შალვა ნათელაშვილი: “პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში რეჟიმის დემონტაჟი 24 საათში დაიწყება”


„ქრონიკა+“ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს ესაუბრა:

_ სამთავრობო ცვლილებები, კვირიკაშვილის მოულოდნელი წასვლა და ბახტაძის დანიშვნა _ ბატონო შალვა, როგორია თქვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
_ მთელი ეს სამთავრობო გადადგომა მიჯექი-გადმოჯექის პროცესის შედეგად დაიწყო. საგაზაფხულო-საზაფხულო საპროტესტო ტალღა რაც იყო, ხალხის მრისხანების სრულიად აშკარა გამოხატულებაა მმართველი გუნდისთვის, რომელსაც გადარჩენის ინსტინქტი ცხოველზე მეტად აქვს განვითარებული; ასევე მშვენივრად იცის, სად არის მოგება. შემდეგ ქუჩაში დაიწყო სარალიძისა და მაჩალიკაშვილის პროცესები. პარტიების გარეშე ეს პროცესები ნამდვილად ვერ განვითარდებოდა ვერც იდეოლოგიურად, ვერც ორგანიზებულად და ვერც რესურსულად.
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით, ვმსჯელობდით, თუმცა ტრიბუნაზე არ ვჩანდით, რადგან პირადი ტრაგედიის საკითხი იყო. ხალხის მრისხანების გლობალური მაჩვენებელი ივანიშვილმა კარგად დაინახა. მან ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძალიან ჰგავს მოსაკლავად განწირულ ხვლიკს, როდესაც ის კუდს იწყვეტს და თავდამსხმელს უტოვებს მოსატყუებლად, თვითონ კი სადღაც იპარება. ეს ცნობილი ქვეწარმავლური ფორმაა _ რეგენერაცია. მოსკოვში ივანიშვილს მგუდავი ერქვა და ამ სახელს აქაც ამართლებს. მას უნდა, საქართველო და ქართული საზოგადოება ტყუილებით მოგუდოს.
კვირიკაშვილის წასვლით არაფერი შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა, რადგან მამაცაშვილი, კალაძე, გოგაშვილი, გომელაური, წულუკიანი-მულუკიანი სუყველა ადგილზეა. რანაირად შეიცვალა მთავარობა, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იგივეა, მათხოვრული პენსიებია, უმუშევრობა, უიმედობა, ნგრევა, წალეკვა და ათასი უბედრებაა. ეს არის ხვლიკის ხერხი, რომელმაც კუდი მოიძრო და დაგვიტოვა. ამიტომ ჩვენ იმ კუდის პატრონი ბუჩქიდან უნდა გამოვათრიოთ, სადაც შეძვრა და იმ კუდთან ერთად გავუშვათ პოლიტიკურ სახრჩობელაზე. აი, ეს იქნება უკვე ის ეტაპი, რის შედეგადაც დაიწყება ქვეყნის რეალური აღმშენებლობა და არა _ სიტყვიერი დაპირება! _ უფასო ფული, მილიონი სამუშაო ადგილი, 150 ფაბრიკა-ქარხანა, განახევრებული ტარიფები და ა. შ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩვენმა ხალხმა ვერაფერი ისწავლა წარსულიდან, ისევ ისე ატყუებენ, ისევ ისე იყენებენ, როგორც წინა და იმის წინა მთავრობები. მთავრობის დანაშაულებრივ პოლიტიკაზე მეტად ყველაზე უფრო ეს მაშფოთებს, რომ კიდევ შეიძლება რაღაც შარს ავეკიდოთ, თუ ჩვენი მიქარვების სწორ დასკვნებს არ გავაკეთებთ.
რაც შეეხება პრემიერ ბახტაძეს, მასზე აღარაფერს ვამბობ, რადგან მთელ მსოფლიოში უნდა ეძებო ასაკით პატარა, მაგრამ კრიმინალური გამოცდილებით უმდიდრესი პერსონა, როგორიც ბახტაძეა. ამ კაცმა „ცენტრ-პოინტიდან“ დაწყებული, ელექტროსისტემით გაგრძელებული და რკინიგზით დამთავრებული, ყველაფერი გაანადგურა და გააცამტვერა. მილიარდები გამოჰქონდა და ზიდავდა ივანიშვილის ოჯახში. აი, ეს პიროვნება გახდა მთვრობის ხელმძღვანელი. ჩვენთან რაც უფრო მეტს მოიპარავ, მით უფრო მაღალ თანამდებობას იშოვი.
_ რას ფიქრობთ სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით, რამდენად კარგად აისახება ეს ქვეყნის ბიუჯეტზე, როგორც ამაზე მმართველ გუნდში საუბრობენ და სად ხედავთ გამოსავალს?
_ სამინისტროები იგივე რჩება, ხარჯები გაიზრდება, მეტ პრემიასა და ხელფასას მისცემენ, რომ უფრო ერთგულები ჰყავდეთ არჩევნების წინ, რომ ისინი გავარდნენ თავიანთი წარმოშობის სოფლებში, უბნებში, ქუჩებში, რათა დარაზმონ ბიძაშვილები, მამიდაშვილები ქვისლები, მაზლები, მულები, რა ვიცი, როგორც ხდება და ზოგს 15 ლარს დაურიგებენ, ზოგს სამსახურის დაწყებას დაჰპირდებიან, ზოგს მიწის დამტკიცებას, ბიზნესში ჩაბმას და ა. შ. ეს ყველაფერი ერთჯერადი ლუკმით დამთავრდება და მომდევნო ოთხი წელი იქნება კვლავ ტყუილი, გამაოცებელი და პირდაღების წელი. სამინისტროს სახელწოდების გაუქმება და იგივე შტატებით მეორე სამინისტროსთან გაერთიანება შემცირებას არ შინავს. არ გამიხარდება, რომ შტატების შემცირება დაიწყონ სამინისტროებში, რადგან იქაც ჩვენი ხალხი მუშაობს და რად მინდა ახლა, სამინისტროს უმუშევარი დამლაგებელი დავინახო, უფრო მეტად მომიკვდება გული.
ჩვენი გამოსავალია, რომ ოლიგარქია წავიდეს ხელისუფლებიდან და გადასახადის გადახდა დაიწყონ, უცხოეთში გატანილი ჩვენგან მიღებული მილიარდების გადახდა. სანამ ესენი ხელისუფლებაში არიან, ამის გადახდას არ დაიწყებენ. ამიტომ წინ ძალიან სერიოზული ბრძოლა გველოდება და თუ მივხვდებით, რა გვჭირს, ბრძოლა აუცილებლად შედეგიანი იქნება.
_ მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და პირადად თქვენ თუ ითანამშრომლებით რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ ძალასთან?
_ გნებავთ, გაერთიანება დაარქვით, გნებავთ, კონსულტაციები, ამ საქმეში ჩვენ ბადალი არ გვყავს, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა მიმართულების პარტია იკრიბება: პრორუსულიც, პროამერიკულიც, სუპერმემარცხენეც, კონსერვატორიც და საერთო საქმეებში ვჯერდებით ხოლმე. რაც ამ გაზაფხულზე ხდებოდა, ქუჩის აქციებს ვგულისხმობ, მუდმივი კონსულტაციები გვქონდა ერთმანეთთან, რომელიც პოლიტიკურ პასუხს ითხოვს და პოლიტიკურ პასუხს პარლამენტი ვერ მისცემს, რადგან იქ პოლიტიკოსი არავინაა. ის არის ივანიშვილის პირადი ერთგულებისა და სიმდიდრის მიხედვით შერჩეული ხალხი. ამ თემებზე რამდენიმე ფორმატი გავაკეთეთ: ლიდერთა საბჭო, მერე საკონსულტაციო საბჭო, სადაც მონაწილეობდნენ საპარლამენტო პარტიების ფრაქციები, არასაპარლამენტოც და აბსოლუტურად ყველა. ჩვენი გუნდის კარი ღიაა იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსები დავაბრუნოთ და იქიდან ოლიგარქ-ბანკირები გავაძევოთ. მერე ეს პოლიტიკოსები, ობიექტური, სამართლიანი საარჩევნო გზით გადაწყვეტენ ერთმანეთში, ვინ ლიდერი იქნება, ვინ _ ქველიდერი, ვინ _ მმართველი, ვინ _ ოპოზიციაში, მაგრამ ეს იქნება პოლიტიკური ცხოველების ბრძოლა და არა კრიმინალური საბანკო მხეცების მარულა ქვეყნის გადასანაწილებლად.
გაერთიანების სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამ ეტაპზე საკონსულტაციო დონეზე სხვადასხვა პარტიებთან ვთანამშრომლობთ და ვნახოთ, ეს დონე სადამდე მიგვიყვანს. ამას პირიქით, ხელს შევუწყობთ. გააჩნია, მეგობრები რა ხასიათზე გაიღვიძებენ ხვალ, ზეგ, მაზეგ და ა. შ.
_ ბატონო შალვა, პარტიის ყრილობა მეორედ ჩაატარეთ, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენ დაგასახელეს. როგორ ემზადებით არჩევნებისთვის?
_ ივანიშვილი-წულუკიანის დუეტმა უკვე მეორედ ჩაგვატარებინა ყრილობა, პირველი ყრილობა არ ჩაგვითვალეს, სადაც მე პრეზიდენტის კანდიდატად ვიყავი დასახელებული, რადგან ნოტარიუსი არ გყავდათო. ე. ი. საჯარო რეესტრის მეშვეობით გავაყალბეთ. მთელმა მსოფლიომ ნახა „ბილტმორის“ უზარმაზარი გადავსებული დარბაზი, ლამის „სიენენზე“ გაუშვეს და ეს ვერ ნახეს წლუკიანმა, ივანიშვილმა და რეგისტრაციაში ყრილობის შედეგები არ გაგვიტარეს, ცხოველურად ეშინიათ ჩვენი. ამიტომ მეორედ მოვიწვიეთ ყრილობა და ასეთი რამ მსოფლიო ანეკდოტიზმის ისტორიას არ ახსოვს, განცვიფრებული და გაოგნებული ვარ, თუ როგორ მოვახერხე ორ თვეში ორი ყრილობა, ეგეთი რაღაც ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია, მაგრამ ყოველდღე შეგვიძლია მოვიწვიოთ პარტიისა და ხალხის ყრილობაც, რაც მეტს მოგვაწვევინებენ, უფრო ხალხმრავალი იქნება და ბოლოს ამათ პანაშვიდად გადაიქცევა. ჩვენი ლოზუნგი, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ამ არჩევნებში ისაა, რომ არც ერთი მილიონერი არ იყოს პოლიტიკაში. პოლიტიკა უნდა მართონ პოლიტიკოსებმა და ქვეყანაში იყოს რაც შეიძლება მეტი მდიდარი.
_ როგორც ჩანს, ბრძოლა დაწყებული გაქვთ…
_ ბრძოლა მაშინ დაიწყე, როცა 25 წლის წინ ოპოზიციაში მოვედი. ვიბრძვი იმისთვის, რომ ხელისუფლება გაკეთილშობილდეს და სახალხო გახდეს, ამიტომ დიდად ახალი ეტაპი ჩემთვის არ არის. ახლა მთავარია, ხალხმა სწორად აღიქვას, რომ შალვა ნათელაშვილი იბრძვის ხალხისთვის და ქვეყნისთვის. შალვა ნათელაშვილი რომ იბრძოდეს საკუთარი თავისთვის, ყველა განვლილ მთავრობაში, შევარდნაძით დაწყებული, სააკაშვილით გაგრძელებული და ივანიშვილით დაგვირგვინებული, ყოველთვის ვიქნებოდი წამყვან პოზიციებზე, როგორც თანამდებობრივად, ასევე ქონებრივად, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს კარგად და მერე _ მე.
_ საპრეზიდენტო კანდიდატებზე რას გვეტყვით?
_ პირდაპირ ვთქვათ, ივანიშვილს უნდა კენჭისყრა[პრეზიდენტად]. არ ვიცი, რამდენად გაბედავს ამას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის იხრჩობა კენჭისყრის სურვილით, რადგან მისი ფიზიკური, პოლიტიკური და რაც მთავარია, ქონების გადარჩენის, ამ ეტაპზე, ერთადერთი გარკვეული გარანტი ის 5-6 წელია, რომელიც მას პრეზიდენტობის დრო ექნება, _ ხელშეუხებლობა. ამიტომ როდესაც ასახელებენ წულუკიანს, სალომე-სავეფხვეს, ცქიტიშვილსა თუ ხაჭაპურის მცხობელ ქალბატონს, ეს არის ტყუილი და ამით საზოგადოებრივ აზრს ცდის. ძალიან ვერაგი არსებაა და ამიტომ არ უნდა ავვარდეთ საპრეზიდენტო კანდიდატების გვარების დასახელების დროს.
_ უცხოეთში თქვენს ვიზიტებზე რას გვეტყვით? რას ამბობენ უცხოელი დიპლომატები საქართველოში არსებულ მადგომარეობაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
_ ჩვენს სამეგობრო ჯგუფში 60-მდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი და სენატორია. ამდენი მეგობარი მილიარდ-ნახევრიან ჩინეთსაც კი არ ჰყავს ვაშინგტონში. აღარაა საუბარი პუტინზე, რომელმაც ერთი ლობისტი ვერ მონახა ვაშინგტონში, თუმცა კი ჰყავს კალიფორნიის ერთი კონგრესმენი, რომელსაც არავინ უსმენს. ამ სამეგობროს მეშვეობით უკვე საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ ივანიშვილის მიმართ სანქციების საკითხი ორჯერ დარეგისტრირდა.
კონგრესმენი სტივ რასელი ამერიკის სპეცრაზმის უფროსი იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც ჰუსეინი გამოქვაბულში დააკავეს. ასევე სენატორი ტეტ კრუზი, სენატორი ვიკერი. ეს ადამიანები საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულები არიან და სულით და გულით განიცდიან იმ მდგომარეობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ისევე განიცდიან ჩვენი მიწების ოკუპაციას, როგორც საკუთარს. დარწმუნებული ვარ, მთლიანად აშშ-ს ელიტა ასეა. მათ კარგად იციან, რომ თუ რუსეთს ოკუპაციის ერთი პრეცედენტი მაინც შერჩა, ის აღიარებული იქნება მსოფლიო საზოგადოებისა თუ გარკვეული გეოპოლიტიკური პოლუსების მიმართ, მესამე მსოფლიო ომს წინ აღარაფერი დაუგება, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა ამხედრდება მეზობლების წინააღმდეგ, რადგან ყველას აქვს ერთმანეთთან რაღაც ტერიტორიული პრობლემები.
_ რა სანქციებზე საუბრობთ?
_ ივანიშვილის აქციები გაიყინოს დასავლეთის ბანკებსა და ოფშორულ ზონებში. საწყისი მილიარდები ნაშოვნია საბჭოთა იარაღის გაყიდვით აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში. ივანიშვილი საბჭოთა უშიშროების ტიპაჟია, ასეთები მაშინ საშუალო დონის აგენტურაში გადიოდნენ. იცით როგორებს არჩევდნენ? ადამიანებს, რომლებიც ძალიან არ გამოირჩეოდნენ მასისგან მაღალი თვისებებით, აგენტი უნდა გაითქვიფოს, არ უნდა ჩანდეს. ეს მიშვებული იყო რუსული იარაღის გაყიდვაზე და ლებედთან ერთად მუშაობდა (ეს ის ლებედია, რომელმაც 9 აპრილს დაგვარბია და დაგვიხოცა ბავშვები, სპეცრაზმის უფროსი იყო). ბიძინა ივანიშვილი ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. გენერალ ლებედის საარჩევნო შტაბ-ბინა კი სწორედ ივანიშვილის „როს კრედიტ“ ბანკში იყო გახსნილი. დიდი უბედურება მოევლინა საქართველოს და ეს თუ არ მოვიცილეთ, მიმიქარავს მეოთხე სტადიის სიმსივნის მეტასტაზები, თუ უკვე არ ვართ მეოთხე სტადიაში.
_ ბატონო შალვა, ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალზე რას გვეტყვით? საქართველო უკვე სისხლმა მოიცვა…
_ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ კრიმინალების მხარდაჭერით მოვიდნენ ხელისუფლებაში. გაიხსენეთ მილანის ქურდების კონფერენცია, სადაც კახი კალაძე ქურდული სამყაროს ყველაზე ავტორიტეტულ წარმომადგენლებს შეხვდა და კანონის გვერდის ავლით მათი ინტერესების დაკმაყოფილებას ოფიციალურად შეჰპირდა. ამის ჩანაწერებიც არსებობს. იმ კრიმინალურმა სამყარომ ვალდებულება აიღო, რომ არჩევნების დროს მთელი მათი „შანტრაბა“, აქ ვინც დარჩა ადგილზე, ამათზე იმუშავებდა. ესენი ჩვენი ხალხის დასაშინებლად მუშაობენ. სამტრედიის სოფლებში კალაძისგან მოსყიდული კარლოს ძმაკაცები დგანან (ამასაც კარლო ექვა და მერე გადაუკეთებია სახელი კახით, ეტყობა, ამათი ინტელექტი კარლოს იქით აღარ წავიდა), დაქირავებული შავი გაგების ბიჭები პირდაპირ საარჩევნო უბნის წინ იდგნენ და აცხადებდნენ, რომ ვინც ლეიბორისტებს შემოხაზავთ, იმათ დედებს ასე და ასე ვუზამთო. ხალხს ეშინია.
კრიმინალებმა მოიყვანეს თავისი პარტია, ეს კრიმინალთა პარტიაა, ოღონდ სხვანაირი წესდებით, მაგრამ არსი და სული კრიმინალურია. ამიტომ ისინი სამაგიეროს უხდიან სიკეთით, რომ უფლებას აძლევენ, ის მოკლან, ეს დაჭრან, საქმეები არჩიონ, ის გააგდონ, წაართვან, ვიღაცის წილი გაიფორმონ და ა. შ. გაიხსენეთ ამნისტიები, როდესაც ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. ნარკობარიგები გაუშვეს ციხიდან, პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადეს და ერთ-ერთი ნარკობარიგა, რომელსაც 30 წელი ჰქონდა მისჯილი, გამოუშვეს, შემდეგ ერთი ტონა ნარკოტიკი შემოიტანა და ისევ დაიჭირეს. რა უნდა გაგვიკვირდეს? _ კრიმინალების რენესანსია.
_ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვთ?
რა თქმა უნდა. 2020 წლამდე თუ ესენი ავიტანეთ, ბიუჯეტს მთლიანად წაიღებენ სახლში და შიმშილით დავიხოცებით. პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში რეჟიმის დემონტაჟი 24 საათში დაიწყება.

გიორგი საკარული