ჯონი კვარაცხელია: „აფხაზეთის მთავრობამ, დევნილების ხარჯზე, დიმიტრი ჯაიანს სახოტბო წიგნი მიუძღვნა!“

„აფხაზთა კრება“ აფხაზეთის ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება აფხაზეთის მთავრობის წევრის, დიმიტრი ჯაიანის 66 წლის აღსანიშნავად გამოცემულ წიგნს, რომელშიც ბიუჯეტიდან 4500 ლარი დაიხარჯა.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრებაში“ შემავალი ორგანიზაცია „ლაზარეს“ ხელმძღვანელი, ჯონი კვარაცხელია:

_ იმ დროს, როცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დევნილთა სამინისტროს სახით, დევნილებს სიურპრიზებს უმზადებს, არ დააყოვნა აფხაზეთის მთავრობამაც და მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა _ საიუბილეო წიგნი გამოსცა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის წევრს, განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმიტრი ჯაიანს ეძღვნება. ჯერ ის არის საინტერესო, რატომაა 66 წელი საიუბილეო?! ეს წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და რაც მთავარია, მის დაბეჭდვაში აფხაზეთის ხელისუფლებამ ფული გადაიხადა, საუბარია ბიუჯეტის თანხაზე _ 4500 ლარზე. როდესაც ამ საკითხზე პასუხი მოვითხოვეთ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ უარყო, რომ ფული ბიუჯეტიდან დაიხარჯა, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, ან ყოლბაიას ნდობა როგორ შეიძლება, რადგან ის ყოველთვის ტყუის! როდესაც ამ წიგნის არსებობის შესახებ ინფორმაცია გავიგეთ, ძლივს მოვიძიეთ, ხომ არ გგონიათ, ხელმისაწვდომია. გადავშალეთ წიგნი და საოცრება ვნახეთ _ სსრ კავშირის დროსაც კი არ მახსოვს, მსგავსი ხოტბა-დიდება შეესხათ მინისტრებისთვის და თან წიგნები გამოეცათ. ალბათ, ეს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში თუ მოხდებოდა. როგორც ჩანს, მოსწრებაზე არიან, რომ რასაც შეძლებენ, დევნილებს წაგლიჯონ, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი პირადი საქმეები აკეთონ და ეს ფაქტიც ერთ-ერთი ამის დასტურია. ამ წიგნში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მინისტრი კაცი ხოტბა-დიდებას ასხამს „კანონიერ ქურდებს“. წერს, რომ სოხუმი იყო ქურდული მენტალიტეტის ქალაქი, მეც დიდ პატივს ვცემდი ქურდებს და „მერსედესიც“ კი მაჩუქესო. სოხუმიდან რომ წამოვედი, არაფერი მებადა და აქაც პატივი მცესო. ამავე წიგნში დაბეჭდილია ვახტანგ ყოლბაიას სიტყვები ლექსად და მოკლედ, ერთმანეთის ქება-დიდებაში არიან. ძალიან სამარცხვინოა! როგორც გითხარით, ამ წიგნის ერთი ეგზემპლარი ძლივს მოვიპოვეთ და ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, მით უმეტეს, დევნილებმა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობისგან ვერანაირ სიკეთეს ვერ იღებენ! ეს არის ყოვლად გაუგონარი ფაქტი! ყურადღებას თუ არ მივაქცევთ იმ ფაქტებს, რა გაუკეთეს წინა წლებში დევნილებს, აგერ, ერთი კვირის წინ როგორი სიურპრიზი მოგვიმზადა სუბარის სამინისტრომ და ახლა, _ ეს! მოკლედ, სიახლეებს არ გვაკლებენ და ყველაფერს აკეთებენ იმის გარდა, რაც ევალებათ! ეს იმ დროს, როდესაც დევნილი საზოგადოება უკიდურესად გაღიზიანებულია. ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს?! დევნილები ძალიან შეწუხებულები არიან და იმ მინუსებს, რაც აფხაზეთის მთავრობას აქვს, ახლა ამ წიგნის გამოცემა დაემატა. წარმოიდგინეთ, ამ წიგნის გამოცემის საფასურად რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. ახლახან გავიგეთ, რომ სოხუმის თეატრიდან თანამშრომლები იმის გამო დაითხოვეს, რომ ხელფასს ვერ უხდიან. ხომ შეიძლებოდა, ამ თანხით რამდენიმე მსახიობისთვის ხელფასი გადაეხადათ?! ძალიან ბევრი დევნილი სტუდენტი გვყავს, რომელთაც სტატუსი იმის გამო შეუჩერდათ, რომ საშუალება არ აქვთ და სწავლის ქირას ვერ იხდიან, ძალიან ბევრმა აკადემიური აიღო და განათლების მიღებას ვერ ახერხებს. ამაში ხომ მაინც შეიძლებოდა ფულის ჩადება და არა იმაში, რომ დიმა ჯაიანის სახოტბო წიგნი გამოცემულიყო. სერგო ზაქარიაძეს და სხვა დიდ მსახიობებს არ ღირსებიათ ასეთი მაღალი პოლიგრაფიული დონის წიგნი, როგორც ეს არის. საინტერესოა, რა დამსახურებისთვის?!

_ „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს ძალიან ხმაურიანი შეხვედრა გქონდათ პარლამენტში…

_ დიახ, პარლამენტში ერთ-ერთმა კომიტეტმა მიგვიწვია, სადაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო. ამ პროგრამამ გვიჩვენა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება საერთოდ რეალობას არის მოწყვეტილი, ავდექით და ცენტრალურ ხელისუფლებას გავაგებინეთ, რამაც ჩვენი მთავრობა გააღიზიანა. მერე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ სუბარის უწყება დევნილებთან არასწორად იქცევა. როდესაც ძალიან გაუჭირდათ და დევნილებმა შეაწუხეს, იძულებული გახდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას ეთქვა, რომ დევნილთა მიმართ არასწორი მიდგომაა, დახვეწასა და გაშალაშინებას საჭიროებსო. რამდენიმე დღის წინ კი თქვა, რომ აფხაზეთიდან ყველა დევნილი 4-5 წლის მანძილზე საცხოვრებელს მიიღებსო. რის საფუძველზე აკეთებს ასეთ განცხადებას, არ ვიცით. ჯერ ერთი, მათ ფუნქციაში არ შედის ბინით ჩვენი დაკმაყოფილება და მეორე _ ვინ დააკვალიანა, ვინ შეჰპირდა გვაზავას, რომ 4-5 წელიწადი კიდევ ესენი იქნებიან ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები?! არ მივცემთ ამის უფლებას, 4-5 წელიწადი კი არა, ამ წელსვე უნდა მოვაშოროთ ესენი დევნილების წარმომადგენლობისგან! ისინი არ არიან დევნილები, დევნილების მტრები არიან და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ! ახლა თითქოს ცდილობენ, რომ დევნილების გული მოიგონ, მაგრამ უკვე გვიანია! 45-ლარიანი შემწეობის გაუქმებაზე რომ ავტეხეთ ერთი ამბავი, დევნილთა სამინისტრომ თითქოს უკან დაიხია, აცხადებენ, ეს არ არის საბოლოო ვარიანტიო, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა, არათუ საბოლოო ვარიანტი, საერთოდ აიღონ ხელი ამ დოკუმენტზე! ეს საკითხი აღარ უნდა განიხილებოდეს, რადგან თითოეული დეტალი, რაც გაწერილია და რაც ამ დოკუმენტში განიხილება, დევნილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დევნილების დაყოფა ფულიანებად და უფულოებად, ხან ამბობენ, დევნილი საზოგადოება სხვა საზოგადოებასთან ინტეგრირებულიაო, ხან, ნაწილს შემწეობას გავუორმაგებთო. როგორც ჩანს, სამინისტროს მესვეურებს არც განათლება ჰყოფნით და არც სურვილი, რომ დევნილის შემწეობის სამართლებრივი ბუნება გაიგონ. სახელმწიფო დევნილს შემწეობას უხდის სამი უმთავრესი სასიცოცხლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო: არ დაიცვა აფხაზეთსა და ცხინვალში მათი სიცოცხლე და საკუთრება; არ უზრუნველყო მათი ღირსეული არსებობა დევნილობისას; და არ აბრუნებს უკან. ასე წერია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის ერთ-ერთ ძველ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში და ამას იმეორებს ევროპული სასამართლოც 2010 წელს, როდესაც „დევნილთა კანონში“ დღეს არსებული, სახელმწიფოს ვალდებულებები მიიჩნია სანაქებოდ. დევნილის შემწეობა გაიცემა სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის სანაცვლოდ და არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ დევნილი არაადამიანური ძალისხმევით შრომით და ჯაფით მოიპოვებს პურს არსობისას. გარდა ამისა, ჩვენმა ჩინოსნებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლებრივი აქტით, სახელმწიფოები ვალდებულები არიან, გააუმჯობესონ და განავითარონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და არა შეკვეცონ, შეამცირონ უკვე გაღებული სიკეთეები. საკუთარ ხელფასებს, პრემიებს, ტენდერებით, ხაზინის ქურდობის სხვა საშუალებებით, გაფლანგვებით მიღებულ შემოსავლებს მოაკლონ ეს მილიონები. ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება და არავინ იფიქრებს ყველაზე გაჭირვებული და დაუცველი სოციალური ფენისთვის უკანასკნელი ლუკმის წართმევაზე. ხსენებული პროექტიდან ერთ ციტატასაც მოვიყვან: „რადგანაც დევნილის სტატუსის ქონა დევნილთა შემწეობის მიღების წინაპირობაა, ეს სისტემა გარკვეულ წამახალისებელ ფაქტორსაც წარმოადგენს იმისთვის, რომ დევნილებმა რეგისტრაცია გაიარონ. თუ დევნილთა შემწეობის წინაპირობა დევნილის სტატუსი აღარ იქნება, მაშინ მოსალოდნელია, რომ დევნილთა ნაწილმა რეგისტრაცია აღარ გაიაროს“. აი, სად უნდა ვეძებოთ ძაღლის თავი!

_ რას გულისხმობთ?

_ ამ „ნოვაციების“ საბოლოო სამიზნე არის დევნილის სტატუსი, მათ შორის, უპირველესად, დევნილების სურვილით მისი გაუქმება, ისევე როგორც ოკუპაციის კანონისა და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მტრისთვის უკვე იურიდიულად მშვიდად გადაცემა. პროცესი ნელ-ნელა იქითკენ მიდის, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ოფიციალურად აღარ ეყოლება დევნილები. როდესაც დევნილები არ ჰყავს, ე. ი. არც ოკუპირებული ტერიტორიები აქვს. ფაქტობრივად, ამ მხრივ, რუსეთს ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ყველა მხრიდან უტევენ ოკუპაციის თემას და ლოიალურები ხდებიან რუსეთის მიმართ. თავის დროზე, ემზარ კვიციანმა დაიწყო ლაპარაკი ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილებაზე, რამდენიმე დღის წინ ქუცნაშვილმა თქვა, რომ განსაკუთრებული სტატუსი უნდა მივანიჭოთო. ოკუპირებულ  ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების „გაპრავება სურთ“!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმიტრი ჯაიანს დაუკავშირდა:

– მე ეს წიგნი არ გამომიშვია, ჩემზე წიგნი გამოუშვა თეატრმა. ჩემზე წიგნი დაგვიანებულია, ჩემზე მე-10 წიგნი უნდა გამოდიოდეს უკვე. მე ვარ საქართველოს სახალხო არტისტი, თანაც წლოვანებით ყველაზე პატარა, 38 წლისამ მივიღე ეს წოდება. მე ვარ ძალიან ცნობილი და ძლიერი მსახიობი. მე ვარ უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი. იცით, რისთვის მომცეს? უკრაინის პრეზიდენტმა იცით, რისთვის მომცა ეს პრემია, როგორც აქ ღირსების ორდენია?

– წიგნის გამოცემა ვინ დააფინანსა, ამას გეკითხებით?

– თეატრმა დააფინანსა, გამსახურდიას თეატრმა გამოუშვა, როგორ უშვებენ მეღვინეთუხუცესის შესახებ წიგნს…

– სოხუმის თეატრი ხომ ბიუჯეტიდან ფინანსდება?

– მერე რა, აბა, როგორ უნდა გამოუშვა წიგნი? სოხუმის თეატრს შეუსრულდა 65 წელი, რომელიც არ აღინიშნა. დიმა ჯაიანი იყო 45, 50, 60 წლის, 65 შეუსრულდა და არ აღუნიშნავთ ეს იუბილე. ჩემი რანგის მსახიობები კი არა, ერთელ რომ უთამაშიათ ისინი იხდიან იუბილეებს, მე არ ვიხდი, ვთვლი, რომ სანამ სოხუმში არ დავბრუნდებით, არ გადავიხდი არცერთ იუბილეს. ჩემზე, სახალხო არტისტზე, ამ თეატრის გადამრჩენელზე გამოსცეს ეს წიგნი. ამდენი ჩემ თავზე არასოდეს მილაპარაკია, როცა მოვკვდები, ჩემ საქმეებს მერე გაიხსენებს ერი, დიდი საქმეები მაქვს გაკეთებული, 18 წელი თეატრი გადავარჩინე. ამ გადამრჩენელზე გამოუშვეს წიგნი, შეუკვეთეს მერაბ გეგიას, მე ეს სრულებით არ ვიცოდი და გამოუშვეს ბრწყინვალე წიგნი. მალხაზ პატარაიამ („აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი ავტ.) არ იცის მე ვინ ვარ? რომ იცოდეთ, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც არტისტზე წიგნი გამოვიდა და გააპტოტესტეს, არ ახსოვს ეს ქართული თეატრის ისტორიას!

 

თამარ ბატიაშვილი