მსხვილი მარიონეტების ხილული თაღლითობა

სტატიაში ნახსენები ყველა თანამდებობის პირი მარიონეტის როლს თამაშობს უხილავი „უმაღლესების“ ხელში. სწორედ ამიტომ უნდა გასამართლდნენ ხილული შემსრულებლები მაინც!

საქართველოში ქონების ძალადობრივი გზით წართმევის შესახებ არ გსმენიათ? თან იმ მასშტაბის ქონების, რომელსაც კერძო ბანკი, ან ფასიანი ქაღალდების ბაზარი ზუსტად შეესაბამება.

სტატია გაჩვენებთ სისტემურ პრობლემებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო ჩინოვნიკებს, ერთი მონოპოლისტური დაჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ, მართონ საკანონმდებლო პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, იგნორირება გაუკეთონ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, კერძო სტრუქტურებში ადმინისტრაციული წესით დანიშნონ და მმართველობა ხელში ჩაუგდონ მესაკუთრეთა მიერ არარჩეულ პირებს.

 

გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე და ვნახოთ, თუ რა მოხდა რეალურად? ვინ არიან საბანკო მაღალჩინოსები? ვინ ართმევს ქონებას ბიზნესებს და რატომ ვერ კმაყოფილდებიან ისინი?

კიდევ ერთხელ: სტატიაში მოხსენებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პირი, რეალურად, „შემსრულებელია“ და მათ ზემოთ უფრო სერიოზული ძალა დგას. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის, ვინც ახლა გაიფიქრეთ.

გაჩვენებთ, რომ, რეალურად, შორიშორს მდგარი სტრუქტურების ხელმძღვანელები ერთმანეთის ნათელ-მირონები არიან და იმასაც, რომ ცოლ-ქმრის განკარგულებაშია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სადაზღვეო კომპანიები, რომლებიც, თავის მხრივ, „საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანიებს (არაპროფილური ბიზნესი!) წარმოადგენენ და ამას გარდა, ამ წყვილში ქმარი „საქართველოს ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ახლა კი „ეროვნული ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტია.

მაშ, ასე, ბატონებო, ერთ წრეზე ვტრიალებთ! მთავრობას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, რადგან ხმის ამოღების უფლება არ გააჩნია.

დავიწყოთ თავიდან…

მეფე წავიდა, გაუმარჯოს მეფეს! _ გამოაცხადეს და გიორგი ქადაგიძის ადგილზე კობა გვენეტაძე დასვეს, რომელმაც, უკანასკნელი დღეების მანძილზე, 2016 წლის „ეროვნული ბანკის“ ანგარიში წარადგინა და ისეთი არაადეკვატური „ნაშრომი“ გაგვაცნო, რომლისაც მხოლოდ სფეროში გაურკვევლებს, ან მისგან სარგებლის მიმღებლებს სჯერათ. ისე, შეიძლება, თავადაც კი სჯროდეთ იმ ფარსისა, რაც დადგეს. უპასუხოდ დარჩენილ კითხვებსა და ლიცენზიაშეჩერებულ თბილისის საფონდო ბირჟის ლობიზე ხომ არაფერს ვამბობთ. მოკლედ, იქ უნდა ყოფილიყავით…

ტრადიციულად, „ეროვნულ ბანკს“ უნდა შევეხოთ და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ კომერციული ბანკების ვერაგ საქმიანობას, რომელსაც ბიზნესების, ფასიანი ქაღალდების, ადამიანთა ქონების მითვისება ჰქვია, _ ამ თემას კი უფრო ფართოდ განვავრცობთ. აქ ამოტივტივდნენ ე.ბ.-ს საბჭოს წევრი ოთარ ნადარაია და ე.ბ.-ს ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია.

იმ გახმაურებულ საქმეთაგან, რომელიც ნადარაიას სახელთანაა დაკავშირებული, განვიხილავთ „კავკასრეესტრის“ ჯერ მსოფლიოში არნახულ წმენდას და გადაფორმებას და ირანელი ბიზნესმენის თანხის მითვისებას ამავე სისტემით, თუმცა განსხვავებული სტრატეგიით.

დოკუმენტებით გამყარებული მასალიდან ჩანს, რომ „ეროვნული ბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე ცალსახად ბიზნესისა და საკუთრების ხელყოფაში არიან დამნაშავეები.

თავიდან დავიწყოთ და ყველაფერი მოკლედ მიმოვიხილოთ:

1998 წელს, USAD -ის პროექტით, ამერიკის მთავრობამ დააფინანსა ბირჟის ჩამოყალიბება და მოწყობა საქართველოში. შემდეგ დადგა ფასიანი ქაღალდის რეგულირების საქმე და დაიწერა შესაბამისი კანონი, რომლის დაწერის დროსაც მოიწვიეს ამერიკელი უმაღლესი დონის ფასიანი ქაღალდის ექსპერტი და კანონში ჩადეს მუხლები, თითქმის, ყველა საშიშროების გათვალისწინებით, პირველ რიგში კი იყო საკუთრების პრობლემა _ ჩაიდო შეზღუდვა საკუთრებაზე _ არც ერთ პირს 10%-ზე მეტის ქონის უფლება არ ჰქონდა.

მეორე: საბანკო სექტორს მთლიანად 50%-ზე მეტის ფლობის უფლება არ ჰქონდა.

შემდეგ შეიქმნა ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანო. ამ ასპექტებს ე.ბ. თავიდანვე ებრძოდა, მაგრამ ბირჟის დამფუძნებლებმა პრინციპულად გაიტანეს ეს კანონი.

კანონის მიღებიდან უკვე 2 წელიწადში მივიღეთ სრულყოფილი კანონი, დამოუკიდებელი მარეგულირებელი და  პლუს, მეწარეთა შესახებ კანონისა და საფონდო ბირჟასთან დაკავშირებული კანონების ჰარმონიზაცია.

2007 წლისთვის ბირჟაზე წლიური საშუალო ბრუნვა აღწევდა 100 მილიონ ლარს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდური იყო.

2006 წელს NASDAQ OMX -მა აქციონერებს საქართველოში შემოსვლით და საკონტროლო პაკეტის შეძენის წინადადებით მიმართა. ფასი, დაახლოებით, 73 000 $ იყო ერთ აქციაზე და სრული ღირებულება გამოდიოდა 4 მლნ დოლარამდე. თუმცა ამ ყველაფერზე ბირჟის არაკეთილმოსურნეები აღშფოთდნენ. მოკლედ, NASDAQ OMX-ი გააქციეს.

იმ წელს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში შევიდა დამანგრეველი ცვლილებები. მოიხსნა საკუთრების ზღვარი და უცებ აღმოჩნდა, რომ  „საქართველოს ბანკს“ ბირჟის აქციების 46% ჰქონია, როცა 10%-ზე მეტის ქონის უფლება არ ჰქონდა.

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო მოსპეს და ე.ბ.-ს ჩააბარეს.

ამ მოვლენების მერე დადგა 2012 წელი. „ქართულმა ოცნებამ“ თავის პროგრამაში ჩართო ნაწილი, რომელიც ფასიანი ქაღალდების კანონის კვლავ აღდგენას ითვალიწინებდა. დაიწყო კიდევაც მუშაობა, მაგრამ პროექტი უცებ შეჩერდა. ბირჟის არაკეთილმოსურნეები თავიანთი ბიზნესისთვის მფარველებს ეძებდნენ. მოახერხეს კიდეც.

ამ პროცესში, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურობდნენ „ეროვნული ბანკი“, ბანკების ასოციაცია და ბიზნეს ასოციაცია.

საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ საბანკო სფერომ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მისი კონკურენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საფონდო ბირჟა „ჩაყლაპა“ და უკვე ყველაფერი რომ დაიკავა, დარჩა მესამე, დამოუკიდებელი რეგისტრატორი _ „კავკასრეესტრი“, სადაც აქტიურად ცდილობდნენ სამეთვალყურეო საბჭოს შეცვლას და მის თავიანთი წარმომადგენლებით დაკომპლექტებას.

ყველა ქვემოთ მოყვანილი მასალა საჯარო რეესტრის ბაზაში ინახება და იგი საუკეთესო ფაქტს წარმოადგენს ობიექტური დასკვნების გამოსატანად.

მაშ, ასე! როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა „კავკასრეესტრსა“ და მის ხელმძღვანელობაზე, ამას თავად დოკუმენტური მასალებიდან ვიგებთ. სიტუაცია იყო შემდეგი:

2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, შიდა დაცვის თანამშრომლებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის პარალელურად, დამატებითი (მესამე) დაცვის სამსახურის ჩაყენებამ „კავკასრეესტრში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ოფისში შესვლა პრობლემური გახდა. მმართველმა ორგანომ თავი აარიდა ამ პროვოკაციას და მუშაობა ოფისის გარეთ გადაიტანა, რითაც ხელი შეეშალა `კავკასრეესტრს”. ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი „საქართველოს საფონდო ბირჟის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი იყო. იგი სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე კრებას და მისი წევრების გამოთხოვას მოითხოვდა, მათ ადგილზე კი თავიანთი კანდიდატების დასმას.

2015 წლის 16 იანვარს „კავკასრეესტრის“ დირექტორი, მერაბ ვარდიაშვილი, „საქართველოს საფონდო ბირჟის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ფარესიშვილს სწერს, სადაც მათ მიერ „კავკასრეესტრისადმი“ კონფრონტაციულ დამოკიდებულებას ხსნის და მიზეზად ასახელებს იმ დროს „კავკასრეესტრში“ შეჭრას, იქაურობის დაკავებას, რეგისტრატორი კომპანიის, ფაქტობრივად, უოფისოდ დარჩენას, „კავკასრეესტრის“ მიერ ქვეიჯარით დაკავებული ორი ოთახიდან ერთის ქირაობას (რომელშიც განთავსებული იყო არქივი):

„მიიღეთ გადაწყვეტილება მასში კარისა და საკეტების შეცვლის შესახებ, რომ არც კი გიცნობებიათ ამის თაობაზე „კავკასრეესტრისთვის“.

წერილის ავტორი ეხება ფარესიშვილის სს „კავკასრეესტრის“ კონკურენტი რეგისტრატორის მმართველი ორგანოს წევრობის საკითხს და, ამავე დროს, მის მოთხოვნას, რომ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან ვადაზე ადრე ის პირები გაეწვიათ, რომელთაც საზოგადოების კაპიტალის 65-ჯერ გაზრდას მიაღწიეს, რაც, თავისთავად, ცხადს ხდის ფაქტს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ სს „კავკასრეესტრის“ კონკურენტი ორგანიზაციის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს და „შეუძლებელია გონივრულ შესაბამისობაში იყოს საზოგადოების მიზნებთან.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული, _ ის, რომ კონკურენტი კომპანია შენს ოფისში დაუკითხავად იჭრება და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეცვლას ცდილობს, თან ისე, რომ მათი ჩანაცვლება თავისი წარმომადგენლებით მოხდეს, რა თქმა უნდა, ცალსახა და აშკარა გამოხატულებაა მათი ნების, მაგრამ რა ხდება შემდეგ?

ამ წერილის საპასუხოდ, 2015 წლის 21 იანვარს, ვარდიაშვილს მოსდის წერილი „ეროვნული ბანკისგან“, რომელსაც მისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ოთარ ნადარაია აწერს ხელს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ მიმართა სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილმა ე.ბ.-ს, რომ იგი, როგორც სს „კავკასრეესტრის“ 56,15%-ის მფლობელი, ცდილობს „კავკასრეესტრის“ რიგგარეშე კრების ჩატარებას, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა. შემდეგ კი წერილში ვკითხულობთ ძალიან საინტერესო რაღაცას, რაც ეწინააღმდეგება უკვე თავად ე.ბ.-ს ამ წერილში გამოხატულ მდგომარეობას და სიტყვებს:

„იმის გათვალისწინებით, რომ სს „კავკასრეესტრი“ არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე და მისი გამართული და კანონთან შესაბამისი ფუნქციონირება (მათ შორის, შიდა ორგანიზაციული ურთიერთობა) წარმოადგენს „ეროვნული ბანკის“ საზედამხედველო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას და ვინაიდან სახეზეა თქვენი აქციონერების კანონით განსაზღვრული უფლების არშესრულება, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოთ აქციონერთა უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნა და უზრუნველყოთ რიგგარეშე კრების მოწვევა და ჩატარება. ამასთან, გევალებათ, არაუგვიანეს ა. წ. 27 იანვრისა გვაცნობოთ კრების მოწვევისთვის დადგენილი თარიღისა და მის ჩატარებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

პატივისცემით, ოთარ ნადარაია“.

გამოდის, რომ ე.ბ. ერევა ამ საკითხში, თან ისე, რომ ითვალისწინებს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ინტერესებს და არა „კავკასრეესტრისას“.

საპასუხოდ, იწერება ნადარაიას მიმართ წერილი სს „კავკასრეესტრიდან“, სადაც აღნიშნულია, რომ როდესაც იგი ამბობს: „სახეზეა აქციონერების კანონით განსაზღვრული უფლებების არშესრულება“ _ ეს მოვლენების ცალმხრივი ინტერპრეტაციაა და ყველას, ვინც „კავკასრეესტრის“ საქმიანობას იცნობს, კარგად მოეხსენება, რომ იგი არც ერთ საკითხს უპასუხისმგებლოდ არ ეკიდება და არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53.3ბ მუხლით გათვალისწინებული რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი დაუტოვებიათ სათანადო შესწავლის გარეშე.

ამ წერილშივე ხელახლა აიხსნა ფაქტი, რომ „კავკასრეესტრის“ აქციების უმრავლესობას ფლობს მისი კონკურენტი ორგანიზაციის 100%-იანი მესაკუთრე, რომელმაც უკვე შთანთქა მისი კონკურენტი რეგისტრატორების უმრავლესობა და ეს ფაქტებიც კი საკმარისია მოსალოდნელი შედეგების განსაჭვრეტად. ამ შემთხვევაში ხომ ზარალდებიან მისი აქციონერები და ცხადია, საზოგადოება. „ამ ფონზე სრულიად წარმოუდგენელია, რომ თქვენ გვაძლევთ ისეთ დავალებას, რომლითაც, ფაქტობრივად, გვერთმევა კანონით გათვალისწინებული უფლება, უარი ვთქვათ კრების მოწვევაზე ისეთი დღის წესრიგით, რომელიც აშკარა შეუსაბამობაშია საზოგადოების ინტერესებთან და ყველასთვის ცხადია, თუ ვის ინტერესებს ემსახურება იგი“.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ვარდიაშვილი წერს, რომ მას სრული უფლება აქვს იმოქმედოს მისთვის მონიჭებული უფლებამოსილებით და არ მოიწვიოს კრება. ამასთან, კრების მოწვევის მომთხოვნ აქციონერს, ასევე კანონის შესაბამისად, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ხელს აწერს ვარდიაშვილი.

რა ხდება ამ წერილის შემდეგ? ე.ბ. და კონკრეტულად ოთარ ნადარაია ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და ახლავე ნახავთ, რაშიც: 3 თებერვალს ე.ბ. კვლავ უგზავნის წერილს „კავკასრეესტრს“ და ამბობს, რომ იგი ვერ ჩაერევა კონფლიქტში, მაშინ, როდესაც ზემოთ უკვე ცალსახად ჩაერია:

„დამატებით გაცნობებთ, რომ ეროვნული ბანკი ვერ შევა სს „კავკასრეესტრსა და სს „საქართველოს საფონდო ბირჟას“ შორის არსებულ კონფლიქტში და ვერ დაადგენს, კონფლიქტის რომელი მხარეა მართალი“. და კვლავ მიმართავს, რომ მოიწვიონ კრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ბ. გამოიყენებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55(1)-3 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს როგორც ფინანსური, ასევე კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების მიმართ გათვალისწინებული სანქციების დაკისრების თვალსაზრისით.

ხელს აწერს ისევ ნადარაია.

რა ხდება? ისინი დაჟინებულად მოითხოვენ რიგგარეშე კრების მოწვევას და სულაც არ ადარდებთ, რომელი მხარეა მართალი, რომელ „გიგანტს“ უნდა დამოუკიდებელი მარეგულირებლის გადაყლაპვა და რა არის ამ შეკრების რეალური მიზეზი?!

ამ წერილის მიღებიდან ზუსტად 3 დღეში „კავკასრეესტრი“ ნადარაიას სწერს:

„2015 წლის 3 თებერვალს #2-08/468-15 წერილში თქვენ აღნიშნავთ, რომ „ეროვნული ბანკი“ ვერ ჩაერევა, თუ რომელი მხარეა მართალი. თუმცა ამავე წერილით მე მერთმევა „მეწარმეთა კანონით“ გათვალისწინებული უფლება, ვიმოქმედო სააქციო საზოგადოების ინტერესებში, კერძოდ, კანონით მონიჭებული უფლებით, არ მოვიწვიო კრება საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო დღის წესრიგით.

კონკურენტის ხელში ჩაგდება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი და სამწუხაროდ, ამის ფორმალურ შესაძლებლობებს დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი არა მხოლოდ ფორმალურად უნდა აპელირებდეს კანონის ამა თუ იმ მუხლზე, არამედ, რეალურად, წინ უნდა აღუდგეს ბაზრის მონოპოლიზაციის მცდელობას.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იძულებული ვარ, დავემორჩილო თქვენს დაჟინებულ მოთხოვნას და გაცნობებთ, რომ სს „კავკასრეესტრის“ აქციონერთა კრება ჩატარდება მიმდინარე წლის 9 მარტს.

მერაბ ვარდიაშვილი“.

ცალსახაა ერთი მხარის ლობირება საერთო ინტერესების გათვალისწინებით და ეს კიდევ ერთხელ გიჩენს იმის შეგრძნებას, თუ როგორია იცხოვრო ქვეყანაში, რომლის კანონმდებლობაც „ძლიერის“ მხარეზეა მორგებული.

ამბავი გრძელდება ისე, რომ ე.ბ. კვლავ იმ 54-ე მუხლით აპელირებს და ვარდიაშვილი წერს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მათეული განმარტებით მას წაერთვა კანონით მინიჭებული უფლება, იმოქმედოს კომპანიის ინტერესებში. სწორედ ამიტომ იძულებულია, რომ შეასრულოს კატეგორილი მოთხოვნა, თან მათი მხრიდან მმართველი ორგანოს მიმართ სანქციების გამოყენება სრულად ჯდება დაპირისპირებული მხარის გეგმაში, როგორც მისი ძირითადი მიზნის _ კომპანიის მმართველობის ხელში ჩაგდების _ მიღწევის ერთადერთი საშუალება.

ბოლოს კი, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კრების მოწვევა შიდაკორპორაციული ურთიერთობების ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ არეგულირებს, ხოლო ასეთ საკითხებზე უთანხმოებას კი წყვეტს სასამართლო.

წერილს თან ერთვის დოკუმენტი 9 მარტს კრების რიგგარეშე მოწვევის შესახებ.

მოვლენების განვითარება საინტერესო ფაზაში შედის და კიდევ ერთი „თავხედური“ ნაბიჯი ფარესიშვილისგან ისაა, რომ იგი 2015 წლის 4 მარტს აგზავნის წერილს, რომელიც 9 მარტს დანიშნულ რიგგარეშე კრების დღის წესრიგში დამატებითი საზოგადოების ქონების უდიდესი ნაწილის (აკუმულირებული მოგება) განაწილების, ანუ, სს „კავკასრეესტრის“ კაპიტალის შემცირებისა და მისი მინიმუმადე დაყვანის საკითხს მოითხოვს, რითაც მათი მიზნები უფრო მეტად გამოიკვეთა, რადგან კაპიტალის შემცირება უკიდურესად არასასურველია და მთელ რიგ რისკებს უკავშირდება.

სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, „კავკასრეესტრი“ მიმართავს ნადარაიას, რადგან როგორც მან 21 იანვრის წერილში აღნიშნა, ე.ბ.-ს საზედამხედველო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, მათ შორის, „კავკასრეესტრის“ გამართული ფუნქციონირება წარმოადგენს.

„როგორც ხედავთ, ზემოთ ხსენებული ჯგუფის მოთხოვნები მიმართულია „კავკასრეესტრის“ ფინანსური მდგრადობის შესარყევად, მისი ფუნქციონირების რისკის ქვეშ დასაყენებლად, ამიტომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, გააუქმოთ თქვენი მოთხოვნა სს „კავკასრეესტრის“ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოთხოვნილი დღის წესრიგით ა. წ. 9 მარტს რიგგარეშშე კრების ჩატარების შესახებ და, შესაბამისად, მოსთხოვოთ „კავკასრეესტრს“ და მის დომინანტ აქციონერს (სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“) ამ მოთხოვნიდან გამომდინარე შედეგების გაუქმება“.

ამის შემდეგ, უკვე 20 მარტს, „კავკასრეესტრი“ აცნობებს ე.ბ.-ს და კერძოდ, ნადარაიას, რომ ყველა მათი თხოვნა, გაფრთხილება და საქართველოს საფონდო ბირჟის განზრახვის ღიად გაცხადება უგულებელყოფილ იქნა, „კავკასრეესტრის“ მმართველი ორგანოს წევრების მიმართ პიროვნული დევნაა, რისთვისაც ზეწოლის ყველა ფორმას იყენებენ, ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი ორგანოს წევრებისთვის ანაზღაურების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ სხვა გზა არ რჩებათ და უკვე, მათ შეაქვთ საქმე სასამართლოში.

კრება შედგა, მაგრამ იგი უარს ამბობს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის  შეცვლაზე, რაზედაც საქართველოს საფონდო ბირჟა სწერს ე.ბ.-ს და კვლავ სთხოვს, რომ „კავკასრეესტრს“ მოსთხოვოს კდევ ერთი რიგგარეშე კრების მოწვევა, რადგან წინა მოწვევაზე მათ მიერ დასმული საკითხი, შემადგენლობის შეცვლაზე იმ სახით არ მოხდა, როგორც ისინი მოითხოვდნენ.

20.05.2015-ში „კავკასრეესტრსს“ მოსდის მუქარის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ არ არის შესრულებული 1-ლ მაისს გამოგზავნილი მითითება სს „კავკასრეესტრის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით:

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გევალებათ, არაუგვიანეს 25 მაისისა, გვაცნობოთ სს „კავკასრეესტრის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ეროვნული ბანკი“ გამოიყენებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55(1)-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს როგორც ფინანსური, ასევე კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების მიმართ გათვალისწინებული სანქციების დაკისრების თვალსაზრისით“

ო. ნადარაია.

„კავკასრეესტრი“ კი პასუხობს, რომ ამ წერილით ე.ბ. მას აიძულებს, მოიწვიოს რიგგარეშე კრება, რომლის ჩატარებაც უაღრესად საზიანოა „კავკასრეესტრისთვის“. ამასთან, მიზეზი, რის გამოც მორიგი რიგგარეშე კრება ინიშნება, უკვე განხილული იყო წინა კრებაზე, საბჭოს წევრები არ გამოიწვიეს! „გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ერთსა და იმავე საკითხზე რიგგარეშე კრებათა მოწვევა ყოველი 3 თვის შუალედით, რასაც მსგავსი გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, დაუსრულებელი სახე ჰქონდეს? “ _ წერს ვარდიაშვილი. თუმცა კრება ისევ დგება და ისევ კრახით სრულდება „საქართველოს საფონდო ბირჟისთვის“.

ამის შემდეგ ყველაფერი, თითქოს, დალაგდა, მიწყნარდა, მაგრამ 2 ოქტომბერს შეიარაღებული პირები კვლავ უკანონოდ იჭრებიან „კავკასრეესტრის“ ოფისში და თავიანთი „ჩვეული“ მეთოდით იკავებენ იქაურობას.

როგორც გაირკვა, მოხდა შემდეგი: პირველ ოქტომბერს საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს, წერილით მიმართეს კირტავამ და ფარესიშვილმა. უგრეხელიძემ რეკორდულად მცირე დროში, 14 წუთში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 3 თვის მანძილზე იწელებოდა ისე, რომ მეორე მხარე არ ჩაურთავთ. კერძო კომპანიაში უგრეხელიძემ სამეთვალყურეო საბჭო დანიშნა. მათაც „კავკასრეესტრის“ დირექტორი ვარდიაშვილი გაათვისუფლეს.

სახეზე გვაქვს ჯერარნახული „პრაქტიკა“ და ეს იმდენად უსამართლო, ძალადობრივი სისტემაა, რომ ეჭვიც კი შეგეპარებათ, ქვეყანაში, სადაც არსებობს კონსტიტუცია, სადაც ცივილიზებული ურთიერთობებია, შესაძლებელია, ყალბი საბუთებით, უბრალოდ, გაგაქრონ!

პარასკევ საღამოს ოფისში შევიდნენ, შაბათ-კვირას მთელი ოფისი გაცალეს და ყველაფერი გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. ასეთი მეთოდია.

ყველასთვის, მათ შორის, ეროვნული ბანკისთვისაც ცნობილია, რომ უკვე ერთი წელიწადია, თბილისის საფონდო ბირჟას ლიცენზია შეჩერებული აქვს.

ახლა კი თვალსაჩინო მასალაზე რომ გადავიდეთ, საჯარო რეესტრის ამონაწერში საბჭოს შეცვლის შესახებ მონაცემების შეცვლა 1 წუთით უსწრებს გადაწყვეტილების მიღებას. ანუ ჯერ შეცვალეს და გადაწყვეტილება მერე მიიღეს!

ჩანს, რომ ადამიანებმა პირადი პრობლემა ჯერ კორპორაციულად, მერე დარგობრივად და მერე პოლიტიკურად აქციეს.

თავის მხრივ, „კავკასრეესტრის“ წარმომადგენლებმა სასამართლოში შეიტანეს საქმე. ყველა გაყალბებული და იმ დროს მიღებული გადაწყვეტილება ბათილად არის ცნობილი, მაგრამ, ამასობაში, ერთადერთი დამოუკიდებელი რეგისტრატორის, „კავკასრეესტრის“ მესამედია დარჩენილი.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. რა წილი აქვს ამაში ოთარ ნადარაიას? _ იგი თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, თავისუფლად ლობირებდა ამ ქმედებას და მეტიც, ხელს უწყობდა, ვინაიდან მისი მოგებაც საკმაოდ დიდი იყო ამ საქმეში.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის საფონდო ბირჟა ნადარაიას ხელშეწყობით მაინც ფუნქციონირებდა და ასეა დღესაც.

რა გამოდის? რომ კანონზე მაღლა „ეროვნული ბანკი“ და მისი ვიცე-პრეზიდენტი დგანან?!

დღეს რას ვიღებთ? _ ვაჭრობა მიმდინარეობს იმ ბირჟაზე, რომელიც, პრაქტიკულად, არ არსებობს, არსებობის უფლებაც არ აქვს!

სად არის მსგავსი პრეცედენტი? _ არსად!

რას აკეთებს ბიზნესომბუდსმენის აპარატი? _ არაფერს (რატომ? _ ეს ცალკე საკითხია!)!

„ნორმალურ ქვეყანაში, რომელსაც საქრთველო ჰქვია, სადაც კონსტიტუცია, საგადასახადო კოდექსი, ბანკის კანონი, ორგანული კანონები და საფინანსო ბაზრის კანონები გვაქვს, ასეთი რამ ვერ უნდა მოხდეს!

როგორ შეიძლება, შენ, ვთქვათ, შეგჭამოს მეზობელმა, ან რაიმე მსგავსი და უცებ აღმოაჩინო, რომ აღარ ხარ?!“ _ აღნიშნავს ჩარგეიშვილი.

ეს მხოლოდ ერთი ფაქტია! გავიხსენოთ 2015 წელს მომხდარი კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ირანელი ბიზნესმენი, ფურია ნაიები, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, რომან ჩხენკელის ძმებს, აკაკი და ლაშა ჩხენკელებს, „ეროვნული ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიას, კახა ბაინდურაშვილსა და მინდია ჯანელიძეს „კაპიტალ ბანკის“ (ყოფილი „ინვესტბანკი“) 70%-იანი წილის წართმევაში ადანაშაულებდა. აღნიშნული წილი კი 1 198 400 აქციას შეადგენდა. იგი ამბობდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა ზეწოლის შედეგად ეს წილები მათთან დაახლოებულ ერთ-ერთ იურიდიულ ფირმას გადაუფორმეს, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოძიების საფრთხე იგრძნეს, წილები სრულიად დარღვევით და უკანონოდ გადააფორმეს ასევე მათთან დაახლოებულ მესამე პირზე, შემდეგ კი ცდილობდნენ უკვე მეოთხე პირის ჩართვას და ამ წილების მასზე გადაფორმებას.

მაშინ ნაიების ადვოკატმა თქვა, რომ ეს წილები იურიდიულ კომპანია „დიმიტრი ალექსიძე და ვლადიმერ გაბრიელაშვილზე“ გადაფორმდა იმ პირობით, რომ ბატონი ნაიების თანხმობის გარეშე ეს წილები არ გასხვისდებოდა, ანუ დაიდო წილის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, არანაირი კანონის ფარგლებში არ ყოფილა ამ წილების მესამე პირზე გადაცემა. ეს მესამე პირი არის ალექსანდრე კურტანიძე.

„საქართველოში გრძელდება უცხოელი ბიზნესმენების მიმართ სახელისუფლებო ტერორი. სახელისუფლებო ბიზნესჯგუფმა, რომელშიც გაერთიანებული არიან აღნიშნული პირები, თაღლითური გზით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელის გამოყენებით, ფურია ნაიების წილები წაართვეს თაღლითურად, ამ კონკრეტულ ბიზნესჯგუფთან დაკავშირებულ პირზე, ალექსანდრე კურტანიძეზე გადაფორმებით რეალური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გარეშე“.

ადვოკატის თქმით, თავის მხრივ, კურტანიძე აცხადებდა, რომ ბანკი შეიძინა იურიდიულ ფირმან „დიმიტრი ალექსიძე და ვლადიმერ გაბრიელაშვილისგან“, რაც ასევე სიცრუეა, რადგან არსებობდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ერთ-ერთის შეუსრულებლობის პირობებში იწვევდა ორივეს ბათილობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

კურკუმული (ნაიების ადვოკატი) განმარტავს, რომ იმ პუნქტის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებდა ქონების თანხმობის გარეშე გაყიდვის აკრძალვას, ეს ქონება მთლიანად უნდა დაბრუნებოდა ფურია ნაიებს და იმ კომპანიას, რომელსაც ის წარმოადგენს.

„აღნიშნული პირები ჯერ ცდილობდნენ, რომ მთლიანად წაერთმიათ ქონება. ვინაიდან ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ ასეთი ხელშეკრულება დაიდო. ასევე, უცხოელი ინვესტორი აცხადებს, რომ ბანკის წართმევამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესმენი აღნიშნული იურიდიული კომპანიის ოფისში დაიბარეს, სადაც მას აკაკი ჩხენკელი დახვდა. ამ შეხვედრაზე ჩხენკელი შეეცადა, ბიზნესმენი დაერწმუნებინა, რაზედაც ინვესტორმა უარი უთხრა, ხოლო ჩხენკელი საქმის საგამოძიებო ორგანოებთან გაგრძელებით დაემუქრა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიას მხრიდან შესაძლო დანაშაულს და ზეწოლას, იგი ასე გამოიხატება: რა თქმა უნდა, იურიდიულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობები მათი მხრიდან არ შესრულებულა, თუმცა ხელშეკრულება უკანონოდ გაუქმდა „ეროვნული ბანკის“ მხრიდან ზეწოლის შედეგად. საქმეში ჩართული იყო ოთარ ნადარაია, რომელიც „ეროვნული ბანკის“ ხაზით უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკის თაღლითურად გადაყიდვის სქემას.

ასევე უცხოელი ბიზნესმენი „მოდულის“ შენობაში დაიბარეს, სადაც მას მინდია ჯანელიძე დახვდა და განუცხადა, რომ მას ბანკი უნდა დაეთმო, რადგან ამას ითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. პარალელურად, უცხოელი დაიბარეს ბიზნესპალატის ყოფილ შენობაში, სადაც მას კახა ბაინდურაშვილი და ლაშა ჩხენკელი დახვდნენ, რომლებმაც წილების გადაფორმება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრებით დაემუქრნენ.

„მას შემდეგ რაც, ფურია ნაიებიმ გადაწყვიტა პროკურატურაში განცხადების შეტანა, ბიზნესჯგუფმა სასწრაფოდ, თავის მხრივ, ბანკის გასხვისება გადაწყვიტა, ვითომ კეთილსინდისიერ მყიდველზე, რადგან ბიზნესმენს ვერ დაებრუნებინა თავისი ქონება“, _ აცხადებდა კურკუმული.

მისივე თქმით, პირი, რომელზედაც ახლა აპირებენ ქონების გასხვისებას, არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, გაკორტებულია და არასანდო ბიზნესპარტნიორია.

რაც შეეხება ალექსანდრე კურტანიძეს, ის იმ პერიოდისთვის აშშ-ში ცხოვრობდა.

გარდა ამისა, როგორც ამბობდნენ, ირანელი ბიზნესმენი სასტიკად სცემეს.

ბოლოს… ამ ამბის მოხდენამდე, მედიის საშუალებით აქტიურად შუქდებოდა ინფორმაცია სამი ირანელი ბიზნესმენის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციებზე, რამაც მოძალადეებს საშუალება მისცა, რომ „შესაბამისად“ ემოქმედათ!

აქაც ფიგურირებს პატივცემული ნადარაია და „ეროვნული ბანკი“! არ დაგავიწყდეთ, რომ სტრუქტურა შეკრულია როგორც ძალოვან უწყებებთან, ასევე სამთავრობო წრეებთან. მათ არაფერი ემუქრებათ, რადგან მთელი საქართველო დღეს ბანკების ხელშია!

 

ისევ ბანკი ვახსენეთ და არ შეიძლება არ შევეხოთ „ეროვნული ბანკის“ ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ კიკორიას, რომელიც ადრე „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო და დადებული პირობის მიუხედავად, როდესაც ყოფილი თანამდებობა დატოვა, მაინც საფინანსო სექტორში ამოჰყო თავი. ამჯერად,  „ეროვნულ ბანკში“, თუმცა, კაცმა რომ თქვას, „ეროვნულსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის დიდი განსხვავებაც ხომ არაა?!

დეკლარაცია, რომელიც კიკორიას სახელზეა, მართლაც შთამბეჭდავია. იგი გასული წლის ბოლო დღეს, ზუსტად 31 დეკემბერსაა შევსებული: „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას წლიური ანაზღაურება „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტზე 3 133 280.86 ლარი იყო.

ბანკის დირექტორის თანამდებობაზე კიკორია 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კიკორია ფლობს 523 კვ. მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, 145.27 კვ. მ. ბინას ჭავჭავაძის გამზირზე, ამავე მისამართზე მდებარე 129.03 კვ. მ.-ის არასაცხოვრებელ ფართს, 250 კვ. მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, 4 500 კვ. მ.-ისა და 2 500 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთებს მცხეთაში და 1 000 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები: BMჭ M6 და BMჭ 550.

დეკლარაციის შევსების მომენტში კიკორიას „თი-ბი-სი ბანკის“ დეპოზიტზე 2 100 000 ლარი, საკრედიტოზე _ 2 549.58 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე კი 85.33 დოლარი და 57 600 ლარი ჰქონდა, „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 1 588 500 ლარი, სახელფასოზე _ 140 439.09 ლარი, საკრედიტოზე _ 19 000 გირვანქა სტერლინგი, „ქართუ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე კი 114.06 დოლარი ჰქონდა. ამასთან, ნაღდი ფულადი თანხის სახით 1 000 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, კიკორია შპს „ეფსისის“ პარტნიორია. ამასთან, მუშაობდა სს „ბელარუსის სახალხო ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, სს „ალდაგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, იყო სს „ბიჯი ფაინანშალის“ დირექტორის მოადგილე, „ბენდერლოკ ინვესტმენტ ლიმიტედის“ დირექტორი და საქველმოქმედო ფონდ „სიცოცხლის ხის“ გამგეობის თავმჯდომარე. თუმცა ჩამოთვლილთაგან არც ერთ თანამდებობაზე შემოსავალი არ მიუღია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კიკორიას სახელზეა ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებები შვილის სასარგებლოდ. ნასყიდობა ეხება 500 000 ევროს ღირებულების ბინას მადრიდში; ნარდობა კი ბინის რემონტს 182 785 ევროს ოდენობით.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის წლიური გასავალი 74 ათასი ლარი იყო. აქედან 55 000 ლარი ქველმოქმედების, 19 ათასი კი შვილების სწავლის საფასურის სახით.

მურთაზ კიკორიას ჰყავს მეუღლე ნინო კოღუაშვილი, შვილები _ თამარ და გიორგი კიკორიები და გერები _ ნიკოლოზ და გიორგი დევდარიანები. კოღუაშვილი ფლობს 178 კვ. მ. ფართობის ბინას თბილისში, 150 კვ. მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს კიკეთში და 857 კვ.მ. მიწის ნაკვეთს კოჯორში. მასვე „საქართველოს ბანკის“ დეპოზიტზე ჰქონდა 1 000 000 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე კი _ 90 000 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, კიკორიას მეუღლე სს „დოთგრინის“ აქციონერი და შპს „ქართული აგროპროდუქტის“ პარტნიორია. კოღუაშვილის შემოსავალი გასულ წელს სადაზღვევო კომპანია „იმედი ელის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 236 931 ლარი იყო.

რა იკვეთება საინტერესო?

ის, რომ ბატონ კიკორიას, თანამესაკუთრეებთან ერთად, წილები აქვს სადაზღვეო კომპანია „ალდაგში“, რომლის ნაწილიც ასევე სადაზღვეო კომპანია „იმედი ელია“, რომლის გენერალური დირექტორიც კიკორიას მეუღლე გახლავთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ორივე სადაზღვევო კომპანია „საქართველოს ბანკის“ არაპროფილურ ბიზნესს წარმოადგენს!  სათავეში კი ჩვენს პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან ნათელ-მირონობაში მყოფი კიკორია და მისი ოჯახი დგას.

ისევ წრე მივიღეთ! ერთი და იგივე ადამიანები და სხვადასხვა სახელის მქონე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ბიზნესმენების ჯიბიდან იკვებებიან. არ გასცემენ სესხებს ბიზნესმენებზე, რადგან თავიანთ არაპროფილურ აქტივებს ფლობენ და იმის მაგივრად, რომ ეკონომიკის წინსვლას შეუწყონ ხელი, პირიქით _ მის დეგრადირებას უწყობენ ხელს.

ვინ იქნება შემდეგი?

რთული სათქმელია, რადგან ისედაც ცოტა ბიზნესი დარჩა, რომელშიც ე.ბ.-ს თავისი ხელი არ ჩაეყოს, ან იმდენად მწირია მათთვის, რომ „მსხვილ მოთამაშეებზე“ იწევენ.

და მაინც, ვინ იქნება შემდეგი?..

 

ნინო ტაბაღუა