მთავარი პოლიტიკა კარსტული მღვიმე, მცოცავი მიწები და შეშინებული მოსახლეობა!

კარსტული მღვიმე, მცოცავი მიწები და შეშინებული მოსახლეობა!

1404
0
გაზიარება

ქუთაისში, გორის დასახლებაში, მეველის ქუჩაზე მცხოვრები 30-მდე ოჯახი თანდათან ბარისკენ მოიწევს. მიზეზი მცოცავი ქანებია, რომლის გამოც სახლების დიდი ნაწილი უკვე ავარიულია. თავის მხრივ, მოსახლეობა შექმნილ პრობლემას კარსტულ მღვიმეს უკავშირებს, რომლის შესასვლელიც, უშუალოდ, დასახლებაში, რამდენიმე ოჯახის ეზოში მდებარეობს.

მიწაში არსებული საკმაოდ ფართო დიამეტრის ხვრელი არა მხოლოდ შენობა-ნაგებობებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც საფრთხის შემცველია. ადგილობრივებს, განსაკუთრებით, ბავშვების გამო ეშინიათ და მათ ტერიტორიაზე გადაადგილებას ერიდებიან.

ქუთაისის რამდენიმე დასახლება კარსტული მღვიმეების თავზე რომ მდებარეობს, ამის შესახებ ყველამ იცის. მართალია, ჯერჯერობით, შეუსწავლელია, თუ რა ხდება მიწის ქვეშეთში, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ, დარბაზების გარდა, იქ მდინარეებიც იყოს. ვიდრე ამ ყველაფერს შეისწავლიდნენ და დაადასტურებდნენ, მანამდე მეველის ქუჩის მცხოვრებლები შველას ითხოვენ. მათი აზრით, აუცილებელია სპეციალისტების ჩარევა და იმის გარკვევა, რამდენად უსაფრთხოა მღვიმის თავზე ცხოვრება, რომელიც კონკრეტული დასახლების შემთხვევაში ნიადაგის მოძრაობის მიზეზი ხდება და რომლის დიამეტრიც წლების განმავლობაში ფართოვდება.

 

ზურაბ გორდაძე _ დასახლების მკვიდრი:

„დაძინების მეშინია, დილით გავიღვიძებ თუ არა, არ ვიცი. ნებისმიერ დროს შეიძლება, ათობით სახლი მცოცავმა მიწამ წაიღოს. დანევროზებული ვცხოვრობთ. იქნებ, ვინმე დაგვეხმაროს. მერიიდან ბევრჯერ მოვიდნენ, ფოტოები გადაუღეს და წავიდნენ. არავინ გვეუბნება, საშიშროება გველოდება თუ _ არა. თუ მდგომარეობა დროულად არ შეისწავლეს, შესაძლებელია, უბედური შემთხვევაც დატრიალდეს. ნიადაგი განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის დროს ცოცავს“.

 

ლამარა ბოგვერაძე _ დასახლების მკვიდრი:

„მერიას დახმარებისთვის რამდენჯერმე მივმართეთ. გვპირდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, რაფერს აკეთებენ. გაგვარკვიონ, რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება, რა ელოდება ჩვენს სახლებს? თუ არის შესაძლებელი მღვიმის შესასვლელის ისე გამაგრება, რომ მეწყერი შეჩერდეს, მაშინ გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია“.

 

მალხაზ ბასილაძე _ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი:

_ ქანების ცოცვა იქ არსებული ე. წ. სასულეების გამო ხდება, რომელიც, ჯერჯერობით, ვერ გაუქმდება, რადგან წყლის დაგუბების გამო შესაძლებელია, უკუშედეგიც კი მივიღოთ. დასახლებაში, რომელიც ჩავარდნილ ადგილზეა განთავსებული, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, მიმდინარე წელს საკანალიზაციო ქსელის მოწყობა იგეგმება, რომლის შემდეგაც პრობლემა, საბოლოოდ, აღმოიფხვრება. ბუნებრივია, კანალიზაციის არარსებობა დასახლების მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ამ საკითხის მოგვარებას ისინი წლებია, ელოდებიან, მაგრამ ეშინიათ, რომ მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარებით ნიადაგის ცოცვა შეიძლება, არ შეჩერდეს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა ტერიტორიის კომპლექსურ შესწავლას და შესაბამის დასკვნას ითხოვს.

 

ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობა რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მოსახლეობა საკუთარი ძალითაც ცდილობდა პრობლემის გადაჭრას, _ ის წლების განმავლობაში მღვიმის შესასვლელს სამშენებლო ნარჩენებით და მიწით ავსებდა, რომ ნაიდაგის მოძრაობა ამით მაინც შეჩერებულიყო, მაგრამ უშედეგოდ. მღვიმე მოკლე ხანში ყლაპავდა მასში მოხვედრილ ნებისმიერ საგანს და სადღაც სიღრმეში გაურკვეველი მიმართულებით აუჩინარებდა.

 

თემურ ცამციშვილი _ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ გორის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ხელისუფლებას გადაუდებელი ღონისძიებების გატარებისკენ, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ მოვუწოდეთ. არსებობს დასკვნა და რეკომენდაცია, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია. ქალაქის ხელისუფლება არ რეაგირებს და მოსახლეობა ბედის ანაბარად მიატოვა. წაყრუება, შესაძლებელია, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს! მერიის მაღალჩინოსნებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ.

 

ვიდრე კანალიზაციის მშენებლობა დაიწყება, ან სხვა სახის აქტივობა განხორციელდება, დასახლების მცხოვრებლები მუდმივი სტრესის ქვეშ არიან. მათ არ იციან, როდის დააღებს მიწა პირს! შეუსწავლელი კარსტული მღვიმე, შესაძლებელია, იმდენად მიმზიდველიც აღმოჩნდეს, რომ ტურისტული თვალსაზრისით დიდი დაინტერესება გამოიწვიოს, დღეს კი გორის დასახლების მცხოვრებლებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, პრობლემას ქმნის.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე

 

 

დატოვეთ კომენტარი