ვინ გააპარა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში?!

10573338_10203760164740003_1069440111_n

საკანონმდებლო ორგანოს ყოფნა-არყოფნის საკითხი საქართველოს მეორე დედაქალაქში, კარგახანია საჯილდაო ქვაა პარლამენტის უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. ხან უჰაერობა აწუხებთ იქ მყოფთ, ხან კიდევ რიკოთის უღელტეხილის წინ და უკან გადალახვა. იყო დრო, როცა დეპუტატები სენსორიან მოწყობილობებს ვერ ეგუებოდნენ და ნერვებმოშლილები განცხადებებად იღვრებოდნენ – კარები არ იღება, საკეტები უხარისხოა და წაგვიყვანეთ ქუთაისიდანო! მოკლედ, იმდენი იწუწუნეს თავდაუბანლობასა და ონკანებიდან 24 საათის მანძილზე გამომავალი წილის დეფიციტზე, გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღეს. ცხადია, უმრავლესობის ამ განწყობას, უმცირესობასთან ერთად პროგრესული ქუთაისის ის ნაწილიც გააპროტესტებდა, რომელიც ამ დრომდე „სენსორებიან სერვისსაც“ კარგად ფლობს, არც სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს უჩივის და ცხოვრობს იმ ქალაქში, რომელსაც ქუთაისში ჰქვია, თავისი კულტურული ტრადიციებით. ამ ფაქტსვე გამოეხმაურა ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამირან ძოწენიძე:

„ – ქოცუმრავლესობამ ბატონი უსუფაშვილის თამადობით, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გააპარა. დიახ ქურდულად გააპარა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფორმალურად პარლამენტი კვლავ ქუთაისში იქნება. კონსტიტუციით კანონის მიღება მხოლოდ ქუთაისშია შესაძლებელი. თუმცა რეალური საპარლამენტო მუშაობა თბილისში გადავა. (საკომიტეტო მოსმენები და ა.შ.) ქუთაისის ბიუჯეტი 43 მილიონია, ამ ფონზე 54 მილიონ ბიუჯეტიანი პარლამენტის ქალაქში მუშაობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახლა რა გამოდის, სახელად პარლამენტი ქუთაისში იქნება და ის, რისთვისაც ქალაქს სჭირდება პარლამენტი, (ფულს პარლამენტი თბილისში დახარჯავს). ამ სარგებელს თბილისი მიიღებს. ამ არეულ დროში ყველას გამორჩა, წლის დასაწყისში მარეგულირებელი კომისია ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს, ქუთაისს, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი უმუშევრობაა და ცხოვრების დონეც თბილისსზე 2–3–ჯერ დაბალია, თბილისმა 50–მდე სამუშაო ადგილი წაართვა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო. ქვეყანას მართავს ხალხი, რომელთაც არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა, არანაირი რაციონალური აზრი, მომავლის არანაირი ხედვა აქვთ, საქართველოს მმართველებს, მხოლოდ პირადი კეთილდღეობა და ყოველგვარი ახლისა და რაციონალურისადმი ზიზღი და ბოღმა ასაზრდოებთ!“ – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ამირან ძოწენიძე.