საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე

უკვე 18 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში და საერთაშორისო უსაფრთხოეხის სადარაჯოზე მყარად დგას.
უკვე 18 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ქართული სამშვიდობო კონტინგენტი 1999 წელს კოსოვოში ეროვნული უმცირესობების დასაცავად გაემგზავრა. თავიდან კონტინგენტის რაოდენობა მხოლოდ 34 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, თუმცა წლების მატებასთან ერთად იზრდებოდა ქართველი მშვიდობისმყოფელების რაოდენობა კოსოვოს რეგიონში.

2008 წლისთვის ქართველი სამხედროების რაოდენობა ამ კონფლიქტურ ტერიტორიაზე უკვე 2259 ადამიანს შეადგენდა. ამ წელს ბალკანეთში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის უდანაკარგოდ დასრულდა.
ქართული დანაყოფები სამშვიდობო მისიებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც ასრულებდნენ. პირველი შემადგენლობა (21 სამხედრო მოსამსახურე) ერაყში 2003 წელს გაიგზავნა, მათთან ერთად 70-მდე სამედიცინო სამხედრო მოსამსახურე.
2004 წელს კოალიციური ჯარების შემადგენლობაში შემავალი ქართული კონტინგენტი ერაყში 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო. ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ერაყის ქალაქ ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) სამშვიდობო მისიას მესამე ქვეითი ბრიგადის უკვე 2000 სამხედრო მოსამსახურე ახორციელებდა.
ერაყის რესპუბლიკაში მისია 2011 წელს დასრულდა. განსხვავებით ბალნაკეთისა, ერაყის მისიაში მონაწილე ქართულმა კონტინგენტმა დანაკარგები განიცადა, იყვნენ დაჭრილებიც და დაღუპულებიც.
ასევე აღსანიშნავია ქართველი სამხედროების აქტიური და თავდადებული მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) ყველაზე მასშტაბურ ოპერაცია ISAF-ში, რომელიც ხორციელდებოდა ავღანეთში ნატოს წევრი და პარტნიორი 49 ქვეყნის მონაწილეობით.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ყველაზე ხანგრძლივი და დანაკარგიანი კონტრიბუცია საქართველომ და მისმა ჯარმა ავღანეთში გაიღო.
საქართველო თავისი საჯარისო კონტინგენტის რაოდენობით ერთ-ერთი უმსხვილესი იყო ამ სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში.
პირველი ქართული გაძლიერებული ქვეითი ოცეული ავღანეთში 2004 წელს გაიგზავნა და გერმანული ბატალიონის შემადგენლობაში ასრულებდა მისიას. 2009-2012 წლებში კიდევ ერთი ქართული ასეული ქალაქ ქაბულში მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. მისიაში იყვნენ, ასევე, ქართული სამხედრო ინსტრუქტორები ყარდაღანის პროვინციაში 2011-2012 წლებში. 2010 წლიდან ქართველი ქვეითები მისიას ასრულებდნენ ჰელმანდის პროვინციაშიც. 2012 წლისთვის ავღანეთში კიდევ გაიზარდა ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა და, საერთო ჯამში, 1600 მოსამსახურეს შეადგენდა. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში 2014 წლამდე იმყოფებოდნენ, 2015 წელს კი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩაერთნენ, რომელიც დღემდე გრძელდება.
ზემოჩამოთვლილ მისიებისგან განსხვავებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ, უკვე ევროკავშირის ეგიდის ქვეშ მყოფი მისიაა.
ის მიზნად ისახავდა საქართველო-ევროკავშირის შემდგომ დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო კონტინგენტის გაშვებას უმრავლესობამაც და უმცირესობამაც ერთობლივად დაუჭირა მხარი. საგულისხმოა, რომ ეს მისია შედარებით მშვიდობიანი გამოდგა და, ჯერჯერობით, არ გვყავს დაჭრილები და დაღუპულნი.
„ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. კერძოდ, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში როტაციის წესით ევროკავშირის წევრებთან ერთად ამ გლობალური საქმის უზრუნველყოფაში 72 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქვეყნის სამხედრო კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
თუმცა ქართველი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში უკვე წლებია, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
მოსახლეობის ერთი ნაწილი გამართლებულად მიიჩნევს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობას მსგავსი ტიპის სამშვიდობო მისიებში და ამის დამამტკიცებელ არგუმენტად ასახელებს იმ სარგებელს, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ საქმეში ჩართვის შემდეგ ნახა. კერძოდ, საუბარია ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდაზე, ასევე კონტრტერორისტულ საკითხებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლებასა და თანამედროვე სამხედრო ტექნიკური საშუალებების დაუფლებასა და შესაბამის უფასო გადამზადებაზე. გარდა ამ სამხედრო და ტექნიკური სარგებლისა, მომხრეები მიიჩნევენ, რომ ამ ჩართულობისა და ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი თავდადების დამსახურებით საქართველო წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყანა. გარდა ამისა, გაიზარდა ქართული ჯარის საერთაშორისო პრესტიჟი და ახლა ისინი უკვე დამოუკიდებლად წვრთნიან ავღანელ ჯარისკაცებს. ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს, რომ ამ კონტრიბუციამ უფრო დააახლოვა საქართველო ევროატლანტიკურ ალიანსს.
თუმცა არსებობს მეორე მხარე, მოწინააღმდეგეები, რომლებიც ყველაზე მძაფრად ქართველი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას აპროტესტებენ სამშვიდობო მისიებში.
ფაქტია, რომ ბევრ კონფლიქტურ რეგიონში ქართველი მშვიდობისმყოფელები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილები. ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საქართველოდან ყველაზე მეტი სამხედრო იყო ჩართული ავღანეთისა და სხვა სამშვიდობო მისიებში. სწორედ ამ რაოდენობას მიიჩნევს მოსახლეობისა და ექსპერტთა დიდი ნაწილი არაადეკვატურად, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და საქართველო მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას ამ კუთხით.
მოსაზრებები განსხვავებულია, ისევე როგორც ისტორიები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს ამ სახიფათო გამოცდილებისა და ეტაპის დროს გადახდათ.

რა სირთულეები არსებობს სამშვიდობო მისიების არც ისე მშვიდობიანი დავალებების დროს და რა ენატრებათ ამ დროს ყველაზე მეტად ცხელი ტყვიების ზუზუნქვეშ ქართველ მშვიდობისმყოფელებს?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ერთ-ერთი მისიის მონაწილე, 34 წლის ნიკა ნიკაშვილი (მან ფსევდონიმით არჩია კითხვებზე პასუხის გაცემა, _ ავტ.).
ის უმცროსი სერჟანტია. დაიბადა და გაიზარდა ქალაქ თბილისში, დაამთავრა თბილისის მე-5 საშუალო სკოლა. აქვს ასევე პოლიტექნიკური ტექნიკუმის, კოლეჯის განათლება ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2005 წლიდან, ანუ 13 წელი.

_ როდის და სად წახვედით სამშვიდობო მისიაში? კონკრეტულად რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
_ სამშვიდობო მისიაში წავედი 2007 წელს ერაყის სახელმწიფოში, ქ. ბაღდადში. ჩემს ქვედანაყოფს სამშვიდობო მისია დაევალა, რის ფონზეც თავი არ ამირიდებია, პირიქით, დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით გავიარე შესაბამისი მომზადების სწავლება და სამშვიდობო მისიაში გავემგზავრე.
_ როგორი სიტუაცია დაგხვდათ იქ? ყოველდღიურობა როგორი იყო? რას აკეთებდით, რა დავალებების შესრულება გიწევდათ?
_ თავად ერაყის სახელმწიფოში მდგომარეობა ომის შემდეგ, გარკვეულწილად, სტაბილური იყო, მაგრამ აფეთქებები ხდებოდა ხალხმრავალ ადგილებში. ჩვენს ქვედანაყოფს ქ. ბაღდადის ერთ-ერთი სასახლე ეკავა, როგორც ბაზირების ადგილი. ჩვენი ძირითადი ყოველდღიური მისია გახლდათ უსაფრთხოების დაცვა ქალაქის რამდენიმე სასტუმროსა და მთავრობის სახლზე, ასევე ჩვენი ქვედანაყოფის გარკვეული რაოდენობის ჯგუფი, ამერიკულ ქვედანაყოფებთან ერთად, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდა.
_ მოგონება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ: ის, რაც ერაყში ყოფნის დროს გადაგხდათ თავს?
_ მოგონებები ძალიან ბევრი მაქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ერთ-ერთ მათგანს გამოვარჩევდი: დილით, სასტუმროზე მორიგეობისას, როდესაც მოსწავლეები სკოლებში მიდიოდნენ, თავიდან ყოველთვის ფარული ინტერესით და შემდეგ უკვე შეჩვევის ფონზე თამამად გვესალმებოდნენ, როგორც თავიანთ ენაზე, ასევე ქართულად. ჩვენც, ნდობის ნიშნად, ვუმასპინძლდებოდით დასალევი წყლითა და სურსათ-სანოვაგით, ძირითადად, ტკბილეულით, ეს ჩემთვის პირადად სასიამოვნო და ერთობ სახალისოც იყო, რადგან იმ დაძაბული მორიგეობის საათების დაღლილობის მიუხედავად შვებას ვგრძნობდი და დადებითი ენერგიით ვიმუხტებოდი.
_ რა გასწავლათ ცხოვრების ამ ეტაპმა და რატომ იყო ის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
_ ბევრი რამ ვისწავლე, სამხედრო თვალსაზრისით გარკვეული გამოცდილება ნამდვილად მივიღე, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ჯარისკაცი კონფლიქტურ სიტუაციებში. ხოლო ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციიდან, დავინახე ის, თუ რაოდენ ძვირფასი და ფასდაუდებელია მშვიდობა და მისი დაცვა, რა უსამართლო და დაუნდობელია ომი და მისი შედგები ყველა ასაკის ადამიანის მიმართ. აქედან გამომდინარე, მშვიდობაა უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტული ქვეყნისთვის და მისი დაცვაც უპირველესია, რომ მომავალი თაობა აღიზარდოს ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე და წარმატებული. რამეთუ თვითონ სახელმწიფოც ამ მომავალი თაობით იყოს ძლიერი და განვითარებული.
_ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რა ემოციები გაქვთ და როგორ იხსენებთ მისიებში ყოფნის პერიოდს?
_ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეტად გავაცნობიერე და მიხვდი, თუ რაოდენ რთული და ძნელია, მოწყდე ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თავად სამშობლოს. მეტად რწმუნდები, თუ რა ძალიან გყვარებია იგი და რა დიდია მონატრება… რაც შეეხება მოგონებას, გარკვეულწილად, დარდი მომაწვება ხოლმე, თუ რა ბედი ეწიათ იმ ბავშვებს, როგორ გაიზარდნენ, დაამთავრეს თუ არა სკოლა, თუ მიაღწიეს რაიმე წარმატებას, მუდამ ვლოცულობ მათზე, ასევე სრულიად მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მყოფ ბავშვებზეც. ვიცი, თუ რაოდენ ძნელია, არ გქონდეს საარსებო პირობა, რაც ბავშვის ნორმალურ აღზრდას ესაჭიროება.
_ როდესაც ერაყის სამშვიდობო მისიაში მსახურობდით, რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად?
_ ყველაფერი ქართული. გამოვკვეთდი ქართულ სამზარეულოს. ახალი წლის შეხვედრა იქ მომიწია, აქედან გამომდინარე, საახალწლო სუფრა და მოლხენა ძალიან მომენატრა.
_ ამჟამად რას საქმიანობთ და რას გეგმავთ სამომავლოდ?
_ ამჟამად ვმსახურობ ინსტრუქტორის რანგში. სამომავლოდ ვგეგმავ სამშვიდობო მისიით ავღანეთის სახელმწიფოში გამგზავრებას, სადაც ახალ თავგადასავალს და უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ, რადგან ავღანეთის მისია სირთულით რადიკალურად განსხვავდება ერაყის მისიისგან და ეს ახალი გამოწვევა იქნება ჩემთვის.

ათობით და ასობით ისტორიის მოსმენა შეიძლება. ამბები ჯარისკაცებზე, რომლებიც წავიდნენ, ისწავლეს ნახეს, განიცადეს, იბრძოლეს, დაეცნენ და მაინც მყარად წამოდგენ ფეხზე, მერე კი, უკეთეს შემთხვევაში, დაბრუნდნენ.
აზრებიც განსხვავებულია _ უნდა იყვნენ თუ არა საერთოდ ქართველი მშვიდობისმყოფელები ამ რაოდენობით და დოზით ჩართული საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, მაშინ როდესაც ქვეყანას უამრავი შიდა და გარე პრობლემა აწუხებს, ხოლო გაღებული დანაკარგის სანაცვლოდ მხოლოდ ნატოსთან ინტეგრაციის პერსპექტივები იზრდება.

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამშვიდობო მისიებში ქართველი ქვედანაყოფების მონაწილეობას აფასებს და იმ უდიდეს როლს აღნიშნავს, რაც ქვეყანას მსოფლიო უსაფრთხოების დაცვის საქმეში უკავია:
_ არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე საკითხია, რამდენად მასშტაბურად ვმონაწილეობთ. თავის დროზე, გადაჭარბებული ვალდებულებები ავიღეთ საკუთარ თავზე. ფაქტობრივად, მთელი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიას ემსახურება, რაც ჩვენს არმიაზე საკმაო ზეგავლენას ახდენს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის რთულია ადრე აღებული პასუხისმგებლობის მასშტაბების შემცირება, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს. აქვე გასათვალისწინებელია სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური სტიმულირების საკითხიც.
არ მიმაჩნია, რომ საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცების სისხლით რაიმეს ვყიდულობთ, ან უნდა ვიყიდოთ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ბოლომდე უნდა ვიდგეთ.
არსებობს ალბათობა, მოლოდინები, რომ სირიის შემდეგ ან პარალელურად ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდებიან შუა აზიაში, კერძოდ, ავღანეთში. მიუხედავად გარკვეული აქტივობებისა, უახლოეს თვეებში შუა აზიაში სამხედრო მოქმედებების სირიის მსგავს ინტენსივობას არ მოველი. ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი კონტინგენტი მაქსიმალურად შევამციროთ. ეს აუცილებელია ჩვენი არმიის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის. რამდენად მოხერხდება კონტინგენტის შემცირება, სხვა საკითხია. დიდი ალბათობით, მწვავე რეაქცია მოჰყვება, განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან. ამ ქვეყანას შეგნებულად ვუსვამ ხაზს და ქვეტექსტები ჩვენმა დიპლომატებმა უნდა ამოიკითხონ. კონტინგენტის შემცირების საკითხი კი სწორად უნდა ავუხსნათ. არ შეიძლება, 4-5 ბრიგადის შემადგენლობის შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო მისიაში 800 კაცი ჰყავდეს? თვით გერმანიას, რომელთან ერთადაც ვიმყოფებით მისიაში, 4400 სამხედრო ჰყავს, მაშინ, როცა მხოლოდ სახმელეთო ჯარები შეადგენს 60 ათასს; უკრაინა წარმოდგენილია 30 კაცით; ბალტიის სამივე სახელმწიფოს ჯამურად 600 კაცზე ნაკლები ჰყავს. ვიმეორებ: მისიის რიცხოვნობა უნდა შევუსაბამოთ სახმელეთო ჯარების რიცხოვნობას.

მსოფლიო ტერორიზმი და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ისევე არის საქართველოს პრობლემა, როგორც სხვა სახელმწიფოების. თუმცა მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და გარდა ამისა, უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა მოუგვარებელია, საქართველოს ამ დილემაში ყოფნა და არჩევანის გაკეთება უწევს შიდა და გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად.

ანა ურუშაძე