თვითნასწავლი დიზაინერი უპრეცედენტო Lab-ით საქართველოში

საქართველოში პირველი ქართული მოდის ლაბორატორია, იგივე „Geofashionlab“ 38 წლის მაკა ხუციშვილმა შექმნა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, წარმოშობით უბატონო ქიზიყიდანაა. ყველაფერთან ერთად, მაკა თვითნასწავლი დიზაინერი და ვიზაჟისტი გახლავთ.

ეს პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნოს ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს. „Geofashionlab“ ჯერ 3 თვისაა, თუმცა მათი ვებგვერდის რამდენიმე დიზაინერის კოლექცია, მათ შორის, „Makkine“ (მაკას კოლექცია) უკვე იაპონურ ონლაინ მაღაზიაში იყიდება. როგორც სტატიის მთავარი გმირი ამბობს, პროცესი არ დამთავრებულა და დიზაინერების დამატება ისევ მიმდინარეობს. მისი თქმით, „Geofashionlab“-ის კონცეფციაა, ყველა ქართველი დიზაინერის როგორც ეკონომ, ასევე პრემიუმ ხაზი წარმოდგენილი იყოს მათ ვებგვერდზე და მომხმარებელმა შეძლოს, ერთ სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა მათ ნამუშევრებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმას აქვს ორენოვანი ბლოგი, სადაც დიზაინერების კონცეფციაზე იწერება და მომხმარებლები დეტალურად ეცნობიან მათ შემოქმედებას. ისინი პოპულარიზებას უწევენ თბილისის ქუჩის მოდას, ქართულ სახეებს, ქართველ დიზაინერებს, რაც დამატებითი სტიმული და მნიშვნელოვანია ქვეყნის მოდის სფეროს განვითარებისთვის.
თავად იდეის ავტორი, თვითნასწავლი დიზაინერი, ვიზაჟისტი მაკა ხუციშვილი, ამბობს, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი სირთულე შეხვდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ ნებდებოდა. ნებისმიერ საქმესა და ადამიანში ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის გრძნობასა და სანდოობას აფასებს, ყველა შეცდომას კი გაკვეთილად მიიჩნევს.
მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დრო, რომლის თავისუფლებასაც იშვიათად განიცდის და ეს იმიტომ, რომ მცირედით არასდროს კმაყოფილდება და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს, თუმცა მიუხედავად ამისა, საკუთარ ძვირფას დროს არასდროს ინანებს საინტერესო იდეების მოსასმენად. განსატვირთად უსმენს მსუბუქ ჯაზსა და ჰაუსს.
ცხოვრებაში უამრავ სირთულეგამოვლილს განსაკუთრებით ენატრება ბებო და პაპა, მამა და გარდაცვლილი მეგობარი, თუმცა მიუხედავად ყველა ტკივილისა, ახლა იმ ეტაპზეა, როცა ცხოვრებას იწყებს, თამამად ამბობს, რომ დღეს უკვე საკუთარი თავი ნაპოვნი აქვს და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იბრძვის, მოსწონს და უყვარს ის, რასაც აკეთებს. საკუთარი ცხოვრების აზრადაც სწორედ ამას მიიჩნევს _ ოჯახსა და საყვარელ საქმეს. არ უყვარს სიტყვა „არასდროს“ და აღიზიანებს ცუდი ამინდი, სიცივე, ცინიკოსი და ნარცისი ადამიანები.
ამბობს, რომ თუ გინდა, ოცნებები აისრულო, ის არ უნდა გაამჟღავნო, უბრალოდ, უნდა დაწერო, მერე მიზნად დაისახო და ბოლოს აისრულო. ასრულებამდე კი არავისთან უნდა თქვა.

თვითნასწავლი ნიჭიერი ქართველი დღეს „ქრონიკა+“-ის სტუმარია, რომელიც დეტალურად მოგვიყვება საკუთარ პლატფორმასა და ცხოვრებაზე:
_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც ახლა აკეთებ? რამ გიბიძგა მოდის სფეროსკენ?
_ მოდა ყოველთვის მიტაცებდა. დედა კარგად კერავდა, ქსოვდა და მუდამ მანებივრებდა თავისი შექმნილი სამოსით. ქაღალდის თოჯინებით თამაში და ტანსაცმლის მათზე მორგება ბავშვობაში ჩემი საყვარელი გასართობი იყო. მხატვართა წრეში გავიზარდე: ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები მხატვრები მყავს. გამოფენები და ნახატების თემა ჩემთვის ახლობელია. ამიტომაც ჩემს კაფსულა კოლექციებში ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია დავიწყე _ მათთან კოლაბორაციით მათი ნამუშევრები სამოსზე გადამაქვს.
_ გარდა ხელოვნებისა, რას საქმიანობ?
_ 7 წლის ბიზნესგამოცდილებას ვითვლი სამკაულებისა და აქსესუარების კუთხით. ზოგადად, მრავალმხრივი პროფილი მაქვს. სპეციალობით ანგლისტი ვარ და 8 წლის რეპეტიტორის გამოცდილებასაც ვფლობ. ასევე ვმუშაობდი საკრებულოში, რკინიგზაში, თარჯიმანთა ბიუროში, სამშენებლო ფირმაში გაყიდვების კუთხით და აი, შემდეგ დავაფიქსირე, რომ არც ერთი ჩემი სამსახური არ იყო ჩემი მოწოდება და მივხვდი, რა მინდოდა! წამოვედი სამსახურიდან და ჩემი პირველი ჩვენება 10 წლის წინათ გაკეთდა. ეს იყო „ლევილში“, შემდეგ „ბერიკონში“, მალევე დავოჯახდი და 2-ჯერ მომიწია შემოქმედებითი პაუზის აღება. ამ პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე ბიზნესის კუთხით, მიტაცებს ფოტოგრაფია, ე. წ. სთაილინგი, ვმღეროდი უცხო ენების კაპელაში, ოქტეტში.
_ ბიზნესის წარმოების იდეა როდის გაგიჩნდა?
_ როცა პირველი შვილი 2 წლის შესრულდა. მივხვდი, რომ მინდოდა, კიდევ რაიმე ახალი დამეწყო. გონებაში ერხელ დედის ნათქვამი ჩამრჩა, რომ ჩვენი არაფერი იყიდებოდა და გადავწყვიტე, პასუხი მიმეღო კითხვაზე, _ რატომ?.. ჯერ კიდევ 10 წლის წინათ გავიარე ძალიან საინტერესო ტრენინგები: რიტორიკის სემინარი, ემოციური კომპეტენტურობა, იმფლოიშიფი, გუნდთან შეთამაშებულობა, ასევე ტრენინგები გაყიდვების კუთხით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავით ნანობაშვილს, ხათუნა მუზაშვილს, რადგანაც აბსულუტურად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა ბევრი საკითხის მიმართ, ვისწავლე მიზნებზე მუშაობა. ამდენი ინფორმაციის მიღებისა და შესწავლის შემდეგ ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისვის. რადგანაც ყოველთვის მომწონდა და მიყვარდა აქესუარები, სწორედ ამ კუთხით დავიწყე ბიზნესსაქმიანობა, რომელიც კიდევ ბევრი მიზნის განხორციელებაში დამეხმარა.
_ რას გრძნობ მაშინ, როდესაც შენი იდეა და, ზოგადად, „Geofashinlab“ მომხმარებელს აღაფრთოვანებს?
_ უფრო მეტი შემართებით ვიწყებ საქმეს, მეტი ინსპირაცია და საინტერესო იდეა მომდის თავში.
_ რა განსხვავებულ და ინოვაციურ სერვისს სთავაზობ მომხმარებელს?
_ ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ თბილისის ქუჩის მოდას, ქართულ სახეებს, ქართველ დიზაინერებს, კეთდება კოლაბორაციები სხვადასხვა ლუქით, დიზაინერისა და ჩვენი ფასები ხშირ შემთხვევაში ერთია, ტრანსპორტირება უფასოა საქართველოს მასშტაბით.
_ რა არის თქვენი პლატფორმის მუშაობის მთავარი პრინციპი?
_ საქართველოს სახელის გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქართული მოდისა და არა მარტო მოდის პოპულარიზაცია.
_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ მიყვარს ახლის ძიება, საკუთარ თავზე მუშაობა, ახალი ცოდნის მიღება და შემდეგ პრაქტიკაში გადატანა, მიყვარს სიმღერა, მიყვარს ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა. მიყვარს გადაღების, კერვის პროცესი, როცა საქმე კეთდება და იმ მომენტში კიდევ ახალი იდეები გიჩნდება.
_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?
_ ნიჭიერი და თავმდაბალი ხალხისთვის არ მენანება. მენანება დაკარგული დრო ფუჭ და ჩემთვის არასაინტერესო ურთიერთობებზე.
_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?
_ ინგლისურის მასწავლებელი.
_ ვინ არის ნამდვილი მაკა ხუციშვილი?
_ ადამიანი, რომელმაც იპოვა საკუთარი მე.
_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?
_ ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით მიაღწია წარმატებას, ჩემთვის ისინი დიდი მოტივატორები არიან.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ საქართველოში, ამ ეტაპზე, თბილისის ქუჩის მოდას მხოლოდ მოდის კვირეულებზე ექცევა ყურადღება, ამიტომაც კეთდება დიზაინერებთან კოლაბორაციები. საზღვარგარეთ ყველა ცნობილ ადამიანსა და დიზაინერს მოდის საკუთარი სტილისტი ჰყავს, საქართველოში ეს თემა აუთვისებელია. ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო პროექტი მაქვს და ძალიან მალე დავიწყებთ მის განხორციელებას.
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ ყოველთვის აპოლიტიკური ვიყავი, ძალიან ბევრ თემას შევცვლიდი, დაწყებული ბიზნესით, დამთავრებული სოფლის მეურნეობით.
_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.
_ თუ არ გამოდის, შეცვალე შენი დამოკიდებულება!
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ არ ვფიქრობ, ყოველ დღეს ან კვირას ვგეგმავ.
_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?
_ ჩემი მეუღლის, ოჯახის წევრების, მეგობრების.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ სიმშვიდე მოლოდ 1 საათით მიყვარს.
_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?
_ ესპანეთში ან იტალიაში.
_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?
_ პირველი ორდღიანი შოურუმი 23-24 დეკემბერს გაიმართა Gate gallery-ში, სადაც 20 დიზაინერის კოლექციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისინი, ამ ეტაპზე, მხოლოდ მე ვიცი და აუცილებლად განვახორციელებ.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_#ჩაიცვი ქართული
#იყიდექართული
#georgiandesigners
#ატარექართული
#discovergeorgia.

ნინო ტაბაღუა