პატრიარქმა მემკვიდრედ მამა გიორგი მამალაძე დაასახელა?

საქართველოს საპატრიარქოში სკანდალი გრძელდება. გამოძიება, ჯერჯერობით, მტკიცებულებებზე არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, ბრალდების ორი მოწმე _ ირაკლი მამალაძე და ირმა ჭკადუა _ გაუთქმელობის ხელწერილის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე საჯაროდ საუბრობენ.

„ქრონიკა+“-ს მამა გიორგი მამალაძის ნათლული, ოთარ მამარდაშვილი დაუკავშირდა და იმ ინფორმაციის გახმაურება ითხოვა, რომელიც მას ამ დღეებში სანდო წყარომ მიაწოდა:

_ ოთარ, დიდი ხანია, მამა გიორგის იცნობთ?

_ ძალიან დიდი ხანია, მამა გიორგის ვიცნობ, დაახლოებით, 2010 წლიდან. 2014 წელს ჩემი და მონათლა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა, ძალიან ხშირი, ოჯახებითაც ძალიან ახლოს ვიყავით, ხშირად ვკონტაქტობდით. მამა გიორგის დაკავების ამბავი ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ. მეტიც, ჩემი და ამბის მოსაკითხად მიწერას აპირებდა, სანამ დაკავების ამბავს გაიგებდა და როცა „რუსთავი 2“-ის მეშვეობით გავიგეთ, შოკში ჩავვარდით. ძნელად დასაჯერებელი იყო ის, რასაც აბრალებდნენ და რაც პროკურატურამ განაცხადა. მამა გიორგი არ არის ასეთი პიროვნება, ის სასულიერო პირია და მთელი მისი ცხოვრება ეკლესიას შესწირა. ზოგიერთი სასულიერო პირივით ფუფუნებაში არ ცხოვრობს. როდესაც ბათუმში ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა, მას ბინაც კი არ ჰქონდა, ნაქირავებში იყო… მეტიც, როცა მამა გიორგის მანქანა და ბინა აჩუქეს, გაყიდა და გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარა. ის სულ ამბობდა, რომ არ მაქვს უფლება, ფუფუნებაში ვიცხოვროო. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მამა გიორგისთან, ის ძალიან ხშირად მინახავს პატრიარქის გვერდით და ვიცი, თუ როგორ უყვარდა პატრიარქი. ხშირად უთქვამს, რომ პატრიარქს საკუთარ თავზე წინ ვაყენებო. მოკლედ რომ ვთქვა, აბსურდია ის, რასაც პროკურატურა ირაკლი მამალაძის ხელით აბრალებს.

_ ირაკლი მამალაძესაც იცნობთ?

_ ირაკლი მამალაძეს 2012 წლიდან ვიცნობ პირადად, როდესაც ის „ინფო-9“-ში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუროში მუშაობდა, შორიდან ვიცნობდი. მაშინ მე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვმუშაობდი, ძალიან კარგად მახსოვს მისი პროვოკაციული გამოხტომები საჯარო მოხელეების მიმართ, თუ როგორ ასრულებდა, ჯერ კიდევ, მაშინ, „ოცნების“ ნორჩი ჟურნალისტი, ირაკლი მამალაძე, „ქართული ოცნების“ დავალებებს და როგორ პროვოკაციებს გვიწყობდა საჯარო მოხელეებს. ამის შემდეგ ირაკლი მამალაძე 2014 წელს ვნახე კიდევ, როდესაც ერთ-ერთი პიროვნება ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. იგი მამა გიორგის მეგობარი იყო და ბათუმის მერად იყრიდა კენჭს…

_ ამ პიროვნების სახელი და გვარი შეგიძლიათ, რომ მითხრათ?

_ ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ, რადგან არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება, თუმცა მამა გიორგისთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და როცა მას ვესაუბრე, მითხრა, რომ აკვირდება,  მოვლენები როგორ განვითარდება. მეტსაც გეტყვით: ირაკლი მამალაძე მამა გიორგის რეკომენდაციით ჩამოვიდა ბათუმში, როგორც ჟურნალისტი და წინასაარჩევნო საქმიანობაში ჩაერთო. ირაკლი მამალაძეს იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამაოსთან, რომ მამა გიორგი ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლიაა. ისინი ნათესავები არიან და მამა გიორგი ირაკლის ძალიან ხშირად დაუდგა გვერდით, _ როცა საკუთარმა ნათესავებმაც გარიყეს, მას ლუკმას უნაწილებდა…

_ რატომ გარიყეს ირაკლი მამალაძე საკუთარმა ნათესავებმა, რამე საფუძველი აქვს ამას?

_ რა თქმა უნდა, ამას საფუძველი აქვს: მე როგორც ვიცი, ირაკლი მამალაძის ძმა უკრაინაში ცხოვრობს. მას ირაკლიმ უკრაინაში ჩააყვანინა თავი, თითქოს, დასასვენებლად. საკუთარ ძმას კამერებით დასდევდა, უღებდა და როცა საქართველოში დაბრუნდა, ძმას, ერთგვარი, შანტაჟი მოუწყო, _ თუკი ფინანსურად რაღაც თანხას არ გადმომირიცხავ, ამ კადრებს სოციალურ ქსელში დაგიდებო. აი, ასეთი რაღაცები ხშირად ახასიათებდა ირაკლი მამალაძეს და ასეთმა ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ძმაც კი გაწირა, მამა გიორგის პროვოკაცია მოუწყო, მისგან არაფერია გასაკვირი…

_ მამა გიორგიმ იცოდა ამ ფაქტის შესახებ?

_ შესაძლოა, იცოდა. ის ირაკლიზე ჩვენთან საუბარში ხშირად ამბობდა, _ არა უშავს, ადამიანები ვართ, ყველა ვუშვებთ შეცდომას, თუმცა უფლება არ გვაქვს, ვინმე გავრიყოთო. მეტიც, როცა ირაკლი მამალაძე ფინანსურად ძალიან რთულ პერიოდში იყო, მამა გიორგი ჩვენთან მოვიდა და თანხის აგროვება მოგვთხოვა, რომ მას ფინანსურად დავხმარებოდით, რათა  მდგომარეობიდან გამოსულიყო.

_ ამის მიუხედავად, ირაკლი მამალაძე ბრალდების მოწმეა, პირი, რომელმაც ჩაწერა და მამა გიორგი დაასმინა…

_ ვფიქრობ, ირაკლი მამალაძე პროკურატურის მორიგი პაიკია იმის გამო, რაც დღეს საპატრიარქოში ხდება. ხელისუფლება უხეშად ერევა საპატრიარქოს საქმიანობაში, აქედან გამომდინარე, როგორც უკვე ვთქვი, ირაკლი მამალაძე რიგითი პაიკია და პროკურატურა მას ამ საქმის შესათითხნად იყენებს მამა გიორგის წინააღმდეგ. არა მგონია, რაიმე მყარი მტკიცებულებები არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელ პროკურატურას გამოქვეყნებას ვერავინ დაასწრებდა, მით უმეტეს, ძალიან კარგად მახსოვს, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე როგორი სასაცილო ვიდეოები გამოაქვეყნეს, თითქოს რაღაც გრაფიკა და სქემები შეიმუშავეს.

_ ოთარ, გამორიცხავთ, რომ ირაკლი მამალაძეს, რომელიც ასე ახლოს იყო მამა გიორგისთან, გარკვეული ტიპის ჩანაწერები ჰქონდეს?

_ არ გამოვრიცხავ. ირაკლი მამალაძეს, ზოგადად, ახასიათებს, ადამიანები ჩაწეროს, მერე ის ჩანაწერი ისე ააწყოს, როგორც მას აწყობს, რაღაც სიმახინჯე გააკეთოს და გაავრცელოს. ასევე აბსურდულად მიმაჩნია ირაკლი მამალაძის ის განცხადება, თითქოს მამა გიორგი მას საპატრიარქოდან რაღაც ინფორმაციებს აწვდიდა, რომ შემდეგ პრესაში გავრცელებულიყო. მამა გიორგი არ არის ისეთი ადამიანი. თუკი რაიმეს თქმა უნდოდა, არ გაუჭირდებოდა,  საზოგადოებაში გამოსულიყო და სიმართლე პირდაპირ ეთქვა. ირაკლი მამალაძის ხელით ის ამას არ გააკეთებდა.

_ სკანდალურ ინფორმაციაზე ვსაუბრობდით, რომელიც ამ დღეებში თქვენ ერთ-ერთმა საერო პირმა მოგაწოდათ, რა ინფორმაციაა ეს და რას გულისხმობდით?

_ დიდი ხანია ვფიქრობდი, ეს ინფორმაცია გამეხმაურებინა თუ არა? რამდენიმე დღის წინ საერო პირი დამიკავშირდა, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან როდესაც შემხვდა, საუბარი იმით დაიწყო, რომ თუკი ჩემი სახელი და გვარი გამჟღავნდება, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებაო… თავიდან ამ პიროვნებამ შორენა თეთრუაშვილსა და მის ჯგუფზე დაიწყო საუბარი, რომელიც საპატრიარქოში უკვე კარგა ხანია, ჩაბუდებულია… მან მთხოვა, თუკი გარკვეულ ინფორმაციას მომცემდა, მის ვინაობას არ დავასახელებდი. რაც არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ. მან მითხრა, რომ პატრიარქმა ბერლინში წასვლამდე ანდერძი დაწერა, სადაც მამა გიორგი მამალაძე მის მემკვიდრედ იყო დასახელებული. სიმართლე გითხრათ, საერო პირისგან ამის დაჯერება ძალიან გამიჭირდა, მით უმეტეს, მასთან არცთუ ისე დიდი ხანი მისაუბრია. ამის შემდეგ შევეცადე, ინფორმაცია პირადად გადამემოწმებინა და გამერკვია. დავუკავშირდი სასულიერო პირს, რომელიც საპატრიარქოს საქმიანობაში ძალიან კარგად არის ჩახედული. მან თქვა, რომ საპატრიარქოში იმაზე საუბრობენ, რომ ეს ასე იყო. პატრიარქის ანდერძში მემკვიდრედ სწორედ გიორგი მამალაძე იყო დასახელებული. ანდერძი გაქრა, სამაგიეროდ, მამა გიორგის ციანიდის პროვოკაცია მოუწყვეს.

_ ოთარ, რამდენად სანდოა თქვენი წყარო? არის თუ არა ის მაღალი იერარქიის წარმომადგენელი, ვისთანაც მამა გიორგიზე ეს ინფორმაცია გადაამოწმეთ?

_ სანდოა… ასევე შეხვედრა მქონდა მამა გიორგის ერთ-ერთ ნათესავთან. მას ძალიან გაუკვირდა, როცა ერთი სასაუბრო თემა აღმოგვაჩნდა და მანაც დამიდასტურა, რომ მისი წყაროსგანაც იყო ეს ინფორმაცია.

_ როგორ ფიქრობთ, მამა გიორგიმ იცოდა პატრიარქის ანდერძის შესახებ?

_ ვფიქრობ, რომ მამა გიორგიმ ეს არ იცოდა. ამავე წყაროსგან გავიგე, რომ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე დაკარგულია და არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქმეც ამ ამბავს უკავშირდებოდეს.

_ ანუ ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, პირდაპირ ჩანს კვალი, რომ მამა გიორგის საქმის შეთითხნაში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო სასულიერო პირებმა, არამედ იმ პირებმაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, პატრიარქის მემკვიდრე გახდეს, მაგალითად, მეუფე იაკობი?

_ კი… ასევე მინდა, დავამატო, რომ მამა გიორგი ერთი წელია, საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს. მან ძალიან ბევრი რამ გამოიკვლია ისეთი, რაც, ალბათ, ხელისუფლებასაც არ აწყობდა. არ ვიცი, რა არის ეს, მაგრამ მისი წერილიდან, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა, მკაფიოდ ჩანს, რომ მან პატრიარქს არაერთხელ მისწერა დარღვევების შესახებ. მჯერა, რომ მამა გიორგიმ საპატრიარქოში ძალიან სკანდალური რაღაც იპოვა, რისი გახმაურებაც არ სურდა არც ხელისუფლებას და არც სასულიერო პირებს, რადგან ერთმანეთში საერთო აქვთ, სავარაუდოდ, ეს არის ბიზნესინტერესები…

_ არა მარტო ბიზნესინტერესები, არამედ პოლიტიკური ინტერესებიც… ამ ფონზე, რამდენად არის დაცული მამა გიორგი საპყრობილეში და ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე?

_ მამა გიორგი არ არის ისეთი პიროვნება, ადვოკატები ტყუილად  დაებარებინა, მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა მოეთხოვა. სამწუხაროდ, პროკურატურას დღეს ეს უკვე ადარდებს, თითქოს შოთაძემ ცხელ კვალზე გახსნა საქმე. რეალურად, ყველა შეცდომაში შეიყვანა და სახელისუფლებო მაღალი რანგის პირებმა უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიეს. სულელური განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მით უმეტეს, როცა მამა გიორგის საავადმყოფოში გადაყვანის ამბავი გავიგეთ, მე და ჩემი და მთელი ღამის განმავლობაში იქ ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებიც წავიდნენ… ადვოკატმა საუბარში აღნიშნა, _ მამა გიორგიმ თქვა, ძალიან კარგად ვარ და შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთო. ჩემთვის ეს გაუგონარი იყო, მით უმეტეს, გაუგონარი იყო, როცა ერთ-ერთ პიროვნებას, მამა გიორგის სულიერ შვილსაც ვკითხე, რატომ არის მამა გიორგი გადმოყვანილი-მეთქი? მან მიპასუხა, რომ მაღალი სიცხის გამოო… აბსურდია, მაღალი სიცხის გამო გადმოიყვანო ადამიანი ჩაფიძის გულის კლინიკაში. ამის შემდეგ მე და ჩემმა დამ ფოიეში გადავინაცვლეთ, ამ დროს მთავარი ექიმი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ჩემი და ექიმთან მივიდა. ექიმმა კამერების მიღმა სულ სხვა რაღაც უთხრა, რომ ეს იყო ინფარქტის ნიშნები, რის გამოც მამა გიორგი საავადმყოფოში გადამოიყვანეს. მას 2012 წელს გულის ძალიან მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. მეეჭვება, რომ ის კარგ მდგომარეობაში იყოს. ვფიქრობ, ის ინფორმაცია, რაც მე ვთქვი, თუკი ასი პროცენტით მართალია, პროკურატურა მასზე ზეწოლას შეეცდება, რომ მამა გიორგიმ ჩვენება შეცვალოს, ან შეწყალება ითხოვოს

_ ოთარ, როცა თქვენ იქ ღამე გაათიეთ, რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ?

_ საეჭვო იყო ის, როცა შემთხვევით მორიგე ექიმის საუბარი მოვისმინე. მან შემდეგ მორიგე ექიმს დაუბარა, _ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მეშინია, რაიმე არ დაემართოს, მთელი ღამის განმავლობაში წამლების ზემოქმედების ქვეშ იყოსო… ეს რომ მოვისმინე, ვიფიქრე, სხვა პაციენტზე საუბრობდა, თუმცა როცა ექიმმა თქვა, რომ არ შეიძლება მისი ციხეში გადაყვანა, დავრწმუნდი, მამა გიორგიზე საუბრობდა. ეს ეჭვი იმანაც გაამყარა, რომ როცა პაციენტი ძალიან კარგად არის, ისევ ეტლით და სასწრაფოს მანქანით ციხეში არ გადაჰყავთ. ვფიქრობ, მისი მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა. მით უმეტეს, როდესაც ასეთ აბსურდულ რაღაცას გაბრალებენ. ყველაზე მეტად გამიკვირდა ირაკლი მამალაძის დაჟინებული საუბარი იმაზე, რომ პატრიარქი გადავარჩინე მოწამვლასო, შემდეგ პროკურატურა გამოვიდა. ბოლოს გაირკვა, რომ საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილის მოწამვლაზე.

_ თქვენ კარგად იცნობთ მამა გიორგის და გამორიცხავთ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდეს და ზეწოლის შედეგად დანაშაული აღიაროს?

_ დარწმუნებული ვარ, ის არ აღიარებს დანაშაულს, მიუხედავად ზეწოლისა. მას ვიცნობ, როგორც სიმართლის მხარეს მებრძოლ ადამიანს და ის გაუძლებს ზეწოლას. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მასზე აუცილებლად განხორციელდება ზეწოლა და ასევე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მამა გიორგი სიმართლეს იტყვის, თუ რა მოხდა რეალურად.

 

ელისო კილაძე