ირაკლი წერეთელი: „მოვაძრობთ ამ ხელისუფლებას! ვინ ჩემი ფეხები არიან, ბოლოს და ბოლოს!“

„ეროვნული დამოუკიდებლობის“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი შესანიშნავ პოლიტიკურ ფორმაშია და დიდი ოთხეულის (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი) წინა საუკუნეში დაწყებული კეთილშობილური ბრძოლა საქართველოს დასაბრუნებლად განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს…

 

_ ქართველ ხალხს მოვუწოდებ, გავერთიანდეთ დეოკუპაციის დროშით, აშშ-სა და ევროპასთან ერთად შევიმუშაოთ სტრატეგიული განვითარების გეგმა ამ კუთხით. სანამდე უნდა ვუყუროთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“?! ჩამოყალიბდეს მრავალრიცხოვანი, გრანდიოზული ახალი ძალა და შევცვალოთ ეს ხელისუფლება! არჩევნებით თუ არ გამოვა, რევოლუციით. არაფერი პრობლემა არ არის.

_ ანუ ირაკლი წერეთელი არ იცვლება.

_ არა, არ იცვლება! თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ არჩევნებს სასაცილოდ ვუყურებ. არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება, პირიქით, მჯერა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მონაწილეობასაც არ მიიღებს. ამიტომ საჭიროა ერის კონსოლიდაცია მოხდეს შემდეგ არჩევნებამდე, რათა მას მომზადებული შევხვდეთ. ხომ ხედავთ, რა ხდება: რუსეთმა და სომხეთმა გაერთიანებული არმია შექმნეს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებს ამიერკავკასიის დათმობას და ყველანაირად შეეცდება, საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში, აშშ-ის პოზიციების გაძლიერებას ხელი შეუშალოს. ეს კი დამღუპველია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს რუსულ გეგმებს, არის აშშ, მხოლოდ მას შეუძლია მხარი დაუჭიროს და უზრუნველყოს ჩვენთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთ-სომხეთის სამხედრო გაძლიერება ამიერკავკასიაში ნიშნავს აგრესიის მასშტაბების გაძლიერებას. ამიტომ საჭიროა, სათანადოდ და ოპერატიულად პასუხის გაცემა.

_ როგორ, რა საშუალებებით?

_ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზები, უნდა შეიქმნას პარალელურ რეჟიმში საქართველო-აშშ-ის ერთობლივი შეიარაღებული ძალები საერთო შეიარაღებით, საერთო შემადგენლობითა და საერთო მთავარსარდლობით. დროა, ამერიკამ საქართველოსთან ურთიერთობაში ზოზინის პოლიტიკაზე უარი თქვას, _ ან გვეხმარება აქტიურად და ღირსეულად, ან რუსეთი გაბატონდება საბოლოოდ კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.

_ ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ?

_ რა და საქართველოში სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამერიკისთვის არავითარი პრობლემა არ არის ამ ხელისუფლების შეცვლა. თუ ამერიკა პირდაპირ კონტაქტებზე გამოვა ამ ახალშექმნილ პოლიტიკურ ძალასთან, ეს ხელისუფლება ვერ გაუბედავს მას წინააღმდეგობას. თავისი ხალხის წინააღმდეგ წავა და ხელს შეუშლის ამერიკული პოზიციების გაძლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ. მოვაძრობთ ამ ხელისუფლებას, ვინ ჩემი ფეხები არიან, ბოლოს და ბოლოს!..

_ რა არის, თქვენი აზრით, ამერიკის ზოზინის მიზეზი?

_ მადლობა ღმერთს, ახლა გამოჩნდა აქტიური პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი წინამორბედი მშიშარა, მთხლე და ბოთე იყო. მგონი, რუსეთის აგენტი იყო ბარაკ ობამა, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ამერიკას ბევრი პრობლემა აქვს _ ჩრდილო კორეაში, სირიაში, რუსეთში. თვითონ ქართველი ერი უნდა გააქტიურდეს, რომ დაგვინახონ. ხომ ხედავთ, როგორი საქებარი სიტყვები უთხრა ტრამპმა პოლონელებს, ეს ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით, თუ საქართველოში არ გამოიკვეთა ძლიერი, პროამერიკული ტენდენციები, ამერიკა ამ საქმეს მარტო ვერ გააკეთებს.

_ როგორ გამოვკვეთოთ ეს ტენდენციები?

_ ქართველი ერი უნდა დადგეს ჩემსა და იმ ძალების გარშემო, ვისაც აქ ამერიკული ბაზები უნდათ, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ამერიკის მოკავშირე. ამ ეტაპზე უნდა გაძლიერდეს თუნდაც ის აქცია, რომელსაც დათო ქაცარავა ატარებს საოკუპაციო ხაზთან. საჭიროა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი გახდეს. სტუდენტობა, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტიურად უნდა ჩაებან ამ საქმეში. უნდა მოხდეს ხშირი გასვლები საოკუპაციო ხაზებთან, აშშ-ის საელჩოს წინ უნდა გაიშალოს მრავალრიცხოვანი მოძრაობა _ საქართველოში ამერიკის ჯარების შემოყვანის მოთხოვნით. საჭიროა ამერიკულ-ატლანტიკური მიმართულებით ახალი ეტაპი ჩვენს მრავალწლიან ეროვნულ მოძრაობაში. ვისაც ამერიკული ბაზები საქართველოში არ უნდა, ყველა რუსეთის აგენტია! იმიტომ, რომ ამერიკის რეალური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს პერსპექტივა არ გააჩნია. რუსეთს საქართველო მარტო ვერ მოერევა, ევროპას კი ამერიკელების გარეშე არაფრის თავი არ აქვს, ეს ფაქტია.

_ თუ გქონდათ მოლაპარაკება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, ან ცალკეულ პოლიტიკოსებთან ამ საკითხზე?

_ პირდაპირ გეტყვით, რომ მთელი ქართული მასმედიიდან, რომელმაც ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ, თქვენი გაზეთია ერთადერთი. ყოველგვარი მორიდების გარეშე ყველა ტელევიზიას ვაცხადებ რუსეთის აგენტურად, მათ შორის, „რუსთავი 2“-საც! სისტემატურად ვდებ ჩემს პოსტებს ინტერნეტსივრცეში, რამდენიმე აქცია ჩავატარე აშშ-ის საელჩოს წინ, 14 დოკუმენტი გადავეცი ინგლისურ-ქართულ ენებზე საელჩოს, მაგრამ ეს ელჩიც პასიურობს. ამ დღეებში კიდევ ვაპირებ აშშ-ის საელჩოს წინ აქციის ჩატარებას… არ გავჩერდები, ჩვენ სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს.

_ აზერბაიჯანის ხელისუფლება რა პოზიციას დაიჭერს? მათთვისაც საფრთხის შემცველი უნდა იყოს სომხურ-რუსული არმიის გამოჩენა ამ რეგიონში.

_ ესეც ძალიან კარგი შეკითხვაა. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია, იმიტომ რომ რუსულ-სომხური საფრთხის პრობლემა მას არანაკლებ აქვს, ვიდრე ჩვენ. ამ ჩვენს ინიციატივაში შეიძლება აზერბაიჯანიც ჩავრთო, რომ ამერიკის ჯარები განლაგდეს არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც.

_ და თურქეთი? არც თურქები უნდა იყვნენ აღტაცებულნი იმ სომხურ-რუსული გაერთიანებით.

_ ხო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ამერიკის გარეშე მე თურქებთან პირდაპირი კონტაქტების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. თურქეთი არა მგონია, საქართველოსთვის სანდო მოკავშირე გახდეს. მას ყოველთვის პროთურქული ამბიციები აქვს, აგერ აჭარაზეც უჭირავს თვალი… პირდაპირი კონტაქტები მათთან ჩვენთვის საშიში და მიუღებელია. ჩვენ უნდა გვქონდეს კონტაქტები აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ისრაელთან და რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან. თუ ამერიკა ჩაერთვება, შეიძლება, თურქეთიც იქნას გამოყენებული ამ საქმეში. ახლა პირდაპირ, ერთი ერთზე, თურქებს შევეკრათ, არ გამოგვივა.

_ ანუ თქვენ მიერ წინა საუკუნეში დაწყებული ეროვნული მოძრაობა ახალ ეტაპზე გადადის?..

_ რა გამომივა, არ ვიცი, მაგრამ მინდა, ახალი ეტაპი დაიწყოს. თქვენი გაზეთის დიდი იმედი მაქვს, დათო ქაცარავას იმედი და ქართველი ხალხის იმედი.

_ ბატონო ირაკლი, რუსებზე ადრე, მგონი, სხვა დაუპატიჟებელი სტუმრები „გვეწვივნენ“. ამ ყბადაღებულმა აზიურმა ფაროსანამ უკვე თბილისშიც შემოაღწია.

_ ეს დიდი პრობლემაა, მე სამჯერ ვიყავი ზუგდიდში. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, გადაჭამა ყველაფერიო, თუმცა მეტ აქტივობას ველოდი მოსახლეობის მხრიდან. აქ ისეთი სიტუაციაა, თუ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, ეს ხელისუფლება არაფრის გაკეთებას არ აპირებს. აქამდე უნდა ყოფილიყო შეწამლული შესაბამისი ტერიტორია და თუ თბილისს შემოესია, ეს ძალიან დიდი პრობლემა გახდება. ძალიან სერიოზული ზეწოლა უნდა ხელისუფლებაზე, რომ, მასობრივად, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ეს ფაროსანა შეიწამლოს და განადგურდეს. კატასტროფულად მრავლდება. მცივანა ხოჭოა და ზამთარში სახლებში დაიბუდებს. ამიტომ თუ ხელისუფლება გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს, მაშინ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ. აბა, რა ვქნათ? ეს ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს, ისევე როგორც ხელისუფლების ზოგიერთი ქმედება.

_ რას გულისხმობთ?

_ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში და მით უმეტეს, სვანეთში ჰესების მშენებლობის, როგორც გიგანტური, ასევე საშუალო და მცირე ჰესების იმიტომ, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს, ასახიჩრებს, ამახინჯებს, სპობს ბუნებას. სვანეთი, მოგეხსენებათ ქართული მიწის სილამაზის გვირგვინია თავისი არაჩვეულებრივი მთებით, ქედებით, მწვერვალებით, ტყეებით. პირველი, რაც უნდა მოხდეს, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ნენსკრაჰესის მშენებლობა, აღარ უნდა დავუშვათ ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება და საერთოდ, ყველაფერ ამას თავი უნდა დავანებოთ სვანეთში. არსებობს უნიკალური საშუალებები მდინარეში ენერგოგენერატორების ჩადგმით, რითაც შეიძლება მივიღოთ საკმაოდ დიდი ენერგია. ასევე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სვანეთში ოქროს წარმოების, რომელიც საერთოდ გააპარტახებს იქაურობას. ვემხრობი, რომ მესტიისა და ლენტეხის რაიონები გაერთიანდეს ერთ მმართველობად და პირდაპირ თბილისს დაექვემდებაროს ყოველგვარი შუამავალი რგოლების გარეშე. იმისთვის ვმუშაობ, რომ ამ მიმართულებით შეკრებები დაიწყოს. დიდი იმედი მაქვს ხაიშის თემის იმიტომ, რომ ხაიშელი ლომების დიდმა ძალისხმევამ, ამ ეტაპზე, ერთი დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა _ შევაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა. ხაიში უნდა გახდეს მაგალითის მიმცემი მთელი სვანეთისთვის, რადგან ამ მშენებლობის შეჩერება არ არის საბოლოო. ვფიქრობ, უნდა მოეწყოს ყოველთა სვანთა შეკრება სხვა დანარჩენი საქართველოს ერისკაცთა მონაწილეობით თბილისშიც და მესტიაშიც, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ სვანეთში ჰესების მშენებლობას და ოქროს წარმოებას. მთელი სვანეთი უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად და ვიმეორებ, ლენტეხი და მესტია უნდა გაერთიანდეს.

_ რას მოგვცემს ეს?

_ იმას, რომ სვანეთს ეკუთვნის თავისი ადგილობრივი მმართველობა, რატომ უნდა იყოს დაქსაქსული და რატომ უნდა ექვემდებარებოდეს სხვა რაიონს?

_ სამეგრელო-ზემო სვანეთს გულისხმოთ?

_ დიახ, ჩვენ ახლა დაინტერესებული უნდა ვიყოთ არა იმით, რომ ძალით დავძაბოთ სიტუაციები, არამედ იმით, რომ ყველა ქართველი ერთად ვიყოთ. სვანეთს უზარმაზარი ტერიტორია აქვს, ლენტეხი და მესტია ერთად აღებული, ლამის, იმერეთის ხელაა. უგუნური გადაწყვეტილებაა სვანეთის სხვა კუთხესთან შეერთება, სვანეთს თავისი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეს პარლამენტშიც. მოგეხსენებათ, საქართველო შედგება სამი ძირძველი ტომისგან _ მეგრელები, ანუ კოლხები, სვანები და იმერლები. დანარჩენი ყველა კუთხე ამ სამი ტომის განშტოებაა. ამიტომ, ვიმეორებ: სვანეთს, ამ უნიკალურ კუთხეს, თავისი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეს პარლამენტშიც და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებშიც. მადლობა ღმერთს, რომ, ჯერჯერობით, თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში, მთიულეთში არ იგეგმება ჰესების მშენებლობა, რასაც მივესალმები, მაგრამ სვანეთში 53 ჰესის აშენება აქვთ მოხაზული და თუ ეს გაკეთდა, სვანეთი აღარ იქნება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად იმოქმედებს სვანეთის მიკროკლიმატზე, თოვლის საფარზე. თუ ეს გაკეთდა, სვანეთი აღარ იქნება, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ. აქვე არ შეიძლება არ ვთქვა, რომ, თავის დროზე, ხუდონჰესის მშენებლობის შეწყვეტაში უდიდესი როლი შეასრულა ბატონმა ზურაბ ნიჟარაძემ, ხაიშელმა ლომთა ლომმა. ყველა ჩემი თანამებრძოლის გასაგონად კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი, ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს!

ალექსანდრე მარიამიძე