გიორგი კვირიკაშვილმა და თეა წულუკიანმა სამოხელეო დანაშაული ჩაიდინეს?!

2004 წელს, როცა რაფიელ სურამელაშვილი და ლევან ნოზაძე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად შპს „იბერ კონსალტინგს“ აფუძნებდნენ, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდნენ, რომ 2017 წელს კომპანიის დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და მისი ბიზნესპარტნიორები იმდენად დიდი გავლენებით ისარგებლებდნენ, რომ, მაგალითად, „რაფოს“ შეეძლებოდა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად მისი მეგობრის, ლევან ზაუტაშვილის დანიშვნა, ხოლო ლევან ნოზაძის მამის ხათრით იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში ტყის ფონდის ტერიტორიის 13495 კვ.მ-ზე სახელმწიფო საკუთრების უფლებაზე უარს იტყოდა და მას, მოგვიანებით, სწორედ გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორის, ლევან, ნოზაძის მამას, მიხეილ ნოზაძეს დაურეგისტრირებდა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთების მითვისება, ჯერ კიდევ, 1999 წელს დაიწყო, 24 სააგარაკე მიწის ნაკვეთი 20 გავლენიან პირს გადაეცა, მაგრამ მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრის, ნინო ჩხობაძის პრინციპული პოზიციის გამო, ეს კომბინაცია ვეღარ განხორციელდა. 2003 წელს ბორჯომის მაშინდელი გამგებლის, გედევან ფოფხაძისა და გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის ხელშეწყობით, ახლად შექმნილ ორგანიზაციაზე 20-წლიანი იჯარა გაფორმდა 12 ჰა მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოგვიანებით ამ მიწების მესაკუთრედ ვინმე მიხეილ უკლება მოევლინა სოფელ სადგერს. როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, მიხეილ უკლება გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორის, ლევან უკლებას მამაა. მოგვიანებით, მიხეილ უკლებას უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს და ის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვეს, თუმცა პრემიერ კვირიკაშვილის ძალისხმევით და თეა წულუკიანის შესაბამისი ბრძანებით, სახელმწიფომ უარი თქვა ტყის ფონდის საკუთრებაში არსებულ 13 ჰა მიწის ნაკვეთზე, სამართლიანობის აღდგენა მოიმიზეზა და სწორედ ამ მოტივით, მიხეილ უკლებას აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირა. მასვე გადაეცა მთელი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მოეწყო, მათ შორის, ატრაქციონები და ფეხბურთის მოედანი. ამ ფაქტს წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს #388 დადგენილება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისას და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისთვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ, რასაც მოყვა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის 04.10.2016 წლის #260718 ბრძანება.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორ ლევან ნოზაძის მამა ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობის აღდგენის დაპირება შეუსრულა.

რა მოხდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში?

„ქრონიკა+“-ს ბორჯომის რაიონის საკრებულოს დეპუტატი _ გიორგი გიუაშვილი ესაუბრება:

_ გიორგი, როგორც გაირკვა, კვირიკაშვილი მისი ორი ბიზნესპარტნიორის მეშვეობით ფინანსურ სქემებს ალაგებს არა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც და ერთ-ერთი მსგავსი ფაქტი ბორჯომში მოხდა. თუ შეიძლება, რომ მოგვიყვეთ, რასთან გვაქვს საქმე?
_ საქართველო, ისევ და ისევ, კლანური მმართველობის მარწუხებშია მოქცეული და მთელი ამ წლების მანძილზე ერთ დიდ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. კახელების კლანი სხვა კლანით იცვლება და, რეალურად, საქმე წინ არ მიდის… ამ წლების მანძილზე ბორჯომში ოპოზიციური კუთხით საკმაოდ ვაქტიურობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი უკეთესი იყოს. შარშან, დაახლოებით, წლის ბოლოს, ინფორმაცია გავრცელდა, რომ სადგერის შესასვლელში საკმაოდ დიდი მოცულობის მიწა, რომელიც დარეგისტრირებულია 10 ნაკვეთად, გასხვისდა, მესაკუთრე გამოუჩნდა. იქ საამზომელო ფირმა შევიდა: დაიწყეს აზომვა, რაღაც რკინების ჩარჭობა, შემოღობვითი სამუშაოები გაკეთდა, რაღაც ლენტები გააბეს. რა თქმა უნდა, მოსახლეობას კითხვები გაუჩნდა. არავინ იცის, ვინ არის ეს მესაკუთრე. ამ ინფორმაციის ჩაძიება დავიწყე, თუ ვინ არის, რა ხდება, როგორ და რანაირად?.. აბსოლუტურად ყველა მონაცემი ამოვიღე და დეტალების გარკვევა დავიწყე. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ტყის ფონდის ნაკვეთები და ტყის ფონდის მიწა, რომელიც მიწის რეფორმის დროს არ გაცემულა და არ შეიძლებოდა გაცემულიყო 90-იან წლებშიც კი. ეს მთელმა სოფელმა და მთელმა ბორჯომმა იცის. მეც მოქმედი ადვოკატი ვარ, მოქალაქეებთან ვურთიერთობ და ეგ საკითხები ძალიან კარგად მესმის, _ არ შეიძლებოდა, ტყის ფიჭვნარი ვინმეზე გაცემულიყო. საიდან, ვის ჩაუვარდა ეს ნაკვეთი ხელში, ძალიან დიდი გამოსაკვლევი თემა იყო, თანაც უმნიშვნელოვანეს საკურორტო სოფელზეა საუბარი, რომელიც პლატოს შემდეგ ტყის მონაკვეთია. აღმოჩნდა, რომ, თურმე, ვინმე მიხეილ ნოზაძე ყოფილა, რომელმაც ნაკვეთების შემოღობვა დაიწყო. ამბობს, რომ ჩემიაო. აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი გამოვითხოვე და ასეთი რაღაც მოხდა: ვინმე მიხეილ ნოზაძეს 2016 წლის აგვისტოში საჯარო რეესტრისთვის მიუმართავს და ნაკვეთების დარეგისტრირება მოუთხოვია. უარი იმ მოტივით უთქვამთ, რომ თუ რაიმე სადავო ჰქონდა, პროკურატურისთვის, ან სხვადასხვა სამართალდამცველი ორგანოსთვის მიემართა და შემდეგ დაერეგისტრირებინა თავისი უფლება. ერთ თვეში, დაახლოებით, სექტემბერ-ოქტომბერში, ნაკვეთები, რომელიც 10 წლის მანძილზე ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება და სახელმწიფო ქონება იყო, იუსტიციის სამინისტროს ბრძანებით, გაუქმდა მათი რეგისტრაციები და შემდეგ, თავისი დოკუმენტაციით, რეესტრში უკვე მიხეილ ნოზაძე არეგისტრირებს. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, _ იუსტიციის სამინისტრო აუქმებს სახელმწიფო რეგისტრაციას, კოდს, ყველაფერს და შემდეგ მოქალაქე იგივე ნაკვეთებზე, თავისი დოკუმენტაციით, ხელახლა არეგისტრირებს საკუთრების უფლებას და სახელმწიფო ქონება კერძო საკუთრებაში გადადის.
_ ანუ ყიდვა-გაყიდვა არ ყოფილა, რომ, ვთქვათ, მოქალაქე მიხეილ ნოზაძეს ეყიდა სახელმწიფოსგან ეს ათ ნაკვეთად დარეგისტრირებული მიწა…
_ არა, არა… სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს ბრძანებით გაუქმდა და შემდეგ ამ ნაკვეთებზე მიხეილ ნოზაძემ თავისი უფლება დაარეგისტრირა…
_ იუსტიციის მინისტრის ბრძანების გამოცემის საფუძველი რა იყო?
_ ამ ნაკვეთებზე და ამ მიწაზე ძალიან დიდი ხანია, დავა მიმდინარეობს. ეს შავბნელი ისტორია 2000-ანი წლების დასაწყისში იღებს სათავეს, როდესაც შევარდნაძის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელიც სოფლის მეურნეობაში მუშაობდა, საკუთარ თავზე, თავის მეუღლესა და რამდენიმე ბორჯომელზე, რომელსაც სადგერთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, გააფორმა ეს ნაკვეთები. იმას ვერ ვიტყვი, თავიდანვე იყო თუ არა ამ სქემაში ნოზაძის ინტერესი, თუმცა ეს პიროვნება მაშინაც მაღალჩინოსანი გახლდათ, პროკურატურაში მუშაობდა. თავიდანვე მართავდა ამ სიტუაციას, თუ შემდეგ გახდა მისი მონაწილე, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უბრალო სოფლის საჯარო რეესტრის ჩინოვნიკმა ეს მიწები ჯერ სხვადასხვა პირებზე გააფორმა და შემდეგ, 2006 წელს, ეს მიწები მიხეილ ნოზაძეზე გადაიყიდა, ანუ 2006 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც საქმეში ფიქსირდება, ის ხდება ამ მიწების მესაკუთრე. შემდეგ ერთვება უკვე მაშინდელი სახელმწიფო სტრუქტურები, პროკურატურა, იწყება გამოძიება და ნაკვეთები ყადაღდება, მიხეილ ნოზაძეს საკუთარი ხელით აწერინებენ განცხადებას და თაღლითურად მითვისებულ ნაკვეთებს სახელმწიფოსთვის აბარებინებენ. ყველამ იცოდა, რომ ეს იყო გაყალბებული მიწის ნაკვეთები…
_ გიორგი, რასაც მიყვებით, გამოდის, რომ აბსოლუტურად კანონიერი იყო სახელმწიფოს მხრიდან ეს მოქმედება და სრულიად გამართლებული, როცა ნოზაძეს თაღლითურად მოპოვებული მიწის ნაკვეთები უკან დააბრუნებინეს.
_ რა თქმა უნდა. მეტიც: 2006 წლის შემდეგ 11 წელი ეს ნაკვეთები ჯიბეში არავის ჩაუდევს, არც პეტრეს, არც პავლეს, არც მიშას და არც არავის, ეს რომ არ აღნიშნო, არ შეიძლება… მიწა იყო სახელმწიფო საკუთრებაში, სახელმწიფო ბალანსზე შენარჩუნებული, ამ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა სათამაშო მოედანი გააკეთა, უზარმაზარი თანხაა დახარჯული, სტადიონია გაკეთებული, შემოღობილია, სკვერია, მთელი მოსახლეობა, _ ტურისტები, უცხოელები თუ ადგილობრივები, _ იქ დადის, ეს ტერიტორია მოსახლეობის საარსებო წყაროა, იმიტომ, რომ იქ თავშეყრის ადგილია… იქვე, ძალიან ახლოს, დაახლოებით 200 მეტრშია ე. წ. წმინდა სერაფიმ საროველის ტაძარი, გაისეირნებ საღამოს და ტაძარში ხარ, ქვემოთ ჩასასვლელი გზაა გოგირდის აბანოებამდე…
_ ანუ ტურისტული მნიშვნელობის ობიექტია…
_ დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, სულ ფიჭვნარია და ბორჯომში ასეთი ადგილები თითებზე ჩამოსათვლელია, რადგან იგი, ძირითადად, მთაგორიანია. ეს არის ვაკე და ამიტომ ძალიან კარგი ადგილია. ჩემი ინფორმაციით, მოსახლეობისგან რაც სარჩელი შევიდა შარშან პროკურატურაში, დაკითხულები არიან და ჩვენებები მიცემული აქვთ კომისიის წევრებსაც კი. სოფლის მკვიდრნი, რომლებიც მიწის ნაკვეთების დარიგებას 90-იან წლებში ხელმძღვანელობდნენ, ისინიც კი აღიარებენ და იმათი ჩვენებებიც არის საქმეში, რომ ეს მიწა თაღლითური ხერხებით არის დაუფლებული, მათი ხელმოწერები მიღება-ჩაბარების აქტებზე გაყალბებულია, არ ფიქსირდება, ბეჭედიც არ არის დარტყმული. ყველა თანხმდება, რომ მიწის გაფორმების ეს დოკუმენტები, თავდაპირველად, იყო ყალბი; შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ამ ბოლო წლების მანძილზე, მიხეილ ნოზაძე გააქტიურდა. რა თქმა უნდა, ამას უბრალო ადამიანი, მხოლოდ ვიღაც მიხეილ ნოზაძე, ფიზიკურად ვერ შეძლებდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გლეხები, სოფელსა თუ ქალაქში მცხოვრებლები თავის სამკვიდრო ქონებას, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს ვერ იფორმებენ წლების მანძილზე და ათასობით თანხას ხარჯავენ, რომ თავისი კუთვნილი სახლები, ქონებები და კარმიდამო გააფორმონ. ამ პიროვნებამ ძალიან მარტივად მოახერხა და ათი მიწის ნაკვეთი დაიბრუნა. რომ სულ ვფიქრობდი, ვის შეეძლო, რომელ თანამდებობის პირს, ვინ ეხმარებოდა ასეთი ადამიანი, რომ ამხელა, 10 ნაკვეთზე გაუქმდა სახელმწიფო რეგისტრაცია და შემდეგ მიხეილ ნოზაძემ მათზე თავისი უფლებები აღადგინა? მას შემდეგ, რაც თქვენ დოკუმენტი გაასაჯაროვეთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ლევან ნოზაძის ბიზნესპარტნიორია, ყველაფერი ცხადი გახდა.
_ რა ბედი ეწია ამ ნაკვეთებს მას შემდეგ, რაც მიხეილ ნოზაძემ საკუთრების უფლება აღიდგინა?
_ მიხეილ ნოზაძემ ეს ნაკვეთები ძალიან ახლო პერიოდში გადააფორმა: 8 ნაკვეთი ვინმე გიორგი ახალაძეზე გადაფორმდა. თურმე, როგორც გაირკვა, ეს ახალაძეც საკმაოდ დაახლოებული პირი ყოფილა პრემიერთან, საქმეში ახალაძის პირადი ნომერიც ფიქსირდება. ვიფიქრე, შეიძლება, მართლაც ვიღაც კეთილსინდისიერი მყიდველია. როგორც გაირკვა, ეს იყო კეთილსინდისიერი მყიდველით შენიღბვის მცდელობა, შემდავებელი რომ აღარ ჰყოლოდათ. დავიწყე ჩაძიება, თუ ვინ არის გიორგი ახალაძე? საჯარო რეესტრში აღმოვაჩინე, რომ, თურმე, შპს „საქართველოს აგროპროდუქტში“ გიორგი ახალაძე არის დირექტორიც და მეწილეც. მეწილედ ჰყავს მიხეილ ნოზაძის შვილი _ ლევან ნოზაძე. ე. ი., ფაქტობრივად, ეს მიწა არანაირ კეთილსინდისიერ მესაკუთრეზე არ არის გადაცემული, მიხეილ ნოზაძემ, ფაქტობრივად, მიწა ისევ თავის შვილს გადაულოცა. აქ ჩანს, რომ ერთი კვალია, ერთ ხელშია ეს მიწა და არავისთან წასულა, არავისზე გაუსხვისებიათ. შემდეგ აღმოჩნდა და სხვადასხვა წყაროდან უკვე ინფორმაციას ვღებულობთ, რომ, თურმე, ლევან ნოზაძე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ახლო მეგობარია და ამას მისი ოჯახის წევრებიც აღიარებენ. პარტნიორებიც იყვნენ, წილებიც ჰქონდათ და აგრძელებენ, ასე ვთქვათ, ამ „კრიმინალურ“ სამეწარმეო საქმიანობას. ვინ არ ყოფილა ხელისუფლებაში, ვის არ ჰქონია რაღაც გადაცდომები და შეიძლება, ადამიანმა ყველაფერზე დახუჭოს თვალი, რაღაც ერთი საკარმიდამო ნაკვეთი „იჩალიჩოს“, ექვსმეასედიანი და მაგაზე შეიძლება არც გამოვეკიდო, ჯანდაბა მაგის თავს, შერჩეს, მაგრამ ამხელა ტერიტორიას, სოფლის ამხელა ფართობს, ჰექტარნახევარს, ამხელა ლუკმას რომ ადებ ხელს და ხალხს აბუჩად იგდებ, იგნორირებას უკეთებ ყველას და ყველაფერს, ვიღაც ხომ გამოჩნდება, აუცილებლად გამოხატავს პროტესტს და ამაზე შეგედავება! ასე ხომ არ შეიძლება?!. ამათ სხვა არავინ აინტერესებთ, ასე უტიფრად და თავხედურად აწვებიან, _ ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო… სოფლის მოსახლეობა წლებია, განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. როგორც გაირკვა, იმ პირს მივმართავდით დახმარების თხოვნით, რომელიც თავად იდგა ამ მაქინაციის უკან.
_ რამდენი წელია, რაც მოსახლეობამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა?
_ დაახლოებით, ერთი წელია. შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება ამის პირველად გახმოვანება და წარმოდგენილი მაქვს, ამ განცხადებით არა მარტო პროკურატურას მიმართავენ, არამედ თვითონ კვირიკაშვილს, იუსტიციის მინისტრს, ანუ ყველა, მთელი მთავრობა ჰყავთ მოხსენიებული: ასლი გადაეცა გედევან ფოფხაძეს და ვის სთხოვენ დახმარებას, ვისი მეშვეობითაც ეს სიყალბე მოხდა?! თანაც გასაოცარია ის, რომ ჟურნალისტი ურეკავს სოფლის რწმუნებულს და ეუბნება, _ კომენტარი გამიკეთე, სამი სოფლის გამგებელი ხარ და რა ხდება, ზოგადი ინფორმაცია მომეცი, გამგებელს უნდა შევუთანხმოო… გამგებელს რა უნდა შეუთანხმოს, კი, უფლებამოსილია და მისი ზემდგომია, მაგრამ მერე თიშავს ტელეფონს. აქედან გამომდინარე, იკვეთება, რომ თვითონ სახელმწიფოა დაინტერესებული, რომ ხალხს პასუხი არ გასცეს. თანაც, ეს მიწები ისეა გადაცემული, რომ სახელმწიფო ქონებიანად მისცეს, ფაქტობრივად, ფული გადასცეს მიხეილ ნოზაძეს, ის, რაც მას არ შეუძენია…
_ სავარაუდოდ, რამდენია დახარჯული შემოღობვაზე? სახელმწიფო ფულს ვგულისხმობ, რაც ატრაქციონებსა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაიხარჯა…
_ მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვაზე 4000 ლარია დახარჯული, მე რაც მახსოვს. რა თქმა უნდა, სოფლის პროგრამით, დაფინანსებით გაკეთდა და საკმაოდ მაღალი თანხებია დახარჯული ამის შემოღობვაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მოედანსა და ყველაფერზე… საერთოდ, იქ ნოზაძის რა ჭირი და ჯანდაბა არის? ენამუსათ და სპორტული კომპლექსი მაინც დაეტოვებინათ სახელმწიფოში და დანარჩენზე გაეკეთებინათ მარტო უფლების აღდგენა… არა, _ მთლიანად აიღეს!
_ გიორგი, ანუ მთელი ინფრასტრუქტურა, რაც ამ ტერიტორიაზეა, ნოზაძეს გადასცეს…
_ დიახ, ამ უფლების აღდგენის შემდეგ. ეს ხდება უკვე ოქტომბერ-ნოემბერში, რომელსაც არეგისტრირებს. საჯარო რეესტრის ამონაწერში საფუძვლად წერია (ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია) ნასყიდობის 2006 წლის ხელშეკრულება, ანუ ახალიც კი არაფერი წერია, რომ ამ პიროვნებას უფლების აღმდგენი დოკუმენტი ჰქონდა. თუ აღდგენის უფლება ჰქონდა, ან სასამართლო გადაწყვეტილება, ან რაღაც ხომ უნდა ჰქონოდა, ან პროკურატურის გამოძიება, ან სისხლის სამართლის საქმე, ან დაზარალებულად ცნობის რაღაც დოკუმენტი ხომ უნდა ჰქონოდა?! ისევ უფლების აღმდგენი უწერია 2006 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ეს პიროვნებები როგორც აცხადებენ?! რაღაც ზოგადი სასამართლო გადაწყვეტილება ჰქონია, არ ვიცი, რეპრესირებულად არიან ჩათვლილები ეს პიროვნებები, თუ რად, მაგრამ ამ საქმეში, ყოველ შემთხვევაში, საჯარო დოკუმენტაცია რაც ახლავს საჯარო რეესტრის საიტზე, ეს არ არის. რა უფლებით გამოსცა ბრძანება იუსტიციის სამინისტრომ და აღუდგინა ფაქტობრივად ეს?!. აღდგენას ნიშნავს იმიტომ, რომ გაიტანა და რეგისტრაციები გააუქმა…
_ ეს ხდება იმის ფონზე, როცა 24 ათასზე მეტი ადამიანის განცხადებაა შესული მთავარ პროკურატურაში და ბევრი მათგანი საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს, მე რამდენადაც ვიცი, არც ერთ ადამიანს ეს უფლება არ მიუღია…
_ ეს პროკურატურის მეშვეობით არ გაკეთებულა. არ ვიცი, რა სასამართლო გადაწყვეტილება უკავია, სისხლის სამართლებრივი კუთხით, სამოქალაქო დავით თუ რომელი მიმართულებით, ეს არ ჩანს დოკუმენტაციაში. რომელ აღდგენაზეა საუბარი? აღდგენა იმას ჰქვია, რომ ფეხი არ უნდა იყოს მაგ პიროვნების აღნიშნულ მიწაზე, რადგან ეს დოკუმენტი თავიდან ბოლომდე გაყალბების გზით გაკეთდა… ვერ გეტყვით, დანარჩენი საკრებულოს წევრები რას გააკეთებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამ თემებს დავუბრუნდებით… საკრებულოს დონეზე უნდა მოხდეს განხილვა, იმიტომ, რომ ამ სოფლებს იქ დეპუტატი ჰყავს. სწორედ, აი, ამ სოფლებს ჰყავს ოპოზიციური დეპუტატი! რა თქმა უნდა, ისიც უნდა ჩაერთოს ამ სიტუაციაში და მთელმა საკრებულომ და ყველამ უნდა დაუჭიროს თემას მხარი, რომ მიწები უნდა დაბრუნდეს, იმიტომ, რომ საუბარი იყო მუნიციპალიტეტზე, რომ ეს მიწა უნდა დაბრუნებულიყო. უცებ რეგისტრაციის გაუქმება აღმოჩნდა და მიხეილ ნოზაძეზე აღდგენა… მოსახლეობამ პროტესტი რომ დაიწყო, თურმე, გამგებელი ამათ კერძო საუბრებში აწყნარებდა, _ რა გინდათ, რით ხართ უკმაყოფილო, თქვენ არ იცით, იქ რა უნდა გაკეთდეს და რამხელა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელდესო?! იმ კორუმპირებულმა გამგებელმა ყიფიანმა იცოდა, რაზე იყო იქ საუბარი! ეს მონახაზი ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, რა უნდა გაკეთებულიყო და რისი გაკეთებაც უნდოდათ. ერთი წელი რომ გამოძიება მიდის და შედეგი არ არის…
_ პროკურატურამ რომ გამოიძიოს, იუსტიციის მინისტრი უნდა დაიჭიროს, როგორც უკანონო ბრძანების უშუალო შემსრულებელი და ბუნებრივია, ამ გამოძიების იმედი არ უნდა გქონდეს, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში…
_ არ მაქვს იმედი. უბრალოდ, მოსახლეობაა განწყობილი, რომ ჩვენმა მთავრობამ პრობლემა იცის და ყველაფერი კარგად დამთავრდებაო. ორი კვირით ადრე რომ ვიყავი მისული, მოსახლეობა ისეა, შველას სთხოვს იმათ, ვინც უშუალოდ ჩაიდინა და ხელს აფარებს ამ ფაქტს. ამიტომ, ბუნებრივია, პროკურატურა არაფერსაც არ გამოიძიებს.

ელისო კილაძე