სექსუალური შევიწროება ისჯება ანუ სად გადის ზღვარი ცქერასა და მიშტერებას შორის

ჩვენს ქვეყანაში სექსუალური შევიწროება დაუსჯელი აღარ დარჩება:
საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ყოველდღიურად მილიონობით ქალი განიცდის სექსუალურ შევიწროებას როგორც სამსახურში, ისე საჯარო ტრანსპორტსა და ქუჩაში.

სექსუალური შევიწროება განიმარტება, როგორც ნებისმიერი სექსუალური შინაარსის ქცევა, რომელიც ადრესატისთვის არასასურველია და მას მტრულ გარემოს უქმნის, ადამიანი თავს გრძნობს დამცირებულად და შეურაცხყოფილად.
უკვე ძალიან დიდი ხანია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალული და დასჯადია მსგავსი ქმედება, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ შევიწროების მსხვერპლი ამ ქმედებისთვის მოძალადის დასჯაზე უარს არ ამბობდეს. მსგავსი ტიპის დანაშაული ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
სამართალდარღვევაა დაჟინებული მზერის, ე. წ. მიშტერების შემთხვევაც, რაც ქართულ საზოგადოებაში დღეს გარკვეული ქილიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა, რადგან ხშირ შემთხვევაში ხალხს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება უჩივლო ან ამხილო ადამიანი, რომელიც დაჟინებული მზერით მოგაშტერდათ და მოთხოვნის მიუხედავად, მზერა არ აგარიდათ, როდესაც ეს თქვენ დისკომფორტს გიქმნიდათ. არადა, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ამის დამტკიცება მარტივად შეიძლება.
როგორც ჩანს, საბოლოოდ, ქართული საზოგადოებაც აღმოჩნდა მზად, შეემუშავებინა პეტიცია კანონპროექტის შექმნის მოთხოვნით, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იქნება მიმართული და, ჩვეულებრივ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებს მოძალადეს, რომელიც ამ სახის დარღვევას სჩადის.
თავდაპირველად, 2016 წლის მაისამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების სახით შესული ინიციატივის ავტორები იყვნენ თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი, თუმცა კანონპროექტის მიღება გაიწელა და ამ საკითხზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს.
ჯერ კიდევ 2014 წელს ევროპის მასშტაბით ჩატარდა კვლევა, რომელიც სექსუალური შევიწროების შემთხვევის რაოდენობას სწავლობდა. ბევრისთვის საკვირველად, სწორედ ამ კონტექსტში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დანიასა და შვედეთში დაფიქსირდა (იხილეთ ფოტო).
აღნიშნულ კვლევაში საქართველო შეტანილი არ არის, თუმცა სწორედ ამავე წელს „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლად ჩაატარა კვლევა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების ფაქტებსა და რაოდენობას იკვლევდა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 45%, ფაქტობრივად, ყოველი მეორე ქალი, სწორედ, შევიწროების მსხვერპლია, ან თავად შესწრებია მსგავს ფაქტს.

ნაზი ბურდულაძე _ „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პროექტების მენეჯერი:
_ „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ 2014 წელს კვლევა ჩავატარეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ. ის განსაკუთრებით მეტროთი მოსარგებლე ადამიანებს ეხებოდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 3 კვირის მანძილზე ვიკვლევდით და უმეტესად, ახალგაზრდა ქალბატონები და გოგონები გამოვკითხეთ, რომელთაც ხშირად, ფაქტობრივად, ყოველდღიურად უხდებოდათ საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა.
გამოკითხულთა 45%-მა, ყოველმა მე-2 ქალმა, განაცხადა, რომ გამოცდილი აქვს მამაკაცების მხრიდან სექსუალური შევიწროება. ხშირად საუბრობდნენ ისეთი სახის შევიწროებაზე, როგორიც არის სექსუალური ხასიათის არაკორექტული ქმედებები, ხელით შეხება უცნობი მამაკაცის მხრიდან, არასასიამოვნო კომენტარები, რაც ქალებისთვის მისაღები არ იყო. კვლევის მიხედვით, მსგავსი შემთხვევები მეტროში, განსაკუთრებით, პიკის საათებში ფიქსირდებოდა. 34%-მა თქვა, რომ ისინი თავად იყვნენ მსგავსი ფაქტების თვითმხილველები, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ და ეს იმიტომ, რომ:
1. არ იცოდნენ, რა სახის რეაგირება უნდა მოეხდინათ, ვისთვის მიემართათ;
2. ვერ აღიქვამდნენ ამას განსაკუთრებულ ფაქტად.
ჩვენი კვლევის მიზანი იყო, გვეღიარებინა, რომ ეს გახლდათ პრობლემა და საზოგადოებას დაეწყო ამაზე საუბარი, რაც მოხდა კიდეც. 2014 წლიდან ამაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ალაპარაკდა, დაიწყო ვიდეორგოლების აქტიური განთავსება სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში. დღეს იქამდეც მივედით, რომ საკანონმდებლო დონეზეც გვაქვს ამ მიმართულებით საუბარი.
მსგავსი ტიპის საქციელი და შევიწროება რთული ფენომენია და ცუდია, რომ მის აღსაკვეთად საკანონმდებლო ჩარჩოა აუცილებელი, რაც სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. ასეთი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირდაპირ უნდა გადმოვიღოთ იგი, ჩვენ შეგვიძლია მოდიფიცირება გავუკეთოთ და საქართველოს კონტექსტს მოვარგოთ.
ხშირად ისმის კითხვა, თუ რას მოგვცემს კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ?
1. იმას, რომ სამართალდამცველ ინსტიტუტებსა და ორგანოებს თავისუფლად მოქმედების მეტი სფერო ექნებათ: როცა ისინი კონკრეტულ ფაქტს შეესწრებიან, შეუძლიათ, მარტივად მოახდინონ მყისიერი რეაგირება. ასევე, საზოგადოებაში მეტი ცნობიერება და ინფორმაცია იქნება, შესაბამისად, მეტი მოქმედების მექანიზმი. როცა 2014 წელს კონკრეტულ ფაქტებზე ადამიანები ვერ ახდენდნენ რეაგირებას, ეს აღარ განმეორდება.
კანონი უკვე ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და იმედი მაქვს, მოსახლეობას, _ გოგონებს, ქალებს, _ დავიცავთ სექსუალური შევიწროებისგან. პარლამენტში 2016 წელს ეს ინიციატივა გაიტანეს, თუმცა თავიდან მას მხარი არ დაუჭირეს. ამას, გარკვეულწილად, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე განაპირობებს. სექსუალური შევიწროების მსხვერპლი კი, კაცებთან შედარებით, უფრო ხშირად, ქალები არიან.
რაც შეეხება კონკრეტულად თემას, რომ საზოგადოების ნაწილმა სასაცილოდ აღიქვა დაჟინებული მზერისა და ე. წ. მიშტერების ნაწილი და დამტკიცება იმისა, რომ კონკრეტული პიროვნება ამ სახით გავიწროებდა, საზოგადოებრივ ტრანპორტში, მეტროში არსებობს ვიდეოკამერები, რომლებმაც შეიძლება მარტივად დააფიქსიროს კადრი. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვართ და სმარტფონების გამოყენებით მარტივად შეგვიძლია დავადასტუროთ ჩვენი ნათქვამი. რაც მთავარია, ცნობიერების ამაღლება იმას ნიშნავს, რომ თუ მე ვხედავ, ჩემ წინ მგზავრს მსგავსი შემთხვევა აქვს, მითითება და სხვისი დაცვა შემიძლია. ეს უკვე პრობლემას, გარკვეულწილად, ეხმიანება და იცავს. ადამინებმა არ იციან, როგორ დაეხმარონ სხვას.

მიმდინარე წელს მსოფლიო მასშტაბით დაიწყო კამპანია #metoo, (“მეც”), რომელიც სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხმიანებოდა. კამპანიაში ჩაერთნენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეები, არამედ ცნობადი სახეები, მსახიობები, მომღერლები, ევროსაბჭოს წარმომადგენლებიც კი. არც საქართველო იყო გამონაკლისი.

ბაია პატარაია _ იურისტი, კავშირ „საფარის“ დირექტორი:
_ 2017 წლის გაზაფხულზე ერთი დიდი კამპანია გავაკეთეთ: „რა მოხდა ქუჩაში?“ სადაც დაიწყო საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 80-მდე ქალმა გაგვიზიარა თავისი ისტორია, შემოდგომაზე უკვე საერთაშორისო კამპანია #metoo დაიწყო, რაც საქართველოში თავისით აგორდა სოციალურ ქსელშიც. აქ უკვე უფრო მეტმა ქალმა მოყვა თავისი ამბავი, ზოგმა არ მოყვა და დაწერა.
#metoo იმას ნიშნავდა, რომ მასაც აქვს ასეთი გამოცდილება. ამ კამპანიამაც აჩვენა, რომ ძალიან გვარცელებულია ეს პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტეთ, პეტიციით მიგვემართა პარლამენტისთვის, სადაც ვთხოვეთ, რომ თვითონ შეემუშავებინათ და მიეღოთ კანონი. პეტიციაში დავწერეთ სექსუალური შევიწროების მოკლე განმარტება, რაც ყველაზე ხშირად გვხვდება საერთაშორისო დოკუმენტებში: სექსუალური შევიწროება არის ნებისმიერი სექსუალური შინაარსის ქცევა, რომელიც არასასურველია ადრესატისთვის და მას უქმნის მტრულ გარემოს, სადაც ადამიანი თავს გრძნობს დამცირებულად და შეურაცხყოფილად.
ამ ეტაპზე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა პეტიცია და გადაწყვიტა, რომ საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია, ამიტომ საჭიროებს პარლამენტისგან რეაგირებას და ის გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაუგზავნა, რომ მან მოამზადოს კანონი და მოსმენებზე გაიტანოს პარლამენტში.
გენდერული თანასწორობის საბჭოს, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე მივაწოდეთ სამაგიდო კვლევა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა იყო მიმოხილული და გამოვყავით მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ რას უნდა არეგულირებდეს კანონი. მიმდინარე წლის მთელი ზაფხულის მანძილზე საბჭო ამ კანონპროექტს ამუშავებდა. შესაბამისად, მისი ინიცირება წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
ჩვენ მხოლოდ პეტიცია დავწერეთ და არა კანონპროექტი.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა თემას ე. წ. მიშტერებასთან დაკავშირებით _ იმისთვის, რომ ამ შევიწროების გამო ქალმა გამოიძახოს სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელი, ბუნებრივია, ჩვეულებრივ მზერასა და შეხედვაზე არავის სცალია პატრულთან ურთიერთობისთვის და, რა თქმა უნდა, სანამ პატრულიც ფაქტს არ დაადასტურებს და გამოიძიებს, ვერაფერს გააკეთებს. შესაბამისად, ამ მიშტერებამ უნდა მიაღწიოს გარკვეულ ზომას, რომ გადაიქცეს სექსუალურ შევიწროებად. მზერა, რომელიც არის დაჟინებული და ხანგრძლივი, უნდა იყოს იმ დონემდე შემაწუხებელი, რომ მსხვერპლი თავს გრძნობდეს დამცირებულად და შეურაცხყოფილად. მას შემდეგ, რაც იგი მოუწოდებს ამ მზერის განმხორციელებელს, რომ არ სიამოვნებს ეს ფაქტი და მოსთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ყურება, ან გადაჯდება, თვალს მიეფარება, დაემალება ამ მზერას, რომ გაექცეს, შემავიწროებელი კი თუ მაინც გაჰყვება, მიედევნება და არ გაითვალისწინებს იმ ადამიანის მოთხოვნას (რაც შემდეგ ძალიან დიდ სტრესს იწვევს ქალში: დაუცველლობის, შეურაცხყოფის განცდას, მტრული გარემოს შექმნას), აი, აქ უკვე საუბარი არის იმაზე, რომ ეს მდგომარეობა სექსუალურ შევიწროებად გადაიქცა, სადაც ქალს იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ დასახმარებლად მიმართოს პატრულს, ანუ სახელმწიფოს. როდესაც პატრულს გამოიძახებენ, ბუნებრივია, ის ადგილზე მოვა. მას უნდა შეეძლოს, რომ გამოკითხოს, შეისწავლის, თუ რა და როგორ ხდებოდა. ზოგს ჰგონია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ეს დანაშაული და პატიმრობა უნდა მიესაჯოთ ამაზე. ასე არ არის, _ სექსუალური შევიწროება საკმაოდ მსუბუქი სამართალდარღვევაა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იწერება და როგორც პატრული ჯარიმას წერს სხვა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე, ან ხულიგნობაზე, ამაზეც ასე გააკეთებს.
ბუნებრივია, აქ არ არის საუბარი ძალიან სერიოზული მტკიცების მაღალ ტვირთზე.
თუ ის ადამიანი, რომელსაც ჯარიმა გამოუწერეს, კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, მიაჩნია, რომ არასწორად წარიმართა სიტუაცია, მას უფლება აქვს, ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივროს.
ქალებს საშუალება ეძლევათ, თუნდაც არასასურველ და შემაწუხებელ მზერაზე, ადამიანს უთხრან, თუ თავს არ დამანებებ, პატრულს გამოვიძახებ, რიგ შემთხვევაში ამასაც შეიძლება ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მოერიდოს და წავიდეს.
ჩვენთან როგორ ხდება? _ როდესაც ქალებს ავიწროებენ, ისინი ცდილობენ, რომ თვითონ გაიქცნენ და მოძალადე არსად მიდის, ის აგრძელებს მსგავსი ტიპის ძალადობას, მაგრამ როდესაც მსხვერპლს კანონი იცავს, ქალი კი არ უნდა გარბოდეს ტრანსპორტში მოძალადისგან, მოძალადეს არ უნდა დაედგომებოდეს იქ, სადაც ასე იქცევა. მან უნდა იცოდეს, რომ თუ იქ დარჩება, შეიძლება პატრული მოვიდეს და პასუხი მოსთხოვოს.
რატომ აგდებთ ადამიანებს შოკში ის საკითხი, რომ თუ პიროვნებას ვიღაცის მზერა აწუხებს და სთხოვს, რომ გაიხედოს, მანაც უნდა გაიხედოს, რა არის აქ რევოლუციური?! თუ ადამიანი გეუბნება, ნუ მიყურებ, არ მსიამოვნებს, არ გაქვს უფლება, გააგრძელო მისი ყურება! ქალი თვითონ რატომ უნდა დაგემალოს და გაიქცეს? შენ აღარ შეხედო!..

დიმიტრი ცქიტიშვილი _ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი:
_ პროექტის მომზადება მიმდინარეობს გენდერული საბჭოს ფარგლებში. ის პეტიცია, რაც შემოვიდა, უკვე Post factum იყო, ანუ მანამდე გვქონდა დაწყებული მუშაობა, რაც უკვე თითქმის ბოლოშია გასული. საკითხი შიდა კონსულტაციების დონეზე ყალიბდება, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს იგი საბოლოო ჯამში. ვფიქრობ, რომ ინიცირება თვის ბოლომდე უნდა მოხდეს ამ საშემოდგომო სესიაზე.
მიშტერებით ყურება კი ამ თემის ზედმეტი და სრულიად არასერიოზული ქილიკია. თემა უმარტივესია, დეფინიცია განისაზღვრება იმის მიხედვიით, როგორც არის საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული. ჩვენ ახლა გვაქვს დეფინიცია, რომელიც სექსუალური არ არის, უბრალოდ, წერია შევიწროება და იქ ძალიან კონკრეტული საკითხებია მითითებული: ეს არის შეწუხება, ხელის ხლება და ა. შ. კონკრეტულად, დეფინიციებით, იგი ევროპული დირექტივების ნორმაა და ქართულადაა ნათარგმნი. ის აპრობირებული ფორმაა სხვადასხვა ქვეყანაში და როცა იქ პეტიცია შევიდა, რა ჩაწერეს ავტორებმა, ეს სხვა თემაა. კანონპროექტში რაც ჩაიწერება, ამაზე პასუხისმგებლები უკვე ჩვენ ვიქნებით და კანონმდებლობაში ჩაიწერება ის, რაც ევროპულ დირექტივაში არის ჩაწერილი, როგორც ითარგმენება სიტყვა-სიტყვით.
შეიძლება ტექსტი ძალიან მალე გავმართოთ, მაგრამ შესაბამის სტრუქტურასთან უნდა შევათანხმოთ და აღსრულების სწორი მექანიზმები დავგეგმოთ, თუ ვინ უნდა აღასრულოს იგი: დაინტერესებულმა სამინისტროებმა თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ? მათთან ერთადაც აღსრულებაზე ჩვენც უნდა ვიზრუნოთ. ესეც კანონშემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. დავასრულებთ და ერთობლივი, შეთანხმებული პროექტით გამოვალთ სესიაზე განსახილველად.

დღესდღეობით, სექსუალური შევიწროება ისჯება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის თითქმის ყველა (საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, პორტუგალია და სხვ.) და სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში. ასევე, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვ.
საქართველოში ამ პრობლემაზე საუბარი უკვე მის არსებობაზე მეტყველებს და კანონპროექტის მიღებაც სწორედ აქედან გამომდინარე გახდა აუცილებელი. მთავარია, კონკრეტულად რა სახით წარდგება იგი განსახილველად, რა ჩანაწერებით განისაზღვრება და აღიკვეთება თუ არა სექსუალური შევიწროება როგორც სამსახურში, ისე ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა მრავალ სიტუაციაში.

ნინო ტაბაღუა