კარგად ცურავდა და თუნდაც გადამხტარიყო, ვერაფრით მტკვარში ვერ მოხვდებოდა, რადგან ზაფხულში პირველ აგვისტოს წლის დონე საკმაოდ დაბალი იყო და მტკვრის კალაპოტიც საკმაოდ დავიწროვებული. ამან გამომძიებელი პოპიაშვილი ძალიან გაანაწყენა და ყვირილიც კი დამიწყო, თუ რატომ არ ვიჯერებდი მის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას? წარმოგიდგენიათ?! ადამიანმა არაფერი დააშავა, მიდის თავის გზაზე აეროპორტში წყნარად და მას მკვდარს ვპოულობთ, ხოლო საგამოძიებო ორგანო, რომლის უშუალო მოვალეობაც არის ამ საქმის გამოძიება, არათუ იძიებს, ჭირისუფლებს შეურაცხყოფასაც კი აყენებს იმის გამო, რომ მათ მიერ შეთხზული ზღაპრების არ სჯერა.
_ ქ-ნო მანანა, როგორ გაგრძელდა საქმის გამოძიება?
_ ავიყვანეთ ადვოკატები, გამოძიება დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებლების მიერ მიმდინარეობდა არაპროფესიონალურად. გამოძიებამ თავიდანვე გააკეთა ყველაფერი, რათა არ დადგენილიყო, ვინ და რა გარემოებაში აიძულა ჩემი შვილი, შეეცვალა მიმართულება, ხოლო თუ რამეს აკეთებდა გამოძიება, მხოლოდ ჩემი თვალის ასახვევად და გასაჩუმებლად. ხელოვნურად აჭიანურებდნენ გამოძიებას, რათა დროის გასვლის მერე კამერების ჩანაწერები წაშლილიყო. ამ საქმემ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმმართველოს სამი უსინდისო გამომძიებელი გამოიცვალა: დავით პოპიაშვილი, ზვიად სულაშვილი და რუსუდან ციცქიშვილი.
იმ დროის განმავლობაში, როდესაც ჩემი შვილის საქმე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში იმყოფებოდა, პროკურატურის ზედამხედველობას დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურა ახორციელებდა, ამ რაიონის მთავარმა პროკურორმა რეზო ნადოიმ, რომელიც თავისი თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელის გამო უკვე დააწინაურეს კიდეც მთავარ პროკურატურაში, პროკურორმა მარიამ ნიკოლაიშვილმა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქმე არ გახსნილიყო. ამ საქმეში მონაწილე დამნაშავე პირები მათთვის თავიდანვე ცნობილი იყო და მათივე მითითებით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ დამნაშავეთა ბანდისთვის ხელი დაეფარებინათ და ამით თვითონ უარეს დანაშაულს სჩადიოდნენ. თავიდანვე არ ამოიღეს იმ კამერების ჩანაწერები, რასაც სიმართლის დადგენა შეეძლო და რაც ამოიღეს, ისიც გააყალბეს.
გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას დავით პოპიაშვილს მეც და ჩემი ადვოკატებიც ვთხოვდით, მაგრამ ის შეგნებულად არ აკეთებდა და აცხადებდა, რომ ამას საჭიროდ არ მიიჩნევდა, მაგრამ 2016 წლის დეკემბერში მეორე გამომძიებელმა ზვიად სულაშვილმა, ალბათ, ჩვენი თვალის ასახვევად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
_ რა გამოიკვეთა გამოძიების პერიოდში?
_ ჩემი შვილის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ჩვენი მეზობელი დავით გამხუაშვილი, რომელიც 14 წლი სხვადასხვა მუხლით იხდიდა სასჯელს, ციხიდან განთავისუფლდა. ის ციხეში ცნობილია „კოჭოს“ სახელით. ხშირად მოდიოდა ჩვენთან ოჯახში სტუმრად. ეს ადამიანი შეკრული ყოფილა პოლიციასთან, კერძოდ, ალექსანდრე ბირთველიშვილთან. როდესაც ჩვენი მეზობელი რუსთავის კოლონიაში სასჯელს იხდიდა, ალექსანდრე ბირთველიშვილი ამ კოლონიის დირექტორი იყო, მათი ახლო ურთიერთობაც მაშინ ჩამოყალიბდა. ციხიდან გამოსვლის მერე მათი თანამშრომლობა გაგრძელდა. ალექსანდრე ბირთველიშვილი უკვე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. დავით გამხუაშვილი პოლიციაში უშვებდა მისივე ნაცნობ-მეგობრებს და ალექსანდრე ბირთველიშვილს ფულს აკეთებინებდა. ასე მოხდა ჩემი შვილის შემთხვევაშიც, _ მან გაიმეტა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი და პოლიციას შეეკრა, აცნობა, რომ ჩემი შვილი აეროპორტში მიდიოდა. კარგად რომ დარწმუნებულიყო, ჩემი შვილი მარტო იქნებოდა ან რა მიმართულებით წავიდოდა, ჩემს ოჯახს ათის ნახევარზე ესტუმრა. ღამის ორ საათსაა და 20 წუთზე, როცა ჩემმა შვილმა გაიღვიძა და წასასვლელად გაემზადა, დავით გამხუაშვილმა დაურეკა, რომ დარწმუნებულიყო, ხომ არაფერი შეცვლილა.
_ ქ-ნო მანანა, როგორია თქვენი ვერსია, რა პროვოკაციას უწყობდნენ თქვენს შვილს ბირთველიშვილი და მისი აგენტი „კოჭო“?
_ დიდი ალბათობით, ისინი აპირებდნენ ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებას. ნიკოლოზის ეკლესიასთან ზურას მანქანას საპატრულო პოლიციის მანქანა წამოეწია, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა გამოძიება და რომელშიც იმყოფებოდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი, სულხან თამაზაშვილი, თავისნაირ გარეწარ თანამშრომელთან ერთად. მათ ჩემი შვილის მანქანა გააჩერეს და ვინაიდან ჩემი შვილი მიხვდა, რა პროვოკაციასაც უპირებდნენ, ის გაექცა მათ, ამის გამო შეცვლა მიმართულება და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აღმოჩნდა. თავად სულხან თამაზაშვილმა რაციაზე გადასცა, რომ აღნიშნული მანქანა დაეკავებინათ, რის შემდგომაც ჩემი შვილის მანქანას დაედევნენ. ამ უკანონო ფაქტისა და ოპერაციაში სულხან თამაზაშვილის მონაწილეობის დამალვის გამო, ნიკოლოზის ეკლესიიდან დაწყებული და მტკვრის მთელი მარჯვენა სანაპიროს კამერები არათუ ამოღებული, მათზე მოთხოვნაც კი არ აქვს გამოძიებას.
ეს ამ დანაშაულის დასაწყისი და ერთი მხარეა, მეორე დიდი დანაშაული კი საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა მათე ხაზალიამ და გიორგი კიჭაძემ განახორციელეს. გამომძიებელმა მოწმეები მათე ხაზალია და გიორგი კუჭაძე თავიდანვე არაპროფესიონალურად დაკითხა, გამოძიება მათ ყველაფერს ბრმად უჯერებდა. თურმე, ჩემს შვილს ფეხით რომ გამოეკიდნენ ბელიაშვილის ქუჩაზე „ფორდის“ მათაზიასთან, 2 წამის ინტერვალით, ანუ 2-3 მეტრში ვერ დაინახეს, საით წავიდა, მაშინ როცა გასაქცევიც კი არსაით იყო, რადგან იქ მდინარე მტკვარი, ხევი და კლდეა. სინამდვილეში, ისინი ფეხდაფეხ მიყვნენ ჩემს შვილს და არათუ ვერ დაინახეს, დაეხმარნენ კიდეც, კლდიდან გადავარდნილიყო. მათი ჩვენების მიხვედით გაირკვა, რომ იქ მდინარე მტკვრის არსებობა არც კი იცოდნენ და მაშინ როცა სხვა საპატრულო ეკიპაჟები მოვიდნენ, მათე ხაზალიამ და გიორგი კუჭაძემ არ მიუთითეს იმ ადგილისკენ, საითაც ჩემი შვილი გაიქცა, არამედ სულ სხვა მხარეს, ხოლო შემდეგ, როდესაც თბილისის მთავარ პროკურატურაში ისინი დაკითხეს, კუჭაძემ თქვა, რომ მას მხედველობის სერიოზული პრობლემა აქვს და იმიტომ ვერ დაინახა, საით გაიქცა ჩემი შვილი. ისე მწყობრად გარბოდა ორივე, რომ ვერ მოჰკრეს თვალი, სად გაქრა ჩემი შვილი. ორივე მათგანმა იცოდა, რომ ჩემი შვილი კლდიდან ჩავარდნილი უგონო მდგომარეობაში იყო, დახმარება სჭირდებოდა და მათ ეს არ გააკეთეს მათივე უფროსის ბრძანებით, რადგან ჩემი შვილი მათ დანაშაულებრივ მოქმედებებს ამხელდა, ამიტომაც მოიშორეს თავიდან და ცოცხალ-მკვდარი მტკვარში გადააგდეს. ექსპერტიზის დასკვნამაც აჩვენა, რომ მას სიცოცხლეშივე აქვს მიყენებული დაზიანებები ბლაგვი საგნით, მაგრამ ეს დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, მისი გარდაცვალება გამოიწვია წყალში დახრჩობამ.
_ ქ-ნო მანანა, თქვენ დაასახელეთ კონკრეტული გვარები, სად არიან დღეს ეს სამართალდამცველები?
_ ეს არაკაცი სამართალდამცველები რომლებმაც ჩემი ოჯახი გაანადგურეს, დღემდე მუშაობენ თანამდებობებზე და გავლენას ახდენენ მოწმეებზე. საკითხავია, როგორც შეიძლება ასეთი სამართალდამცველების ნდობა?! იმის მაგიერ, რომ ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ, ქუჩაში მშვიდობიან მოქალაქეებს დაუფიქრებლად კლავენ და შემდგომ, თითქოს არაფერი, აგრძელებენ ცხოვრებასა და თანამდებობაზე მუშაობასაც კი.
დიახ, ჩემს შვილს ალექსანდრე ბირთველიშვილი უპირებდა ნარკოტიკების ჩადებას (ეს მისი მუშაობის სტილია და არაერთი ადამიანი ჰყავს ასე გამწარებული), სულხან თამაზაშვილის უკანონო ქმედებებს შეეწირა ჩემი უდანაშაულო შვილი.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რაც სამართალდამცველებმა ჩემი შვილისა და ჩემი ოჯახის წინაშე ჩაიდინეს, ამიტომ მივმართე წერილობით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ კონტროლზე აიყვანონ ჩემი განცხადება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს საქმე ოფიციალურად გაიხსნას, თორემ რაც მოხდა, ისედაც ზუსტად ვიცით, დამნაშავე პოლიციელებმა უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე, თუნდაც იმიტომ, რომ მათ სხვა ოჯახები აღარ გააუბედურონ და სხვა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე არ შეიწირონ.
ამ დამნაშავეების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მათ ეს ამბავი არ შერჩებათ! ალექსანდრე ბირთველიშვილი, სულხან თამაზაშვილი, დავით პოპიაშვილი, ლევან ხარაბაძე, შოთა ჟორჟოლიანი, გიორგი კუჭაძე, მათე ხაზალია _ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელობასა და საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ.
მათ დაასრულეს არა მხოლოდ ჩემი შვილის, მთელი ჩემი ოჯახის ცხოვრება.
სასჯელის მოხდა არაფერია იმ უდიდეს ცოდვასა და დანაშაულთან შედარებით, რაც ჩვენი ოჯახის წინაშე ჩაიდინეთ, თქვე არაკაცებო!

ელისო კილაძე