თაკო ჩარკვიანი: „თავის დროზე გამსახურდიას გვერდით რომ იდექი, დღეს კრემლის მომხრე როგორ ხარ?!“

80-იან წლებში რუსმა მწერალმა ასტაფიევმა ქართველებს „ბალნოი ნაროდი“ უწოდა. ამის გამო საქართველოს დელეგაციამ _ ჯანსუღ ჩარკვიანმა, ნოდარ დუმბაძემ და სხვებმა _ საკავშირო ყრილობა დატოვა. ქართველებს ოსმა პოეტმა, ნაფი ჯუსოითმაც აუბა მხარი _ ძმაო ჯანსუღ, ძმაო ნოდარ, თქვენთან ვარო და ყრილობიდან გამოვიდა. სამაგიეროდ, დარბაზში ერთი ქართველი პოეტი დარჩა. სხვათა შორის, ეს პოეტი დღეს ცდილობს, თავი პატრიოტიზმის მებაირახტრედ წარმოაჩინოს. ამ პოეტის ვინაობა ბევრისთვის ცნობილია, თუმცა სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მის ვინაობას არ ასახელებს. სამაგიეროდ, „ქრონიკა+“-ს ბევრ სხვა საინტერესო ამბავს უყვება:

_ თაკო, ზუსტად ახლა, როცა ინტერვიუს ვიწერთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ჰოდა, საუბარიც, მგონი, სწორედ ამით უნდა დავიწყოთ… ამ არჩევნებით ჩვენთვის, ანუ საქართველოსთვის, რამე შეიცვლება?
_ (დამაჯერებლად) არა! რუსეთში ისევ ჯოჯოხეთს აირჩევენ! (რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლ. პუტინმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, -რედ.) ისე, რუსეთისგან მუდმივად განადგურებული და დაჩაგრული საქართველოს შემდეგ, პუტინზე განაწყენებულნი თავად რუსები უნდა იყვნენ, რადგან ლამის ოცი წელია, ისეთი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელმაც ძალიან მდიდარი რესურსების ქვეყანა 200-დოლარიან პენსიას ვერ ააცილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 150-მილიონიან ქვეყანას პრეზიდენტი ცუდად აცხოვრებს. ეს კაცი ჩეულებრივი დიქტატორია, რომელსაც „კა-გე-ბე“-ს სკოლა აქვს გავლილი და ხალხი ვერ უმკლავდება, თუმცა როგორც ყველა დიქტატურასა და დიქტატორს, დასასრული პუტინსაც ექნება. ამ კაცმა მთელ მსოფლიოს თავი მოაძულა და ისე დაამახსოვრა, როგორც ტერორისტმა! ლონდონში უკვე ქუჩებში აცხადებენ, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სხვათა შორის, 9 აპრილს ჩვენც მოგვწამლეს…
_ ამ „ტერორისტ“ პუტინს ჩვენი პრემიერი წერილს რომ უგზავნის, ლოგიკურია?
_ ეს გავაპროტესტე! თეიმურაზ ხევისთავი, რომელიც ბრწყინვალე მწერლის ნაწარმოების გმირია, კარგი არაა. მიხეილ ჯავახიშვილმა, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, ეს ნაწარმოები იმიტომ დაწერა, რომ თეიმურაზ ხევისთავები არ ვიყოთ!
_ ანუ პრემიერი თეიმურაზ ხევისთავია?
_ ეს განცხადება თეიმურაზ ხევისთავის ტიპის ადამიანის განცხადება იყო! დიახ, ეს უსუსური განცხადებაა! ვიღაცებმა თქვეს, აბა, სხვა რა უნდა ექნაო, მაგრამ როგორ გეკადრებათ, რას ბრძანებთ?! დიპლომატია ხვეწნა-მუდარას არ ნიშნავს! უნდა მიუთითო, რომ ოკუპირებული ხარ და რუსეთს ისე კი არ უნდა ელაპარაკო, როგორც შუამავალს! ვინმეს შევარდნაძე ან სააკაშვილი მოსწონდა თუ არა, ფაქტია: მაშინ დოკუმენტი შეიქმნა, რომ რუსეთი ოკუპანტია და დღეს ამ დოკუმენტის ტექნიკურად უგულებელყოფა ხდება და რუსეთს ისე ელაპარაკებიან, როგორც შუამავალს!
_ ყველაფერ ამის მიზანი რა არის?
_ თავიდან ეჭვი მქონდა, თუმცა საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი და ვფიქრობდი, შეიძლება, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ საგარეო კურსი გამოკვეთილი არაა.
_ „ოცნებამ“ საგარეო კურსი შიშის გამო არ გამოკვეთა?
_ არ მგონია.
_ აბა?
_ ქვეყანაში კორუფცია ყვავის და რუსული კორუფციული სივრცე გარკვეული ადამიანებისთვის მისაღებია _ იქ ფულს იოლად აკეთებენ. მთელ პოლიტელიტას, თუნდაც, სამედიცინო მომსახურება დასავლეთში აქვს, ასე ვთქვათ, მოგვარებული. ჩვენს შვილებს კი რუსულ ძირგამომპალ სივრცეს სთავაზობს!
_ ანუ ვიღაცები ფულს რუსეთში შოულობენ და საქართველოს რუსეთის ვასალობას ამიტომ ცდილობენ?
_ რა თქმა უნდა. ახალს არაფერს ვამბობ _ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი კორუფციული სივრცეა.
_ ქართული პოლიტელიტიდან რუსეთში ბიზნესი, მაინც, ვის აქვს?
_ მხოლოდ რუსეთში კი არა, ფული ოფშორებშიც აქვთ დაბანდებული! სამინისტროები ეძებენ, 50-50 ათასი სადაა წასული და ამ დროს ხალხი შიმშილით კვდება. იცით, რა ხდება? _ სახელმწიფო ინსტიტუტები ინგრევა და ქვეყანაში აბსოლუტური სტაგნაციაა! ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ვითარებაა _ უამრავი მოხუცი უფასო სასადილოში იკვებება. ამას წინათ ვიღაცამ მკითხა, დასავლეთი, მაინც, რას მოგვცემსო და განზრახ უკვე ძალიან ადაპტირებული ენით ვსაუბრობ, რათა ყველამ გაიგოს: საქართველო თავისი კულტუროლოგიით ყოველთვის ევროპა იყო. აბა, გადახედეთ ჩვენს ლიტერატურას _ ქართველი მუდამ იბრძვის, რომ ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდეს, მაგრამ ამ ღირებულებების გარდა ელემენტარულ ადამიანურ შეგრძნებებზე რომ დავიყვანოთ, დიახ, ევროპა მოგვარებული სიბერეა!
_ სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროსაც მოგვარებული სიბერე იყო და არ სჯობდა, საბჭოეთში დავრჩენილიყავით?
_ არა, არ სჯობდა!
_ რატომ არ სჯობდა?
_ რატომ არ სჯობდა და, საქართველო, თავისი კულტუროლოგიით, დამოუკიდებელი ქვეყანაა და დამოუკიდებლობას იმსახურებს!
_ კი ბატონო, მაგრამ ვიღაცები ამბობენ, რა მნიშვნელობა აქვს, რუსების მონები ვიქნებით თუ ამერიკელებისო?
_ ამერიკელების მონობა სად დაინახეთ? ამას რუსეთუმეები ამბობენ, თორემ მონობა კი არა, საქართველოში აშშ-ის მილიონებია დახარჯული. ამერიკელების მონობა რას ნიშნავს? _ აშშ-მ ტერიტორია წაგვართვა თუ რა?
_ ტერიტორია არ წაურთმევია, მაგრამ როგორც ზოგი ამბობს, აშშ ქართველობას და „მეობას“ გვართმევს…
_ და ეს რაში გამოიხატება?
_ აი, მაგალითად, პირადობის მოწმობაში ეროვნება „ქართველი“ აღარ გვიწერია…
_ ეს ამერიკელმა გააკეთა?
_ ამბობენ, სოროსის მითითება იყოო…
_ სასაცილოა! ახლა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან რამეს გეტყვით: სააკაშვილის დროს, როცა სააკაშვილის „გაქანებულ“ ოპოზიციაში ვიყავი, ერთ სუფრაზე უცხოელებთან ერთად მოვხვდი და ძალიან მაღალი თანამდებობის უცხოელს ვკითხე, _ განა, შექსპირს ადაპტირებულად ასწავლით-მეთქი? მომიგო, _ არაო. პირდაპირ ვუთხარი, _ განათლების რეფორმა, რომელიც კორუფციას ებრძვის, მომწონს, მაგრამ ადაპტირებული სახელმძღვანელოები არ მომწონს-მეთქი. დაახლოებით, ხუთ წუთში მიპასუხა: განათლების ეს რეფორმა ბალტიისპირეთშიც „შევიდა“, მაგრამ დაამუშავა და ის დაიტოვა, რაც მისთვის სასარგებლო იყო. თქვენთან კი, კომისიაში, ორმოცი წევრი იჯდა და ორმოცივემ პირველივე შეთავაზებას დასტური მისცაო. მოკლედ, გესმით, რა ხდება? ნებისმიერი კანონი შენს ქვეყანას მოარგე, ვინ დაგიშალა? ყველაფერს ჩვენივე ხელით ხომ არ ვაკეთებთ? მაპატიეთ, მაგრამ ისრაელმა აშშ ლიმონივით გამოწურა _ აშშ-დან ისრაელში მილიარდები შედის, მაგრამ ივრითული წარწერების გარდა სხვა ენაზე წარწერას ვერ ნახავთ! ისრაელმა აშშ-სთან პირდაპირი სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო და ქართველი რომ ხარ, უნარი უნდა გქონდეს, გამყიდველი არ იყო, თორემ ნებისმიერი ჩექმის ქვეშ მოექცევი! ისე, საუკუნეების განმავლობაში დაპყრობილები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ჩექმის ქვეშ მოქცევა ვერავინ მოახერხა. ამერიკელები ქართველობას გვართმევენო, იმ მცირე ფრთის მოგონილია, რომელიც გამოკვეთილად რუსულ უშიშროებაზე მუშაობს. გახსოვთ, ამას წინათ, დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელზე წერილი რომ გააგზავნეს?
_ იმ წერილს გულისხმობთ, რეზო ამაშუკელი, ელიზბარ ჯაველიძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება რომ აწერდა ხელს?
_ დიახ. როცა გაიგეს, რომ, სინამდვილეში, ამ წერილში სხვა რამ ეწერა, მხატვარმა თემო გოცაძემ, აკადემიის პრეზიდენტმა კვესიტაძემ და რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ ხელმოწერები უკან წაიღეს. ეს ადამიანები ასაკოვნები არიან, რაღაც ამონარიდი მიუტანეს, სადაც აბსურდი ეწერა, აშშ გვთხოვს, ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა შეხვიდეთო. ეს შეგნებულად იყო გაკეთებული, მაგრამ როგორც კი გასკდა, რომ ეს ტყუილი იყო, ამ ხალხმა ხელმოწერა უკან წაიღო.
საერთოდ, ეს წერილი იმიტომ არ დაწერილა, რომ რამე შეიცვლებოდა.
_ აბა?
_ რუსეთს საბჭოთა კავშირის შეგრძნებები მოჰყვება. ჰოდა, ეს წერილიც ასე გაჟღერდებოდა _ ხელს აწერს ცნობილი რეჟისორი, მხატვარი, აკადემიის პრეზიდენტი და აი, ბატონო, დოკუმენტიო. ამ „დოკუმენტს“ რუსები საქართველოს წინააღმდეგ მომავალში, ანუ მაშინ გამოიყენებდნენ, როცა საქართველოში შემოსვლა დასჭირდებოდათ. ყველაფერი ეს 90-იან წლებში გავიარეთ და სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ადამიანი, რომელიც მაშინ აქტიურობდა, ახლაც მეცნო და დღესაც იგივეს აკეთებს, მაგრამ აღარ წამოვეგეთ! მოკლედ, ეს პროვოკაცია ჩაიშალა და, როგორც იტყვიან, ჩიტი ბრდღვნად ღირდა!
_ ეს პროვოკაცია თქვენ ჩაშალეთ, თაკო!
_ ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ, პატარა წვლილი შევიტანე, ანუ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს, მამაჩემის მეგობრებს დროულად მივაწოდე ინფორმაცია, გატყუებენ-მეთქი!
_ ჯანსუღი ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მეგობრებს რას ეტყოდა?
_ გაისაუბრებდნენ და ყველაფერს გაარკვევდნენ. წეღანდელი თქმისა არ იყოს, ჩვენ, ყველამ, 90-იანი წლები ძალიან მძიმედ და მტკივნეულად გადავიტანეთ. ყველაფერი ის ინსპირირებული იყო, თორემ 60-იანელთა ძალიან ბევრი ვაჟკაცი წარმომადგენელი და ეროვნული მოძრაობა ერთად რომ ყოფილიყო, ამით საქართველოსთვის უდიდესი საქმე გაკეთდებოდა, მაგრამ მაშინ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპმა იმუშავა. როცა ამას ვამბობ, ვიღაცებს სწყინთ, მაგრამ მუდმივად ვიტყვი: დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარე არ ყოფილა!
_ რას გულისხმობთ?
_ გვარს არ დავასახელებ, მაგრამ გამგები გაიგებს: თავის დროზე გამსახურდიას გვერდით რომ იდექი, დღეს კრემლის მომხრე როგორ ხარ? ჩანერგილი მაშინ იყავი თუ ახლა ხარ? ჩემი აზრით, ჩანერგილი მაშინ იყო, ახლა კი, უბრალოდ, ლუსტრაცია მოხდა და დღეს ყველამ იცის, ვინ ვინაა!
ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ზვიად გამსახურდიას გენერალური პროკურორი, რომელსაც ბატონი ანზორ ბურჯანაძე ახლდა, ჩვენთან, სახლში მოვიდა და ჯანსუღს უთხრა, საქართველო დატოვეო. სიაც მოიტანა და ამ სიაში ელდარ შენგელაიაც იყო, ლანა ღოღობერიძეც, მერაბ კოკოჩაშვილიც…
_ ანუ ვახტან რაზმაძემ თქვა, რომ ზვიად გამსახურდია, თითქოს, ამ ადამიანების დაჭერას სთხოვდა, არა?
_ დიახ, რაზმაძემ თქვა, სანქციას მთხოვს, მაგრამ ამას როგორ ვიკადრებო? მაშინ ყველაფერი ეს ჩვენ დავიჯერეთ. სხვათა შორის, მერე ბატონმა რაზმაძემ ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა და თავად თქვა, დიახ, გამსახურდია ამ ხალხის დაჭერას მთხოვდაო.
_ იქნებ, მართლა სთხოვდა?
_ ეს სია თანდათან იზრდებოდა. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ზვიად გამსახურდია ვიღაცებს აჰყვა, მაგრამ გონებასუსტი არ იყო, რომ გენერალური პროკურორისთვის 120-კაციანი სია მიეცა და ლიტერატურაში, მხატვრობასა თუ რეჟისურაში ყველაზე ცნობილი ადამიანების დაჭერა მოეთხოვა! ამას ახლა ვერავინ დამაჯერებს! ამიტომაც, მგონია, რომ ყველაფერი ეს მუშაობის შედეგი იყო. ჯანსუღთანაც მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, ზვიადი ამას ამბობს შენზე და იმას ამბობსო. მახსოვს, ჯანსუღზე უბინძურესი წერილიც დაიბეჭდა, რომელიც ძალიან მძიმედ გადაიტანა.
_ რატომ?
_ რატომ და, გარდა იმისა, რომ ორჯერ თავდებში დაუდგა, კადრებიც არსებობს, როცა ზვიად გამსახურდია და ჯანსუღი მიტინგზე გვერდიგვერდ დგანან, ადამიანურადაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ…
_ ჰოდა, ენის მომტანებს რატომ უჯერებდა? არ სჯობდა, პირადად ზვიადთან გაერკვია?
_ ვერ გაარკვია.
_ რატომ?
_ ვერ ნახა. დედაჩემიც ცდილობდა, მაგრამ ამაოდ… მახსოვს, კაკო ბაქრაძე და ჯანსუღი ზვიად გამსახურდიას დილის ათის ნახევარზე უნდა შეხვედროდნენ, „რუსთაველის საზოგადოებიდან“ დაურეკეს და უთბილესად ისაუბრეს, ამის მომსწრე რამდენიმე ადამიანია.
_ ამ დროს რაზმაძეს ე. წ. შავი სია უკვე მოტანილი ჰქონდა?
_ არა, არა, როცა რაზმაძე მოვიდა, ვითარება უკვე დაძაბული იყო. აკაკი ბაქრაძე და ჯანსუღი ზვიადს მაშინ უნდა შეხვედროდნენ, უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციები უკვე დაწყებული რომ იყო. მოკლედ, ბატონი აკაკი და მამა დილის ათის ნახევარზე მივიდნენ, მაგრამ დაცვამ არ შეუშვა, პრეზიდენტს თქვენთან საუბარი არ სურსო და ამის შემდეგ კავშირი აბსოლუტურად გაწყდა.
სხვათა შორის, დედაჩემი და ზვიად გამსახურდია ლიტერატურის ინსტიტუტში ერთად მუშაობდნენ და ძალიან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. ის კი არადა, ზვიად გამსახურდიას „ბოდლერი“ პირველად ჯანსუღმა გამოსცა. კოკო გამსახურდიამ საჯაროდაც დაწერა, _ ციხეში რომ იყო, მამაჩემმა მითხრა, თუ რამე გაგიჭირდება, ჯანსუღს მიაკითხეო. ისიც გახმაურებული ამბავია, ჯანსუღმა ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას ხელი რომ არ მოაწერა და ამის გამო დიდი უსიამოვნება შეხვდა.
_ თაკო, როცა ამ ამბებს ყვები, ზოგი ამბობს, ჯანსუღი დისიდენტი არ ყოფილაო.
_ არა, დისიდენტი არც ჯანსუღ ჩრკვიანი იყო, არც _ მუხრან მაჭავარიანი, არც _ ოთარ ჭილაძე და არც _ ნოდარ დუმბაძე. დისიდენტობა იატაკქვეშა ანტისაბჭოთა საქმიანობა იყო. სხვათა შორის, მუხრან მაჭავარიანი, თამაზ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი ჟურნალების რედაქტორებად ვასილ მჟავანაძის დროს დაინიშნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
_ რატომაა ძალიან მნიშვნელოვანი? ვასილ მჟავანაძეც ხომ კომპარტიის ნაწილი იყო?
_ კი, მაგრამ 60-იანელთა ძალიან ვაჟკაცთა გუნდი _ ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, გურამ ფანჯიკიძე, ოტია პაჭკორია, რომელიც პოლიტიკურზე იჯდა და რომელიც ჯანსუღმა მოადგილედ მაშინ წაიყვანა, სანამ მისი რეაბილიტაცია მოხდებოდა _ მთელ ჟურნალებს მოედო. გავკადნიერდები და იმასაც ვიტყვი, რომ ჟურნალი „ცისკარი“ ფლაგმანი იყო, სადაც ყველაზე მწვავე და თამამი ნაწარმოებები იბეჭდებოდა. ეს ურჩხულთან გარკვეული ბრძოლა იყო… ამას წინათ სრულიად ტუტუცმა „შნიკმა“ იკითხა, ჯანსუღ ჩარკვიანი ჩუმად წერდაო? ჩუმად კი არ წერდა, არამედ, „რწმენის კედელი“ თუ „ჰიმნი თავისუფლებას“ ყველა კრებულშია შეტანილი…
_ ჯანსუღს ლენინზეც ხომ აქვს ლექსი დაწერილი?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად ამ ლექსის გამო ჯანსუღი ძალიან მაგრად „ათრიეს“.
_ ანუ?
_ გაზეთში წერილი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, ჯანსუღ ჩრკვიანი ბელადს თავისი ჩვეული ცინიზმით ახსენებსო. სხვათა შორის, ამ ლექსში ასეთი სტრიქონებია:
„ვუმღერით ლენინს,
ვადიდებთ ლენინს
ჩვენ, ვისაც ერთხელ
არ გვინახავს ძია ლენინი!“
სხვათა შორის, მუხრანს ჰქონდა სტრიქონები: „დაარქვით ბროდვეის ლენინის ქუჩა“, მაგრამ მე მუხრანის „საბა“ მიყვარს! გალაკტიონი წერდა: „კოლექტივის მხარდამხარ, მხარდამხარო“, მაგრამ მე გალაკტიონის „იისფერი თოვლი” მიყვარს!
მაშინაც ისინი „მუშაობდნენ“, ვინც ახლა მუშაობს! მაშინაც ორი ფრთა არსებობდა: ერთი იდეოლოგიური სექტორის ფრთა იყო, მეორე კი _ შედარებით პროგრესული. ამ პროგრესულ გზას შევარდნაძე ადგა და ცდილობდა, იგივე 60-იანელებთან ემეგობრა. იდეოლოგიის გარკვეული ტიპები კი მხოლოდ ამ ხალხის განადგურებას ცდილობდნენ. მაგალითად, როცა ჯანსუღმა „ცისკარში“ მცხეთის ჯვართან დაკავშირებით რეზო ჯაფარიძის ძალიან გახმაურებული წერილი დაბეჭდა, ჟურნალის მთელი ტირაჟი „მერვე პოლკმა“ „შტიკებით“ „დახვრიტა“.
_ ამ დროს იდეოლოგიის სექტორს ვინ ხელმძღვანელობდა?
_ დევი სტურუა.
…ადამიანების ძალიან პატარა გუნდს ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანა უნდა. სააკაშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვიყავი და 7 ნოემბერს ქუჩაში ვიდექი, მაგრამ 26 მაისის მიტინგებზე ქუჩაში აღარ გავსულვარ.
_ რატომ?
_ რატომ და ლიდერებში რამდენიმე ის სახე დავინახე, რომელიც 90-იან წლებში ჩვენს ოჯახში მოდიოდა და ენა მოჰქონდა, ასევე, გამსახურდიასთანაც მიდიოდა და ენა მიჰქონდა. მოკლედ, როცა დავინახე, რომ გარკვეული ადამიანები „ბელა ჩაოს“ მღეროდნენ, ვთქვით, მართალია, სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ პროტესტი გვაქვს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს სიმართლეს ისევ რუსული ტანკი არ შემოჰყვეს, როგორც 90-იან წლებშიო.
ჯანსუღის ოპოზიციონერობა ეროვნული იყო _ არ უნდოდა, რომ მისი მიწა-წყალი ერთ ლარად გაყიდულიყო და ციხეებში უბედურება მომხდარიყო, იმას არ დაუშვებდა, რომ ეს პროტესტი რუსული ნარატივის ხალხს გამოეყენებინა! სოწრედ ეს თქვა ჯანსუღმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა: „ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო“. სწორედ ეს გამოიყენეს ერთ-ერთ რუსეთუმე გაზეთში, სადაც ავტორი ვინმე დ. მხეიძე წერილს ასე იწყებდა, ახლა მკვლელობას ჩავდივარო. ეს შეასრულა _ დიახ, მან მკვლელობა ჩაიდინა! წერილის წაკითხვიდან ოც წუთში მამას ინსულტი დაემართა, მაგრამ დაავიწყდათ: ადამიანები შვილებს იმ განწყობით ზრდიან, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სიყვარული ჰქვია. მე და მამუკა სწორედ ასე გავიზარდეთ. მამუკას, შეიძლება, ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ჯანსუღის ლექსზე _ „ჰიმნი თავისუფლებას“, რომელიც 1972 წელსაა დაწერილი, სიმღერა აფხაზეთის დაკარგვის დროს დაწერა! ჩვენში პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის კოდი დევს!
ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს! პირველად 1972 წელს გავიგე, ტყვია მიზანში მოსახვედრიაო. მაშინ 12-13 წლის ვიყავი და ეს ჩემში დარჩა.
სხვათა შორის, მამას 50 წლის იუბილე რომ იყო ფილარმონიაში, მაშინ ზვიად გამსახურდია ციხეში იჯდა. ყველამ იცის, რომ ცეკა-ს ერთ-ერთმა მდივანმა დარბაზი დატოვა და ამის შესახებ მზია ხეთაგურის მოგონებებშია საუბარი.
_ რატომ დატოვა?
_ მამას ჰკითხეს, ზვიად გამსახურდიაზე რა აზრის ხართო? იმხანად მწერალთა კავშირის თვმჯდომარის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ერთ-ერთი კანდიდატი მამა იყო. ჯანსუღმა კითხვაზე უპასუხა, _ არ ვიცი, ზვიად გამსახურდია იმას, რაც ჩაფიქრებული აქვს, როგორ განახორციელებს, მაგრამ ზვიადს საქართველო უყვარს, ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია და არც შემეპარებაო. ამ სიტყვების თქმა იყო და ცეკა-ს იდეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი წამოდგა და ფილარმონიის დარბაზი დატოვა. მზია ხეთაგური წერს: მწერლებმა ერთმანეთს გადავულაპარაკეთ, ჯანსუღი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ვეღარ გახდებაო. ასეც მოხდა _ ჯანსუღი მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ აღარ მიუშვეს!

გიორგი აბაშიძე