„იმისთვის რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატი მოქმედ ხელისუფლებას გაენეიტრალებინა, საქმის შეკერვა დაიწყეს და ორი ცრუ მოწმე იპოვეს ონიანის წინააღმდეგ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ადვოკატ გოგა ონიანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც ოჯახის მეგობრებისთვის, ისე მისი უფლებადამცველებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ქრონიკა+“ გოგა ონიანის ახლო მეგობარსა და მისი უფლებების დამცველს, ბექა ბასილაიას დაუკავშირდა:
_ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასების დროს შეგვიძლია გავაკეთოთ მკაფიო განცხადება, რომ მოსამართლე ხარჩილავამ უსამართლო, უსაფუძვლო, არაკანონიერი, არაჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო. ეს კორექტული შეფასებებია, თუმცა არ მოვერიდები და ვიტყვი, _ ხარჩილავას გადაწყვეტილება იყო სამარცხვინო! სამარცხვინო იყო არა მხოლოდ იმის გამო, რომ გოგა ონიანი ჩემი მეგობარია, ან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია და, რა თქმა უნდა, მის მიმართ გამოტანილი განაჩენი პიროვნულად მძიმეა ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, როგორც მისი კოლეგისთვის, თანამებრძოლისთვის, არამედ სამარცხვინო არის ჩემთვის, როგორც იურისტისთვის. ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ ჩვენ ისეთ სამართლებრივ რეალობაში გვიწევს ყოფნა, ისეთ მრთლმსაჯულების სისტემასთან ჯახი, როგორსაც ქალბატონი ხარჩილავა და მისი ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს.
_ რას ედავებიან გოგა ონიანს?
_ 2011 წელს, როდესაც გოგა გლდანის სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს ორი პირი _ მდინარაძე და შათირიშვილი, ორი ადამიანი განსხვავებული საქმეებით. პროკურატურა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს თან არ ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება და მხოლოდ დაკავების შემდეგ აღმოჩნდა მათ საქმეში ნარკოტიკული საშუალება, ამის ორგანიზება კი გოგა ონიანმა მოახდინაო.
გავყვეთ ამ ლოგიკას და დავინახავთ, თუ რამდენად სუსტია იგი. ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენი შემსრულებელი პირების მიმართ გამოტანილი არ არის, პოლიციელები განრიდებული არიან და არც გოგა ონიანის ზემდგომი, სამმართველოს უფროსი არის პასუხისგებაში მიცემული, ე. ი. გოგა ონიანმა ავტონომიურად, ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად დაგეგმა ორი ადამიანისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება. თუმცა საინტერესოა, რომ ბრალდების ვერსიით, ხელმძღვანელმა აღნიშნულის შესახებ არც ჩადების პერიოდში იცოდა და არც შემდგომ გაუგია, ანუ, მათი აზრით, ონიანმა შარიფაშვილს დააბარა და შემდეგ შარიფაშვილმა სხვა პოლიციელებს აუხსნა. ამის შესახებ თავიანთ ხელმძღვანელს, სამმართველოს უფროსს, არც ერთი სიტყვა არ უთხრეს. და ჩვენ ეს აბსურდი უნდა დავიჯეროთ და გავიზიაროთ?!
ამის პარალელურად მდინარაძისა და შათირიშვილის დაკავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პოლიციელებმა პროკურატურასთან შეუთანხმებლად მიიღეს, თუმცა საქმის პროკურორი დაკითხულიც კი არ არის, ანუ ონიანმა არც ხელმძღვანელი და არც საქმის პროკურორი საქმის კურსში არ ჩააყენა?
კიდევ უფრო შორს წავიდეთ:
პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ თვითონ შეასრულეს ჩადებასთან დაკავშირებული დავალება, ვერც ერთი მათგანი ვერ უთითებს, თუ როგორ გაჩნდა ნარკოტიკული საშუალება ამ საქმეში. დავუშვათ და გოგა ონიანმა ჩაუდო, ვინმეს ხომ უნდა ენახა, როგორ ამოიღო ონიანმა ჯიბიდან, ან სამუშაო მაგიდის უჯრა გამოაღო და იქიდან ამოიღო, ან მუჭში ედო, გაშალა და ჩაუდო, ფიზიკურად რაიმე შემხებლობა ხომ უნდა ჰქონოდა ამ ნარკოტიკულ საშუალებასთან? ასეთი რამ საქმეში არ მოიპოვება.
ახლა უფრო საინტერესო გარემოებებზე:
პოლიციელები, რომელთა ჩვენებასაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა, 2013 წელს დაიკითხნენ, მათ ონიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, როგორც მოქმედმა პოლიციელებმა. ეს პოლიციელები პირდაპირ აღიარებენ, რომ დანაშაული მათ განახორციელეს, თუმცა ისინი ერთი დღითაც არ დამსხდარან სახლში, მათი უფლებამოსილება არ შეწყვეტილა, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა, არ არის საუბარი პატიმრობაზე, ან დაკავებაზე. ხომ შეიძლება, გირაოს, ან პირადი თავდებობის ქვეშ ყოფილიყვნენ? მსგავსი რამ არ მომხდარა. ამის შემდეგ მათ განრიდება გაუფორმეს 500-500 ლარად და უმწიკვლო სამსახურისთვის პოლიციის სისტემაში მინისტრმა დააჯილდოვა. ეს რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ამ მოწმეებმა ონიანის წინააღმდეგ პირი შეკრეს, ხელმძღვანელის მითითებები შეასრულეს და სანაცვლოდ შეჰპირდნენ, რომ არც სამსახურებრივად, არც სამართლებრივად და არც ფინანსურად მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. აი, ასეთი მოწმეები არიან ონიანის საქმეში.
ახლა რას ამბობენ თავად მოწმეები:
მოწმეები ვერანაირად ადასტურებენ, თუ რატომ უნდა ჰქონოდა გოგა ონიანს პოლიტიკური მოტივი, რომ ვინმე მდინარაძისთვის და შათირიშვილისთვის ჩაედო ნარკოტიკები. ეს მოწმეები ვერც იმას ადასტურებენ, რომ გიორგი ონიანმა ვინმეს რაიმე ჩაუდო და ეს ფაქტი სხვა ვინმემ დაინახა. ეს ადამიანები პირიქით, ადასტურებენ, რომ შათირიშვილისა და მდინარაძის დაკავებები არა ონიანმა, არამედ სამმართველოს უფროსმა, ჯაბა მაღლაფერიძემ, საქმის პროკურორთან შეთანხმებით მიიღო. აქედან გამომდინარე, ამ მოწმეთა ჩვენებების გამოყენება ონიანის წინააღმდეგ არის სრული აბსურდი. ამასთან ერთად გამომძიებელმა შარიფაშვილმა, რომელიც ამ საქმის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა, ონიანის წინააღმდეგ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებთ სახალხო დამცველთან პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენება მისცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან მასზე და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული მუქარის ფონზე. ანუ ამ ადამიანის ჩვენება არანაირად არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, თუნდაც, დავუშვათ, რომ სახალხო დამცველთან მან იცრუა. ე. ი. თუ ზეწოლა მოხდა ცალსახად, არ უნდა გავითვალისწინოთ მისი ჩვენება და თუ ზეწოლა არ მომხდარა, მაგრამ იცრუა და სახალხო დამცველი სიცრუეში შეიყვანა, და სახალხო დამცველი რომ სიცრუეში შეჰყავს, ისეთი ადამიანის ჩვენება, იგივე ფაქტებთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს გაზიარებული?!
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოწმეები არიან დაგეშილი, მიქსეული ადამიანები გოგას წინააღმდეგ!
რაც შეეხება ე. წ. დაზარალებულებს, შათირიშვილსა და მდინარაძეს:
ეს ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ნარკოტიკული საშუალება ონიანმა ჩაგვიდოო… უკაცრავად და მაშინ, როდესაც ეს ადამიანები დააკავეს, ერთი განცხადება მათი მხრიდან, ან მათი ადვოკატების მხრიდან, ან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ჩადებასთან დაკავშირებით ვინმეს ახსოვს?
_ ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს მაშინ ეკა ბესელიას იურიდიული ფირმა იცავდა?
_ კი სწორად გახსოვთ…
რაც შეეხება განცხადებებს იმ დროისთვის, _ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები დააკავეს და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდესო, _ ასეთი განცხადებები გვახსოვს? რა თქმა უნდა, არ გვახსოვს, რადგან ასეთი განცხადება არ არსებობს. საქმეში ჩხრეკის ოქმზე, დაკავების ოქმზე თანხმობებია და აღიარებენ, რაც მოხდა, ჩვენებები აქვთ დაწერილი და უფრო მეტი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ, განცხადებები აქვთ დაწერილი, უდავოდ აქვთ აღიარებული მტკიცებულებები. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ამ ადამიანებს ვინმემ რამე ჩაუდო? 2001 წელი იქნებოდა, 2003, 2006 თუ 2012, ვინმეს თუ რამე ჩაუდეს, პირში წყალს არავინ დაიგუბებდა, არამედ ღიად ისაუბრებდა.
2011 წელს არაერთი ფაქტი გვახსოვს, როდესაც „ქართული ოცნება“ არათუ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებზეც კი აქციებს აწყობდა, ბრიფინგებს მართავდა, პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავებაო და მდინარაძე-შათირიშვილის მიმართ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიები, მინიმუმ, სიუჟეტებს არ გააკეთებდნენ? ბესელიას გააჩერებდა ვინმე? არარსებულ, მოგონილ ფაქტებზე, სადაც პირდაპირ იკვეთებოდა დანაშაულებები, გამოდიოდა და ამბობდა, პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა დაკავებაო და მდინარაძე-შათირიშვილი რომ უდანაშაულოები ყოფილიყვნენ, „ოცნების“ იურიდიული მხარის წარმმართველი ადვოკატები და წევრები ამ საკითხს ასე მარტივად გაატარებდნენ?
ამასთან ერთად, რატომ უნდა გასჩენოდა გოგა ონიანს „ქართული ოცნების“ მაისურების დამრიგებლის დაკავების სურვილი? ასეულობით მაისური დარიგდა და რატომ, მაინცდამაინც, მდინარაძე დააკავა? ან რაღა, მაინცდამაინც, შათირიშვილი დააკავა, რომელიც ამბობს, რომ მაისურების ბეჭდვაში ვმონაწილეობდიო, ოღონდ პოლიტიკური კუთვნილების გამო კი არა, იმიტომ, რომ სტამბაში ვმუშაობდი, იმ სტამბაში, სადაც აღნიშნული მაისურები იბეჭდებოდაო. არც იმ სტამბის დირექტორი, არც დამფუძნებელი არავის შეუწუხებია და მაინცდამაინც შათირიშვილი უნდა დაეკავებინათ? საინტერესოა, რომ ის კონტრაქტი არც შეწყვეტილა და სტამბა კვლავ განაგრძობდა მუშაობას. ვთქვათ და ონიანი მართლაც ამორალური იყო, ისეთი უგუნური უნდა ყოფილიყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ანგარიშსწორების მიზნით დააკავა მაისურების დამრიგებელი და მბეჭდავი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი? მსგავსი რამ საქმეში არ იკვეთება.
უფრო საინტერესო გარემოება იმის დასადასტურებლად, რომ მდინარაძისთვის და შათირიშვილსთვის არავის არაფერი ჩაუდევს: მდინარაძემ ხომ როგორც უკვე გითხარით, უდავოდ ცნო მტკიცებულებები თავის საქმეში, დაეთანხმა პროკურატურის პოზიციას. შათირიშვილთან დაკავშირებით უფრო საინტერესო ფაქტი იყო.
რაც მთავარია, ეს ადამიანები პატიმრობაში არ ყოფილან, გირაოს ქვეშ იმყოფებოდნენ, ე. ი., პოლიტიკური ნიშნით დააკავა ონიანმა, მაგრამ შემდეგ თავისუფლებაში დარჩნენ? ძალიან ლოგიკური გადაბმაა ბრალდების მხარის პოზიციის. ე. ი. დააკავეს პოლიტიკური ნიშნით, უნდათ გაანეიტრალონ პოლიტიკურად აქტიური პირები, მაგრამ გირაოს ქვეშ ტოვებენ? საინტერესო ის არის, რომ როდესაც შათირიშვილის გირაოთი განთავისუფლება ხდებოდა, პროკურორმა სასამართლოზე განაცხადა, რომ შათირიშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, სხვა პირები ამხილა და ამის გამო ხდება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება. ეს პროკურორი, მინიმუმ, ხომ უნდა დაკითხულიყო გოგას პროცესზე? თუ ტყუილი თქვა, გამოაშკარავდებოდა. რადგან არ დაკითხეს, ნიშნავს, რომ შათირიშვილმა, თავის დროზე, მართლაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას მართლა ჰქონდა ნარკოტიკულ საშუალებებთან შემხებლობა.
რაც შეეხება მდინარაძეს, მის მიმართ საქმე ამნისტიის აქტით შეწყდა, ანუ არა მარეაბილიტირებელი საფუძვლით. სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ის უდანაშაულოა, ან პროკურატურას არ გაუთხოვია ბრალდება. არა, შეწყდა იმის გამო, რომ ამნისტიის აქტი გამოვიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მდინარაძეზე დევნა შეწყვეტილია, იურიდიული თვალსაზრისით უფლებებში სრულად აღდგენილია და უდანაშაულოდ მიიჩნევა, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა და საქმე შეწყდა. საქმე არ შემწყდარა იმის გამო, რომ ის უსამართლოდ იყო პასუხისგებაში მიცემული, ან მის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობდა, ან ბრალდება იყო დაუსაბუთებელი. არა, იმის გამო შეწყდა, რომ ამნისტია გამოვიდა, ამნისტიით საქმის შეწყვეტას კი თავად მდინარაძე დაეთანხმა. კიდევ უფრო საინტერესო კი ის არის, რომ მდინარაძემ მხოლოდ მას შემდეგ მიმართა პროკურატურას ონიანის წინააღმდეგ, რაც ონიანის დაკავების კადრები გავიდა ტელევიზიით, ანუ 2013 წელს. თუ მდინარაძისთვის ვინმეს რამე ჰქონდა ჩადებული, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შედეგ რა უშლიდა, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა? არც არაფერი! მან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ონიანი ნახა დაკავებული, მიმართა პროკურატურას. ახლა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რეალურად, მდინარაძისა და შათირიშვილის საქმე ნარკოტიკული დანაშაულის თვალსაზრისით ძალიან მყარი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ 2013 წლის მდგომარეობით ძალიან აქტიური და წარმატებული ადვოკატი, ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი მოქმედ ხელისუფლებას გაენეიტრალებინა, ამ მიზნით გოგას წინააღმდეგ საქმის შეკერვა დაიწყეს და ორი ცრუ მოწმე იპოვეს, რომლებმაც შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს და იმის სანაცვლოდ, რომ მათ მიმართ მიმდინარე საქმეები შეწყვეტილიყო, გადაწყვიტეს, ცრუდ ეთანამშრომლათ ფალსიფიცირებულ საქმეზე ონიანის წინააღმდეგ. ყველას კარგად გვახსოვს ონიანის დაკავება როგორ დემონსტრაციულად განახორციელა პროკურატურამ საკუთარ სახლში, თითქოს ვიღაც ტერორისტს, ან „კანონიერ ქურდს“ აკავებდნენ, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა. საკუთარი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით შეუცვივდნენ ადვოკატ ადამიანს, რომელსაც ყოველ მეორე დღეს სასამართლო პროცესებზე ვხედავდით და შოუ დადგეს. ანგარიშსწორებას უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე სამართლებრივ პროცედურებს. ანგარიშსწორებას იმის გამო, თუ რატომ იყო ეს ადამიანი წარმატებული ადვოკატი. ამის შემდეგ პროცესები საქალაქო სასამართლოში წავიდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი პროცესი, ეს იყო რთული პროცესი ბრალდების მხარისთვის, ამ დრომდე გაიწელა, თუმცა არა დაცვის მხარის მიზეზით. როდესაც სახალხო დამცველი სასამართლოს წინაშე წარდგა დასაკითხად, ველოდებოდით, რომ მისი ჩვენების შემდეგ გოგა ონიანი სრულად უნდა გამართლებულიყო, მაგრამ მაშველი რგოლი მოსამართლე ხარჩილავას სახით ყოველთვის არსებობს, ეს არის მოსამართლე, რომელმაც ივანე მერაბიშვილს მისუაჯა, ეს არის მოსამართლე, რომელმაც გიორგი ხიზანიშვილს მიუსაჯა, ეს არის მოსამართლე, რომელიც „ქართუ ბანკის“ საქმეს იხილავს, ასე ვთქვათ, ივანიშვილის ქონებრივი დავა მას მიანდეს. ხათუნა ხარჩილავა ერთ-ერთი ისეთი მოსამართლეა, რომელიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს უკანონო განაჩენი რაც შეიძლება სწრაფად გაუქმედს საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, ვინც საქართველოში, ჯერჯერობით, რაღაც დოზით მაინც ახერხებს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას, _ ხელსუფლებაზე, რომელიც ჩაფლულია პოლიტიკური დევნის ჭაობში.
დაბოლოს, მინდა, მოკლე შეფასება გავაკეთო სახელისუფლებოდ განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე, რომ „რაღა, მაინცდამაინც, ახლა დასჭირდათ გოგა ონიანის დაკავება, თუ პოლიტიკური დევნა იყო, აქამდე დაიჭერდნენო“… ეს არის სამარცხვინო ნარატივი! „ოცნება“ პოლიტიკურ დევნას ძალიან მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ახორციელებს. არჩევნები მორჩა, „ოცნებამ“ გადაწყვიტა, თავისი მომხრეებისთვის ეჩვენებინა, რომ მათი მთავარი მტერი „ნაციონალური მოძრაობაა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა წინააღმდეგ როგორი პერიოდიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის იქნებიან განწყობილი დევნით, ანგარიშსწორებით და რევანშით. ამჯერად სწორედ ამის ნიშანი იყო გოგა ონიანის დაკავება!

მარიამ ბაშარული