მთავარი პოლიტიკა ლალი ანთია: „ვნანობ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ვებრძოდი და გოჩა ესებუას მკვლელ, კონტრაბანდისტ...

ლალი ანთია: „ვნანობ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ვებრძოდი და გოჩა ესებუას მკვლელ, კონტრაბანდისტ ლევან შონიას ვედექი გვერდით“

19412
0
გაზიარება

სამეგრელოსა და არა მარტო ამ რეგიონში კარგად ცნობილი ლალი ანთია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო სოფლის გამგებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და რომელმაც ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების კულუარები, მათი წარმომადგენლების ავ-კარგი ძალიან კარგად იცის, „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიაზე სენსაციურ ფაქტებს ასაჯაროებს.

ლალი ანთია დეტალურად იხსენებს, როგორ და რა ვითარებაში გაიცნო ლევან შონია და აღიარებს, რომ მის დავალებებს ასრულებდა, თუმცა ამას ნანობს და დღეს მას კონტრაბანდისტსა და „ეროვნული მოძრაობის დაუძინებელ მტერს“ უწოდებს.

ლალი ანთია იხსენებს, რომ 1998 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, როცა ზუგდიდთან ახლოს, ერთ განმარტოებულ სახლს შეფარებული ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიის ოფიცერი, გოჩა ესებუა, შსს-ს სპეცრაზმის წევრებმა ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს, ოპერაციას სწორედ ლევან შონია ხელმძღვანელობდა.

ლალი ანთიას თქმით, ლევან შონია მას „ყველა შავ საქმეს“ ავალებდა, „ზოგჯერ ღამის ორ, სამ და დილის ოთხ საათზე გვეძახდა, ხან კალაძის წინააღმდეგ სჭირდებოდა, რომელიც, მისი თქმით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ მოქმედებდა, მე კი ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვედექი გვერდით და შონიას ინტერესებს ვიცავდი. იყო დრო, როცა ბიძინა ივანიშვილს „ხოჭოჭიას“ (პატარა, ჯავშნიან ხოჭოს ნიშნავს და მეგრულ ენაში კნინობითი მიმართვისთვის გამოიყენება, _ ლ.ბ.) ეძახდა“, _ ამბობს ის.

ლალი ანთია სამეგრელოს გუბერნატორს „მაკდონალდსთან“ დაკავშირებულ სკანდალშიც ამხელს და ამბობს, რომ მან გუბერნატორის ადმინისტრაციის გვერდით მდებარე მიწის ფართობი, სადაც ამჟამად „მაკდონალდსია“ განთავსებული, თემურ ჭყონიას კანონის დარღვევით მიჰყიდა, შემდეგ კი, როცა მასთან პრობლემები შეექმნა, მასვე დაუთმო გუბერნატორის ადმინისტრაციის რემონტი: „ამ გარიგებით შონიამ ჯიბეში ჩაიდო 800 ათასი, ხოლო 200 ათასი ვის მისცა, ჯერ ვერ შევისწავლე. აქციებს უწყობდნენ „მაკდონალდსთან“ დაკავშირებით, დიდი უკმაყოფილება იყო ზუგდიდში, ხალხი ამბობდა, ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც არ გაკეთებულაო“, _ ამბობს ლალი ანთია.

ლალი ანთია აცხადებს, რომ ლევან შონიასთან დაპირისპირების გამო მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შს მინისტრს მიმართავს, რომ მისი სიცოცხლე დაიცვას. ლალი ანთიას მიმართვის ადრესატია ასევე სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაურიც.

 

„ქრონიკა+“ ლალი ანთიასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

_ მინდა გითხრათ, რატომ დაიწყო ჩემი დაპირისპირება ლევან შონიასა და, ზოგადად, ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და რა მაკავშირებს, რატომ გამომიცხადეს ომი: შონიას 20 წელიწადზე მეტია, ვიცნობ, ის შევარდნაძის დროს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი იყო, ხოლო ლევან კენჭაძე _ უშიშროების უფროსი.

გეხსომებათ, 1998 წელს გოჩა ესებუა რომ დახვრიტეს, სწორედ მაშინ შონია სპეცრაზმის უფროსი იყო, კენჭაძემ პირადად ესროლა და ლევან შონიას სპეცრაზმიც მონაწილეობდა, ესენი განთავსებული იყვნენ თორსაში (სოფელი ზუგდიდსა და ხობს შორის, სადაც ხელისუფლებისგან კონტროლირებადი შეიარაღებული რაზმები, მათ შორის, პარტიზანთა ნაწილი იმყოფებოდა, _ ლ.ბ.).

მე მაშინ სოფლის გამგებელი ვიყავი. გამგებლებს ბევრ ისეთ რამეს გვავალებდნენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, გვინდოდა თუ არა, უნდა შეგვესრულებინა, რადგან საკუთარ თავზე ბევრს იღებდნენ და არც მე გახლდით გამონაკლისი, როცა მაგათი შემყურე ვიყავი. იმ დროს, როცა პური, წყალი და შუქი ჭირდა, მე შონიას 90-კილოიანი საკლავი საჩუქრად მივუყვანე, სპეცრაზმი რომ დაეპურებინა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ გითხრათ, საიდან ვიცნობ ამ კონტრაბანდისტ და მოღალატე ლევან შონიას, იქიდან ვიცი, ვინ იყო შონია. მერე თქვენ მოგეხსენებათ, რაც მოხდა: ზვიადისტები ერთმანეთს დააჯახეს, ამას შონიასნაირები აკეთებდნენ, როგორც ახლა აპირისპირებენ ზუგდიდში… მერე, როცა 2003 წელს რევოლუცია მოხდა, შონიამ სამინისტრო დატოვა, განცხადება გააკეთა და სააკაშვილთან გადაბარგდა.

2012 წელს, როცა დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა, ცხრა წელი ვებრძოდი მიშას რეჟიმს და ახლა ვნანობ, რომ ვებრძოდი…

ყველა ძლიერ ადამიანს შეუძლია ბოდიშის მოხდა და უკან დახევა! მე ვნანობ, რომ 2012 წელს მთელი ოჯახით დღევანდელი ხელისუფლების გვერდით დავდექი და ბევრი ზეწოლაც გადავიტანეთ.

2012 წელს, როცა ხელისუფლების გადაბარება მოხდა, მთელი საქართველო დაუდგა ბიძინას გვერდით და არც მე ვიყავი გამონაკლისი. მაშინ სამეგრელომ წააგო, სამეგრელოში „ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა, თუმცა ბიძინას ჩვენ დავუდექით და ამას არ ვაყვედრი, მაგრამ ვნანობ, რომ 2012 წელს მე გადავეფარე ჩემს სოფელში (სოფელი ოდიში, სადაც ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, 2012 წელს იმყოფებოდა და მოსახლეობას კონტრაქციის ფონზე შეხვდა, _ ლ.ბ.).

სხვათა შორის, ახლა რომ პორტირებული „ნაციონალები“ არიან, ისინი ამოვიდნენ მაშინ ხელკეტებით და ბიძინას ვიცავდი, მაგრამ ღმერთმა შეარგოს, ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსად ლევან შონია მოგვევლინა _ ღრმად ჩახედული აფერისტობაში, კონტრაბანდაში, ერისა და ბერის მოღალატეობაში…

მაგრამ, ამის მიუხედავად, მე კახა მიქაიასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად თანადგომა გავუწიე და უანგაროდ ვემსახურე. მაშინ შს მინისტრი ღარიბაშვილი იყო, შონიას კი თამაზაშვილთან ურთიერთობა აკავშირებდა. წელიწადნახევარი რომ ვდიე მიშას, განა, ამას ისე ვაკეთებდი, რომ არავინ მავალებდა? მართალია, შეკითხვა გაგიჩნდებათ, რატომ ვაკეთებდი, მე სულელი, მაგრამ ასე იყო და რაც იყო, იმას ვამბობ, არაფერს ვიგონებ…

ლევან შონიამ ღირსეული პოლიციელები, რომელთაც 2008 წლის ომში თითო დაღუპული ყველას ჰყავდა ოჯახში სამსახურიდან გაუშვა და მათ ნაცვლად თავისი ნათესავები _ დეიდაშვილები და ბიძაშვილები დანიშნა. ასე იყო, როცა სამხედრო პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლა და თავისი დეიდაშვილი რომ დანიშნა. ლევან შონიას წესი და მოქმედების გეგმა ძალიან მარტივია: ჯერ გამოგიყენებს და მერე გადაგაგდებს.

აი, ასე დავბრმავდი. მთელი წელიწადნახევარი ისე გამომიყენა, რომ მეტი არ შეიძლებოდა _ ღამის ორ, ან ოთხ საათზე, სადაც კარვებს დადგამდნენ დევნილები, იქ გავჩნდებოდი ხოლმე, რადგან შონიას დევნილებთან განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ თვითონაც გალიდანაა. გალელები ამბობდნენ, _ გუბერნატორად ეს კონტრაბანდისტი კაცი რომ არ დაენიშნათ, ამ ხელისუფლებას რა გაუჭირდაო…

ლევან შონიამ სამხარეო პოლიცია მარტივ მამრავლებად დაშალა, ყველა ერთმანეთს დაუპირისპირა. ასევე მოექცა ზაალ გეგეჭკორს (სამხარეო კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ლევან შონიამ სამსახურიდან გაათავისუფლა, _ ლ. ბ.), რომელსაც ჩაუსაფრდა, თავისი ბინძური და ჩვეული წესით ვიღაც კაცი დააყენა პირზე და ცრუ დასმენის გამო სამსახურიდან გაუშვა.

მე არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა და ღამღამობით ჩემთან, ოფისში მოდიოდა. ზუგდიდის მაშინდელი სიმშვიდე მისი დამსახურება არ არის: რადგან იქ „ოცნება“ დამარცხდა, ხელისუფლებას საკრებულოში ძალიან უჭირდა. თვითმმართველობაში ყველაფერი „ნაციონალებს“ ეკუთვნოდა, გამგებელი ალიკა ქობალია „ნაციონალების“ იყო და შონიას რომ სიმშვიდე ჰქონდა, ეს გახლდათ ჩვენი დამსახურება, ქალების დამსახურება, თორემ ლევან შონიას თვითონ ფულის აღებისა და კონტრაბანდის გარდა არაფერი გაუკეთებია.

ერთხელ ისე მოხდა, რომ ლევან შონიამ დამიბარა, ასი დოლარი მაჩუქა და მითხრა, _ კალაძე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დაუძინებელი მტერია, ის ივანიშვილთან ჩაშვებული ჰყავს. მოდი, შენ არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და შენი ხალხი კალაძეს დაუპირისპირე, სიტყვით გამოდი, ხალხი გამოიყვანე და კალაძეს სათქმელი ვუთხრათ, რომ აქ ფეხი არ ჩამოდგას, მაგას ხუდონჰესის დათრევა უნდა და ღარიბაშვილს ღალატობსო.

დღეს თუ ხვალ ღარიბაშვილს პრეზიდენტობა უნდა და კალაძეს პრემიერობა, ამიტომ ივანიშვილს არწმუნებს, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილს ღალატობსო. დამპირდა, ოჯახის წევრებს დაგისაქმებ, მაღალი ხელფასი ექნებათო. მაგრამ მე ამას ადამიანურადაც ვერ შევძლებდი…

იმიტომ კი არა, რომ კალაძეს ვიცნობდი _ ის არც ჩემი ნათესავია და არც არაფერი მაკავშირებს, არამედ იმიტომ, რომ იმ ადამიანებს ვუპირისპირდებოდი, რომლებიც სიმართლისთვის არ იბრძოდნენ. ამიტომ არ გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობა კალაძის წინააღმდეგ, რის შემდეგაც შონიამ ამითვალწუნა და ჩემი მოქმედება აღარ მოსწონდა, ამიტომ გამამწესა ციხეში:

2014 წლის 10 მარტს გუბერნიაში დამიბარა და შვიდი პოლიციელი დამესხა თავს… გეტყვით, რომ მე ადრე დაკავებული ვიყავი, თუმცა ეს არ მომხდარა თაღლითობისა და მექრთამეობის გამო, 2012 წლის 24 ნოემბერს კი ციხიდან ავადმყოფობის დროს გამიშვეს, _ ამათ ამნისტია რომ დაარქვეს და ყაჩაღები რომ გამოუშვეს, მეც შემეხო და გამოვედი.

შპრიცებით და წამლით რომ ჰქონდათ საბარგულები სავსე და ახლა რომ ამბობენ, ვითომ პოლიტიკური დევნის გამო გამოვედითო, ამას არასოდეს ვიკადრებ, პოლიტიკურ სარჩულს ჩემს საქმეს არ მივცემ, რადგან, შეიძლება, გადამეტება მქონდა ბევრ რამეში… ამიტომ მე არ დამიწერია განცხადება, რომ პოლიტპატიმარი ვიყავი. მე ჩემს სიმართლეს ვეძებ და არა პოლიტპატიმრის სარჩულს _ პოლიტპატიმრები იყვნენ გამსახურდია და კოსტავა…

თქვენ იცით, რომ 2005-დან 2010 წლამდე მიწიდან სულ იღებდნენ კომუნისტების დროს ჩადებულ რკინის მილებს. ამ მილებს ყველა იღებდა, ვისაც გაუხარდებოდა და ამ დროს მე ციხეში ვიჯექი, მაგრამ მილების ამოღების საქმე მაინც მე მბრალდებოდა. 2011 წელს ჩაბარებულ მილებზე მე დამადეს ხელი, რადგან ლევან შონიას ასე უნდოდა…

ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ: თვითონ იყო სამხარეო პოლიციის უფროსი და მის თვალწინ რომ გადიოდა ზუგდიდიდან მილებით დატვირთული ტრაილერები, რას აკეთებდა?! ვისაც როგორ გაუხარდებოდა, ისე მიჰქონდა ეს მილები, მიწაში იდო და ჯართად იღებდნენ… ექვსასი მეტრი, აგერ, ეკლესიაშია და ნახონ, ვინ იღებდა და ვინ _ არა…

აი, ამ საქმეზე გამწირა, მაგრამ მე გამამართლეს. გამამართლებელი განაჩენი ხელში მიჭირავს, ქუთაისის სასამართლომაც გამამართლა სამჯერ და დაამტკიცა, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი…

რაც შეეხება გომელაურს, მე რომ მიცნობს, ისე ვის იცნობს: როცა 2012 წლის ივნისში სამეგრელოში ჩამოვიდა, მე დავხვდი, სულ მე მირეკავდა, სულ ვსაუბრობდით. როცა 22 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდა, ჩვენ 10 ათასი კაცი დავახვედრეთ. ზვიადის დროს რომ არ მახსოვს, იმდენი ხალხი იყო აქ. მერე რომ ჩამოვიდნენ, ალასანია რომ დააყენეს მაჟორიტარად, მაშინაც ჩვენ დავხვდით, დღეს კი შონია მეუბნება, რომ საჭირო არ ვარ და ჩემს ოჯახს დევნის, სუს-ი დამდევს…

კარგად მახსოვს, თვითონ შონია „ხოჭოჭიას“ ეძახდა ბიძინას, როგორ ამოქმედებს კალაძეს ღარიბაშვილის წინააღმდეგო… მე დადასტურებულად გეუბნებით, რომ ლევან შონია აქ ყველა ბიზნესის წილშია: ლომბარდის მფლობელ ჩუხუას უმრავი ფული შეაწერა, თავი მოაკვლევინეს. გაირკვა, რომ 100 ათასი დოლარის ოქროს ნაკეთობები ჰქონდათ გამორთმეული…

მინდა, მივმართო შს მინისტრ მღებრიშვილს, რომელსაც 20 წელია, ვიცნობ: დაიცვას ჩემი ოჯახი ლევან შონიასგან და ლაშა გოგიასგან (ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, _ ლ. ბ.). ეს ლაშა გოგია ზუგდიდში მანანა კობახიძის სახელით მოგვევლინა, მანამდე გიგი უგულავასთან მუშაობდა. მერე არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ 2012 წელს მანანა კობახიძის კანდიდატად მოგვევლინა.

მეშინია, რომ მომკლავენ. განა, ერთი, ორი და სამი მოუკლავს შონიას? რომ იცოდეთ, შონიას სოხუმში მაღაზიები აქვს გახსნილი და პროდუქტებს აქედან აგზავნის, ამათ 90-იანი წლები დააბრუნეს: რად მინდა შუქი, რად მინდა წყალი, როცა შონიამ სამეგრელოში კრიმინალი და უბედურება დააბრუნა?! არაფერი არ მინდა, სულაც სიბნელეში ვიცხოვრებ შონიასა და კრიმინალების გარეშე…

რამდენჯერმე დავაპირე ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმა, რედაქციაშიც მივედი (ერთ-ერთ გაზეთს ასახელებს, რომლის იდენტიფიცირებისგანაც შეგნებულად ვიკავებთ თავს, _ რედ.), სადაც დამპირდნენ, რომ ყველაფერს გამოაქვეყნებდნენ, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი, ისიც, შეცვლილი ფორმით გამოაქვეყნეს, რაზეც შონია გაღიზიანდა და რეგიონში თავისი მორჩილი ჟურნალისტების ხელითაც დამიწყო ბრძოლა და ჭორების გავრცელება…

წერენ, რომ ვითომ ჩემთვის ვიღაცას ძროხა უჩუქნია, ასევე წერენ ამ მილების საქმეზე და ათას ტყუილს. ეს ფაქტი საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ რომც ყოფილიყო, ძროხა, მაქსიმუმ, 1000 ლარი ღირს და თვითონ შონიას რომ სენაკის გამგებელმა 50-ათას დოლარიანი მანქანა აჩუქა და თავისი მეუღლე რომ დარბოდა ბათუმსა და ზუგდიდს შორის, არ გახმაურდა ამ მანქანის ამბავი? ხომ აღიარა სენაკის გამგებელმა თვითონ, მე მაყიდინა ეს მანქანაო? მერე კი იძულებული გახდა, რომ ეს მანქანა დაებრუნებინა… ჰოდა, თვითონ 50-ათას დოლარიანი მანქანა არ გაჰკვირვებია და ჩემი მეწველი ძროხა გაუკვირდა?

შს მინისტრს მინდა, ვუთხრა: დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, გმირობის ორდენს არავის ვთხოვ. მინდა, გომელაურს ვუთხრა: თქვენ არ იცით, აქ რა ხდება! მინდა, პრემიერსაც მივმართო: ბატონო გიორგი, მე თქვენც გიცნობთ, ჯერ კიდევ, „მოქალაქეთა კავშირში“ იყავით და ჟვანიას მეგობარი ბრძანდებოდით, მერე „მემარჯვენე“… რატომ ეწევით ჩემი ოჯახის დისკრეტიდაციას? მე ვიცი, რომ თქვენ დაურეკეთ შონიას, აგინეთ და უთხარით, რომ ანთია მოიშორეო…

რატომ? რისთვის? რას ვაშავებთ მე და ჩემი ოჯახი? რამე მივითვისეთ? თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის ვისჯებით? შეიძლება, არ მიმიღოთ, მაგრამ ვიცი, რომ პრესას კითხულობთ, _ მინდა, შეგხვდეთ და სიმართლე გითხრათ. იმასაც გეტყვით, როგორ ჩატარდა არჩევნები 2016 წელს…

მე იქ ვიდექი და ვიცი, რომ მეორე ტური კი არა, მესამეც არ გეყოფოდათ, იქ რომ „ნაციონალების“ კოორდინატორები არ მოესყიდათ… საჯარო მოხელეები ბიულეტენებს ყრიდნენ, არჩევნები წაგებული გქონდათ, ყველა კოორდინატორს დავადებ ხელს, როგორ წააგეს, როგორ გააყალბეს, უამრავი დოკუმენტური მასალა მაქვს. ძრწოდეთ, ბატონო პრემიერო, ელოდეთ აქციებს, ქუჩაში ხალხის გამოსვლას…

მე ყოველთვის მივდიოდი წინ და ყველა რევოლუციაში, ამიტომ მეც ყველაფერს ავაფრიალებ და არგუმენტირებულ სიმართლეს ვიტყვი, რა არის მოსალოდნელი სამეგრელოში და რა ხდება დღეს.

ბატონ ბიძინასაც მინდა, მივმართო: დიდი იმედი მქონდა თქვენი, თქვენ ამბობდით, რომ საქართველოს მხსნელად მოევლინეთ, გვპირდებოდით, რომ საქართველოს უშველიდით და ღირსეულ ხალხს დააფასებდით, მაგრამ პირიქით მოიქეცით და ვხედავ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ გასწიროთ ერთგული ადამიანები და ვინც სიმართლეს იტყვის, ჩაქოლოთ…

მიხეილ სააკაშვილსაც მინდა, მივმართო: მიშა, არ გაიტეხო გული, მე შენი დაუძინებელი მტერი ვიყავი, მაგრამ ახლა ვნანობ, თუმცა, ჯერ კიდევ, უნდა დაგაკვირდე, რას მოიმოქმედებ და როგორ…

„ყივჩაღების“ ხელშია ზუგდიდი შონიას სახით: დღე და ღამე ბჭობენ, ვინ გაუშვან ციხეში, ვინ გაცვალონ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით საქონელი მიდის, კონტრაბანდა შემოდის. ხალხს ეშინია, მაგრამ ძალიან მალე ისე მოხდება, რომ ქუჩაში გამოვა და ეს იქნება ამათი პარპაშის დასასრული…

 

ლაშა ბერულავა

 

 

დატოვეთ კომენტარი