ვინ არის საველე მეთაური რუსლან პაპასკირი და რატომ აღმოჩნდა ის კიევში სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის წინ?

ერთი კვირის წინ კიევის ცენტრში საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. მახაური უკრაინაში პირობით სასჯელს იხდიდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი, სინამდვილეში, ცნობილი საველე მეთაური, რუსლან პაპასკირი აღმოჩნდა.

 

რუსლან პაპასკირი პანკისის ხეობაში გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს. ამ დრომდე არავინ იცის, სად იმყოფება მისი ოჯახი, რომელიც ასევე პანკისის ხეობაში ცხოვრობდა.

ვინ არის რუსლან პაპასკირი და რატომ აღმოჩნდა ის კიევში უკრაინაში სააკაშვილის ჩასვლის წინ? „ქრონიკა+“-მა აქამდე უცნობი რამდენიმე დეტალი დააზუსტა.

რუსლან პაპასკირი საქართველოში 2006 წელს გამოჩნდა. ის შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძის პირადი კონტაქტი იყო და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მას უკრაინაშიც გია ლორთქიფანიძე მფარველობდა.

უკრაინამდე იყო ლაფანყური, უფრო ადრე კი კუდ-ის მაღალჩინოსან გია დგებუაძის, მეტსახელად „მასტერას“ შეხვედრა ცნობილ საველე მეთაურ უვაის ახმადოვთან. ეს ის პერიოდია, როცა ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის და ყოფილი ხელისუფლების სპეცსამსახური მისი ლიკვიდაციის გეგმის დამუშავებას იწყებს. სწორედ ამ მიზნით „მასტერა“ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საიდუმლო ვითარებაში შეხვდა უვაის ახმადოვს და ამ შეხვედრაზე ბადრი პატარკაციშვილის სავარაუდო მკვლელის ვინაობაც დასახელდა _ რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზოონი“. მოგვიანებით, უვაის ახმადოვმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და „მასტერასთან“ შეხვედრის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა. ჩანაწერები სკოტლანდ იარდში არა, მაგრამ რამდენიმე წლის დაგვიანებით „ქრონიკა+“-ში მოხვდა. ამ ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ მთავარ პროკურატურაშიც ვიყავი დაბარებული, ჩანაწერიც გადავეცით, მაგრამ რა გამოიძიეს, ამის შესახებ ინფორმაციას აღარ ვფლობთ.

როგორც გითხარით, რუსლან პაპასკირი საქართველოში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს სწორედ ძმებ ახმადოვებს ჩამოჰყვა. ის აქტიურად თანამშრომლობდა ანტიტერორისტულ ცენტრთან, რომელსაც მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე კურირებდა. რუსლან პაპასკირის, იგივე თემურ მახაურის ნამდვილი სახელი ალი დაბუევია. შსს-ში ის გაფორმებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტად, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ პარალელურად ის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურზეც მუშაობდა და მის ანგარიშზე რამდენიმე შეკვეთილი მკვლელობაა.

რუსლან პაპასკირი დაპირისპირებული იყო დოკუ უმაროვის ფრთასთან, მას ბრალდებოდა უმაროვის მარჯვენა ხელის, ატაევის მკვლელობა. ასევე ის მონაწილეობდა კავკასიის იმარატის შარიათის მოსამართლის, შამსუდინ ბათუკაევის მკვლელობის მცდელობაშიც. პაპასკირის გვარი ლაფანყურის საქმეშიც ფიგურირებს. ამ ოპერაციამდე ერთი თვით ადრე ის სტამბულში, „ფსბ“-ს აგენტ კუშტოვს შეხვდა და ეს შეხვედრა ჩაწერა. კუშტოვმა მას უთხრა, რომ პანკისიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა მზადდებოდა. ამავე ჩანაწერში „ზოონი“ ამბობს, რომ ჩემი კაცი გახდა პრემიერი. სავარაუდოდ, ის ვანო მერაბიშვილს გულისხმობს.

ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ პაპასკირი თურქეთში დაიჭირეს, მაგრამ ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. თურქეთში ყოფნისას მას თურქულ სპეცსამსახურებთან ასოცირებული საქველმოქმედო ფონდი IHH მფარველობდა. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ რუსლან პაპასკირი რამდენჯერმე იყო რუსული სპეცსამსახურის თავდასხმის ობიექტი. მასზე ორჯერ მოხდა თავდასხმა თბილისში და ასევე იყო თავდასხმის მცდელობა, მათ შორის, ერთხელ გია ლორთქიფანიძესთან ერთად. ჩვენი წყარო ამბობს, რომ შს მინისტრის მოადგილეს კუს ტბაზე ჩეჩნები აფეთქებდნენ და ის მაშინ გადარჩა, მაგრამ გია ლორთქიფანიძე მუდმივად საფრთხის მატარებელი პირია, რადგან მას ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო შურისძიების ეშინია. შეგახსენებთ: ლაფანყურის სპეცოპერაციის სრულფასოვანი გამოძიება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.