ბიზნესი კედებზე და არა მაღალ ქუსლებზე!

20 წლის ბიზნესმენი გოგონა, რომელმაც მიზანს მიაღწია და გაჩერებას არ გეგმავს!

ჯერ ოცი წლისაა, თუმცა წარსული საკმაოდ დიდ გამოცდილებას იტევს. თავის პირად ცხოვრებაზე ბევრს არ საუბრობს. არ აქვს ოცნება, რადგან ჰგონია, რომ ეს ისაა, რაც იცი, რომ არ აგისრულდება, ამიტომ მხოლოდ მიზნები აქვს. ეს კი მრავალგვარია. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უკვე ბიზნესმენია.

თავის დროზე, მიმტანობით დაიწყო და ახლა საკუთარი ბარის მფლობელია. ამბობს, ყოველთვის რისკავს, რადგან უკან მოხედვისას არ თქვას, რომ რაღაც ვერ გაბედა და ამიტომ საწადელს ვერ მიაღწია.

სურს, მეტად ძლიერი იყოს და საკუთარი შრომით იმ დონეს მიაღწიოს, რაც ასე ძალიან უნდა.

გაიცანით, დღევანდელი ჩვენი გმირი ოცი წლის ბიზნესმენი, სოფო აბაშიძეა:

_ გამარჯობა სოფო, შესავალში შენზე მოგვიყევი ცოტა.

_ წარმოშობით ქობულეთიდან ვარ, თუმცა დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში. სამი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში საცხოვრებლად. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მე-3 კურსზე ვარ. პროფესიით ჟურნალისტი და, ამავე დროს, ბარის ბიზნესით დაკავებული, ცოტა უცნაურად ჩანს, მაგრამ წერა ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. ეს ბიზნესი კი მხოლოდ შემოსავლის წყარო კი არა, ის საქმეა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ.

_ ბარის გახსნის იდეა როდის გაგიჩნდა და როგორ დაიწყო ყველაფერი?

_ ძალიან ბევრს ვმუშაობდი და მერე მივხვდი, რომ შემიძლია, ვიღაცისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის ვუმუშაო ამდენი, შედეგი კი უკეთესი მექნება. ამიტომ გამიჩნდა ბარის გახსნის იდეა, თავიდან კი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წელს მივხვდი, აღარ შემეძლო, ჩემს მშობლებზე ვყოფილიყავი დამოკიდებული და სამსახურის ძებნა დავიწყე. თავიდან ქუჩაში სარეკლამო ფლაერებს ვარიგებდი. ვარკეთილში დღეში 4 საათს ვმუშაობდი. დილით ადრე ვდგებოდი და ჯერ უნივერსიტეტში მივდიოდი, შუალედში ვაკიდან ვარკეთილში მოვდიოდი და ვმუშაობდი, ქუჩაში გაუჩერებლად დავდიოდი და ამ სარეკლამო ქაღალდებს ვარიგებდი, მერე ისევ ლექციებზე მივდიოდი, შემდეგ სამუშაოდ ვბრუნდებოდი და ასე რამდენჯერმე გრძელდებოდა დღის მანძილზე მანამ, სანამ სახლში წასვლის დრო არ დგებოდა. მერე მივხვდი, რომ ასე მუშაობა არ შემეძლო, თითოეული კუნთი, საერთოდ ყველაფერი, ძალიან მტკიოდა და ერთი თვის შემდეგ სხვა სამსახურს ვეძებდი. მითხრეს, რომ ერთ-რთ ბარში მიმტანის პოზიციაზე ჰქონდათ ვაკანსია. რადგან სხვა გამოცდილება არ მქონია, გარდა იმისა, რომ მოსკოვში ვიჯექი, ყვავილების თაიგულს ვაკეთებდი და ვყიდდი  (როცა მშობლებს ვეხმარებოდი), ამიტომ იმაზე ჩამოვყალიბდი, რომ ისეთი სამსახური მჭირდებოდა, რომელიც გამოცდილებას ნაკლებად ითხოვდა.

ბარის ვაკანსიის გაგების შემდეგ თავიდან იქ წასვლა ძალიან მეშინოდა, თავდაჯერებული არ ვიყავი, ამიტომ ამ ბართან მივედი და ლამის 20 წრე შემოვუარე, მერიდებოდა შესვლა და კითხვა, ამბის გაგება. მერე საკუთარ თავს ვუთხარი, _ ახლა თუ არ შეხვალ და გარეთ დარჩები, მაშინ ყველა გადაგივლის და წააგებ-მეთქი. საბოლოოდ, შევედი და კითხვის მაგივრად, _ შეიძლება, აქ მუშაობა-მეთქი? _ პირდაპირ ვუთხარი, _ რადგან ვაკანსია გაქვთ, ხვალ აქ მუშაობას ვიწყებ-მეთქი. _ კარგიო, _ მიპასუხეს და მეორე დღეს დამიბარეს. კიდევ ერთი მიმტანი ჰყავდათ გამოსაცდელი ვადით და რადგან მივხვდი, რომ კონკურენცია იყო, იმავე საღამოს მივედი, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად შევედი და მეორე დღეს უკვე მუშაობა დავიწყე. ზუსტად ერთი წლის მანძილზე ვიმუშავე.

_ მერე როგორ გადაწყვიტე, რომ საკუთარი ბარი გაგეხსნა?

_ სიტუაციამ გადამაწყვეტინა. ჯერ მიმტანი ვიყავი, დილის 12-ის ნახევრიდან, მინიმუმ, ღამის 2-3 საათამდე ვმუშაობდი, რვა თუ ცხრა თვის მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ სამსახურის გარდა ჩემთვის არაფერი არსებობდა, ჯანმრთელობაც გამიუარესდა, ძილის რეჟიმი ამერია, უნივერსიტეტში ვერ დავდიოდი, ამიტომ ბარმენის პოზიციაზე გადავინაცვლე. ზაფხულში ბათუმში წავედი და ბარმენობა ვისწავლე, იქ ვმუშაობდი, თბილისში რომ ჩამოვედი, უკვე სხვა ბარში შემომთავაზეს სამსახური, ჯერ ორივე ადგილას ვმუშაობდი, მერე მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა ასეთი რეჟიმით ცხოვრება და ძილიც ძალიან მჭირდებოდა, ამიტომ მხოლოდ ახლად შემოთავაზებულ ბარში გადავედი, თუმცა დროთა განმავლობაში ის დაიკეტა და უსამსახუროდ დავრჩი. ვიფქრობდი, რა მექნა, სად დამეწყო მუშაობა, იმდენად ვიყავი მიჩვეული სამსახურს, რომ სახლში ვეღარ ვძლებდი, მშობლებს ფულს ვეღარ ვთხოვდი. ძალიან მინდოდა ჩემი, საკუთარი ბარის გახსნა, ამისთვის ადგილს ვეძებდი. ყველა ნორმალური ადგილი გაქირავებული იყო და ღირებული ვერაფერი ვიპოვე. უკვე იმედი დაკარგული მქონდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ჩემი და ჩამოვიდა და მკითხა, რას ვაკეთებდი, რატომ აღარ ვმუშაობდი ერთ დროს აკვიატებულ იდეაზე. ვუთხარი, რომ ისეთი ფართი ვერ ვიპოვე, რომელიც კარგ ადგილზე იქნებოდა და სხვა კრიტერიუმებსაც დააკმაყოფილებდა. ვუთხარი, თუ გინდა, განახებ-მეთქი და საიტზე შევედით. ის ადგილი, რომელიც ადრე ძალიან მომეწონა და დაკავებული იყო, ახლა უკვე თავისუფალი აღმოჩნდა და ასე, შემთხვევით გადავაწყდი, დავრეკე და ყველაფერი გამოვიდა.

_ ფინანსები საიდან მოიპოვე?

_ მშობლები დამეხმარნენ იმ პირობით, რომ ერთი წლის მანძილზე თანხას დავაბრუნებ.

_ რა სახელი შეარჩიე და რატომ?

_ „პარადოქსი“, რადგან მე ამავე სახელწოდების საფირმო კოქტეილი მაქვს, პლუს, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, პარადოქსულობით ვხსნით ხოლმე. გახსნის დღესაც ერთ-ერთი სტუმარი მღვდელი იყო _ ესეც პარადოქსული აღმოჩნდა. ისიც ერთობოდა ყველასთან ერთად. ნებისმიერი საკითხი შეიძლება ავხსნათ, როგორც პარადოქსი ამ ბარში, ზუსტად ამიტომ დავარქვი.

_ თავად რას აკეთებ ბარში?

_ ბარმენი ვარ, მეგობრები ბევრ რამეში მეხმარებიან. ადრე მოვდივარ, ბარს ვალაგებ, მერე ზოგჯერ სამზარეულოშიც ვაკეთებ ხოლმე საჭმელებს. თითქმის ყველაფერს მე ვაკეთებ. თუმცა ცაკლე მზარეულიც მყავს, რა თქმა უნდა.

_ სწავლას როგორ უთავსებ ამ ყველაფერს?

_ ახლა უნივერსიტეტში დასვენება გვაქვს, ამიტომ ჯერ ვათავსებ, მაგრამ მერეც, სავარაუდოდ, მოვასწრებ, რადგან საღამოობით ვხსნი ხოლმე ბარს და ლექციებზე დღის მანძილზე უნდა ვიარო. თუ კარგად ვერ შევუთავსე, მაშინ სხვა ბარმენს ავიყვან და ნახევარ განაკვეთზე ვამუშავებ.

_ საბოლოოდ, რა არის შენი მიზანი? ამ სისტემაში აპირებ დარჩენას და ბარმენობას?

_ არა, საბოლოოდ, მინდა, შევდგე და იმ დონეს მივაღწიო, რაც ჩაფიქრებული მაქვს. მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ რაღაც შემიძლია.

_ პირველად გადაწყვეტილება ვის გაანდე?

_ თავიდან ეს იყო იდეის დონეზე, 2 წლის მანძილზე, უბრალოდ, ვამბობდი, რომ მინდა და მორჩა. ამაზე მამიდაშვილთან ვსაუბრობდი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ. ჯერ ერთად გვინდოდა გაგვეხსნა, მაგრამ მერე დავფიქდი და მივხვდი, რომ საქმიანი ურთიერთობა მეგობრობას აფუჭებს და მირჩევნია, მარტომ გავაკეთო ეს, ვიდრე მეგობრები დავკარგო და, საბოლოო ჯამში, რაღაც ცუდი შედეგი მოიტანოს ამ ყველაფერმა.

_ როგორ მიხვდი, რომ ეს სფერო უნდა იყოს ის, სადაც შენი ადგილია?

_ ჯერ მიმტანობა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ, თურმე, ადამიანებთან კომუნიკაცია შემიძლია და კარგად გამომდის. როცა ხალხი შემოდიოდა, უკვე ჩემი ნახვა უხაროდათ და მეკითხებოდნენ, მწერდნენ კიდეც, როდის ვმუშაობდი, რომ მაშინ მოსულიყვნენ და იმ დღეს ეჭამათ, დაელიათ. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე. ახლაც რომ ვმეგობრობთ, ეს ფაქტი ძალიან მიხარია. როცა ბარმენობა დავიწყე, მერე მივხვდი, რომ ჩემი წვლილი შემქონდა ურთიერთობაში, რადგან ბარმენი ბევრ ადამიანსაც ეხმარება კომუნიკაციისას. ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგია. ბევრ თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე.

ამის გარდა, თვითონ ვიგონებ კოქტეილებს, რომლის გემოც თავად არ ვიცი, რადგან ვერაფერს ვეკარები, რასაც შაქარი აქვს, რაც ტკბილია და საქაროზას შეიცავს. ბავშვობიდან ასე ვარ, საქაროზას შემცველი ნებისმიერი პროდუქტის გასინჯვისთანავე ღებინება მეწყება, შესაბამისად, თითქმის არც ერთი ჩემი გაკეთებული კოქტეილის გემო არ ვიცი, თუ ოდნავ მაინც ტკბილია. არადა, როცა სტუმარს რაიმეს ვუმზადებ, თავად არ ვიცი ხოლმე გემო, თუმცა, როცა ადამიანს აჯარებ, რომ რასაც სთავაზობ, ის კარგია და გემრიელია, სწორედ ისე მიიღებს, როგორც აწოდებ, თან თუ ამატებ იმას, რომ თუ არ მოეწონება, თავად გადავიხდი, ეს უკვე სხვა ამბავია. ბოლოს, მაინც ურთიერთობა აყალიბებს ამ ნდობას და არა სხვა რამ.

_ გაქვს გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ არაფერი მინანია საერთოდ. საქართველოში რომ ჩამოვედი, ცოტა ხანს მეგონა, ვნანობდი ამ ნაბიჯს, მაგრამ იმდენად კარგად ავაწყვე ჩემი ცხოვრება და იმდენად ჩამოყალიბებული პიროვნება აღმოვჩნდი, უკვე მიხარია, აქ რომ ჩამოვედი. დამოუკიდებლობას შევეჩვიე.

_ რა სირთულეები შეგხვედრია ცხოვრებაში?

_ განსაკუთრრებული არაფერი. გააჩნია, როგორ შეხედავ მოვლენებს. თუ შეძელი რაღაცის გადალახვა, ეს, სირთულე კი არა, ცხოვრების გარკვეული ეტაპია. მართალია, მაშინ გგონია, რომ სირთულეა, მაგრამ, რეალურად, ეს ცხოვრების ეტაპია. ამ დროს ისეთი ადამიანი, ან ადამიანები გჭირდება, რომლებიც გეტყვიან, რომ ამას ჩვულებრივ გადალახავ და ძლიერი უნდა იყო.

_ რა გგონია, ვის ჰგავხარ?

_ არ მყავს არანაირი გმირი, მე ვარ ჩემი გმირი, ის ადამიანი, ვინც 20 და 30 წლის შემდეგ წარმომიდგენია.

_ რა არის ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია ადამიანში?

_ გულწრფელობა. არ მიყვარს ტყუილი, მწარე სიმართლე მირჩევნია.

_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება რამე?

_ არავისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ მე თუ არ ვანახე, გავუნაწილე, არ ვაჩუქე სხვას, ის ვერ შეძლებს, გააგრძელოს სიკეთე და სხვა გააბედნიეროს, ან, უბრალოდ, რამით ასიამოვნოს. თუ ადამიანი თავად არ აკეთებს იმას, რასაც სხვას ასწავლის, ეს არასწორია. ე. ი. მასწავლებელია, მაგრამ თვითონ ვერ იქცევა სწორად.

_ რისი გჯერა?

_ თოვლის ბაბუის. ბავშვობიდან. რა ვქნა? მჯერა! ყველა მეუბნება, რომ არ არსებობს და ვიღაც გადაცმული კაცია, რომელიც ბავშვებს ატყუებს, მაგრამ მჯერა. ფერიებისაც მჯერა.

_ რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?

_ ძილი მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მძინავს.

_ რა გაღიზიანებს?

_ ადამიანი რომ ყველას ყველაფერს ასწავლის, ყველაზე ჭკვიანი ჰგონია თავი. არადა, ყველაფერი ხომ შედარებითია, არ არსებობს ყველაფერში ერთდროულად განვითარებული ადამიანი. მთელი ცხოვრების მანძილზე რაღაცას ვსწავლობთ.

_ რისი შეცვლაა საჭირო სისტემაში?

_ ის, რომ თუნდაც მიმტანი ან ბარმენი მხოლოდ მოვალეობის გამო აკეთებს ამ საქმეს. რაც ევალება, მხოლოდ მაგას აკეთებს. თავისი საქმე არ უყვარს. მხოლოდ მოვალეობის გამო კი არ უდა გაუღიმოს სტუმარს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანს უხარია ეგ ღიმილი, ვფიქრობ, რომ სისტემაში თვითონ ამ სისტემის წარმომადგენლები არიან შესაცვლელი. სამუშაოსაც ისე უნდა შეხედონ, როგორც ადამიანებთან ურთიერთობას და არა, უბრალოდ, მოვალეობას.

_ შენთვის სამაგალითო ვინ არის?

_ მაგალითი არა, მაგრამ იდეაში მყავს წარმოდგენილი საკუთარი თავი 10-20 წლის შემდეგ, როგორიც მინდა ვიყო. მინდა, იმას მივაღწიო, რომ თქმა შევძლო, მე ეს გავაკეთე, რადგან მინდოდა!

_ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რატომ ჩააბარე?

_ წერა მიყვარს და ამიტომ. ლექსებს ვწერ. წიგნის დაწერა მინდა და იმედი მაქვს, გამომივა.

_ რა გეამაყება?

_ ის, რომ როცა ჩემს დას ან ძმას კითხვა, რჩევა ან საუბარი სჭირდება, ჩემთან მოდიან და მელაპარაკებიან. რა თქმა უნდა, მეგობრები ჰყავთ, მაგრამ მაინც მე მირეკავენ. ჩემი 9 წლის ძმა მე მელოდება სასაუბროდ, ჩემს დას სულ ჩემთან უნდა ყოფნა.

_ კმაყოფილი ხარ ხოლმე საკუთარი თავით?

_ გააჩნია, როდის. ძირითადად, ძალიან სუსტი მგონია ჩემი თავი და ძალიან მაღიზიანებს ეს. მინდა, რომ უფრო ძლიერი გავხდე და ჩემი სიტყვა ბევრ რამეს ნიშნავდეს.

_ როგორ ფიქრობ, საკუთარი თავი იპოვე?

_ ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის პოვნა შეუძლებელია, რადგან ცხოვრების მანძილზე სულ რაღაც ახალი გესმის და გიზიდავს. თუ გგონია, რომ საკუთარი თავი იპოვე, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში მიხვდე, რომ, თურმე, არ გიპოვია და სხვა რამე გინდა. უბრალოდ, უნდა იპოვო ადგილი, სადაც თავს კარგად იგრძნობ იმ მოცემული დროისთვის. საკუთარი ბედნიერება უნდა იპოვო. მე არ მიპოვია.

_ რა გგონია, როდის დაისვენებ ყველაფრისგან?

_ არასდროს. როცა მეტს აღწევ, მეტის მიღწევა გინდა: მეტი სწავლა, მეტის გაკეთება, ამისგან ვერასდროს დაისვენებ.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ იმაზე, რომ ჯერ იმის გაკეთება არ გამომდის, რაც მინდა. რაღაც პრობლემები გექმნება ცხოვრებაში, სულ რაღაც ახალი იჩენს თავს, სხვადასხვა საფიქრალია, მაგრამ ვცდილობ, რომ, ზოგადად, პრობლემებზე არ ვიფიქრო, თუმცა ბოლო დროს საერთოდ არც კი მაქვს იმის დრო, რომ ყოფითი თემების გარდა სხვა რამეზე ვიფიქრო. ვზივარ და მექანიკურად ვაკეთებ რაღაცას.

_             რაზე ოცნებობ?

_ არაფერზე. ეგ ხომ ისეთი რამეა, რასაც ვერასდროს მიაღწევ. დანარჩენი მიზანია. ეს კი ბევრი მაქვს, მაგრამ აუხდენელი _ არა. მართალია, ბევრი რამე მინდა და ცოტა მეოცნებეც ვარ, მაგრამ ზღვარს ვავლებ მიზანსა და ოცნებას შორის. ძალიან ბევრს თუ მოინდომებ, აისრულებ.

_ ახლა რა არის შენი მიზანი?

_ ახლა მინდა, რომ ეს ბარი კარგად ჩამოვაყალიბო. იმ დონემდე მინდა მივიდე, რომელიც იდეაში მაქვს. მინდა, წიგნი დავწერო, მინდა, ბოლომდე დამოუკიდებელი ვიყო. მინდა, რომ ხვალ გავიღვიძო და არ ვიფიქრო, როგორ უნდა გადავიხადო კომუნალურების თანხა, პური როგორ ვიყიდო და ა. შ. შემიძლია, დედას დავურეკო და დახმარება ვთხოვო, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან ჩემი ბრალია, თუ ეს ვერ შევძელი.

_ რა არის შენთვის თავისუფლება?

_ არჩევანი.

_ თავისუფალი ხარ?

_ ბოლომდე არა.

_ რა გზღუდავს?

_ საზოგადოება. საქართველოში ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია და თუ გააკეთებ, შენ გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს დაკარგავ, ამიტომაც ყველას გაქცევა უნდა აქედან. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ იმ სასურველ დონეს რომ მივაღწევ, აღარ დავფიქრდები, თუ რამდენ ადამიანს დავკარგავ ჩემ გარშემო, რადენი ადამიანი მიმიღებს და რამდენი _ არა. ახლა, უბრალოდ, ამისთვის დრო მჭირდება. ახლა იმდენად დამოუკიდებელი არ ვარ, რომ ამ თავისუფლებას მივაღწიო.

_ შინაგანად რამდენი წლის ხარ?

_ გააჩნია, ხადახან მგონია, რომ 2 წლის ბავშვი ვარ, ხანდახან _ 60 წლის.

_ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე?

_ ბებიამ. მივხვდი, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი და ცხოვრება დაივიწყოს და ყველაფერი სხვის გამო აკეთოს, თან ისე, რომ არ თქვას, თქვენ გამო ვაკეთებ ამასო. უბრალოდ, თავის ცხოვრებას სწირავს იმისთვის, რომ ირგვლივ ხალხი ბედნიერი იყოს.

იცით, ფლაერებს რომ ვარიგებდი, იმაზე ვფიქრობდი, რომ პირველივე დღეს ვერ გავძელი, იმდენად რთული იყო სირბილი უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის, სირბილი, დგომა, მთელი 4 საათი გაუჩერებლად უნდა გევლო. ერთი კვირის შემდეგ ვფიქრობდი, რომ თავს დავანებებდი და ისევ მშობლებს ვთხოვდი ფულს, თუმცა დღის ბოლოს, როცა უკვე სახლში უნდა წავსულიავი და ვერ მივდიოდი, რადგან ფეხები სასტიკად მტკიოდა, იმაზე ვფქირობდი, თუ რატომ შეუძლია ბებიას ასე თავგანწირულად მუშაობა და მე _ არა. ის თუ ჩემ გამო ამდენს აკეთებს, მეც შემიძლია!

_ რით ისვენებ?

_ ადრე ვიქრობდი, რომ დასვენება იყო სახლში ყოფნა, არაფერს კეთება და ფილმის ყურება, მაგრამ მივხვდი, რომ მუშაობის დროს ვისვენებ. არ შემიძლია, სახლში ვიჯდე და, უბრალოდ, ასე ვიყო. მომწონს, რომ ასეთი რეჟიმი მაქვს. დილით დისტრიბუცია გაღვიძებს, უნდა მიხვიდე და რაღაც გააკეთო, ირბინო, ბანკში შეხვიდე, პრობლემები გექმნება… ესაა დასვენება. როცა უკვე დასაძინებლად მივდივარ, ხშირად ვხვდები, რომ კიდევ აქეთ, ქაოსში მინდა.

_ ვინ არის სოფო აბაშიძე?

_ უბრალოდ, ადამიანი, თავისი მიზნებით.

_ შენთვის სიყვარული რას ნიშნავს?

_ ყველაფერს. ყველანიარი სიყვარული არის ის ბიძგი და სტიმული, რომელიც წინ გიშვებს, გასწავლის და ცდილობს იმ იდეალამდე, იმ დონემდე გაგიყვანოს, რის მიღწევასაც ცდილობ. ეგოისტი არ ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, სხვებზეც ფიქრობ. ცდილობ, რომ კარგად იყვნენ.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ არ გეშინოდეს არაფრის და გარისკე სულ, მიუხედავად იმისა, რომ გეშინა, გგონია, არ გამოგივა, _ შენ გამოგივა იმიტომ, რომ ეს გინდა! იმაზე არ იდარდო, რომ ვალს დაიდებ, არ იდარდო, რომ რაღაც არ გამოგივა, შეცდომას გაითვალისწინებ და იმავეს აღარ დაუშვებ, მეორედ გამოგივა. ეს ნაბიჯი თუ არ გადადგი, ვერაფერს მიაღწევ, ისეთი სუსტი დარჩები, როგორიც ხარ, არაფერიც არ შეიცვლება.

ყველაფერ ამასთან ერთად კი, რაც მთავარია, უბრალოდ, ადამიანები დავრჩეთ და ერთმანეთი გავახაროთ.

 

მე წამოვედი, ის კი თავის ბარში დარჩა. საღამოს სტუმრებს ელოდება და ამიტომ იქაურობას აწესრიგებს. იქიდან გამოსული ბევრ რამეზე ვფიქრობდი. საბოლოოდ კი დავრწმუნდი, რომ თუ მართლა მოინდომებ, მიზნის მიღწევაში წინ ვერაფერი დაგიდგება. მან შეძლო! შემდეგი შენ ხარ!

 

ნინო ტაბაღუა