გოგაშვილი და კორუფცია სოფელ ყარაჯალაში!

რა არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა? საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის.

ვინ არიან პროგრამით მოსარგებლეები? საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლენი არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები

პირობითად რომ მოვყვეთ:

ნინოს ერთი შვილი ჰყავს. ბავშვის ასაკი 3 წელია. ნინოს ბავშვი ცუდად გაუხდა. დედამ გადაწყვიტა, რომ შვილი ექიმთან წაიყვანოს. დიახ, ნინო საქართველოს მოქალაქეა და მას ქვეყნის კანონმდებლობით ეკუთვნის, რომ ოჯახის ექიმი უფასოდ და უანგაროდ მოემსახუროს. ნინო სოფლად ცხოვრობს, მის სოფელში ერთი ამბულატორიაა, შესაბამისად, ამბულატორიას ერთი ექიმი ჰყავს, ექიმმა ბავშვი უნდა გასინჯოს და დიაგნოზი დაუსვას, დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს წამლები გამოუწეროს და დედას რეცეპტი გადასცეს. ოჯახის ექიმი ვალდებულია, მის სოფელში მყოფ ბავშვს, რომელიც მისი პაციენტია, სათანადოდ მიხედოს. ოჯახის ექიმს ეკრძალება ნინოსთვის ფულის მოთხოვნა.

ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსგან დადგენილ ამ პროგრამას დაარღვევენ, ქრთამის სახით პაციენტებს დამატებით გადასახადს მოსთხოვენ, რომელიც კანონით ეკრძალება, ბუნებრივია, ის ადამიანები ანტისახელმწიფოებრივად ფიქრობენ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებას იცავენ, მათი პირდაპირი მოვალეობაა, ასეთი ფაქტები გამოიკვლიონ, შეისწავლონ და კანონდამრღვევების პასუხისმგებლობის საკითხიც დასვან.

თუმცა თუ სამართალდამცველები აღნიშნულ ფაქტებს იცნობენ და არ რეაგირებენ, ისინი თავად უქმნიან სახელმწიფოს კონსტიტუციურ უსაფრთხოებას და კანონზე მაღლა, ალბათ, სხვა გარიგებებს აყენებენ.

ყარაჯალა თელავის თემის მუნიციპალიტეტის სოფელია. 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე იყო. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 4891 ადამიანი ცხოვრობს. სოფელს აქვს სკოლა და საბავშვო ბაგა-ბაღი. სოფელში, ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები სახლობენ. სოფლის მნიშვნელოვანი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა. მოსახლეობის სოლიდური რაოდენობა, განსაკუთრებით ქალები, სამწუხაროდ, ქართულ ენაზე დამახინჯებულად მეტყველებენ, ხოლო წერა და კითხვა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. დაბალი განათლების დონე სოფელში კორუფციის ამაღლებას, ბუნებრივია, ხელს უწყობს. თუმცა, სამწუხაროდ, განათლების დონის ასამაღლებლად სახელმწიფო სოფელში განსაკუთრებულ აქტივობებს არ ატარებს. რამდენიმე თვის წინ სოფელში საბავშო ბაგა-ბაღი გარემონტდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სოფელში კიდევ სჯერათ, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს…

 

„ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყარო:

_ ყარაჯალა იცი, იქ მცხოვრებლებიც იცი, დღემდე ჰგონიათ, რომ ყველაფერი იყიდება და ყველაფერში თანხა უნდა ჩაიდოს…

_ ყველაფერში რა შედის?

_ ყველაფერში ბევრი რამე შედის, მაგრამ მთავარი სოფლის ექიმია.

_ ექიმი?

_ კი, ექიმი… მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვა უფასოა, სოფელში ექიმთან მისვლის დროს ყველამ იცის, რომ ის უფასოდ არ მოემსახურება. ბავშვის გასინჯვა 20 ლარი ღირს, დიდის, მოხუცის _ 30.

_ ვერ მივხვდი?

_ ამბულატორიაში ხომ გვყავს ექიმი? ჰოდა, იმ ექიმთან რომ მივა პაციენტი, ფული უნდა გადაუხადოს, არ გადაუხდის და არ მიხედავს, ასე სჯერათ სოფელში. სოფელს ვერ აუხსნი და ვერ დააჯერებ, რომ ეს უფასოა და მისი ვალდებულებაა… ვთქვათ, უბნის ექიმმა გაგსინჯა და გაგგზავნა პოლიკლინიკაში, იქ ხომ უნდა გაგატანოს მიმართვა? ბავშვებისთვის და პენსიონერებისთვის სრულიად უფასოა, მაგრამ სხვა ასაკის მქონე ადამიანებისთვის სახელმწიფო 80%-ს აფინანსებს. უბნის ექიმი ეუბნება, რომ მიმართვას ვერ გასცემს და ა. შ. შესაბამისად, სოფლის მცხოვრებლებიც  ფულს იხდიან…

_ იცის ეს ვინმემ?

_ იცის, როგორ არ იცის, მაგრამ ხმას ვინ იღებს? მაგ ზონის უფროსი ვინც არის, დღევანდელი უშიშროებიდან…

_ სუსი-დან?

_ ხო, რა ვიცი, რაც ჰქვიათ, ახლა იმან იცის და როგორც ცნობილია, ის „კრიშავს“ ამ ამბულატორიას.

_ რა სარგებელი აქვს იმ ზონის უფროსს?

_ სარგებელი არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს თანამშრომელი სოსო გოგაშვილის კადრია და მას არავინ ეხება, ხელშეუხებელი ამიტომაა, რომ სოფელში სრული განუკითხაობა და კორუფციაა… სხვა სფეროებშიც იხდიან ადგილობრივები ფულს.

_ მაგალითად?

_ დღეს ასე ზუსტად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვიცი, რომ აქ ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს და ვინმე სოსოს სახელით აქაური უშიშროება კარგ ფულს აკეთებს.

_ ეს საკითხი რომ შეისწავლონ, სიმართლე ადვილად დადგინდება?

_ რა თქმა უნდა! პაციენტების სია ხომ არის, მივიდნენ და იკითხონ… სოფელში გავიდნენ და იკითხონ… აქ ხალხმა ქართული არ იცის, ამიტომ ამათი მოტყუებაც ადვილია და ამათგან ფულის შოვნაც…

 

  1. შ. ბუნებრივია, სოსო, არ გეტყვი, ვინ არის ჩემი წყარო, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შენი რეკომენდაციით დანიშნული ადამიანები კარგ ფულს იღებენ… არ ვიცი, რა ვალი გაქვს შენ ასეთი ადამიანების, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ადამიანების წყალობით ქვეყანაში ცნობილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა კნინდება და გარკვეული პერსონების ორმაგ შემოსავლად იქცევა…

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

სახელმწიფო ვალდებულია, სწორედ სუს-შიც და ჯანდაცვაშიც ასეთი კადრების სერიოზული წმენდა დაიწყოს. არ იქნება წმენდა და ეს იმის ნიშანია, რომ 90-იანი წლების კორუმპირებული საქართველო დღითი დღე ფეხზე დგება და თავის მძიმე მემკვიდრეობას ანახლებს.

ბოლოს და ბვოლოს, რა გახდა ერთი გოგაშვილი?!. რატომ სარგებლობენ ადამიანები მისი გვარით?!. ვინ არიან მისი კადრები?!. რა ეშველება ქვეყანას, თუ ერთი გოგაშვილი 10 გოგაშვილად გადაგვექცევა?!.

 

მაკა მოსიაშვილი