დედა თამარი: „მხოლოდ გაძლიერებული ერი შეინარჩუნებს თავის სახელმწიფოებრიობას და ღირებულებებს“

უპირველესად, მინდა, ჩემს საყვარელ ერს მივმართო! მე, როგორც ერთი რიგითი, ჩვეულებრივი, ყველაზე ცოდვილი მონაზონი, დედა თამარი, ვსარგებლობ თუ არა მეც ჩვეულებრივად, როგორც სხვა, რომ ჩემი უფლებები იყოს დაცული და არ ვიყო ასე გამწარებული და ღირსება შელახული. თუკი საქართველოში დემოკრატია ყვავის და სიტყვის თავისუფლებაა, მაშინ მე, როგორც კი თავის დაცვას ვიწყებ, ადამიანები მოკვლითაც კი მემუქრებიან, საპატრიარქოს თანამშრომლები უძრახად მადგებიან და თავს მესხმიან და ხმას არ მაღებინებენ, რადგან მათთვის სიმართლე უცხო ხილია.
ჩვენ, სასულიერო პირები, არაფრით განვსხვავდებით ერის ადამიანებისგან და არანაირი მანდატი არ გვიდევს ჯიბეში. ხელშეუხებლობის გარანტია ღმერთს ნამდვილად არ მოუცია ჩვენთვის. როცა ჩვენ რამეს ვაშავებთ, ჩვენც ისეთივე სასჯელი გვეკუთვნის, როგორც ერის ადამიანებს, თუმცა ზოგიერთ სასულიერო მაღალ იერარქს ჰგონია, რომ მას ვერავინ ვერაფერს გაუბედავს, მხოლოდ თვითონ შეუძლიათ იქით გაუბედონ ერისა და ბერის ადამიანებს, დასაჯონ, არ აზიარონ, უფლის სისხლი და ხორცი ჯიბეში ჩაიდონ და ხალხი აშინონ, რომ მათ უფალი დასჯით. ის ავიწყდებათ, რომ უფალი უკიდეგანოდ მიმტევებელია და დედამიწაზე ცოდვილთათვის მოვიდა, უფალი გატეხილ გულში შედის და არა ფულით გაზულუქებულებთან, ისიც ავიწყდებათ, რომ უფალი ჯვარზე მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა გააკრეს. დღესაც 30 ვერცხლობანას თამაშობენ და უფლის სახელით ხალხს ფულებს აწერენ, სახლებს აყიდინებენ, მანქანებს სთხოვენ, რომ უყიდონ და ატყუებენ, თქვენთვის ვილოცებთ და შემოგვწირეთ ამდენი და ამდენიო, რომ მოგიხსენიოთ ლოცვებშიო.
ნეტავი თუ ვინმეს სჯერა, რომ ასეთი ადამიანები ვინმესთვის ლოცულობენ, მათ თავიანთი სული აქვთ გაყიდული და ვისთვის შეძლებენ ლოცვას, როცა საშინლად სძულთ ერთმანეთი და საპატრიარქოს სკამისთვის უკვე დაუმალავად ერთმანეთს ლანძღავენ. ასე მაგალითად, მინდა შეგახსენოთ მეუფე რომ არის, სახელად იაკობი, ალბათ, გეხსომებათ მისი ბოლო გამონათქვამი, როგორც ბრძანა მოსაყდრე მეუფე შიოზე, _ მას არანაირი ჩვენზე მეტი უფლებები არ აქვს, ჩვენც იგივე უფლებები გვაქვს მე და მეუფე თევდორეს, როგორც მასო, ჩვენც ქორეპისკოპოსები ვართო. ღმერთმა დაიფაროს, რომ მეუფე შიო და მუუფე თევდორე მისნაირები იყვნენ, როგორიც იაკობია. სკამისთვის ისე შეირყა და შეშლილი სახე აქვს, უკვე თვეში ორჯერ-სამჯერ ჩადის ამერიკაში, თეთრი სახლის წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადი-გამოდის და ინტერვიუებს აძლევს ჟურნალისტებს, რომ იმ ქვეყნიდან უნდა ჰქონდეს მართლმადიდებლობას ხსნა, თურმე, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ სწორედ ყველაზე მეტად თვითონ აგინებდა და უარყოფთა, იმ ქვეყანას და მათ წეს-ჩვეულებებს. ეს ის იაკობია, რომელიც აცხადებს, მთავრობაში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების სულიერი მამა ვარო. ასეთი სულიერი მამა რომ ჰყავს ჩვენს ჩინოვნიკებს, იმიტომაც წავიდა ჩვენი ქვეყნისა და მართლმადიდებლობის უარყოფა და უკუსვლა. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, ეკლესიებიდან მრევლი რომ გავიდა და რწმენა შეერყა ამის შემხედვარეს. თუმცა ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა მაგისნაირი იყოს, უამრავი კარგი და სუფთა ეპისკოპოსიც, მამაოც და ბერიც გვყავს, რომლებიც სუფთადაც ცხოვრობენ, ღმერთსაც ადიდებენ და არც ფულის მონობაში არიან. ეკლესია-მონასტრები ბიზნესდაწესებულებად გადააქციეს და, რა თქმა უნდა, ყველას თავისი მამა-მარჩენალი „კრიშა“ ჰყავს და ამ ყველაფერს ამიტომ ვამბობ, ასეთი დიდი გულისტკივილია, რომ უამრავი მიზეზი მაქვს ამისთვის და მოგახსენებთ ყველაფერს. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, უფალი თუ არ გიყვარს და მას შენს გულში არ აცხოვრებ, ეკლესიაში ნურც ეძებ, ვერ იპოვი. მე ღმერთი ძალიან რომ მიყვარდა, მის სიყვარულს გამოვყევი და ასე მოვხვდი მონასტერში და ასე აღვიკვეცე მონაზვნად, ამისთვის დიდი მადლობას ვწირავ უფალს, ასე რომ გამომარჩია და ამ გოლგოთის მძიმე გზაზე დამაყენა. მე ეს სიმძიმე სიხარულით და სიყვარულით მივიღე და ამას არასდროს ვინანებ, თუმცა მონასტერში მოსვლა კი თავში სახლელი გამიხდა, აქ იმდენ უბედურებაში გამატრეს. ამ ყველაფერს ცოტა ხანში მოგახსნებთ, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა ერის შესახებ. დამიჯერეთ, ხალხო, ერში უფრო დიდი სიყვარული და ერთგულება და თანადგომაა, ვიდრე ბერში, აქ ყველას ერთმანეთი სძულს. არავინ იცის, რას ემსახურებიან, მრევლს კი აძალებენ, გიყვარდეთ ერთმანეთი და მეორე ლოყა მიუშვირეთო, ამ დროს თვითონ შეუძლიათ, წიხლით შეგდგნენ და სულში ჩაგაფურთხონ, შენი მკვდარიც აგინებინონ დ ცოცხალიც, როცა მათ მოესურვებათ. ჩემს შემთხვევაშიც ასეა და ეს უკვე მთელმა საქართველომ იცის. ასე მხარზე გადებული წინ და უკან დამყავდა ჩემი გარდაცვლილი შვილი და ვერ ვასაფლავებდი, არავის ჰქონდა შეცოდების გრძნობა, ტირილით და ბღავილით დავდიოდი და ამათთვის ჟუჟუნა წვიმა მოდიოდა, არავის შეუხრია წარბი, თუმცა ყველამ იცოდა, უწმინდესთანაც კი არ მიშვებდნენ, რომ ჩემი გულისტკივილი მეთქვა, ახლაც ასეა, რაც წინა ნომერში დაიბეჭდა ჩემი წერილი ამავე გაზეთში, მის მერე ყველა უძრახად დამადგა. ეს დიდი მართლმადიდებელნი, ქრისტეს მიმდევარნი და სიყვარულით დაძეძგილები. მე არ მაქვს უფლება, ამდენი სიმწარის მერე, რაც აქ გამატარეს, ის ვთქვა. მე ხომ ამათზე არაფერს ვლაპარაკობ, მე ხომ მხოლოდ ჩემს საკუთარ თავზე ვყვები, რაც გადამატანინეს და რა ჯოჯოხეთიც აქ მომიწყვეს. მე არ მჯერა, რომ ამაზე მეტი დიდი ჯოჯოხეთი იქით არსებობს, ჯოჯოხეთი წუთისოფელი ყოფილა, ხოლო იქ, სადაც ღმერთია, იქ ჯოჯოხეთს რა უნდა! საქმე ის არის, ვინ მოხვდება ღმერთთან. ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემო ქაართველებო, მე მინდა გითხრათ დიდი მადლობა ყველას, ვისაც შეგიძლიათ, რომ გაჭირვებულ ადამიანებს გვერდით დაუდგეთ, ეს მხოლოდ ერში ხდება, ეს ბერში არ არის. აი, მაგალითად, მე გუშინ მოვისმინე ტელევიზიით, მომღერალ ზურა დოიჯაშვილს დახმარება და თანადგომა სჭირდება. შეკრებილი იყვნენ მომღერლები და მიმართავდნენ ყველა მომღერალს და ხელოვანს ზურას დადგომოდნენ გვერდით და ამ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. როდესაც ჟურნალისტი, ახალგაზრდა კაცი იყო მძიმედ ავად, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, მას მთელი ჟურნალისტთა კორპუსი დაუდგა გვერდით და მათი დახმარებით ეს ახალგაზრდა კაცი არის ჯანმრთელად და კარგად, ასე უამრავი ხელოვანი დაუდგა ერთმანეთს გვერდით და იმართებოდა მარათონები ერთმანეთის დასახმარებლად და გადასარჩენად. ეს დიდი საქმეა, დიდი სიყვარული და დიდსულოვნებაა, რაც. საუბედუროდ. ბერში არ არსებობს. მე სხვაზე არაფერს ვიტყვი, საკუთარ თავზე ჩამოვთვლი ყველაფერს, მაგრამ მერამდენედ? ჩემი ტკივილები, სიმწარე, ტკივილიანი უძილო ღამეები, ეტლში ჯდომა, ფეხზე ვეღარ გავლა, დიდი ხვეწნა და მუდარა, მომხედეთ, ტკივილებს ვეღარ ვუძლებ, იმ მდგომარეობაში ვარ, ტკივილებისგან ლამის თავი მოვიკლა-მეთქი, რომ ვთქვი, იაკობმა გამოიყენა ეს ჩემი ნათქვამი სათავისოდ, დაიხვია ხელზე და ვითომ რატომ ვთქვი მე, მონაზონმა, თავს მოვიკლავო. მე იმის უფლებაც კი არ მაქვს, გამწარებულმა, დაღლილმა და ტკივილებისგან შეწუხებულმა ჩემს თავზე რამე ვთქვა. ამ ყოველივეთი ისარგებლა და შემომითვალა, თავი მოიკალიო და არაერთხელ. თან დაიტრაბახა, მე ამას მალე მოვაშორებო. როგორც ჩანს, მას არ გაუჭირდება, ალბათ, არც ჩემი მოკვლა და არც მოშორება. ის გახლავთ პატრიარქის ქორეპისკოპოსი და განაგებს საპატრიარქოს ფინანსებს, მან ეს ფინანსები თავის ჯიბეზე მოირგო, წელზე სარტყელად ხაზინის გასაღები შემოირტყა და მოგზაურობს ხან ამერიკაში, ხან ევროპაში, აქამდე რუსეთშიც კარგად დადიოდა და როგორც ჩანს, ეს ფული თავისი ჰგონია, სახელმწიფოდან გადმორიცხული და ხალხის ფული თავისი ჰგონია და როგორც უნდა, ისე შეექცევა და მიირთმევს, ძალიან კარგად მოირგო თავის ჯიბეზე.
ერთ დღეს მე უწმინდესთან ვიყავი, პატრიარქმა მას დაუძახა და უთხრა, დედაო ასე მძიმედ რომ არის ავად და მას არც გადაადგილება შეუძლია, აღარც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, ჩვენ ყველაფრით უნდა დავეხმაროთ, რაც დასჭირდებაო, მას ჩვენ გარდა არავინ ჰყავსო, აი, სწორედ ახლა ეს იაკობი მითვლის მე, არაფერს გაგიკეთებ და თავი მოიკალიო. დავუშვათ და მე აღმოვჩნდი სუსტი ნებისყოფის ამხელა ზეწოლის გამო და მართლაც ჩავიდინე ეს საშინელება, მე გამოვდივარ თუ არა ზეწოლის მსხვერპლი ამ ადამიანისგან და არღვევს თუ არა იგი ჩემს ღირსებასა და ადამიანურ უფლებებს? საპატრიარქოში ყველამ იცის, რაც მე აქ მოვედი, იმ დღიდან რაც მე აქ გადამატანინეს და დღემდე გადამაქვს.
ჯერ კიდევ გუშინ ლიფტი ხელოვნურად გამიფუჭეს და შიგნით შესვლისთანავე ლიფტი წინ და უკან დარბოდა, მერე მოწყდა და მიწაზე დამანარცხა ორჯერ. ისედაც მძიმედ დაავადებული ხერხემალი, ფილტვები და თირკმლები ჩამენგრა და შემდეგ მაშველებმა ძლივს გამომიყვანეს, ეს უკვე თითქმის მეხუთეჯერ ხდება. ლიფტი, ამწეს უფრო ჰგავს, ვიდრე ლიფტს, ვისაც ეჭვი გეპარებათ, მობრძანდით და დარწმუნდით ჩემს სიმართლეში. წარამარა იმეორებს, მე არაფრით დავეხმარები და რაც უნდა, ის უქნიაო. რას ნიშნავს ეს ნათქვამი?! ლოგინში მწოლიარე, შვილმკვდარმა და მძიმედ ავადმყოფმა რა უნდა ვქნა, რითი უნდ მივხედო ჩემს თავს და ჩემს მძიმე დაავადებას? მას თითი რომ წამოსტკივდება, ავსტრიაში მიდის სამკურნალოდ. როგორც კი აღვიკვეცე და ამ მონასტერში მოვედი, გამომიცხადეს, ჩვენ ზვიადისტებს საჭმელს არ ვაჭმევთო. აქ, ამ მონასტერში, ყველა დედაო დაგეშილი ჰყავთ ამბის ჩამტანად საპატრიარქოში, მათ ძალიან უყვართ შიკრიკები, რაშიც მე ვერ გამოვდგები. რომელ დედაოსაც გინდა სთხოვო, წყალი მომაწოდეო, ყველას ერთნაირი პასუხი აქვს, სულიერად ავად ვარო. ვერაფრით ვიგებ, სულით ავადმყოფებს რა უნდათ ეკლესია-მონასტრებში? მონაზონი, რომელიც სულით ავად არის, ის როგორ შეძლებს, სხვას დაეხმაროს სულიერად და რამე ძალა და რწმენა მისცეს? ასეთი დაავადებულებისთვის მონასტერი კი არა, საავადმყოფო არსებობს. გამოდის, რომ აქაც პოლიტიკური ნიშნით მებრძვიან, ეროვნული მოძრაობიდან ხარ, ზვიადისტი ხარო. იაკობს ზვიადისტები ძალიან ვძულვართ. მე კი ძალიან მეამაყება, რომ სწორედ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ამიტომ მეძახიან ესენი ერის დედაოს. მადლობა უფალს, რომ ჩემი საყვარელი ერის მონაზონი ვყოფილვარ. რამდენიმე წლის წინ ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა დღეს კიდევ უარესად ვარ. გამიჩნდა სურვილი, სახლში წავსულიყავი, სადაც ჩემი შვილი მესვენა და ცოტა ხანი მწარე წუთები იქ მეტირა. ცოტა ხანში მომაკითხა იაკობმა სახლში და მეუბნება, დაბრუნდი ეკლესიაში და ჩვენ ყველაფერს გაგიკეთებთო, სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმა და როდესაც ტელეფონს ვუპაუსე, ქალბტონი მანანა არჩვაძე მესაუბრებოდა. მე მას ვუთხარი, რომ სტუმარი მყავდა, _ ვინო? _ იაკობი-მეთქი. ქალბატონმა მანანამ მას ისეთი დღე აყარა, თავზე დაამხო სამყარო და მან ერთი სიტყვაც კი ვერ შუბრუნა. მე არ მინდა ამ ყველაფრის გახსენება, რაც მას დღე დაადგა ჩემს სახლში. ახლა მჯერა ყველაფერი, რომ რაც მე აქ გადამატანინეს, შეხმატკბილებულად აკეთა ყველამ ერთად და ეს საპატრიარქოში კარგად მოეხსენებათ.
მინდა გავაკეთო ამ ყველაფრის უამრავი ჩამონათვალი და მაინტერესებს თქვენი ყველას აზრი, რას იზამდით ჩემს ადგილას, შეინახავდით თუ იტყოდით ამ ყველაფერს, რაც მე აქ დამმართეს. მიმაჩნია, რომ ჩემი აქამდე სიჩუმე დანაშაული იყო. გამოდის, რომ მე ღმერთს ვატყუებდი მაშინ, რადგან ამათ უსაქციელობას ვმალავდი. მე მოსვლის დღიდან მითხრეს, რომ აქედან უნდა წავსულიყავი, რადგან აქ ნეტარ დედაოებს თურმე დისკომფორტი ექმნებოდათ, რადგან მათ კარგად იციან, მე დაბადებიდან მაქვს საოცარი ხილვები და ხედვები, ამისი ეშინოდათ და დღესაც, ეს საუბარი რომ ნამდვილია, ამ საუბარს შეესწრო მეუფე თევდორე და ყველაფერი თავისი ყურით გაიგონა, რომელი მამაოც მონასტერში მოსვლას მიკრძალავდა. აქედან დაიწყო ჩემი წამებაც, შემაგდეს ბნელ ოთახში, ჩამაწვინეს წყალში, ოთახს, რომელსაც არც ფანჯარა ჰქონდა და არც ჰაერი, არსაიდან არ შემოდიოდა, ქუჩიდან წვიმის წყალი რომ შემომივარდებოდა ,ვედროებით ვღვრიდი და ასე გამწყვიტეს წელში, ასე ვიწექი 10 წელი წყალში და ამ უჰაერო სივრცეში, ეკლესიის მხრიდან ოთახს კარი არ ჰქონდა და ამ სიბნელემ დამაბრმავა, გავხდი საოპერაციო, ერთი თავი წამალიც კი არ მოუწოდებია არავის. მიკვირს, დეკანოზი მამალაძე ციხეში რომ ზიარებას თხოულობს და არ აზიარებენ, მე მონასტერში არ მაზიარებდნენ და ნეტავ, რატომ უკვირს მას, ციხეში რომ არ აზიარებენ? მან ხომ კარგად იცის საპატრიარქოს საშინაო ცხოვრება, თუმცა მას პატრიარქი ენდობოდა და რა ჩემი განსახილველია სხვა დანარჩენი.
მინდა განგიმარტოთ, იაკობი რატომ მოვიდა ჩემთან, რომელიც თავისი ნებით საპატრიარქოში ისე დადის და არავის კურთხევას ემორჩილება. ჩემთან მხოლოდ და მხოლოდ მოვიდა ერთადერთი მიზეზით _ თავის დროზე მეუფე თეოდორე და მე უწმინდესმა დედა-შვილად გვაკურთხა. როგორც დედას შვილისგან რაღაც შეიძლება ეწყინოს, ასე მეწყინა უმნიშვნელო რამ და პროტესტის ნიშნად წავედი სახლში, თითქმის გადაწყვეტილი მქონდა მონასტერში არდაბრუნება. ალბათ იმიტომ, რადგან შვილგარდაცვლილი დედა ვარ, ეს წყენა მისგან მივიღე იმედგაცრუებად, თუმცა მეუფე თეოდორე დღესაც ძალიან ძვირფასი ადამიანია, ხოლო იაკობი მობრძანდა უფრო ამბის გასაგებად, რა ხდებოდა ჩემსა და მეუფე თეოდორეს შორის. მისი ე. წ. ნუგეში ცეცხლზე ნავთის დასხმას უფრო ჰგავდა, სულ ასე მეძახა: „არ რცხვენია, ასე გამწარებულ დედას ასე როგორ მოგექცა და ასე როგორ გატკინა გული?“ ასე ვიშვიშებდა და გამალებული პირჯვარს იწერდა დიდ მორწმუნესავით, თუმცა მეუფე თეოდორე არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იაკობია, ღმერთმა დაიფაროს ამისგან, ის ჩემთვის მაინც ძვირფასია.
მსურს გიამბოთ ბევრი რამ, რაც გადამხდა და რაც არ შეიძლება ხდებოდეს ეკლესია-მონასტრებში:
1) იღუმენია ზოილემ როცა მცემა, ხელები დამათეთქვა. ამაზე იაკობმა პასუხად მომახსენა: „დედაომ ასე თქვა, გავითიშე და არაფერი მახსოვსო“. ასეთები ჰყავთ და აქვთ სურვილი, აქ ჰყავდეთ ასეთები მრავლად;
2) ფაფაში ჩამიყარეს საწამლავი, თაგვის შხამი, დარიშხანი _ 15 წუთში საავადმყოფოში მოვხვდი, გერმანიაშიც დამაწვინეს გამოსაკვლევად, თუმცა იქ სისხლი არც შეუმოწმებიათ, რადგან თავიანთ ნაცნობებთან გამიშვეს, მაგრამ საქართველოში დაბრუნებისთანავე არანაკლებ კვალიფიციურმა ექიმმა სწორედ დარიშხანით მოწამვლის დიაგონზი დამისვა. ამის შესახებ ერთ-ერთმა მეუფემ ექიმსაც და მეც გვიბრძანა, რომ ამის შესახებ ხმა არ ამოგვეღო, აქაოდა ეკლესიას სახელი გაუტყდება, მთავარია, დედაო გადარჩაო;
3) გამიკეთეს ჯადო. საპატრიარქოდან გამომიყვეს ვიღაც ქალი, სახელად მაყვალა, რომელსაც საოცრად დიდი კარის ფარდა ჩამოახსნევინეს და მტკვარში ჩააგდებინეს, ასე მითხრეს, სიკვდილზე გქონდა ჯადო გაკეთებული და ეს ფაქტი ყველამ იცის საპატრიარქოშიო;
4) ჩემი თავი ალანძღინეს ვიღაც კაკო კარანაძეს, რომელმაც 3 თვე არ დამიტოვა მკვდარ-ცოცხალი უგინებელი, დილიდან ღამის 3 საათამდე უნდებოდა ჩემს ლანძღვას და კელიის ფანჯრებიდან ბოთლებს მიყრიდა. მისი გვარი, სახელი და ტელეფონი გადავეცი საპატრიარქოს გასარკვევად, იქიდან კი შემომითვალეს, უშიშროებას შენი დაკითხვა უნდაო. ამის მერე კარანაძე მეხვეწებოდა შეხვედრას, თან მეუბნებოდა, რომ გამიმხელდა იმ საიდუმლოს, თუ ვინ დაავალა და ვინ ალანძღინებდა ჩემს თავს თვეებით. მანვე მითხრა, რომ დავალების მიმცემი იყო მაღალი იერარქი. ერთ-ერთმა მეუფემ არ მომცა კურთხევა მასთან შეხვედრისა და სინამდვილის გარკვევის, სწორედ ამის მერე ნაკლებად მჯერა მათი კურთხევის, რამდენიმე ხანში, შობა დილას, კარანაძეს თავი მოუკლია! იაკობმა მითხრა, რომ საპატრიარქოში იყვნენ მოსულები კარანაძის ახლობლები წესის აგების კურთხევაზე და მე ვუთხარი, რომელი წესის აგება გინდა, მან დედაოს სამი თვე აგინა და ამწარაო…
5) არასოდეს შევუშვივარ უწმინდესთან, რათა ოპერაციის ან საჭირო მკურნალობის წინ მას დაველოცე, ფეხის ოპერაცია (მუხლის პროთეზირება) ნისიად გავაკეთე, ისე ვიყავი მიგდებული ღვთის ანაბარად. მჯერა, რომ ეს უწმინდესმა არ იცოდა. ეკლესიაში, როგორც ზვიადისტი, დასჯილი ვარ. საჭმელსაც კი არ მაძლევდნენ და ვარ ერის იმედზე. უწმინდესი წამლის ფულს და მომვლელის ფულს მიგზავნის ყოველთვე. ეს მას მერე, რაც 10 წელი მშიერ-მწყურვალი, უწამლოდ და უსაჭმელოდ წყალში ვყავდი ჩაგდებული და დილეგში ვყავდი გამოკეტილი ამათ. ამასაც ყოველ წუთში მაყვედრიან _ წამლის ფულს ხომ გიგზავნითო? ჯერ დამაავადეს და ახლა წამლის ფულსაც მაყვედრიან. დაავიწყდათ, 10 წელი რა ჯოჯოხეთი გამომატარეს იმ დილეგში;
6) ცოტა ხნის წინ დამჭირდა ძვირადღირებული ნემსის გაკეთება ოპერაციის გამო მარჯვენა თვალში ჩამდგარი სითხის სამკურნალოდ. მათ ხომ ძნელად სჯერათ ჩემი, თავად კი წარამარა ტყუილებით მკვებავენ, ამიტომ ვცდილობ, ფოტო გადავუღო და გავუგზავნო ხოლმე, ასევე გადავუგზავნე ხელოვნურად გაფუჭებულ ლიფტში როცა ჩავვარდი და მაშველებს რომ გადავყავარ უსაფრთხო ადგილას. ასე რომ, ყველაფრის საქმის კურსში არიან, არავინ შეწუხებულა, თუ საიდან უნდა მომეტანა სამკურნალო ფული ლოგინში მწოლიარე მონაზონს. იაკობმა სულ არ მაინტერესებს, საიდანაც გინდა, იქიდან მოიტანე და რაც გინდა, ის მოგივიდესო.
ჩამონათვალი უსაზღვროდ ბევრია, თავს ვერ მოგაწყენთ, რადგან დიდია ნუსხა ჩემი უბედურებების. გადავწყვიტე, ეს ყველაფერი გამეგებინებინა უწმინდესისთვის და ჩემს ახლობელს გავატანე ჩემი დაწერილი რამდენიმეფურცლიანი წერილი, სადაც ყველაფფერს დეტალურად ვწერდი. წერილი უწმინდესისვე თხოვნით მან თავად წაუკითხა. წერილში ერთ ადგილას უწმინდესს ვთხოვდი, მონასტერში გაუსაძლის პირობებში ყოფნას, ყოველ წუთში სიკვდილსა და სხვა რაიმე პროვოკაციის მოლოდინში ყოფნას ხომ არ აჯობებდა, მიუსაფართა თავშესაფარში წავსულიყავი, სადაც ცემისა და სიკვდილის მუქარის ქვეშ მაინც არ ვიქნებოდი-მეთქი… პასუხად უწმინდესმა შემომითვალა, _ ამბობენ, თავშესაფარში უკეთ უვლიან და უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე, სამწუხაროდ, ჩვენს მონასტრებშიო, თანაც ხაზი გაუსვა, რომ ვერც იაკობი და ვერავინ შეძლებს შენს მოკვდინებასო. იქიდან გამოსული ამ ახლობელს ჰკითხეს, წერილში მეუფე იაკობი ხომ არ ჰყავდა დედაოს ნახსენებიო? მას, რა თქმა უნდა, არ დაუმალავს და დაადასტურა რომ მეუფე იყო ნახსენები.
ჩემდა გასაკვირად, უწმინდესისგან სხვა რეაქციას ველოდი, ვიდრე მიუსაფართა თავშესაფარში გადასვლის რჩევას. ვფიქრობდი, სხვა ზომებს მიიღებდა, რათა თავი დაცულად მეგრძნო მონასტერში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს ერმა, თუ რა ხდება ბერში. რადგან მირჩიეს, რომ თავშესაფარში სჯობია, მოვითხოვე ცნობა, სადაც უნდა იყოს ყველა ის ჩამონათვალი, რა ზომების გამოც შეიძლება მე წავიდე მონასტრიდან, თორემ მონასტრიდან წასვლას ჩემს სურვილზე არ ვაპირებ. ფიზიკური ცემა, მოწამვლა, გაზის შეშვება, ჯადოებით სიკვდილის მუქარით, შანტაჟით, პროვოკატორების მოგზავნით, ვიღაცების სახლში შემოვარდნებით თუ ამგვარ ცნობას მომცემენ, მზად ვარ, დღესვე გავიდე მონასტრიდან, მივატოვო ესენი და არა ღმერთი. თუკი ამ ცნობას მომცემენ და ჩემს მოთხოვნას, რაც ჩემს ჯანმრთელობას შეეხება, ესაა გადაადგილების პრობლემა, თითქმის 10 თვეა მატყუებს იაკობი, აი, ხვალ დაგაკმაყოფილებ, აი, ზეგო. ამასობაში, ჯანმრთელობა გამიუარესდა და გადავიდა უმძიმეს ფორმაში. ჩანს, ძალიან უნდოდათ ეს დამძიმება. იციან, რომ განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შვება გაუსაძლისი ტკივილებისა ნამდვილად მჭირდება. თუკი აპირებენ ჩემთან უძრახად ყოფნას და მე ვერსაიდან ვიგებ რაიმე პასუხს, მე როგორ უნდა მოვიქცე?
ვითხოვ, მომცენ ეს ცნობა, რადგანაც არ სურთ ჩემი გაუარესებული ჯანმრთელობის ცოტათი შემსუბუქება, არ მაქვს გადაადგილების საშუალება, ისინი იმდენად გაჭირვებულები არიან, რომ არ შეუძლიათ შეისმინონ ჩემი ხვეწნა-მუდარა, ტკივლი, ცრემლები. იძულებული ვარ, საქვეყნოდ მოვიწვიო მედიის ყველანაირი წარმომადგენელი და საპატრიარქოსთან საჯაროდ განვიმოსო, რათა გასაგები გახდეს ყოველივე და მერე განსაჯოს ერმა და ბერმა, თუ რა მოხდა. მე არ მოვსულვარ სადამსჯელო დაწესებულებაში, მე გამოვყევი უფლის სიყვარულს და მოვედი უფლის სახლში. ნეტავ, ვინ დგება უფალზე მაღლა, რომ მათ შეუძლიათ უფლის სახელით მონაზონს გამოუტანონ ასეთი სასტიკი განაჩენი? განა, სადაც წავალ, თან არ გავიყოლებ უფლის სიყვარულს? მე პირველკლასელი არ ვარ, თითი მიქნიონ! ახია ჩემს თავზე, მოგეხსენებათ, თუ საჭირო გახდება, დანარჩენ ყველაზე და ყველაფერზე, ვინც მე ამ დღეში ჩამაგდო, მათ ვინაობის გაამხელით, ვინ არიან, რა სკოლა გაიარეს შესაბამის თანამდებობამდე მისაღწევად, დაწვრილებით გიამბობთ.
აქ ცოდვა-მადლი არ არსებობს, აქ სიყვარული არ იციან! აქ ვერ არჩევენ შვილმკვდარს, მწუხარეს, ლოგინად ჩავარდნილს, დაუძლურებულსა და ხეიბარს…
ერის ძლიერება ეკლესიის სიძლიერის გარეშე წარმოუდგენელია, ასე იყო ისტორიულადაც და ტრადიციულადაც, ამიტომაც უნდა გაიწმინდოს ეკლესია მსგავსი უკეთური, ღირსებაშელახული და ღვთის მოწესეობისგან შორის მყოფი პირებისგან, რომ ერი გაძლიერდეს, მხოლოდ გაძლიერებული ერი შეინარჩუნებს თავის სახელმწიფოებრიობას და ღირებულებებსაც.
ვიდრე საქართველოში ყველა არ მიხვდება, რომ იაკობი, რომელიც მხოლოდ საპატრიარქო სკამისთვის იბრძვის და მას არანაირი სულიერება და ღვთისნიერება, მისი შიში და სიყვარული არ გააჩნია, მეც თქვენთან ერთად, ჩემო ჭკვიანო, მრავალტანჯულო ქართველებო, არაფრით დავუშვებ მის გაპატრიარქებას, ვიბროლებ ყველა საშუალებით, რასაც ჩემი ჯანმრთელობა აიტანს.

ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი
დედა თამარი