სუბარი, „კანონიერი ქურდები” და მირზა სუბელიანი – ციხე დღესაც ამ სქემით იმართება?!

1

რა დამსახურებისთვის გააკეთა სოზარ სუბარზე „სტავკა“ ბიძინა ივანიშვილმა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეებში სუბარი სკანდალში გაეხვია, რადგან მან სამინისტროს გენინსპექციის უფროსად საკუთარი ნათესავები და „ნაცმოძრაობის“ ცნობილი ზონდერი – მირზა სუბელიანი დანიშნა (მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი 26 მაისის ცნობილი დარბევების დროს, ქვემო ქართლის პროკურორი იყო და ამ რეგიონიდან დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის საქმის შეკერვაში პირადად მონაწილეობდა). მიუხედავად პოლიტპატიმრების საჯარო პროტესტისა, მირზა სუბელიანმა პოსტი შეინარჩუნა, რადგან სუბარს სისტემაში მისი არსებობა ჰაერივით სჭირდებოდა. მირზა სუბელიანმა მთლიანად აიღო კონტროლი ტენდერებზე და ციხეების მშენებლობაზე, ისევე როგორც „უდოს“ კომისიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობების ტენდერები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ აიღო, ხოლო „უდოს“ კომისიის ფორმალური კონტროლი მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძეს ჩააბარეს. სოზარმა უწყება დაალაგა, მირზა სუბელიანი პირადად ეახლა „კანონიერ ქურდებს“ და ციხეებში, „პალაჟენიის“ დაყენების სანაცვლოდ, მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის, ციხეებში მაყურებლების ინსტიტუტის აღდგენა და სიტუაციის ერთობლივი კონტროლი შესთავაზა. „ოცნების“ მინისტრმა „კანონიერ ქურდებთან“ ალიანსი არჩია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემის ყველა დაწესებულება ამ დრომდე სწორედ ასე იმართება. სანაცვლოდ, ყველა „შავი“ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, ყველა მათგანს საკანში ჰქონდა პლაზმური ტელევიზორი, ხოლო საკვები „მაკდონალდსიდან“ მათთვის პირადად მირზა სუბელიანს დაჰქონდა. რუსთავის მე-16 დაწესებულებაში კი „შავებმა“ ციხის ადმინისტრაცია აიძულეს და საკნების გისოსები „ბალგარკით“ გადაახერხინეს. ამ ფაქტს მხოლოდ რამდენიმე თვის მერე ციხის უფროსი, გელა ტყემალაძე შეეწირა. სისტემაში ახალი მინისტრის დანიშვნის პარალელურად გაჩნდა ინფორმაცია, რომ ციხეებში „პალაჟენია“ გამკაცრდებოდა. ამის გამო ადგილებზე ბუნტის ორგანიზება დაანონსდა. პირველი გეგუთის კოლონია იქნებოდა. ეს სქემა დღემდე ძალაშია, რადგან, ჯერჯერობით, არავინ იცის, რა გზას დაადგება ახალი მინისტრი და მოისურვებს თუ არა ციხეების მართვას ისევ მაყურებლების მეშვეობით?

ვრცლად, ეს და სხვა დეტალები „ქრონიკა+“-ის #30 (66) -ში.