ბაია დვალიშვილი: „ჩემი კოლეგების 80%-ს ყველას აქვს თავისი მკაფიო პოზიცია და გადამწყვეტ დროს აუცილებლად გამოვა ქუჩაში!“

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება მსახიობსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანს, ქალბატონ ბაია დვალიშვილს:

_ როდესაც საუბარია ინტელიგენციისა და მათი განწყობების შესახებ, მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი მისტირიან იმ პრივილეგიებს, რაც მათ საბჭოთა, ან შემდეგ, შევარდნაძის დროს ჰქონდათ და დაკარგეს სააკაშვილის მმართველობისას. სწორედ ამ პრივილეგიების დაკარგვის გამო დაუპირისპირდნენ ისინი მას. თქვენ დაიბადეთ და აღიზარდეთ გავლენიან ოჯახში, ბრძანდებით სახელგანთქმული ქართველი მსახიობის, მარინა თბილელისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწის _ აკაკი დვალიშვილის ქალიშვილი. მკითხველს შევახსენებ, რომ ბატონი აკაკი იყო კინემატოგრაფიის მინისტრი…

_ მანამდე კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, თაქთაქიშვილის დროს.

_ ერთობ გავლენიანი ფიგურა ქართული კულტურის სფეროში. და შემდეგ თავად თქვენ ბრძანდებით ცნობილი მსახიობი. რა იყო ის პრივილეგიები, რაც არ ეთმობათ მათ და თქვენ ასე იოლად დათმეთ და პირიქით, ამბობთ, რომ არ გსურთ იმ ჭურში დაბრუნება, რაც იყო სსრკ.

_ დავიწყებ იმით, რაც იმ პერიოდიდან მახსენდება ძალიან კარგად, _ ეს იყო მჭიდრო, ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ამ კატაკლიზმებით სავსე დრომ, რაღაცნაირად, მოშალა. ეს ურთიერთობები მართლაც ტკბილად მოსაგონარია, მაგრამ ყველამ კარგად გაიხსენოს, რა ფასად ხდებოდა თითოეული სცენარის გატანა, თითოეული ფილმის დამტკიცება. ეს იყო ჯოჯოხეთური წრეების გარღვევა. მე მომსწრე ვარ იმ სატელეფონო ზარების, რეკვების, მამა რომ რეკავდა მოსკოვში „გოსკინოს“ მინისტრთან. საათობით ელაპარაკებოდა, რომ ესა თუ ის ქართული ფილმი თაროზე არ შემოდებულიყო. შემოქმედებასაც რომ თავი დავანებოთ, მინდა, გაგახსენოთ, რამდენი წელი გჭირდებოდა ლოდინი იმისთვის, რომ მანქანა გყოლოდა. ფული ვისაც ჰქონდა, ისიც ვერ ყიდულობდა და ვერ აჩენდა. გაიხსენეთ, რამდენი წელი სჭირდებოდა ლოდინი, თუნდაც, ერთოთახიანი ბინის მიღებას, საკუთარი სახლი რომ ჰქონოდა ადამიანს. გაიხსენეთ, რა რთული იყო ტელეფონის დადგმა, ამას უნდოდა დიდი ჩაწყობები, დიდი ზარები, თხოვნები და ამასაც წლები სჭირდებოდა. გაიხსენეთ, სად და როგორ იშოვებოდა კარგი ჩეხური ლუდი, კარგი ინდური ჩაი… სულ რამდენიმე იყო ასეთი მაღაზია, რომელსაც ერქვა მინისტრთა საბჭოს მაღაზია. მე, რომელიც ვიცი, ოქროყანაში იყო. იმ მაღაზიებში საბჭოთა დღესასწაულების დღეებში თანამდებობის პირებს პროდუქტებს ურიგებდნენ, რომელიც არ იშოვებოდა. ეს თანამდებობის პირები თავის მძღოლებს უშვებდნენ და იყო უსაშველო რიგები. მაგ მძღოლების რიგში იდგა ხოლმე დედაჩემი. რამდენჯერმე მეც გავყვევი. ეს იყო ჩვეულებრივი ფარდული, 300-400 მძღოლი რიგში… დედას ხან ღამით უწევდა ასვლა, რომ ამხელა რიგში არ დამდგარიყო… იქ იყო ვინმე გამყიდველი მარინა _ ყველაფრის ბატონ-პატრონი, მთელი ცეკა-ტეკას განმკარგავი. ამ მარინას ევალებოდა, რომ ყველასთვის ტალონებით გაეცა _ თითო ინდაური, 2 კილო ივერია სოსისი, ინდური ჩაი, ვისკი ერთი ბოთლი, ჩეხური ლუდი _ 5 თუ 10 ბოთლი, კარგი ხელსახოცები, საპონი, რომელიც დედაჩემს უფრო მეტი მოჰქონდა, ვიდრე მამას ეკუთვნოდა ნომენკლატურით, ეტყობა, იმ მარინასთან ჩაწყობით… კიდევ რაღაცები იყო, მაგრამ არათუ ახლა მეჩვენება უხერხულად, ამ უხერხულობას მაშინვე ვგრძნობდი. იმდროინდელი ბავშვი ვიყავი და წესით, არ უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ იყო ამაში რაღაც ძალიან შეურაცხმყოფელი და ძალიან უხერხული, დამამცირებელი და ტრაგიკული. უბრალოდ, დედა და მამა ამ ყველაფერს ადვილად აწოდებდნენ ახლობლებს, იშლებოდა სუფრა, ყველას უნაწილებდნენ „დოვლათს“… მერე ამ საპონს ვუფრთხილდებოდით, ვიზოგავდით. რა უნდა გაგახსენდეს და რა უნდა მოგინდეს იქიდან? დღესაც გული მეწურება, იმ პრივილეგიებს რომ ვიხსენებ.

რაც შეეხება მოსკოვში 37 მანეთად ფრენას, კი, დავფრინავდით, მაგრამ რა ქვეყანაში ჩავდიოდით და რაში ვხარჯავდით იქ ფულს? პასპორტში ფული უნდა ჩაგედო, რომ სასტუმროში ნომერი მოეცათ, ისიც როდის გამოგყრიდნენ იქიდან, კაცმა არ იცის. მახსოვს, რუსთაველის თეატრიდან გასტროლებზე ვიყავით, სასტუმრო „რასიაში“ ვცხოვრობდით, უკვე უკან ვბრუნდებოდით, ჩემ გასაცილებლად ჩემი სოხუმელი მეგობარი, ნანა ლაგვილავა მოვიდა, რომელიც მოსკოვში სწავლობდა სამედიცინოზე. ერთი საათი იყო წასვლამდე დარჩენილი და მინდოდა, ნომერში დავმსხდარიყავით. არ უშვებდნენ, სათანადო მოწვევა არ გაქვსო. ვუხსნიდი, აქ ვცხოვრობ, ჩემთანაა-მეთქი და ცხოვრობ-არცხოვრობ, არ შეიძლებაო. როგორღაც შევაპარე ჩემი მეგობარი და დაგვადგა „ეტაჟნაია“ მილიციელთან ერთად. გვითხრეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ სასტუმროს შიდაგანაწესი… მე ეს შიში აქამდე არ დამვიწყებია, შეგვიყვანეს სხვა ლიფტში და ჩაგვიყვანეს პირველი სართულიდან ქვემოთ _ 5 თუ 6 სართულით დაბლა. დაგვიწყეს დაკითხვა სხვადასხვა ოთახში: რატომ შევედით სასტუმროში, რა მიზნით შევაპარე ჩემი მეგობარი… როგორც მერე გაირკვა, თურმე, მას ინსტიტუტიდან გარიცხვით ემუქრებოდნენ. დაგვიანებით გამომიშვეს ისე, რომ ჩემი მეგობარი არც მანახეს. შემდეგ ნანამ დამირეკა და მთხოვა, ჩემს მშობლებს მიეწერათ ინსტიტუტისთვის და სიტუაცია აეხსნათ, როგორ მოხდა ჩვენი შეხვედრა. არ იცით, რა წერილებად, რა მოსკოვში რეკვებად დაუჯდა მამას ამ პრობლემის მოგვარება. უსასტიკეს რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება, რომელსაც, რაღაცნაირად, ინფანტილურად, არც ვაქცევდით ყურადღებას, არ ვიცოდით, სხვანაირად როგორ უნდა გვეცხოვრა, დინებას მივყვებოდით, მაგრამ როგორც კი რაღაცას ეჯახებოდი, როგორც კი რაღაცას დაარღვევდი, ცხოვრება გენგრეოდა. ასეთ რაღაცებს ჩვენ ძალიან ადვილად ვივიწყებთ. ვივიწყებთ იმ ცუდს, იმიტომ რომ ტვინია მოწყობილი ისე, რომ ცუდი დაივიწყო და კარგი დაგამახსოვრდეს.

_ თუ ტვინი მასეა მოწყობილი, დავივიწყოთ ცუდი და გვახსოვდეს კარგი, მაშინ რა ვერ დაივიწყეს ის 9 წელიწადი, იმ ცხრა წელიწადში რაც იყო ცუდი, ან რასაც აცხადებენ, რომ ცუდი იყო.

_ იმ 9 წელიწადმა იმდენი გამჯდარი კლიშე დაანგრია, იმდენნაირი გარდატეხა მოახდინა ხერხემალში ჩაქვავებული მარილების… მოხდა ის, რაც იცოდი, რომ ამის მოხდენა შეუძლებელია, არ მოხდება, სისულელეა… ვინ დაუშვებდა, რომ საქართველო ტურიზმით იცხოვრებდა, რომ აქ 6 მილიონი ტურისტი ჩამოვიდოდა? მეც კი არ მჯეროდა ეს. ვფიქრობდით, კარგი, რა, ამდენი ქვეყანაა და ამდენი სანახავია, რაღა საქართველოზე გაგიჟდებიან. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა, რაც დაუჯერებელი იყო. ეს იყო ათლწლეულების პროპაგანდა, რომ შენ ხარ კარგი ერი, რომელიც კარგად ცეკვავს, კარგად ქეიფობს, კარგი სადღეგრძელოები იცის და იბურხლავე შენთვის, კარგად ხარ! სხვებთან შედარებით მართლა კარგად ხარ, კარგი მზე არის, კარგი ზღვა გაქვს, ციტრუსი გაქვს, ხილი გაქვს, გაყიდე და იყავი კარგად. და უცებ ცნობიერებაში ძალიან დიდი რაღაცები დაინგრა, და ამასთან შეგუებას ყველას ნუ მოსთხოვთ. ძალიან რთულია, რაღაც ასაკში დათმო ის, რასაც შეჩვეული ხარ, თქვა, აღიარო, რომ, თურმე, აქამდე არასწორად გიცხოვრია, გიფიქრია. ძალიან მძლავრია სიახლის შიში.

_ რატომაა მათთვის ასე მისაღები ივანიშვილის ხელისუფლება?

_ შეიძლება, სიტყვა-სიტყვით ვერ გავიმეორო, მაგრამ გაიხსენეთ, რა თქვა ივანიშვილმა იუსტიციის სახლებზე, ხალხი ბირჟაზე დგას, საქმე არ აქვს და რა საჭიროა ეს იუსტიციის სახლი, ყველაფერი რომ ერთი „ფორთოჩკით“, ხუთ წუთში კეთდება, მერე რა აკეთოს ამ ხალხმა, დანარჩენი დრო სად წაიღოს, უნდა დავქსაქსოთ, როგორც იყოო, ანუ დავაბრუნოთ ძველი დრო, ერთი ადგილიდან წახვიდე მეორეგან, მეორედან მესამეგან და ა. შ. ანუ ხალხს მიეცა იმედი, რომ იმის შიში, რაც აქვს, აღარ ექნება. ანუ დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას, ჩამყაყებულს, მაგრამ თავისას.

_ ამიტომ ამის გულისთვის მზად ხარ, მიიღო გართულებული კრიმინოგენური ვითარება, კორუფცია, გაუარესებული ყოფა, გაძვირებული ცხოვრება, ინფლაცია?..

_ ამაზე ხომ არ ფიქრობ, შენ გამშვიდებენ, რომ ეგ არ იქნება, რომ შენს ძველ, მშვიდ ყოფას დაუბრუნდები, სადაც არ გაჯანჯღარებენ, რომ შენ უნდა გადაკეთდე უკეთესობისკენ, გადაკვალიფიცირდე შენს ხელობაში, ისწავლო რაღაც ახალი, სხვანაირად მიუდგე საქმეს.

_ კი მაგრამ, იგივე მსოფლმხედველობით ცხოვრობს ძალიან ბევრი ახალგაზრდაც, ეს არაა ასაკობრივი განწყობა.

_ არა მგონია, ახალგაზრდა თაობაში უფრო სხვა პრობლემებია. მაინც, იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა თაობა აბსოლუტურად სხვანაირად ცხოვრობს და თუ ვინმე სხვანაირად აზროვნებს, ეს მხოლოდ ოჯახიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ 30 წლის კაცს არ ახსოვს ის, რასაც ვყვები მე, მან იცის მხოლოდ მშობლების მონაყოლიდან და გაზრდილია არასწორი მენტალობით. მშობლების მენტალობა, ალბათ, ემთხვევა იმ მთავრობის მენტალობას, რომელიც  ახლაა. როგორ აგიხსნათ: 2002-2003 წლებიდან ვხვდებოდი, რომ ჩემში ძალიან ბევრი რაღაცის აღმოჩენა დაიწყო, ბევრ რაღაცაზე მწყდებოდა გული, მივხვდი, რომ ბევრი წელი ტყუილად დავკარგე და მინდოდა მომესწრო, მინდოდა, რაც შეიძლება მეტი გამეგო, წინ წავსულიყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც თავისუფლებისკენ მივყავდი, რომ ჩარჩოები მოხსნილიყო, გახსნილიყო ხიდები და გზები და საზღვრები, რაც მე რაღაც ახალ ეტაპზე გამიყვანდა, როგორც შემოქმედს, როგორც ადამიანს. მანამდე ამის მოთხოვნილება არ მქონია, მანამდე ასე ამაყად არ დავდიოდი თბილისში, იმ 9 წელს მიხაროდა, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ, აქ დაბადებული, გაზრდილი. მიხაროდა როდესაც უცხოელს ვხედავდი და მინდოდა მისი თვალით შემეხედა ჩემი ქვეყნისთვის. მესმის, რატომაც ეჩქარებოდათ ასე ქალაქის განათება, გზების დაგება, ვიზუალის მოწესრიგება, ქალაქის პირველი გაცნობა ხდება თვითმფრინავის დაჯდომისას, ტურისტმა, ინვესტორმა არ იცის, თქვენ და მე მაცივარში რა გვიდევს, რა ხელფასი გვაქვს. ქალაქის მოწესრიგება პირველ რიგში იყო აუცილებელი და ვერ გაამტყუნებ, რომ ჩვენს ფინანსურ, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფიქრით არ დაიწყეს. ქალაქი უნდა დამსგავსებოდა ქალაქს, სასტუმრო „ივერიას“ ჰგავდა მთელი თბილისი, ივერია იყო ჩვენი ქვეყნის სახე. და ამის გადაკეთება ძალიან ჩქარა ხდებოდა, ალბათ, ბევრისთვის ძალიან მტკივნეულად, მაგრამ ეს იყო მართლა პირველ რიგში გასაკეთებელი, თუნდაც იმიტომ, ინვესტორს რომ პატიჟებ აქ ფულის ჩასადებად, ნახოს, რომ ქვეყანაში ჩამოდის და არა სასტუმრო „ივერიაში“. იმას სურვილი გაუჩნდეს და იმედი იმისა, რომ ეს ქვეყანაა, ეს ქალაქია და აქ რაღაც პერსპექტივაა.

_ გასაგებია თქვენი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მიმართ, სიახლეების, ცვლილებების მიმართ, მაგრამ რა არის მიზეზი ამ ხელისუფლების მიუღებლობის, თქვენი ოპოზიციური განწყობის? რა იწვევს თქვენს პროტესტს?

_ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ეს მავთულხლართები და ამის იგნორირება, მიჩუმათება, არშემჩნევა. ოკუპანტი უკვე მერამდენე წელია, ნელ-ნელა იწევს აქეთ და თავის მიზანს ახორციელებს  აბსოლუტურად მშვიდად, ყოველგვარი ხელის შეშლის, ყოველგვარი პროტესტის გარეშე. იკარგება მიწები, ქრებიან ოჯახები ისე, რომ ჩვენს ყურამდე ეს არც მოდის, ხოცავენ ხალხს და პასუხისმგებელი არავინაა, ამ საკითხის არგამწვავება, არგამოაშკარავება, ამაზე ხმის ამოუღებლობა, უბრალოდ, დანაშაულია.

_ არ მიგაჩნიათ, რომ მაგ დუმილით მავთულხლართებზე, ევროპის აზრის არგათვალისწინებით, გაძლიერებული რუსული პროპაგანდით მედიაში,  რუსეთის ინტერესები ხორციელდება ამ ქვეყანაში? დუმილი მავთულხლართებზე ხომ ნაწილია ამ პროცესის?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხელისუფლება ამ ქვეყანას რუსეთისკენ ვერ შეაბრუნებს. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებს, რომლებმაც ინგლისური უფრო კარგად იციან, ვიდრე რუსული, ვერ შემოუბრუნებს იმ რუსეთს, რაც არ უნდა ტაქსებში და სამარშრუტო ტაქსებში რუსული სიმღერები უკრან. არ უსმენს ეს ახალგაზრდობა ამ რუსულ სიმღერებს, ვეღარ აღადგენ იმას, რაც იყო, ჩექმით და იარაღით თუ არ შემოვა, როგორც ოკუპანტი. პრორუსული პროპაგანდა იმ თაობაზე მოქმედებს, რომელიც სიახლეს ვერ იღებს და აწყობს, რომ ასე იყოს.

_ ვერ დაგეთანხმებით, არა მგონია, ეგ ასაკობრივი იყოს, ბევრი ხნიერი ვიცით, რომელიც ევროპისკენ ისწრაფის და ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ტვინდაბნელებულია პრორუსული პროპაგანდით.

_ ხო, ოღონდ ეგ ნაწილი დიდი ხანია, არ ყოფილა რუსეთში და რუსეთი ისევ ის რუსეთი ჰგონია: „დაასხი არაყი“, და ყველა რომ ერთი დიდი უბედური, დუხჭირი ქვეყნის შვილი ვიყავით, ერთნაირ პრობლემებში და ერთნაირ საშოვარზე „ცუმსა“ და „გუმში“, უშველებელ ორდღიან რიგებში, რაღაც ჩეხურ ფეხსაცმელზე. მაგრამ ახლა იქაც ხომ სხვა ქვეყანაა, იქაც ხომ სხვა ფასებია, იქაც ხომ სხვა თაობა წამოვიდა, რომელიც შენ სხვანაირად გიყურებს.

_ ანუ ეს ხელისუფლება თქვენთვის მიუღებელია პრორუსული პოლიტიკის გამო?

_ პირველ რიგში! აქ იწყება და აქ მთავრდება, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის.

_ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოსტით შეხვდით, რომ, როგორღაც, ევროპა აღშფოთებიდან ქმედებაზე გადავიდა.

_ დიახ, ეს წლები ჩვენ გაღიზიანებული ვიყავით, მოგვწყინდა მაგათი აღშფოთება, ვამბობდით, რამე ქნან და ქნეს! ძალიან კარგი, რომ ეს მოხდა, ეს არ მომხდარა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის გამო, ეს მოხდა ქვეყნის გამო, ეს იყო მესიჯი, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, რომ ქვეყანამ უნდა იცხოვროს კანონებით და არა გვერდზე გამდგარი ოლიგარქის ხუშტურებით, რომელიც როდის როგორ ხასიათზე ადგება, ისე გადაწყვეტს ამა თუ იმ საკითხს. არა მგონია, ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

_ ოლიგარქიულ მმართველობას გულისხმობთ?

_ დიახ. ვინც არ უნდა იყოს ამ კაცზე დამოკიდებული, ბოლოს ნერვები გიმტყუნებს, სინდისი შეგაწუხებს, მოგბეზრდება, იტყვი, აღარც შენი ფული მინდა, აღარც არაფერი. ვეღარ გაუძლებ ასეთი ექსცენტრიკული ეგოცენტრიკის სურვილების დაკმაყოფილებას. ბევრი ვერ გაუძლებს და ეს ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება. ფულით ძალიან ბევრ რამეს ვერ იყიდი, ნერვულ სისტემას ვერ იყიდი, ჯანმრთელობას ვერ იყიდი, ადამიანების კეთილგანწყობას ვერ იყიდი. რად უნდა გიღირდეს, რა ფულად, როცა არავის უყვარხარ და დაგცინიან, ქირქილებენ ტელევიზიიდან, ფეისბუკიდან?

_ როგორც ჩანს, მას უღირს.

_ მასზე არ ვლაპარაკობ, მასზე მომუშავე ხალხზე ვსაუბრობ, პოლიტიკოსებზე, მოხელეებზე, რომელთაც მასთან აქვთ საქმე და მის ხუშტურებს ასრულებენ. აი, სადამდე? ხომ შეიძლება, ამოგივიდეს ყელში? ნამდვილად ძნელი გასაძლებია ვიღაცის ხასიათზე სიარული, რომელსაც, უბრალოდ, ნაყიდი ჰყავხარ. ადამიანი არ არის ასე მოწყობილი, რომ დიდხანს გაუძლო ამ ყველაფერს, პატივმოყვარე ხარ, თავმოყვარე ხარ. ჯერ ერთი, ის ფული მაინც არ გყოფნის, ამ ფულს ეს ადამიანი შხამად გადენს, გიღირს ეს ყველაფერი? ამაზე ყველა ფიქრობს, არ დაიჯეროთ, რომ ვიღაცა ღამე წვება და ამაზე არ ფიქრობს. არ მჯერა მე ამის.

_ როდესაც უზენაეს სასამართლოს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოჰქონდა, თქვენ საჯაროდ თქვით, რომ გინდათ პლურალისტული გარემო, ინფორმაციის მრავალფეროვნება და არ გსურთ საბჭოთა ჭირში დაბრუნება. არა იმიტომ, რომ იქ მუშაობთ. თქვენთვის, როგორც მოქალაქისთვის, რა არის „რუსთავი 2“?

_ ვიდრე მაგ კითხვას ვუპასუხებ, მინდა, ერთი რამ ვთქვა: როდესაც ახსენებენ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, იქვე ახსენებენ „ტელეიმედის“ დარბევას. ნუ დავიბრმავებთ თვალებს და ნუ დავიყრით ნაცარს თავზე, ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდებოდა 7 ნოემბერს და რა უსწრებდა წინ და რა მიტინგები და ვინ გამოდიოდა იმ მიტინგებზე, რას მღეროდნენ და რას მოგვიწოდებდნენ. რა თქმა უნდა, ასე შევარდნა და ასე დარბევა აბსოლუტურად მიუღებელი და გადამეტებული იყო, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მზადდებოდა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, _ გადატრიალება და ამაზეც შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, თუ ხარ ქვეყნის მმართველი და სახელმწიფო, ამაზე რეაგირება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდებოდა. მე არ ვიცი, სხვა ქვეყანაში რა სახით მოხდებოდა, შეიძლება. უარესადაც მომხდარიყო, იმიტომ რომ თვითონ წლების წინათ, სევილიაში შევესწარი, როგორ დაარბიეს სტუდენტები მოედანზე, ვნახე, როგორ დაეტაკნენ ამ ახალგაზრდებს ცხენზე ამხედრებული პოლიციელები, რატომ ურტყამდნენ და რას სცემდნენ და რას ასისხლიანებდნენ, დღემდე ვერ გამიგია. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო პირველი დარბევა, მაშინ 9 აპრილიც არ იყო მომხდარი. რატომ გავიხსენე ეს? ანუ რა ქვეყანა რა რეაქციას მისცემდა, მე არ ვიცი, მაგრამ რეაქცია რომ მისაცემი იყო, ფაქტია და არანაირი მსგავსება არაა „იმედის“ დარბევასა და „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს შორის. გასაგებია, რატომაც უნდა „რუსთავი 2“-ის დახურვა ამ მთავრობას და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ასეთი ამბიციის კაცს, ასეთ პატივმოყვარე ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ, პრაქტიკულად, მეფეა და მის ხასიათზე და განწყობაზე კიდია ეს ნაყიდი ქვეყანა, უცებ, რომელიღაც ტელევიზია ლაპარაკობს იმას, რაც მას ნამდვილად არ მოსწონს, იუმორით, კბილის გაკვრით აშაყირებენ, რაღაც გადაცემებს უშვებენ მის წინააღმდეგ, არ ახსენებენ კარგად და პლუს, ტივტივდება ის რაღაცები, რაც, მისი აზრით, მიჩქმალული უნდა იყოს _ საოკუპაციო ხაზი, აფხაზეთის რკინიგზის გაყვანა, მომატებული კრიმინალი და უამრავი საქმე, რომელიც ჩუმად კეთდება და არ უნდა გამომზეურდეს. იმიტომ, რომ ყველა ტელევიზიამ თქვას, რომ ცხოვრება მშვენიერია, ყველაფერი შენდება, იღებება, ყველაფერი ბრწყინდება, გზები იგება და ა. შ. მანაც კი იცის, რომ ტელევიზიას ძალიან დიდი ძალა აქვს და თუ ყველა ტელევიზია ერთ ხმაში იმღერებს სადიდებელს, რომ ქვეყანა კარგ გზას ადგას, ეგებ, 10 კაციდან 7-მა დაიჯეროს და ის სამი იყოს, ის სამი არაფერს შეცვლის.

_ რა მოხდებოდა, რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება? ჩვენ გავიღვიძებდით ჩრდილოეთ კორეაში?

_ არა მგონია, ჩვენ ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ, ვერ გავხდებით.

_ რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმს, თუ წაიღებდნენ „რუსთავი 2“-ს, გააკონტროლებდნენ და გაფილტრავდნენ, ანდა, სულაც ჩაკეტავდნენ ფეისბუკს?

_ იმ ცხრა წელიწადში ძალიან ბევრი რამ მოხდა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოყალიბდა სხვა მენტალობით და სხვა მსოფლმხედველობით, სხვა განათლებით, ასეთები ძალიან ბევრნი არიან, მერე რა, რომ ისინი ქუჩაში არ დგანან, იმათ არ სცალიათ ქუჩაში სადგომად, მე იმათი იმედი მაქვს. სტუდენტებისაც. ყველასი არა, არც არის საჭირო. სხვა ქვეყანაშიც ყველა არაა პროგრესული. იმედი მაქვს, რომ პროგრესის ეს ხუთწლიანი შეფერხება დროებითია და დიდხანს ვერ გასტანს, ასე ვერ ჩაკეტავ ქვეყანას. იმით ნუ განვსჯით, რომ მიტინგზე ვიღაც გამოდის და ვიღაც არ გამოდის. მე ძალიან ბევრი ვიცი, მათ შორის, ჩემი კოლეგა თეატრიდან, რომელიც არ დადის აქციებზე, ჩვენმა თაობამ ძალიან ბევრი მიტინგი გამოვიარეთ და მოვიყირჭეთ და ცოტა გვეპატიება ეს, მაგრამ ყველას აქვს თავისი მკაფიო პოზიცია და გადამწყვეტ მომენტში აუცილებლად გამოვა ქუჩაში! მე გეუბნებით ჩემი ნაცნობების 80%-ზე _ თეატრალური სამყაროდან. მეორეც, როცა ამბობენ, რომ თეატრალურ სამყაროში წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილი ინახავდა, აი, პატივს სცემდა, ასე იყო და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მე პატივი თუ მეცი და რაღაც თანხას მაძლევდი, ცოტა იყო თუ ბევრი, სტიპენდია იყო თუ დახმარება, ამის გამო ჩემს ღირსებაზე, პოზიციაზე, მსოფლმხედველობაზე უარს ვიტყვი. ამისთვის მაძლევდი ფულს? მე უარი ვთქვი, ისევე როგორც ბევრმა, როგორც კი გამოჩდა, მაგრამ ბევრი დღესაც იღებს ამ დახმარებას და აბსოლუტურად სხვა პოზიციაზეა!

_ რამდენადაც ვიცი, ბატონი აკაკი დვალიშვილი არ იღებდა ბიძინა ივანიშვილის დახმარებას.

_ არც დედაჩემი იღებდა, რატომღაც, არ დაუნიშნეს, რატომ, არ ვიცი. მამაჩემზე მცდელობა იყო, კინემატოგრაფისტებმა რომ აიღეს, მერე კაკოს შემოუთვალეს, _ ეს როგორ გამოგვრჩაო, როგორ მოხდაო, ბატონო კაკო, ჩვენ გვეგონა, რომ თქვენ იღებდითო და ა. შ. მაშინ მართლა ძალიან გვიჭირდა და მამას მეგობარმა მხატვრებმა გადაგვარჩინეს, მათ ნაჩუქარ სურათებს ვყიდდით და, რაღაცნაირად, გავდიოდით. მოკლედ, მამაჩემს უნდა დაეწერა წერილი. არ დაწერა. მე ვთხოვდი კიდეც, დაეწერა. რაღაცნაირად შემომხედა, _ არა, ჯერ ერთი, უხერხულია და მერე, ასე მგონია, შენი გადასახდელი გახდება ეს ფულიო… მე მაშინ დიდად არ მივაქციე ყურადღება ამ ნათქვამს, არც ჩავეძიე, კი გავიკვირვე, ჩემი გადასახდელი რატომ უნდა იყოს-მეთქი? და ახლა ვხვდები… ჩემი კოლეგებიც ზუსტად ამას ამბობენ, მიხდიდა იმიტომ, რომ მე ახლა გუნდრუკი ვუკმიო და ბედნიერი ვიყო, რასაც აკეთებს იმითო? მე მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, ვინც არ თქვა უარი ამ დახმარებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ხალხს თავისი პოზიცია არ გააჩნია და ვინმეს ყურმოჭრილი მონაა. ნურავის გადავუსვამთ ხაზს, უფროს თაობას წლობით დიდი თანხით ეხმარებოდა და ეს მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო და ადამიანურად მათთვის რთულია გამოსვლა და ცუდის თქმა.

_ თუ შენი ქვეყანა იღუპება?

_ ზოგს თქმა ერიდება, ზოგი არც მიიჩნევს, რომ იღუპება, ზოგს, ალბათ რამდენიმე კაცს, შეიძლება, სჯერა კიდეც, რომ ეს კაცი აშენებს ქვეყანას, მართალია, თავისთვის, მაგრამ მერე რა, ჩვენც ხომ ამ ქვეყანაში ვართ…

_ რატომ? ეგ ზუსტად ის ხალხი არაა, რომელიც გაჰკიოდა, რომ სააკაშვილი ბათუმში პიაცას იმიტომ აშენებდა, რომ მერე თვითონ ყავა დაელია? სააკაშვილის აშენებულ ქვეყანას არ მიიჩნევდნენ თავისად?

_ მეც მიხარია 6 მილიონი ტურისტი და თვითონაც ამაყობს ეს მთავრობა, მაგრამ ეს ტურისტები, ჯერჯერობით, იმ სისხლიანი ცხრა წლის მანძილზე გაკეთებულ ადგილებში დადიან, ერთი ამბავი რომ ჰქონდათ, რისთვის აკეთებს და რა საჭიროა… თურმე, საჭირო ყოფილა. ბიძინას გადარგული ხეების სანახავად აქ ჯერ არავინ დადის. არ ვიცი, ის პარკი, თურმე, ჩვენთვის კეთდება და მე რაღაც არა მგონია, რომ იქ ჩვენ ვინმემ შეგვიშვას. არა მგონია, იმას მოვესწრო, რომ იქ შევიდე და შევისეირნო, ან ვინმე მოესწროს მაგას და ვინმე შეუშვას იქ. მე არ ვიცი, სულ ერთხელ მქონდა შეხვედრა სააკაშვილთან. მამაჩემი ტელევიზიიდან რასაც ხედავდა, იმის მიხედვით ამბობდა: ასეთი ნიჭიერი ადამიანი ჩემი ცხოვრების გზაზე არ მინახავსო, არ შემხვედრიაო. ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ ძალიან ჩქარობსო. ჩვენ ასე ვერ გადავახტებით რაღაცებსო. ის ახტებოდა, სხვა ფსიქოტიპია, სხვა ენერგეტიკა აქვს და სხვა თავი აქვს, ვერ მივსდევთ, ვერ მივსდიეთ და არც ჩვენი ბრალია, მაინცდამაინც, ძალიან აცდენაში ვიყავით… მახსოვს, ერთი შორეული ნათესავი გვყავს, ქართული წარმომავლობის, მაღალჩინოსანი, რუსეთში ცხოვრობს, უკვე წამოსულია ორგანოებიდან და ის ამბობდა, _ იქ იმედი აქვთ, რომ საქართველო მიშას ვერ გაუძლებს, რადგან სააკაშვილი სხვაა, საქართველო _ სხვა და თანხვედრა არ მოხდებაო. მაშინ ვერ მივხვდი, რას ამბობდა… მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ბევრი მოასწრო და დღეს თუ კიდევ რელსებზეა ქვეყანა, ისევ მის გაკეთებულზე. ესენი რომ მოვიდნენ 5 წლის წინ, სულ ვამბობდი, ოღონდ რამე გააკეთონ, ძალიან გამიხარდება, გულით გამიხარდება-მეთქი. გამიხარდებოდა იმიტომ, რომ მე ვცხოვრობ აქ, ჩემი შვილი იზრდება, არსად წასვლა არ მინდა და ჩემი შვილის გაშვებაც არსად მინდა, მინდა, რომ არ შეჩერდეს ეს ქვეყანა, იმიტომ რომ კარგად მიდიოდა, ჩქარა მიდიოდა. შეიძლება, ზოგი რაღაცა ფართხაფურთხით კეთდებოდა, ბოლომდე არ კეთდებოდა, მაგრამ სიჩქარეშიც ფუჭდება ბევრი რამ, ამასაც უნდა შეეგუო, ბევრი რაღაცა გაკეთებულიც ფუჭდება. სახლში რემონტი გავაკეთე და ნახევარ წელიწადში უამრავი რამ გაფუჭდა. რატომ აჩერებ ყველაფერს, გააგრძელე, რაც კარგია, გააკეთე, გამიხარდება მხოლოდ. შენს მხარეს ვიქნები! _ 5 წლის მერე რომ აკეთებ, დალოცვილო, ეს ხუთი წელი რატომ დაკარგე? გაგეგრძელებინა! გელაპარაკა, რაც იყო ცუდი, მონახავდი, იყო მოსანახი, გელაპარაკა, ბევრი გელაპარაკა, მაგრამ გაგეგრძელებინა ის, რაც დაწყებული იყო, რატომ აგრძელებ ხუთი წლის მერე იგივეს? ე. ი. იყო გასაგრძელებელი, ძალიან კარგად მახსოვს ივანიშვილის გამოსვლა ქუთაისის აეროპორტზე, რა სისულელე იყო მილიონების ჩაყრა ამ აეროპორტშიო, დღეს ტევა არაა, უნდა გააფართოონ, თურმე, საჭირო ყოფილა. ლაზიკაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არაა. თავისივე გზას იბლოკავენ, ყოველი მინისტრი, ყოველი პრემიერ-მინისტრი თავისივე კარიერას წყვეტს, ნუთუ არ უნდათ, რომ ღირსეულად დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში? ნუთუ, არ უნდა, რომ დიდხანს დარჩეს? რატომ უნდათ, ასე ხანმოკლედ იყვნენ? ნუთუ, ის ამბიცია მაინც არ აქვთ, რომ კარგად დაამახსოვრდეს ვინმეს, რაღაცა პატარა ისტორიაში მაინც შევიდნენ?

_ იქნებ, იმედი აქვს ნაყიდი ისტორიკოსების, რომლებიც ისტორიას მის სასარგებლოდ დაწერენ?

_ არ არის ასე ჩალით დახურული ქვეყანა, დავდივარ ტაქსით, სამარშრუტო ტაქსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვხედავ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

_ და ეგ ფაქტი, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ყველა გრძნობს, რომ ქვეყანა უკან მიექანება, ყველამ თითქოს ყველაფერი ვიცით „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში“ რომაა მარკესთან და მაინც ქვეყანა მიდის სასაკლაოზე და ხმას არ ვიღებთ. სანტიაგო ნასარივით მიჰყავთ სასაკალოზე.

_ ასე არ და ვერ გაგრძელდება, როცა გავლილი გაქვს ის პერიოდი, როცა იმედი რომ გქონდა, შენ კარგი ქვეყანა ხარ, მაგარი ქვეყანა ხარ, წარმატებული ქვეყანა ხარ, ნიჭიერი ხალხის ქვეყანა ხარ და ეს უკვე გეამაყება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ამას ადვილად ვერ დათმობ.

_ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ში რომ მოსულიყო?

_ მე იმ დღესვე წამოვიდოდი, იქ ყველამ იცოდა, რომ მე არ გავჩერდებოდი. შემრცხვებოდა ჩემი სიტყვების, რაც ნათქვამი მაქვს. რას ვამბობ ისეთს? _ არაფერს, ჩვენი გადაცემა პოლიტიკური საერთოდ არ არის, მაგრამ რაღაც ჩემს აზრს ხომ ვამბობ ხოლმე, ხან ხუმრობით, ხან სერიოზულად, ის ხომ ფიქსირდება, ის ხომ დევს, ფეისბუკზე, იუთუბზე, ხომ შემახსენებენ? მკითხეთ, რა ხელფასი მიღირს ამად? რა, დავმჯდარიყავი ისევ და გამომეცხადებინა, დღეს ჩვენი სტუმარია… ხომ დამეწვებოდა მთელი ტანი, ეს სირცხვილი მე არაფრად, არანაირ ხელფასად არ მიღირს. ფული არასოდეს გყოფნის, რა ფულიც არ უნდა გქონდეს, მაგრამ მე  უფულოდაც მიცხოვრია, ხან თოჯინებს ვაკეთებდი, ხან _ რას. გადარჩენას ყოველთვის მოახერხებ. სხვა სამსახურს მოვძებნიდი, თუ არადა, თეატრი მაქვს, რომელიც ყველაფერს მირჩევნია. 2 მილიონიც რომ მომცე, რა ვუყო? კარგი, წავალ ცოტა ხანი, მაგრამ ხომ უნდა დავბრუნდე? არ ვიცი, მე შეიძლება, ძალიან პატივმოყვარე, ამბიციური ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მიღირს არანაირი ფული წამოძახებად, _ მაშინ რომ ამას ჭიკჭიკებდიო…

 

რევაზ შატაკიშვილი