სკანდალური მეთოდები, რომლითაც უშიშროება „გვავერბოვკებს“

ყველამ, ვისაც სპეცსამსახურების მუშაობაზე ზერელე წარმოდგენა მაინც აქვს, იცის, რომ ადამიანების გადაბირების სამი კლასიკური მეთოდი არსებობს: პატრიოტული მოტივი, მოსყიდვა და კომპრომატებით შანტაჟი, თუმცა ისიც ცნობილია, რომ კომპრომატებით შანტაჟს უფრო მეტად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სპეცსამსახურები იყენებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა და მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, ქართული უშიშროება, როგორც ამბობენ, თავის სამუშაო სტრატეგიას სწორედ კომპრომატებზე აგებს. ახლა ეს, შესაძლოა, უტრირებული და გადამეტებული ნათქვამია, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ აქტუალური იყო ე. წ. პირადი ცხოვრების ფირებით ადამიანების დაშანტაჟების მცდელობა, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ ინტერნეტსივრცეში კონკრეტულ ადამიანებს პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებული კადრები გამოუქვეყნეს.

თავის დროზე, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ არათუ ამ კადრების გამავრცელებელს, არამედ მასაც დასჯიდა, ვინც მოქალაქეებს ფარულად უღებდა და უთვალთვალებდა, თუმცა ამ დრომდე საქმე წინ არ წასულა. ყოველ შემთხვევაში, უცნობია, ვისი ინიციატივით და ხელშეწყობით მოხდა პირადი ცხოვრების ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ, _ გასაჯაროება.
რაც შეეხება „დავერბოვკების“ ე. წ. ფინანსურ და პატრიოტულ მეთოდებს, მას შემდეგ, რაც კაცობრიობა არსებობს, ადამიანს კეთილდღეობისა და უზრუნველი ცხოვრებისკენ აქვს მიდრეკილება, კარგი ცხოვრების მთავარი გარანტია კი ფულია, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ცალკეული ადამიანები ფულს დახარბდნენ და სპეცსამსახურთან თანამშრომლობენ. ასევე, გასაკვირი არც ის არის, რომ სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვით ესა თუ ის მოქალაქე უშიშროებას შეეკრას. ისე, სპეცსამსახურის გამოცდილი მუშაკები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანას გარე საფრთხე ემუქრება და ამის შესახებ პიროვნებას მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, ვალდებულია, დაზვერვა საქმის კურსში ჩააყენოს. ზოგადად, დასავლეთში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა, ლამის, რელიგიის დონეზეა აყვანილი, პატრიოტული მოტივებით სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა „გრეხად“ არ მიიჩნევა, თუმცა ჩვენთან, ალბათ, 70-წლიანი კომუნისტური გავლენიდან გამომდინარე, მას, ვინც სპეცსამსახურთან პატრიოტული მოტივით თანამშრომლობს, საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს.
ასეა თუ ისე, სპეცსამსახურის სამიზნე, როგორც „ქრონიკა+“-ს უშიშროების ყოფილი თანამშრომელი უყვება, შესაძლოა, ნებისმიერი სოციალური ფენისა და მატერიალური მდგომარეობის ადამიანი გახდეს, თუმცა, როგორც ირკვევა, უშიშროება, უმეტესად, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებზე „ნადირობს“. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი, რომელიც, თავისი, სტატუსიდან გამომდინარე, ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, იმასაც ამბობს, რომ ადამიანი, შესაძლოა, სპეცსამსახურის მეკავშირე იყოს, მაგრამ ამის შესახებ თავად არაფერი იცოდეს.
ასევე, საგულისხმოა, რომ უშიშროების არსენალში „დაზომბირებაც“ შედის.

„ბოლო დროს განსაკუთრებით თვალში საცემია ადამიანების ე. წ. ჯგუფური დაზომბირება. მაგალითად, იმის კულტივირება, რომ რუსეთი საქართველოს ერთადერთი მხსნელი და გადამრჩენელია, სწორედ ზომბირების შედეგია“, _ ამბობს „ქრონიკა+“-ის წყარო:

_ სპეცსამსახურები, განსაკუთრებით, რუსული, აქტიურად იყენებენ ტექნოტრონულ მეთოდებს. ზოგადად, თანამედროვე მეცნიერებამ საფუძველი დაუდო ადამიანთა ქცევის, აზროვნების, შეგრძნებებისა და მოქმედებების სპეციალური ტექნოტრონული მეთოდებით გამოყენებას, ანუ ლაპარაკია შესაბამის აპარატურასა თუ ჰიპნოზზე. სპეცსამსახურები მხოლოდ ადამიანზე კი არა, ადამიანთა ჯგუფებზეც, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედებენ. სხვათა შორის, ამ კატეგორიას, შეიძლება, ის პატარ-პატარა პრორუსული დაჯგუფებები მივაკუთვნოთ, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდნენ და ერთი მიმართულებით „უბერავენ“.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, ტექნოტრონული მეთოდები რა არის?
_ აუდიო-ვიზუალური გამაღიზიანებლებით, ელექტროშოკით, ულტრა და ინფრაბგერითი, ზემაღალი და ტორსული, ასევე, დარტყმითი ტალღებით ადამიანზე ზემოქმედება.
ზემოქმედების აუდიო-ვიზუალური მეთოდი ისეთი ძალიან სუსტი გამაღიზიანებლების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც ცნობიერად არ აღიქმებიან, თუმცა ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად აღწევენ.
_ ეს „მეხუთე კადრის“ ეფექტია?
_ დიახ… აუდიო-ვიზუალური გამაღიზიანებელი, ერთგვარი, შთაგონების ხერხია, რომელიც ცნობიერების მხრიდან კრიტიკას არ ექვემდებარება, ანუ ცნობიერება ვერ აღიქვამს, მაგრამ ამგვარი ზემოქმედებით აზროვნებისა და ქცევის საჭირო მიმართულებით სათანადო ორიენტირებაა შესაძლებელი…
აუდიო-ვიზუალურ ზემოქმედებას ყველაზე უფრო კეთილი ადამიანები ექვემდებარებიან. ამ მიმართულებით გამოიყენება, როგორც სმენითი (აუდიო), ასევე, ვიზუალური (მხედველობითი) არხები. ამიტომ არსებობს ორი მეთოდი _ აუდიო და ვიდეოსტიმულაცია.
აუდიოსტიმულაციის დროს, წინასწარ შერჩეულ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფებზე ზემოქმედებისთვის, მისთვის საყვარელი მელოდიის დისკზე ჩაწერისას, სათანადო შენელებული ტექსტის, ე. წ. შთაგონების ტექსტის „დატანა“ ხდება, თუმცა ეს ტექსტი დაკვირვების ობიექტს არ ესმის. ტექსტის სიჩქარე 10-15-ჯერაა შენელებული და, მელოდიასთან ერთად, ობიექტს მხოლოდ ყრუ ხმაური ესმის, რაც, შეიძლება, ცუდი ჩანაწერით ახსნას. ამ ხერხით ადამიანის ქვეცნობიერში „შთაგონებითი ინფორმაცია“ შედის. სხვათა შორის, ამ მეთოდს „გერეუს“ ე. წ. ბალაშიხას სკოლაში აქტიურად იყენებენ, სადაც პროფესიონალ მკვლელებს ამზადებენ.
როცა სპეცსამსახური ობიექტის შესწავლას იწყებს, მის შესახებ ყველა დეტალს არკვევს, იმასაც კი, თუ როგორი მუსიკა უყვარს და დღეში რამდენჯერ უსმენს. ამ მეთოდს, როგორც წესი, მაშინ იყენებენ, როცა, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკოსი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა რომელიმე პერსონა სადმე სასწავლებლად მიდის. მისი ორიენტირების შეცვლა სწორედ ამ დროს ხდება.
რაც შეეხება ვიდეოსტიმულაციას, ამ შემთხვევაში ვიდეოში ძალიან მცირე ზომის (0,004 წამი) სურათი, ან შთაგონების ტექსტია ჩართული, რომელიც ობიექტის შემდგომ ორიენტაციას განაპირობებს. ეს „დაფარული“ სურათი ან ტექსტი ეკრანზე ყოველ 5 წამში ერთხელ ჩნდება. ამ მეთოდის სუსტი მხარე ისაა, რომ ვიდეოჩანაწერი, შეიძლება, „გაიჭედოს“ და ამ დროს ობიექტმა ეკრანზე ე. წ. შთაგონებითი გამოსახულება დაინახოს. ამიტომ ამ მეთოდს იშვიათად იყენებენ, თუმცა მალე საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის და ამ მეთოდის გამოყენება გაადვილდება.
ზემოქმედების ერთ-ერთი მეთოდი ჩვეულებრივი ელექტროშოკია, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ პოლიციელს აქვს და რომელმაც ადამიანს შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს.
ელექტროშოკის ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედება სპეცსამსახურებს სრულფასოვნად აქვთ შესწავლილი და აქტიურად გამოიყენება მეხსიერების მოსაშლელად, დაკითხვის ან წამებისას ტკივილის გამოსაწვევად, ობიექტის სანდო გაუვნებელყოფისთვის. ზოგადად, ობიექტზე, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, ელექტროშოკის გამოყენება, შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს, ამიტომ მიტინგების დარბევისას ელქტროშოკის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს სპეციფიკური იარაღია.
არსებობს სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროშოკი. ელექტრო დენი, რომელიც 10 მიკროამპერზე ნაკლებია, ძალიან სუსტად ითვლება; 20 მ/ა სუნთქვის მოშლას იწვევს; 70 მ/ა საგრძნობლად აფერხებს სუნთქვას; 100 მ/ას გამოყენებას გულის ფიბრილაცია მოჰყვება, რომელიც, შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს; 200 მიკროამპერი კი მხოლოდ დამწვრობას კი არ ტოვებს, არამედ, სუნთქვასაც აჩერებს.
ადამიანის დატენიანებული კანის წინააღმდეგობა 1-დან 5 კილო ომამდეა, სხეულის შიდა, ანუ ქსოვილების წინააღმდეგობა კი _ 100-დან 500 კილო ომამდე; დენი, რომლის ძაბვაც 240 ვოლტზე მაღალია, კანს ხლეჩს; თუ ელექტროშოკის გამოყენებისას ენერგია 3 ჯოულს აღწევს, მაშინ გულის გაჩერებაა მოსალოდნელი. 130 ვოლტის ელექტროიმპულსი კი თავის ტვინის ნეირონებს შლის;
მეხსიერების მოშლისა და ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტების ჩასაკლავად 50 ათასი ვოლტი საკმარისია, მაგრამ ამ დროს დენის სიმძლავრე მილიამპერს არ უნდა აღემატებოდეს, ელექტროიმპულსის ენერგია კი 0,3 ჯოულს არ უნდა სცილდებოდეს.
ელექტროშოკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ ზემოქმედება ღია კანზე არ მოხდეს. ამასთან, მნიშვნელობა აქვს ზემოქმედების ხანგრძლივობასაც, რომელიც 5 წამზე მეტი არ უნდა იყოს.
ზემოქმედების ერთ-ერთი ხერხი ულტრაბგერითი ზემოქმედებაა და ამ შემთხვევაში გამოიყენება როგორც სითბური, ასევე მექანიკური _ დრეკადი რხევების მეთოდი, რომლის სიხშირეც 100 კილოჰერცს აღემატება. ასეთი რხევების მცირე ინტენსივობაც კი აზროვნების სტრუქტურასა და ნერვულ სისტემაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, ასევე იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მხედველობის გაუარესებას, სუნთქვის შეკვრას, კონვულსიას, ზოგჯერ კი ცნობიერების სრული გათიშვაცაა მოსალოდნელი. ისე, ულტრაბგერითი ზემოქმედებისთვის ხელსაწყოს დამზადება რთული ნამდვილად არ არის.
კარგად ფოკუსირებული ულტრაბგერითი ზემოქმედებით ადამიანის ტვინიდან არასასურველი მოგონებებისა თუ ინფორმაციის სრული წაშლაა შესაძლებელი, ოღონდ საამისოდ აუცილებელია სპეციალური სამედიცინო აპარატურა და ამასთან, სათანადოდ მომზადებული პერსონალი. ამ მეთოდებს სპეცსამსახურები კონკრეტულ ადამიანებზე იყენებენ.
რაც შეეხება ზემოქმედების ინფრაბგერით მეთოდს, ეს ძალიან ეფექტიანი მეთოდია.
_ რატომ?
_ 16 ჰერცამდე დრეკადი რხევების მექანიკური რეზონანსის ამოქმედება ყურით, როგორც წესი, არ აღიქმება. ყველაზე საშიში 6/9 ჰერცის ე. წ. შუალედური რეზონანსული რხევებია, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტი კი 7 ჰერცით მიიღწევა _ ამ დროს რეზონანსული რხევა ადამიანის ბუნებრივი რხევების სიხშირეს ემთხვევა და ნებისმიერი გონებრივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება, ადამიანს ეწყება თავის აუტანელი ტკივილი _ ჰგონია, სადაცაა, თავი გაუსკდება.
ინფრაბგერითი ზემოქმედების სამი დონე არსებობს _ დაბალი, საშუალო და მძლავრი ინტენსივობის.
დაბალი ინტენსივობის ბგერა იწვევს ღებინებას და ადამიანს მუდმივად ესმის ზუზუნი. ასევე, მოსალოდნელია მხედველობის გაუარესება. გარდა ამისა, ადამიანს შიშის მძაფრი განცდა ეუფლება…
საშუალო ინტენსივობის ბგერა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლასა და ტვინის დაზიანებას იწვევს. ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს პარალიზება, საერთო სისუსტე ან სიბრმავე.
რაც შეეხება მძლავრი ინტენსივობის ბგერას, მას შესწევს უნარი, დააზიანოს სისხლძარღვთა სისტემა, გული და, ზოგ შემთხვევაში, გულის მუშაობაც გააჩეროს.
უსიამოვნო შეგრძნებები 120 დეციბალიდან იწყება, 130 დეციბალის ბგერა კი ძლიერ ტრავმას იწვევს.
12 ჰერცამდე ინფრასიხშირეები, 85-110 დეციბალის ძალის ბგერის შემთხვევაში, იწვევს ზღვის ავადმყოფობის შეგრძნებას და თავბრუსხვევას, 15-18 ჰერცის რხევებს კი აფორიაქება და პანიკური შიშის განცდა მოჰყვება.
სპეცსამსახურთა არსენალში ასევეა ზემაღალი სიხშირის არაიონიზებული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივება, რომელსაც 1-დან 35-ჰერცამდე სიხშირე აქვს და ადამიანის ბიოდენებზე მოქმედებს.
ამ სახის ზემოქმედება ასევე იწვევს დაღლილობის, თავის ტკივილისა და ღებინების შეგრძნებას. ამასთან, შესაძლებელია, ადამიანის ინსტინქტური სფეროს სრული სტერილიზაცია, გულის დაზიანება, ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივებით ადამიანის თავის ტვინში ინფორმაციის შეტანაა შესაძლებელი.
ზემაღალი არაიონიზებული გამოსხივებისას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო, ასე ვთქვათ, ნივთებიც გამოიყენება, მაგალითად, სატელეფონო და რადიოგაყვანილობის სადენები, კანალიზაციისა და გათბობის მილები, ტელევიზორი, ტელეფონი, ანტისახანძრო სიგნალიზაცია. საამისოდ აპარატურის დამზადება კუსტარულადაც შეიძლება.
ასეთი ტიპის გამოსხივებამ, თუკი ის კონკრეტული ობიექტის ან ობიექტებისკენაა კონცენტრირებული და მიმართული, შეიძლება გამოიწვიოს ფეხების კანკალი და დაბუჟება, თავის აუტანელი ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, შეუჩერებელი ხველა, ცემინება და გულის არითმია. თუკი ადამიანი გამოსხივების ზონას მოშორდება, ეს სიმპტომები გაქრება…
ზოგადად, მასის მართვა ძალიან რთულია და საამისოდ სერიოზულად მომზადებული ადამიანები არიან საჭირონი.
დაზომბირების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, რომელსაც ტორსული გამოსხივება ჰქვია და რომელიც განსაკუთრებული ფიზიკური გამოსხივების ტიპია. ის ბუნებრივ გარემოში არ ეკრანირდება, თუმცა ფსიქოფიზიკურ აქტივობაზე ზემოქმედებს _ ამცირებს ან ზრდის. ამ მეთოდით ობიექტის ქვეცნობიერში „აუცილებელი პროგრამის“ კოდირებაა შესაძლებელი.
მასობრივი ზომბირებისთვის ტელევიზიები გამოიყენება. დააკვირდით: ტელევიზიით მხოლოდ უარყოფითი ინფორმაცია გადაიცემა. ეს სპეცსამსახურების ხელწერაა _ მასაში აგრესიამ უნდა გაიღვიძოს. ყველა რევოლუცია სწორედ ასე მზადდება.
ტორსული გამოსხივების აპარატურა მკაცრად გასაიდუმლოებულია, რადგან ადამიანთა დაზომბირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია…
საქართველოში ყველა ზომბირებაზე ლაპარაკობს, მაგრამ წარმოდგენა ცოტას აქვს, თუ რა არის სინამდვილეში ზომბირება. დაზომბირება ადამიანის ქვეცნობიერის ფორსირებული დამუშავებაა, რის შედეგადაც ადამიანი საკუთარ წარსულთან კონტაქტს კარგავს და „ხაზეინების“ ბრძანებების გაუთვითცნობიერებელ და უპირობო შესრულებაზე პროგრამირდება.

ზომბირების მკაცრი და რბილი ფორმები

მკაცრი მეთოდით ზომბირებულის გამორჩევა ექსტერიერითა და მოქმედების მანერითაა შესაძლებელი, ანუ ამ დროს ემოცია ადამიანის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს არ ემთხვევა. ამასთან, მისი თვალის თეთრი ნაწილი არაჩვეულებრივად თეთრია, ხმა მოშვებული აქვს, არასწორად მეტყველებს, არ შეუძლია კონცენტრირება, აღენიშნება შენელებული მოქმედება და მეხსიერებაში ჩავარდნები, ახასიათებს უნებლიე, სტერეოტიპული ქცევები.

რაც შეეხება ზომბირების „რბილ ფორმას“, ასეთი მეთოდით დაზომბირებული ჩვეულებრივი ადამიანისგან ნაკლებად განსხვავდება. საერთოდ, „რბილი ფორმის“ კატეგორიით პროფესიული ზომბირება ძალიან რთულია და ობიექტის საფუძვლიან ფსიქოლოგიურ შესწავლას მოითხოვს, ამიტომ საამისოდ სპეციალური სამედიცინო და კომპიუტერული აპარატურაც გამოიყენება. ასევე, საქმეში ცნობილი ჰიპნოზიორებიც მონაწილეობენ.
_ ჰიპნოზიორები ქართულ სპეცსამსახურებს ჰყავს?
_ არა… ამ შემთხვევაში რუსულ სპეცსამსახურებზე ვლაპარაკობ. ყველაფერ ამას იმიტომ ვყვები, რომ ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა, რომლებსაც ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან უხდებათ, გაითვალისწინონ, რომ შეიძლება, ზომბირების ქვეშ მოხვდნენ! თუ არ იცი, რომ ასეთი მეთოდები არსებობს, ვერც საკუთარ თავს დაიცავ და, მით უმეტეს, ვერც _ ქვეყანას. ქვეყნის ღალატი და შპიონაჟი სწორედ ზემოაღწერილი „ფსიქოლოგიური შეღწევის“ შედეგია.
_ ყველა ამ მეთოდის საბოლოო მიზანი ადამიანის „დავერბოვკებაა“?
_ რასაკვირველია. ამ კუთხით ყველაზე მოწყვლადი სეგმენტი ის ადამიანები არიან, რომლებიც უცხოეთში ხშირად დადიან. ამ თემაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურს ვინმემ ჰარი-ჰარალეზე არ შეხედოს!
რაც შეეხება „მკაცრი ზომბირებისას“ ობიექტის ფსიქოლოგიური დაპროგრამების მეთოდებს, პირველ რიგში, ობიექტს იმ გარემოს აცილებენ, სადაც მანამდე ცხოვრობდა და სათანადო კონტაქტები ჰქონდა. მას ცხოვრების რეჟიმს სრულად უცვლიან.
_ როგორ?
_ ვთქვათ, დაიჭერენ და გამოკეტავენ.
_ მკაცრი ზომბირების დროს სპეცსამსახური ღიად მოქმედებს?
_ დიახ და ამ მეთოდს ჩვენებიც იყენებენ ხოლმე…
დღის რეჟიმის შეცვლის პარალელურად, ობიექტის გარემოცვის მიმართ უნდობლობის პროვოცირება ხდება, ანუ ობიექტზე ჭორს ავრცელებენ, ემუქრებიან, რაღაცებს ატყუებენ, დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ და იმის უგულებელყოფას ცდილობენ, რაც ობიექტისთვის ყველაზე ძვირფასია. ყურადღება მიაქციეთ: ობიექტს კვების რეჟიმსაც უცვლიან _ სპეციალურ დიეტაზე „სვამენ“ _ ქიმიო და ბიოდანამატებით გაჯერებულ საკვებს აძლევენ.
ყველაფერ ამის ზემოქმედებით ადამიანი აბსოლუტურად ინდიფერენტული ხდება და შთაგონებას ექვემდებარება. ამ დროს მის ქვეცნობიერში საჭირო ინფორმაცია შეაქვთ და ცხოვრებას დაპროგრამებით იწყებს.
_ ნებისმიერი ადამიანის დაზომბირება შეიძლება?
_ დიახ, შეიძლება.
„მკაცრი ზომბირების“ მეორე მეთოდი სამსაფეხურიანია, აქედან პირველი „ტვინის გამორეცხვა“, ანუ მეხსიერების გაწმენდა და ჩამოყალიბებული ორინტირების დანგრევაა. „ტვინგამორეცხილ“ ადამიანს არც წარსული აინტერესებს და არც _ მომავალი. გადახედეთ, ქართულ პოლიტიკაში რამდენი „ტვინგამორეცხილია“.
მეორე ეტაპი „სიტყვიერი კოდირებაა“, როცა ფსიქიკაზე ზემოქმედება გარკვეული იდეებითა და წარმოდგენებით ხდება.
მესამე საფეხური კი „დამაგრებაა“, რაც შთაგონებული იდეებისა და წარმოდგენების კონტროლს გულისხმობს.
ზემოხსენებული ფაზების ტექნიკა ასეთია: ობიექტი ჰიპნოზით ან ძლიერი საძილე საშუალებებით ღრმა ძილში (დაახლოებით, 15 დღე) შეჰყავთ, დღეში ორჯერ, 150 ვატის ფარგლებში, მის ელექტრონულ იმპულსირებას ახდენენ. 10-15 დღის განმავლობაში შესაბამის შთაგონების ტექსტს ასმენინებენ. ყოველი სეანსის შემდეგ, იმისთვის, რომ შთაგონების ტექსტი რელიეფურად იყოს აღქმული, ობიექტზე ისევ ელექტროშოკით ზემოქმედებენ…
_ დაზომბირებულ ადამიანს სპეცსამსახური რისთვის იყენებს?
_ ვთქვათ, უშვებს პოლიტიკურ ასპარეზზე…

უშიშროების თანამშრომელმა „ქრონიკა+“-თან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ყველა ის მეთოდი, რაზეც ისაუბრა, რეალურია, ანუ ეს მეთოდები სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებშია აღწერილი და სპეციალურ სასწავლებლებში ისწავლება, თუმცა გადაბირებისა და „ზომბირების“ ეს წესები სპეცსამსახურმა მხოლოდ უკიდურეს და ექსტრემალურ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს.

გიორგი აბაშიძე