მთავარი მსოფლიო გიორგი ლომია: „ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება, ქვეყანაში ბუნტი მოხდეს!“

გიორგი ლომია: „ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება, ქვეყანაში ბუნტი მოხდეს!“

3025
0
გაზიარება

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია, „ქრონიკა+“-თან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს მანამდე არაფერი ეშველება, სანამ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, სადაც რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლის ყიდვის საშუალება არ მიეცემა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი ლომია:

– ბატონო გიორგი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში მცირე დეპუტაციით არის წარმოდგენილი, რამდენად კომფორტულია ამ რეჟიმში მუშაობა? როდესაც პარლამენტში შეხვედით, თქვენმა პარტიამ  განცხადება გააკეთა, რომ  ყველა მოქალაქის ხმა იქნებოდით საკანონმდებლო ორგანოში. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენმა პარტიამ დააყენა?

– ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც და სრულიად საქართველოსთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც არჩევნებს უკავშირდება. სადაც არ უნდა წავიდეთ, ერთი და იგივე კედელს ვაწყდებით.  ჩვენ არ ვართ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში მრავალრიცხოვნად ერთი მიზეზიდან გამომდინარე, რომ არჩევნები გაყალბდა. გაყალბებაში  არ ვგულისხმობ იმას, რომ საარჩევნო ყუთებში ხდებოდა ბიულეტენების ჩაყრები, როგორც ეს სჩვევია „ნაცმოძრაობას“ და თუნდაც „რესპუბლიკურ პარტიას“, სხვა გაყალბებას ვგულისხმობ. მაგალითად, როდესაც ფულს უხდიან კოორდინატორებს და მათი გადაბირება ხდება გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ადამიანი იძულებულია, რომ  სხვა მხარეს გადავიდეს მხოლოდ იმის გამო, რომ სოციალურად უჭირს და ის თანხა მისთვის მნიშვნელოვანია. გაყალბება ხდებოდა იმ სახითაც, რომ ბინებში იყო ჩაწერილი ხალხი, რომელსაც იქ არასოდეს უცხოვრია. ასეთი ტიპის გაყალბებები გამოიყენა ხელისუფლებამ და ბუნებრივია, ის 43%, რომელიც ვითომ აიღო და 73 მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ვითომ გაიყვანა, ეს ყველაფერი არის ერთი დიდი გაყალბების მექანიზმის ნაყოფი. ორი კვირის წინ ვესაუბრე ევროკავშირის ელჩს და  ამ ყველაფერზე მოვუყევი. გარკვეულწილად, დამეთანხმა, მაგრამ ბოლომდე არ არის ჩახედული ამ პროცესებში. მან მითხრა, რომ ბელგიაში და სხვა ქვეყნებში სავალდებულოა არჩევნებზე მისვლა. ე.ი. კოორდინატორი თავის ფუნქციას კარგავს, ჩვენ კი კოორდინატორს ოფიციალურად ვუხდით ფულს იმისთვის, რომ მან ხალხთან იმუშაოს და მერე არჩევნებზე წამოიყვანოს. ჩვენ ვიცით, რომ რაიონში კოორდინატორს ჰყავს ხალხის გარკვეული რაოდენობა და ამით რაღაც სურათს ვქმნით.  უცხოეთში, პრაქტიკულად, კოორდინატორის ფუნქცია გაუქმებულია და არც საჭიროებს მის ყოლას, რადგან  არჩევნებზე მისვლა სავალდებულოა. ადამიანი არჩევნებზე ისედაც მივა და იქ ვის შემოხაზავს, მისი საქმეა. მოქალაქეებს ფულს ხომ ვერ გადავუხდით იმისთვის, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ჩვენ შემოგვხაზონ?! იქ ადამიანი მიდის და მართლა იმ არჩევანს აკეთებს, ვისზეც ფიქრობს, რომ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს თავის ქვეყანას. ჩვენთან ასე არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი შეგვხვდა არჩევნების შემდეგ, რომელთაც გვითხრეს, – ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჩვენ ხმა მივეცით სხვა პარტიას, რადგან არ გვეგონა, რომ ეს ხელისუფლება გაგიყვანდათ და  საშუალებას მოგცემდათ, რომ მოხვედრილიყავით პარლამენტშიო. რატომ მისცეს სხვა პარტიას ხმა? იმიტომ, რომ ფული გადაუხადეს და სოციალური მდგომარეობის გამო იძულებულები იყვნენ,  ეს თანხა აეღოთ და სხვა პარტიისთვის ემუშავათ. სანამ საქართველოში საარჩევნო გარემოს არ მოვაწესრიგებთ, მანამდე არაფერი შეიცვლება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. ამის თაობაზე  არაერთი პრესკონფერენცია ჩავატარეთ, აქციებიც მოვაწყვეთ, არაერთხელ გვითქვამს პარლამენტის ტრიბუნიდან, ახლაც უნდა ავამოქმედოთ ის ძველი კანონპროექტი, რომელიც  შეტანილი იყო, მაგრამ კენჭისყრაზე არ  მიიღეს  იმიტომ, რომ  ხელისუფლებას არ აწყობდა. 2016 წლის მაისში, გაეთიანებული ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა  კანონპროექტი შეიტანა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმ კანონპროექტმა პირველი მოსმენა გაიარა, ბიუროს სხდომაზე კენჭისსაყრელ ნუსხაში უკვე შეტანილი იყო, მაგრამ, რატომღაც, მაისიდან ნოემბრამდე ამ საკითხს კენჭი ვერ უყარეს, რადგან ეს კანონპროექტი მიღებული რომ ყოფილიყო, 73 მაჟორიტარი დეპუტატი ვერ ეყოლებოდა ამ ხელისუფლებას და 43% პარლამენტში 115 დეპუტატს ვერ მისცემდა! ბუნებრივია, ამ საკითხზე ახლაც მიდის გარკვეული ჭიდაობა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. მათ არ უნდათ, რომ  მაჟორიტარული ოლქები დაკარგონ, აქედან გამომდინარე ისევ ჭიდაობა გვიწევს, რომ ოდესღაც ხომ უნდა მივიღოთ ეს კანონი და რატომ უნდა ველოდოთ 2020 წლამდე?! ჩვენ ვართ ოპოზიციაში, ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა ველოდოთ, გარეთ ხალხი ამბობს, რომ არ უნდა ველოდოთ, ხოლო ის პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ დაველოდოთ 2020 წლამდე, ვისაც დღეს  მაჟორიტარული სისტემა აწყობს, ყველაფერს ხომ ზღვარი აქვს?! ახლახან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ბუკიკიო რომ იყო ჩამოსული, მას შევხვდით, ველაპარაკეთ, ზუსტად ეს საკითხი დავაყენეთ, მან მითხრა, რომ ამ თემაზე  პარლამენტის თავმჯდომარესაც ესაუბრა,  სხვადასხვა ფრაქციის თავმჯდომარეს შეხვდა, მათ შორის, ჩვენ და ყველა თანახმაა იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს. ვუთხარი, – თუ ყველა თანახმაა, უმრავლესობაზეა საუბარი, ე. ი. ჩვენ ვაფერხებთ ამ საკითხს და მაქსიმალურად ვბლოკავთ მის გატანას, თუ რა ხდება-მეთქი?! თქვენ კი გეუბნებიან, რომ თანახმანი არიან, მაგრამ რატომ არ დადგა კენჭისსაყრელ ნუსხაში ეს საკითხი თუნდაც 19 ნომებერს, როდესაც პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და მომდევნო დღეებში, როდესაც სესიები გვქონდა, რატომ არ დააყენა არავინ ეს საკითხი იმ კენჭისსაყრელ ნუსხაში?! რეგლამენტით ასეა გათვალისწინებული  – თუ, მხოლოდ და მხოლოდ, მოსმენით არის მიღებული რაღაც საკითხი და, მაგალითად, ძველ პარლამენტს აქვს, რომ ერთი მოსმენა გაიარა საკითხმა, კენჭისსაყრელ ნუსხაში არ არის შეყვანილი. თუ ახალი პარლამენტი მოდის, მას შეუძლია, რომ ის საკითხი საერთოდ გააუქმოს, ამის უფლება აქვს ახალ პარლამენტს, მაგრამ თუ კენჭისსაყრელ ნუსხაში იდო და ის საკითხი იყო შეყვანილი, არ აქვს უფლება, რომ პარლამენტმა ის საკითხი გვერდით გადადოს, აუცილებლად უნდა განიხილოს, რომ ვუყრით კენჭს, არ მივიღეთ და რაღაც კონსენსუსამდე ვერ მივედით. მაშინ ეს საკითხი ისევ გადადის საკონსტიტუციო კომისიაში, მიდის განხილვა, ახალი გარემოებები დაემატება და ისევ უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, მაგრამ ხომ შეიძლება, პირველივე მოსმენით მივიღოთ ეს კანონპროექტი?! აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ თუ ყველა თანახმაა, თუ ყველას აწყობს, მაშინ დავაყენოთ ეს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ ვუყაროთ კენჭი და ეს ამბავი დავამთავროთ! ჩვენი ინიციატივით ახლა უნდა შევიდეს ეს კანონპროექტი, ძველია, მაგრამ ჩვენ უნდა განვაახლოთ და შევიტანოთ. ვნახოთ, რა იქნება…

– თქვენი პროგნოზი როგორია, გაქვთ იმედი, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოვა?

– ხანდახან მიჭირს რაღაც ლოგიკური დასკვნის დადება, რადგან ლოგიკასთან არ გვაქვს ხოლმე საქმე. საღად მოაზროვნე ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს ამ საკითხს და გააუქმებს მაჟორიტარულ სისტემას. ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს საქართველოში, უკვე შეწუხებულია ხალხი და პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რაღაც ახალი ბუნტი წამოიწყოს ქვეყანაში. ღმერთმა დაგვიფაროს ისევ სისხლიანი აქციებისგან და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის სჯობს, ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ხალხს დააწყნარებს და თუ ხელისუფლება საღად აზროვნებს, ბუნებრივია, რომ ამ ნაბიჯს გადადგამს. ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც არ უშვებდა ასეთ შეცდომებს და ხალხის აზრს ითვალისწინებდა, როდესაც დაინახავდა, რომ  აღელვება მართლა სერიოზულ პიკს აღწევდა. ისიც ცდილობდა, რომ რაღაც კომპრომისზე წასულიყო. გახსოვთ, პრეზიდენტობის ერთი წელი რომ მოიკლო, გადადგა და შემდეგ კიდევ ერთი არჩევნები ჩავატარეთ. სააკაშვილსაც კი ეშინოდა აღელვებული ხალხის პოზიციის. რაც შეეხება ამ ხელისუფლებას, ძალიან ბევრი ულოგიკო რამ აქვთ გაკეთებული.

– მაგალითად რას დაასახელებთ?

– მაგალითად, 2015 წელს ქალაქის მერიამ  კონკურსი გამოაცხადა მყარი ნარჩენების თემასთან დაკავშირებით, სადაც  12 კომპანია მონაწილეობდა. საბოლოო ჯამში,  ორი კომპანია დარჩა. ერთი კომპანია  600 მილიონი ევროს ინვესტიციას სთავაზობდა, მეორე კი – 74 მილიონის ოდენობით. მოწვეული იყო ორი ექსპერტი, ერთი იყო „იბიარდის“ ექსპერტი, მეორე – შვედეთის. შვედეთის ექსპერტმა თქვა, რომ პლაზმური ტექნოლოგია არის უახლესი დონის, მე ამის ექსპერტი არ ვარო და წავიდა; „იბიარდის“ ექსპერტმა თქვა, რომ გეთვის გარეშე ამ კონკურსს აზრი არ აქვსო. გეთვი არის, როდესაც კომპანია ამბობს, რომ ნაგვის გადასახადი იქნება ჩადებული მის საქმიანობაში და მერიის პირობა  ასეთი იყო, რომ კომპანია მაშინ იმარჯვებს, თუ გეთვიზე უარს ამბობს. ორივე კომპანია ამბობდა უარს გეთვიზე და „იბიარდის“ ექსპერტი, რომელიც მოიწვიეს და 10-15 ათასი დოლარი გადაუხადეს, ამბობს, რომ თუ გეთვი არ არის, ჩემი ექსპერტული დასკვნა მაინც არაფერში გამოგადგებათო. ადგა და წავიდა. გაამარჯვებინეს 74-მილიონიან კომპანიას. ისმის კითხვა, – როდესაც ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა, როდესაც კომპანია 600 მილიონის ინვესტიციის ჩადებას აპირებს საქართველოში და ამბობს, რომ დაახლოებით 1500-დან 1800 კაცამდე იქნება დასაქმებული 30 წლის განმავლობაში, მშენებლობის პერიოდში ეს პირობა 3-დან 5 წლამდე იყო და 5-დან 6 ათასი კაცის დასაქმებას გულისხმობდა, ხელისუფლება უარს იტყოდა ასეთ პროექტზე, როცა მეორე კომპანია ასაქმებდა მხოლოდ 40 კაცს?! პლუს მთლიანად ნარჩენებს უტილიზაციას ვერ უკეთებდა და რასაც ვერ ამუშავებდა, 4-5% რჩებოდა და პლაზმური ტექნოლოგია ამუშავებს მთლიანად, არაფერი რჩება.  თუ შენ მართლა ზრუნავ ხალხზე, სოციალურად ასეთი გაჭირვებული ფონი გაქვს, ასეთ ინვესტიციაზე უარს იტყოდი? რა თქმა უნდა, არა! ე.ი. თუ უარს ამბობ, ამის უკან რაღაც, ან ვიღაც დგას! 74-მილიონიანი კომპანიიდან შესაძლებელია, „ატკატი“ აქვთ აღებული 4-5 მილიონი და გაამარჯვებინეს იმ კომპანიას. მე მაშინაც ვყვიროდი ამ საკითხზე და მაშინ თქვენი გაზეთის მეშვეობითაც გავიდა ინფორმაცია, მაგრამ როდესაც პარლამენტში არ ხარ, ოპოზიციური პარტია ხარ, ამას უყურებენ ზერელედ – იყვირებს და გაჩერდება, მაგრამ ახლა პარლამენტში ვარ. ახლა გამოვითხოვე მერიიდან ორივე ექსპერტის დასკვნა, 20 დღეა ველოდებით პასუხს და მერიას რომ შევახსენეთ, დღეს დარეკეს, რომ თქვენგან წამოსული წერილი დაკარგულიაო. უბრალოდ, გამეცინა, როდემდე უნდა გაწელონ ასე? მეორე წერილს გავაგზავნი და, საბოლოო ჯამში, პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ. ახლა ამათ ერთმანეთში აქვთ დატაკებები, რომ შენ ხომ მომაწერინე ხელი, ახლა შენ აგე პასუხი, მერია ქუმსიშვილს და ვიღაცას ეუბნება და ა.შ. ამათ საკუთარი თავი თვითონ ჩაიგდეს ამ დღეში და რატომ? ვიღაცას, უბრალოდ, ჯიბის ფულად უნდოდა 4-5 მილიონი, შეიძლება 2 მილიონიც, მე არ ვიცი, რა თანხა აქვთ აღებული. ჩემი ვარაუდია, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვთქვათ, რომ თანხა არ აქვთ აღებული, რატომ ღუპავ ქალაქს?! რატომ აკარგვინებ 1500 ადამიანს შემოსავლის წყაროს?! რაღაც ლოგიკური მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?! ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის თანხა, სხვა მიზეზი, უბრალოდ, გაუგებარია.

– კიდევ რას მიიჩნევთ ხელისუფლების მთავარ პრობლემად?

– მაგალითად, აქციზების გაძვირება, ესეც ხომ არასწორად გადადგმული ნაბიჯი იყო. ჯერ ერთი, ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაცია ყოველთვის აუცილებელია. ხალხს ისე ავუხსნი, რომ ეს საჭიროა და ამის გაკეთება ამას და ამას მოგვიტანს. არ უნდა მოატყუო ხალხი! თუ ხელისუფლებისა და ხალხის კომუნიკაცია არსებობს, არასწორია! როდესაც ამბობ, რომ მე ვაწესებ აქციზს, ეს არ არის კომუნიკაცია, ეს არის ინფორმაციის მიწოდება. კომუნიკაცია იქნება მაშინ, რომ მე გავშალო ამ აქციზის პრინციპი, თუ რამე გეგმაში მაქვს, ეს ყველაფერი უნდა მოვუყვე მოსახლეობას, რომ დადებითად შეაფასონ ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც გამოვდივარ და ხისტად ვამბობ, რომ აქციზს ვაძვირებ და მოდი, ნუ დაიწყებთ ახლა იმაზე საუბარს, რომ ის გამიძვირდება და რაღაც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სწორი გზა, არ შეიძლება, ეს ადამიანის შეურაცხყოფაა. ყველას ესმის, რომ ნავთობზე გაძვირებული აქციზი მთლიანად აძვირებს პროდუქტს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნავთობზე გაძვირდა აქციზი და გაძვირდა ყველაფერზე იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ ვართ მიბმულები ტრანსპორტთან. ისმის კითხვა, – გაძვირებული აქციზი უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო ამ ხელისუფლებისთვის თუ, მაგალითად, 600-მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც, გარკვეულწილად, ცოტა განმუხტავდა თვითონ სავალუტო ფონს. ლარი ყოველდღე იმიტომ ეცემა, რომ არ შემოდის და ბრუნვაში არ არის დოლარი, ევრო და ა.შ., ანუ რაც უფრო დეფიციტშია დოლარი, მით უფრო იმატებს მისი კურსი. ჩვენ ვართ მიბმულები დოლარზე. არსებობს ასეთი რამე, რომელიც ხელისუფლებას  „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა შესთავაზა და ამ თემაზე ისაუბრა, რომ დოლარიზაციაც შემოვიღოთ, ანუ იყოს ბრუნვაში დოლარი, ისევე როგორც ლარი. მაშინ მეტი დოლარი შემოვა. გარკვეულწილად, ეს, რა თქმა უნდა, ლარს გააუფასურებს. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითია, სადაც დოლარი შემოდის და არის მიმოქცევაში, საკუთარი ვალუტა ფასს კარგავს, მაგრამ როდესაც დოლარი  მუდმივ ბრუნვაში იქნება, მერე, ერთ მშვენიერ დღეს, შეგიძლია, დოლარი  ეროვნულ ვალუტასთან გაათანაბრო, საერთოდ დოლარი გააუქმო და  ეროვნული ვალუტა გამოუშვა. ეს სტაბილურად აწევს სოციალურ დონეს, მანამდე ხომ უნდა მოიმოქმედო რაღაც, რომ არ გაუფასურდეს ლარი, პირდაპირ დოლარზე რომ არ ვიყოთ მიბმულები, როგორც ვიყავით. დღეს ასე უამრავი ქვეყანაა.

– პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავთ?

– დიახ, პოლიტიკური ნებაა საჭირო და რატომ – ხელისუფლებას, როგორც წესი, არ სურს, რომ სოციალური დონე იყოს აწეული იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დღეს არიან ბანკირები, რომლებმაც მარტო  ფულის კეთება იციან, მთელი ცხოვრება  ბანკში მუშაობდნენ და  ფულს აკეთებდნენ. ის რომ ხელისუფლებაში მოდის, ქვეყანას უყურებს, როგორც ერთ დიდ ბანკს, ნუ დამარწმუნებს ვინმე, რომ როდესაც ბანკირი ხელისუფლებაში მოდის, მაშინვე  ტრანსფორმაცია ხდება და ხალხზე ზრუნავს, ეს არის აბსურდი! დღესაც ვიყავი ბანკში, სესხის აღება მინდოდა და მითხრეს, 15%-ად მოგცემთო. ვუთხარი, – ხალხო, ახლა გვინდა მივიღოთ კანონპროექტი, რომ აგიკრძალოთ ამხელა პროცენტიანი სესხების გაცემა-მეთქი. 15%-იანი სესხი მაშინ, როცა თვითონ ბანკს აქვს ხელშეკრულება ევროპულ თუ აზიურ ბანკებთან და მათგან მოაქვთ წლიურ 1-1,5%-ში?! კი მაგრამ ჩვენს ხალხზე რომ არ გააკეთო ფული, გააკეთე 8%, ესეც ხომ შეღავათი იქნება მათთვის და თქვენც ხომ უფრო მეტად შეგხედავთ, როგორც ნამუსიან ხალხს-მეთქი. დღეს ბანკირები არიან ხელისუფლებაში და ფულს აკეთებენ. ისმის კითხვა, – ხელისუფლებაში მოვიდა ძალა და 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მაქინაციით აკეთებს 2-3 მილიარდ დოლარს. ნავთობის ტრანზიტი გვაქვს, ახლა „გაზპრომთან“ გაფორმდა ხელშეკრულება… არჩევნები რომ მოდის, დაახლოებით, 50 მილიარდი შეიძლება დახარჯოს ხელისუფლებამ, საიტზე კი წერს, რომ მილიონ ნახევარი დახარჯა, მაგრამ თქვენც ხომ კარგად გესმით, რომ არ შეიძლება დაურიგო 500-500 ლარი კოორდინატორებს და მხოლოდ ამ თანხაში ჩაეტიო, ეს არის აბსურდი! ხარჯავს, დაახლოებით, 50-დან 80 მილიონამდე იმისთვის, რომ ისევ  ხელისუფლებაში დარჩეს! რა თქმა უნდა, უღირს, 3 მილიარდს აკეთებს, 80 მილიონს ხარჯავს… ეს არის ბანკირის აზროვნება და მისი მისია ამ ქვეყანაზე! ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სამწუხაროდ, მოსახლეობას არ ესმის, ჰგონია, რომ ხვალ-ზეგ მიხვდება და რაღაცას გააკეთებს. რადგან ქუჩაში არ ცხრილავენ ადამიანებს, რადგან ციხეებიდან არ გვესმის ხალხის გაუპატიურების ამბავი, ეს ხელისუფლება კარგია, ასე აფასებს საზოგადოება. თუ  მშიერი ვკვდები, სულერთია ჩემთვის ქუჩაში ხვრეტენ ხალხს თუ ციხეში აუპატიურებენ, თუ მაინც ვნადგურდებით. თუ ერთი ხელისუფლება ანადგურებს სხვა ხერხით და მეორე სხვით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ორივე ცუდია!

– ზემოთ „გაზპრომი“ ახსენეთ, თქვენმა პარტიამ საეჭვო ხელშეკრულებად შეაფასა…

– რაც შეეხება ამ კონტრაქტს, პირდაპირ ხელს ვერ ვადებ, რადგან ამის დასაბუთება არ შემიძლია, მაგრამ ლოგიკურ დონეზე შემიძლია გამოვთქვა ჩემი ვარაუდი. თუ შენ აფორმებ რაღაც გარიგებას, რატომ  იტოვებ საიდუმლოდ?! არადა, ეს გარიგება ტრანზიტზეა, აქ საიდუმლო რა უნდა იყოს?! ხალხს რატომ უნდა დაუმალო, რა ფული შემოდის ამ ტრანზიტიდან, რა არის აქ დასამალი?! მიმალავ იმიტომ, რომ შენ ბიუჯეტში შეიტან 50 მილიონს მაშინ, როდესაც ჩვენ გვეკუთვნის ნახევარი მილიარდი. დაახლოებით ეს სქემაა. თუ ყველაფერი გამჭვირვალეა, თუ არაფერს მალავ, თუ შენთვის სასარგებლო გარიგებას არ დებ, მაშინ ღიად იტყვი, – ხალხო, აგერ დავდეთ ხელშეკრულება, აქედან უნდა მივიღოთ ამდენი, ამდენი შევა ბიუჯეტში და ა.შ. ყველა იქნება წყნარად და კმაყოფილი. როდესაც ასეთი ფარული გარიგებები დგება, მით უმეტეს, „გაზპრომთან“ და მეუბნები, რომ ვერ გეტყვი, რა წერია იმ ხელშეკრულებაში იმიტომ, რომ საიდუმლოდ დავტოვეთ ეს საბუთი, ამაში საიდუმლოება არაფერია, აქ რომ ატომურ ბომბს ვამზადებდე, გასაგებია, მაგრამ ტრანზიტზეა ლაპარაკი. ასეთი ვარაუდი მიჩნდება, რომ გვეკუთვნის, მაგალითად, ტრანზიტიდან შემოსული ნახევარი მილიარდი, თანხობრივი იქნება თუ პროდუქციის სახით, ხელშეკრულებაა გაფორმებული 50 მილიონზე, 300 მილიონი წავა ვიღაცის ჯიბეში, დარჩენილი 150 მილიონი – რუსეთის მხარეს დარჩება იმიტომ, რომ ამ გარიგებაში ხელი შეუწყო ჩვენს ხელისუფლებას. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთი გარიგებაა. თუ ვცდები და არა მარტო მე, უნდა გამოვიდეს ხელისუფლება და ხალხს უთხრას, რომ ხალხო, თქვენ ფანტაზიებში ხართ, არაფერი მომხდარა და პუნქტებად უნდა გაშალონ საკითხები, რასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საფუძლიანი ეჭვი მაქვს ვიფიქრო, რომ გარიგება მოხდა! ასევე ვიფიქრებ „სოკართან“ დადებულ ხელშკრულებაზე. უამრავი თემა არსებობს, რაზედაც ხელისუფლება ვერ გცემს პასუხს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს კომუნიკაცია ხალხთან. ხალხის მხრიდან ნდობის ხარისხიც უკვე დაეცა ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ რჩება ინკოგნიტოდ! ეს ქვეყანა არ არის ხელისუფლების და არის იმ ხალხის, რომელიც  ამ ხელისუფლებაში ცხოვრობს და  სახელმწიფო ვალდებულია, რომ ხალხმა იცოდეს ეს ინფორმაცია! სახელმწიფო არის ის ხალხი, რომელიც ცხოვრობს არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქვია საქართველო! აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სანამ არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, სადაც არ მიეცემა საშუალება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომ იყიდოს ამომრჩეველი, იყიდოს კოორდინატორები და ა. შ., სანამ არ ჩამოყალიბდება გამჭვირვალე ურთიერთობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მანამდე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ვიქნებით ასეთ დღეში! სანამ ბანკირი იქნება ხელისუფლებაში, საქართველოს არაფერი ეშველება!

 

თამარ ბატიაშვილი

დატოვეთ კომენტარი