ნინო ბურჯანაძის ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მეხუთე წელია, ასამართლებენ.
მართალია, „ქართული ოცნება“ აანონსებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნიდან 19 მილიარდი გაიტანა, რომელიც საიდუმლო ანგარიშებზე აქვს დაბანდებული, მაგრამ ამ დრომდე არც ფულის კვალი ჩანს და არც _ ანგარიშების.

პრეზიდენტისა და სდსს-ის მაშინდელი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესები კომედიას დაემსგავსა. შვიდი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს ხარჯებს „ვენოკების“ ხარჯებიც დაემატა. ბოლო პროცესები მხატვრული კითხვის რეჟიმში მიმდინარეობს, პროკურორები დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტისთვის დახარჯულ თანხებზე გვიყვებიან.
მეორე საქმე, რაშიც მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ეხება. პრეზიდენტმა მისი დისკრეციული უფლება გამოიყენა და 100 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის მოხვდნენ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებიც.
აღნიშნული საქმე, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა და ამიერიდან მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს: პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და „კუდის“ ყოფილმა თანამშრომელმა ოლეგ მელნიკოვმა.

„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების სრულ ვერსიას.

ნინო ბურჯანაძე
დაბადების თარიღი _ 16.07.1964

18 მაისი
2013 წელი

2004 წლიდან 2008 წლის ივნისამდე გახლდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისად, ყველა იმ ფუნქციას ვასრულებდი, რაც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული აღნიშნულ თანამდებობაზე მყოფი პირისთვის. სწორედ სამსახურებრივი ფუნქციების ფარგლებში პერიოდულად მიწევდა საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის წევრებთან და, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილთან შეხვედრები. მთავრობის წევრებთან შემდგარ შეხვედრებზე განიხილებოდა ქვეყნის განვითარება-მართვისთვის აუცილებელი და სხვა ზოგადად საჭირბოროტო საკითხები, იყო კერძო შეხვედრებიც, როცა მე ვითხოვდი ინფორმაციას რაიმე კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რაც იმ მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით მეტ-ნაკლებად აინტერესებდა საზოგადოებას. ერთ-ერთ ასეთ თემას 2008 წლის იანვრის შემდგომ, რასაკვირველია, წარმოადგენდა სანდრო (ალექსანდრე) გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებანი და აღნიშნულ დანაშაულზევე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგები; აქტუალურ და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხს წარმოადგენდა იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც თან ახლდა დანაშაულის ჩადენას. ამდენად, გიჩვენებთ შემდეგს: 2006 წლის 28 იანვრისთვის სამსახურებრივი მივლინებით ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ასევე მახსოვს, რომ ამ დღეს, საღამო ხანს, ვვახშმობდი საქართველოს ელჩ კოტე ზალდასტანიშვილთან და კიდევ რამდენიმე პირთად ერთად. სწორედ ვახშმობის დროს ელჩს მობილურ ტელეფონზე თბილისიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ თბილისში ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს და ოქროყანის სასაფლაოზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სანდრო გირგვლიანსა და მის მეგობარს, რასაც შედეგად სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება მოყვა. სუფრაზევე კოტე ზალდასტანიშვილმა მაცნობა მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მითხრა, რომ მას სწორედ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის მამამ დაურეკა. ბუნებრივია, ჩემი რეაქცია იყო უმძიმესი, თუმცა გაკვირვებასთან ერთად უარყოფითიც გახლდათ, რადგან ვერ დავიჯერე მომხდარ დანაშაულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობის ფაქტი. თბილისში, დაახლოებით, ორ დღეში დავბრუნდი და გავარკვიე რა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემა საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა მასმედიასა და საზოგადოების სხვადასხვა წრეში, ამასთან იკვეთებოდა შსს-ს თანამშრომელთა მონაწილეობა აღნიშნულ ტრაგედიაში, ამდენად, იმ საღამოსვე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ამ შეხვედრისას ვაპირებდი გამერკვია, თუ რა ინფორმაციას ფლობდა იგი მომხდარის შესახებ და მსურდა გადამეცა მისთვის ჩემთვის ცნობილი ფაქტებიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ უფრო მეტი იცოდა, ვიდრე მე. კერძოდ, მან იმასთან ერთად, რომ არ უარყო ჩადენილ დანაშაულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობის ფაქტი, კონკრეტული პირების სახელი და გვარებიც კი დამისახელა, რომელთაც შემხებლობა ჰქონდათ აღნიშნული დანაშაულის ჩადენასთან, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან საუბარში დაასახელა დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, გერონტი ალანიასა და სხვათა გვარები, მათ შორის იყო შს მინისტრ ივანე მერაბიშვილის მეუღლის, თამარ მერაბიშვილის გვარიც. კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ სანდრო გირგვლიანს ჰქონია პათოლოგიური სიმთვრალე და საღამოს სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფს „შარდენ ბარში“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია ბარში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილის მეუღლისა და სუფრის სხვა წევრი ქალბატონებისთვის, რომელთან ერთადაც სუფრაზე იმყოფებოდნენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, გურამ დონაძე და ვასილ სანოძე. სწორედ აღნიშნული შეურაცხყოფა გამხდარა შემდგომში სანდრო გირგვლიანის დასჯის მიზეზი. ტრაგედიის სიმძიმიდან გამომდინარე, მიმაჩნია რა, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობას გართულებები მოჰყვებოდა, მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული პირების ვინაობებმა კიდევ უფრო დამარწმუნა საზოგადოების ეჭვის სერიოზულობაში. მიხეილ სააკაშვილს ვუთხარი, რომ დამნაშავეთა დასჯის გარეშე საზოგადოება არ დაწყნარდებოდა და ყოველივე ამას კი სავალალო შედეგები შეიძლებოდა მოეტანა ხელისუფლებისთვის. საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ დავუფიქსირე ჩემი კატეგორიული მოთხოვნა საქმის სრულყოფილად გამოძიებისა და დანაშაულში მონაწილე განურჩევლად ყველა პირის დასჯის აუცილებლობის შესახებ, მით უფრო, თუ დამნაშავეები შს სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ. ჩემი სიტყვების პასუხად მიხეილ სააკაშვილმა სამი კვირა ითხოვა და დამპირდა, რომ მითითებულ ვადაში იგი ყველაფერს გაარკვევდა და არავის ხელს არ დააფარებდა.
იმავე საღამოს, საკითხში უკეთ გასარკვევად, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს და მოვთხოვე ჩემთან მოსვლა. შეხვედრისას გაირკვა, რომ ვანო მერაბიშვილისთვისაც კარგად იყო ცნობილი სანდრო გირგვლიანის გატაცებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობის ფაქტი. დასახელდა იგივე გვარები: დავით ახალაია, გურამ დონაძე, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი, გაჟღერდა მის მეუღლე თამარ მერაბიშვილის გვარიც. ჩვენი საუბრისას ივანე მერაბიშვილი ძალზე ნერვიულობდა, რადგან მომხდარი ინციდენტი უკავშირდებოდა მის მეუღლეს _ თამარ მერაბიშვილსაც, კერძოდ კი, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, თამარ მერაბიშვილი „შარდენ ბარში“ დათა ახალაიასა და შს სამინისტროს სხვა თანამშრომლების მიერ გამართული სუფრის ერთ-ერთი წევრი გახლდათ. ამდენად, ივანე მერაბიშვილის ნერვიულობა სრულიად გასაგები გახდა, რადგან საკითხი ეხებოდა მისი მეუღლის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობას, ან დანაშაულთან სხვა სახით შემხებლობას. მახსოვს, ივანე მერაბიშვილმა მითხრა, რომ მომხდარი ფაქტი მისთვის მხოლოდ დილით (სავარაუდოდ, 28 იანვრის დილით) გამხდარა ცნობილი, ხოლო დანაშაულის დეტალებზე ივანე მერაბიშვილთან ამ შეხვედრის დროს აღარ მისაუბრია.
საუბრის დასასრულს, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილსაც პირდაპირ დავუყენე მოთხოვნა, დაუყოვნებლივ მოეხდინა უკლებლივ ყველა დამნაშავე პირის დასჯა, რაზედაც მან მიპასუხა, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯის შემთხვევაში მას თანამდებობის დატოვება მოუწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მიზანშეწონილად არ მიმაჩნდა ივანე მერაბიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მე მას ვუთხარი, რომ თუ დამნაშავეთა დასასჯელად მართლაც საჭირო გახდებოდა მის მიერ თანამდებობის დატოვება, იგი ასეც უნდა მოქცეულიყო. როგორც მახსოვს, მას მე ვუთხარი: „ან ეს პირები დასაჯე, ანდა მართლა დატოვე თანამდებობა-მეთქი“. ამასთან, ჩემი ეს სიტყვები არ ყოფილა თხოვნა, ეს მოთხოვნა იყო და ვფიქრობ, ივანე მერაბიშვილი ყოველივეს კარგად მიხვდა.
საქართველოს პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ჩემი აღნიშნული შეხვედრის შემდგომ, რაც, თუ არ ვცდები, 2006 წლის 29-30 იანვარს უნდა მომხდარიყო, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში მუდმივად გამოითქმოდა უკმაყოფილება, რაც დღითი დღე ზრდიდა უარყოფით მუხტს. ქალაქში დაწყებულ საკმაოდ მასშტაბურ მანიფესტაციებზე, გამოსვლებსა და შეკრებებზე გამოითქმებოდა უკმაყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების მისამართით, რადგან საზოგადოება მიიჩნევდა, რომ გამოძიება ხელს აფარებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე შს სამინისტროს თანამშრომლებს. კვლავინდებურად სახელდებოდა დათა ახალაიას, გურამ დონაძის, ვასილ სანოძის, ოლეგ მელნიკოვისა და სხვათა გვარები. მუსირებდა აზრი, რომ გამოძიება აპირებდა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენთა დასჯას და ხელს აფარებდა მომხდარის რეალურ შემკვეთებს. აღნიშნულის ირგვლივ მსჯელობა და საუბრები მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტშიც, რადგან პარლამენტართა გარკვეული ნაწილი ქუჩებში გამართულ აქციებსა და გამოსვლებშიც იყო ჩართული. ამიტომ გარკვეულ მომენტში დღის წესრიგში დადგა, სწორედ საქართველოს პარლამენტში გაკეთებულიყო განცხადება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების, განსაკუთრებით კი ჩემი პირადი მოთხოვნა იყო, პარლამენტართა წინაშე მოხსენებით სწორედ ივანე მერაბიშვილი წარმდგარიყო. ასეთი შეხვედრა, რომელიც, როგორც მახსოვს, რამდენჯერმე გადაიდო, საბოლოოდ გაიმართა 2006 წლის თებერვლის ბოლოს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლამდე ივანე მერაბიშვილი მოვიწვიე ჩემს სამუშაო კაბინეტში და ჩვენ შორის გამართული საუბრის დროს მე მას მოვთხოვე, საზოგადოებისთვის მოეხსენებინა საქმის რეალური გარემოებები. ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ პირს, საზოგადოების წინაშე მოეხადა ბოდიში ყოველივე მომხდარის გამო და მიეცა პირობა, რომ რეალური დამნაშავეები დაუსჯელნი არ დარჩებოდნენ. ჩემი და ივანე მერაბიშვილის, როგორც წინა, ისე ამ შეხვედრის დროსაც, იგი ძალიან დათრგუნული და დაბნეული ჩანდა. აშკარა იყო, რომ ძალიან ნერვიულობდა, რაც შეეტყო კიდეც პარლამენტარების წინაშე წარდგომის დროს, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, მოხსენების დროს ივანე მერაბიშვილმა ისაუბრა რადიკალურად განსხვავებული პათოსით, კერძოდ, მან ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დ. ახალაია და შს სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიცვა და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მათ არანაირი მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული. მან განაცხადა, რომ დავით ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, მისი მეუღლე და „შარდენ ბარში“ 2006 წლის 28 იანვარს გამართული სუფრის წევრები მართლა დაკითხულნი იყვნენ გამოძიების მიერ, მაგრამ არ არსებობდა არათუ ზემოაღნიშნული პირების პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი, არამედ მათი თანამდებობიდან გადაყენებაც კი არ იგეგმებოდა.
ივანე მერაბიშვილის აღნიშნულმა განცხადებებმა, რა თქმა უნდა, ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, მაგრამ მე არანაირი ბერკეტი არ გამაჩნდა, რაიმე ზემოქმედება მომეხდინა გამოძიებაზე, რათა ძიება სწორი მიმართულებით წარმართულიყო. ისღა დამრჩენოდა, არ დამეთმო ჩემი პრინციპები და გარკვეულ პირებთან (იგულისხმება გუნდი) გამართულ შეხვედრებზე მოვითხოვდი დამნაშავეთა დასჯას, თუნდაც ამისთვის მინისტრის გადადგომაც გამხდარიყო საჭირო. ვფიქრობ, სწორედ აღნიშნულის შედეგი იყო გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, ნიკა რურუასა და საქართველოს პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობაში მყოფი სხვა პირების ჩემთან არაერთხელ გამართული საუბრები, რა დროსაც ისინი მთხოვდნენ, თავი დამენებებინა ივანე მერაბიშვილისთვის. ამ უკანასკნელთა მხრიდან გამოითქმოდა აზრები, რომ სანდრო გირგვლიანი არც ისე უწყინარი პირი იყო, რომ უთანხმოება ბარში მყოფ პირებთან სწორედ მისი მიზეზით მოხდა და რომ დათა ახალაიასა და სხვა მასთან მყოფ პირებს სულაც არ სურდათ მისი გარდაცვალება. კერძოდ, ისინი გამუდმებით ავითარებდნენ ჩემთან პოზიციას, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, დათა ახალაია იყო ერთიანი გუნდის წევრი, რომელსაც ისინი ვერ გაწირავდნენ. აქვე გიჩვენებთ, რომ ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, დაუყოვნებლივ მომხდარიყო დათა ახალაიასა და ვასილ სანოძის თანამდებობიდან გადაყენება. თუმცა ჩემი არც ეს მოთხოვნა შესრულდა იმ ფორმით, როგორც მოვითხოვდი, რადგან ზემომითითებული ორივე პირი თანამდებობიდან მხოლოდ საკუთარი ინიციატივით გადადგა. სამწუხაროდ, მე მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ეს გადადგომაც კი ფორმალური ყოფილა და როგორც დათა ახალაია, ისე ვასილ სანოძე ჩვეულებრივად აგრძელებდნენ სამსახურში სიარულს და გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნულს კი რამდენიმე ხნით წინ უსწრებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილების სახით კუდ-ის ოთხი თანამშრომლის დაკავება, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გასამართლდნენ კიდეც. ჩემი მოთხოვნა ყოველთვის იყო, დასჯილიყვნენ არა მხოლოდ დანაშაულის შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც, ასეთებს კი სწორედ დათა ახალაია და შს სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები წარმოადგენდნენ. ჩემთვის და, საზოგადოდ, ასევე ცნობილი ფაქტია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მხილებული პირები მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობდნენ ციხეში ყოფნის დროსაც. განსაკუთრებული პროტესტი ჩემში გამოიწვია აღნიშნული პირების ვადამდე ადრე განთავისუფლებამაც, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალების გზით განხორციელდა.
კითხვა მოწმე ნინო ბურჯანაძეს: თქვენსა და საქართველოს პრეზიდენტსა და თქვენსა და ი. მერაბიშვილს შორის გამართული საუბრის დროს, ამ უკანასკნელებს ხომ არ უთქვამთ, ვისგან ფლობდნენ ინფორმაციას სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში დ. ახალაიას, ო. მელნიკოვისა და შს სამინისტროს სხვა თანამშრომლების მონაწილეობის შესახებ?
პასუხი: მათ ჩემთან საუბარში არ დაუსახელებიათ ინფორმაციის წყარო და ამ დეტალზე არც მე ჩავძიებივარ.
კითხვა მოწმე ნინო ბურჯანაძეს: ზემოთ მითითებული შეხვედრების გარდა, ხომ არ გქონიათ პრეზიდენტ მ. სააკაშვილთან, ი. მერაბიშვილთან, ან სხვა პირებთან ს. გირგვლიანის საქმეზე საუბარი სხვა დროსაც (გამოძიების, სასამართლო განხილვის სტადიაზე, ან განაჩენის გამოტანის შემდეგ)?
პასუხი: სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებისა და დაუსჯელად დატოვებული პირების შესახებ მუდმივად მქონდა საუბრები ივანე მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილთან ჩვენ შორის გამართულ არაერთ შეხვედრაზე. გამუდმებით ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დანაშაულის ყველა მონაწილე არ დაისჯებოდა, გირგვლიანის საქმე არასოდეს დასრულდებოდა. ჩემს ამ მოთხოვნაზე ივანე მრაბიშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც ერთნაირად მპასუხობდნენ: გამოძიებით სწორედ პასუხისგებაში მიცემული პირების დანაშაულებრივი ქმედებები დადგინდა და დანარჩენ პირებს მომხდართან არავითარი შეხება არ ჰქონიათო. აღნიშნულს მიმტკიცებდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული პირები, არამედ მათი გუნდის ისეთი წევრები, როგორებიც იყვნენ გიგა ბოკერია, ნიკა რურუა, გიგი უგულავა და სხვები. ყველა ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ გამოძიება ამომწურავად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ჩატარდა და არ არსებობდა არავითარი სამხილი დათა ახალაიასა და სხვათა კავშირის დასადასტურებლად სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. სამწუხაროდ, მე მათ ვერაფერს ვუპირისპირებდი, გარდა საზოგადოებაში გავრცელებული აზრისა, რაზედაც ვიღებდი შესაბამის პასუხს, „ჭორის საფუძველზე არ შეიძლებოდა გუნდის წევრის გაწირვა“. აქვე შეგახსენებთ, რომ მე გამოვედი საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი, რადგან მივიჩნიე, რომ მიხეილ სააკაშვილი და სხვები შეძლებდნენ გამოძიების შედეგების ოფიციალურად დადასტურებას უკვე საპარლამენტო დონეზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუშლიდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ობიექტური გამოძიების ოდესმე ჩატარებას.
კითხვა მოწმე ნინო ბურჯანაძეს: 2006 წლის 6 მარტს ივანე მერაბიშვილმა შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ამავე დღეს, ეჭვმიტანილების სახით, კუდ-ის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. გთხოვთ, უჩვენოთ, აღნიშნულ დღეს თქვენ და ივანე მერაბიშვილი თუ შეხვდით?
პასუხი: დაზუსტებით თარიღი აღარ მახსოვს, მაგრამ შესაძლოა, ივანე მერაბიშვილს მართლაც შევხვედროდი აღნიშნულ დღეს, ხოლო თუ შევხვდებოდი, ვფიქრობ, მისი განმარტებები ისევ ისეთი იქნებოდა, როგორც სხვა დროს, ანუ იგი დამიწყებდა დარწმუნებას, რომ გამოძიება სწორად მიმდინარეობდა და რომ დანაშაულის ჩამდენები მართებულად დაისჯებოდნენ.
აქვე განგიმარტავთ, რომ მზად ვარ, შემდგომშიც გავცე პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით.

ელისო კილაძე