სოსო გოგაშვილის ცხოვრების კიბე – როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი?

სუს-ის უფროსის სკანდალური მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, მეტსახელად „ანტრიკოტა“, 1972 წლის 16 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში დაიბადა.

ამ მონაცემების მიხედვით, ის ჰოროსკოპით კუროა. ასტროლოგები ამბობენ, რომ კუროს უყვარს, როცა ფეხქვეშ ნიადაგს შეიგრძნობს, მისი სტიქია მიწაა. ფული ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კრედო და მისწრაფებაა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ ქონების დაგროვებისა და ცხოვრების მოწყობის გზაზე.

სოსო გოგაშვილის შემთხვევაში, ასტროლოგები აშკარად არ ცდებიან, „ანტრიკოტას“ უყვარს ფული, ეს ნამდვილად მისი უმთავრესი კრედო და მისწრაფებაა, _ ისტერიულად ყიდულობს მიწებს და ნამდვილად ნაბიჯ-ნაბიჯ, წინ მიიწევს ქონების დაგროვების გზაზე.

გოგაშვილმა ჯერ არ იცის ქართული ანდაზა, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო, ისევე როგორც ვერაფერი ისწავლა ჩვენი წინაპრების ბრძნული გამონათქვამიდან, _ ცხოვრება კიბეა. თუ ვინმეს ეგონა ამ ქვეყანაში თავი შეუცვლელი, ეს ნამდვილად ვანო მერაბიშვილი იყო. მას ქვეყნის ხერხემალს ეძახდნენ და პოლიციელები სკამზე დამდგარი სვამდნენ მინისტრის  სადღეგრძელოს. ამ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილის სახელს პოლიციის რეფორმა უკავშირდება და რასაც ნამდვილად ვერ წაართმევ, ის გულწრფელად უყვარდათ რიგით პოლიციელებს, გოგაშვილისგან განსხვავებით. გოგაშვილის სახელს მხოლოდ კორუფცია, ქრთამი, არაპროფესიონალიზმი და ინტრიგები უკავშირდება. რიგითები კი ზურგსუკან დედას აგინებენ. დადგა დრო და ქვეყნის ხერხემალი „მატროსოვზე“ ზის, დადგება დრო და სოსო გოგაშვილი აუცილებლად მოხვდება „მატროსოვზე“, რადგან იმ დროში არც ბიძინა ივანიშვილს გაახსენდება „ანტრიკოტას“ სახელი და გვარი და უჩა მამაცაშვილსაც საკუთარი ფული და მომავალი ექნება გადასარჩენი.

ახლო წარსულში ასევე იყო დრო, როცა სოსო გოგაშვილი „დვარნიაშკა“ ძაღლებს შავი საღებავით კოპლებს ახატავდა და თბილისში ყიდდა. მერე იყო „ნახალოვკაში“ ერთი პატარა ხორცის დახლი და ფარშის დისტრიბუცია. სხვათა შორის, გოგაშვილს დღემდე დასცინიან მისივე თანამშრომლები, _ ყასბობის დროინდელი ჩვევა ვერ მოიშალა და ხელებს წინსაფრის მაგიერ ახლა პერანგის სახელოსთან იწმენდს. განა, დასაცინი რა უნდა იყოს ან ყასბობაში, ან ფარშის დისტრიბუციაში, რომ არა გოგაშვილის დღევანდელი მდგომარეობა _ ის ქვეყნის სპეცსამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მიუხედავად ექვს თვეში მიღებული პოლკოვნიკის ჩინისა, საკუთარ სამსახურში, ტრადიციული გაგებით, უფროსი ვერ გახდა. მართალია, ახლა დოქტორანტურას ამთავრებს და სახელმწიფო მართვაზე პრეტენზიებიც გაუჩნდა, მაგრამ ჭორების, ინტრიგებისა და უნიათობის წყალობით, დღემდე მხოლოდ დაცინვის ობიექტია.

მთელი მისი კარიერული და, შესაბამისად, ფინანსური წინსვლა მისსავე დეკლარაციებშია ასახული.

პირველი დეკლარაცია იოსებ გოგაშვილმა 2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე შეავსო.

ამ დროისთვის მისი ოჯახი ოთხი სულისგან შედგებოდა: მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი, შვილები ნინო, ნიკოლოზ, პეტრე გოგაშვილები.

დეკლარაციის ყველა ფურცელი, თითქმის, ცარიელია. ამ მომენტისთვის გოგაშვილის ოჯახის არც ერთი წევრი არ ფლობს უძრავ და მოძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, საბანკო ანგარიშებს, ნაღდ ფულად თანხას, არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მთავარი სპეციალისტია და მისი წლიური ხელფასი შეადგენს 12 000 ლარს. იოსებ გოგაშვილს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე 29 923 ლარი მიუღია, ხოლო ქალიშვილი ნინო გოგაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტია და, შესაბამისად, წლიური ანაზღაურება 13 879 ლარს შეადგენს. 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ აქვს, შესაბამისად, არც მისამართი გააჩნია, დეკლარაციაში არც ბინის ქირის ხარჯები ჩანს.

ეს ის დროა, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტ გოგაშვილს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილმა, ზვიად ჯანყარაშვილმა, წყალობის თვალით გადმოხედა და დედოფლისწყაროელი ახლობელი მამა-შვილი გენინსპექციაში დაასაქმა. ამ დროს ჯანყარაშვილი, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ ძალიან მალე მდგმური იქნებოდა საკუთარ სამსახურში და მის ადგილს სწორედ გოგაშვილი დაიკავებდა.

2015 წლის დეკლარაცია იოსებ გოგაშვილმა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში შეავსო. ამ დროისთვის მისი ოჯახი ისევ ოთხსულიანია, ოჯახს საკუთრებაში უძრავი და მოძრავი ქონება ისევ არ გააჩნია. ამ დეკლარაციაში პირველად ჩნდება ნაღდი ფული, იოსებ გოგაშვილს წინა წლის ხელფასიდან (29 923 ლარი) მხოლოდ 4000 დოლარი  გადაუდევს, სამაგიეროდ, კაპიკი კაპიკზე მიუწებებია მის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილს და 8000 ლარი მოუგროვებია. ამ წელს იოსებ გოგაშვილს შსს გენერალური ინსპექციისა და სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტებზე ანაზღაურების სახით სულ 49 205 ლარი მიუღია, მისი მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი ისევ სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მთავარი სპეციალისტია და მისი წლიური ჯამაგირი 31 318 ლარი და 43 თეთრია. ქალიშვილი ნინო გოგაშვილი ისევ შსს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს მთავარ სპეციალისტად და მისი წლიური ანაზღაურება 16 352 ლარს შეადგენს. 2015 წელს გოგაშვილს გასავალიც ჰქონია, _ 5000 ლარი გადაუხდია შვილის სწავლისთვის. საცხოვრებელი სახლი გოგაშვილების ოჯახს არც ამ დეკლარაციის მიხედვით აქვს, ისევე როგორც დეკლარაციაში არ ჩანს, იხდის თუ არა „ანტრიკოტა“ ბინის ქირას.

2016 წელს იოსებ გოგაშვილი უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილეა. ამ დროისთვის ოჯახის წევრებად მხოლოდ მეუღლე და ორი შვილი ჰყავს მითითებული.

2016 წელს იოსებს ჰოროსკოპის გავლენა აშკარად ეტყობა, მისი ქონებების ჩამონათვალში ჩნდება მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, შირაქსა და ნაგომრებში, სულ 12502 კვ.მ.; ამავე დეკლარაციის მიხედვით, მიწის ორი ნაკვეთის მფლობელი ხდება მისი შვილი ნიკოლოზ გოგაშვილი. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში ერთი მიწის ნაკვეთის მოცულობა 1038 კვ.მ.-ია, მეორესი 500 _ კვ.მ., ნიკოლოზ გოგაშვილის საკუთრებაშია, ასევე, საცხოვრებელი სახლი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში.

დეკლარაციის მიხედვით, არ ჩანს, მამა-შვილმა გოგაშვილებმა მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით მიიღეს მშობლიურ სოფელში, თუ შეიძინეს?

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, იოსებ გოგაშვილსა და მის მეუღლეს საკუთარ შემოსავლებთან შედარებით არაბუნებრივად ზედმეტი ნაღდი ფული გაუჩნდათ, _ იოსებ გოგაშვილს 85 ათასი ლარი, თეა მარტყოფლიშვილს 25 000 ლარი. მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გოგაშვილის წლიური ანაზღაურება 77 777 ლარი და 92 თეთრია, მთელი ხელფასი რომც შეენახა და კაპიკი არ დაეხარჯა, რაც აბსურდული და წარმოუდგენელია, ნაღდი ფულის ოდენობა ხელფასს მაინც აღემატება. თეა მარტყოფლიშვილი ამ დროისთვის უკვე შპ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა და ხელფასიც, დაკავებულ თანამდებობასთან შედარებით, არაბუნებრივად მაღალი აქვს _ 59280 ლარი; იოსებ გოგაშვილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე ცოლზე ნაკლები ანაზღაურება _ 58 495 ლარი მიუღია. გოგაშვილი არ ცნობს საბანკო ანგარიშებს, ასტროლოგების მიერ მისთვის განსაზღვრული ფულის სიყვარული, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მძაფრია. სხვაგვარად, თითქმის, აუხსნელია, რატომ უნდა ინახავდეს სახლში 85 000 ლარს სუს-ის უფროსის მოადგილე?

2017 წლის დეკლარაციაში იოსებ გოგაშვილს მხოლოდ ოჯახის ორი წევრი ჰყავს მითითებული: მეუღლე თეა მატყოფლიშვილი და შვილი პეტრე გოგაშვილი.

წინა წლებისგან განსხვავებით, სუს-ის უფროსის მოადგილეს დედაქალაქში უკვე საკუთარი მისამართი და საცხოვრებელი სახლი აქვს: 100 კვ.მ. თბილისში, ავთო ვარაზის ქ.91-ში მას 2016 წელს 75 000 დოლარად შეუძენია, ამავე ფასში შედის მიწის ნაკვეთიც, რომლის ფართობიც დეკლარაციაში მითითებული არ არის; მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, შირაქსა და ნაგომრებში, საერთო ფრთით, 1250 კვ.მ. გოგაშვილს საკუთრებაში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემია (ვისგან _ დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის). თეა მარტყოფლიშვილს მსუბუქი ავტომანქანა, 2016 წელს გამოშვებული „ტოიოტა პრადო“, სახელმწიფო ნომრით PE999TR, 37 400 $-ად შეუძენია. გოგაშვილის მეუღლე ისევ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობს, მაგრამ მისთვის ანაზღაურება მოუმატებიათ და, ამჯერად, წლიური ჯამაგირი 72 158 ლარს და 13 თეთრს შეადგენს, ასევე გაზრდილა თავად იოსებ გოგაშვილის წლიური ანაზღაურებაც, _ მას უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტზე 142 609 ლარი და 50 თეთრი მიუღია. ოჯახის არც ერთ წევრს ნაღდი ფული აღარ აქვს, სამაგიეროდ, თავად სოსო გოგაშვილს იპოთეკური სესხი აუღია 76500 $ ოდენობით (ბანკი მითითებული არაა); ასევე სამომხმარებლო სესხი 20410-ის ოდენობით „საქართველოს ბანკიდან“ ავტომანქანის შესაძენად აუღია თეა მარტყოფლიშვილს; იოსებ გოგაშვილს 75 000 $-ად შეძენილი სახლის სარემონტო სამუშაოებში 60 000 $, ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად კი 25 000 $ დაუხარჯავს. რატომ არ სწყალობს  სუს-ის უფროსის მოადგილე ეროვნულ ვალუტას, ან რატომ დაიანგარიშა სარემონტო სამუშაოების, ავეჯისა და ტექნიკის ხარჯები ამერიკულ დოლარში მაშინ, როცა მას შემოსავალი მხოლოდ ლარში ჰქონდა, სრულიად გაუგებარია. ესეც, ალბათ, სოსო გოგაშვილის ასტროლოგიური ხასიათის იმ თვისების გამოვლინებაა, ფული რომ უყვარს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ უძრავი ქონების შეძენის გზაზე.

ცხადია, დეკლარაციაში არ ასახულა ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც სოსო გოგაშვილს საკუთარი ცოლისდის, ხათუნა მატყოფლიშვილისა და საკუთარი ქალიშვილის სახელზე აქვს გაფორმებული. სხვათა შორის, მიუხედავად პიარისა, რომ გოგაშვილმა საკუთარი ქალიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა, ნინო გოგაშვილი ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს.

ეს არის სოსო გოგაშვილის ცხოვრების კიბე ციფრებში, რომელიც ნათლად ასახავს, როგორ იქცა ერთი უქონელი ფარშის დისტრიბუტორი ფულიან სახელმწიფო მოხელედ.

ახლა მას რთული დღეები უდგას, სკანდალებშია გახვეული და გათენებას შიშით ელოდება, _ არ იცის, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი შეუნარჩუნებს თუ წაართმევს სიმწრით მოპოვებულ ფულსა და ქონებას.

ასეა, სოსო, _ ცხოვრება კიბეა.

კარგად დაიმახსოვრე!

 

 

ელისო კილაძე