5 წელი და 3 მილიონი ლარის „ნივა“ – საჯარო უწყებების შესყიდვები ოკუპანტისგან

ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, დღეს ამ უკანასკნელისგან 3 მლნ ლარის ოდენობის უხარისხო(!) საქონელს ყიდულობს… ეს პროცესი 5 წელია, გრძელდება…
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტები საჯარო უწყებების „საინტერესო“ შესყიდვებით დაინტერესდნენ და მას ჟურნალისტური გამოძიებაც მიუძღვნეს. მოგვიანებით, ამავე შესყიდვებით დაინტერესდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოც“, რომელიც საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ბოლო დროს კი მათი ყურადღება მიიქცია კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯისგან“ რუსული წარმოების ავტომობილების „LADA 4X4, 21214“ (იგივე „ნივა“) სახელმწიფო შესყიდვებმა.

კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო უწყებებმა, უმეტესწილად, უკონკურენტო ტენდერის გზით 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული „ნივა“ შეისყიდეს. კვლევის მიხედვით, ამ პროცესში სხვა ავტომწარმოებლები, როგორც წესი, არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან შემსყიდველ ორგანიზაციებს სატენდერო დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, მორგებული ჰქონდათ „ნივაზე“ _ მითითებული იყო ძალიან დაბალი ფასი და მარტივად დასაკმაყოფილებელი ტექნიკური პირობები.
კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯი“ 2011 წელს დაფუძნდა, სახელმწიფო შესყიდვებში კი 2012 წლის ბოლოდან მონაწილეობს. ის სახელმწიფო უწყებებს რუსული წარმოების „ნივას“ აწვდის. 2012-2018 წლებში სხვადასხვა საჯარო უწყებამ ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 136 „ნივა“ შეიძინა. ყველაზე მეტი _ 50 „ნივა“ _ სახელმწიფო კომპანიამ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეიძინა და ჯამურად 1,151,500 ლარი გადაიხადა. შემდეგ მოდის აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 721,230 ლარის ღირებულების 31 „ნივით“. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ კი ერთი ტენდერით 570,000 ლარის ღირებულების 30 „ნივა“ შეიძინა.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ ერთი შემთხვევის გარდა (შუახევის მუნიციპალიტეტის შესყიდვა), ყველა ტენდერში, სადაც კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯიმ“ გაიმარჯვა, კომპანია კონკურენტების გარეშე იყო, მხოლოდ მან გააკეთა შეთავაზება ავტომობილების („ნივა“) მიწოდებაზე. ამის მიზეზი გამოცხადებული ტენდერების ტექნიკური პირობები და შესყიდვის ღირებულება იყო. „ნივა“ იმარჯვებდა ისეთ ტენდერებში, სადაც ავტომობილების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მინიმალური მოთხოვნები იყო და, ამავე დროს, 1 ავტომობილის შესყიდვაზე 18,000-27,000 ლარი იყო გამოყოფილი.
„გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯის“ მიერ „ნივით“ მოგებულ ტენდერებში ავტომობილის საგარანტიო პერიოდად 6 თვე (ან 35 000 კილომეტრის გავლამდე) ან 1 წელია მითითებული.
ჩვეულებრივ, როდესაც მსუბუქი ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვებში „ნივა“ არ მონაწილეობს, სახელმწიფო უწყებებს შესასყიდი ავტომობილის საგარანტიო პირობად ერთ წელიწადზე მეტი აქვს მითითებული. მეტიც, სრულ ავტომობილზე საგარანტიო პირობად 3 წელი (ან 150 000 კილომეტრი), ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 5 წელია მითითებული(!).
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ნივების“ ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბოლო წლებში სხვა მწარმოებლის ავტომობილებიც აქვს შესყიდული. ამ შემთხვევაში, ისინი გარანტიის პირობად, მინიმუმ, 5 წელს ან 150 000 კმ-ს უთითებდნენ. ეს შესყიდვები იყო არამაღალი გამავლობის ავტომობილებზე („ნივა“ მაღალი გამავლობისაა). შესაბამისად, გაუგებარია, თუ სხვა დანიშნულების ავტომობილებზე მაღალ გარანტიას ითხოვდნენ, რატომ არ ვრცელდებოდა იგივე მაღალი გამავლობის ავტომობილებზე, სადაც უკონკურენტოდ „ნივა“ იმარჯვებდა?“ _ წერია კვლევაში.
საინტერესო და ლოგიკურია გაჩნდეს კითხვები ტენდერის კონკრეტულ კომპანიაზე მოგებასთან დაკავშირებით, რაც, ცხადია, კვლევის ავტორ ორგანიზაციასაც გაუჩნდა.
განსაკუთრებით საინტერესოა ასევე შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის პირობები, სადაც „ნივამ“ გაიმარჯვა:
გამოშვების წელი _ არანაკლებ 2017;
ძარის ტიპი _ უნივერსალური;
კარის რაოდენობა _ არანაკლებ 3;
სიგრძე _ 3660-3740;
სიგანე _ 1600-1685;
სიმაღლე _ 1640-1670;
ძრავის მოცულობა _ 1,3-1,7;
საწვავის წვა _ 100 კმ-ზე 8- 10 ლიტრი;
გადაცემათა კოლოფი _ მექანიკა, არანაკლებ 5 სიჩქარიანი;
აუცილებელი მოთხოვნა _ 4X4;
აუცილებელი მოთხოვნა _ ABS;
აუცილებელი მოთხოვნა _ სათადარიგო საბურავი ან საბურავის შესაკეთებელი კომპლექტი, გარანტია 06 (ექვსი) თვე ან 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) კმ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთი მხრივ კარგია, როცა სახელმწიფო უწყება ავტომობილებს შედარებით იაფად ყიდულობს, მაგრამ, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია შესყიდული პროდუქციის ხარისხი. ავტომობილების შემთხვევაში საგარანტიო ვადად 6 თვის ან 1 წლის მოთხოვნა ძალიან მოკლე პერიოდია და სამომავლოდ ავტომობილების მომსახურების ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს აჩენს. ეს ნაწილობრივ დასტურდება იმ ფაქტით, რომ უკვე შესყიდული „ნივების“ მომსახურების მიზნით იმავე კომპანიასთან („გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯი“) 200 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და აქსესუარების შეძენისთვის.
რაც შეეხება „გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯის“ დამფუძნებელ გოჩა როსტიაშვილის პოლიტიკოსებთან კავშირზე, ერთი თვის წინ სტუდია „მონიტორმა“ გამოაქვეყნა სიუჟეტი. გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრ შალვა ობგაიძის დეიდაშვილია.
გარდა იმისა, რომ მრავალჯერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები გარკვეულ გარიგებასა და მორგებულ ტენდერებზე აჩენს ეჭვს და ამასთან, „ნივის“ შესყიდვაზე დახარჯული თანხის ეფექტიანობა სათუოა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ რამდენად მიზანშეწონილია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში წარმოებულ პროდუქციის შესყიდვაზე სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს? ვინაიდან საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობა რუსული პროდუქციის შეძენაზე მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევები მხოლოდ ავტომობილების შესყიდვისას არ გვხვდება. აქედან გამომდინარე, ზოგადად ეს საკითხი შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობის პრობლემადაც შეიძლება მივიჩნიოთ. საერთაშორისო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გარკვეული ქვეყნები სანქციების ქვეშ მყოფ ან/და მათ მიმართ მტრულად განწყობილი (მით უმეტეს, ოკუპანტი) ქვეყნისგან პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე უარს ამბობენ.
რთულია დავთვალოთ, წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან რა თანხა იხარჯება რუსულ პროდუქციაზე, რადგან უმეტეს შემთხვევებში რუსული პროდუქციის მიმწოდებლები საქართველოს რეზიდენტ კომპანიებად არიან დარეგისტრირებული, შესყიდვების ელექტრონული სისტემის პორტალი კი მიმწოდებლების წარმომავლობას მხოლოდ კომპანიების რეგისტრაციის მიხედვით აჯგუფებს და არა შესყიდული საქონლის წარმოების ადგილის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემების მასშტაბურობაზე დასკვნის გაკეთება ვრცელი, სიღრმისეული კვლევის გარეშე რთული იქნება“. _ ნათქვამია კვლევაში.

აღნიშნულ საკითხებსა და კვლევის დეტალებზე „ქრონიკა+“ ბესო ნამჩავაძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ეკონომისტს ესაუბრა:
„სანამ ამ კვლევას ჩავატარებდით, მანამდე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა „რუსთავი 2-მა“ და სტუდია „მონიტორმა“. ჩვენც ამიტომ მივაქციეთ მას ყურადღება და ბოლომდე მივყევით. ვნახეთ ბოლო ოთხი წლის შესყიდვები „ნივებზე“. აღმოჩნდა, რომ ეს შესყიდვები 2012 წლის ბოლოდან იწყება, როცა ხელისუფლება იცვლება, დისტრიბუტორი კი არის „ჯორჯიან მოტორსი“. აქ რამდნეიმე გარემოება იყო საინტერესო:
სულ რომ თავი დავანებოთ რუსეთის ფაქტორს, საინტერესოა, რატომ ვყიდულობთ „ნივას“, როცა ვიცით, რომ იგი ევროპულ-იაპონურ მანქანებთან შედარებით გაცილებით უხარისხოა?! კომპანია მხოლოდ ისეთ ტენდერებში მონაწილეობდა, სადაც ავტომობილის საგარანტიო ვადად 6 თვე ან 1 წელი იყო მითითებული, ანუ თუ საგარანტიო ვადა 1 წელზე მეტი იქნებოდა, „ნივა“ ვეღარ შევიდოდა ტენდერში _ იმდენად უხარისხოა, რომ გაუძნელდება 2-3-წლიანი გარანტიის აღება.
ზოგადად კი, ძირითადად, როცა სახელმწიფო უწყებები მანქანებს ყიდულობენ, მაშინ 3-5 წელია საგარანტიო მინიმუმი, ამ შემთხვევაშიც ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ეს კომპანია ამ ტენდერში ვერ მიიღებდა მონაწილეობას.
როგორც ჩამონათვალში ნახეთ, „ნივები“ „საქართველოს ფოსტის“ კომპანიამ შეისყიდა, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აჭარის საზოგადოებრივი დაცვის სამსახურმა და სატყეო სააგენტომ. ძირითადად ერთი და იგივე შესყიდვები მეორდება _ ყიდულობენ „ნივებს“, რადგან მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ცხადია, ამ მინიმალურ მოთხოვნებს ჯიპებიც დააკმაყოფილებდა, მაგრამ საშუალო ფასად, 22 000-ად, ჯიპს ვერ შეიძენ!
კარგია, რომ მანქანას იაფად ვყიდულობთ, მაგრამ მეორეა, თუ რას ვიძენთ!
დღეს საოჯახო ნივთებსაც კი არ ვყიდულობთ, თუ მას 2-3 წელი არ აქვს გარანტია და როცა საქმე სახელმწიფო უწყებების მანქანებს ეხება, რომელთაც ახლა უკვე 6-თვიანი გარანტია აქვს, მით უმეტეს!.. ამიტომ ჩვენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მივმართეთ, რათა გადახედოს, თუ რამდენად მიზანშეწონილია რუსულ, ხარისხით დაბალ ავტომობილში სახელმწიფო ფულის გადახდა? ასევე მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს ეს საქმე და ნახოს, ტენდერი მორგებული, ანუ წინასწარ შეათანხმებული ხომ არ იყო პირობები, რათა ამ კომპანიას მოეგო?! ამის გონივრული ეჭვი ნამდვილად ჩნდება.
ასევე დავაყენეთ საკითხი, რომ გადაიხედოს რუსეთიდან სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, რადგან აქ სახელმწიფო ტენდერების ფული იხარჯება!
არადა, როცა ქვეყნები ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან და მით უფრო, ქვეყნის ოკუპაციაა, ანდაც სანქციების ქვეშ არიან მოქცეულები, როგორც ირანის შემთხვევაშია, ასეთ დროს ქვეყნები ერთმანეთს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას უზღუდავენ. ამ დროს ჩვენ პირიქით, ეს ბაზარი რუსული კომპანიებისთვის გახსნილი გვაქვს. იმასაც კი არ ვაკონტროლებთ, ოკუპაციის შესახებ კანონი ხომ არ არის დარღვეული ამ კუთხით? სრული ღია კარის პოლიტიკა გვაქვს რუსეთის მიმართ სახელმწიფო შესყიდვებში და ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, იგი დღის წესრიგში უნდა დადგეს და დებატები მოეწყოს. იქნებ, აქ მაინც შევზღუდოთ რუსეთისა და მისი ინსტიტუციის მონაწილეობა.
ე. ი. „ნივები“ იმიტომ შეიძინეს, რომ იაფია, მაგრამ, ამავდროულად, ტენდერებში სხვა ევროპული კომპანიები აღარც შედიან კონკურენციაში, შესაბამისად, მას მარტივად იგებს „გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯი“. ცხადია, მაღალი გამავლობის ავტომობილები შედარებით იაფია. არადა, ამ იაფისა და ნახევარწლიანი გარანტიის მქონეს ყიდვას სჯობდა, მეორადი და ძველი ბრენდი გვეყიდა“.

კვლევის შედეგად დადგენილი რეკომენდაციები:
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დეტალურად უნდა შეისწავლოს, კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია _ ჯი-ემ-ჯის“ მიერ მოგებული ტენდერები ხომ არ იყო ე. წ. მიმწოდებელზე „მორგებული“ ტენდერები;
აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა უნდა შეისწავლოს „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობა;
ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის (როგორც ოკუპანტი ქვეყნის) პროდუქციის შესყიდვაზე“.

რა დასკვნას დადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რამდენად ეფექტურად ცნობს დახარჯულ თანხებს აუდიტის სახელმწიფო სამსახური და შევა თუ არა სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში შეზღუდვები რუსული წარმომავლობის (როგორც ოკუპანტი ქვეყნის) პროდუქციის შესყიდვაზე, ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ კუთხით სამუშაოები დაწყებულია. მთავარია, ეს ამბავიც ისე მარტივად არ „გადაგორდეს“ როგორც ბევრი სხვა „დაუვიწყებიათ“ ადრე…

ნინო ტაბაღუა