„…მე ჩემს შვილთან უნდა წავიდე, მაგრამ რაღაც უნდა წავიღო, ხელცარიელი არ წავალ…“

26 დეკემბრის სპეცოპერაცია პანკისში ტრაგედიით დასრულდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში მიყენებული ჭრილობით წმ. მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პანკისის ხეობაში სამძიმარზე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ხეობაში ასვლას ვერ ბედავს, ის შეხვედრებს დუისის შესასვლელში საინფორმაციო ცენტრში მართავს და შეხვედრაზეც მხოლოდ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ უხუცესებს ეპატიჟება. სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი კი უხუცესებს თელავში შეხვდა. მათ ის ვიდეოფირი უჩვენეს, რომელიც გარე თვალთვალის კამერებით თავად სპეცსამსახურმა გადაიღო და რომელზეც თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის რაზმის ორ წევრთან ერთად და პანკისის ხეობის კიდევ ერთ მკვიდრთან, იუსუფ ხანგოშვილთან ერთადაა აღბეჭდილი. მართალია, შეხვედრა დახურული იყო, მაგრამ, როგორც წესი, დეტალები არ დაიმალა. სუს-ის უფროსის მოადგილის მთავარი მოთხოვნა, ხეობიდან ინფორმაცია არ გამოვიდესო, შეუსრულებელი დარჩა. პანკისში ჩასულ „ქრონიკა+“-ის ჯგუფს ადგილობრივმა ქისტებმა ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაზეც სხვა ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ. უხუცეს ელიზბარ მარგოშვილს კი, რომელმაც ამ შეხვედრის მერე მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი დაიჯერა, ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს და მერე უხუცესთა რიგები დაატოვებინეს.
პანკისში გლოვა და სიჩუმეა.
ქისტები ჯერ გამოძიების დასრულებას და ხელისუფლების პასუხს ელოდებიან.
მაჩალიკაშვილების ოჯახში სამძიმარზე მისული ხალხი გვხვდება, ეზოში მამაკაცები დგანან, სახლის პირველ სართულზე ქალები სხედან მდუმარედ. ხმას თითქმის არ იღებენ, ეს დუმილი კიდევ უფრო შემზარავია.
არც კი იცი, რა სიტყვებით უნდა ანუგეშო ეს ხალხი, საიდან უნდა დაიწყო საუბარი…
მე სამძიმრით და ბოდიშით ვიწყებ, ვეუბნები, რომ ჩვენ საერთო სამშობლო და სხვადასხვა რელიგია გვაქვს, მაგრამ არ გვიჭირს ერთმანეთის თანადგომა, რომ ჩვენ მათთან ერთად მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას და მათ გვერდით ვიქნებით სამართლის ძიებაში.
დაჯერება არ უჭირთ,
იციან, რომ პანკისში პირველად არ ვარ და ლაფანყურის სპეცოპერაციაზეც სიმართლის გარდა, არაფერი დაგვიწერია. სწორედ ამიტომ იყო, ხეობაში ჩასულ „ქრონიკა+“-ს ერთი წლის თავზე მისცეს ის ფოტოები, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ადამიანებს დასაფლავებამდე ჩუმად გადაუღეს.
ვიცი, რომ ჩემი სჯერათ და სათქმელსაც ბოლომდე მეტყვიან.

საუბარს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა იწყებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი:
_ ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო და მთელი პანკისის ხეობა, ევროპის ქვეყნებიც აღაშფოთა. მაინც, პირველ რიგში, მინდა, მთელ ქართველ ერს გადავუხადო მადლობა, რადგან ჩემი გაჭირვება ყველამ გულთან ახლოს მიიტანა… გამონაკლისი იყო ზოგიერთი, მაგრამ მაგათ ასეთი ინფორმაცია აქვთ და ცოტა სხვანაირად ფიქრობენ, აზრიც სხვანაირად გამოაქვთ, მათაც მაინც გადავუხდი მადლობას, გარდა გომელაურის კლანისა…
_ ბ-ნო მალხაზ, მესმის, რა მძიმე ტრაგედიის დეტალებზე გვიწევს საუბარი, მაგრამ, იქნებ, მაინც გავიხსენოთ, რა მოხდა 26 დეკემბრის ღამეს?..
_ სწორედ აქედან მინდა დავიწყო… მე არასდროს მქონია ამის ფიქრი, აზრადაც არ მომსვლია, რომ ასეთი რამე ჩემს ოჯახში დატრიალდებოდა იმიტომ, რომ ჩემში და ჩემს ოჯახში თემირლანთან დაკავშირებით ვიყავი გარანტირებული, გულწრფელი და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი შვილი არაფერში გარეული არ იყო. გარდა იმისა, როგორც სხვები იცნობდნენ მაგ ორ ბიჭს, აბდულას და სეიფულას, რომლებიც ორი წელიწადი იყვნენ საქართველოში, ისე იცნობდა თემირლანიც მაგათ.
მეც ვიცნობდი, ამ სახლში შემომიპატიჟებია, ჩაი დაულევიათ, თბილისშიც შევხვედრივარ, იქაც თუ რამე შემეძლო, გამიკეთებია მათთვის. ბევრი ჩამოსულა ჩეჩნეთიდან, ყველას სახლში ვეპატიჟები, მე თვითონაც თბილისში ვიყავი ხოლმე, ინდმეწარმე ვიყავი, რაღაც საქონელი ჩამომქონდა და ვმუშაობდი. რამე თუ დატრიალდებოდა ჩემს ოჯახში, მაგას არასდროს გავიფიქრებდი…
26 დეკემბერს, ღამის 4-ის ნახევარია, პირველ სართულზე ამ ოთახში გვძინავს მე და მეუღლეს (გვაჩვენებს), გვერდით ოთახში _ დედაჩემს, ერთ საძინებელში უფროს გოგოს, ზემოთა საძინებელში _ თემირლანს. კარის ჩამტვრევისა და, პარალელურად, სროლის ხმა მომესმა. როგორც კი ეს ხმა მომესმა, წამოვდექი, მე და ჩემი მეუღლე წამოვხტით ლოგინიდან, მე გარეთ გავედი. თემირლანი, თვითონ ბავშვი, ძალიან წყნარი და საღად მოაზროვნე იყო, ჩემი რომ იყო, იმის გულისთვის არ ვაქებ, მაგრამ ასეთი იყო და ფიზიკურად ძლიერი. ვიფიქრე, სადღაც ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდა და სახლში შემოუცვივდნენ-მეთქი. სამი-ოთხი ბიჭია და ამის ხმა არის-მეთქი. სროლის ხმაც გავიგე, მაგრამ კარიდან რომ გავედი, გავიხედე, მთელი ეზო სავსეა ნიღბიანებით. ინსტინქტურად მაღლა ავიხედე იმიტომ, რომ სროლის ხმა მაღლიდან ჩამომესმა. ავიხედე, იქაც სავსეა ყველაფერი სპეცრაზმით, კიბეზე ასვლა დავაპირე. იქვე დამაგდეს. ბოდიში ამ სიტყვაზე და საცვლებით ვიყავი. დამაგდეს კიბეზე და იქ 10-15 წუთის ფარგლებში ვყავდი, მერე იქიდან დედაჩემის საძინებელში შემიყვანეს და იქ დამაგდეს. 3 საათი იქ ვყავდი იარაღის ქვეშ, ხელის განძრევის უფლებას არ მაძლევდნენ…
_ ამ მომენტში არ იცოდით, ზემოთ რა მოხდა? რამეს გეუბნებოდნენ?
_ არა, არ მეუბნებოდნენ. მე ვეკითხები, _ გთხოვთ, ყველაფერს გაფიცებთ, ცოლ-შვილს, ღმერთს, ალაჰს, მითხარით, ბავშვს რამე ხომ არ დაუშავეთ-მეთქი? მე სინამდვილეში ვფიქრობდი, რომ სადღაც მისამართი შეეშალათ და ასე არიან მოსულები-მეთქი. იმათ ჩემთვის არაფერი მოუციათ, რომ წამეკითხა, რისთვის იყვნენ მოსული, ან განაჩენი იყო, ან ჩხრეკის ორდერი იყო, ან დაპატიმრების ორდერი იყო, ან ლიკვიდირების ბრძანება იყო, ასეთი არაფერი მინახავს… ამათ რომ ვხედავდი, ჩემთვის ვფიქრობდი: „ნეტა, ასეთი აღელვებული რატომ არიან-მეთქი?“ ვისაც ვხედავდი, ყველა სპეცრაზმელს მუხლები უკანკალებდა.
_ სახეებს ვერ ხედავდით?
_ სახეებზე ყველას შავი ნიღაბი ეკეთა და შავი ხელთათმანები ეცვათ. დედაჩემი და ნატაც ჩამოიყვანეს, მეუღლეც და ამ ოთახში ჩაკეტეს. ამასობაში 3 საათი გავიდა და გათენდა კიდეც… რომ გათენდა, ესენი წავიდნენ. არ ვიცი, რა ხდება, ყველანაირად ვცდილობ, გავიგო, რა ხდება, როგორ არის შვილი, მაგრამ არანაირი რეაგირება მათ არ აქვთ, პასუხს არ მცემენ, ასე გადის ეს დრო და გათენდა კიდეც… მერე ჩემი ოჯახის წევრები სამეზობლოში გაიყვანეს, თქვენ უნდა გახვიდეთ და ერთ-ერთი უნდა დარჩეს, ჩხრეკა უნდა ჩატარდესო. მაშინ წარმომიდგინეს ეს ფურცელი _ ჩხრეკის უფლება. დარწმუნებული ვიყავი, იმ სამი საათის განმავლობაში, სანამ ესენი აქედან წავიდოდნენ, ცოტა წამოდგომაც რომ დამეპირებინა, მესროდნენ, იმიტომ შევიკავე თავი. რომ მცოდნოდა, მაგათ თემირლანს თავში ესროლეს, მე მოვაკვლევინებდი თავს, აქ ორი აზრი არ არის… ჰოდა, ესენი გაიყვანეს გარეთ, მე დამტოვეს და ჩხრეკა დაიწყეს იმ ოთახიდან. ის ოთახი გაიჩხრიკა, ეს ოთახი გაიჩხრიკა, მაღლა ნატას ოთახი გაჩხრიკეს და საბოლოოდ შემიყვანეს თემირლანის ოთახში…
არაფერს მეუბნებიან, სამი საათის განმავლობაში გადაატრიალეს იქაურობა იმ ოთახშიც, ზემოთა ოთახშიც, რაც მოისურვეს, რისი მიღწევაც უნდოდათ, ყველაფერი გააკეთეს. სპეცრაზმი მიდის, მერე სამოქალაქო ფორმაში გადაცმულებიც მოვიდნენ, კრიმინალისტებიც მოვიდნენ, პოლიციაც მოვიდა, ამ დროს დაიწყეს ჩხრეკა…
_ როდესაც თემირლანის ოთახში შეხვედით, რა სურათი დაგხვდათ?
_ სამივე ოთახი გაიჩხრიკა, აბაზანა და ეს ყველაფერი გაიჩხრიკა, საბოლოოდ მივყავართ თემირლანის ოთახში… იქ რომ შემიყვანეს, პირდაპირ ზღვის გუბეს მივადექი, იქ წონასწორობა დავკარგე, ავღელდი კიდეც და თან სიბრაზის სისხლმა დამიარა თავში, ჩამკეტა და ცოტა წავბარბაცდი, იქვე სკამი იდგა და დამსვეს… ვეკითხები, _ რა ხდება, დაჭერით თემირლანი-მეთქი? სასიკვდილოდ თუ დაიჭრა, მაგას ვერც ვიფიქრებდი, გულთან ახლოს ვერ მოვუშვებდი და მითხრეს, დაჭრესო. _ რატომ დაჭრეს და რის გულისთვის-მეთქი? _ წინააღმდეგობა გაგვიწიაო… _ ვაჰ, როგორ თუ წინააღმდეგობა გაგიწიათ, რით უნდა გაეწია, ან რისი გულისთვის, ან რისთვის-მეთქი? _ აგერ გახედე, „ლიმონკა“ ჰქონდა და „ლიმონკით“ წინააღმდეგობა გაგვიწიაო. მერე გავხედე, ბოლოში საწოლი დგას, ოთახის შესასვლელში, აქეთ ნაპირას კუთხეში „ლიმონკა“ დევს, „ზაპალი“ მოხსნილი აქვს, ე. ი. მდგომარეობიდან გამოყვანილია „ვპოლნოსტ“. მერე მე ვეუბნები, _ ვა, ეს თუ წინააღმდეგობას გიწევდათ, როგორც თქვენ ამბობთ, ტერორისტი იყო, მაშინ „ზაპალი“ რატომ აქვს „ლიმონკას“ მოხსნილი-მეთქი? ასეა საჭიროო, ვითომ ჩვენ მოვხსენით მერეო. იქ ვთქვი მაშინ, როგორც ტელევიზორში განვაცხადე, _ თქვენ საქმის კეთება კი არა, გაფუჭებაც კი არ იცით-მეთქი… გავხედე ლოგინზე, ტელეფონი სისხლში არის ამოსვრილი, რომელიც ჩემს შვილს ხელში ეჭირა, „ნაუშნიკები“ იქვე ყრია, ისინიც სისხლშია ამოსვრილი. რომ დავინახე, ვეუბნები, _ მაგას „ლიმონკა“ კი არ ეჭირა ხელში, ტელეფონი ეჭირა, რაზეც მეტყველებს, რომ ტელეფონი სისხლშია გასვრილი, „ლიმონკას“ კი სისხლის ერთი წვეთიც არ ამჩნევია, თქვენ ძალიან ცუდად მუშაობთ და ეს ასე არ ჩაივლის-მეთქი. მერე დავუწყე ხვეწნა, _ მითხარით, როგორ დაიჭრა, რა მდგომარეობაშია-მეთქი? ყველამ დაიფიცა, _ მხარში არის დაჭრილი, შეხვევა გავუკეთეთ და გადაყვანილია დაკითხვაზეო… მაინც არ მჯეროდა. ისევ და ისევ, ვკითხე. რომ გავიხედე, ვნახე, ნატყვიარი საწოლს გასცდა, კედელში იყო კვალი. ვიფიქრე, რახან ესენი ამბობენ, მხარში დაიჭრა, რაღაც სურათი ისე წარმოვიდგინე, რომ წამომჯდარი იყო, საწოლის კედელს იყო მიყუდებული. ზუსტად ეს მიუთითებდა, რომ მხარში გაუარა ტყვიამ. მერე რომ გავიხსენე, ეს ბავშვი მეტრა 96 სმ სიმაღლის იყო, ბევრჯერ ავსულვარ გასაღვიძებლად, საქმეზე წასვლა-მოსვლა რომ მინდოდა. მან ასე ძილი იცოდა, _ ფეხები შემოწეული ჰქონდა, საწოლს რომ არ გასცდენოდა და წამომჯდარივით ეძინა. ზუსტად ეს შუბლი ემთხვეოდა მაგ კვალს. მერე ისევ დავუწყე ხვეწნა, ერთ-ერთი სამოქალაქო ფორმაში იყო, სადღაც ნაცნობი სახეც ჰქონდა. შევეხვეწე, _ სასიკვდილოდ ხომ არ დაიჭრა-მეთქი? და ცრემლები წამოუვიდა თვალში. მაშინ შევშფოთდი უკვე, აქ რაღაცაშია საქმე-მეთქი.
ამასობაში ის ოთახიც გაჩხრიკეს და ფული ნახეს, ფული რომ ნახეს, ამოიღეს, ჩემს წინ არ დაუთვლიათ, იქითა საწოლზე გადაიტანეს. _ ვა, ფული, ფულიო, _ გაიძახოდნენ… _ კი, ფულია გერმანიიდან, ბავშვი მყავს გერმანიაში-მეთქი… უკვე მივხვდი, ესენი რაღაცას აწყობდნენ. 50 წლის კაცი ვარ, ამდენი რამე გამივლია… იმიტომ ვთქვი, ეს ფული გერმანიიდან ჩემმა ქალიშვილმა გამოატანა ჩემს უფროს გოგოს, ჩასული რომ იყო, ის ფულია-მეთქი. გადათვალეს და დალუქეს, „ლიმონკაც“ პარკში მოათავსეს, მე ხელი არ მოვაწერე. ამასობაში ეს ყველაფერი დამთავრდა და ეზოში ჩამოვედი… როგორც კი ჩამოვედი, ერთ-ერთი სამოქალაქო ფორმიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, _ ბავშვი თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილიო. იმ წუთას აქ რა ხდებოდა, მერე რა მოხდება, ამას არ დავუწყებდი ლოდინს, მანქანა დავქოქე და თელავში წავედი… როცა ჩავედი, საავადმყოფოს შესასვლელში ჩვენებური ქალი დამხვდა და პირდაპირ მომახალა, _ შუბლში არის ნასროლიო. ასე ხდებოდა ეს ყველაფერი…
_ ბ-ნო მალხაზ, როგორ ფიქრობთ, დააგვიანეს თუ არა დაჭრილი თემირლანის გადაყვანა საავადმყოფოში?
_ ჩემი ვარაუდით, გადაყვანა მოხდა რაღაც ერთი საათის მერე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საავადმყოფოში შეყვანილია 8-ის 20 წუთზე. ასეთი დაჭრილი ადამიანის გადაყვანას თელავში რაღაც ნახევარი საათი, ორმოცი წუთი უნდა დასჭირდეს. მე თვითონ ჩავსულვარ ამ ხეობიდან თელავში, ნადიკვარზე ჩავსულვარ 22 წუთში ჩემი მანქანით…
_ ოფიციალური ვერსიით, იმ სახლში, სადაც ახმეტ ჩატაევი ცხოვრობდა, ამოღებულია საბანკო ხელშეკრულებები. თქვენს შვილს სამი ანგარიში ჰქონდა სხვადასხვა ბანკში. რეალურია თუ არა ამ საბანკო ხელშეკრულებების არსებობა, თქვენ როგორ ფიქრობთ? თვითონ დოკუმენტი არავის უჩვენებია, მხოლოდ გვითხრეს, რომ ხელშეკრულებები არსებობს…
_ რახან ამათ ჩემთან ოჯახში ეს ფული ნახეს, ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს და რაღაცას ხომ უნდა მიაწერონ? მონტაჟი უნდა გააკეთონ, რაღაცა სურათებიც უნდა გააკეთონ, ის ამონაწერებიც უნდა გააკეთონ. რაღაცა ხომ უნდა შექმნან, ეს ჩვენ ხომ ვიცით. ჩვენ, დალაგებულმა ხალხი კი არა, სულელიც კი მიხვდება ამას. რაღაც ხომ უნდა შექმნან, ასე თუ ისე, რაღაც თუ არ შექმნეს, ასეთი ბავშვი მოკლეს, წავიდნენ, ეს უკვე არარეალური იქნება…
თემირლანი ჩატაევს არ იცნობდა, არც შეხება ჰქონდა, 12 წლის იყო, ჩატაევი პანკისის ხეობაში რომ ცხოვრობდა. საიდან უნდა ჰქონოდა რამე შეხება?
თემირლანი დაბადებიდან დაავადებული იყო თვალების „ფტოზით“, 9 კლასი რომ დაამთავრა, სკოლას თავი დაანება, კომპლექსი ჰქონდა და ბავშვების რცხვენოდა, ქუთუთოები ძალიან ჩამოწეული, მკვდარი ჰქონდა და სკოლას ამიტომ დაანება თავი. საზოგადოებაში იმდენად არ გადიოდა, ყოველთვის ჩაკეტილი იყო, წიგნებს კითხულობდა ისტორიაზე და გეოგრაფიაზე კომპიუტერიდან. რადგან ეს ბავშვი ასე იყო, ჩვენც არაფერს ვაკლებდით. მერე გამოჩნდა მოსკოვიდან ჩამოსული ამ სპეციალობის პროფესორი, თურქეთში 18 ათასი მოგვთხოვეს მსგავს ოპერაციაზე, მაგის საშუალება არ გვქონდა და ველოდებოდით, სანამ ის პროფესორი ჩამოვიდოდა მოსკოვიდან, ისიც ჩამოვიდა და დაემთხვა. ჩვენი ხარჯების გაღება მოგვიწია, გავაკეთებინეთ ეს ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ უკვე თბილისში წასვლაც მოუნდა, სწავლაც, ჩაბარებაც, ინგლისურის სწავლაც და წავიყვანეთ, ჩავაბარებინეთ კოლეჯში აიტის სპეციალობაზე, ტექნოლოგიები და ინფორმატიკა იქ დაამთავრა, დიპლომი აიღო და მერე ამ სპეციალობაზე ინგლისური სჭირდებოდა ოქსფორდის პროგრამაში. ცოტა მაღალი დონის ბავშვებს ასწავლიდნენ. იქიდან გამოვიყვანეთ. მერე ნაცნობობით შევეცადე, დაცვის პოლიციაში მიმეყვანა. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ უნდოდა პოლიციაში და ჩემი დაჟინებული თხოვნის გამო დათანხმდა, უკვე ყველანაირი დოკუმენტი გამზადებული მქონდა, ფორმის ზომებიც აღებული ჰქონდა და სამუშაოზე გასვლას ელოდებოდა…
_ ბ-ნო მალხაზ, ვინ იყო ის ორი პირი, რომელიც თქვენს შვილთან ერთად გვაჩვენეს თბილისში, სავაჭრო ცენტრ „პასაჟში“ ტელეფონის ყიდვისას? საიდან იცნობდა მათ?
_ კი, ეს ორი პირი არის ორი წლის წინათ ჩამოსული. რამდენადაც მე ვიცოდი, აბდულა და სეიფულა იყვნენ კადიროვს გამოქცეულები გროზნოდან. ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ყველგან თბილისში, ასევე პანკისის ხეობაში ამოდიოდნენ, პიკნიკზე გადიოდნენ, ფეხბურთს თამაშობდნენ, ფრენბურთს თამაშობდნენ, ალაზანზე პლაჟზე გადიოდნენ, ყველასთან ისეთივე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც თემირლანთან, მაგრამ როგორც ასეთი, მაგათ რა მიზნები ამოძრავებდათ, ვინ იცოდა? ნებისმიერი ჩამოსული, თუ მათ რაღაც მიზეზი ჰქონდათ ჩასახული და იმის განხორციელება სურდათ, ვინ გეტყვის? ისინი ხომ პროფესიონალები არიან, ვის გაანდობს თავის საქმეს? _ არავის! ხომ ასეა? მაგათ ქცევებში ნამდვილად ვერანაირ საეჭვოს ვერ ვხედავდი, არც გავიფიქრებდი მაგაზე, მაგრამ რაღაც საეჭვო რომ ყოფილიყო, ჩემს შვილს ახლოს ხომ არ გავაკარებდი? მაგათ ყველასთან ჰქონდათ ურთიერთობა, თბილისში ქართველ ბიჭებთან ჰქონდათ ბევრთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ორიც იქ როგორ აღმოჩნდა? საქართველოს მექსიკის სტატუსი ხომ არ აქვს-მეთქი მინიჭებული? იმიტომ, რომ ყველა წითელი ცირკულარით ძებნილი მექსიკაში გარბის, მექსიკაში შეხვედი _ თავისუფალი ხარ. გამოდის, რომ აქ სასაზღვრო დეპარტამენტში საერთოდ კონტროლი არ არის, ყველა თავისუფლად შემოდის. საბაჟოზე ყველა თავისუფლად შემოდის, ორი საბაჟო უნდა გამოიარონ. ერთი კითხვა იბადება, _ საიდან მოდიან, ვის მოჰყავს ეს ხალხი, აქ რა ხდება? აქ ის ხდება, რომ ამათ აღებული აქვთ დიდი, სოლიდური თანხა რუსეთისგან და ასეთი რაღაც უნდა შეიქმნას, ე. ი. ამათ ფული აიღეს, ვითომ ტერორისტებს ებრძვიან, რაღაც ჯგუფი არის შემოსული. შემოსული კი არა, შემოყვანილია…
_ „ამათში“ ვის გულისხმობთ?
_ „ამათში“ ვგულისხმობ ხელისუფლებას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, უშიშროებას. ეს ვარაუდი და ვერსია კი არ არის, ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, 100 პროცენტით!.. თუ ამათ არ იციან, ისინი ვინ არიან და საიდან არიან, მე და ჩემმა შვილმა, დანარჩენმა უბრალო ხალხმა, საიდან უნდა გავიგოთ, ესენი ვინ არიან? იმიტომ, რომ ეს ფული უნდა გადაინაწილონ, რუსებმა გადაუხადეს, ამათ საქონელი დააგვიანეს, იქიდან შეკვეთა მიიღეს, _ საქონელი თავის დროზე! ამათ შემოაყვანინეს ისინი, ზოგი ნაცნობი-მაცნობი ჩარიეს და სპეცოპერაცია მოახდინეს. ესენი რომ ჩემთან მოსულიყვნენ, _ შენი ბიჭი აქ სადღაც გარეულია, დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთ, ამას წაიყვანდნენ, იმას წაიყვანდნენ… ამ შემთხვევაში ისინი სპეცოპერაციას ვერ ჩაატარებდნენ, იმიტომ, რომ ამას არ დაერქმეოდა სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია თუ არ ჩატარდა, ამათ ეს ფული, რაც „შჩოტები“ გახსნეს და „ზამკები“ ააშენეს… დღეს მსოფლიოში ყველა მასშტაბით, ექვსივე კონტინენტზე რაც ხდება, ფულის გამო ხდება, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მაგრამ ჩემი ერთადერთი ვაჟი გაიწირა, რომელიც საერთოდ არაფერშია დამნაშავე…
_ ხელისუფლებიდან ვინმე თუ გამოგეხმაურათ უცხოეთში თემირლანის მკურნალობასთან დაკავშირებით?
_ მისი გადაყვანა უკვე ჩემს საზღვრებს სცდებოდა, ან ხელისუფლებიდან რომ არ დამიკავშირდნენ, ეს ყველაფერი ჩემს საზღვრებს სცდება, ჩემს ძალებში არ არის… ერთადერთი, სახალხო დამცველი, მოვიდა ჩემამდე, მომისმინა და ახლა თქვენ მოხვედით, დანარჩენი არავინ გამომხმაურებია, არავინ მოსულა, ეს საქმე, ჯერჯერობით, ასე დგას…
_ გამოძიება რა სტადიაშია, ხომ არ იცით რაიმე დეტალები?
_ რა სტადიაზეა, არ ვიცი, ჩემთვის არავის ინფორმაცია არ მოუცია, არც გაუმხელია და არც უთქვამს, რა სტადიაზეა. რამდენადაც შესაძლებელია, ადვოკატები მუშაობენ ამ საქმეზე. მე პირველ დღესვე განვაცხადე, მხოლოდ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებ. ჩემი მიზანი ის არის, რომ სტრასბურგში გავიტანო და სიმართლე დავუმტკიცო. როგორც ყოველთვის, ჩემი მოთხოვნაა, გომელაურიდან დაწყებული, ვინც განახორციელა აქ ის სროლა, სასამართლოს წინაშე წარდგნენ, თუ მომისმინეს და ამაზე წავიდნენ, ხომ კარგი, თუ არადა, მარტოკა ვრჩები, ხომ? მაშინ მომიწევს რაღაცის გაკეთება, უკან არაფერზე დავიხევ, დასაკარგი არაფერი მაქვს, ჩემთვის ყველაზე მთავარი არის, ჩემი ბავშვი ახლა მარტოა, თუ ეს სიმართლე დამტკიცდა, მაშინ ამოვისუნთქავ, თუ ეს სიმართლე არ დამტკიცდა, მე ჩემს შვილთან უნდა წავიდე, მაგრამ რაღაც უნდა წავიღო, ხელცარიელი არ წავალ, ეს იქნება ჩემი ბოლო პასუხი.
ისევ და ისევ, ხელისუფლებას ვთხოვ, ყველაფერი გააკეთოს, ის ადამიანები სასამართლოს წინაშე წარდგნენ, დაისაჯონ უმაღლესი ზომით! მაშინ იქნება ჩემი გამარჯვება და ჩემი ზეიმი, ამას ვთხოვ… მაგრამ, როგორც ასეთი, როგორც ჩაირა ლოპოტის ხეობამ, როგორც ჩაიარა გუმაშვილების ამბავმა, ეს ასე არ ჩაივლის, იმიტომ, რომ აქ მე ვარ, ეს არ ჩაივლის ასე!.. გგონიათ, კადიროვთან ხმას ვერ მივაწვდენ? მაგრამ მე ჩემი შვილი საქართველოსთვის გავზარდე, ჩემი საძმო აქ არის, საქართველოში მინდა ვიპოვო სამართალი.
_ სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე კიდევ ერთი პირი, ამავე ხეობის მცხოვრები, იუსუფ ხანგოშვილია, რომლის სახე დაფარული იყო. რა კითხვებს ბადებს ეს? რატომ დაიბარეს ის დაკითხვაზე მხოლოდ მას მერე, რაც „რუსთავი 2“-ის მეშვეობით დაუფარავი კადრები გავრცელდა?
_ რა ეჭვებს ბადებს და რა კითხვა იბადება, ჩემთვის რამდენჯერმე თავში გადამიტრიალებია ეს აზრები, რომ დავარქვათ ამას სპეცოპერაცია. ასეთი სპეცოპერაცია რომ ტარდება, უშიშროებას ყოველთვის თან ახლავს, ბოდიშს ვიტყვი ამ სიტყვაზე, ჟარგონით გამომდის, „ნასედკა“, რომელიც არის ადგილობრივი და ვინც უშიშროებაზე მუშაობს… მე მგონი, ან იქიდან უნდა ყოფილიყო ამის სახის დაფარვა, მაგრამ მაგ ბავშვს მე ვიცნობ, ოჯახს ვიცნობ, ძალიან წესიერი ოჯახიდან არის და საღად მოაზროვნეა, წესიერი ბავშვია ის ბიჭი, ერთი ვერსია ეგ არის. მეორე, ჯერ ეს როგორ გაუვიდოდათ, თემირლანი ანახეს, ჯერ ამას როგორ მიიღებს საზოგადოება, თუ ეს არ იკმარა საზოგადოებამ, აი, ესეც ყოფილა, რომ დაამატონ და კიდევ რომ გაამსხვილონ. და ასეთ რაღაცას ვფიქრობ და მგონი, საფუძვლიანია.
_ ამ სპეცოპერაციის დროს დაკავებულ სხვა პირებს თუ იცნობთ? გორნაკაშვილზე რა ინფორმაცია გაქვთ?
_ მაგ ადამიანებში, რომლებიც დაკავებულები არიან, მხოლოდ ჩემი კარის ორ მეზობელს ვიცნობ. ჩვენს უბანში, ამ ტერიტორიაზე, „ვაიფაი“ არავის ჰქონდა, მე მქონდა მხოლოდ. ინტერნეტით გასაუბრება ვისაც უნდოდა, ყველა ჩემთან მოდიოდა, თემირლანს ულიმიტო ჰქონდა, ყველგან თემირლანის ნომრიდან ირეკებოდა, დანარჩენი აზრზე არ ვარ, ისინი ვინ არიან, ვისები არიან, საიდან არიან. ვიცი, ხეობიდან არიან, დანარჩენს არავის ვიცნობ, ვიცნობ რამაზ მარგოშვილსა და რუსლან ალდამოვს, ამ ორ პიროვნებას ვიცნობ, ორივე კარის მეზობელია, მისვლაც, მოსვლაც, ყავაზეც, ჩაიზეც, გაგზავნაზეც, გამოგზავნაზეც, დაბარებაზეც, ეს მომიტანე, ის მომიტანე, ყოველთვის ვისთანაც მქონდა ტელეფონით საუბარი…
_ რაიმე საეჭვო მათ მოქმედებაში არ შეგინიშნავთ, რომ ტერორისტებთან კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ან ხელშემწყობი რაიმე ურთიერთობაში?..
_ სიმართლე რომ გითხრათ, მაგაზე არც მიფიქრია, უკვე მაგათი საქმეა, ადამიანი თავისებური ქცევით რაღაცაში გამოირჩევა ხოლმე, ვინ რას აკეთებს, თუ ეჭვი შეგეპარა და რაღაცა შენიშნე და დაიწყე მის ქმედებაში, რამე გაიგო, შეიძლება მიხვდე, მაგრამ ასე რომ დადიან, აბა, საიდან უნდა გაიგო?!
ვაგზალზე, სადაც ფირია გადაღებული, იცით, თემირლანი როგორ მოხვდა? თბილისში იყო წასული იუსუფთან ერთად, დედამისს დაურეკა იქიდან, იმ ორზე, _ სეიფულა და აბდულა წასულები რომ გვეგონენ საქართველოდან, თბილისში შეგვხვდნენ ორივე ვაგზალზე, ტელეფონი იყიდეს, არჩევაში დავეხმარეო. ხომ შეიძლება ვიფიქრო, რომ ჩემი შვილი სპეციალურად მიიყვანეს ამ შეხვედრაზე?
კიდევ ერთხელ ვამბობ: მოვითხოვ და ველოდები გამოძიების დასრულებას, სასამართლოს სკამზე უნდა ვნახო ყველა ის პირი, რომელიც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ტერორისტული აქტი მომიწყვეს მე და მომიწყო სახელმწიფომ! 19 წლის შვილი სახლში მომიკლეს! ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, დაწყებული გომელაურით, გოგაშვილით, იმ სპეცრაზმელით, რომელმაც ჩემს შვილს ესროლა, უნდა დაისაჯოს. ჩემმა ქალიშვილმა მოისმინა სახლის გვერდით, როგორ ეჩხუბებოდნენ ერთ სპეცრაზმელს დანარჩენები და აგინებდნენ, მოგვეცი იარაღიო. როგორც ჩანს, დანაშაულის იარაღი გადამალეს, მაგრამ სანამ პირში სული მიდგას, ჩემი შვილის მკვლელებს არ მოვეშვები.

ოთახში სამარისებური სიჩუმე დადგა, ქალებმა ცრემლი უხმოდ გადაყლაპეს. ჩვენ თავდახრილები ვსხედვართ და აღარ ვიცით, სიტყვები როგორ ვიპოვოთ…
მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლანის ოთახში შესვლის ნებართვას ვთხოვთ.
_ ჯერ ჩაი მიირთვით, _ სუფრაზე გვეპატიჟება თემირლანის მამა.
ქისტებისთვის ადათი უპირველესია, სახლში მოსულ სტუმარს სუფრა უნდა გაუშალოს, ჩაი უნდა მიართვას. სუფრას თემირლანის დედა და და გვიშლიან, ცრემლს არ გვანახებენ, არც სატკივარზე გვესაუბრებიან. თავდახრილი ვსხედვართ.

მაგიდასთან პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, სოლცა ქავთარაშვილი ჯდება.
სტუმრისთვის ესეც დიდი პატივია.
_ ჩვენ ამ მიწაზე ორასი წლის წინათ დავსახლდით, ეს ჩვენი სამშობლო და მიწა-წყალია. შევარდნაძემ რომ დერეფანი გააკეთა, იმ წლებში 30-კაციანი რაზმი მყავდა და ხეობას ათასი გარეწრისგან იარაღით ხელში ვიცავდით. მერე პანკისში მშვიდობიანი დრო დადგა. ტელევიზორს ჩართავ თუ არა, ყველა კუთხეში ეს ისმის: მოკლეს, დაჭრეს, გაძარცვეს. პანკისში რამე მსგავსი გაგიგიათ? ახლა უბედურება დატრიალდა ამ ძვირფას ოჯახში. თემირლანი ისეთი ბიჭი იყო, თვალებში არ გიყურებდა, როცა გესაუბრებოდა, მორიდებული, წესიერი. დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია. ჩვენთან ადათია ასეთი, სტუმარს არაფერს ვეკითხებით, სახლში ვიღებთ და რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს გაატარებს მასპინძელ ოჯახში. ჩვენ ტერორისტები არ შეგვიფარებია. ირაკლი სესიაშვილი და სოზარ სუბარი რომ გამოდიან და წყალ-წყალას ლაპარაკობენ, ჩამოვიდნენ აქ და მოგვისმინონ.
უბედურება დატრიალდა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, _ გვეუბნება სოლცა ქავთარაშვილი.
უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სუს-ის უფროსის მოადგილისა და კახეთის გუბერნატორის მიერ მოწყობილ შეხვედრაზეც იმყოფებოდა. კადრები ნახა, თუმცა დასკვნები თემირლანის ტერორისტებთან კავშირზე არ გამოუტანია. ფირზე ასახულ ბიჭებს კარგად იცნობდნენ ხეობაში, ორი წელი თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ. არასოდეს შეუნიშნავთ რაიმე საეჭვო. _ პანკისს ნუ ეჯინებითო, _ უთქვამს უხუცესს სუს-ის უფროსის მოადგილისთვის.
სადილის მერე თემირლანის მამას იმ ოთახში მივყავართ, სადაც შვილი მოუკლეს.
ოთახში თემირნალის კომპიუტერი და საწოლი გვერდიგვერდ დგას, სპეცრაზმელის ტყვიას საწოლის თავი გახვრეტილი აქვს და კედელშია გასული. კედლის ეს მონაკვეთი ამოჭრილია და ექსპერტიზაზეა წაღებული. მალხაზ მაჩალიკაშვილი ეჭვობს, რომ ტყვიას ტრაექტორიას შეუცვლიან, ყუმბარა ოთახის მეორე ბოლოში, გასასვლელ კართან იდო, თუ ისროლა, აფეთქდებოდა და არც ოთახიდან დარჩებოდა რამე და არც სახლისგან, თუ არ ისროლა, და ცხადია, თემირლანს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ მისივე ტელეფონი ეჭირა, მაშინ საკითხავია, საიდან გაჩნდა ოთახის ბეორე ბოლოში „ლიმონკა“ და რატომ არ არის მასზე სისხლის წვეთები, მაშინ როცა ოთახი, საწოლი, ბალიში და თეთრეული სისხლში ცურავდა?
_ რატომ ხელი არ მომტყდა, 41 რომ შემოვხაზეთ, როგორ დავუდექით „ქართულ ოცნებას“ მხარში, სამძიმარიც არ გვეკუთვნოდა? _ ამ ფრაზებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს. მთელი ხეობა გაოცებულია ამ ამაყი ქალის გამძლეობით.
უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ამჯერად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დღეს იხსენებს. როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, გასული წლის 21 ნოემბერს, სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე, მასთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დარეკა და თბილისში ჩასვლა სთხოვა. უხუცესი სპეცოპერაციის დასრულებამდე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მას ბინაში შესვლისა და ტერორისტებთან მოლაპარაკების საშუალება არ მიეცა. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩატაევი და მისი თანმხლები პირები საქართველოში სუს-მა შემოიყვანა, შემდეგ კი, როცა ინფორმაციამ გაჟონა, ისინი დახოცეს, იმიტომ რომ კვალი წაეშალათ.
მაჩალიკაშვილების ოჯახი სამართალსა და იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებსაც თემირლანის სიკვდილში ბრალი მიუძღვით.
მათთან ერთად სამართალს ელოდება პანკისის ხეობაც. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ერთობის დარღვევა ხელისუფლების ცალკეული ჯგუფების ჩარევამაც ვერ მოახერხა.
მაჩალიკაშვილების ოჯახიდან პანკისის ხეობის იმამის პრესსამსახურის უფროსს ვხვდებით. მუსა პანკისელიც შეწუხებულია ხელისუფლების დამოკიდებულებით პანკისის ხეობისადმი. კახეთის გუბერნატორის განცხადებებზე გვიყვება და ფიქრობს, რომ ის, რასაც ხელისუფლება პანკისის ხეობაში აკეთებს, რუსული გეგმის ნაწილია. არ გამორიცხავს სამომავლო პროვოკაციებს და ხეობაში კადიროვის მომხრეების გააქტიურებას.
ქისტები პროვოკაციებს ელოდებიან. მათ სპეცსამსახურების სიჩუმე და უმოქმედობა აშინებთ. გაგიკვირდებათ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლაც ესიმპათიურებათ, მარტივი არგუმენტი აქვთ, მიშა ჩვენი მტრის (რუსეთი) მტერია! ბოლო წლებია, მათთვის აზრი არავის უკითხავს. ადრე სანდრო ამირიძე მოდიოდა, ვისხედით, საფრთხეებზე ვსაუბრობდით, ერთად ვმსჯელობდით, პრობლემის გადაჭრის გზებს ერთად ვეძებდით, ახლა არავის აინტერესებს, რას ვფიქრობთ, პანკისის ხეობის ახალგაზრდობამ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლაზე უარი თქვა, არც ჩატაევთან ჰქონია ვინმეს ხეობიდან ურთიერთობა. ახალგაზრდობა მეტ ყურადღებას იმსახურებს, ხელისუფლებას კი ამისთვის არ სცალიაო, _ გვეუბნებიან იქაური ქისტები.
პანკისის ხეობაში ჩატაევის ცოლი, აიანა მარგოშვილი თბილისის სპეცოპერაციის მერე აღარ გამოჩენილა. ერთხანს ხმა გავრცელდა, დუისის სასაფლაოზე ახმედ ჩატაევის ცხედარი გვიან ღამით დაკრძალესო, მაგრამ ეს ცნობა სიმართლე არ აღმოჩნდა.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის ცხედარი თბილისშია დასაფლავებული და მისი ადგილსამყოფელი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
უკვე გვიანი ღამეა, მაგრამ ჯოყოლოში მაინც ავდივართ. ჯოყოლო პანკისის ხეობაში ქრისტიანებით დასახლებული ერთადერთი სოფელია, ქრისტიანული ტაძარი ძველი და უმოქმედოა, გასაღები იქვე მოსახლესთან ინახება და ტაძრის გაღება სტუმარს უწევს. მერამდენე წელია, საქართველოს საპატრიარქომ ვერ მოახერხა, რომ პანკისის ხეობაში მღვდელი შაბათ-კვირას მაინც ჩავიდეს და ადგილზე წირვა აღავლინოს, ტაძარსაც ადგილობრივები უვლიან.
პანკისის ხეობაში გლოვაა, ადგილბრივები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან, პასუხი კი აგვიანებს.

ელისო კილაძე