მიუსაფარი ცხოველები _ პრობლემები და გამოწვევები
„შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“, _ დიდი მუქი ასოებით შესრულებული ეს წარწერა ქალაქის ბევრი კორპუსის კედლიდან მოუწოდებს მოქალაქეებს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას, თუმცა…
ქალაქ თბილისის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას უკვე წლებია, მიუსაფარი ცხოველების თემა წარმოადგენს.
ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ სადმე ვიწრო მოსახვევებში, უთუოდ შეხვდებით უპატრონო ცხოველებს, რომლებიც ლუკმა-პურის ან თავშესაფრის საპოვნელად საკმაოდ მძიმე გზას გადიან.
ყოველდღიურად ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის ქუჩების ბუნებრივ ნაწილადაა უკვე ქცეული, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ მათ ბედსა და მომავალზე.
საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი ასპექტი აქვს, მათ შორის ორი უმთავრესი _ მოქალაქეებისა და თავად ცხოველების უფლებების დაცვა.
სწორედ ამიტომაც სახელმწიფო პოლიტიკა ცხოველების მიმართ ისე უნდა შემუშავდეს, რომ დაცული იყოს როგორც ქალაქის მცხოვრებლების, ასევე ცხოველების უფლებები, რათა მათ მიმართ მიუღებელი მეთოდები არავინ გამოიყენოს.
რა ხდება ამ კუთხით ჩვენს დედაქალაქში?
2015 წლიდან არსებობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომლის ფუნქციაშიც შედის მოსახლეობის დაცვა აგრესიული ან დაავადებული ცხოველებისგან, ასევე უპატრონო ცხოველების მართვა და კონტროლი.
რა ვითარებაა ამ კუთხით თბილისში და რა მეთოდები არსებობს ქუჩაში მცხოვრები ცხოველების გასაკონტროლებლად და მათ სამართავად?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში უპასუხეს:
„მიუსაფარი ცხოველები რამდენიმე ათეული წლის პრობლემაა. წლების განმავლობაში ქუჩის ცხოველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, ვინაიდან ამ მიმართულებით არ არსებობდა მკაფიოდ განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკა.
საქართველო მხოლოდ რამდენიმე წელია შეუერთდა ევროპული ქვეყნების რიგს და გადავიდა ცხოველთა პოპულაციების მართვის ყველაზე ჰუმანურ საშუალებაზე _ კასტრაცია-სტერილიზაციის მეთოდზე, რაც საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას ეფუძნება. აღნიშნული პროცესი ევროპის ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა და წარმატებით გადაჭრა მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვის საკითხი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პოპულაციების მართვის პროცესი, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე დიდი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს და რეგიონებში სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება. ასე რომ, პერმანენტულად ისევ შემოედინება დედაქალაქში რეგიონებიდან მიუსაფარი ცხოველები, რაც უფრო ახანგრძლივებს ამ პრობლემის მოგვარებას.
მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ყურზე საჭდე ედება მხოლოდ გასტერილებულ და აცრილ ცხოველს, რომელიც, დიდი ალბათობით, არ გამოიჩენს აგრესიას ადამიანებისა და სხვა ცხოველების მიმართ. ზოგადად, ქუჩის ცხოველების უმრავლესობა ძალიან მეგობრული და ადამიანების მოყვარულია. საბედნიეროდ, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების რაოდენობა იზრდება. რა თქმა უნდა, არის ძაღლების აგრესიის ფაქტებიც, როდესაც ცხოველი დაკვირვების მიზნით მუნიციპალურ თავშესაფარში გადაგვყავს.
სააგენტო ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #7-28 დადგენილებით განსაზღვრული, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების შესრულების მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად რეაგირებს.
სამწუხაროდ, ხშირია წამებისა და ცეცხლსასროლი იარაღით ცხოველების დაჭრა. დღევანდელი კანონმდებლობა ზედმეტად ლიბერალური გახლავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ასეთ სისასტიკეს სჩადიან. ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსასწორებლად ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა გამკაცრდეს და თანხვედრაში მოვიდეს ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან.
საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა მოყვარული ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. მათი ყოველდღიური თანადგომა უმნიშვნელოვანესია და შეუფასებელია უსახლკარო ცხოველებზე ზრუნვის საქმეში. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ყველაფერს _ შესაძლებელსა და შეუძლებელს იმისთვის, რომ მიუსაფარი ცხოველების ყოფა ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესდეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიკედლების ინსტიტუტი ძალიან ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ცხოველებზე ზრუნვის კულტურის გაღრმავებას. ამ პროცესში ადამიანები პასუხისმგებლობას იღებენ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე, ცხოველების კვებასა და მკურნალობაზე. ამას გარდა, მიკედლებული ცხოველი იცავს ტერიტორიას სხვა აგრესიული, არავაქცინირებული ცხოველებისგან, რომელთა უკონტროლო მიგრაციაც კავკასიის ქვეყნებში, სავარაუდოდ, კარგა ხანს გასტანს.
თავის მხრივ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს მაქსიმალურად იზრუნოს ტრავმირებულ და გასაჭირში მყოფ ცხოველებზე. სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და დღე-ღამის მანძილზე არაერთ სამაშველო ოპერაციას ატარებენ. ასევე მუნიციპალურ თავშესაფარში ტრავმის მიზეზით შემოყვანილ ცხოველებს ჩვენი ქირურგები 24-საათიან რეჟიმში უწევენ პირველად დახმარებას, უკეთებენ ოპერაციებსა და სხვა შესაბამის პროცედურებს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პრობლემას ფართო ჭრილში შევხედოთ. მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარე პოპულაციების მართვის პროცესი ფუნდამენტურად ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. საჭიროა, რომ აღნიშნული პროცესი მასშტაბურად დაიწყოს ყველა რეგიონში. ასევე ცხოველების გამრავლება უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე, რადგან დღევანდელი მდგომარეობით ქუჩაში ხვდებიან არა მხოლოდ მეტისები, არამედ სუფთა ჯიშის ძაღლებიც“.
წლების განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების საკმაოდ კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებოდა სასტიკი მეთოდები, რომლებიც აზიანებდა ცხოველებს და არღვევდა მათ უფლებებს.
დროთა განმავლობაში ეს მეთოდები დაიხვეწა და დღეს, როგორც უკვე ითქვა, სახელმწიფო ყველაზე ჰუმანურ მეთოდზე გადავიდა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების პრობლემებს უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაჭრის.
კერძოდ, საუბარია კასტრაცია-სტერილიზაციის პროცედურაზე, რომელიც გულისხმობს ქირურგიული გზით ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტას, რაც პერსპექტივაში ბუნებრივად შეამცირებს ქუჩაში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას.
გარდა პოპულაციების მართვის მნიშვნელობისა, ამ პროცედურას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს, კერძოდ, სტერილიზაციის შედეგად ცხოველი ნაკლებად აგრესიულია, საგრძნობლად მცირდება სხვადასხვა სიმსივნური დაავადებით დაინფიცირების რისკები და ამდენად, ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება.
სახელისუფლებო უწყებების ინფორმაციით, ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და თან საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა როგორც სააგენტოში აცხადებენ, მისი ეფექტიანობა მყისიერი არაა და ამ მეთოდის წარმატებასაც გარკვეული დრო სჭირდება.
მანამ, სანამ ამ მეთოდის ეფექტიანობა გაიზრდება და ქალაქის მცხოვრებლები რეალურად დაინახავენ შედეგს, ქალაქის მერიის ახალი ინიციატივა მიუსაფარ ცხოველებს საკვებით უზრუნველყოფას ჰპირდება. ამ სიახლის თანახმად, ქალაქის მასშტაბით განთავსებდა საჭმლის ურნები, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს დააპურებს.
ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს თავად ცხოველების იზოლირებასა და მათ თავშესაფარში მოთავსებაზე. ცხოველების იზოლირება ხდება ოთხ ძირითად საფუძველზე: 1. თუ ცხოველი აგრესიულია; 2. დაავადებულია; 3. დაკარგულია; 4. გასაჭირში იმყოფება.
ასევე პრობლემად რჩება ის ფაქტიც, რომ არ არსებობს მიუსაფარი ცხოველების ზუსტი სტატისტიკა, რაც პრობლემის მასშტაბების კარგად დანახვის საშუალებას მოგვცემდა.
რა შეიძლება გაკეთდეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაგვარებლად და როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ისე, რომ არც მოქალაქეები დაზარალდნენ და არც ქუჩაში მცხოვრები ცხოველები?
ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის ხელმძღვანელ თამარ აქუბარდიას.
„უპატრონო ცხოველების პრობლემა წლების მანძილზე ღრმავდებოდა და სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგად საკმაოდ დამძიმდა, განსაკუთრებით რეგიონებში. ერთადერთი სწორი, შედეგზე გათვლილი ქმედებაა კასტრაცია-სტერილიზაციის მასობრივი პროგრამა, ანუ პოპულაციის ხელოვნურად შემცირება, რასაც თანამედროვე სტანდარტების თავშესაფრები სჭირდება ყველა რეგიონში და საზოგადოების ინფორმირება, რომ სტერილიზებული და კასტრირებული ძაღლები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი მოსახლეობის აგრესიისგან.
დედაქალაქში პროგრესი მეტ-ნაკლებად შეინიშნება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რეალურად სიტუაციას ამძიმებს მოსახლეობის არაინფორმირებულობა, გულგრილობა და სისასტიკე. ხშირად აგდებენ საკუთრ ცხოველებს ქუჩაში ან დაავადების, ან სიბერის გამო, ანდაც აღარ სურთ ცხოველი სახლში. ეს ძაღლები ქუჩის ნაკადს უერთდება და გამრავლებას უწყობს ხელს, რაც ასევე პრობლემას უმატებს შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს. პარლამენტში კანონპროექტი მზადდება, რომელიც, მეტ-ნაკლებად, დაარეგულირებს უკვე კანონით ცხოველის მოვლა-პატრონობის ელემენტარულ სტანდარტს. ამ თემაზე მოსახლეობას აუცილებლად უნდა ეცნობოს.
გარემოში საფრთხე ცხოველებს უფრო აქვთ, ვიდრე ადამიანებს, _ დღე არ გავა ცემის, სისასტიკის ფაქტი არ დაფიქსირდეს ადამიანებისა ცხოველებზე. ზოგადად, ქუჩის ცხოველები ქალაქში ადაპტირდებიან და ადამიანებთან ნაკლებად ურთიერთობენ, ხალხთან ახლოს არ მიდიან. ერთადერთი პრობლემაა ლეკვებიანი ძაღლი, რომელიც ნაშიერს იცავს და შესაძლოა, აგრესიას ავლენდეს მოსახლეობის მიმართ, ისიც თუ ახლოს მივა ადამიანი მასთან. საზოგადოების ინფორმირებულობა დიდი პრობლემაა. ხალხმა არ იცი, როგორ მოეპყრას ცხოველებს. თუ კბენის ფაქტი არის, ძირითადად, მიზეზი ადამიანების უცოდინარობაა.
ეს ინფორმაცია სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს და მოზარდები ინფორმირებულები უნდა იყვნენ.
ზოგადად, დაავადებები, რაც ძაღლებს აქვთ, ადამიანებზე არ გადადის, მხოლოდ დაკბენის ფაქტია ხოლმე პრობლემა, ისიც, ვიმეორებ, ისევ ადამიანის ბრალია… თუმცა თუ ძაღლი აგრესიულია, შესაბამისმა სამსახურმა აუცილებლად უნდა გაარიდოს იგი მოსახლეობას და ეს ასეც ხდება ხოლმე.
აგრესიის შეფასების სტანდარტი მალე დამკვიდრდება თავშესაფარში და აუცლებელიცაა. ზოგადად, აგრესიული ძაღლები იშვიათობაა, თუ თავად ადამიანებმა არ იძალადეს ძაღლზე და ფსიქიკა არ დაუზიანეს მას. დედაქალაქში, როგორც წესი, უბანში ყველა ძაღლს მოსახლეობის ნაწილი უვლის და ეს ცხოველები არ არიან აგრესიულები, ასევე მათ სტერილიზაცია უტარდებათ, თავად საზოგადოება ზრუნავს ამაზე, _ ცრიან, ამუშავებენ ჭიებზე, რწყილებზე და ცხოვრობენ ეს ძაღლები მშვიდად, წყნარად უბანში. დედაქალაქში ასე ხდება, საზოგადოება საკმაოდ ჩართულია მუნიციპალურ თავშესაფართან ერთად მიკედლებული ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხში. გარემოც და ხალხიც დაცულია, როდესაც მოვლილი ძაღლია უბანში. ეს პრაქტიკა რეგიონებშიც უნდა დაინერგოს, თუ გვსურს, შედეგს მალე მივაღწიოთ.
ძალიან ხშირია ცხოველებზე ძალადობა. კანონი მათ არ იცავს სისასტიკისგან. ეს დიდი პრობლემაა, _ არ გვაქვს გამართული კანონმდებლობა და აღსრულების მექანიზმები. ცხოველებზე ძალადობა საზოგადოების თავის ტკივილია, რადგან სასტიკი ადამიანი ისევ საზოგადოებისთვის არის საშიში და დღევანდელმა ხელისუფლებამ პრობლემის სერიოზულობა უნდა გააცნობიეროს. სისხლის სამართლის კოდექსში კანონია გასამკაცრებელი და აღსრულებასაც მთელი სერიოზულობით უნდა უყურებდეს ხელისუფლება.
ძალიან კარგი ინიციატივა აქვს დღევნდელ მერს. აქ მნიშვნელოვანი თავად საჭმლის ურნები იმდენად არაა, რამდენადაც ჰუმანური და ადამიანური მიდგომა: ვიქნებით ადამიანები, ჰუმანურები და სუსტების დამცველები თუ სადისტები, ცხოველთა მოძულენი და უგულოები?
ჰუმანურობასა და ადამიანობაზე დგას ზოგადად ცივილიზებული კაცობრიობა. საჭიროა ამ მაღალი ფასეულობების საზოგადოებაში დამკვიდრება, ეს არის დიდი ევროპული, ცივილიზებული ოჯახის ფასეულობები და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დედაქლაქის მერი ხდება ამ პოლიტიკის გამტარებელი ხალხში. კარგი იქნება, რეგიონებმაც მიბაძონ მას და საქართველოში, თუნდაც ასეთ სფეროში, რეალური წინსვლა ყველგან ერთ დონეზე იყოს და არა მხოლოდ დედაქალაქში.
პრობლემის კომპლექსური პრევენციისთვის, უნდა აშენდეს თანამედროვე თავშესაფრები, სადაც იქნება მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამები, რეაბილიტაციის ცენტრები. სხვათა შორის, ორგანიზაციებმა უკვე წარადგინეს სხვადასხვა რეგიონში მაკეტები და პროექტი თანამედროვე თავშესაფრისთვის. რამდენიმე რეგიონში მოიწონეს კიდეც. იმედია, მალე აშენდება.
გასტერილებული ძაღლები პირველად არეალს უნდა დაუბრუნდნენ და მოსახლეობის ჩართულობაა საჭირო, როგორც დედაქალაქში ხდება: მაქსიმალურად უნდა დაიცვან აცრილი, გასტერილებული ძაღლები, არ სცემონ.
რამდენიმე წელიწადში თითქმის აღარ გვეყოლება ქუჩის უპატრონო ცხოველები და მიზანიც ეს არის. ამ მეთოდით მოაგვარა ევროპამ ეს პრობლემა. რეკომენდაციებიც გაწერილია, მხოლოდ აქამდე არ სრულდებოდა და მილიონები იხარჯებოდა უპატრონო ძაღლების სასტიკად დახოცვაში, რაც უშედეგოც იყო, სისასტიკეც და ფულის ყრაც.
ამდენი დაავადებული ცხოველი რეგიონებში ერის სირცხვილია, როცა უამრავი ტურისტი ჩამოდის განვითარებული ჰუმანური ქვეყნებიდან“.
ანა ურუშაძე