მთავარი საზოგადოება საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკა – 1917 წლის ივლისი

საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკა – 1917 წლის ივლისი

949
0
გაზიარება

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-11;

ბოლშევიკთა გამოსვლა პეტროგრადში

1917 წლის ივლისში რუსეთში მკვეთრად დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. ამის მიზეზი, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, დასავლეთის ფრონტზე რუსეთის არმიის მიერ განცდილი მძიმე სამხედრო მარცხი იყო. მარცხი ჯარისკაცების დაუმორჩილებლობამ და სამხედრო ნაწილებში სოციალისტთა გაძლიერებულმა პროპაგანდამ განაპირობა. რუსული არმიის წარუმატებელი შეტევითი ოპერაციით უმალ ისარგებლეს ბოლშევიკებმა და ხელისუფლების მიტაცებას შეეცადნენ.
3 ივლისს პეტროგრადში არეულობა დაიწყო, რომელსაც მეტყვიამფქვევეთა პირველი პოლკის ჯარისკაცთა დაუმორჩილებლობამ დაუდო სათავე. შეიარაღებული ჯარისკაცები ქუჩაში გამოვიდნენ. მათ კრონშტადტის მეზღვაურებმა და პეტროგრადის მუშათა შეიარღებულმა რაზმებმაც დაუჭირეს მხარი. ჯარისკაცები და მუშები დროებითი მთავრობის გადადგომასა და მთელი ძალაუფლების საბჭოებისთვის გადაცემას მოითხოვდნენ.
ამ მოვლენების შესახებ ქართულ გაზეთებში ინფორმაცია ორი დღის შემდეგ გამოჩნდა. გაზეთმა „საქართველომ“ პეტროგრადის ამბების გაშუქებას საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო და მოვლენების მიმდინარეობას ქრონიკის სახით აქვეყნებდა.
1917 წლის 6 ივლისს გაზეთმა „საქართველომ“ შემდეგი სტატია დაბეჭდა სათაურით „სამხედრო ბუნტი“: „რამოდენიმე პოლკი ზინოვიევის და ბოლშევიკების მეთაურობით სავსებით შეიარაღებულნი ქუჩებში გამოვიდნენ, სახელმწიფო სათათბიროს გარშემოერტყენ, მაგრამ უკუქცეულ იქმნენ ყაზახ რუსების მიერ. კრონშტადტის ჯარმა საინჟენერო კოშკი დაიპყრო და მთელი იარაღი ხელთ ჩაიგდო. დიდი სისხლის ღვრაა მოსალოდნელი.
შეიარაღებული ჯარისკაცები „გოსტინი დვორის“ დარბევას შეუდგნენ. ქუჩებში სროლაა; მრავალია დახოცილნი და დაჭრილნი. ნევის პროსპექტი ბრძოლის ველად არის გადაქცეული. ყაზანის სობორო ბომბებით არის დაზიანებული. ბურჟუაზიული გაზეთების ტიპოგრაფიები ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს“.
7 ივლისს გაზეთი უკვე თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც დაწვრილებით არის გადმოცემული ბოლშევიკური აჯანყების მსვლელობა: „მკათათვის 4-ის დილას პეტროგრადში შემოვიდენ მეზღვაურები და ჯარის კაცები კრონშტადტიდან, ტყვიისმფრქვეველი 1-ლი პოლკი და პეტერგოფიდან მე-9 სათანადო პოლკი. დღის 12 საათზე ამ პოლკებს შეუერთდენ მე-176-ე სათანადო და გრენადერთა პოლკები და შეერთებული ჯარი თავრიდის სასახლისკენ წამოვიდა, აქ საბჭოების და კომიტეტის სხდომა იყო. დემონსტრანტების პლაკატებზე შემდეგი ლოზუნგები ეწერა: „ძირს დროებითი მთავრობა“, „ძირს ათი მინისტრი კაპიტალისტი“, „მთელი ძალა საბჭოებსაო“ და სხვა. გზაზე მათ უერთდებოდნენ შეიარაღებული მუშები. მთელ ქალაქში ტყვიისმფრქვეველებით შეიარაღებულ ავტომობილებით დაიარებოდნენ და ყველას შიშის ზარს სცემდენ. დღის განმავლობაში ქალაქში მრავალი მოჰკლეს და დასჭრეს. საღამოს 10 საათზე შეიარაღებული მანიფესტანტები თავრიდის სასახლეს მიუახლოვდნენ. ამ დროს თავრიდის სასახლე ალყა შემორტყმული აღმოჩნდა შეიარაღებულ მანიფესტანტების მიერ. ბევრი თავრიდის სასახლეშიაც შეიჭრა“.
აჯანყებულმა ჯარმა და ქუჩაში გამოსულმა მუშებმა სამხედრო მინისტრ კერენსკის დაპატიმრება მოინდომეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა. დროებითი მთავრობის წევრებმა მთავარი შტაბის შენობას შეაფარეს თავი და იქიდან ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას.
ბოლშევიკური აჯანყებს ჩასაქრობად პეტროგრადში მთავრობის ერთგული ჯარის ნაწილები შევიდნენ და რუსეთის დედაქალაქმა სამოქალაქო დაპირისპირების კიდევ ერთი სისხლიანი დღე გადაიტანა.
გაზეთი „საქართველო“. 7 ივლისი: „დროებითმა მთავრობამ პავლოვსკში ცხენოსანთა გვარდიას, 1, 2 და 41 დონის ყაზახების, იზმაილოვის და სემენოვის პოლკებს შველა სთხოვა. დაბარებულნი საჩქაროდ მოვიდნენ დანიშნულ ადგილას და მოქმედებას შეუდგნენ. „ტროიცკის“ ციხიდან, სადაც არტილერია იყო მოწყობილი, ყაზახებს ტყვიის მფრქვეველების და თოფების სროლა აუტეხეს. ყაზახთა შორის ამის გამო დიდი დანაკლისია. ამის შემდეგ, ყაზახებმა არტილერიის სროლით გაიკაფეს გზა თავრიდის სასახლისკენ და ბრბო გაჰფანტეს. აგრეთვე დიდი სროლა იყო ლიტეინის და ერტელემის უბნებში.
შუა ღამისას უკვე აჯანყება ჩაქრობილი იყო. სადაც კი ნახავდნენ შეიარაღებულ ავტომობილებს, დაუყოვნებლივ ართმევდნენ იარაღს. წინააღმდეგობა მალე იქმნა ჩაქრობილი. ამ ჟამად ჩხრეკა-დაპატიმრება ხდება. დღეს დილით მდინარე ნევაზე ხიდები აჰყარეს. ქუჩებზე შედარებით სიწყნარე ჩამოვარდა“.
პეტროგრადში საალყო წესები გამოცხადდა. ქალაქის კომენდანტად გენერალი პოლონცოვი დაინიშნა, რომელმაც ღამის საათებში ქუჩებში მოძრაობა აკრძალა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა: „ვასრულებ რა დროებით მთავრობის ბრძანებას, რომ პეტროგრადი გაიწმინდოს შეიარაღებულ პირებისაგან, რომელნიც არ ინდობენ არც ქონების, არც პიროვნების და არც მოქალაქის ხელუხლებლობას, რომელნიც არღვევენ წესიერებას, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეთ დაკეტონ კარებები და მხოლოდ აუცილებელი საქმისთვის გამოვიდნენ კარში. აგრეთვე მცხოვრებლებმა ყოველივე ზომები უნდა მიიღონ, რომ ბოროტგამზრახველები შინა სადგომებში არ შემოცვივდნენ. ჯარის ნაწილებს ვუბრძანებ ახლავე შეუდგენ წესიერების აღდგენას ქუჩებზე. ხელს ვაწერ გენ. მ. პოლონცოვი“.
დააპატიმრეს აჯანყებაში მონაწილე უამრავი სამხედრო, მეზღვაური და მუშა. არეულობის მოთავეთა უმრავლესობა ციხეში გაისტუმრეს. ჯარისკაცებს იარაღი აჰყარეს და ყაზარმებში დააბრუნეს. 1917 წლის 5 ივლისისთვის დროებითმა მთავრობამ ბოლშევიკური გამოსვლები მთლიანად აღკვეთა.
პეტროგრადში ბოლშევიკთა მიერ მოწყობილი შეიარაღებული გამოსვლის გამო თბილისში ამიერკავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა სათათბირო საბჭოებმა და აგრეთვე სხვა რევოლუციურმა პარტიებმა საგანგებო კრება მოიწვიეს და რუსეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
7 ივლისს გაზეთი „საქართველო“ ამ კრებაზე მიღებულ რეზოლუციას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ამიერკავკასიის რევოლუციური ორგანიზაციები არ იზიარებდნენ ბოლშევიკთა ძალისმიერ მეთოდს: „კრებამ შემდეგი რეზოლუცია მიიღო: რათა არ დაიქსაქსოს რევოლუციის ძალები, კრება აუცილებელ საჭიროთ სცნობს თბილისში არ მოხდეს ცენტრალურ რევოლუციონურ ორგანიზაციების დაუკითხავად კერძო გამოსვლები, როგორც დარაზმული, ისე დაურაზმავი, და ამ მიზნისთვის მოუწოდებს ყველას მშვიდობიანობისკენ“.

არმია

1917 წლის ივლისში რუსული არმია იმდენად გაიხრწნა, რომ ხელისუფლება მის შეკავებას დიდი ძალისხმევის ფასადაც ვეღარ ახერხებდა. დეზერტირებთან ერთად მშვიდობიან მოსახლეობას რეგულარული არმიის ნაწილებიც კი არბევდნენ. საყოველთაო სახე მიიღო ჯარისკაცთა სიმთვრალემ და უწესრიგობამ. საქართველოში დაბანაკებული რუსული ნაწილები დაუფარავად ყაჩაღობდნენ და ქურდობდნენ. მილიციას მათი დაშოშმინებისთვის ძალა არ ჰყოფნიდა და ხშირად ქუჩებში სროლის ხმა ისმოდა.
გაზეთ „საქართველოს“ მილიციასა და ჯარისკაცებს შორის დაპირისპირების უამრავი შემთხვევა მოჰყავს. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი თბილისში 23 ივნისს მოხდა: „მკათათვის 23-ს საღამოს 5 საათზე, მიხეილის ქუჩაზე ლინეიკით მიდიოდენ ნასვამი სალდათები. ცხენებს ეჟვნები ეკიდათ, რომელთაც ერთი უშველებელი ჟღარა-ჟღური გაჰქონდათ. მილიციონერმა მიქაძემ ლინეიკა გააჩერა და სალდათებს წინადადება მისცა ეჟვნები ჩამოეხსნათ. სალდათებმა უარი განაცხადეს. ამ ნიადაგზე ჩხუბი ასტყდა სალდათებსა და მილიციონერს შორის. უცებ თავი მოიყარა რამდენიმე ასმა სალდათმა და მიქაძეს ცემა დაუწყეს. მიქაძემ რევოლვერი დასცალა ორჯელ და ერთი სალდათი დასჭრა. მაშინ სალდათებმა გადასწყვიტეს მიქაძის მოკვლა და შეუბრალებლად დაუწყეს ცემა. ამ დროს ბედზე იქ გაჩნდა ქალაქის მოურავი ა. ხატისოვი და გუბერნიის კომისარი პოპოვი, რომელთაც ძლივს ძლიობით გადაარჩინეს მილიციონერი“.
22 ივლისს გაზეთში დაბეჭდილია სოფელ სართიჭალაში მცხოვრებთა წერილი, სადაც მოსახლეობა ჯარისკაცთა თავგასულობას უჩივის. როგორც წერილიდან ირკვევა, სამხედროები გლეხებს სიცოცხლეს უმწარებდნენ და მათ ყველაფერს ართმევდნენ. ხელისუფლების უძლურების ფონზე სართიჭალა მტრის მიერ ოკუპირებულ სოფელს ჰგავდა: „უკვე შვიდი თვეა, რაც ამ პატარა სოფელში თითქმის ორი ათასი ჯარის კაცი არის ჩასახლებული. მათ ბევრი უბედურება მიაყენეს ადგილობრივ მცხოვრებლებს. ქალები გააუპატიურეს და ბევრი ოჯახი შეარცხვინეს. გაზიდეს ღვინოები ქოცოებიდან და ბოჩკებიდან. ქათამი, ინდაური, ცხვარი და სხვა საქონელი სულ გააწყეს. არავის არაფერი შეარჩინეს. საბუდრებიდან კრუხებიც კი წაიყვანეს. შედიოდნენ ჯარისკაცები ვენახებში და ყურძნიან რქას ამტვრევდნენ ვაზებს ბორშჩში ჩასაყრელად. ბალი და სხვა ხილი ხომ ადგილობრივ მცხოვრებლებს თვალითაც კი არ უნახავთ, რადგან ჯარის კაცებმა შეჭამეს“.
დროებითი მთავრობის მიერ დაგეგმილი ზომები შედეგს არ იძლეოდა. ხელისუფლება დეზერტირების გამოსავლენად სპეციალურ ოპერაციებს აწყობდა და უამრავ ჯარისკაცს აკავებდა, მაგრამ დეზერტირთა რაოდენობა იმდენი იყო, რომ ეს საერთო მდგომარეობაზე გავლენას ვერ ახდენდა. 17 ივლისს თბილისის სამხედრო გარნიზონის სპეციალურმა რაზმმა მუშტაიდის ბაღი შეამოწმა და რამდენიმე ათეული საეჭვო ჯარისკაცი აღმოაჩინა, რომლებიც ბანქოს თამაშით იყვნენ გართულნი. მათი დაკავება ორმხრივ სროლაში გადაიზარდა. დაიღუპა ათამდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე სამოქალაქო პირიც, რომლებიც იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ.
გაზეთი „საქართველო“. 21 ივლისი: „ჩხრეკა-ჭერის დროს მკათათვის 17-ს ღამით, მუშტაიდის რაიონში დაჭერილ იქმნა სულ 300 კაცამდე. მათ შორის 4 კაცი ახლად გამოშვებულია სატუსაღოდან, 25 აშკარა დეზერტირია, 100 კაცს, საეჭვო ქაღალდები აქვთ თავიანთი ვინაობის შესახებ და დანარჩენების ვინაობა ჯერ გამორკვეული არ არის“.

კრიმინალური მდგომარეობა

ანარქიით მოცულ ქვეყანაში დღითი დღე უარესდება კრიმინალური ფონი. თბილისის სამხედრო სატუსაღოდან 4 ივლისს 22 საშიში ავაზაკი გაიქცა. ყოველდღიური ხასიათი მიიღო გზებზე მგზავრების ძარცვამ. სოფელ გუჯაბაურთან ყაჩაღებმა გაძარცვეს ებრაელი ვაჭრები, რომლებსაც 600 მანეთი წაართვეს. 12 ივლისს სოფელ ქურთაში ვინმე ალექსანდე მაჩაბელს გაუტეხეს საქონლის სადგომი. მოიპარეს ცხენი და ორი კვიცი.
დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა გორში, სადაც მაზრის კომისარმა მილიციელთა დახმარებით ბანკი გაძარცვა და ეს ძარცვა სახელმწიფოს საჭიროებით ახსნა.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 4 ივლისი: „თიბათვის 26-ს, შუადღისით გორის საურთიერთო ნდობის ბანკში მისულა მაზრის კომისარი ნინიძე, მიუყვანია შეიარღებული მილიციონერები და ბანკის კასიდან წაუღია 10,200 მანეთი. ასე მოქცეულა ნინიძე მაზრის კომისარიატის აღმასრულებელ კომიტეტის დადგენილებით. ადმინისტრაციის წევრებს ჯამაგირები უნდა დაურიგოთ და ფული არა გვაქვსო. თუ ასე არ მოვიქეცით, მაზრაში მშვიდობიანობა დაირღვევაო, რადგანაც მილიციონერები ჯამაგირს არ იღებენო. ბანკის დირექტორი კაპანაძე და იქ მყოფი ხალხი თურმე ეუბნებოდა ნინიძეს, ეს ბანკი კერძოა, აქ ხალხის ფულიაო, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და ამას რად ჩადიხართო. თუ მაინცადამაინც საჭიროა ფული, რატომ ხაზინიდან არ მიგაქვთ, იქ ხომ მთავრობის ფულიაო. ამაზე ნინიძეს უპასუხნია: ეგეთი ლაპარაკი „მეშჩანობააო“, ეხლა ყველაზე უწინ საჭიროა, ანარქიის მოსპობა (ბოლშევიკები ჰყავს მხედველობაში) და რევოლუციის გაძლიერებაო“.
კრიმინალური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ყაჩაღები არავის ერიდებოდნენ და დეპუტატებსაც კი ქურდავდნენ. გაზეთის ინფორმაციით, 8 ივლისს გაძარცვეს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი, რომელიც ავტომობილით კოჯრიდან თბილისში ბრუნდებოდა. ქალაქიდან სამი ვერსის დაშორებით დეპუტატს სამი შეიარაღებული ბოროტმოქმედი დახვდა, რომელთა შორის ორი სამხედრო იყო. ჩხენკელის თანამგზავრი ნაფიცი ვექილი მაჭავარიანი ყაჩაღებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, მაგრამ მას თავი თოფის კონდახით გაუჩეხეს. ჩხენკელს წაართვეს ფული და ძვირფასი ნივთები. ძარცვის დროს გზაზე შემთხვევით მილიციელები გამოჩნდნენ. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ერთი მილიციელი. ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.
ხელისუფლების უუნარობით გაბრაზებული ხალხი სამართალს აღარ ელოდებოდა და ყაჩაღებს ლინჩის წესით უსწორდებოდა: „საგარეჯო. თიბათვის 18-ს დაიკარგა ერთი ახალგაზდა ებრაელი ფარჩით და ცხენით. მესამე დღეს ანთოკის ტყეში მხოლოდ უბელო ცხენი აღმოაჩინეს. ადგილობრივი კომისარი, მილიციონერები და ხალხიც შეუდგა დამნაშავეთა ძებნას. მალე შეიპყრეს 9 კაცი, რომელთაც უმტკიცდებოდათ ებრაელის მკვლელობა – აგრეთვე აღმოაჩნდათ დაკარგული ფარჩა. ბევრნაირათ აწამეს, რომ გამოტეხილიყვნენ და მკვდარი ებრაელი მაინც გამოეჩინათ, მაგრამ არ გამოტყდნენ და პირიქით დამჭერებს სიკვდილს ემუქრებოდნენ. ასე ეუბნებოდნენ: ეხლა ხომ სიკვდილით დასჯა აღარ არისო და კატორღიდამ ხომ მოვალთ და დაგხოცავთო. კვირას, მკათათვის 2-ს, კანცელარიის წინ შეიკრიბა დიდძალი ხალხი, მათ შორის დაჭერილების მშობლები და ნათესავებიც. ამორჩეულმა ხალხმა გადასწყვიტა ორი კვირით მათი შენახვა და გამოკვლევა საქმისა, ხალხს გამოეცხადა ეს განაჩენი, მაგრამ ხალხმა ერთბაშათ იგრიალა და გამოიყვანა დამწყვდეულთაგან 4 კაცი: კოტე რაჟდენის ძე ქვლივიძე, 26 წლისა; საგარეჯოელი სანდრო თარიმანიშვილი (იგივე ფაშა) 27 – წლისა; ანთოკელი შაქრო დიმიტრის ძე ბუჩაშვილი, კატორგიდამ ამნისტიით განთავისუფლებული; იოსებ ადომელას ძე დიღმელაშვილი, გიორგი წმინდელი 28 წლისა ამნისტიით განთავისუფლებული კატორღიდან. ბრბო ეცა ამ ოთხ კაცს და ათ წუთში ქვით, კეტებით და რევოლვერებით ჩახოცა, ხოლო მიხა თარიმანაშვილი, 70 წლისა, შაბათ ღამესვე ნაცემი მოკვდა. საზარელ სურათს წარმოადგენდა ეს სანახაობა, მაგრამ ბრბოს ეტყობოდა თითქოს დაიკმაყოფილა თავისიო. გადაარჩინეს სიკვდილს ოთხნი. ეს 4 კაცი იმ ღამესვე რაიონის კამისარმა მოაშორა საგარეჯოს“.

ეკონომიკა

საყოველთაო სახე მიიღო გაფიცვებმა. ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯებესების მოთხოვნით, ზედიზედ ჩერდება საწარმოები და სხვადასხვა დაწესებულება. ივლისის დასაწყისში გაიფიცა კლუბების მომსახურე პერსონალი, რომლებსაც ელექტრსადგურების მოსამსახურეთა კავშირმა აუბა მხარი. იმ დროის საქართველოში კლუბი ერთგვარი საზოგადოების თავშეყრის ადგილი გახლდათ, სადაც იმართებოდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, საღამოები და ა. შ. 9 ივლისს გაფიცულებმა ელექტროსადენები გადაჭრეს და შუქის გარეშე დატოვეს ქალაქის ყველა კლუბი. როგორც გაზეთი იტყობინება, იმ დღეს ვოლინის პოლკს საღამო უნდა გაემართა „ახალ კლუბსა“ და „სობრანიეში“. ჯარისკაცთა მოთხოვნით, გაფიცულები ამ კლუბებისთვის დენის მიწოდებას დათანხმდნენ, მაგრამ დანარჩენი კლუბები ჩაბნელებული დარჩნენ.
გაფიცვებთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 5 ივლისს საკმაოდ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია ის ზარალი, რომელიც გაფიცვებმა მიაყენეს ქვეყნის ეკონომიკას: „გაფიცვების სენი, რუსეთიდან საქართველოშიც გადმოვიდა. ერთი მეორეზედ იფიცებიან სხვა და სხვა დარგში მომუშავენი. ამ უკანასკნელ ხანში თბილისმა რამოდენიმე გაფიცვები განიცადა: მეპურეებს, რესტორანში მომუშავენი მიყვენ, მათ კლუბის მსახურნი და ასე ამ რიგად ჩერდება პირველ საჭიროების სამუშაონი.
თბილისიდან გაფიცვები სხვა ქალაქებზედაც გადადის. უკვე გაიფიცნენ ჭიათურის შავი ქვის საბჭოს მოსამსახურენი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამრეწველო უბანი უწყლოთ და უსინათლოდ სრულს უმოქმედობაშია ჩავარდნილი. გაფიცვების ეს ზოლი სწორედ იმ დროს შემოერტყა მთელს რუსეთს, როდესაც მისი ეკონომიური მდგომარეობა გარდამწყვეტ კრიზის განიცდის სახელმწიფოებრივ არსებობისთვის და საწარმოო ძალები კი დღითი დღე მცირდებიან, მის ნაცვლად, რომ ერთი ათად დაიძაბოს მთელ ძალთა ეკონომიური საქმიანობა, როგორც ამას განსაკუთრებული საშინაო და საგარეო-საომო მდგომარეობა ითხოვს.
გაფიცვებისა და მომუშავეთა მოთხოვნილებების აუტანელობისაგან დახურულ ქარხნების რიცხვს ყოველდღე ახალნი ემატებიან, რის გამო მცირდება საერთო რიცხვი დამუშავებულ ნაწარმოებთა. ბაზარზედ ვეღარ გამოდის საკმაოთ პირველ საჭიროების საქონელიც კი და ისედაც გართულებული სასურსათო მდგომარეობა უფრო უარესდება“.
ხელისუფლების მიერ სხვადასხვა საქონელზე ზღვრული ფასების დადებამ უკვე საყოველთაო ხასიათი მიიღო. ივლისიდან ქალაქის სასურსათო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნიხრი დაწესდა მწვანილზე, ხილზე და ხელოვნურ წყლებზე, მაგრამ სასურსათო კომიტეტის მიერ დაწესებულ ნიხრს თითქმის არც ერთი ვაჭარი არ ემორჩილებოდა. ამის გამო დუქნებში ტყდებოდა ჩხუბი და აყალმაყალი მოვაჭრეებსა და მყიდველებს შორის.
აკრძალვებს შედეგად მოჰყვა შავი ბაზრისა და სპეკულაციის გაძლიერება.
გაზეთი „საქართველო“. 5 ივლისი: „საგუბერნიო სასურსათო კომიტეტმა მისწერა ქალაქის სასურსათო კომიტეტს: ბევრი საქონელი ისყიდება თბილისში დადებულ ფასებზე უფრო ძვირად. ცხადია, ამ შემთხვევაში სპეკულიაცია ხდება, ანუ ნიხრი არ შეესაბამება ბაზრის პირობებს. ქალაქის სასურსათო კომიტეტმა ყოველი ღონე უნდა იღონოს, რათა ასეთ მოვლენას ადგილი არ ჰქონდეს. თუ სადმე სპეკულიაცია აღმოჩნდება, ქალაქის სასურსათო კომიტეტმა საქონელი უნდა ჩამოართვას პატრონებს და იქვე გაჰყიდოს არსებულ ნიხრის კვალობაზე. საქონელი თუ ბევრია, ამ შემთხვევაში იგი უნდა დაარიგოს ქალაქის სასურსათო დუქნებში ნიხრის კვალობაზე გასასყიდათ და ღირებულობის 1 პროცენტი დაიტოვოს საოპერაციო ხარჯების დასაფარავად, ხოლო დანაჩენი ფული საქონლის პატრონს ჩააბაროს“.
ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იმ დონემდე იყო გართულებული, რომ მთავრობა ზოგჯერ უცნაურ აკრძალვებსა და შეზღუდვებსაც კი აწესებდა. მაგალითად, 6 ივლისის ინფორმაციით, ხელისუფლებამ აგარაკებზე დასასვენებლად გასულ მოქალაქეებს თბილისიდან შაქრისა და სხვა სურსათის დიდი ოდენობით გატანა აუკრძალა. მთავრობის დადგენილებით, მოქალაქეს მხოლოდ ერთი თვის შაქრის ულუფისა და აგრეთვე 20 გირვანქამდე პურის ფქვილის გატანა შეეძლო.
ქალაქში შაქარი, პრაქტიკულად, აღარ იშოვებოდა. უსაშველო დეფიციტის გამო სასურსათო კომიტეტმა შაქრის გაცემა საჩაიებზეც კი აკრძალა. უკვე დიდი ხანია, მოსახლეობაზე შაქარი სპეციალური ბარათებით გაიცემოდა, მაგრამ ეს ზომა მდგომარეობის გამოსწორებას ხელს ვერ უწყობდა.
22 ივლისს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულია შაქრის ბარათების მიღების წესი, რომელიც დეტალურად განმარტავს, თუ ვის რამდენი ბარათი ერგება. ქვემოთ მცირე შემცირებით გაგაცნობთ ამ წესს:
„შაქრის მისაღები ბარათები მხოლოდ საკუთარ ბინების პატრონებს მიეცემათ. მათ ბარათში შეტანილ იქნებიან ყველა ვინც მათ ბინაზე ცხოვრობენ და სადილობენ. მოსამსახურენი, შესანახად აყვანილი მოწაფეები და სხვანი.
შენიშვნა: თუ სახლის პატრონები მათ სიაში ჩაწერილ პირებს ბოროტმოქმედებას შეამჩნევენ, ბოროტმოქმედთ შაქრის მიღების უფლება მოესპობათ.
დაკარგულ ბარათებს აღარ განაახლებენ.
სიტყვებ შესწორებულს და ამოფხეკილ ბარათს ძალა ეკარგება.
სასტუმროებს, აფთიაქებს, ლაზარეთებს, სკოლებს და სხვ. ბარათის მიღება მხოლოდ შაქრის ბიუროში შეუძლიანთ, სადაც მათ შესაფერი განცხადება უნდა შეიტანონ.
ბარათის პატრონებმა ერთ-ერთი ქალაქის დუქანი უნდა აირჩიოს თავის რაიონში და შემდეგშიც იქიდან უნდა იღოს ხვედრი შაქარი.
ბარათებზე დახარჯულ ფულის ასანაზღაურებლად მიმღებს ორი შაური გადახდება“.
საომარი ვითარებისა და ჯარისკაცთა გახშირებული ლოთობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული შეზღუდვა შემოიღეს ღვინით ვაჭრობაზე. 17 ივლისს ამიერკავკასიის მევენახეთა და მეღვინეთა საბჭოს თათბირი გაიმართა, რომელსაც ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, თბილისის საუბნო სასურსათო კომიტეტებისა და ქალაქის მილიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თათბირის შემდეგ ქალაქის მმართველობამ სავალდებულო დადგენილება მიიღო და შემდეგი წესები გამოაქვეყნა: აიკრძალოს ღვინით ვაჭრობა იმ ადგილებში, სადაც ჯარისკაცების თავშეყრის ადგილია; ღვინით ვაჭრობის ნებართვას გასცემს მხოლოდ ამიერკავკასიის მევენახე-მეღვინეთა კომიტეტი და თბილისის მილიციის უფროსი; ღვინის შეძენა შეიძლება მხოლოდ ბარათებით, რომელსაც მოქალაქეები საუბნო სასურსათო კომიტეტებში საგანგებოდ ამ საქმისათვის დანიშნულ მოხელეებისგან მიიღებენ; თითო მოქალაქეს უფლება აქვს დღეში ნახევარი ბოთლი ღვინო შეიძინოს, მაგრამ კვირაში თითო ოჯახზე 6 ბოთლზე მეტი არ გაიცემა; სასტიკად იკძალება ღვინით ვაჭრობა კლუბებში, სასტუმროებში, რესტორანებსა და სასადილოებში; თბილისიდან და თბილისში ღვინის შემოტანა-გატანის ნებართვას იძლევა ამიერკავკასიის მევენახე-მეღვინეთა საბჭო; წესების დამრღვევს ღვინის ვაჭრობის ნება ჩამოერთმევა და მისი საქონელი საჯარო ვაჭრობით გაიყიდება; სიმთვრალეში შემჩნეულ მოქალაქეებს ღვინის ბარათი ჩამოერთმევათ.
მაგრამ ღვინით ვაჭრობის შეზღუდვამ მოულოდნელი პრობლემა წარმოშვა, რომელიც ქალაქის სანიტარიულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. საქმე ქოლერის ეპიდემიის საშიშროებას ეხებოდა – ექიმების აზრით ღვინო ამ დაავადების გავრცელებას ხელს უშლიდა.
გაზეთი „საქართველო“, 1917 წლის 8 ივლისი: „ხოლერის ნიშნებით გუშინ ერთი კაცი მოკვდა. ამის გამო მოხდა სანიტარ ექიმების კრება. საჭიროდ სცნეს ყოველ დღე გამოკვლეულ იქმნას ავჭალის წყლის სადენის წყალი, გაძლიერებულ იქმნას სადეზინფექციო კამერათა მოსამსახურეების შტატი, დათვალიერებულ და გასუფთავებულ იქმნან მტკვრის ნაპირები, სასანიტარო დადგენილებათა დარღვევის ოქმები განხილულ იქმნას ყოველ რიგს გარეშე. ამასთანავე კრებამ საჭიროდ სცნო ღვინის გაყიდვის წესების უფრო გამარტივება, რადგანაც ღვინო კარგი საშუალებაა ხოლერის წინააღმდეგ და უფრო ადვილად უნდა შეიძლებოდეს ღვინის ყიდვა“.

ეკლესია

29 ივნისს საქართველოში პეტრე-პავლობის დღესასწაული აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ავლაბარში მდებარე პეტრე-პავლეს სასაფლაოს ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩაატარა საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრემ, ყოვლად უსამღვდელოესმა ლეონიდემ. ეკლესია სავსე იყო მლოცველებით. ყოვლად უსამღვდელოესმა ლეონიდემ ქართულად იქადაგა და ღრმა შთაბეჭდილება დატოვა მსმენელებზე. მრევლის წინაშე წარდგა ეკლესიის წინამძღვარი მამა ი. შუბლაძეც. წირვის დასრულების შემდეგ ლეონიდემ სამღვდელოება და დღესასწაულზე დაპატიჟებული სტუმრები სამრევლო სკოლის შენობაში ჩაიზე და ხილზე მიიწვია. საუზმეზე მრევლის წარმომადგენელმა თ. ნასიძემ მოკლე სიტყვით მიმართა ლეონიდეს და მოახსენა, რომ ქართული ეკლესიის უფლებათა აღდგენის საქმეში მთელი საზოგადოება ლეონიდეს გვერდით იდგა.
მართალია, საქართველოს ეკლესიამ 12 მარტს მცხეთაში ავტოკეფალიური უფლება აღიდგინა, მაგრამ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას რუსეთი მაინც ეწინააღმდეგებოდა და ყველნაირად ცდილობდა ამ საქმის შეფერხებას. რუსეთი ნაწილობრივ აღიარებდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას და საქართველოში ეგზარქოსის თანამდებობას არ აუქმებდა.
ამის დამადასტურებელია გაზეთ „საქართველოში“ 20 ივლისს დაბეჭდილი წერილი, რომელიც რუსულ პოლიტიკას ასახავს: „საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსის მოსაყდრემ მაღალ ყოვლად უსამღვდელოესმა ლეონიდემ შემდეგ შინაარსის დეპეშა მიიღო პეტროგრადიდან ქართველ სამღვდელოების დეპუტაციისაგან (ეპისკოპოსი ანტონი, არქიმანდრიტი ამბროსი და დეკანოზი კალ. ცინცძე): დროებითი მთავრობასთან არსებულმა იურიდიულმა კომისიამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის დროებითი სამმართველოს დეკლარაცია და ამასთანავე კათოლიკოსს უწოდა არქიეპისკოპოსი მცხეთისა და კათოლიკოსი-პატრიარქი ყველა ქართველის; მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუჩინა თბილისი. რუსთა სასულიერო უწყების უფროსს ერქმევის თბილისის არქიეპისკოპოსი და კავკასიის ეგზარხოსი. საქართველოს დეპუტაცია უკმაყოფილო დარჩა კომისიის ასეთი დადგენილებით და პროტესტი განაცხადა.
დროებით სამმართველოს კომიტეტმა მოიწონა დეპუტაციის საქციელი და თავისის მხრივ საპროტესტო დეპეშა გაუგზავნა მინისტრ-თავმჯდომარეს, სინოდის ობერპროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს ა. წერეთელს და კარ. ჩხეიძეს კომისიის გადაწყვეტილების გამო“.
ამავე ცნობაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის დროებითი მართველობის კრებაზე, რომელსაც კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე თავმჯდომარეობდა, კათალიკოსის არჩევისა და საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევის საკითხი განიხილეს. ხანგრძლივი კამათის შემდეგ კრებამ დაადგინა, რომ კათალიკოსის არჩევა 15 აგვისტოს გაიმართებოდა, ხოლო დიდი საეკლესიო კრება 8 სექტემბერს ჩატარდებოდა. ამავე დღეს დაიგეგმა კათალიკოსის საზეიმო კურთხევა მცხეთაში.

კულტურა

მოხეტიალე მუსიკოსმა ილიკო ქურხულმა ველოსიპედით მოიარა გორის მაზრის დაბა-სოფლები: მეჯვრისხევი და ცხინვალი, სადაც გამართა თავისი კონცერტი და დაუკრა ვიოლინოზე. მის გამოსვლას დიდძალი ხალხი დაესწრო. როგორც გაზეთი აღნიშნავს, გზების ცუდი მდგომარეობის გამო ქურხულმა სხვა სოფლებში ვერ ჩააღწია. აქვე აღნიშნულია, რომ მუსიკოსი სამეგრელოსაც ეწვევა და ახალსენაკიდან სოხუმამდე გამართავს კონცერტებს.
23 ივლისის ნომერში გაზეთი „ცისფერყანწელთა“ ტურნეს შესახებაც გვამცნობს და მკითხველს აცნობებს, რომ პოეტებს განზრახული აქვთ, თითქმის, მთელი საქართველო შემოიარონ: „24 ივლისიდან გაიმართება „ცისფერ ყანწების“ გარშემო შეკრებილ მგოსანთა დიდი ტურნე სრულიად საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში, სადაც მათი მონაწილეობით გაიმართება პოეზიის და მუსკის დიდი საღამოები. ტურნეში შედიან: ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიტე ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, ა. ჭუმბაძე, ნ. ნადირაძე, ლეკურის ცნობილი მოცეკვავე ნ. იაშვილი და მუსიკოსი ჯაბადარი და სხვანი. პირველი ასეთი საღამო გაიმართება ქ. ქუთაისში ორშაბათს 24 ივლისს, შემდეგ ბათუმში, ფოთში და სხვაგან. აგვისტოს პირველ რიცხვებში ხელოვანთა ტურნე ესტუმრება ბორჯომს, აბასთუმანს და წაღვერს. უკანასკნელად საღამოები გაიმართება თბილისში და ბაქოში. მთელი მოგზაურობა ერთ თვეს გასტანს“.

მიხეილ ბასილაძე

 

დატოვეთ კომენტარი