ჰარვარდელი პოლიცმაისტერი, განთავისუფლებული თანამშრომლები და ორი მძღოლი

სამ წელიწადზე მეტია, „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ, სუს-ის მიერ დაფინანსებული სააგენტოებისა და ცალკეული პირების მხრიდან, მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. ვრცელდება ათასგვარი ცილისმწამებლური ცნობა როგორც პირადად ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მისამართით. ამ ცილისმწამებლური კამპანიის ავანგარდში სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ პრესსამსახურის უფროსი, ნინო ჯღარკავა დგას. მიუხედავად სამწლიანი კამპანიისა, „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მისთვის პასუხი არც ერთხელ არ გაგვიცია.

გასულ კვირას სოციალური ქსელის მეშვეობით ჩემთვის უცნობი პირი დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. ორი დღის მერე ჩვენ მუშტაიდის ბაღში ერთმანეთს შევხვდით. შეხვედრა სუს-ის თანამშრომლების თანხლებით  მიმდინარეობდა. ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან განთავისუფლებული თანამშრომლები  სასამართლოში სარჩელების შეტანას აპირებენ და, აქედან გამომდინარე, საკუთარი ვინაობის დაფარვას არც  ფიქრობენ. ჩვენ მხოლოდ მომდევნო შეხვედრის და ინტერვიუს ფორმატზე შევთანხმდით და ეს შეხვედრა „ქრონიკა+“-ის ოფისში შემდეგ დღეებში გაიმართა.

ისტერიკა, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის პიარის მხრიდან სოციალურ ქსელში დაიწყო, ერთი მხრივ, სრულიად გასაგებია, რადგან „ქრონიკა+“-ის წყაროს მიერ მოწოდებულ მასალებში მისი ძმა, ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ელგუჯა ჯღარკავაც ფიგურირებს. ძმის დასახმარებლად ნინო ჯღარკავამ ფრონტი ორი მიმართულებით გახსნა _ ერთი მხრივ, ყოფილ თანამშრომლებს სახლში საერთო მეგობრები გაუგზავნა, სამსახურში დაბრუნებას დაჰპირდა, მეორე მხრივ, ჩემს მეგობრებს დაუკავშირდა და ლუდის მოედანზე მიიწვია ვახშამზე. როგორც ჩემმა მეგობრებმა გადმომცეს, ნინო ჯღარკავა მათ ჩემთან შეხვედრას, ჩვენ შორის კონფლიქტის ამოწურვას და, შესაბამისად, გაზეთიდან მასალების ამოღებას სთხოვდა. თხოვნის პარალელურად კი იმუქრებოდა, რომ მე თუ წითელ ხაზებს გადავკვეთდი, ინფორმაციას გამისაჯაროებდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ირმა ინაშვილი მიხდის ფულს და, ასევე, ჩემთან კონვერტებით დადიოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი.

ირმა ინაშვილის ხსენება სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მსგავსი დეზინფორმაცია ნინო ჯღარკავამ ორი წლის წინათაც გაავრცელა და ინფორმაციის წყაროდ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე დაასახელა. თუმცა, მოგვიანებით, ამ ფაქტის გამო, საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. რაც შეეხება ოთარ ჩრდილელს, მისი ხსენება ნამდვილად სიურპრიზი იყო, რადგან დაარსების დღიდან „ქრონიკა+“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და სრულიად წარმოუდგენელია, რატომ უნდა მოსულიყო ჩვენთან კონვერტებით „ოცნების“ რომელიმე დეპუტატი?..

ნინო ჯღარკავასა და ყველა იმ პირის გასაგონად, ვინც ცდილობს, „ქრონიკა+“-ს შანტაჟის ენაზე ელაპარაკოს:

ჩვენ თქვენი არ გვეშინია, ჩვენ მასალებით არ ვვაჭრობთ და არც ვინმეს შავი ფული გვჭირდება კონვერტებით!!!

ახლა კი გთავაზობთ იმ მასალების ნაწილს, რომელიც „ქრონიკა+“-ს ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა მიაწოდეს. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: არც ერთი მათგანი ინკოგნიტოდ დარჩენას არ გეგმავს და, სასამართლო პროცესების პარალელურად, საჯარო განცხადებებსაც გააკეთებს.

2016 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ალადაშვილი დანიშნა. ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია, მან განათლება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის სართაშორისო აკადემიაში მიიღო, 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში. თავისთავად, ასეთი კადრის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ გიორგი ალადაშვილს პოლიციის სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია, შესაბამისად, მისთვის ძნელი გასაკონტროლებელია, როგორ მართავენ და რა ხდება პოლიციის მთავარი სამმართველოს ქვედა რგოლებში. რეალურად კი სიტუაციას მისი ორი მოადგილე _ გოჩა კასრაძე და ალექსანდრე ბირთველიშვილი მართავენ.

გოჩა კასრაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს კადრების განკარგულებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მედიაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტი გავრცელდა. ადვოკატი მეხუთე განყოფილებაში სასტიკად მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა დუმილის უფლების გამოყენება არჩია. გიორგი მდინარაძეს ხელბორკილები დაადეს, ის იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ სტაციონარული მკურნალობაც დასჭირდა. გოჩა კასრაძე გაათავისუფლეს, ხოლო მეხუთე განყოფილების უფროსი, ლაშა კვირკვია, დააკავეს. გოჩა კასრაძე 2016 წლის დასაწყისში დააწინაურეს და გიორგი ალადაშვილის მოადგილე გახდა. სწორედ ეს სამეული: გოჩა კასრაძე, ალექსანდრე ბირთველიშვილი და მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი ელგუჯა ჯღარკავა მართავენ დღეს ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს. სამმართველოს ადმინისტრაციას კი სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, შალვა ნათენაძე ხელმძღვანელობს. შალვა ნათენაძე იური ვაზაგაშვილის იმ წერილშიცაა ნახსენები, რომელიც მან აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა. ამ წერილში იური ვაზაგაშვილი ამბობს, რომ შალვა ნათენაძე ამირან მესხელის ახლო ნათესავია. ნათენაძე „სოდის“ ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ და სწორედ ინტრიგების ხლართვით იყო გამორჩეული. მისი უშუალო ინიციატივით შს ორგანოებიდან არაერთი წესიერი თანამშრომელი დაითხოვეს, რომელიც ვანო მერაბიშვილის უკანონო დავალებებს არ ასრულებდა.

დღეს შალვა ნათენაძე ელგუჯა ჯღარკავას ნდობით აღჭურვილი პირი და მეგობარია, სწორედ მისი მეშვეობით ხდება თანამშრომლებზე ჭორების გავრცელება და მათი დადანაშაულება სხვადასხვა სახის ინტრიგაში.

საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მოტივით ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში კადრების ოპტიმიზაცია დაიწყო და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ საბაბით სამმართველოდან ყველა ის პირი მოიშორეს, რომელსაც ამ ოთხეულის საქმიანობის შესახებ  ინფორმაცია ჰქონდა. სამაგიეროდ, თანამდებობაზე დატოვეს ის ადამიანები, რომლებსაც ადგილზე პატრონები აღმოაჩნდათ. განთავისუფლებული თანამშრომლები დიდხანს ცდილობდნენ გიორგი ალადაშვილთან პირად კომუნიკაციას, მაგრამ ჰარვარდში განათლებულმა ქალაქის პირველმა პოლიციელმა საკუთარი თანამშრომლების მოსმენა არ ისურვა.

თბილისის პოლიციის სამმართველოში კადრების განყოფილება სრულად გააუქმეს, 30 უპატრონო თანამშრომელი სახლში გაუშვეს, გიორგი ალადაშვილის მძღოლის შვილი, ნელი მდივანი და კანცელარიის უფროსის, თამარ ბურთიკაშვილის მეგობრის შვილი, ლიზი ცერცვაძე, კანცელარიაში დაასაქმეს. ასევე სამსახურიდან გაუშვეს ნანა გვარამაძე და საფინანსო განყოფილება ჭიკაიძის ნათესავის ამარა დატოვეს, სამსახური შეინარჩუნა კანცელარიის უფროსის შვილმა ანა ასანიშვილმა. საერთოდ, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კანცელარიის უფროსი, თამარ ბურთიკაშვილი, ელგუჯა ჯღარკავას ნდობით აღჭურვილი პირი და მისი დის, ნინო ჯღარკავას მეგობარია. სწორედ კანცელარიის უფროსს ავალებდა ელგუჯა ჯღარკავა და ის, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა, რომ ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციისა და კანცელარიის თანამშრომლებს ნინო ჯღარკავას აგრესიული სტატუსები დაელაიქებინა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ თავად ნავთობისა და გაზის კორპორაციის პიარი ხშირად სტუმრობდა კანცელარიის უფროსს და რამდენჯერმე იმდენად მძიმედ დათვრა, რომ თავად ელგუჯა ჯღარკავას შერცხვა და თანამშრომლებს სთხოვა, მისი და პოლიციის სამმართველოს შენობიდან გაეყვანათ. ამავე წყარო ამბობს, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსს, ელგუჯა ჯღარკავას, ორი თანამშრომელი ჰყავს გამოყოფილი და ისინი მისი დის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. ერთი მათგანი შედარებით დაბალი ჩინის პოლიციელი, ირაკლი კალანდიაა, მეორე მათგანი კი განყოფილების უფროსი _ ზურაბ თოიძე. ეს უკანასკნელი კარგადაა ინფორმირებული ნინო ჯღარკავას გეგმების თაობაზე და ხშირად, ერთადაც ბჭობენ, ვინ და რა ფორმით უნდა გახდეს ჯღარკავას მხრიდან მორიგი დარტყმის ობიექტი. ამავე წყაროს ინფორმაციით, თავად ნავთობისა და გაზის კორპორაციის პიარს არაერთხელ უთქვამს პირად საუბრებში, რომ მას ფეისბუქზე აქტიურობისთვის, დამატებით, 2500 ლარს უხდიან. ამავე კორპორაციაშია დასაქმებული ნინო ჯღარკავას შვილი და მისივე ძმისშვილი, გიორგი ჯღარკავა. ეს უკანასკნელი გაზის სამსახურის სპეციალისტად მუშაობს და გასულ წელს შესრულებულ სამუშაოში გასამრჯელოდ 14 000 ლარი მიუღია.

თბილისის პოლიციის სამმართველოს კულუარებში ხშრად ამბობენ, რომ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი  თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, ამიტომ ის იძულებული იყო, თამაზაშვილის თხოვნა გაეთვალისწინებია და, შესაბამისად, დღემდე უწევს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის, ელგუჯა ჯღარკავას საქმიანობაზე თვალის დახუჭვა. სწორედ მინისტრის თანამდებობრივი გულგრილობის გამო შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ შეიმჩნია ის ფაქტი, რომ მთვრალმა ელგუჯა ჯღარკავამ სამსახურებრივი „პრადო“ დაამტვრია. ამავე წყარო ამბობს, რომ უბნის ინსპექტორების ერთ-ერთი მთავარი  ამოცანა პროსტიტუციის კერების გამოვლენა და ალაგმვაა, მაგრამ ამ მიმართულებით ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოში, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდნენ. მეტიც, წყაროს მტკიცებით, ელგუჯა ჯღარკავა სისტემატურად იღებს კანონით აკრძალულ ძვირადღირებულ საჩუქრებს, ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი მან ისანი-სამგორის პოლიციის შენობის უკან მდებარე ბორდელის მეპატრონისგან მიიღო 5000 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვის სახით. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჩემი სტატუსის მერე თამარ ყორღანაშვილი დამიკავშირდა და მაუწყა, რომ ჩემ წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს. ცხადია, ეს მისი უფლებაა, ჩვენი მხრივ კი უფლებას ვიტოვებთ, აღნიშნული ქალბატონის საქმიანობით კიდევ უფრო დეტალურად დავინტერესდეთ.

რადგან პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, ამავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში პოლიცია იშვიათად და, ისიც, მხოლოდ, ჩინური მასაჟის კლუბებს დასდევს, რადგან სხვა მსგავსი დაწესებულებებიდან სწორედ უბნის ინსპექტორების სამმართველოში მიდის  ყოველთვიური წილი. იგივე წყარო ამტკიცებს, რომ სწორედ ასეთმა „ბიზნესმენმა“ ქალბატონმა დაუფარა ელგუჯა ჯღარკავას დას ბინის კრედიტი.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს არის იმ მასალების მცირე ნაწილი, რომელიც პოლიციის სამმართველოდან განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა მოგვაწოდეს. „ქრონიკა+“, ცხადია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ ფაქტებს ასაჯაროებს. იმედს ვიტოვებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრესაში გამოქვეყნებული მასალების გამო, მინიმუმ, მოკვლევას მაინც ჩაატარებს. მეორე მხრივ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პროკურატურაში ჩემს დაბარებასა და დაკითხვას აანონსებს. აქვე ვაცხადებ, რომ მე, როგორც ჟურნალისტს, წყაროს გაუთქმელობის ვალდებულება მაქვს და ნებისმიერი დაკითხვის დროს კანონით მინიჭებულ ამ უფლებას გამოვიყენებ.

 

  1. S. თუ სტატიაში დასახელებული პირები გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას მოისურვებენ, ამის საშუალებას გაზეთის მომდევნო ნომერში მივცემთ.

 

ელისო კილაძე