გამოცხადებული დამოუკიდებლობის ქრონიკები (მეოთხე ნაწილი)

დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##15-17.

 

1918 წლის მაისი. უმნიშვნელოვანესი დროის მონაკვეთი საქართველოს უახლეს ისტორიაში. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება, თუმცა საგარეო და საშინაო ფონი იმდენად მძიმეა, რომ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. 1918 წლის აპრილში ოსმალეთსა და ამიერკავკასიის ფედერაციას შორის ტრაპიზონში გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგაც თურქულმა არმიამ ქვეყნის საზღვრები გადმოლახა და სწრაფად დაიწყო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობებით მისთვის მიკუთვნებული ტერიტორიების დაკავება.

ოსმალებმა, პრაქტიკულად, უბრძოლველად აიღეს ბათუმი, საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს მთელი აჭარა, ართვინი და არდაგანი; შევიდნენ ოზურგეთში, მესხეთ-ჯავახეთში და ბორჯომამდე მიაღწიეს. საქართველო, რომელიც თურქულ აგრესიას ვერაფერს უპირისპირებდა, სრული ოკუპაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ოსმალებთან ახალი მოლაპარაკება უკვე ოკუპირებულ ბათუმში დაინიშნა. ამ მოლაპარაკებას უნდა გადაეწყვიტა ახლად დაარსებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრები და მისი მომავალი ბედი.

ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციისგან განსხვავებით, ბათუმის შეხვედრისთვის ამიერკავკასიის ფედერაციის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. თუ ტრაპიზონში თურქეთი, ძირითადად, ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობების შესრულებას მოითხოვდა, ამჟამად ოსმალთა მადა გაიზარდა და სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ისინი ახალ პირობას აყენებდნენ. თურქეთი კავკასიაში იმ პოზიციის დაბრუნებას ცდილობდა, რომელიც მან 1828-1829 წლებში რუსეთთან ომის შედეგად დაკარგა. საქართველოს შემთხვევაში ეს ოსმალთა მფლობელობაში მთელი მესხეთ-ჯავახეთის გადაცემას ნიშნავდა.

თუმცა ტრაპიზონისგან განსხვავებით მდგომარეობა იმ მხრივაც შეიცვალა, რომ კავკასიის გადანაწილების პროცესში, თურქების გარდა, კიდევ ერთი მხარე _ გერმანია ჩაერთო. გერმანიის იმპერიამ რუსეთის ბოლშევიკურ მთავრობას ბრესტ-ლიტოვსკში სეპარატული ზავის დადება აიძულა, რომლის შედეგადაც მისი გავლენის ქვეშ მოექცა უდიდესი ტერიტორია ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. 1918 წლის მაისის დასაწყისში კი კაიზერის მთავრობამ ა უკვე კავკასიის სტრატეგიულ რეგიონსაც მიაპყროყურადღებ.

თავიდანვე განვსაზღვროთ, თუ რა მიზნები ამოძრავებდა გერმანიას კავკასიაში: მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერია მისი მოკავშირე იყო, ამიერკავკასიაში თურქეთის სრული გაბატონება გერმანიის ინტერესებში არ შედიოდა. იდეალურ შემთხვევაში, გერმანია კავკასიაში, ერთგვარი, პროტექტორატის, „შცჰუტზსტაატ“-ის შექმნას გეგმავდა, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის ბუფერის როლს შეასრულებდა და ამ რეგიონში გერმანული პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფდა.

გერმანიას კავკასიაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური მიზნები ამოძრავებდა, რომელიც, შესაბამისად, მის პოლიტიკასაც განსაზღვრავდა. ძირითადი ინტერესი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რეგიონის სრულფასოვანი ათვისება იყო: ჭიათურის მანგანუმი, ბაქოს ნავთობი, ქვანახშირი, სპილენძი, ხე-ტყე _ ყველაფერი ეს გერმანული კაპიტალისთვის საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა. ამ ნედლეულის ტრასპორტირებისთვის კი აუცილებელ პირობას კავკასიის სარკინიგზო ხაზსა და შავი ზღვის ნავსადგურებზე კონტროლის დაწესება წარმოადგენდა.

ყოველივე ამის განხორციელება თავისთავად გულისხმობდა რეგიონში გერმანული სამხედრო კონტინგენტის მუდმივ განთავსებას. კავკასიაზე საუბრისას ფელდმარშალი ლუდენდორფი ღიად აცხადებდა, რომ საქართველოში აუცილებელი იყო სამხედრო ბაზის შექმნა, რომელიც რეგიონში გერმანულ ინვესტიციასა და კავკასიის სატრანსპორტო არტერიას ერთდროულად დაიცავდა.

საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად გერმანიას საქართველოში საკმაოდ კარგი დასაყრდენი ჰქონდა: ჯერ კიდევ XIX საუკუნის 20-იან წლებში გერმანიიდან საქართველოში, დაახლოებით, 7 ათასამდე ემიგრანტი ჩამოსახლდა, რომლებმაც აქ რამდენიმე კოლონია დააარსეს. დროთა განმავლობაში გერმანული დიასპორა კიდევ უფრო გაიზარდა. გერმანელები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ცხოვრებაში და უცხოელ ინვესტორთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებდნენ. ტფილისში ფილიალი ჰქონდა ცნობილ გერმანულ ფირმა „ზინგერს“, გახსნილი იყო „დოიჩე ბანკის“ წარმომადგენლობა, ფუნქციონირებდა გერმანელების მიერ დაფუძნებული ლუდის ქარხნები.

გერმანელთა როლი საქართველოში იმდენად დიდი იყო, რომ, ჯერ კიდევ, მეფის რუსეთის დროს ტფილისში მათი საკონსულოც კი გაიხსნა. ამ საკონსულოს 1911 წლიდან გრაფი შულენბურგი ხელმძღვანელობდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სადაც გერმანია რუსეთის მოწინააღმდეგე იყო, საკონსულო დაიხურა, ხოლო შულენბურგი საქართველოდან სამშობლოში გაიწვიეს.

რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა ქაოსმა საკუთარი გავლენა საქართველოში გერმანულ დიასპორაზეც იქონია. გახშირდა თავდასხმები გერმანულ კოლონიებზე, რომლებსაც მუსლიმთა მოთარეშე რაზმები არბევდნენ. ამის გამო ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის თებერვალში სპეციალური განკარგულება გამოსცა. ამ განკარგულების თანახმად, ქართული კორპუსის შემადგენლობაში გერმანული შენაერთი ჩამოყალიბდა, რომელსაც გერმანული დასახლებები თავდასხმისგან უნდა დაეცვა.

იმავე პერიოდში, ანუ 1918 წლის თებერვალშივე, კავკასიაში მცხოვრები გერმანელების ეროვნული საბჭო შეიქმნა. ამ საბჭოს საკოორდინაციო ფუნქცია ჰქონდა და, ამავე დროს, გერმანელთა შეჯერებულ პოზიციას გამოხატავდა. კავშირის წევრები:  ბერნშტაინი და ბიული, შემდგომში საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატებადაც კი აირჩიეს. ამდენად, გერმანიას საქართველოში საკმაოდ ძლიერი პოზიცია ჰქონდა.

გერმანიის სამხედრო წრეებთან ქართველი პოლიტიკოსების ინტენსიური ურთიერთობა 1918 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ერთი მხრივ, თურქული, მეორე მხრივ კი ბოლშევიკური საფრთხის ფონზე, საქართველო, უბრალოდ, იძულებული იყო, ძლიერი საგარეო პარტნიორი მოეძებნა. ამ თვალსაზრისით, გერმანიის მფარველობა იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავიდან გამომდინარე, გერმანული ფაქტორი რუსეთისგან საქართველოს ხელშეუხებლობის მყარ გარანტიას წარმოადგენდა; ხოლო რაც შეეხებოდა თურქეთს, კაიზერის მთავრობას თავად ჰქონდა კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესი და ამდენად იგი ბუნებრივად შეძლებდა თურქეთის გაზრდილი ამბიციების შეკავებას.

გერმანიას რომ რეალურად ჰქონდა კავკასიის რეგიონის მიმართ საკუთარი გეგმები, ეს, ჯერ კიდევ, 1918 წლის აპრილში, თურქთა საქართველოში შემოჭრის დროს გამოჩნდა. 13 აპრილს, როდესაც ოსმალებმა ბათუმი დაიკავეს და ოზურგეთის მიმართულებით გააგრძელეს შეტევა, მათი შეკავება მდინარე ჩოლოქთან, მეტწილად, სწორედ გერმანელთა მეშვეობით მოხერხდა. ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში ადგილობრივი და ტყვე გერმანელი ჯარისკაცებისგან რაზმი შეიქმნა, რომელთაც გერმანული სამხედრო ფორმა ეცვათ და გერმანული დროშა ჰქონდათ. თურქებისთვის გერმანული დროშა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯარების წინსვლა შეეჩერებინათ.

ამ ისტორიას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ასე იხსენებს: „12 აპრილის ღამის 3 საათზე შიკრიკმა გადმომცა მთავრობის დეპეშა, რომელშიც მატყობინებდნენ, რომ ჩვენმა მთავრობამ შეჰკრა პირობა გერმანიასთან, რის ძალითაც გერმანია არ მისცემს ნებას ოსმალეთს, წინ წამოიწიოს. ამ დეპეშასთან ერთად ჩემს განკარგულებაში იგზავნებოდა გერმანეთის ქვეითი ჯარის გუნდი ოფიცრის უფროსობით.

მე უნდა მიმეცა ნებართვა გერმანელი ოფიცრისათვის, გამოეკიდა მას გერმანეთის ბაირაღი ჩოლოქის ხიდზე, აგრეთვე უნდა მიმეცა მისთვის საშუალება, გადასულიყო ოსმალებთან და გამოეცხადა მათთვის, რომ ამ დღიდან საქართველოს ტერიტორია იმყოფებოდა გერმანეთის ჯარების მფარველობის ქვეშ. გამოგზავნილი გუნდი უნდა დარჩენილიყო ნატანებში. გერმანეთის ბაირაღი უნდა აღმართულიყო აგრეთვე ნატანების სადგურზედაც.

ამასთან მატყობინებდნენ, რომ გერმანელების მეორე გუნდი იგზავნებოდა სადგურ სამტრედიაში წესის დასაცავად, როდესაც ფოთიდან ტფილისში გამოივლიდნენ გერმანეთის სამხედრო ნაწილები.

ჩემ შეკითხვაზე, _ საიდან გაჩნდა ტფილისში გერმანეთის სამხედრო ნაწილები? შიკრიკმა მიპასუხა, რომ გერმანეთის რეგულარული ჯარების ჩამოსვლამდე ტფილისში შედგა მთელი ათასეული ადგილობრივი მცხოვრები და ტყვე გერმანელებისაგან. ამ ათასეულიდან გამოიგზავნა ჩემს განკარგულებაში თითო გუნდი ნატანებში და სამტრედიაში“.

1918 წლის 11 მაისს თურქების მიერ ოკუპირებულ ბათუმში ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რომელიც, ერთგვარად, ტრაპიზონის უშედეგო სამშვიდობო კონფერენციის გაგრძელებას წარმოადგენდა. თურქეთისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის გარდა, სამშვიდობო პროცესში შუამავლის სახით გერმანიის მხარეც ჩაერთო, რომელსაც გენერალი ოტო ფონ ლოსოვი წარმოადგენდა.

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა მხოლოდ გარეგნულად წარმოადგენდა სამი კავკასიური ერის ერთობას. სინამდვილეში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია და საგარეო ორიენტაცია ჰქონდათ. საქართველო გერმანიისკენ იხრებოდა, სომხებს ინგლისისა და რუსეთის მხარე ეჭირათ, აზერბაიჯანი კი თურქეთის ბუნებრივი მოკავშირე გახლდათ.

ისევე როგორც ტრაპიზონში, სამშვიდობო კონფერენციას ოსმალეთის წარმომადგენელი მეთაურობდა. რაუფ-ბეის ნაცვლად თურქეთმა ბათუმში, ამჯერად, არმიის მაღალჩინოსანი, ჰალილ სამი-ბეი მიავლინა. ურთიერთმისალმების შემდეგ სიტყვა აიღო ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აკაკი ჩხენკელმა და კონფერენციის მონაწილეებს ამცნო, რომ ამიერკავკასია თანახმაა, მოლაპარაკებას საფუძვლად დაედოს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება და თურქეთს ამ თემის განხილვა შესთავაზა.

ტრაპიზონის შეხვედრაზე თურქეთი ამიერკავკასიის დელეგაციისგან სწორედ ბრესტ-ლიტოვსკის პირობების მიღებას მოითხოვდა, მაგრამ ბათუმში ოსმალთა პოზიცია მკვეთრად შეიცვალა. სამი-ბეიმ განაცხადა, რომ ტრაპიზონის მოლაპარაკებების შემდეგ თურქულმა არმიამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ და აქედან გამომდინარე, ბრესტ-ლიტოვსკის პირობები ოსმალეთს აღარ აკმაყოფილებდა. უკვე დაკავებული ყარსის, არდაგანისა და ბათუმის გარდა, თურქებმა ახალციხის, ახალქალაქის, ალექსანდროპოლის (დღევანდელი გიუმრი), ეჩმიაძინისა და სურმალინის მაზრების გადაცემა  მოითხოვეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ოსმალებს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიკუთვნებული ტერიტორიების გარდა, სამცხე-ჯავახეთისა და სომხეთის სამი მეოთხედის მიტაცება სურდათ. გარდა ამისა, ოსმალებს ალექსანდროპოლის-ჯულფას სარკინიგზო ხაზის გაკონტროლებაც უნდოდათ _ ეს მათ საშუალებას აძლევდა, აზერბაიჯანის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაესროლათ ჯარები და პირდაპირი დერეფანი გაეჭრათ თურქულენოვან ერებთან. ამ პირობების შესრულება რეგიონის სრულ ოკუპაციას ნიშნავდა.

14 მაისს თურქეთმა ულტიმატუმი წამოაყენა, რომელიც ამიერკავკასიის ფედერაციას დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილების ალექსანდროპოლის-ჯულფას ხაზის იქით გაყვანას ითვალისწინებდა. თურქები ბაქოსკენ გასასვლელის მოპოვებას ცდილობდნენ. ამ ულტიმატუმზე ამიერკავკასიის მთავრობის პროტესტმა შედეგი არ გამოიღო.

ულტიმატუმის გამოცხადებიდან ერთ დღის შემდეგ, 15 მაისს, თურქებმა ალექსანდროპოლისი დაიკავეს. 21 მაისს ოსმალები სარდარაპატში შევიდნენ და სწრაფად დაიწყეს წინ წაწევა. საქართველოს დედაქალაქამდე თურქულ ჯარებს სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებდა. ამდენად, თურქებმა უხეშად დაარღვიეს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობები და საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოება სამხედრო გზით დაიწყეს. თურქების ასეთმა უტიფარმა მოქმედებამ მათი მოკავშირე გერმანიის უკმაყოფილება გამოიწვია. კავკასიის რეგიონში ოსმალეთის ზედმეტად გაძლიერება კაიზერის მთავრობის გეგმებში სულაც არ შედიოდა.

თურქეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, ბათუმის მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შევიდა და მან, პრაქტიკულად, აზრი დაკარგა. ოსმალები ამიერკავკასიის წარმომადგენლებს ნაკლებად უსმენდნენ და საკუთარ გეგმას მიზანმიმართულად ახორციელებდნენ. ერთადერთი მხარე, რომელსაც თურქეთი ანგარიშს უწევდა, გერმანია იყო.

ბათუმის კონფერენციაზე მიმდინარე მოვლენებს და იმ პერიოდში შექმნილ ურთულეს მდგომარეობას სრულად აღწერს ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის, აკაკი ჩხენკელის წერილები, რომელსაც იგი ტფილისში აგზავნიდა. პირველი წერილი 12 მაისით თარიღდება და იგი საზავო კონფერენციაზე გამართულ პირველ შეხვედრას ეხება. ჩხენკელი ოსმალეთის მიერ წამოყენებულ მძიმე მოთხოვნებსა და გერმანიასთან საქართველოს სავარაუდო პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ოსმალეთის პროექტი ყოვლად შეუწყნარებელია: 1. აჭრის ჩვენს სხეულს ახალციხეს, ახალქალაქსა და ერევნის გუბერნიის თითქმის ყველა მაზრას, სადაც სომხების კომპაქტური მასა ცხოვრობს; 2. ოსმალები ერევიან წესიერების აღდგენაში ჩვენში; 3. რკინისგზა მათ განკარგულებაშია ომის დროს და სხვა ეკონომიკური ბორკილები.

ეს პროექტი გამოიგზავნა მხოლოდ ერთის პირობით: არ უნდა გახმიანდეს. მხოლოდ მთავრობას ეცოდინება. გამომჟღავნება გვიქადის იმას, რომ ოსმალონი შემდეგ უკან აღარ დაიხევენ. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ოსმალონი დაიხევენ გერმანელების დახმარებით, მაგრამ ერთი პირობით, თუ ეს პროექტი არ გახდება პოლიტიკური დებატების საგნად. ამის საბუთი მაქვს…

…ჩემი გეგმაა: 1. სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება იკვრის არა მარტო ოსმალეთთან, არამედ მის მოკავშირეებთანაც. ამას გავიყვან, მაგრამ ისე უნდა გავიყვანო, რომ გერმანია ოსმალეთის მოკავშირედ დარჩეს. ეს შესაძლებელია, თუ ჩვენ თვითონ არ გავუძნელეთ გერმანულ დელეგაციას ეს მისია ჩვენი უდროო ყვირილით… 2. საფუძველი ჩვენი მოლაპარაკებისა ბრესტის ზავია. ესეც გავა, ალბათ, ვინაიდან გერმანელები არ არიან მსურველნი მისი დარღვევისა. ეს უკვე გამოსჭვივოდა ფონ ლოსოვის გუშინდელი ნათქვამიდან…

…ვთქვათ, ეს გეგმა არ გავიდა, გერმანელებმა არ დაგვიჭირეს ისე ძლიერად მხარი, რა ვქნათ? ერთადერთი გზაა: ომში არ გაერიო, ომი ყელს გამოჭრის ერს… ოსმალეთთან ომი ჩვენთვის ამ პირობებში პირდაპირ სიგიჟეს მოასწავებს. ჩვენ ყველა დამნაშავე ვიქნებით, სხვა არაფერი, ჩასაქოლნი. ეს წერილი არ დაკარგო. შავს არ ვიტოვებ, მაგრამ ისეთი საპასუხისმგებლო მომენტია, რომ უნდა იცოდეთ მომავლისთვის“.

ამ წერილის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, 14 მაისს, ტფილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა, სადაც თურქეთის მასშტაბური აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, გერმანიისთვის მფარველობის თხოვნა გადაწყდა. ეროვნულმა საბჭომ რამდენიმე პუნქტიანი დადგენილება მიიღო, რომელიც აკაკი ჩხენკელს გერმანული მხარისთვის უნდა გადაეცა:

  1. ეცნობოს გერმანიის საზავო დელეგაციის თავმჯდომარეს გენერალ ლოსოვს, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს სურვილი და თხოვნაა, ყოველნაირად ხელი შეუწყოს გერმანიამ საქართველოს საერთაშორისო და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ საკითხების რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაწყვეტას.
  2. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, მიიღოს სათანადო ღონისძიება, რომ გერმანიის ჯარმა განაგრძოს სვლა ჩრდილო-კავკასიაში, რათა იმდენად დაუახლოვდეს საქართველოს საზღვრებს, რომ შესაძლებელი იყოს მასთან კონტაქტის დაჭერა და საქართველო უზრუნველყოფილი იქნას გარედან მოსალოდნელი რაიმე საფრთხისგან.
  3. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს… დასტოვოს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეები და მიანდოს გერმანიის ოფიცერთ მათი სამხედრო ორგანიზაცია, რათა საქართველოს მთავრობას შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ეს ჯარი შინაურ წესრიგის დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად.

ამავე კრებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია არაბუნებრივი გაერთიანებაა, რომლის სუბიექტებს განსხვავებული ორიენტაცია აქვთ და ამიტომ დადგა დრო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს. თუმცა ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ამიერკავკასიის ფედერაციულ გაერთიანებას, ჯერ კიდევ, სიცოცხლისუნარიან ორგანიზმად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ კავკასიის ხსნა ერთობაში იყო.

15 მაისს ბათუმიდან ჩხენკელის გამოგზავნილი ახალი წერილი მოვიდა, რომელშიც იგი კატეგორიულად მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. დამოუკიდებლობის გამოცხადებას ქართველებს გერმანული მხარეც ურჩევდა. ასეთ შემთხვევაში გერმანია საქართველოს აღიარებასა და მფარველობას ჰპირდებოდა. ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მხოლოდ ასე თუ გადაურჩებოდა თურქულ ოკუპაციას: „უნდა გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობა ყოველ მიზეზს გარეშე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ზავის შეკვრა ჩვენთვის მისაღებ პირობებში… ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინ: უნდა გადაწყდეს, გაყვებიან თუ არა ამ გზას ქართველებიც, როგორც ამას აქამდისინ ჩადიოდნენ რევოლუციური ფრაზეოლოგიით დამთვრალნი… ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, სიცოცხლესაც. დამოუკიდებლობას კი შეუძლია ჩვენი ხსნა. თურქები თუ ნებით არა, ძალით გაივლიან ამიერკავკასიას. თუ ძალით გაივლიან, ჩვენ დაპყრობილნი ვართ… თქვენ ვალდებულნი ხართ, ქართველ ერს უხელმძღვანელოთ, თუ არ შეგიძლიათ, უკეთესია გადადგომა, მაგრამ ამ შემთხვევაში ერი დაიღუპება… საჭიროა გამბედაობა. ნუ აქცევთ ერის და სახელმწიფოს საქმეს პარტიის საქმედ…“

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს აუცილებლად უნდა გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. ასეთ დასკვნამდე თვით სოციალ-დემოკრატიული პარტიაც კი მივიდა, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ბოლო მომენტამდე თავს იკავებდა. ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა თავიდანვე მკვდრად შობილი გამოდგა. ფედერაციის სუბიექტი ერები ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ და, შესაბამისად, თურქეთთან საზავო ხელშეკრულების გაფორმებას ვერ ახერხებდნენ. ასეთი ვითარება კი თურქეთს აძლევდა ხელს და მთელ რეგიონს ჩაყლაპვით ემუქრებოდა. საქართველოს შემთხვევაში ალტერნატივა აღარ არსებობდა _ თურქეთი მას ან მთლიანად დაიპყრობდა, ან გერმანიის დახმარებით XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგულ დამოუკიდებლობას აღიდგენდა. მართალია, მეორე ვარიანტის შემთხვევაში საქართველო მნიშვნელოვან ტერიტორიას მაინც კარგავდა, სამაგიეროდ, იგი სახელმწიფოდ ყალიბდებოდა.

16 მაისს ტფილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების თემაზე იმსჯელა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის საჭირო ნიადაგის მოსამზადებლად სამკაციანი კომისიის ჩამოყალიბება გადაწყდა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი, ეროვნულ-დემოკრატი დავით ვაჩნაძე და სოციალ-ფედერალისტი შალვა-ალექსი მესხიშვილი.

23 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელზე გამოგზავნილ წერილში აკაკი ჩხენკელი უკვე დაუყოვნებლივ მოითხოვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას: „მე ვფიქრობ, თქვენ უკვე გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა. თუ არა, მაშინ მე არ მესმის თქვენი ტაქტიკა. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ესაა. სხვა გზა დახშულია…

…საქართველოს მთავრობის პირველი ნაბიჯი შემდეგი უნდა იყოს: სთხოვოს გერმანიას მფარველობა თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად. დადგენილება ამის შესახებ უნდა გადაეცეს გრაფ შულენბურგს. ყველა ეს ხდება საიდუმლოდ. შულენბურგს მიეცემა აქედან ინსტრუქცია, რომლის ძალით ის ამ თქვენს შუამდგომლობას გადასცემს თავის მთავრობას. შეიძლება პასუხის მოსვლამდის უკვე იკისროს გერმანიის იმპერიის წარმომადგენლის როლი. ამ შემთხვევაში ის გამოიყვანს თავის პატარა რაზმს, ტყვეებისგან შემდგარს და მიეგებება მომხდომ თურქებს და განუცხადებს, რომ საქართველო უკვე გერმანიის მფარველობის ქვეშ იმყოფება…

…აუცილებლად საჭიროა მყისვე შემატყობინოთ დამოუკიდებლობის გამოცხადება არა მარტო ტელეგრამით, არამედ წერილობითაც, კანონიერად შემოწმებული ქართულ ენაზე, აგრეთვე დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი…. კიდევ ვიმეორებ, ყოყმანი ამ წუთში დანაშაულია. ჩვენ გვიხსნის მხოლოდ გამბედაობა, სისწრაფე, მტკიცე ნაბიჯები. ყველა ისინი, ვინც ამ წუთში დაძრავს ენას რუსეთის ორიენტაციის შესახებ შესაბოჭია…“

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სულ სამი დღე რჩებოდა.

 

მიხეილ ბასილაძე