როგორ მიითვისა ქონება მუხრან ბაგრატიონმა და რა კავშირი აქვს ამ საქმეს ალექსანდრე ჭიკაიძესთან?!

დედაქალაქის მკვიდრი გიორგი ომიაძე, ისანი-სამგორის გამგებლის მამას, მუხრან ბაგრატიონს მისი ქონების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

„ქრონიკა+“-თან ომიაძე ამ საქმის სკანდალურ დეტალებსაც ამხელს:

_ 2006 წლის 3 ნოემბერს, მერიის აუქციონზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შევიძინე, რისთვისაც სოლიდური თანხა გადავიხადე. ამავე პერიოდში გავასხვისე 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შპს „ოლიმპიურ ვარსკვლავზე“ და მიწის შესყიდვის დროს მერიაში გადახდილი მიწის ნაკვეთის ღირებულება დავფარე. დავიტოვე 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომ მშენებლობა მეწარმოებინა. ასევე მოვილაპარაკე ინვესტორებთან და აღნიშნულ ფართში ბინათმესაკუთრეებად შემოვიყვანე, რომ მათი დახმარებით, შემდგომში, რაიმე ტიპის კომერციული სავაჭრო ცენტრი ამეშენებინა. ამ დროისთვის მთელი მიმდებარე ტერიტორია, სხვადასხვა მოწილესთან ერთად, მუხრან ბაგრატიონს ჰქონდა ათვისებული. იმ პერიოდში ვმეგობრობდი მუხრან ბაგრატიონთან და მის ბიზნესპარტნიორ თამაზ გოგიასთან. ისინი დიდ სავაჭრო ცენტრს აშენებდნენ. თამაზ გოგიამ დამირეკა და მთხოვა, რომ მათთან ბაზრობაზე მივსულიყავი, რადგან მას და მუხრან ბაგრატიონს ჩემთან საქმიანი საუბარი სურდათ. დათქმულ დროს ერთმანეთს შევხვდით. მითხრეს, რომ მშენებლობისთვის ორი თვით რაღაც თანხის მობილიზება სჭირდებოდათ და თავიანთი ქონების ხარჯზე ბანკიდან სესხის აღებას აპირებდნენ, მაგრამ ქონება არ ჰყოფნიდათ და მთხოვეს, ჩემი მიწის ნაკვეთით დავხმარებოდი, _ ეს ნაკვეთი მათ ქონებასთან ერთად უნდა ჩამედო ბანკში, რომელიც იპოთეკით დაიტვირთებოდა და ორ თვეში გამომითავისუფლებდნენ.

_ ამ გარიგებიდან თქვენი სარგებელი რა იყო?

_ ჩემი სარგებელი ის იყო, რომ გამოთავისუფლების შემდეგ მათ საკუთრებაში არსებულ იგივე რაოდენობის ფართზე გადამიცვლიდნენ, რომელიც კომერციული თვალსაზრისით ჩემთვის უფრო მომგებიანი იყო. მათი ნაკვეთი ტრასის პირას მდებარეობდა, ჩემი კი ცოტა მოშორებით იყო. დავთანხმდი, მაგრამ ორი დღე მოვითხოვე, რომ თანამესაკუთრეებს დავლაპარაკებოდი. ჩემი თანამესაკუთრეები ამ წინადადებაზე არ დამთანხმდნენ იმ მიზეზით, რომ ისინი მუხრან ბაგრატიონს არ ენდობოდნენ, ამიტომ ამ სამ კაცს, თითოეულს, 75 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მივეცი ორთაჭალაში მშენებარე კორპუსში და ჩემი ნაკვეთის წილიდან გავიყვანე. ამის შემდეგ ბაგრატიონსა და გოგიას შევხვდი, ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი, ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებით სამომავლო შეთანხმება გაგვეფორმებინა. ხელშეკრულება გავაფორმეთ, სადაც ბაგრატიონი, როგორც შპს „მურთაზ ხურცილავას სახელობის ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო სკოლა ჩემპიონი-2004“-ის გენერალური დირექტორი, ვალდებულებას იღებდა მიწის ნაკვეთის გაცვლასთან დაკავშირებით (შემდეგ ამ ხელშეკრულების ორიგინალი ვითომ შემთხვევით დაიკარგა მაშინდელ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან. დაიკარგა იმიტომ, რომ ბაგრატიონის მიმართ ხელმოსაკიდი არაფერი დამრჩენოდა). ამის შემდეგ ნოტარიუსში წავედით და მათ სასარგებლოდ, მათ ქონებასთან ერთად, ჩემი ქონებაც იპოთეკით დაიტვირთა. შემდგომში გაირკვა, რომ მთლიან ქონებაზე 5 მილიონი აშშ დოლარი გამოუტანიათ, მათ შორის, ჩემს ქონებაზე 780 000 აშშ დოლარი და ეს ქონება ბანკს შეატოვეს. ამის მერე დაიწყო, _ დღეს მოგცემთ ფულს, ხვალ მოგცემთ და ა. შ. 2009 წელს, ჩემს მეგობართან ერთად, ბათუმის ქუჩის #5-ში, ბაგრატიონის ოფისში მივედით. ის ოფისში სხვა დამფუძნებლებთან ერთად იმყოფებოდა, ამბობდა, რომ საქმე ჩაუვარდათ და 6 თვის შემდეგ გადამიხდიდნენ თანხას, მაგრამ „მოწყალებას“ დღესაც ველოდები.

_ ჭიკაიძე რა შუაში იყო, რატომ დაიკარგა დოკუმენტი?

_ მაშინდელ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ბიძა, ზაზა ხიდეშელი, ჩემი სკოლელი იყო და კარგად ვიცნობ, ფულის ამოღებაში დახმარება ვთხოვე. შეთანხმებულები ვიყავით, რომ თუ თანხას ამომაღებინებდა, ნახევარს მივცემდი. მინისტრ ჭიკაიძესთან უშუალოდ არ მისაუბრია, მესამე პირი ვარ და ყველაფერს ბიძამისი გადმომცემდა, ამიტომ ჭიკაიძეს ხელს ვერ დავადებ, ფაქტებს მოგიყვებით, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს და აზრი თავად გამოიტანეთ: ჩვენს ყველა საუბარს მოწმეები ჰყავს და ასევე არსებობს აუდიოჩანაწერები. როგორც გითხარით, ხიდეშელს ფულის ინტერესი ჰქონდა და ამ საკითხზე ჭიკაიძეს ესაუბრებოდა. საკუთარი თვალით ვნახე მესიჯები, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით თავის ბიძას სწერდა. თუმცა, ბოლოს, ჭიკაიძე ჩვენიანი კი არა, იმისიანი აღმოჩნდა. ხიდეშელი სულ მეუბნებოდა, რომ ლექსო ბაგრატიონს შეხვდა, იქ ვიყავით, აქ ვიყავით, ბაგრატიონთან ერთად არასამთავრობო ვიზიტით ისრაელში ვიყავითო, რომ ჩამოვიდოდა, მერე მესიჯებს სწერდა ბიძამისს და ესეც გვანახებდა, _ ზაზულ, ერთ საათში დაგირეკავ, ფულს ერთ საათში მოვატანინებ, გამოდი და წაიღეო… ასე გრძელდებოდა უსასრულოდ, ანუ სულ კარგად იყავითო…

_ ბოლოს, ჭიკაიძის ბიძაც ბაგრატიონს შეეკრა?

_ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ შენობა, რომლის პროექტიც მერიამ ბაგრატიონს დაუმტკიცა, ზაზასგან ვიცი, რომ ლექსოს მისთვის უთქვამს, _ ამაში ბაგრატიონმა 3 მილიონი უნდა გადაგვიხადოსო. 3 მილიონში შედიოდა ჩვენი ფულიც. დღეს ის შენობა გახსნილია და მუშაობს. ე. წ. ოქროს ბირჟაზეა ლაპარაკი, სადაც „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრე ხალხის გადაყვანა უნდოდა. ვერ აამუშავა, დაკომპლექტება სჭირდებოდა და ამიტომ ეხვეწებოდა ამ ხალხს, რომ იქ გადასულიყვნენ. საჯარო რეესტრის ამონაწერებში ყველაფერი ჩანს: 2014 წელს, იმ პერიოდში აქვს დარეგისტრირებული, როდესაც ჩვენ თანხებს ველოდებოდით. კიდევ გეუბნებით, არ მაქვს უფლება, რომ ჭიკაიძის მისამართით ვილაპარაკო, რადგან პირადად შეხება არ მქონია, ბიძამისი გვეუბნებოდა, _ ასე მითხრა ლექსომ, ასე ვქნათ, ეს ფული მოგივათ, დაწყნარდითო და ა. შ. საბოლოო ჯამში, ის მივიღე, რომ ბინა დავკარგე, ახლა მეორე ბინას ვკარგავ და ასეთ დღეში აღმოვჩნდი… ბოლოს, ზაზა ხიდეშელის სიტყვებს მოგიყვანთ: ლექსომ მითხრა, ბაგრატიონმა ბიძინა ივანიშვილი ჩართო საქმეში და ამიტომ ვერ მოვატანინე ფულიო. ესეც მორიგი ფარსი იყო, ყველა ამ საუბარს მოწმეები ჰყავს. ზაზა ასევე ამბობდა, რომ ლექსოს დისთვის ბინა აქვს საყიდელი, ბე გადახდილია, აგვისტოს ბოლოს უნდა მისცეს ფული და ამ თანხას ელოდებაო.

_ ე. ი. მოქმედი შს მინისტრი არაოფიციალურად იღებდა ფულს და ამით სოლიდურ სარგებელსაც ნახულობდა…

_ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ჭიკაიძეს არა მარტო დისთვის უყიდია ბინა, არამედ, თავისთვისაც, ეს ყველაფერი ტელევიზიითაც გაშუქდა. საინტერესო დამთხვევაა _ 2014 წლის აგვისტოში ბაგრატიონს უკანონებენ პროექტს და ჭიკაიძე ამავე პერიოდში ბინებს ყიდულობს. ხიდეშელი გვეუბნებოდა, _ ლექსომ მითხრა, იმ პროექტის დამტკიცებაზე, სადაც 3 მილიონზე იყო საუბარი, მაგის გარდა, ბაგრატიონმა 30, თუ 32% მოგვცაო. გარდა იმისა, რომ პროექტის დამტკიცების პირობა იყო საჭირო, ასევე ბაგრატიონის ბიჭი უნდა დაენიშნათ სამსახურში. დანიშნეს კიდეც იმ პერიოდში ქალაქის დასუფთავების უფროსად და ახლა, მოგეხსენებათ, ისანი-სამგორის გამგებელია.

_ არ გიცდიათ, კიდევ შეხვედროდით ბაგრატიონს?

_ მასთან შეხვედრა შეუძლებელია. ნახევარი თბილისი ასეთ დღეში ჩააგდო, ამიტომაც დადის ათკაციანი დაცვით. თუ დაურეკავ და შემთხვევით დაელაპარაკები, მაინც ვერ შეხვდები. თუ მას არ სურს, არ შეგხვდება.

_ ჭიკაიძის ბიძაც დაიკარგა?

_ არ დაკარგულა, მაგრამ ამბობს, _ ლექსო ახლოს აღარ მიკარებსო…

_ სამართალდამცველ ორგანოებს არ მიმართეთ?

_ აზრი მითხარით, რისთვის მივმართო?! ეს კაცი ყველას და ყველაფერს ატრიალებს!

 

თამარ ბატიაშვილი