ნამოხვანის ჰესების კასკადი _ სვლა რისკებისკენ ენერგოდამოუკიდებლობისთვის

ქუთაისიდან სოფელ ტვიშამდე გზა რიონის ხეობას მიუყვება, სადაც ძალიან ხშირად დაინახავთ ტრაფარეტებს წარწერით: „მეწყერსაშიში ზონა“. ვიწრო საავტომობილო გზის გასწვრივ, რომლის გარკვეული მონაკვეთები ხშირად სწორედ მეწყრის ჩამოწოლის გამო მუდმივ შეკეთებას საჭიროებს, რამდენიმე სოფელს მოჰკრავთ თვალს, რომლებიც ტყისა და მთების ულამაზეს მასივში არიან მიმოფანტული.

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი აქ მეცხოველეობაა. მართალია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო სოფლები ახალგაზრდებისგან თითქმის დაცლილია, მაგრამ საკუთარ კერიასთან არც ერთი მათგანი არ წყვეტს კავშირს. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, კომუნისტური მმართველობის პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივი გასახლების მოლოდინში ცხოვრობდა. ათეული წლების მანძილზე ხელისუფლებები პერიოდულად საუბრობდნენ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობაზე, რაც, მათი თქმით, ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასეთი მიდგომის მიუხედავად, პროექტის განხორცილება გაჭიანურდა.
ბოლო წლებია, ნამოხვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებით საუბარი ისევ განახლდა. ხელისუფლებამ მოსახლეობაში გარკვეული სააგიტაციო სამუშაოები ჩაატარა და დასაქმებისა და კომპენსაციის შეპირებით მათი ერთი ნაწილის მხარდაჭერაც მოახერხა, თუმცა ადგილობრივებში ბლომად არიან ისეთებიც, რომლებიც მდინარე რიონზე დიდი კაშხლების აშენებას სარისკოდ მიიჩნევენ და მის უარყოფით გავლენას ნათლად აღიქვამენ.
ტენდერის საფუძველზე მშენებლობის უფლება თურქულ-ნორვეგიულმა გაერთიანება „ქლეან ენერჯი გრუფ გეორგიამ“ მოიპოვა, რომელსაც ნორვეგიული კომპანია „ქლეან ენერჯი გრუფ“ და თურქული ENKA ფლობენ. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებმა სამშენებლო არეალში მოქცეულ სოფლებში საინფორმაციო კამპანიების წარმართვა უკვე დაიწყეს. მოზრდილი ზომის თეთრი კარავი, რომელიც აღჭურვილი იყო ტექნიკითა და გაფორმებული საინფორმაციო მასალებით, დილიდანვე ელოდა ოფურჩხეთის, მექვენისა და ტვიშის მცხოვრებლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივები გასართობ ღონისძიებებსა თუ მსგავსი სახის განხილვებზე დასწრებას მოკლებულნი არიან, სოფლების ცენტრში ადამიანების სოლიდური რაოდენობა შეიკრიბა. აქ იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ისე მოხუცები, რომლებსაც ინფორმაცია ჰესის მშენებლობის თაობაზე, ჯერ კიდევ, ბავშვობიდან ესმით.

დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა კომპანია „ქლეან ენერჯი გრუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიორ ბრანზდეგმა.

ბიორ ბრანზდეგი _ „ქლეან ენერჯი გრუფის“ აღმასრულებელი დირექტორი:
_ მთავრობამ შეაფასა რისკები, შეადგინა პროექტი, რომელიც შემდეგ ტენდერზე გაიტანა და 2015 წელს მშენებლობის ნებართვა გაიცა. 9 თვის განმავლობაში კომპანიამ გაწეულ კვლევებს გადახედა და მთავრობის ძირითად დასკვნას ეთანხმება, რომ რაიმე მნიშვნელოვანი რისკი ამ პროექტს არ გააჩნია.
_ შუახევის ინციდენტის შემდეგ თქვენს კომპანიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. საზოგადოებას ეშინია, რამდენად სანდო შეიძლება იყოს ჩატარებული სამუშაოები?
_ ჩვენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებს ვქირაობთ და მათ დასკვნებს დავეყრდნობით. მაგალითად, დავიქირავეთ კომპანია „შტუკი“, რომელიც წამყვანი შვეიცარიული ჰიდროსაინჟინრო კომპანიაა და სწორედ მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებს ვეყრდნობით.
_ საუბარია 14 სოფლის დატბორვაზე. ამავე დროს, პროექტის განხორციელება იგეგმება სეისმურად აქტიურ და მეწყერსაშიშ ზონაში, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის შეშფოთების საბაბია.
_ არ არის სწორი ის, რომ 14 სოფელი დაიტბორება. სულ საუბარია 46 კომლის გადასახლებაზე. რაც შეეხება სეისმურ რისკებს, კაშხალი შენდება საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრის მაქსიმალურ ბალზე უფრო ზევით გათვლით. კეთდება საერთაშორისო სტანდარტებით. მეწყრულ ზონებთან დაკავშირებით კი ნიადაგი შევისწავლეთ და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დამატებით საფრთხეს პროექტი ამ ზონაში არ ქმნის. ექსპერტების დასკვნით, თავისუფლად შესაძლებელია მათი კონტროლი შემარბილებელი ღონისძიებებით.

ENKA-ს აღმასრულებელ დირექტორ ბიორ ბრანზდეგის განცხადებით, 430 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყებას კომპანია 2019 წლისთვის გეგმავს, მას შემდეგ, რაც მიწის შესყიდვების პროცესი დასრულდება. უშუალოდ მშენებლობის არეალიდან განსახლება კი 3 წლის განმავლობაში, 2018-21 წლებში, განხორციელდება. რაც შეეხება ელენერგიის გამომუშავებას, იგი 2022 წლიდან იგეგმება, მას შემდეგ, რაც წყალსაცავების ავსება გახდება შესაძლებელი.
საინფორმაციო შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მშენებლობის პროცესში 20 კმ გზა დაიგება, სოფელ დარჩელთან დამაკავშირებელი ხიდი აიგება და სოფელ ტვიშთან საგზაო გვირაბი მოეწყობა.
პროექტის მიხედვით, კაშხალი ტვიშთან 60 მეტრის სიმაღლის იქნება, ხოლო მეორე კაშხალი, რომელიც სოფელ ნამოხვანის ზემოთ აიგება, 100 მეტრამდე მიაღწევს. საერთო ჯამში, ამის გამო წარმოიქმნება ტბა, რომელიც 17 კმ-ზე იქნება გადაჭიმული ხეობაში.
ბიორ ბრანზდეგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოფელ ნამოხვანთან კაშხლის მშენებლობას, რადგან როგოც თავად პრეზენტაციაზე აღნიშნა, ამით შესაძლებელი გახდება წყლის კონტროლი, რაც ქუთაისს წყალდიდობების საშიშროებისგან დაიცავს.
საინფორმაციო შეხვედრებზე წარმოდგენილ პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა სხვა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც, კომპანიის წარმომადგენელთა აზრით, მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი იქნება. კერძოდ, როგორც ითქვა, გაუმჯობესდება ადგილობრივების ცხოვრების დონე, წარმოიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, უშუალოდ პროექტის მიმდინარეობისას დასაქმდება 3 ათასამდე კაცი, მოხდება ინვესტირება თემში და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მესვეურთა თქმით, არაა გამორიცხული, სამომავლოდ ელენერგიის ფასი შემცირდეს, თუმცა რაზე დაყრდნობით კეთდება ეს პროგნოზი, გაურკვეველია.
ნამოხვანჰესის მშენებლობის პერიოდში კომპანია სულ 750 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

გია მაჭარაძე _ ჰიდროინჟინერი, პროექტის ექსპერტი, კომპანია „შტუკი“:
_ პროექტი თანამედროვე სტანდარტებით კეთდება. დღეს მსოფლიოში, 21-ე საუკუნეში, კაშხლების მშენებლობის ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვდა. პროექტში ჩართულები არიან წამყვანი სპეციალისტები შვეიცარიიდან და გერმანიიდან. პროექტი განხორციელდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდიელბის საფუძველზე. საქართველოშიც გვაქვს მსგავსი პროექტების მშენებლობის გამოცდილება წინა საუკუნეში მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი კაშხლის _ ენგურჰესის სახით, რომელიც უკვე 40 წელია, უსაფრთხოდ და საიმედოდ ფუნქციონირებს. იგივეა ჟინვალის კაშხალი, რომელიც 100 მეტრის სიმაღლის არის და უსაფრთხოა. მსოფლიოში კიდევ მეტი მაგალითი არსებობს და სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე კეთდება ნამოხვანის პროექტი.
_ ამ კაშხლების შესახებ მოსახლეობამ იცის, მაგრამ აღნიშნული ტერიტორია, სადაც პროექტის განხოციელებას იწყებთ, სეისმურად აქტიური და მეწყერსაშიშია. სწორედ ამიტომ არსებობს კითხვები. შესაძლოა, მშენებლობა წარიმართოს თანამედროვე პრაქტიკის გამოყენებით, მაგრამ რთულია გაუმკლავდე ბუნებას.
_ სტანდარტი და მოთხოვნები იმას გულისხმობს, რომ ყველა შესაძლო ფაქტორი გავითვალისწინოთ. კავკასიონი მაღალი სეისმურობის ზონაა, მაგრამ იქ აშენებულია ენგურისა და ჟინვალის კაშხლები. მიწისძვრები იყო, მაგრამ ამ კაშხლებს არაფერი მოსვლია. პროექტი იმას ნიშნავს, ყველა მოქმედი ფაქტორი გაითვალისწინო, რომ კაშხალმა გაუძლოს.
_ პროექტს წინ უსწრებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც კომპანია „გამამ“ მოამზადა და რომლის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი რიგი შენიშვნები აქვთ. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, ეს დოკუმენტი თავიდან მზადდება. ისევ „გამა“ ახორციელებს ამ სამუშაოს?
_ ფრანგული კომპანია „ესერელი“ აახლებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პროექტს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები აფინანსებენ, რომლებსაც საკმაოდ მაღალი სოციალური და გარემოზე ზემოქმედების მოთხოვნა აქვთ. თუკი ეს არ შესრულდება, პროექტი არ განხორციელდება.
მნიშვნელოვანია, რომ ჰესის სიმძლავრე 430 მეგავატი იქნება და 1,5 მილიარდ კვ.სთ-ს გამოიმუშავებს, რაც საქართველოში გამომუშავებული ელენერგიის 15%-ს შეადგენს. ეს საკმაოდ პოზიტიური წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოსისტემაში და ენერგო დამოუკიდებლობაში.
_ ნამოხვანის გამომუშავებული ელენერგია ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი?
_ საქართველო, დღესდღეობით, იმპორტს აკეთებს, რადგან დეფიციტია, მით უმეტეს, ზამთარში. ნამოხვანი ზუსტად ამ დეფიციტს შეავსებს და აღარ ვიქნებით დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე.
_ თუ არის გათვლილი კომპენსაციის ხარჯები მოსახლეობისთვის?
_ დიახ, ეს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტით კეთდება და პროექტში ყველა ჩართულია, ვისაც კი რაიმე შეეხება: ეს იქნება განსახლება, მიწა თუ სხვა რამე. პროექტში ყველაფერი გათვალისწინებულია.

მშენებლობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა ადგილობრივ მოსახლეობაში. მათი ერთი ნაწილი მიღებულ გადაწყვეტილებას დასაქმების დაპირებიდან გამომდინარე მიესალმება, თუმცა კითხვაზე, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი, არაკვალიფიციურმა მუშახელმა იპოვოს სამსახური ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, რასაც კაშხლის აგება ჰქვია, პასუხი არ გააჩნიათ. მოსახლეობაში არიან ისეთებიც, რომლებიც ნათლად ხედავენ იმ რისკებს, რაც მსგავსი დიდი ჰესების მშენებლობას შეიძლება ახლდეს თან. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია 156 მილიონი კუბმეტრი წყლის დაგუბებაზე.

ომარ ჯანელიძე _ სოფელ ოფურჩხეთის მკვიდრი:
_ დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ სოფელს ზიანი არ მიადგეს. აქ ხალხი წლებია ცხოვრობს, ეზოები და სახლები აქვს. თუ რამე უშრომიათ, ყველაფერი აქაა და ეს რომ გაუფუჭო, აღარ ეღირება მათი ცხოვრება. ეს დანესტიანებას გამოიწვევს. ჰესმა მოსახლეობა საფრთხეში რომ ჩააგდოს, ცუდია. რაღაც შეაღავათი ხომ მაინც უნდა არსებობდეს ამ დროს, თუნდაც, ელენერგიზე მაინც?

თემურ იობიძე _ სოფელ ოფურჩხეთის მკვიდრი:
_ მთა მიდის. გუმათშიც კი შეამჩნევდით, მოსახლეობა წაიღო. გზის მონაკვეთი გაიბზარა და თავის სახლიანად წავიდა. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვიცი, რომ სეისმურად აქტიური ადგილია ჩვენი ტერიტორიები. ვფიქრობ, ჰესი დამაზიანებელი იქნება იმ კუთხით, რომ მეწყრულ და სეისმურ ზონას რაღაცას უზამს. მაგრამ თუ ქვეყნის ეკონომიკურ მხარეს გავითვალისწინებთ, ალბათ, უნდა გაკეთდეს, მაგრამ არა ისე, რომ მოსახლეობა დაზარალდეს. ბუნებრივია, ახლა ამას მოყვება აფეთქებები, მიწის მოჭრა და რა ვიცი, რა აღარ. სანაპირო ზონაში ვინც არის განთავსებული, ეს მათთვის ყოველთვის საშიში იქნება. აქ რომ მიწისძვრა მოხდეს, როგორიც ადრე იყო და კაშხალს ზიანი მიადგეს, სანაპირო ზოლს და ქუთაისს ფოთში მალევე ჩაიტანს წყლის ნაკადი.

გაცილებით მეტი პრეტენზია აქვთ სოფელ მექვენის მცხოვრებლებს. მათთვის დასაქმება მნიშვნელოვანია, მაგრამ ყურადღებას იმ დანაკარგებზე ამახვილებენ, რაც ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მოხდება. კერძოდ, მოსახლეობა საუბროს ტყის მასივზე, სოფლებზე, სასაფლაოებზე და უნიკალურ ყურძნის ჯიშებზე, რომლებიც რეგიონშია. გარდა ამისა, მათ შეშფოთებას იწვევს მიწისძვრის ან მეწყრის ჩამოწოლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეები.
ნამოხვანის ჰესის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ გარემოს დამცველებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ საკუთარ ანგარიშებში დეტალურად საუბრობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში ასახულ მუხლებთან დაკავშირებით და დეტალურად ასაბუთებს იმ უარყოფით გავლენებს, რასაც პროექტის განხორციელება რეგიონის მასშტაბით მოიტანს.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში გაკვირვებას იწვევს ის, რომ გზშ-ს ანგარიშის ავტორთა აზრით, ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზე და ქარი არ წარმოადგენს საქართველოში აღნიშნული პროექტის რეალისტურ ალტერნატივებს და, შესაბამისად, მათი განხილვა ზედმეტად არის მიჩნეული. კომპანია „გამას“ მიერ მომზადებულ ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ მზის ენერგიის გამოყენებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭიროა ძვირადღირებული დანადგარ-მოწყობილობა და შესაბამისად, საწყისი ინვესტიციების რაოდენობა ძალზე მაღალია.
„მწვანე ალტერნატივა“ არ ეთანხმება არსებულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ საქართველოში მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 200-250-ის ფარგლებში მერყეობს. მზის პანელებისა და მასთან დაკავშირებული დანადგარების წარმოების თვითღირებულება კი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.
გზშ-ს ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, თუმცა არ არის განხილული მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხი, ან, მაგალითად, მცირე ჰესებისა და სხვა განახლებადი ენერგიების გამოყენების კომბინაცია, ენერგოეფექტიანობა თუ არსებული ჰესების რეაბილიტაცია. ჩვეულებრივ, აღნიშნული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა აუცილებელია მოხდეს სწორედ ქვეყნისთვის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზის შედეგად“, _ ნათქვამია „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნებში და დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ გზშ-ს წარმოდგენილ ანგარიშში არ არის განხილული პროექტის უპირატესი ვარიანტის ტექნიკურად და ფინანსურად შესატყვისი ალტერნატივები და, შესაბამისად, წარმოდგენილი უპირატესი ვარიანტის მიზანშეწონილობა არ არის დადგენილი. მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკასთან ერთად, აღნიშნული ანგარიში ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასაც.
სხვა ბევრ შენიშვნასთან ერთად „მწვანე ალტერნატივა“ ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზეც, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს პროექტის განხორციელებამ რეგიონში არსებულ ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე. კერძოდ, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საპროექტო არეალში მოხდება მიკროზონების შეცვლა, რაც გამოიწვევს უნიკალური ყურძნის ჯიშების (ხვანჭკარა, უსახელაური, ტვიში და სხვ.) ხარისხობრივ გაუარესებას ან საერთოდ გაქრობას. ასევე ხაზგასმულია, რომ წარმოდგენილი პროექტის განხორციელება, მისი მასშტაბისა და დიზაინის გამო, ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევს. ყველა იმ უარყოფით ზემოქმედებას ვიხილავთ, რაც წყალსაცავიან და დერივაციულ ჰესებს ახასიათებს: მდინარის ჰაბიტატის გაწყვეტა მაღალი კაშხლით, ხმელეთის ჰაბიტატების ფრაგმენტაცია წყალსაცავით, დატბორვა, ტყისა და სხვა ხმელეთის ეკოსისტემის განადგურება და ა. შ.
„მწვანე ალტერნატივა“ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დაგეგმილი არეალის საპროექტო ფარგლებში ხვდება იმერეთის მღვიმეები (ყუმისთავი, თეთრი მღვიმე, ხომული, ცუცხვათი, ნავენახევი…). გზშ-ს ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ „რეზერვუარების გავსებისა და ჰესების მუშაობისას წყლის დონის ცვალებადობა გამოიწვევს ჰიდროგეოლოგიური სიტუაციის ცვლილებას“, თუმცა ეს საკითხი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეუსწავლელია.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რეგიონში დაგეგმილია არა მარტო ჰესების მშენებლობა, არამედ შემოვლითი გზების, გადამცემი ხაზებისა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რაც დამატებით მნიშვნელოვან ზეგავლენას უკავშირდება.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ შენიშვნებისა, რასაც არასამთავრობო ორაგნიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ გამოთქვამს პროექტთთან დაკავშირებით.
მიუხედავად არსებული რისკებისა, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის პროცესი დაიძრა. ბუნებრივია, ყველა მიმდინარე ეტაპი როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე დაინტერესებული საზოგადოების დაკვირვების გარეშე არ ჩაივლის. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა წინ მოსახლეობიდან მიწების შესყიდვისა და მათი განსახლების საკმაოდ რთული პროცესი გველოდება.
მართალია, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, გაუგებარი რჩება, რატომაა აუცილებელი ყოველივე ამის მიღწევა დიდი ჰესების მშენებლობით, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველასთვის გასაგებია, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს იგი?!.

ხვიჩა ვაშაყმაძე