პატრიარქმა მითხრა: “ეჰ, დედაო, დღევანდელ მონასტერს ნამდვილად მოხუცთა თავშესაფარში ყოფნა სჯობსო!”

ბოლო ორი წლის განმავლობაში საპატრიარქო სკანდალებშია გახვეული: „ციანიდის საქმე“, მეუფე სერაფიმეს სკანდალი, დაპირისპირება სინოდში, მეუფეების ბიზნესინტერესები, მათი რუსული კავშირები, გავლენები პოლიტიკაზე და ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის, _ ამ და სხვა თემების გასაჯაროებამ ეკლესიის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეარყია, ეს ბოლო კვლევებითაც გამოჩნდა, საპატრიარქოს რეიტინგი თითქმის განახევრებულია. თავად საპატრიარქოში აღიარებენ, რომ ეკლესიებში მრევლი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ქრონიკა+“-ს ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი დედა თამარი ესაუბრება: რა მძიმე პირობებში იმყოფება ის მონასტერში? რა უთხრა დედა თამარს პატრიარქმა? რატომ უნდოდა მას მოხუცთა თავშესაფარში წასვლა? და რას საქმიანობს მეუფე იაკობი?

_ დედა თამარ, მგონი, საპატრიარქოში შექმნილი სიტუაციით უნდა დავიწყოთ. ძალიან ბევრი სკანდალი გამოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში დღის სინათლეზე. თქვენ, ალბათ, ყველაზე უკეთ იცით, რა ხდება საპატრიარქოს სამზარეულოში…
_ ჩემი უბედურებაც სწორედ ეს არის, რომ ბევრი ვიცი… ვინც არაფერი იცის, ის ძალიან მიღებულია საპატრიარქოს კარზე. ახლა, სულაც არ ვაპირებ, ვინმეს პატივისცემის გამო ღმერთს ვუღალატო, მონასტერში ღმერთის სიყვარულის გამო მოვედი და არა პიროვნების სიყვარულისთვის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დედამიწაზე ჩემთვის ძალიან ძვირფასია უწმინდესი. რაც არ უნდა მიჭირდეს, ის ჩემ გვერდითაა, ყველაფერს მიკეთებს, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, არ უნდათ გამოტყდნენ, რომ ამას პატრიარქი აკეთებს. ამას მაყვედრის იაკობი. არ მინდა, იაკობი მეუფედ მოვიხსენიო იმიტომ, რომ მეუფე ვიცი მე მეუფე ზეცათა უფალი.
_ სანამ იერარქიებზე გადავიდოდეთ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პატრიარქი სრულ იზოლაციაში და აქვს თუ არა ინფორმაცია, რა ხდება მის ირგვლივ?
_ არა, არა, პატრიარქს რომ სრულ ინფორმაციას აწვდიდნენ, გამორიცხულია. ჩემზე ავიღოთ: შარშან ეტლიდან გადავვარდი, თავი დავარტყი, ცხვირი ჩამეჩეჩქვა, ცხვირი მიმაკერეს, ხელი მომტყდა და მისი დაცვა მეუბნებოდა, თქვენი ისტორია პატრიარქმა უნდა იცოდესო, მაგრამ იმ დაცვასაც არ მისცეს უფლება, რომ უწმინდესს ეს გაეგო, რადგან უწმინდესი მაშინვე იტყოდა, _ დედაო ბორჯომიდან სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თბილისშიო. თავი დავარტყი, ღამე ასპირინს ვსვამდი, რომლის მიღებაც ასეთ დროს არ შეიძლება, ყველაზე საშიშია, თავის დარტყმის შემდეგ შესაძლებელი იყო, ჩაქცევა დამმართოდა.
რა თქმა უნდა, სწორად არ აწვდიან და ბევრ რამეს არც ეუბნებიან. მაგალითად, ჩემ შესახებ უამრავი რამ ნამდვილად არ იცოდა, რომ ფეხზე ოპერაცია გავიკეთე. საშუალება არ მომეცა, კურთხევა ამეღო. თვალზე ოპერაცია გავიკეთე და ორივე თვალზე საოცრება მოხდა: კატარაქტის ოპერაციის დროს მარცხენა თვალის ლინზა, როგორც წესი, მარცხენაში ჩამაკერეს, მაგრამ მარჯვენა თვალში ისევ მარცხენა თვალის ლინზა ჩამიდეს, ანუ ერთი და იგივე ლინზა ჩამაკერეს ორივე თვალში. არ ვიცი, ეს ექიმის შეცდომაა თუ რა დავარქვა, მაგრამ ექიმი მეუბნებოდა, _ გინდა თუ არა წადი და თავზე გადაიღე, ეს თვალის პრობლემა არ არისო. იქით-აქეთ მაგზავნიდნენ, წავედი და გადავიღე თავზე. ექიმები გადაირივნენ, _ რატომ გაგზავნიან, როცა ეს თვალის პრობლემაა, თავში არაფერი გაქვსო?! ისინი მაგზავნიდნენ ისევ თვალზე, ეს მაგზავნიდა თავზე. სულ ვამბობ, ვერასოდეს მივიღე უწმინდესისგან ლოცვა-კურთხევა ვერც ერთი ოპერაციის დროს. წარმოიდგინეთ, ნისიად გავიკეთე. უწმინდესს რომ სცოდნოდა, ამას ხომ არ დაუშვებდა. როცა უწმინდესი საღამოს ლოცვას ატარებს, ეტლით ვდგავარ, უწმინდესი რომ დამინახავს, თვითონვე მოდის ჩემთან და ერთმანეთს მოვესიყვარულებით, ის დამლოცავს და მე მოვეფერები. აი, ასეთი შეხვედრა მაქვს. პატრიარქისგან რამე კურთხევა რომ ამეღო, გამორიცხულია, იქამდე არ მიშვებენ, ასეთი შემთხვევა არ მქონია. არასდროს ამიღია არანაირი კურთხევა. ყველაზე საოცარი ამბავი რაც მოხდა და რითიც შეიძლება ვთქვა, რომ გული გაგლეჯილი მაქვს, ერთი წელია, ჩემი ძმა გარდაიცვალა. მიმაყვანინეს, თვითონ დამირეკეს, მოიყვანე, უწმინდესი დალოცავსო, მიკვდებოდა, მივიყვანე ეს ნახევრად მკვდარი კაცი. სამი საათი დამასმევინეს და, რა თქმა უნდა, მერე უცებ გამოგვიცხადეს, რომ პატრიარქი ვერ მიგიღებთო, არც გააგებინეს, ეტყობა, რომ დედაოს მომაკვდავი ძმა იყო, თორემ უწმინდესი ამას არ დაუშვებდა, არ არსებობს, თვითონ რომ ძალიან ცუდად ყოფილიყო, ამას მაინც არ დაუშვებდა. ჩემ გამო კი არა, არავის გამო, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას დალოცავდა. მომაკვდავმა კაცმა, რომელიც მეორე დღეს გარდამეცვალა, ვერ მიიღო პატრიარქისგან დალოცვა და კურთხევა. სამი საათი ხედავდნენ, რომ ჩემი მომაკვდავი ძმა აზრზეც არ იყო, სად მივიყვანეთ, იმდენად ცუდად იყო ან რატომ წამომაგდებინეს ლოგინიდან ასეთი გაუბედურებული?.. წარმოიდგინეთ, ძმა მომიკვდა და დალოცვა ვერ მიიღო. პატრიარქთან არ მიშვებენ, არადა, პატრიარქის კურთხევა მაქვს, _ როცა ჩემთან მობრძანდებით, არავის არაფერი შეეკითხოთ, ამოდით და მობრძანდით ჩემთანო. მაინც ბარიერები არის… რამდენიმე დღის წინ მივედი. რა თქმა უნდა, ყველამ იცით, რომ ჩემი მძიმე დაავადებების გამო ლოგინში ვწევარ, ფეხში პროთეზი მაქვს და ვერ გავიარე, ხერხემალში მწვავე ოსტეოპოროზი მაქვს და საერთოდ ლოგინშიც ვერ ვტრიალდები, ვერ ვჯდები, ვერ ვდგები, ვერ დავდივარ. ამათი მოწამვლის გამო პოლინეიროპათია მაქვს და აღმოჩნდა, რომ ჩემს ორგანიზმში თაგვის წამალი _ დარიშხანია.
_ „ამათ მოწამვლაში“ რას გულისხმობთ, ეკლესიაში მოგწამლეს?
_ ეკლესიაში მომწამლეს, აბა?! არსად რომ არ ვყოფილვარ, წყალიც კი არ დამილევია და ლოგინიდან რომ ვერ ვდგები, ერთ-ერთი დედაო… არ ვამბობ სახელსა და გვარს იმიტომ, რომ საპატრიარქოში ეს ამბავი ყველამ იცის, რომ კვდებოდე, წყალს არ მოგაწოდებენ და მაშინ რა მოხდა, რომ პატივი მცა, ჰერკულესი მომიხარშა, ამის ჭამა იყო და მელიას კლინიკაში გადამიყვანეს. იქ გული მქონდა ძალიან ცუდად და კუჭ-ნაწლავი _ საშინელ მდგომარეობაში, მჭრიდა და მეგლიჯებოდა. უცებ აღმოჩნდა, რომ გული ყველანაირად გამოირიცხა. მათ უნდოდათ, გულზე კორონოგრაფია გაეკეთებინათ და მერე აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საჭირო, რადგან ეს მდგომარეობა ნაწლავებიდან მოდიოდა და გულზე საშინელ შეტევასა და ტკივილს იწვევდა. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მეუფემ ექიმს დაურეკა და უთხრა, ეს არ უნდა გახმაურდეს, ჩვენთვის მთავარია, დედაო გადარჩა და ცოცხალიაო. ეს მოხდა, დაახლოებით, შვიდი წლის წინათ და მოგეხსენებათ, ეკლესიიდან არ იყო ამდენი ინფორმაცია გაჟონილი. მეც მეგონა, რომ რადგან მონაზონი ვარ, ყველაფერი უნდა მოვითმინო, თუნდაც მოწამვლა, თუნდაც ის და თუნდაც ეს… პატრიარქი რამდენჯერ მოწამლეს, ლამის მოკლეს, ისეთი მოწამლული იყო და უკვე ადგილებს იყოფდნენ. ვიფიქრე, რა მოხდა, ალბათ უნდა გავჩუმდე-მეთქი. თურმე, მაშინ არ უნდა გავჩუმებულიყავი, ე. ი. ღმერთს ვეთამაშები, შენ მალავ და ხელს აფარებ იმ ადამიანებს, ვინც უფლის საწინააღმდეგო საქციელს სჩადის, ხომ? ე. ი. შენ დედაო კი ხარ, მაგრამ შენც ატყუებ ღმერთს იმიტომ, რომ სიმართლეს არ ამბობ და მალავ. ხვალ ხომ შეიძლება, სხვას ჩაუყარონ თაგვის წამალი?! ჩემს საწოლთან ექიმი ზის და მეუბნება, _ დედაო, თქვენი კელია საოცრად სუფთაა, მაგრამ მინდა, ცოტა უხერხული შეკითხვა დაგისვათო. _ რას მეუბნებით-მეთქი, ბატონო გიორგი? _ იცით, რა, დედაო, თქვენს ორგანიზმში, სისხლში ანალიზებში თაგვის წამალი ამოითესა და შემთხვევით თაგვი ხომ არ გყავთ სახლში ან წამალი ხომ არ ჩაყარეთ, ან ხელი ხომ არ მოგიხვდათო? ჩემთვის ხომ გასაგები იყო, საავადმყოფოში რა მოხდა, აქ კი ექიმი ასე მეუბნება. ამის შედეგად დამემართა ეს პოლიბეოგატია. საპატრიარქომ გერმანიაში გამიშვა. ყველაფერი გააკეთეს და თავიანთ ნაცნობ ქართველ ექიმთან გამგზავნეს, სადაც ეს უნდა დამალულიყო და დაიმალა კიდევაც. იქ აღმოჩნდა, რომ არაფერი მაქვს. ე. ი. საქართველოში ექიმებმა არაფერი იციან და სხვა ქვეყანაში იციან? გერმანიაში ვიყავი, იქ, უბრალოდ, ჩვენზე ძლიერი ტექნიკა აქვთ, მაგრამ ჩვენს ექიმებზე ძლიერები ნამდვილად არ ჰყავთ. აქედან ვინც რა დიაგნოზით წავიდა, ყველას ის დიაგნოზი დაუმტკიცდა. იქ ცოტა მეტი საშუალებაა მკურნალობის და თუკი ძალიან დიდ ფულს ჩაყრი, რაღაცით ცოტა ხანი გაცოცხლებენ. ასე რომ, ჩვენს ექიმებს ნამდვილად ვერ სჯობნიან და საკმაოდ სწორი დიაგნოზით გამიშვეს აქედან. მაგრამ იქიდან რა უნდა ეთქვათ, დარიგებული იყვნენ. გერმანიაში სამი ნემსი გამიკეთეს და უკვე სამი წელია, დღემდე არავინ მეუბნება, რა ნემსი იყო. ყველაზე გასაოცარ ამბავს გეტყვით, თურმე, რატომ გამიკეთეს: იმიტომ, რომ უწმინდესს ხომ ხერხემალი აწუხებს, მე თუ ეს ნემსი ხერხემალზე მომიხდებოდა, მაშინ უწმინდესსაც იქ წაიყვანდნენ, აქ სხვა გეგმა ჰქონდათ ჩაფიქრებული და გამომიყენეს, როგორც საცდელი კურდღელი. უწმინდესმა ეს ნამდვილად არ იცის. ამის საშუალება არასოდეს მომეცა, რომ თუნდაც ეს მეთქვა. შეუძლიათ, რაღაცები ისე მოგიწყონ, რომ ვერც მიხვდე, საიდან დაგეცა თავზე მეხი.
_ მართალია თუ არა, რომ საპატრიარქოში მკითხავებთან დადიან?
_ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ნამდვილად დადიან, როგორ არა, დადიან, ჯადოებიც აღმოაჩინეს პატრიარქის სავარძლის ქვეშ, სულ ყრიან, მაგას ვეღარც მალავენ. წარმოიდგინეთ, ვერ შევდივარ პატრიარქთან, ამხელა კურთხევა მაქვს და ერთმანეთის მიმართ ამხელა სიყვარული გვაქვს, მაგრამ დაუკითხავად ვინ ამიშვებს? ისინი კი იცით, როგორ თავისუფლად შედიან და იმასაც ახერხებენ, რომ პატრიარქის სავარძლის ქვეშ ჯადო შეაგდონ. სულ ოთხი-ხუთი დღის წინ კარში ისეთი ამბავი ამიტეხეს, ლოგინში მწოლიარე, ეტლში მჯდომი გადმომაგდეს ტაქსიდან და ეტლიც კი არ შემაყვანინეს, _ პატრიარქის დაცვა ამბობს, არ შეუშვაო. ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ იმიტომ, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი არაჩვეულებრივი ადამიანია, მე მას ვიცნობ, მეტს არავის ვიცნობ. როცა გაიგო, დაუძახა ბიჭებს და უთხრა, _ როგორც კი დედაო მობრძანდება, არ გავიგო, რომ რაღაც პრობლემა შეექმნასო. ყველა შედის და გამოდის და მე ეტლში ჩამჯდარს დაცვა გარეთ მაჩერებს, არ მიშვებს თან მერე მაბრალებენ, რომ დედაო ისეთ რაღაცას გვეუბნებაო. რას ვეუბნები? _ რატომ არ მიშვებთ, იქნებ, ამიხსნათ, რა მიზეზით არ მიშვებთ, ქალი ლოგინიდან წამოვდექი და რატომ არ მიშვებთ-მეთქი?! _ აი, იქიდან გვაქვს ბრძანება, რომ არ შეგიშვათო. _ საიდან? დამალაპარაკეთ, ვინ არის-მეთქი? წარმოიდგინეთ, ეს უწმინდესს რომ სცოდნოდა და გაეგო.
_ თუმცა თქვენ მაინც მოახერხეთ უწმინდესთან შეხვედრა და იმის თხოვნა, რომ მოხუცთა თავშესაფარში წასვლის კურთხევა მოეცა.
_ ეს ისე მოხდა, თვითონ არ მითხოვია. ჩემს ძალიან ახლობელს გავატანე წერილი და იქ უწმინდესს ყველაფერი ავუხსენი. ამჟამად უწმინდესმა თითქმის ყველაფერი იცის. იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი, სიცხეები და დიდი ტკივილები მქონდა. ამ ქალბატონმა წერილი წაუკითხა. რა თქმა უნდა, ბევრს დააინტერესა, იმ წერილში რა ეწერებოდა, მაგრამ უწმინდესს ყველაფერი ავუხსენი. ასე რომ, უწმინდესი საქმის კურსშია. მერე ისე მოხდა, რომ მოვახერხე, ერთი შეკითხვა დამესვა უწმინდესისთვის, _ თუკი ასეთი უპატრონო ვარ, უპატრონოთა თავშესაფარში გამიშვით-მეთქი. მიყურა და მითხრა, _ ეჰ, დედაო, დღევანდელ მონასტერს ნამდვილად მოხუცთა თავშესაფარში ყოფნა სჯობსო. აბა, მითხარით ახლა, თვითონ უწმინდესი რა მდგომარეობაშია, როცა ამას მონაზონს ეუბნება, მითხარით…
_ წარმოუდგენელი ამბავია…
_ ასე რომ, მე ძალიან ბევრი, უამრავი წელია, ვითმენ ჩემი პატრიარქის სიყვარულის გამო, საპატრიარქოში ორი ადამიანის სიყვარულის გამო. საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ლოგინად ჩავვარდი. არ მინდოდა, ყველაფერი მეთქვა, რადგან უწმინდესს გული ეტკინებოდა, ასევე იმათ, ვინც მიყვარს, მათთვის ტკივილის მიყენება არ მსურდა.
_ დედა თამარ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პატრიარქი იზოლაციაშია, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თანამოსაყდრის დანიშვნა ასეთ სიტუაციაში მყოფი პატრიარქის მხრიდან ესეც რაღაცნაირად ზეწოლის შედეგი იყო და არა მთლად გააზრებული გადაწყვეტილება? მეუფე შიოს თუ იცნობთ და რა შეგიძლიათ მასზე გვითხრათ?
_ პატრიარქი საკმაოდ ბრძენი ადამიანია და არ არის მთლად სხვაზე დამოკიდებული, რომ ვიღაცა დააძალებდა. არა, არ ვიცი, ეს ჩემი თემა არ არის და, ალბათ, როგორც უწმინდესმა გადაწყვიტა, ასეა საჭირო. კარგად მიხვდა, რომ მგლების ხროვაშია და გადაწყვიტა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა, თავისი თავიც იმისთვის ჩაებარებინა. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. რასაც ვხედავ, თუნდაც საკუთარი შვილის, ძმების სიკვდილი რომ დავინახე, აი, ამ ხედვას თუ მივყვებით, ბევრი რამე დავინახე და მაგათ იციან, ციანიდი კი არ დამინახავს, მაგრამ გერმანიაში აურზაური რომ უნდა ამტყდარიყო, გერმანიაში წამსვლელები გავაფრთხილე. ასე რომ, თუ ამ ხედვას დავეყრდნობით და მე პატრიარქისთვისაც ნათქვამი მაქვს, რომ ჩემს ხედვას ყველაზე მეტად ვენდობი, ვფიქრობ, რომ უწმინდესმა, ალბათ, ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მას მართებულად და სიმართლედ მიაჩნდა.
ნამდვილად ვერაფერს უბედავდნენ ამდენს და ახლა ხომ თავადაც ხედავთ, რაც ხდება: ზოგი ამერიკაში დარბის, ზოგი რუსეთში დარბის, ვინ სად დარბის და ვინ რას აკეთებს, აღარ იმალება, ყველაფერი თავისთავად გამოაშკარავებულია.
_ რაც შეეხება „ციანიდის საქმეს“, თქვენ თქვით, რომ ისინი წინასწარ გააფრთხილეთ, რომ გერმანიაში შეიძლებოდა დიდი აურზაური ამტყდარიყო. რას გულისხმობდით?
_ მე ხომ არ ვიცოდი ციანიდი… აი, დავინახე ის, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ვისაც დავურეკე, იმას ვუთხარი, რომ ძალიან ფრთხილად იყავით უწმინდესთან, ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ-მეთქი. სხვათა შორის, როცა უწმინდესი ჩამობრძანდა, მითხრა, რომ იქვე ვუთხარი გერმანიაში სუყველას, დედაომ ასე გაგვაფრთხილაო. მაგრამ მე იქ არ დამინახავს არც ციანიდი და არც ის და არც ეს, აურზაური დავინახე, თორემ ასე ღმერთი ხომ არ ვარ? ვინ ვარ მე, უბრალო მონაზონი ვარ და რატომ უნდა დამენახა, ვთქვათ, თუნდაც, ციანიდი? ან ასი წელი რატომ უნდა მომივიდეს თავში, რომ ციანიდი არსებობს და შეიძლება, პატრიარქი მოწამლონ? ვერავინ დამაჯერებს, შეიძლება ციანიდზე ლაპარაკი იყო, ის ვიღაც რაღაცებს იწერდა, ის მამაოც შეიძლება ლაპარაკობდა, მაგრამ იმ მომენტისთვის, როცა იმას ხელი სტაცეს, აეროპორტიდან გააქანეს და გააქრეს, ის ციანიდი ისე არ არსებობდა, როგორც იმ წუთში მე არ ვყოფილვარ აეროპორტში. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი ხედვის გამო. ჩემი უსაყვარლესი შვილის სულს დავიფიცებ, იქ ის ციანიდი იმ წუთში არ იყო. გარდაცვლილ შვილს ტყუილად ვერ დავიფიცებ. ეგეთი სულელი ნამდვილად არ არის მამა გიორგი, კაცს არ სცოდნოდა, რომ სასულიერო პირები არ იჩხრიკებიან, ისე ვერ ჩაედო რაღაც პატარა ნამცეცი ჯიბეში და არა ჩანთაში გარედან დიდი კონვერტით… ეს თვალებში როგორი ნაცრის შეყრაა! ეს ხომ იმ წუთის მოწყობილი ცირკია, ამაზე ღმერთის წინაშე ვაგებ პასუხს. ვინ რას გეგმავს, არ ვიცი. ფაქტია, ყველა რაღაცას გეგმავს, რომ იმ წუთში ეს არ იყო.
_ რისთვის დასჭირდათ „ციანიდის სკანდალის“ ასე გრანდიოზული ფორმებით აგორება? რა მოიტანა ამან?
_ არ ვიცი, მანდ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. გიორგი მამალაძე თვითონ დანიშნეს. სხვათა შორის, მანდ ადრე ვატო სურგულაძე იყო, არაჩვეულებრივი მენეჯერი. თვითონ საპატრიარქოს საავადმყოფო, ისედაც და ასედაც, საოცრად ჩაძირული გახლდათ და მაშინ ვუთხარი, რომ თუ ვატოს აქედან გადაიყვანთ, ვინც მოვა, ის ყირაზე დაგიყენებთ ყველაფერს, საოცარი რაღაც დაგატყდებათ თავს-მეთქი. ნამდვილად ვერ გეტყვით და ვერ დავიბრალებ, რომ ვანგა ვარ, გინდა თუ არა, ამ რაღაცას ვხედავდი, მაგრამ ნამდვილად ის კი ვუთხარი, რომ ის ამხელდა და ასეც მოხდა. ვინც ამხელს, იმას მერე ზოგს ციანიდს დააბრალებენ და ზოგს კაცის კვლას. მამა ნოდარ ქათამაძე იყო დაჭერილი და ყველას ვეუბნებოდი, რომ ის აუცილებლად გამოვიდოდა სასამართლო დარბაზიდან. სასულიერო პირებიდან მარტო ვედექი თავდებში და ყველა მეუბნებოდა, _ არ გეშინია, რომ თავდებში უდგებიო? ჩემს ხედვებს ვენდობი და ვიცი, რომ უნდა გამოვიდეს. ეს წამალი იმასაც ჩაუდეს. რატომ ჩაუდეს? იმიტომ, რომ ის მეუფე ამბროსის შვილი იყო და ერთ-ერთ მიტინგზე თქვა, რომ მამაჩემი მომიკლესო. არავის პატიობენ, როგორც კი სიმართლეს იტყვი, რა მოგიწყონ, იმას ფიქრობენ. მე, მაგალითად, ასჯერ გაზი შემომიშვეს, ვიღაც კარანაძეს ჩემი მკვდარ-ცოცხალი აგინებინეს სამი თვე, სანამ თავი არ მოიკლა შობა დღეს. დამიბარა და მეუბნება, _ არ გინდათ გითხრათ, ვინ მალანძღინებს თქვენ თავსო? გავიხედე და ამ ბიჭმა შობა დღეს თავი მოიკლა. არ ვიცი, ვერ გეტყვით, აქ იმდენი რამე ხდება. დედა ზოილემ, რომელიც იღუმენია იყო, ისე მცემა, ხელები დამითეთქვა, ვითომ არაფერი მომხდარა. მის გადაყვანაზე უწმინდესმა იმ წუთშივე გასცა ბრძანება, რომ ეს აქედან უნდა მოეშორებინათ. როგორ, მონაზონს სცემ! იაკობს უთხრა, როცა დედაოს ვცემდი, გავითიშეო. აქ ყველა დედაო ამბობს, სულით ავად ვარო. არ ვიცი, ეს დაწესებულება სულით დაავადებულთა დაწესებულებაა თუ როგორ არის, ვერ ვიგებ?! წყალი რომ დამჭირდეს, ყველა დედაო იმას ამბობს, რომ სულიერად არ ვარ კარგად. რად უნდათ ეს სულიერად დაავადებულები? ადრე საგიჟეთი ერქვა სულიერად დაავადებულების თავშესაფარს და ახლა, რა ვიცი, რატომ არიან ეს სულით დაავადებულები, ვერ გეტყვით, რომელთაც ცემა შეუძლიათ, შეურაცხყოფის მოყენება შეუძლიათ, შენი შვილის საფლავს რომ დააფურთხონ, ის შეუძლიათ და ასეთებს რატომ აგროვებენ, ვერ გეტყვით. ასე რომ, რა ვიცი, ვერ გეტყვით, რა ხდება, ვერ გეტყვით, როგორ გაგიმეტებენ და ვერ გეტყვით, როდის რა მეხს დაგცემენ თავზე. ფარდა ჩამომიხსნეს და გადამაგდებინეს. საპატრიარქომ ეს იცის და ვერ უარყოფს. იმან ხომ კარგად იცის, ვინც ეს ფარდა ჩამოახსნევინა, თვითონ გამომიგზავნა ვიღაც ქალი მაყვალა, რომელსაც მტკვარში გადააგდებინეს. სიკვდილზე გაქვს ჯადო გაკეთებულიო. გამომიგზავნეს ბართლომე, გეცოდინებათ, ლოცვა ჩამიტარა. აუტყდა მთქნარება, ცხვირიდან, პირიდან დორბლი, ჟღვინტი მოსდის და მეუბნება, _ სიკვდილზე გაქვს ჯადო გაკეთებულიო. ახლა წარმოიდგინე, ამათ თურმე ჯადოების სიკვდილზე გაკეთება შეუძლიათ, ყველაფერზე შეუძლიათ. ვაიმე, ვინმემ მითხრას, ხალხო, მონასტერში ვარ თუ სად მოვედი? უფალი აქ კი არ შემყვარებია, უფლის სიყვარულის გამო წამოვედი აქ, თორემ უფალს ვერ შეიყვარებ ვერსად, ვერსად, ვერც მონასტერში, თუ თვითონ არ გაქვს სულში, გულში და სისხლში გამჯდარი, თუ არ გიყვარს უფალი, ვინმე მონასტერში შეგაყვარებს კი არა, თუ სიყვარული გაქვს, იმასაც ამოგაგდებინებს იმ სიყვარულის რწმენიდან, აქ რაც ხდება.
_ იაკობზე მეუბნებოდით, რომ, ფაქტობრივად, მეუფე გემუქრებათ და სასულიერო პირისთვის სრულიად შეუფერებელი ტერმინოლოგიით გელაპარაკებათ.
_ გერმანიაში ვიყავი. თვითონ იბრალებენ და რა თქმა უნდა, ტყუილია. ჯანდაცვის სამინისტრომ გამიშვა. დარეკვას მაყვედრიან, არიქა, თურმე იაკობს დაურეკავს მინისტრისთვის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროდან კომისია მოვიდა და რომ დამხედა, ეგრევე დასკვნა დადო და უსიტყვოდ გამიშვეს. იაკობი დარეკავდა თუ არ დარეკავდა ჯანდაცვის სამინისტროში, კომისიამ ჩემს ფეხის ტერფს რომ დახედა, გადაირია. მით უმეტეს, ეს მოწამლული სისხლი, დღესაც ფეხების ისეთი საშინელი წვა მაქვს, აბა, სიცხე, აბა, ეს წვა და ნარკოტიკები დამინიშნეს. „კურაციოდან“ ვიღაც მომიყვანეს, იმის მთავარი ექიმი კარში დადგა, არც შემოსულა ახლოს. როცა მდგომარეობა ავუხსენი, თქვა, ნარკოტიკებზე დაჯდესო. ამათ შეიძლება აწყობდეთ კიდეც, მაგრამ ნარკოტიკებზე არ დავჯდები, არ არსებობს. არ ვიცი, მერე ამ ნარკოტიკებს ესენი რა კუდს გამოაბამენ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ასე რომ, ამ ტკივილებით საშინლად ვეწამები. გერმანიაში ვარ და იქ ერთ-ერთმა ქალბატონმა დამირეკა, რომ იაკობი სამებაში ერთ-ერთ პიროვნებას შენზე ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, რომ მე მაგისი… მისი გამართული ქართული, ტერმინოლოგია როგორიც არის, გეტყვით, _ მე მაგი მაგას მოვაშორებ, _ ასე თქვა ოხანაშვილზე და ნახეთ, რომ მოაშორა. „მე მაგი მაგას მოვაშორებ, რომ ჩამოვა“, ანუ რას ნიშნავდა? რატომ უნდა მომაშოროს?! რას მერჩოდა არ ვიცი და ახლა ის რომ აუჩემებიათ, მაღალი იერარქია გვაქვსო, ღმერთისგან ნაბოძები ჰგონიათ ეს იერარქიები, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ მოლას ფლავივით არიგებენ ჯვრებს. დიდი თაყვანისცემა და დიდი მუხლმოდრეკა მაგათ მიმართ არ მაქვს და არც მექნება. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, თუ ბევრი არ ვარგა, ცოტანი არიან, მაგრამ იმ ბევრს სჯობიან, იმდენად კარგებიც გვყვანან, მეუფეებიც და მამაოებიც, რა ვიცი, უამრავი კარგი მამაო გვყავს, რასაც დედაოებზე ვერ ვიტყვი, არ ვცნობ დედაოებს: აგერ ჩემთან, მონასტერში, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ლოგინში ჩაწოლილ დედაოს წყალი რომ დასჭირდეს, არ მიაწოდებენ, ამბობენ, სულიერად ვარ ავადო და ასეთი სულით ავადმყოფებისგან ცოტა შორს ვარ. ერთადერთი დედა ბარბარეს იმედი მაქვს, სამართლიანი და პრინციპული ადამიანია, მარტო არ მიმატოვებს ამ ბრძოლაში.
_ რას ნიშნავდა იაკობის ნათქვამი, რომ მაგას მოვაშორებო?
_ არ ვიცი, იაკობის ხელშია ფინანსები და უწმინდესი მომვლელის ფულს რომ მაძლევს, რატომღაც, ამას იაკობი იბრალებს და ჰგონია, რომ თავისი ჯიბიდან იღებს. ჩაწოლილი რომ ვარ, ყოველ წუთს წამალი მჭირდება. პატრიარქმა მითხრა, ამის პასუხისმგებელი მე ვარო, ჩემთან ერთად დაუძახა იაკობს და უთხრა, _ დედაოს რაც დასჭირდება, აუცილებლად უნდა გაუკეთოთო, მან არ უნდა ინერვიულოს იმიტომ, რომ წევს და გადაადგილება უჭირსო. _ რა თქმა უნდაო, _ დაეთანხმა იაკობი. ამ დროს ამ ჩემი გადაადგილებისთვის აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტი იყო საჭირო. ტაქსებთან ვერც მივდიოდი, მაშინ ეტლშიც კი მიჭირდა ჩაჯდომა და უწმინდესმა უთხრა, რომ დედაო ასე რომ წვალობს, მანქანა ვუყიდოთო, დავდივარ და როგორი შეურაცხყოფილი ვარ, ვდგავარ და ტაქსს არ მიჩერებენ, ყველა ერიდება, ეტლში როგორ უნდა ადგეს, როგორ უნდა გადაჯდეს, ყველა ერთი და იგივეს ამბობს _ საბარგულში გაზის ბალონი მიდგას, თქვენი სავარძელი არ ჩაეტევაო და საათობით მიწევს ლოდინი. ასე რომ, ძალიან ვწვალობდი. პატრიარქმა უთხრა, უბრალო მანქანა შეუძინეთო. უბრალო მანქანაში იაკობმა იგულისხმა, რომ რაღაცა ჯართი უნდა ეყიდა, რომელიც მართლა შემომაჩეჩა და იმდენად ცუდი იყო, რომ ვერც გამოვიყენე. სულ ხუთჯერ არ ვარ ამ მანქანაში ჩამჯდარი. ბოლოს, ექიმთან რომ მივდიოდი, ეს მანქანა დაიშალა. თვითონვე გაატანეს თავიანთ წარმომადგენელს მანქანა, გაასინჯეს და გასაკეთებლად შეფასდა 3200 ლარად. 3200 ლარის გადახდას ჯობია, რაღაც ახალი შეგიძინოთო. უწმინდესს მოატყუა და უთხრა, რომ ძალიან კარგი მანქანა ვუყიდეთო. უწმინდესთან ხომ არ მივიდოდი და ვეტყოდი, რომ საზიზღრობა მიყიდეს. ამ წუთში ეს მანქანა იაკობს თავისი კაბინეტის წინ უდგას. ფაქტობრივად, გამაკულაკეს. ხუთი თვე მპირდებოდა, _ გიყიდი-გიყიდიო და ბოლოს, მითხრა, თავიც მოგიკვლიაო. ასე რომ, ვწევარ ლოგინში, ვერც გადავაადგილდები და ასე ვეწამები. _ არა უშავს, ტკივილები მოითმინეო. განა, ის ტკივილები, რაც მე მაქვს, ადამიანს შეუძლია მისი მოთმენა? უწმინდესის სიყვარულის გამო შემეძლო, რომ ჩუმად ვყოფილიყავი, თორემ ტკივილის მოთმენა როგორ შეიძლება? იაკობმა მოითმინოს! რატომ დარბის იქით-აქით? მხარი ამოიგდო, ორმოში ჩავარდა მთვრალი, მხარამოგდებული გაქანდა და ავსტრიაში გაიკეთა ოპერაცია. მე როგორ მოვითმინო, ვინმემ ამიხსნას, რანაირად უნდა მოვითმინო? ათასლარიანი გადასხმა დამჭირდა და აი, ისე მაწამეს, რომ არ ვიცი, დედამიწაზე ასე ვინმე თუ გაუწამებიათ. ეს წამალი ვიღაც უცხო ქალმა მიყიდა, როცა ჩემი მდგომარეობა გაიგო, 1000 ლარი ღირდა. ადგა ეს უცხო ქალი და თქვა, _ ასეთი დედაო, რომელიც დღეს მთელ საქართველოს უყვარს, მასაც მთელი საქართველო უყვარს, ეროვნული ადამიანია, ყველაფრისა და ყველას ფასი იცის, ასე რატომ უნდა სტკიოდესო და იმან მიყიდა. თუმცა ეს წამალი ორგანიზმისთვის ძალიან ძნელად მისაღებია, ფაქტობრივად, ქიმიაა, რომელსაც ბევრი უკუჩვენება აქვს: თავის ტკივილი, ღებინება, თავბრუსხვევა, სიცხე… 13 დღე ჯოჯოხეთი გავიარე გადასხმებზე, არც წამადგა, მაგრამ ამათ ნერვიც არ შეუტოკებიათ და არც ვუნუგეშებივარ.
_ დედა თამარ, მართალია, რომ მეუფე იაკობი მხედრიონელი იყო?
_ იაკობი მხედრიონელი არ იყო? იქნებ, ამ ორგანიზაციის სახელით არ იდგა, მაგრამ ხომ იდგა იქ, გელა ლანჩავასთან, საიდანაც ჩვენ ზვიადის დროს გვარბევდნენ, გვხუთავდნენ და მიტინგზე ახალგაზრდა ბავშვები ჩაგვიხოცეს. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ, მხედრიონელს თუ სხვას. პიროვნულად მაგისგან იმხელა ზეწოლა მაქვს, კაცი მაიძულებს და მეუბნება, _ არ გიყიდი მანქანას, ადექი და თავი მოიკალიო. ვარ თუ არა ზეწოლის მსხვერპლი? ქალს დაჟინებით არ შეხედოთო და დაჟინებით რომ მეუბნება, თავი მოიკალიო, რას მაიძულებს, ვერ ხვდებით?! თვითმკვლელობაზე რომ მიშვებს და რომ მაიძულებს, არაფერს გაგიკეთებ, მოიკალი თავიო!.
_ სამაგიეროდ საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდა…
_ რა დროს სიწმინდის დღეა, ლოგინად ჩაწოლილ ერთ დედაოს ვერ უვლიან, თვითონ 27 იანვარს ნინოობას იაკობი ატარებდა ბოდბეში წირვას. წარმოიდგინეთ, ამ მდგომარეობის პატრონი წავედი, თოვლში, ქარში, რაღაც საშინელ ამინდში ჩავედი და დამელაპარაკა, ოღონდ ჯერ იქეიფა, დრო გაატარა, მერე ნასვამი დამიჯდა წინ და მოკლედ, მაგარი ბიჭობა ითამაშა, რაღაც ფოიერვერკი ჩაატარა, რომ აი, როგორი კარგი ადამიანია. საპატრიარქოში ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი მუშაობს, რეზიკო და მას დაურეკა, _ დედაო ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამ ჯართის გაკეთებას სჯობს, მოძებნეთ ახალი მანქანა, რომ შევუძინოთო. ეს მოხდა 27 იანვარს. იმ წუთში დაურეკა, რადგან ნასვამი იყო, თან დამიმტკიცა, რომ ჩემთვის ზრუნავს. თავისი ფული ხომ არ არის, პატრიარქის ფონდიდან უნდა გამოყოფილიყო, მაგრამ ეს ფული თავის თავზე მოირგო, თვეში ოთხჯერ მაინც მიდის ამერიკაში. არ ვიცი, რა დაარბენინებს ამერიკაში. არა, როგორ არ ვიცი, მაგრამ ღმერთი გასცემს მაგის პასუხს, ასე რომ, ჩემო კარგო, იმის მერე ხუთი თვე გავიდა, ჩემი ხერხემალი წავიდა და წავიდა, საერთოდ ჩაიშალა და მოიშალა. ერთ-ერთ მამაოს დავაბარე, _ მეუფეს უთხარით, რომ ამ ტკივილებს ვეღარ გავუძლებ, ძალიან ცუდად ვარ, ლამის თავი მოვიკლა-მეთქი. და ნახე, როგორ გადააკეთა კაცმა და რას ამბობს? _ რახან ასე თქვა, თავს მოვიკლავო, არაფერს აღარ ვაღირსებო. მაგისთვის რომ მეთქვა ან შემეთვალა, შენ მოგკლავო, წარმოიდგინე, რას მიზამდა, აქამდე დახვრეტილი ვეყოლებოდი. საკუთარ თავზე რა ვთქვა, იმის უფლებასაც კი მართმევს, ხომ წარმოგიდგენიათ? ვითომ იმდენად სულიერია, რომ ეს როგორ წამომცდა. თვითონ მითვლის, თავი მოიკალიო და, თურმე, მე რომ ვთქვი, შეიძლება ტკივილებისგან თავი მოვიკლა, ცოდვაა. ეს ხომ იცით, სიტყვის მასალად ვამბობთ ხოლმე, რომ ვეღარ ვუძლებ ტკივილებს, ამის გამო კაცი მითვლის, რომ თავი მოიკალიო. ამ ადამიანისგან ზეწოლას ვგრძნობ და პირდაპირ მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვთქვა, _ არ გაბედოს და თმის ღერი არ ჩამომივარდეს, თორემ ღრმად ჩავფლავ მიწაში, ღრმად!.. ცოტა თავს შევიკავებ, მაგის ყველა სიბინძურეს დღეს არ ვიტყვი, მაგრამ როგორც კი უფრო გააგრძელებს ჩემთან ჭიდაობას, იმდენად სუფთა ვარ, ეგეთი ჭუჭყიანი კაცი ვერ მომიგებს. არც მოგებაზე და არც წაგებაზე ვთამაშობ, აქ მოედანი არ მაქვს, აბა, ვინ უფრო მაგრად დაარტყამს, მაგრამ ღმერთთან მაქვს ძალიან ახლო კავშირი, საოცარი სისუფთავით მოვედი აქამდე, ასე ვიცხოვრე და ასე ვცხოვრობ, ამიტომ რაც არ უნდა მეჭიდაოს, პირობას ვაძლევ, არ გავამარჯვებინებ. ეგ საპატრიარქოს სკამისთვის იბრძვის და მე თქვენი გაზეთის საშუალებით მთელ ხალხს ვეუბნები: ხალხო, ეს ის კაცია, რომელიც პატრიარქმა აქცია ადამიანად და თვითონ უნდა, უწმინდესს სკამი გამოაცალოს, ყველაფრის კადრება შეუძლია და ეს ადამიანი მე და ჩემნაირებს დაინდობს? ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ამბიონიდან როგორ „ბლატაობს“ და რა სიტყვებით მიმართავს ხალხს, _ რა ბიჭები ხართ და მოდით, აბა, დამხვდითო. ვისაც დაემუქრა, შეუსრულა კიდეც: გიორგი მამალაძე ციხეში ჩასვა, სოსო ოხანაშვილს დაემუქრა, მოვაშორებო და ისიც მოაშორა. მაგრამ არ ვიცი, ოხანაშვილს თუ შეეძლო, უნდა გაემართლებინა თავი, ეგრე არ არის, უფალი არ კრძალავს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ხმა არ ამოიღოთო. მონები კი არ ვართ, ნულ კლასში კი არ მომიყვანეს, რომ ვინც თითს დამიქნევს, თავი დავხარო ან „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“ ვერ ვისწავლე, ეგრე კი არ არის, რა. მე მონაზონი ვარ, უფლის სასძლო ვარ, უფალმა ამომირჩია. ამხელა შვილის სიკვდილით ვარ გაწამებული, ყველა გარდაცვლილი მყავს, მარტოკა, გაუბედურებულ, ლოგინში მწოლიარე ქალს მეჭიდავება და ბართლომეს აჭიდავებს ჩემთან. ჩემი მკვდარი შვილის საფლავზე სულ ავდიოდი და ძროხის ფუნა იდო. 11 თვე მატყუა, _ ძროხას ხვალ გავიყვან, ზეგ გავიყვანო და უმატებდა და უმატებდა ძროხებს. ფერმები უნდათ და ბიზნესები ეკლესიებში და ჩაიგდეს აგერ. ამ ერთ ბეწო მონასტერში მამაომ თონე ჩადგა, შვილს არ მასაფლავებინებდა, ეს ადგილი მე მჭირდებაო და ახლა ამბობს, ექვსი შვილი მშიერი დამიტოვაო. ხალხო, ღმერთის არ ეშინიათ? ექვსი შვილი რომ ჰყავს, მადლობით მიიღე, ღმერთმა ის ექვსი შვილი კარგად და ჯანმრთელად უმყოფოს. ერთი შვილი რომ მყავდა და ისიც გარდაცვლილი მყავს, დაკრძალვის ნებას არ მაძლევდა, ვარლამ არავიძესავით კისერზე გადებული მკვდარი იქით-აქეთ დამქონდა, ამას უწმინდესს არ ეუბნებოდნენ და ყველამ იცოდა საპატრიარქოში, რა მდგომარეობა მქონდა და ასე ბართლომე გააჯეჯილეს თავის ძროხებით. ძროხები არჩიეს ადამიანს, ხალხო, გარდაცვლილს, 22 წლის ბიჭს, რომელიც მონასტრებს იცავდა, მხედრიონელები რომ არ შეჭრილიყვნენ და ბერები არ გაეკრიჭათ და დედაოები არ გაეუპატიურებინათ, ისე იწევდნენ ეკლესიებში იმ დროს მხედრიონელები. ჩემი შვილი ამ უსამართლობას ებრძოდა და ამათ ბართლომეს ძროხები უფრო წინ დააყენეს. ორი წმინდა რამ არსებობს დედამიწაზე, _ ეკლესია, უფლის სახლი, რომელიც ყარს, იქ რომ ახვიდეთ, ისეთი სუნი დგას და საფლავი, რომელზედაც სულ ფუნა იდო. საფლავი აღდგომაა და არა მგონია, რომელიმე დედას მოსწონდეს, თავისი შვილის საფლავზე ყოველდღე მისულს ძროხის ფუნა ხვდებოდეს. მაგრამ ბართლომეს გადაეფარნენ, იმიტომ რომ ბიზნესი ვისაც აქვს, ის ძალიან უყვართ და მოსწონთ. ასე რომ, რა ვიცი, რა გითხრათ, ამაზე დიდი ჯოჯოხეთი რაღა არის, არ ვიცი. ჯადოც გამიკეთეს, მოწამვლა, ცემა, არაფერი დამაკლეს და ვინმემ ამიხსნას, ეკლესიაში ვარ თუ სადამსჯელო რაზმში ამიყვანეს, სადაც კიდეც უნდა მცემონ, კიდეც უნდა დამემუქრონ, კიდეც მაიძულონ თავის მოკვლა?! რატომ, რა დავაშავე?! ერთი ფაქტი დამიდონ, რომ რამეში ვარ დამნაშავე და კი, ბატონო. ვერავინ ვერაფერს მიხსნის, რატომ მექცევიან ასე. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ერთი რამ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არც მამალაძე ვარ და არც ოხანაშვილი, ვერავინ ვერაფრის ფაქტს ვერ დამიდებს და ვერც ვერაფერს მომიგონებენ. 31 დეკემბერს ვიღაც შემომიგზავნეს, რომელსაც ჩემი თავი ალანძღინეს, რა არ გააკეთა, ხატებიც მოიპარა, სუნამო მოიპარა, ფრჩხილების ნაკრები მოიპარა, ფეხსაცმელიც მოიპარა და მილიცია მეუბნება, მანდ დანაშაულის კვალი არ იკვეთებაო. თურმე, კაცმა თუ ქალს დაჟინებით შეხედა, ეს დანაშაულია და მე ვიღაცამ მკვდარი და ცოცხალი მაგინა, ლოგინში მწოლიარეს სახლში შემომივარდა, მაგრამ ყელგამოღადრული და ნაცემი ვერ მნახეს და არ გამოიკვეთა, თურმე, დანაშაული, იმიტომ რომ ის ვიღაც ოხერტიალი მთვრალი იყო თუ ნარკომანი, ერთ-ერთ მამაოზე მეუბნებოდა, იმის შვილი ვარო. მერე აღმოჩნდა, რომ ის მამაო, თურმე, იცნობდა თავდამსხმელს, თქვა, _ ჩემთან მოდის ხოლმეო. მისი შვილი, თურმე, ციხეში იჯდა და მე არც მგონია, მის შვილს ჩემთან შემოჭრა ეკადრებინა, იმიტომ, რომ იცოდა, მე ვისი დედაც ვარ. თუ დედაოს არ სცემდა პატივს, არც ეგრეა, ის ბავშვი კიდევ მამამისს სჯობს, იმ ბავშვმა იცის, მე ვისი დედაც ვარ და ის რომც ყოფილიყო ციხის გარეთ, ნამდვილად ამას არც იკადრებდა და არც გამიბედავდა, მაგრამ ამ მამაომ გაიგო და ისიც კი არ უთქვამს, _ დედაო, ჩემი შვილის სახელით ვიღაცამ გაგქურდა, გავარკვევ და არ ვიცი, იმას რას ვუზამო. არა!.. მაგრამ მაშინ რა ვიფიქრო, ვისი შემოგზავნილი იყო? აი, ამდენი კელია და ამდენი შენობა გამოიარა, ძლივს მაგნებენ, ხომ ხედავთ, სად ვცხოვრობ, კუთხეში შემოჭყლეტილი და იმან რად მიპოვა ეგრე ადვილად? რატომ შემოვიდა სახლში? პირდაპირ მითითება ჰქონდა, ხომ? უბნის ინსპექტორი მეუბნება, _ მომჩივანი მონაზონი არ მინახავს და არ გრცხვენიაო? წარმოგიდგენიათ? მომჩივანი მონაზონი კი არა, მომჩივანი იაკობი ვერ ნახეს, რომ მამალაძე ციხეში გამოკეტა? ერთი გამაგებინეთ, ეპისკოპოსები ღმერთს ჩამოსცვივდნენ თუ როგორ არის? თუ მაგათ ყველაფრის თქმის უფლება აქვთ და შენი უფლებები შეილახოს კიდეც, ყველაფერი უნდა მოხდეს და ამათ თავში უნდა ჩაგარტყან და შენ მორჩილი უნდა იყო. ღმერთისა და უწმინდესის მორჩილი უნდა ვიყო, მაგათი მორჩილი რატომ უნდა ვიყო?! ბოლოს დავამატებ და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს კაცი თვითმკვლელობას მაიძულებს და კატეგორიულად ვაფრთხილებ, თავი დამანებოს!.. თავი დამანებოს და რაც მას უწმინდესისგან დავალება აქვს, დიახ, უნდა შეასრულოს, დიახ, უნდა შემიძინონ ის ტრანსპორტი, რითაც უნდა გადავადგილდე იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ავადმყოფი ვარ, დიახ, მისი ჯიბიდან არავინ არაფერს სთხოვს და ყოველი მისი ვიზიტი რა უჯდება საპატრიარქოს, ის დაიანგარიშონ!.. ასე რომ, მაგ ადამიანმა თავი დამანებოს!!!

ელისო კილაძე