გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის დაშლით იმუქრება?

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე არაოფიციალურად უკვე დაასახელა. ოფიციალურად დაგვპირდნენ, რომ პოლიტსაბჭო შეიკრიბება და კანდიდატურაზე მსჯელობის შემდეგ პრემიერი კვირიკაშვილი გადაწყვეტილებას საჯაროდ გამოაცხადებს.

„ოცნებაში“, ეტყობა, ფიქრობენ, რომ ხალხი ყრუ და ბრმაა.

ან პოლიტსაბჭოს ვინ ეკითხება თბილისის მერის კანდიდატურის განხილვას, ან პრემიერი კვირიკაშვილი როდის მერე გახდა ამ ქვეყანაში პოლიტიკური (ან სხვა სახის) გადაწყვეტილების მიმღები?

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა, ოპოზიციის წინადადებები გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი საარჩევნო დაპირებებიც არ ახსოვს _ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და თვითმმართველობის რეფორმის ნაცვლად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირეს და არც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხია გადაწყვეტილი.

კონსტიტუციის საყოველთაო განხილვები კლოუნადას დაემსგავსა. ქვეყნის დედაქალაქში კი მთავარი შეხვედრა საერთოდ ჩაიშალა.

შეხვედრები ისე დასრულდა, გამოქვეყნებული საბოლოო დოკუმენტი ამ დრომდე „ვენეციის კომისიისა“ და პარლამენტის თავმჯდომარის გარდა არავის უნახავს. პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერები კარგა ხანს ამბობდნენ, რომ „ვენეციის კომისია“ ხელისუფლების ვარიანტს მხარს უჭერს. სანამ ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს „ვენეციის კომისიის“ სხდომაზე ეპატიჟებოდა, კომისიის წინასწარმა დასკვნამ და კრიტიკულმა შენიშვნებმა „ოცნებას“ ცივი წყალი გადაასხა _ დაწუნებულია მანდატების გადანაწილების ე. წ. ბონუსური სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი, 5%-იანი ბარიერი და კონსენსუსის არარსებობა პოლიტიკურ ოპონენტებთან.

„ვენეციის კომისიის“ წინასწარი დასკვნის გასაჯაროება პარლამენტის თავმჯდომარემ ისევ პრეზიდენტს დააბრალა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ მათ დასკვნა საერთოდ არ მიუღიათ. ურთიერთბრალდებები ისმის მთელი კვირის განმავლობაში. სერიოზულ საერთაშორისო მარცხს „ოცნება“ ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აბრალებს.

გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არც პარლამენტის თავმჯდომარემ იცის და არც პარტიის ლიდერებმა, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში კონსტიტუციის მისაღებად ხმების საჭირო რაოდენობას ვეღარ აგროვებს. მაჟორიტარებში ბუნტია და თითოეული მათგანი გარანტიას ითხოვს, ყველა მაჟორიტარის პრეტენზიისა და ამბიციის დაკმაყოფილება კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები გაურკვეველი ხნით გადაიდო.

ის, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯერ კიდევ, ადრე გაზაფხულზე იცოდა. მის ადგილას ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად კვირიკაშვილი ამერიკაში გამოიძახეს. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, მას იქ მკაფიოდ აუხსნეს, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და რუსული გავლენები საქართველოში თეთრი სახლისთვის მიუღებელია.

რამდენად შეძლებს გიორგი კვირიკაშვილი არაფორმალური გავლენებისგან განთავისუფლებას? ამის ილუზია არც ქვეყნის გარეთ აქვს ვინმეს და არც ქვეყნის შიგნით. ერთი შეხედვით, კვირიკაშვილი ძალიან დაღლილია საკუთარი უფუნქციობით, მაგრამ როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, ბოლო დროს, განსაკუთრებით ამერიკიდან დაბრუნების მერე, ბრჭყალებიც გამოუჩენია _ უმრავლესობიდან მისი კვოტით და რეკომენდაციით გასული რამდენიმე დეპუტატის გასვლით და ცალკე ფრაქციის შექმნითაც კი დამუქრებია საკუთარ ხელისუფლებას.

ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე. მართალია, სუს-ის უფროსი მუხთარლის გაუჩინარების მეორე დღესვე ამბობდა, რომ ჟურნალისტი ე. წ. მწვანე საზღვრის გავლით გადავიდა აზერბაიჯანში, სადაც პასპორტი საჭირო არ იყო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში არც ვახტანგ გომელაურისა და არც სოსო გოგაშვილის ცრემლების არ დაიჯერეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ განცხადებაში მკაფიოდ ჩაწერა სიტყვა გატაცება და ხელისუფლებას საქმის ეფექტური, დროული და გამჭვირვალე გამოძიება მოსთხოვა.

გამოძიებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი მიზეზების აუხსნელად კადრების განკარგულებაში გადაიყვანა. ამბობენ, რომ ეს ადგილი სოსო გოგაშვილისთვის განთავისუფლდა, მაგრამ სახელისუფლებო წყაროები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ძალიან მალე მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვლება და ერთი აუცილებლად იქნება თავად გიორგი მღებრიშვილი.

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საკადრო ცვლილებები არაფერს ცვლის _ მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდაა დარჩენილი, _ ვინ და რატომ გაიტაცა თბილისის ცენტრიდან აფგან მუხთარლი? შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება, მაგრამ კამერების ჩანაწერებს საკუთარი ვერსიის გასამყარებლადაც კი ვერ აჩვენებენ, არადა, გამოდის, რომ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ნახევარი საქართველო გაიარა, დაუცველი საზღვარი გადაკვეთა, თავიც იცემა და ჯიბეში 10 000 ევროთი იმ ქვეყნის სამართალდამცველ უწყებას ჩაბარდა, სადაც მას პატიმრობა ემუქრებოდა.

ის, რომ აზერბაიჯანის მიმართულებას ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კურირებს, ეს, ჯერ კიდევ, 2012 წელს იყო ცნობილი. გადაზიდვები, გაზი, საწვავი, ეს ის ფინანსური სქემებია, რომელშიც უჩა მამაცაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მოლარემ და ფინანსური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა გაარკვია. პორტირებული ნიკოლაიშვილი უკან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე დაიბრუნეს „ნაცებმა“ და საარჩევნო სიაში მეოცე ნომრად ჩაწერეს, როგორც ამბობენ, მამაცაშვილის თხოვნით გიგა ბოკერიამ და არც მთლად უფასოდ. ცნობილი გაყრის შემდეგ რამაზ ნიკოლაიშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატის იმიჯი მოირგო და პარლამენტში თითქმის არ დადის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აფგან მუხთარლის გატაცება სწორედ უჩა მამაცაშვილის პრეზენტი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის. ამ საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი და გატაცებას სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად „ხარება“ ხელმძღვანელობდა.

„ქრონიკა+“ პირველი იყო, რომელმაც ზვიად ხარაზიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა გააპროტესტა. „ხარება“ პირადად ხელმძღვანელობდა გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის ოპერაციას. მისი გვარი კობა ოთანაძემაც არაერთგზის დაასახელა და კრიალაშვილის დამაც პრემიერ-მინისტრს არაერთგზის მოსთხოვა გამოძიების დაწყება, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.

ზვიად ხარაზიშვილი პირადად ვახტანგ გომელაურის პროტეჟეა, მათ საერთო წარსული აქვთ. მოგეხსენებათ, ვახტანგ გომელაურიც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო, სანამ ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მოხვდებოდა. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ მათ ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ, მათ შორის, ერთი გახმაურებული მკვლელობაც, რომელსაც, თავის დროზე,  საზოგადოების დიდი ხმაური მოჰყვა. სწორედ ამ ფაქტებით აშანტაჟებს „ხარება“ გომელაურს და ამავე წყაროს პირადად აქვს მოსმენილი მათი საუბარი 2014 წელს სპეცდანიშნულების ბაზაზე _ რა ტონით და რა ფრაზებით ელაპარაკებოდა ხარაზიშვილი გომელაურს (ეს ძალიან საინტერესო თემა „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიების საგანია და ინფორმაციების გადამოწმების მერე აუცილებლად გახდება საჯარო ყველა დეტალი),

დღეის მდგომარეობით კი აფგან მუხთარლის საქმეზე რეალური გამოძიების შედეგებს არც საზოგადოება ელოდება და არც გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი, რადგან ობიექტური გამოძიების პირობებში სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი უნდა დაკითხონ და არავის აქვს გარანტია, რომ ერთ დღესაც „ანტრიკოტა“ პირს არ მოაღებს და ყველა იმ სიბინძურეს არ მოყვება, რომელშიც უჩა მამაცაშვილთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული.

ქართული სპეცსამსახურების მტკიცების მიუხედავად, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან არაფერი აქვთ საერთო, აზერბაიჯანულმა მხარემ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პირით გაახმოვანა, რომ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ერთობლივი წარმატებული მუშაობის შედეგი იყო. 13-14 ივლისს ევროპის საბჭო სპეციალური დეკლარაციის მიღებას აპირებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე. გამორიცხული არ არის, საქართველოს ხელისუფლებამ არც ამ რეზოლუციას მიაქციოს ყურადღება.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ ამჯერადაც წარუმატებელი პიარაქცია დაგეგმა.

„ბირჟა მაფიამ“ პოლიციელებზე კლიპი გადაიღო, რომელიც „იუთუბზე“ ატვირთა. უგემოვნო და შეურაცხმყოფელი, _ ორი სიტყვით ასე ახასიათებენ კლიპს ის ადამიანები, რომლებმაც ის ნახეს. ამ ფაქტის შემდეგ ორივე რეპერი პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. რეპერების დაკავებას „თეთრი ხმაურისა“ და საზოგადოების ნაწილის აქცია მოჰყვა, მეტი დამაჯერებლობისთვის აქციაზე შუქიც კი გათიშეს და პროტესტი მობილური ტელეფონების შუქის ფონზე გაგრძელდა.

საპროტესტო აქციას ჯერ პრემიერ-მინისტრი, მერე ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა და ბოლოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გამოეხმაურნენ. მეორე დღეს სააპელაციო სასამართლომ ორივე რეპერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სპექტაკლის ამოცანა მარტივად და გასაგებად გაიშიფრა _ კახი კალაძეს საარჩევნო ხმები სჭირდება და ის არა მხოლოდ აქტიური ახალგაზრდების ხმებზე ნადირობს, არამედ არჩევნებში უბნის მაყურებლების გავლენებსაც აქტიურად გამოიყენებს. წინასაარჩევნოდ თბილისში კაი ბიჭებისთვის ფულიც ოხრად დარიგდება და ნარკოტიკებიც. ის, რომ ბერა ივანიშვილი კალაძეს გულშემატკივრობს, არც ესაა ახალი ამბავი, რადგან თბილისის მერის პოსტზე კალაძის კანდიდატურის არჩევა სწორედ ბერას დამსახურებაა, მან გაუწია მამასთან რეკომენდაცია. გაგრძელდება თუ არა გამოძიება და დასჯიან თუ არა ჩამდებ პოლიციელებს? ჯერჯერობით, ეს კითხვა ღიად რჩება, სამაგიეროდ, „დამოუკიდებელი“ სასამართლო და პროკურატურა მორიგ ტესტს 18 ივნისს გაივლის, როცა სასამართლო პროცესზე ჩემი შვილის, დავით ხარშილაძის დაცვის მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებს. რეპერების მსგავსად, ჩემი შვილისთვის წარდგენილი ბრალი 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით კვალიფიცირდება. მოძალადე და ჩამდებ პოლიციელებზე თბილისის პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. ჩემმა შვილმა აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და დეტალური ჩვენება მისცა მოძალადე და ჩამდებ პოლიციელებზე, მეტიც, მას სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აგინებდნენ. დღეის მდგომარეობით, არც ის ვიცით, გამოძიება რა სტადიაზეა! ჩემი შვილი დაზარალებულად ამ საქმეზე ნაცნობი არ არის.

ჰო, რაც ყველაზე მთავარია, არ ვაპირებ, ჩემი შვილის თავისუფლება ბერა ივანიშვილს ვთხოვო.

მე მინდა ქვეყანა, სადაც შვილებს მშობლების გამო არ სჯიან და საკუთარი სიმართლის დამტკიცება  ადამიანს კანონის უზენაესობის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილის შვილის ახლობლობის გარეშეც შეუძლია.

 

ელისო კილაძე