სოსო გოგაშვილის გედის სიმღერა

მიუნხენის აეროპორტში დაგეგმილი და ჩაშლილი სპეცოპერაციის შემდეგ სუს-მა საერთაშორისო სკანდალის გადასაფარად „ტერორისტებზე“ ნადირობის კვირა გამოაცხადა, მაგრამ იმდენად უნიჭოდ, რომ გადაფარვის ნაცვლად ბევრად უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

კვირაზე მეტი გავიდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. არაოფიციალურად კი ხმებს ავრცელებენ, რომ წერილი არა გოგაშვილმა, არამედ კონტრდაზვერვის სამსახურმა გააგზავნა და თან იმ დროს, როცა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია მოყვა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის, ზაზა სარალიძისა და ჩემი გამგზავრება სტრასბურგში, მიუნხენის აეროპორტის გავლით, 5-9 აგვისტოს იყო დაგეგმილი. სუს-ის მიერ გაგზავნილი გრიფით, საიდუმლო ცნობით, ჩვენ ევროპის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტერორზმის ხელშეწყობაში მხილებული პირი, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეგვყავდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი სახელმწიფო საქართველოს სამ მოქალაქეს, მათ შორის, ორ შვილმკვდარ მამას დასაჭერად იმეტებდა.
ზუსტად მეორე დილას, 6 აგვისტოს, 9:30 წუთზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა. მოქალაქე მალხაზ ტოხოსაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსსკ-ის 328-ე მუხლით), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მალხაზ ტოხოსაშვილის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები და „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.
თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ორშაბათ დილითვე „კვირის პალიტრამ“ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელშიც, თურმე, ე. წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ტერორისტული აქტების მოწყობით ემუქრებოდნენ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ვიდეო ორი კვირის განმავლობაში იყო ატვირთული ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში. ე. ი. სუს-ს ამ ხნის განმავლობაში, უბრალოდ, ეძინა და საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ტერორისტული აქტების მუქარის ქვეშ იყო, რაც, ცხადია, სრული უპასუხისმგებლობაა იმ ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ამ დახურულ ჯგუფში არიან გაერთიანებული და ვიდეოს შინაარსის გაგების შემდეგ მათ სამართალდამცველ უწყებებს არ მიმართეს და სავარაუდო დანაშაული დაფარეს.
თავისი შინაარსით „კვირის პალიტრის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამწყები მემონტაჟის შექმნილია, ავტორს კი წარმოდგენაც არ აქვს, როგორია ისლამისტების მიერ გავრცელებული მუქარის ვიდეოები (ვიდეომასალა ყოველთვის მაღალი ხარისხისაა, მუქარის ავტორი კონკრეტული პირია, მუქარას ყოველთვის ჰყავს კონკრეტული ადრესატი და ყოველთვის ვრცელდება ისლამური სახელმწიფოს ქსელის მეშვეობით, ტერაქტებზე კი ყოველთვის კონკრეტული დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას).
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ე. წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მუქარის ვიდეო და დახურული ჯგუფი კონკრეტული მომენტისთვის შეიქმნა და ამ დროისთვის ჯგუფი გაუქმებულია. ინტერნეტიდან აკრეფილი ლაფანყურის სპეცოპერაციის კადრები მხოლოდ ფონი იყო, ვიდეოში მთავარი თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტო და რუსული სიმღერის ფონი გახლდათ, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ მუქარა პირდაპირ დაუკავშირდებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელს. მაგრამ… დამკვეთსა და შემსრულებელს ერთი უმარტივესი ატრიბუტი გამორჩათ, რამაც დახურული ჯგუფიდან გამოტანილი მუქარის ვიდეო სასაცილო გახადა _ მსოფლიშო არ არსებობს არც ერთი შემთხვევა ისლამის ნებისმიერი მიმდევრის ნებისმიერი სახის გზავნილი ალაჰის დიდების გარეშე. სუს-ის მორიგი „ბომბი“ მხოლოდ გამოძიებას თუ გამოადგება იმის დასადგენად, ვინ ჩაიდინა კიბერდანაშაული და ვინ შექმნა „ისლამისტების“ დახურული ჯგუფი?
„ტერორიზმის“ კვირა სუს-მა პარასკევს ასევე საგანგებო ბრიფინგით დაასრულა და ეს ის შემთხვევაა, როცა ნინო გიორგობიანის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება ნამდვილად იმსახურებს „განსაკუთრებულ“ ყურადღებას.
9 აგვისტოს ბათუმში ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, 1997 წელს დაბადებული ძებნილი, რუსლან შავაძე დააკავეს, რომელსაც დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 328-ე მუხლით და 344-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
„ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და რუსლან შავაძე მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დაბინავდნენ ქ. თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებულ იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებულ იქნა ორი ტერორისტი: იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულ იქნა შოაიფ ბორზიევი.
აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში. გამოცხადდა ძებნა და მიმდინარეობდა აქტიური სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით“, _ ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ამ განცხადებით ირკვევა, რუსლან შავაძე ახმედ ჩატაევთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, არალეგალურად გადმოლახა თურქეთ-საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლი, სადაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა, ჯერ კიდევ, გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრობის დროს გამოაცხადა ტენდერი და სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა, ბათუმიდან თბილისამდე ავტოსაგზაო მაგისტრალი ისე გამოიარა, რომ სუს-ს არაფერი გაუგია. შეიარაღებული რაზმი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაბინავდა და იქ, მინიმუმ, ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. სუს-ს ისევ ეძინა. რუსლან შავაძე სპეცოპერაციამდე ბინიდან გავიდა და ისე მიიმალა, რომ სუს-ს არაფერი გაუგია (თავად ამბობდნენ, რომ კონსპირაციულ ბინას უთვალთვალებდნენ) და ბოლოს, ამ ჯეიმს ბონდ შავაძეს სუს-ი და კონტრტერორისტული ცენტრი სპეცოპერაციიდან ცხრა თვის განმავლობაში ეძებდა. ის, სავარაუდოდ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეიარაღებული გადაადგილდებოდა და ზუსტად იმ დღეებში დააკავეს, როცა მიუნხენის აეროპორტში ჩვენი დაკავების სპეცოპერაცია დასრულებული უნდა ყოფილიყო.
ცხადია, არ ვიცი, ვინაა სუს-ის ოფიციალური განცხადების ავტორი, მაგრამ იმედია, ამ აბზაცის წაკითხვის მერე ისევ არ ფიქრობს, რომ ეს განცხადება და ჩატარებული ბრიფინგი ამ უწყებისთვის პოზიტივია.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც „ქრონიკა+“-მა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე გაარკვია, ისევ სუს-ის მიერ შეთხზულ მორიგ უნიჭო ვერსიას ეხება.
უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის მერე, სუს-ი შავი პიარის მეშვეობით ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ მას კავშირი ჰქონდა ახმედ ჩატაევთან და სპეცოპერაციის დროს დაკავებულ და ლიკვიდირებულ სხვა პირებთან. ამის დასტურად ჯერ გადაბუგული ბინიდან „ამოღებული“ ქათქათა თეთრი ფურცლები წარმოგვიდგინეს, რომელზეც გვითხრეს, რომ ეს საბანკო ხელშეკრულებაა თემირლან მაჩალიკაშვილის ხელმოწერით, ასევე ბინაში თურმე გადარჩენილა ლეპტოპი, სადაც თურმე ახმედ ჩატაევის მიმოწერა და ხმოვანი შეტყობინებები აღმოაჩინეს.
ბოლო კოზირი სუს-ს ვიდეომასალის სახით ჰქონია შემონახული, რომელიც ადასტურებს, რომ ახმედ ჩატაევის თანამზრახველებს ნამდვილად უთვალთვალებდნენ და ამ ფონზე მით უფრო დაუჯერებელია, რომ რუსლან შავაძემ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კონსპირაციული და ალყაშემორტყმული ბინა შეუმჩნევლად დატოვა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად ჩანს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლანბეგ სოლტახმადოვი, სპეცოპერაციის დროს დაკავებული შოაიფ ბორზიევი და კიდევ ერთი პირი, რომლის არც ვინაობა გვითხრეს და სახეც საგულდაგულოდ დაუფარეს. გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით აღნიშნული პირები იმყოფებიან სადგურის მოედანზე და ტელეფონს ყიდულობენ.
ბუნებრივია, ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, _ ვინ არის პირი, რომლის ვინაობაც სუს-მა არ გაგვიმხილა და მას სახეც საგულდაგულოდ დაუფარა? არის თუ არა ის აგენტი, რომელიც სუს-თან თანამშრომლობდა?
„ქრონიკა+“-მა გაარკვია, რომ სახედაფარული პირი იუსუფ (გურამ) ხანგოშვილია, ის ახმედ ჩატაევთან დაახლოებული პირის, ჯაბრაილ ხანგოშვილის ძმისშვილი და პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულ რამაზ მარგოშვილის დისშვილია.
თუ ახმედ ჩატაევი საქართველოში მართლა არალეგალურად შემოვიდა, რაც ნაკლებ სავარაუდოა, მაშინ, ლოგიკურად, გამოძიებას, პირველ რიგში, მისი ახლობლების წრე უნდა დაედგინა და დაეკითხა. საკმარისი იყო სუს-ში უბრალოდ დაეგუგლათ და აღმოაჩენდნენ, რომ ახმედ ჩატაევთან ყველაზე დაახლოებული პირი სწორედ ჯაბრაილ ხანგოშვილია და ის კარგად ჩანდა ახმედ ჩატაევის განთავისუფლების კადრებში, როცა ცალხელა ახმედი მანქანიდან სწორედ ჯაბრაილ ხანგოშვილთან მისასალმებლად გადმოდის (დღეისთვის ეს კადრები „იუთუბიდან“ საერთოდ წაშლილია, „ქრონიკა+“-ს კი ამ ვიდეომასალიდან ამოჭრილი ფოტო შემორჩა). „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯაბრაილ ხანგოშვილი დაკითხული არ არის, სუს-მა ასევე დაფარა მისი ძმისშვილი იუსუფ ხანგოშვილი, მეტიც: ჯაბრაილ ხანგოშვილი სოსო გოგაშვილს რამდენჯერმე შეხვდა კიდეც „მოდულის“ შენობაში და ასევე იმყოფებოდა ზემო მაჩხაანში გოგაშვილის მამის დაკრძალვაზე.
სუს-ის ლოგიკით, ის ვიდეომასალა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირის დასტურია, გურამ (იუსუფ) ხანგოშვილის ბრალის წარსადგენად არასაკმარისი მტკიცებულებაა. რატომ დააფარა გოგაშვილმა ხელი მას? _ ეს ის კითხვაა, რომელზედაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიუნხენში ჩაშლილი სპეცოპერაციის შემდეგ სუს-ში დიდი ქაოსია, _ ერთხანს გოგაშვილი ყველაფრის გადაბრალებას გომელაურისთვის აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, აზრი აღარ აქვს, მაინც ორივეს გვახსენებს ყველა განცხადებაშიო; მერე ვერსია მოიფიქრეს, რომ წერილი ადრე გაგზავნილია და მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილს ეხება, მე და ზაზა სარალიძე კი არაფერ შუაში ვართ. ბოლო ვერსიით, კონტრდაზვერვის სამსახურს დამოუკიდებლად მიუღია გადაწყვეტილება.
იგივე წყარო ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, „ქრონიკა+“-თან ერთად, ჩემი ფეისბუქის გვერდიცაა. ყველა სტატუსი კონტროლდება, ასევე განსაკუთრებული ყურადღებით კითხულობენ სხვა ჯგუფებსა და მეგობრების სტატუსებზე გაკეთებულ ჩემს კომენტარებს, გოგაშვილი კი მიქაიასთან მისი სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების მერე ისეა შეშინებული, ტელეფონზე საუბარი, ფაქტობრივად, შეწყვიტა. თუ ვინმე საქმეზე ურეკავს, ერთადერთ სიტყვას ეუბნება: „მოდი“.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სუს-ში აქტიურად განიხილავენ ჩვენთან დათბობისა და დაზავების თემას, კურიერად ეძებენ ისეთ ახლობელს, რომელსაც უარს ვერ ვეტყვით. კერძო საუბრებში გოგაშვილი ამბობს, რომ დანიშვნისთანავე მას ნუგზარ ფოფხაძემ „ქრონიკა+“-ის დაფინანსებისთვის 10 000 $ მოსთხოვა, მეორე 10 000 $ კი ჩემი ხელფასისთვის. ეს ფაქტი ტყუილია თუ მართალი, მხოლოდ ფოფხაძემ და გოგაშვილმა იციან, მაგრამ ციფრი ზუსტად ემთხვევა _ ამდენივე თანხას იღებდა ნუგზარ ფოფხაძე ჩემი სახელით ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრისგან, თამაზ თამაზაშვილისგან და ამბავი ოთხი თვის თავზე მას შემდეგ გაუსკდა, რაც თამაზაშვილმა ერთ მის მეგობარს შესჩივლა, _ ფულს ვუხდით და ვერ გავიგეთ, ელისოს ჩვენგან რა უნდაო?
ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: „ქრონიკა+“ არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფის გაზეთი არ არის, ის დამოუკიდებელი გამოცემაა. არსებობის ხუთი წლის მანძილზე არ ყოფილა აკრძალული თემა და გაზეთში დაბლოკილი მასალა!
არავისთვის მოგვითხოვია ფული, არ ვაპირებთ კერძო შეხვედრებს, არც გარიგებებს და არც შერიგებებს!
ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს!
სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, _ ესაა ჩვენი მთავარი იარაღი!

ელისო კილაძე