მთავარი ბლოგი პანაშვიდა ერი?!

პანაშვიდა ერი?!

521
0
გაზიარება

„რუსთაველის გამზირი… ოცდაათამდე ადამიანი და 3 კარავი სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს“, _ აი, ასე, სინდისისა და სასვენი ნიშნების გარეშე გამოეხმაურა პარლამენტარი, ვინმე, უფრო სწორად, ვინცხა ნინო წილოსანი იმ ყველაფერს, რაც კვირა ღამით ხდებოდა რუსთაველზე!

სამარცხვინო ისაა, ამ ვინცხას რომ პარლამენტარი ჰქვია და თან მაჟორიტარად რომ ჰყავთ არჩეული _ ჯერ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ბუღალტერი რომ იყო, მერე ვაგონმშენებელი და ახლა რომ ქვეყანას გვიშენებს! მთელ პოსტში ერთადერთი მძიმე აქვს ჩაგდებული და ეს მართლა წერა-კითხვის უცოდინარი, უვიცი ქალი დგას და შვილმოკლულ მამებს დასცინის, მათ მწარე ხვედრზე ღლიცინებს!
არადა, აჯამებ რა იმას, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა, მართლა გაუგებარია, რა უხარიათ და რამ ააღლიცინა ივანიშვილის პოლიტიკური ჰარამხანის პოლიტიკური ტურფები და პოლიტიკური საჭურისები? რამ გამოიწვია მათი ასეთი სიხარული, _ ხალხის რაოდენობამ კვირის აქციაზე?
მხოლოდ ესაა? კი, ხალხის რაოდენობა ნამდვილად წყვეტს ბევრ რამეს, მაგრამ არა ყველაფერს. ხალხი ნამდვილად არ აკლდა იმ აქციას, რომელიც ერთი გალანტური ბოდიშით დაიშალა! პროტესტის ისტორიას კი არაერთი პროტესტი ახსოვს, რომელიც ხალხმრავალი არ ყოფილა, მაგრამ პროცესების ბედი განუსაზღვრავს.
ყველას რომ „ვარდების რევოლუციის“ ფინალური დღეები ჩაგრჩათ თავში, კარგად გაიხსენეთ, როგორ იწყებოდა „ვარდების რევოლუცია“. კი, მაშინ ნამდვილად არ გვქონდა ის კომპლექსები, რაც ახლა გვაქვს და რაც მოსახსნელია! კომპლექსში ვგულისხმობ იმას, პოლიტიკური პროცესების წარმართვა რომ გვინდა პოლიტიკოსების გარეშე. ეს კომპლექსი არც „ვარდების რევოლუციის“ დროს ჰქონდა ვინმეს და არც შემდეგ, როცა ირინა ენუქიძისა თუ რობაქიძის მშობლების გვერდით ღიად იდგა მთელი ოპოზიციური სპექტრი და არავინ აპროტესტებდა არც მათ დგომას, არც მათ მიკროფონთან მისვლას.
ამ კომპლექსის ფორმირება ამ ხელისუფლებამ დაიწყო მოსვლის დღიდანვე. დაიწყო იმით, სადაც კი ვინმე გაფაჩუნდებოდა და რამე ფორმით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ეგრევე „ნაცის“ იარლიყს აკრავდნენ და ამის პარალელურად გამალებით აგრძელებდნენ წლების წინათ დაწყებულ მუშაობას _ ენმ-ის დემონიზაციას. ხელისუფლებამ, რომელსაც უნიათოს ეძახდნენ, ერთიც (ენმ-ის დემონიზაცია) მშვენივრად დაასრულა და მეორეც (კომპლექსის ფორმირება) გადასარევად შეძლო.
კარგად გაიხსენეთ, რამდენი ბაზრობა დაიწვა, გადაიბუგა საეჭვო ვითარებებში და „ნაციონალები“ არც ერთი ბაზრობის დაზარალებულებმა არ გაიკარეს. არაერთი ადამიანი ემსხვერპლა ამ რეჟიმს, არაერთის საქმეა გამოუძიებელი დღემდე და აქამდე არავინ მიმართავდა ოპოზიციას. მეტიც, თუკი ფაქტი გახმაურდებოდა და ოპოზიცია განგაშს ატეხდა, შემდეგ ეს ოჯახები თავადვე იჭერდნენ დისტანციას.
ამ კომპლექსისგან პირველი ზაზა სარალიძე აღმოჩნდა თავისუფალი და მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს სამართლის პოვნის იმედი გადაეწურა, ყველას, მათ შორის, პარტიებსა და ენმ-ს მოუწოდა მხარდაჭერისკენ, თანადგომისკენ.
ზაზა სარალიძემ ითხოვა სოლიდარობა უსამართლობასთან ბრძოლაში! პოლიტიკური სპექტრი იმთავითვე გამოეხმაურა, მაგრამ გაითვალისწინეს რა საზოგადოების კომპლექსი, თავისი აქტიურობით ხელი რომ არ შეეშალათ ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობისთვის, საწყის ეტაპზე თავი შეიკავეს უშუალო ჩართვისგან.
ამის პარალელურად რა ვნახეთ? სუს-მა და ყველა „ქოცმა“ ამა სოფლისამ დაიწყეს სრულიად უსირცხვილო კამპანია სწორედ იმისთვის, რომ დაეკომპლექსებინათ ზაზა სარალიძე, რომელიც თავისუფალი აღმოჩნდა ხსენებული კომპლექსისგან! დაეკომპლექსებინათ არა მარტო ზაზა სარალიძე, არამედ უარესად დაეკომპლექსებინათ ხალხი _ ვინც აქციებზე დადიოდა, აღარ ევლო და ვინც აპირებდა შეერთებას, გადაეფიქრებინა. მათი (ქოცების, სუს-ისა და მათი ბოტების, ტროლებისა და ყველასი ერთად) ამოცანა იყო, როგორც ზაზა სარალიძისა და ხალხის, ასევე თავად ოპოზიციის, პოლიტიკოსების დაკომპლექსებაც. ხდებოდა წარმოუდგენელი რამ, მათ ღიად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი იყენებდნენ ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და სპეკულანტობდნენ ამ უბედურებით. დამეთანხმებით, არც ეს იარლიყი უნდა ვინმეს და არც ის, რომ თავისი აქტიურობით შეასუსტოს საზოგადოების სოლიდარულობა ზაზა სარალიძის მიმართ.
მოკლედ, ამ ხელისუფლებამ საწადელს მიაღწია _ ნაწილი დააკომპლექსა, ნაწილს კი, მათ შორის პოლიტიკოსებს, მაინც ერთგვარი მუხრუჭი ჩაურთო.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აქციებიდან პოლიტიკოსების ჩამოშორების გეგმა ამ ხელისუფლებამ ახლა არ აამუშავა პირველად. ეს წინა აქციებზე მოისინჯა, ვგულისხმობ „ბასიანის“ სპეცოპერაციის შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას. მაშინ ახალგაზრდებს ჩააგონეს, რომ არ გაეკარებინათ პოლიტიკოსები და რაც უქნეს პოლიტიკოსების გარეშე დარჩენილებს, კი ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველამ ნახა და მათ შორის ახალგაზრდებმა, ისევ ახალგაზრდების ნაწილი სარალიძის სოლიდარობის პირველ აქციებზეც ითხოვნდა იგივეს, რომ არ ჩართულიყვნენ პოლიტიკოსები და არ მომხდარიყო პროცესის პოლიტიზება. როცა პოლიტიკოსების ჩართვა გადაწყდა, რამდენიმე აქტიური წევრი გავარდა კიდეც ღია პროტესტით. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი სულაც არ იყვნენ აპოლიტიკურები და სიხარულით დაატარებდნენ იმ ხელისუფლების წარმომადგენელების საარჩევნო ბუკლეტებს, რომელმა ხელისუფლებამაც ხელი დააფარა მკვლელებს…
მოკლედ, ხელისუფლებამ ამ ჯერზეც მოახერხა ყველას დაკომპლექსება _ ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ დოზით.
რა მივიღეთ შედეგად? მივიღეთ ის, რომ შვილმოკლულმა მამამ, რომელმაც ალალად და კაცურად ითხოვა თავიდან პარტიების დახმარება, ბოლოს თქვა, რომ პოლიტიკოსები არ მისულიყვნენ ტრიბუნასთან… თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მგონი, სხვაგვარად არც თავად პოლიტიკოსები აპირებდნენ და ღიადაც ჰქონდათ დეკლარირებული, რომ ისინი იდგებოდნენ როგორც მოქალაქეები და ტრიბუნასთან არ მივიდოდნენ.
ოპოზიცია, როგორც ჩანს, შიშობდა, თავისი აქტიურობით არ დაეფრთხო ზაზა სარალიძის ის მხარდამჭერები, რომლებისთვისაც პროცესში პარტიების, პოლიტიკოსების მონაწილეობა მიუღებელია. მოკლედ, ოპოზიციამ საზოგადოების აპოლიტიკურ, აპარტიულ ნაწილს გაუგორა კოჭი და რა მივიღეთ?
როგორც კი გაცხადდა, რომ პოლიტიკოსები ისევ პასიურად იქნებოდნენ პროცესებში ჩართული, საზოგადოების მეორე ნაწილმა ამ პროცესის მიმართ ინტერესი დაკარგა! ვინაა ეს მეორე ნაწილი? ვინც გადასარევად აცნობიერებს, რომ ამ მთავრობის, ამ ხელისუფლების პირობებში ვერც ზაზა სარალიძე და ვერც მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს ვერ იპოვიან. ამისთვის საჭიროა ამ ხელისუფლების ცვლილება, პოლიტიკური პროცესის წარმართვა. პოლიტიკური პროცესის წარმართვა კი პოლიტიკოსების გარეშე გამართული აქციებით შეუძლებელია.
საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ეს აქციაც თავისი ფორმატით ისევ პანაშვიდს დაემსგავსებოდა, რომელიც არ გადაიზრდებოდა ბრძოლაში. ამგვარ პანაშვიდზე კი ისინი უკვე რამდენჯერმე იყვნენ და აღარ მოისურვეს მისვლა.
ამის პარალელურად, საზოგადოების ნაწილი ამ ხელისუფლებამ ისე დააკომპლექსა, _ „ნაცების“ აქციაზე დგახართ, „ნაცების“ დაბრუნება გინდათო, რომ მათთვის უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მივიდოდა თუ არა მიკროფონთან „ნაცი“ ან ლეიბორისტი. ისინი მაინც არ მოვიდოდნენ _ „ნაცი“ მიკროფონთან იდგებოდა თუ მხატვრის სახლთან ან ქაშუეთთან.
მოკლედ, პოლიტიკოსების განზე დგომამ აპოლიტიკური, აპარტიული ნაწილი მაინც ვერ მიიზიდა და პირიქით, ამ განზე დგომამ აქციას ხალხი დაუკარგა.
მთელ ამ პროცესში, მგონი, დაგვავიწყდა მთავარი! _ ზაზა სარალიძე ქუჩაში შვილის მკვლელების დაუსჯელობამ გამოიყვანა და არა შვილის მკვლელობამ! ზაზა სარალიძემ საზოგადოებას უსამართლობასთან ბრძოლაში სთხოვა დახმარება! და ჩვენ რა გამოგვდის? უსამართლობასთან ბრძოლაში სოლიდარობის ნაცვლად შევთავაზეთ სამძიმარი! სამძიმარი 6 თვის დაგვიანებით.
მივედით, მივუსამძიმრეთ ერთად, ვუთანაგრძეთ საჯაროდ! თანალმობამ იქნებ გულიც გაუთბო, მაგრამ ეს იყო ის, რასაც ეს კაცი ჩვენგან ითხოვდა? კაცმა გვითხრა, _ შვილი მომიკლეს, მკვლელებს არ სჯიან, სულში მაფურთხებენ, დამცინიან, მდევნიან და მითვალთვალებენ, დამიდექით გვერდით, სამართალი მაპოვნინეთო.
ჩვენ კი რას ვთავაზობთ? სამძიმარს!
ერთხელ მოისმინა ამ კაცმა სამძიმარი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და… ისევ სამძიმარი, ისევ პანაშვიდი…
მეორე მხრივ, ადამიანი მივიდა, გამოუცხადა სამძიმარი, უნდოდა, მართლა გვერდით დადგომოდა ამ კაცს, ებრძოლა მის გვერდით. მივიდა მეორედ, ისევ სამძიმარი, მივიდა მესამედ, ისევ სამძიმარი… რამდენჯერ მივიდეს სამძიმრის სათქმელად?
რა გამოვდივართ, ვინ ვართ და რანი ვართ? ბრძოლის თავი აღარ გვაქვს და სამძიმრის იქით ვერ ვქაჩავთ? პანაშვიდა ერი ვართ?
ხომ ფაქტია, რომ თუ უსამართლობის წინააღმდეგ არ იბრძოლე, მხოლოდ აქციაზე ქაოსური ყვირილი პანაშვიდია და სხვა არაფერი?
ხომ ფაქტია, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე წარმოუდგენელია ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება, ყველა მკვლელისა და მკვლელების ყველა მფარველის დასჯა? მიხვდა ამას სარალიძე მალევე, მიხვდა, რომ საგამოძიებო კომისიაც ბლეფია და სხვა ყველაფერიც და პირველივე დღეებში დაინახა, რა იყო გამოსავალი _ მთავრობის გადადგომა. გაახმაურა კიდეც ეს მოთხოვნა! მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება პოლიტიკური პროცესების გარეშე წარმოუდგენელია. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსის გარეშე ასევე წარმოუდგენელია და ამიტომაც გაიხა ლაჯზე სუს-იც და ყველა „ქოციც“ _ ამიტომაც იყო მათი მათავრი ამოცანა, როგორმე ამ პროცესიდან პოლიტიკოსების ამოგლეჯა.
ამ ეტაპისთვის ასე ჩანს, რომ მათ შედეგს მიაღწიეს და, ალბათ, ამიტომაც უხარიათ და გაუდით ცუნცრუკი, მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი _ პროცესი გრძელდება და ჯერ არაფერი დასრულებულა. პირიქით, სწორედ ახლა დაიწყო ის, რაც მათ პოლიტიკურ სასაფლაოზე გაისტუმრებს! კარგად გაიხსენეთ გირგვლიანი. შედეგი მაშინ უცებ დადგა?
დიახ, ბატონებო, ბრიყვი იყო ყველა ის გულანთებული ადამიანი, ვისაც სჯეროდა, რომ 10 ივნისს მივიდოდა აქციაზე და წერტილს დაუსვამდა ბიძინას!
ახლა ისინი ყველაფერს ხალხის სიცოტავეს აბრალებენ, არადა, ათი, ოცი ამდენი რომ ყოფილიყო, რა გგონიათ, ბიძინა თავის პინგვინს ჩაკიდებდა ხელს და ანტარქტიდაზე გადაიხვეწებოდა? ან ზებრას მოახტებოდა და დასჭყივლებდა: გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალიო?
და ასგზის ბრიყვია ის, ვისაც ჰგონია, რომ რაკი ამ ერთ აქციაზე არც თუ ისე ბევრი ხალხი იყო, ამით მათ სავარძლებს საფრთხე არ ექმურება. პრობლემა არ გადაჭრილა, არც მოხსნილა. ეგ პრობლემა გადაგიყოლებთ და ეგ ღლიცინი პირზე ნეხვად შეგახმებათ!

რეზო შატაკიშვილი

 

დატოვეთ კომენტარი