ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები ბავშვებში _ სწორი მართვა

დღესაც კი მსოფლიოში არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა მიმართაც ღია და თავისუფალი საუბარი ბოლომდე შეუძლებელია. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბავშვებსა და მათ ფსიქიკურ პრობლემებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

როდესაც ბავშვთა ფსიქიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ბევრი მგრძნობიარე საკითხია გასათვალისწინებელი. საჭიროა ბევრი სიფრთხილე და კიდევ უფრო მეტი _ სისწორე.
ბავშვი, მშობელი, სკოლა, გარემო, თანატოლები, დედმაშვილები _ ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანთთან და უფრო მეტად მაშინ, როდესაც გვერდით პრობლემაა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ მისი ნაბიჯი ორიენტირებული იყოს სწორ მკურნალობაზე და არა პირიქით, პრობლემის გამძაფრებაზე?

ქეთი აბდუშელიშვილი _ თბილისის კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ბავშვთა ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი:
„ეს არის თემა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გვერდით არის ჩაწეული, _ ფსიქიკური ჯანდაცვა სამედიცინო დარგებში; ბავშვთა ფსიქიკურ ჯანდაცვას კი უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა. თუ სპეციალისტებმა, მშობლებმა, ჟურნალისტებმა, ფართო საზოგადოებამ და სხვებმა არ ვცადეთ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, ის, სხვა საკითხებთან შედარებით, ყოველთვის ყურადღებამიუქცეველი იქნება. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ ჯანდაცვის სისტემა ყოველთვის ცდილობს, გადაუდებელსა და დაუყოვნებელს მიხედოს, რომ, ვითომდა, ყველაზე მეტად აუცილებელი მართოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ასე არ არის. განვითარებულ დასავლეთში ჯანდაცვის საკითხები მიმართულია არა გადაუდებლისა და სასწრაფოს მართვაზე, არამედ უკვე მის პრევენციაზე. ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ რაღაცას წინ უნდა აღუდგე და დაასწრო, ვიდრე, უკიდურეს შემთხვევაში, ის გამწვავდება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პრევენციის პროგრამების მრავალმხრივი გამოყენების მიუხედავად, შემთხვევები მაინც არსებობს. ამიტომ, ასეთი უკიდურესი შემთხვევებისთვისაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში სპეციალიზებული სერვისები.
როდის მიხვდეს მშობელი, რომ თავის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს?
ბუნებრივია, როცა უკიდურესი და გადაუდებელი შემთხვევაა, არ გაჩნდება კითხვა, რას უნდა მიექცეს ყურადღება. ამ შემთხვევაში მშობელი თვალს ვერ დახუჭავს და იძულებულია, ყურადღება მიაქციოს, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლები კარგად მოგვყვებიან. სწორედ მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი ნათესაური კავშირი აქვთ შვილებთან, ფსიქოლოგიურად მათი აღზრდის გარემოსაც ისინი ქმნიან, სასწავლო პროცესებში ჩართვის მოტივაციას ისინი აკეთებენ ან ვერ აკეთებენ და სოციალურ გარემოსაც ისევ მშობელი ქმნის. ამიტომ მშობელი ვერაფრით გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც შვილის ფსიქოლოგიურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამასთან შეხება და ამასთან გამკლავება საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვს. პრობლემა უნდა მიიღო და გაიაზრო, რომ ის უსაშველოც არ არის. უნდა გაჩნდეს კითხვა: მივიღე პრობლემა და რა ხდება ახლა? ასეთი მიდგომის მშობელი ბევრი არ მხვდება პრაქტიკაში. უპირველეს ყოვლისა, თვითონ მშობელია ძალიან რთული სამუშაო.
ცხოვრების ყველა იმ ასპარეზზე, რომელსაც ჩვენი პატარა გადის, პრაქტიკულად, ყველა სფეროში მჟღავნდება პრობლემები: სასწავლო გარემოშიც, უშუალოდ სწავლასთან მიმართებითაც, თანატოლებთან ურთიერთობაში, ოჯახში ფუნქციონირებასა და ა. შ. თუ არის პრობლემა, ის არის ყველა სფეროში. ძალიან იშვიათადაა, რომ პრობლემა მხოლოდ ერთ სფეროში იყოს და ესეც ძალიან ხანმოკლე დროით _ თუ დროულად ჩავერიეთ, მაშინ ეს პრობლემა არ შენარჩუნდება. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, არასწორად მართვის შემთხვევაში, პრობლემა დარჩება და ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელშიც ბავშვი ფუნქციონირებს. ერთი მხრივ, რა სჭირდება ბავშვს? _ პრობლემის დანახვა. თავისთავად, ეს სირთულეს არ წაროადგენს, მაგრამ სირთულეა ის, თუ სად დავსვათ ძახილის ნიშნები და რას მივაქციოთ განსკუთრებული ყურადღება?! ამისთვის ერთი მზა და განზოგადებული რეკომენდანცია, ცხადია, არ არსებობს. ყველა მშობელს საკუთარი უპირატესობა აქვს. რომ თქვა, კონკრეტულ ქცევას უნდა მიაქციო უდიდესი ყურადღება და სხვებს _ ნაკლებიი, ასე ვერაფერი გამოვა. ამიტომ, პირველ ყოვლისა, თუკი ბავშვი ჰარმონიულად ვითარდება, ასაკობრივი ნორმის შესაბამისია მისი ქცევა, თუკი მისი ფიზიკური/მოტორული უნარები მისი ასაკის შესაბამისია, ამას პედიატრი და გავითარების სპეციალისტი აქცევს ყურადღებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.
ყველა ასაკს თავისი ძალიან კონკრეტული გავითარების ეტაპები აქვს. ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვის ფიზიკური, ემოციური, სოციალური განვითარება გარკვეულ ნიშანსვეტებს აკმაყოფილებს, ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ ჩარჩოებსა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამაში გვეხმარება პირველადი ჯანდაცვის ექიმი, პედიატრი, განვითარების სპეციალისტი. მაგრამ როცა პრობლემა თავს იჩენს უკვე იმაში, რომ სოციალურ სფეროსა და ოჯახში, თანატოლებთან და და-ძმებთან ურთიერთობისას ბავშვი ვერ რეალიზდება, პირველი გაურკვევლობისთანავე, რომელსაც, ასე რომ ვთქვათ, მშობელი ვერ მართავს, კარგი იქნება, თუკი სპეციალისტს დაუკავშირდება. ვის უნდა მიმართოს? რა თქმა უნდა, თავიდანვე ფსიქიატრის ჩარევა არარელევანტურია.
ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა არ წარმოადგენს, უბრალოდ, მექანიკურ ჯამს, თუნდაც, სხვადასხვა სპეციალისტის ერთობლიობისა. რადგან ეს სისტემაა, თავისთავად იგულისხმება, რომ ამ სერვისებს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული თანმიმდევრობა, წესრიგი და, ასე ვთქვათ, გაკვალული გზა.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი სურათი წარმოვიდგინოთ მოსახლეობისა, სად შეიძლება, პირველად აღმოცენდეს პრობლემა და მის ბოლო ნიშნულამდე, საიდან იწყება, სად მიდის და როგორ უნდა იმართოს იგი ყველგან? პრობლემა აღმოცენდება სახლსა და სკოლაში. სკოლაშიც და სახლშიც უნდა არსებობდეს პრობლემის დამნახავი _ ეს უნდა იყოს მშობელი და სკოლა, რომელშიც ბავშვი ფუნქციონირებს. ისევე, როგორც ოჯახშია შეთანხმება პრინციპებზე, ასევე უნდა იყოს შეთანხმება სერვისებს შორის. ძირითადი პრინციპის მიხედვით ბავშვს უნდა ვმკურნალობდეთ გარდამავალი აუცილებლობის გარეშე მინიმალურად შემზღუდავ გარემოში როგორც თერაპიული, ასევე სამედიცინო კუთხით. საჭიროების შემთხვევებში აუცილებლად უნდა მიეწოდოს შესაბამისი სერვისი. ეს არის პარადიგმა, სადაც სერვისები ეფექტიანად უნდა ფუნქციონირებდეს, რომ ბავშვმა უპირობოდ მიიღოს აუცილებელი და არა იმაზე მეტი, რაც საჭიროა.
პირველ ყოვლისა, პრობლემა იქ არის საძებარი, სადაც ბავშვი ცხოვრობს და სწავლობს, რასაც მშობელი და პედაგოგი დაინახავს. მანდატურის სამსახურს ფსიქოლოგის საკუთარი სამსახური აქვს. ყველა ეტაპსა და ყველა შემთხვევაში, სადაც ბავშვია, უნდა არსებობდეს მულტიდისციპლინური გუნდი. მასში შედიან როგორც ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, თერაპევტი, მზრუნველები და ა. შ., ისე _ სპეცპედაგოგები. ეს არის გუნდი, რომელიც პრობლემას აღმოაჩენს. მულტიდისციპლინური გუნდები ყველა ეტაპზე უნდა არსებობდეს: პირველად ჯანდაცვაში, სკოლაში, სპეციალიზებულ სერვისებში, მაგრამ ამ გუნდების შემადგენლობა და ხვედრითი წილი სხვადასხვაა. მაგალითად, თუკი სტაციონარულში დომინირებს სამედიდიცნო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპევტული ნაკლებად მნიშვნელოვანია. სკოლაში მთავარია სპეციალიზებული პედაგოგი, მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც აღმოაჩენს პრობლემას. ერთი მხრივ, შეიძლება, ინტელექტუალური პრობლემა იყოს, სადაც ბავშვს სპეციალიზებული საგანმანათლებლო გარემო სჭირდება, მეორე მხრივ, განსახილველია ემოციური და ქცევის პრობლემის მქონე შემთხვევები.
არ იგულისხმება, რომ რომელიმე ერთ სპეციალისტთან მიხვალ და ის პრობლემას აბსოლუტურად გამოიყვანს ჩიხიდან _ როგორი პროფესიონალიც უნდა იყოს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი თუ თერაპევტი. თუ პრობლემა ადგილზევე არ მართეს, შეუძლებელია, რომ იგი სხვაგვარად მოგვარდეს. ყველა ეტაპზე უნდა იყოს მულტიდისციპლინური ინტერვენცია და შემდეგ სხვადასხვა საცხოვრებელ, სასწავლებელ გარემოში შეთანხმება პრინციპებზე. მთავარია არა მართვაზე აქცენტი, არამედ შეფასებაზე. შეფასება კი შეიძლება სტრუქტურირებული კითხვარის საფუძველზე. ყველა ჩვენ-ჩვენი გადმოსახედიდან ვაფასებთ პრობლემას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შეფასება არ იყოს ძალიან სუბიექტური, ჯობს, მსგავსი სახის კითხვარები გამოვიყენოთ, რაც ბევრს პროცესს გაამარტივებს, ან პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გამოვიყენოთ და სკოლებში შევიტანოთ. მსგავსი კითხვარი მოწყვლადი ჯგუფების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ჩვენთან კრიზისული ინტერვენციის პროგრამაა, რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს. მშობლისთვის ის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერ საჭიროა დიაგნოსტირება და განსაზღვრა, რამდენად არის შესაძლებელი, ესა თუ ის ბავშვი ჩაერთოს ცენტრში და შემდეგ ხელმისაწვდომია თუ არა მულტიმოდალური მკურნალობა? ის მხოლოდ თბილისის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი. ამ სერვისს მიაწოდებს არა მხოლოდ ჩვენი ცენტრი, არამედ კიდევ ორი ცენტრი. სამწუხაროდ, სერვისი რეგიონებში ხელმისაწვდომი არ არის.
აუცილებელია, არსებობდეს კრიზისული სახლები, სადაც თითქმის სტაციონარული მკურნალობა იქნება შესაძლებელი: ისეთი სახლები, რომლებიც ოჯახური ან სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევაში ორგანიზდება ხოლმე, სადაც მსხვერპლსა და მოძალადეს აშორიშორებენ.
დღეს ჩვენი ქვეყანა მხოლოდ უკიდურესი საჭიროებების დაფინანსებას ცდილობს _ ეს არის სტაციონარი.
მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგის სამსახური რომ სწორად მუშაობდეს, წესით, ჩვენს შემთხვევებზე სუსტ შემთხვევებს უნდა მართავდეს. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი მიზეზია განსახილველი. თუნდაც ის, რომ სახელმწიფო საკმარისად არ აფინანსებს, მეორე ის, რომ მათგან ბევრი არ არის სპეციალისტი, არ არსებობს შესაბამისი პროფესიული რესურსი. მხოლოდ ცუდზე რომ არ გავამახვილო ყურადღება, ვიტყვი, რომ არსებობს ეფექტიანი სერვისებიც. მცირე რაოდენობით, მაგრამ სპეციალიზებული კადრებიც არსებობს. პროფესიონალთა გუნდებიც არსებობს და შეიძლება კიდეც ამ გუნდების უფრო დატრენინგება, გადამზადება და განვითარება.
ბულინგს რაც შეეხება, ფსიოლოგიური დახმარება ესაჭიროება როგორც მსხვერპლს, ისე _ მოძალადეს. მოძალადე ის კონტინგენტია, რომელმაც უკვე ჩაიდინა დანაშაული. სანამ ის დანაშაულს ჩაიდენს, სკოლაში რომ მიეწოდოს შესაბამისი ინტერვენცია, ბევრ ფაქტს ავირიდებდით. ბევრი უკვე მომხდარი პრეცედენტი აღმოიფხვრებოდა. ამის პროფესიული რესურსი არსებობს და თუკი შესაბამისი ნებაც იქნება, პრობლემებს ვმართავთ.
სტიგმას ვერ გავექცევით. ეს არის თემა, რომელიც ყველა ქვეყანაში (განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში) აქტუალურია.
სტიგმა არის ის, რის გამოც სერვისების განვითარება ფერხდება. ბავშვთან საუბარი ძალიან მტკივნეულია. ზოგჯერ მშობელს არ უნდა პრობლემის დანახვა და აღარება. მშობლები არ უნდა დავადანაშაულოთ, რომ თავიანთი შვილების პრობლემებზე საუბარი არ სურთ. ჯერჯერობით, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ღიად და გახსნილად იმუშაოს სპეციალისტთან. სპეციალისტს რაც შეხება, ის შეიძლება იყოს ძალიან კარგი და გულისხმიერი, მაგრამ, შეიძლება, არც იყოს ასეთი და მშობელს რომ რისკის ეშინოდეს, გასაკვირი არ არის.
სპეციალიზებული მულტიდისციპლინური გუნდები სკოლებში მუშაობს და მათი ფუნქციონირების ერთ-ერთი მხარე ბავშვის კოგნიტური უნარების შეფასებაა. გარდა სპეციალიზებული სასწავლო გეგმისა, რომელსაც ხორცს ასხამს სპეცპედაგოგი, საჭიროა ხაზი გაესვას ემოციურ და ქცევით პრობლემებს. ხშირად მეტ ყურადღებას უთმობენ კოგნიტურ ნაწილს და ნაკლებს _ ემოციურ და ქცევით მხარეს. იმისთვის, რომ მშობელი ჩართული იყოს და მასწავლებელმაც ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ბავშვის პრობლემებზე, საჭიროა მშობელთა ჯგუფები. ადრე ჩვენ ამ საკითხებზე ვერც კი ვილაპარაკებდით და ბევრისთვის, შესაძლოა, ღიმილის მომგვრელიც კი ყოფილიყო მსგავსი მიზნები და ამოცანები. მშობელთა და პედაგოგთა ჯგუფები ყველაზე მეტად დეფიციტურია. მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული ინტერვენცია არც ბავშვთან მუშაობს, არც _ მშობელთან და არც _ სკოლასთან. ძალიან დიდი ბალანსია დასაცავი ბავშვის წახალისებისთვის. თუ პრობლემას აღმოაჩენ, უნდა გაიაზრო, რომ იგი მართვადი და დაძლევადია. არც მშობელმა და არც პედაგოგმა თვალი არ უნდა დახუჭოს“.

ანა ჭუმბურიძე _ ბავშვთა ფსიქიატრი, თემქის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„მე წარმოვადგენ სტაციონარულ სერვისს. საქართველოში ბავშვთა ერთადერთი სტაციონარული სერვისია. აქ არის ყველა სხვა განყოფილება: კარდიოლოგია, თერაპია და ერთ-ერთი განყოფილება _ ფსიქიატრია. ეს გახლავთ ინტეგრირებული განყოფილება და ფსიქიატრია ცალკე არ არის გამოყოფილი. აქ არსებობს ბავშვთა განყოფილებაც. მიმართვიანობა მაშინ, როდესაც ის გაიხსნა, ძალიან დაბალი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი, თანდათანობით, იმატებს. ეს ძალიან კარგია იმ კუთხით, რომ მშობლებს უკვე შეუძლიათ აქ თავიანთი შვილების მოყვანა. თუმცა არის ისეთი შემთხევვები, როდესაც მშობლებს არ მოჰყავთ სტაციონარში შვილები მაშინაც კი, როდესაც აცნობიერებენ, რომ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჩვენთან უკვე მოჰყავთ მწვავე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები და მათთვის დახმარების აღმოჩენა სტაციონარის გარეშე არ შეიძლება.
სტაციონარში პირველადი დახმარება მაინც არის შესაძლებელი, მაგრამ შემდეგ ძალიან სწრაფად ვწერთ. ამ მხრივ, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი დიდი მონაპოვარია, ნამდვილად კარგი სერვისია და ძალიან დიდი დაფარვის ზონა აქვს. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა სერვისები, რომლებიც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია და არსებობენ ბავშვები, რომლებიც გარკვეული სერვისების არქონის გამო, ყოვნდებიან. ბევრი სხვა სერვისი გვჭირდება, რომ ფსიქიატრიული მკურნალობა უფრო დაიხვეწოს. ჩვენთან ბავშვი, პაციენტი რაღაც გარკვეული რგოლის შემდეგ ხვდება. მნიშვნელოვანია, რომ პირველი რგოლი კარგად ინფორმირებული იყოს და ურთიერთობა სწორად წარმართოს, რადგან გვაქვს პრაქტიკა, როდესაც ბავშვების მკურნალობას არასწორად იწყებენ. ფსიქოლოგები კარგად ინფორმირებულები უნდა იყვნენ: ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც ფსიქიკური პრობლემების სიმპტომებია და მათ ამის ამოცნობა უჭირთ. სტაციონარის პრინციპია, ვიზიტი მაქსიმალურად ხანმოკლე იყოს; ორიენტირებულები უნდა ვიყოთ იმაზე, რომ სტაციონარში, დახურულ დაწესებულებაში, ბავშვმა, რაც შეიძლება, მცირე დრო გაატაროს და შემდეგ მკურნალობა გარეთ გააგრძელოს და შესაბამისი სერვისი მიიღოს.
სკოლასთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ჩვენ ვერ ვთანამშრომლობთ. მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები როდესაც ბავშვებში სიმპტომს შეამჩნევენ, ჩვენთან გზავნიან. ინფორმაციის გაცემის უფლება კი მხოლოდ დედას აქვს.
სკოლებში ძალიან დიდი პრობლემებია: მშობლისთვისთვის რეკომენდაცია მიგვიცია და მასთან საკუთარი შვილის პრობლემებზე გვისაუბრია და მალევე მთელმა სკოლამ იცოდა ბავშვის პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ მას ბავშვები ერიდებიან. პედაგოგი ცუდი განზრახვით არ ამბობს, რომ კონკრეტულ ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ ბავშვები მაინც ერიდებიან. სამწუხაროდ, სკოლებთან სხვა ტიპის დახმარებაც გვჭირდება. პედაგოგმა უნდა იცოდეს, რა პროცესები აძლიერებს სტიგმას. ამასთანავე, მთავარია, მშობელს ნდობა ჰქონდეს. თუ მას ეს ნდობა ექნება, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ. გუნდი, რომელიც სკოლაში მუშაობს, იქნება ის ფსიქოლოგი, თუ მანდატური, თუკი მათი განწყობა დადებითია, მშობელი, ავტომატურად, მათ მიმართ ნდობით აღიჭურვება. მთავარია, სკოლაში არ იყოს მტრული გარემო. ზოგჯერ მშობლები მალავენ კიდეც საკუთარი შვილების მდგომარეობას, რომ მათ შვილზე ვინმემ თითი არ გაიშვიროს. მსგავს პრობლემებს ძალიან ხშირად ვაწყდები. თუმცა არსებობენ მშობლები, რომლებიც აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობენ“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს მოსახლეობისთვის.
მისივე ცნობით, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ითვალისწინებს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია. მათ შორის:
• ნეიროგანვითარებითი და ფსიქიატრიული გუნდის მომსახურებას;
• მედიკამენტებით უზრუნველყოფას (დიაგნოსტიკის პერიოდში) ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
• კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
• სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
სტაციონარული მომსახურება:
ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს:
• მწვავე სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;
• გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირთა მკურნალობას სტაციონარის პირობებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევები და/ან გახანგრძლივებული ფსიქოზური სიმპტომატიკა (მათ შორის, მწვავე სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელება);
• იმ პაციენტების მკურნალობით და დამატებითი მომსახურებით (დაცვა და უსაფრთხოება) უზრუნველყოფას, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
დამატებითი მომსახურება:
(1) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას;
(2) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს (ჯგუფური ფსიქოგანათლება/თერაპია ან ოკუპაციური თერაპია, ან კოგნიტური რეაბილიტაცია ან დღის აქტივობები: არტთერაპია/ერგოთერაპია ან ინტეგრირებული ფსიქოლოგიური თერაპია, ან ინდივიდუალური ბაზისური უნარების აღდგენა, ან სპორტული/სადღესასწაულო ღონისძიებები);
• ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რაც მოიცავს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, სტაციონარულ მომსახურებაზე მყოფი პაციენტების კვებითა და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფას.
როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ბავშვში ფსიქიკური მკურნალობა სწორად წარიმართოს, საჭიროა შესაბამისი ხელშეწყობა გარემოს ყველა იმ ნაწილიდან, რომელშიც ეს კონკრეტული ბავშვი რეალიზდება. ცხადია, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული მშობელზე. იმაზე, რომ ის იყოს ბუნებრივი შვილთან ურთიერთობაში, პრობლემა არ აღიქვას უსასრულოდ და განსაზღვროს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი შვილის კეთილდღეობისთვის. რაც უფრო დროულად ჩაერევიან სპეციალისტები, მით უფრო მალე მიიღწევა დადებითი შედეგი.

მარიამ ტიელიძე