ტყის ძალას გააზრება სჭირდება

საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე ბევრი გვსმენია, ბევრი წაგვიკითხავს და ბევრიც გვითქვამს. ეს ის ძღვენია, რომელსაც მოვლა, გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. ტყეების განხილვა არაერთ ჭრილში არის შესაძლებელი. რაც უფრო მეტს ვიტყვით, მით მეტი იდეა დაიბადება, პრობლემები კი გადაიჭრება.

ქართული ტყის რეალობაზე ისაუბრებს გარემოსდამცველი, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი _ ირაკლი მაჭარაშვილი:

ტყის გამოყენების ტრადიციული კულტურა საქართველოში

„ტყე იყო და დღემდე არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ეკოსისტემა. დღეისთვის, დაახლოებით, საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე ოდნავ ნაკლები არის ტყით დაფარული, ისტორიულად კიდევ უფრო მეტი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ დღესაც კი ქვეყნის მოსახლეობის მეტი ნაწილი სოფლად ცხოვრობს, ტყე არის მათი ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ტყის გამოყენების საუკეთესო ტრადიციები გვაქვს საქართველოში. ფაქტობრივად, ეს იყო მდგარი მეტყევეობა, რაც დასაბამიდან არსებობდა ჩვენს ქვეყანაში კომუნისტებამდე. საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი ბევრჯერ დამდგარა, მაგრამ სახელმწიფოებრიობა ან უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არც ერთხელ დამდგარა ეკოსისტემების დეგრადაციების გამო. ბევრი სახელმწიფო განადგურდა სწორედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობა ეკოსისტემას არასწორად იყენებდა. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ დავით აღმაშენებელს „ტყის მეფეს“ ეძახდნენ იმის გამო, რომ ტყეების მეშვეობით წარმართავდა საკუთარ ბრძოლებს დამპყრობლების წინააღმდეგ. იყო დრო, როდესაც შაჰ თამაზმა სამცხე-ჯავახეთში ტყეები გადაწვა. მას შემდეგ ვეღარ აღდგა შესაბამისი ტყეები იმის გამო, რომ იქ ქართველებს აღარ ეცხოვრათ. მართლაც, სამცხე-ჯავახეთი, იმის მერე, ფაქტობრივად, დაიცალა ქართველებისგან.
ისტორიულად არსებობდა ტყის კერძო საკუთრება, სათემო საკუთრება… იმერეთში ყველამ იცოდა, ტყის რომელი ნაწილი ვის ეკუთვნოდა და ამ ტყეს მომჭირნედ იყენებდა. იცოდნენ, წელს რომელი ხე უნდა მოეჭრათ, შემდეგ წელს რომელი უნდა მოეჭრათ ისე, რომ თვითაღდგენის უნარი ტყეს არ დაკარგვოდა. ყველა ეს ტრადიცია კომუნისტების პერიოდში გაქრა. მაგალითად, იყო ასეთი ტრადიცია „ნაბელი მეურნეობა“, როდესაც ხეებს ბოლომდე კი არ ჭრიდნენ, გადაბელავდნენ ხოლმე. ეს ტრადიცია სამეგრელოს რაღაც ადგილებში შემორჩა, თუმცა, ძირითადად, ხალხს დაავიწყდა, სწორედ, საბჭოთა პერიოდში, როდესაც საბჭოთა მეტყევეობაზე გადავიდა. ამის აჩრდილი დღემდე მოგვყვება“.

ტყის მდგრადი მართვა

„ტყის მდგრადი მართვა დღევანდელ საქართველოში საერთოდ არ გგვაჩნია. მდგრადი მართვა ნიშნავს ტყის რესურსებისა და ტყის ეკოსისტემის გამოყენებას ისე, რომ არ შემცირდეს მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება, ტყემ არ დაკარგოს თვითაღდგენის უნარი, არ მოხდეს ნიადაგის დეგრადაცია ისე, რომ გამოიწვიოს ეროზია ან სხვა უარყოფითი პროცესი. მაგრამ, პრაქტიკულად, დღეს რაც გვაქვს ძალიან შორს არის ტყის მდგრადი მართვისგან. არც ერთი ასპექტი არ შეესაბამება ტყის მდგრად მართვას დაწყებული შეშის გამოყენებით, გაგრძელებული ძოვებით და დამთავრებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის, ტყიან ტერიტორიაზე წიაღის მოპოვებით, რომელიც არანაირად პასუხობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს“.

ტყე და ბიომრავალფეროვნება

„ბიომრავალფეროვნების კუთხით საქართველოს ტყეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა სხვა აქცენტს გავაკეთებ. არის ასეთი ცნება მსოფლიოში _ ეკოსისტემური სერვისები. ეს გახლავთ ის სარგებელი, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით იღებს ადამიანი ეკოსისტემებისგან. ამ შემთხევევაში ტყის ეკოსისტემებს ძალიან დიდი როლი ენიჭება იმ სარგებლისთვის, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იღებს ტყეებისგან. ეს არ არის მხოლოდ ის სარგებელი, რომელიც გულისხმობს ხის მოჭრასა და მის შეშად ან სამასალე მერქნად გამოყენებას. ტყის სარგებელი გაცილებით მაღალია. მაგალითად, ტყეს სარგებელი მოაქვს შემდეგი თვალსაზრისით: წყლის ხარისხის შენარჩუნება ან ჰაერის შენარჩუნება, ნახშირორჟანგის შეთვისება და ა. შ. მაგალითისთვის თბილისი რომ ავიღოთ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის წყლით მომარაგება დამოკიდებული არის იმაზე, რამდენად იქნება შენარჩუნებული არაგვის სათავეებში ტყეები. ბიომრავალფეროვნების ღირებულება სწორედ ის არის, რომ ტყეების გამოყენების საუკეთესო საშუალება, ამ შემთხვევაში, არის ტყეების დაცვა. ზოგს მიაჩნია, რომ ბიომრავალფეროვნების გამოყენება არის, მაგალითად, ეკოტურიზმი, მათ შორის, ტყით დაფარულ დაცულ ტერიტორიებში ან მათ გარეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი, რითაც ადამიანი სარგებელს ნახულობს. ბიომრავალფეროვნების მეტი სარგებელი საქართველოსთვის უხილავია: ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, კლიმატის რეგულაცია, წყალი, ნიადაგის ნაყოფიერება, ეროზიის შემცირება, წყალდიდობების პრევენცია და ა. შ. _ ეს ყველაფერი არის სარგებელი, რომელსაც ჩვენ არ მივიჩნევთ სარგებლად, სინამდვილეში კი უმთავრესია. საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი მთაგორიანია. მათი გამოყენების საუკეთესო საშუალება არის მათივე დაცვა, ამიტომ ბიომრავალფეროვნების დაცვა ტყით დაფარულ ტერიტორიებზე, დიდი და მაღალი ხარისხის დაცული ტერიტორიების შექმნა არის ტყის ეკონომიკური გამოყენების საუკეთესო საშუალება“.

ტყე _ სიცოცხლის წყარო

„ტყე, რა თქმა უნდა, სიცოცხლის წყაროა. ის წარმოადგენს თავშესაფარს უამრავი გარეული სახეობისთვის და ტყის გარეშე მათი არსებობა შეუძლებელია. ტყე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცხოველთა სამყაროსთვის, არამედ ის აუცილებელი საარსებო გარემოა ადამიანებისთვის“.

ტყე და ადამიანი

„ადამიანი ტყეზე ძალიან ცუდად ზემოქმედებს, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. დღითი დღე მცირდება ტყეების ფართობები და უარესდება. სამწუხაროდ, საქართველოში, დიდი ხანია, არის ასეთი ტენდენცია, რომ ტყის განადგურება, როგორც წესი, დაკავშირებულია ხოლმე სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფთან: წიაღის მომპოვებელ, ხე-ტყის დამამზადებელ, ინფრასტრუქტურულ კომპანიებთან… მაგრამ, როგორც წესი, ტყეების განადგურებას აბრალებენ ხოლმე ღარიბ მოსახლეობას შეშისთვის მოჭრის მიზეზით, რაც არასწორია. ტყის განადგურების ტენდენციას თუ შევხედავთ, დღეისთვის ყველაზე დიდი და საშიში ტემპი აქვს აღებული წიაღის მოპოვებას. რასაც წიაღის მომპოვებელი კომპანიები აკეთებენ, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ვიღაცამ შეშისთვის რომ მოჭრას, ან ხანძარმა გაანადგუროს, _ ხანძრით განადგურებული ტყე, თუნდაც ის, რომელიც რუსეთმა ომის დროს გადაწვა, 50-60 წელიწადში აღდგება, ხოლო ამოძირკვული ტყეები არასოდეს აღდგება“.

„საქართველოს ტყის კოდექსი“

„საქართველოში დღეს არსებული ტყის კოდექსი არაფრად ვარგა. ტყის კოდექსი, რომელიც 1999 წელს მიიღეს, თავიდანვე უვარგისი იყო. იგი ორიენტირებულია არა ბიომრავალფეროვნების დაცვის თანამედროვე მიდგომებზე, არამედ ხე-ტყის დამზადებაზე. 1999 წელსვე გარემოს დაცვის მაშინდელმა მინისტრმა და გარემოს დამცველებმა „ტყის ჭრის კოდექსი“ უწოდეს და არა „ტყის კოდექსი“, თუმცა მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. განსაკუთრებით 2007-2011 წლებში, როდესაც, პრაქტიკულად, სულ გამოშიგნეს „ტყის კოდექსი“ და ყველანაირი მექანიზმი შექმნეს, რომ გაადვილებულიყო ხე-ტყის ჭრა ან ტყის ტერიტორიაზე წიაღის მოპოვება. იმ კოდექსით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვაც კი შეუძლებელია. რომც დაიცვა, ტყისთვის მაინც არ იქნება კარგი. ამიტომ დღეისთვის არსებობს „ტყის კოდექსის“ პროექტი, რომელიც პრინციპულად განსხვავდება 1999 წელს მიღებული „ტყის კოდექსისგან“. იმედი მაქვს, პარლამენტი, უახლოეს პერიოდში, მიიღებს ამ კოდექსს, კანონად აქცევს და დაამტკიცებს. მოქმედ ტყის კოდექსში იმასაც ვერ გაიგებ, ტყე რა არის ან რომელი ტერიტორია მიაჩნიათ ტყედ. მაგალითად, ახალ კანონპროექტში განსაზღვრულია, რომ საქართველოს ტყეები დაიყოფა თავისი ეკოლოგიური ფუნქციების მიხედვით ოთხ ნაწილად. ეს იქნება:
1. დაცული ტყეები, რომელიც მოიცავს დაცულ ტერიტორიებსა და მათთან გათანაბრებულ ტერიტორიებს, რომელთა დაცვა აუცილებელია;
2. კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობის ტყეები;
3. დამცველი ტყეები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების დასახლებებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის, ზვავსაშიშროების ასარიდებლად, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის და ა.შ;
4. სამეურნეო ტყეები, სადაც დაშვებული იქნება ტყის ჭრა და სხვა სამეურნეო საქმიანობები, ესეც იმ ფარგლებში, რომ ტყის ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადაცია არ გამოწვიოს. იმ პროექტის მიხედვით, რომელიც ბოლოს ვნახე, სოციალური გარანტიები შემოდის ადამიანებისთვის, რომლებიც ტყეში მუშაობენ _ მეტყევეებისა და ტყის მცველებისთვის. ეს არის ძალიან საპატიო პროფესია, დღეისათვის _ დაუფასებელი. ასევე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მეტყევეების პროფესიულ განათლებას“.

1999 წლიდან საქართველოში მოქმედებს „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომლის მიხედვითაც, „ტყე ბუნებრივი გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს სტაბილურობის რეგულირებაში, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.
ზემოხსენებული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტყის ფონდისა და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მისი მიზანია:
ა) ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში;
ბ) ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დამცველი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის;
გ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვათა მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება და დაცვა, მათი ჰარმონიული ურთიერთგავლენის რეგულირება;
დ) ტყით მოსარგებლეთა უფლებებისა და მოვალეობების დადგენა სატყეო ურთიერთობების სფეროში;
ე) ტყის რესურსების მეცნიერულად დასაბუთებული შესაძლებლობების საფუძველზე მათი მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;
ვ) ტყის მეურნეობის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა.
1999 წლის „საქართველოს ტყის კოდექსი“ შემდეგ თავებს აერთიანებს: ზოგადი დებულებანი, სატყეო ურთიერთობების ობიექტები და სუბიექტები, საქართველოს ტყეებზე საკუთრების უფლება, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ზოგადი საფუძვლები, სახელმწიფო ტყის ფონდის ინსტიტუციური მართვა, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა და დაყოფა, ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის სისტემა, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა, მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაში მონაწილეობა, საქართველოს ტყის ფონდის დაცვის ზოგადი საფუძვლები, ტყის დაცვა, ტყითსარგებლობის სისტემა, ტყითსარგებლობის უფლების მოპოვება, ხე-ტყის დამზადება, მოსახლეობის ტყეში ყოფნა, ტყითსარგებლობის ზოგიერთი თავისებურება, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები, ტყის აღდგენა, ტყის მოვლა, მოვლითი ჭრა, საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა, დავების გადაწყვეტა ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის, გაშენებისა და გამოყენების სფეროში, პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევისათვის, გარდამავალი დებულებანი, დასკვნითი დებულებანი. კოდექსში მითითებულია, რომ მისი არაერთი თავი და მუხლი ამოღებულია.
„საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონების, მიწის კანონმდებლობის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან“, _ ვკითხულობთ პირველ თავში.
ტყესთან დაკავშირებული დადებითი თუ უარყოფითი პროცესები თავისთავად უკავშირდება სხვა მოცემულობებს. 2016 წლის მონაცემებით, რეგიონების წილი სტაციონარული წყაროებიდან ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში შემდეგნაირად გამოიყურება:
იმერეთი _ 34, 4%;
ქვემო ქართლი _ 25, 4%;
შიდა ქართლი _ 17, 3%;
კახეთი _ 6.3%;
დანარჩენი რეგიონები _ 16.6%.
2015 წლის მონაცემები ავტოტრანსპორტის მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებები სახეობების მიხედვით შემდეგნაირია:
ნახშიროჟანგი _ 68.2%;
აზოტის დიოქსიდი _ 18.8%;
ნახშირ-წყალბადები _ 10.3%;
სხვა ნივთიერებები _ 2.7%.
ასევე 2016 წლის მონაცემებით დაცული ტერიტორიების ფართობების მაჩვენებლი კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად, ასე გამოიყურება:
ეროვნული პარკები _ 58.4%;
სახელმწიფონაკრძალები _ 23.3%;
აღკვეთილები _ 12.0%;
დაცული ლანდშაფტები _ 5.8%;
ბუნების ძეგლები _ 0.5%.
არსებობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2016“. ამ პუბლიკაციის მიხედვით ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა და სააგენტოს საოპერაციო დანახარჯების მაჩვენებელი, 1995 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, შემდეგნაირად გამოიყურება:
დასაქმებულთა რაოდენობა (ათასი კაცი): 1995 წელს _ 3.5;
2000 წელს _ 7.4;
2005 წელს _ 2.0;
2010 წელს _ 0.7;
2015 წელს _ 1.0;
2016 წელს _ 1.0.
საოპერაციო დანახარჯები (ათასი ლარი) – 1195 წელს _ 2081;
2000 წელს _ 940;
2005 წელს _ 3237;
2010 წელს _ 6574;
2015 წელს _ 15.529;
2016 წელს _ 17.345.
აშკარაა, რომ ტყეზე ზრუნვა ბევრი პრობლემის გადამწყვეტია და უამრავ დადებით პროცესს უწყობს ხელს, ხოლო მის მიმართ უყურადღებობა ადამიანის სასიცოცხლო გარემოებებს უქმნის საფრთხეს. ისევ და ისევ სწორედ ინდივიდუალური, მოქალაქეის პიროვნული თვითშეგნება არის დადებითი პროცესების განმსაზღვრელი. კანონების ეფექტიანობის საფუძველიც სწორედ პიროვნებაა. რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ, როგორც მოქალაქეები, მით მეტად სწორად განვჭვრეტთ ტყის გაუფრთხილებლობის შედეგად მოსალოდნელ კატასტროფებს. კანონებსა და კოდექსებს კი ვინ ქმნის თუ არა, ადამიანი?..

მარიამ ტიელიძე