ლია კრიალაშვილი: ,,ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ისინი ჩვენი ბიჭების სისხლით მოვიდნენ!”

„ქრონიკა+“-ში დაიბეჭდა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათო კუხიანიძის ინტერვიუ. კუხიანიძე დღესდღეობით საქართველოდან წასულია და უკრაინაში ცხოვრობს. იგი საუბრობს „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს საქართველოში ჩატარებულ გახმაურებულ სპეცოპერაციებზე, სადაც კუდ-იც მონაწილეობდა. შავნაბადის ე. წ. ამბოხის გამო ჩატარებულ სპეცოპარაციაზე ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ, რუსეთიდან იმართებოდნენ.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ ამ ოპერაციის დროს გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, რომლის საქმეზე გამოძიება, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, კრიალაშვილის და, ქალბატონი ლია დაუკავშირდა რედაქციას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ითხოვა.

 

ლია კრიალაშვილი:

_ წინა ხელისუფლების დროს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ზოგს ხოცავდნენ, ლოდებს აბამდნენ და ზღვაში ახრჩობდნენ, ზოგსაც მთელი ცხოვრება დილეგებში აწამებდნენ. 9 წლის განმავლობაში დემოკრატია დასაფლავებისა და მიწას ამოფარების ტოლფასი იყო. მართალია, ამერიკელები იმ ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, მაგრამ ეს იყო მკვლელების სექტა დავით კუხიანიძეების ხელშეწყობით.

_ თქვენ იცნობდით კუხიანიძეს?

_ არ ვიცნობდი და მაგის ცნობა არც მინდა. უბრალოდ, გავიკითხე, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ეგ იყო ნაძირალა, ახალაიას ჯგუფის წევრი, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა. ნებისმიერი რამის გამკეთებლები იყვნენ და ასრულებდნენ კიდეც რეჟიმის მიერ შეკვეთილ დავალებებს. რასაც ამბობენ, რომ თითქოს პროკურატურაზე ამჟამად ზეწოლააო, ტყუილია. ასეთი რამ მართლაც რომ ხდებოდეს, ესენი დღეს ციხეში იქნებოდნენ. ფაქტია, რომ გარეთ დადიან და ინტერვიუებსაც აქვეყნებენ. ახლა საპატიმროებში აღარავის აუპატიურებენ და არც დაპატიმრებული ადამიანების ნათესავებსა და ოჯახის წევრებს იჭერენ. მუხროვანის ამბოხის დროს კი ოთანაძის 21 ნათესავი დააკავეს. მათ შორის, ერთ-ერთი იყო წლამდე ბავშვი, რომელიც უჭმელ-უსმელი ჰყავდათ „მოდულის“ შენობაში გამოკეტილი და მშობლებს ემუქრებოდნენ, _ რასაც გეუბნებით, თუ არ იტყვით, ფეხებით დავკიდებთ და ცოცხალს გავხლეჩთო. კუხიანიძე რომ ამბობს, ვითომ ადამიანებს ახლაც აწამებენო, თვითონ ეგენიც ხომ მიდიან, ჩვენებას აძლევენ და ისევ უკან გამოდიან და აბა, ასეა? ასე ხდებოდა წინათ?!

_ მუხროვანის ე. წ. ამბოხის ამბავზე გადავიდეთ. კუხიანიძე ამბობს, რომ ამ ამბოხის მთავარი მიზანი ის იყო, რომ სამხედრო ნაწილები გამოსულიყვნენ, თბილისის შემოსასვლელები დილით გადაკეტილიყო, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ლიკვიდირება მოეხდინათ, ან დაეკავებინათ… შემდეგ უნდა შექმნილიყო დროებითი სამხედრო საბჭო, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, ბურჯანაძე მოიგებდა და ქვეყნის სათავეში მისი მომხრეები მოვიდოდნენ. ეს იყო თავიდან ბოლომდე რუსული სპეცსამსახურების გაწერილი გეგმაო. რას იტყვით ამ ბრალდებებზე?

_ არანაირი ამბოხი მუხროვანში არ მომხდარა. ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების მიერ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და ამას ემსხვერპლა ჩემი ძმა. თუ გია დამნაშავე იყო, ის უნდა დაეჭირათ და კანონით მოეთხოვათ პასუხი, მაგრამ მათ გიას მოკვლა ჰქონდათ გათვლილი. ეს რომ ნამდვილად ასე იყო, გია ღვალაძის ინტერვიუდანაც ჩანდა. ის ამბობდა, _ 4 მაისს კუდ-ში დამაკავეს და მითხრეს, კრიალაშვილი უკვე „ტრუპია“ და კობა კობალაძე დაგვაჭერინეო. შეგიძლიათ, ეს ინტერვიუ ნახოთ და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ეს ადამიანი დააკავეს და იძულებული გახადეს, მათ დადგმულ სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა. მერე ის მეც შემხვდა და დედაჩემსაც, ორივეს ბოდიში მოგვიხადა, ფაქტობრივად, ჩემი ძმა მის ჩვენებას შეეწირა. მან ისიც გვითხრა, რა ფორმებითა და მეთოდებით აიძულეს ეთქვა ის, რაც უნდოდათ. თურმე: რომელიღაც სახლში მიიყვანეს, ფურცელი დაუდეს და მანაც წაიკითხა, რაც დაუწრეს. ამას მოჰყვა ე. წ. მუხროვანის ამბები. დიახ, ჩემი ძმის ლიკვიდაცია დაგეგმილი იყო, რომელიც ზვიად ხარაზიშვილმა შეასრულა. ქალბატონმა ელისომ მითხრა, რომ რუსეთის მონა ვარ და არ ვაპროტესტებ ხარაზიშვილის დაწინაურებას. თუ ნახავთ ჩემს ინტერვიუებს ტელევიზიით, ან პრესით მიხვდებით, რომ ამას ყველგან ვაპროტესტებდი და თუ სამართალი არ იზეიმებს, ყოველთვის გავაპროტესტებ, სანამ ცოცხალი ვიქნები.

2008 წელს ომი წავაგეთ, რაც „ნაციონალებმა“ მოგებად ჩათვალეს, აღნიშნეს და ტაშფანდური გამართეს. 2009 წელს დაძაბული მდგომარეობა იყო და ოპოზიციამ რუსთაველზე საკნების ქალაქი მოაწყო. ასე აპროტესტებდნენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. როგორც ვიცი, სამხედროებს, რეინჯერების ბატალიონის ბიჭებს მოსთხოვეს აღლუმზე გამოსვლა და, ამავდროულად, აქციის მომწყობი მოქალაქეების დარბევა. რეინჯერების ბატალიონისა და მუხროვანის ბატალიონის მეთაურები _ მამუკა გორგიაშვილი და ლევან ამირიძე _ უშუალოდ იბრძოდნენ 2008 წლის ომში და იქ ბიჭები დაეხოცათ. თუ არ ვცდები, წინა დღეს ასევე დააპატიმრეს ამირიძის შტაბის უფროსი, ამიტომ აღლუმზე გამოსვლაზე მათ უარი განაცხადეს. ეს ადამიანები ხალხს არც დაარბევდნენ, მაგრამ ჩემი ძმა ამ საქმეში არაფერ შუაში იყო. ის უკრაინაში ცხოვრობდა და 30 აპრილს რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში.

_ რატომ ჩამოვიდა?

_ გია ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო. ის გახლდათ უკრაინა-მოლდოვის ატაშე. როცა `ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემი ძმა გადააყენეს და იქ პრეზიდენტის რწმუნებულად ნიშნავდნენ, მაგრამ გიამ უარი განაცხადა. რამდენჯერმე შესთავაზეს თანამდებობა, მაგრამ უარს ეუბნებოდა. როცა ვკითხე, რატომ იქცეოდა ასე, მითხრა, _ არ მინდა, ამ ადამიანებთან ვერ ვიმუშავებ, დღეს დამნიშნავენ და ხვალ დამიჭერენ. შენ ხომ იცი, რომ ამათ ბინძურ საქმეებს ვერ გავაკეთებო.

_ თქვენი ძმა მუხროვანის ბატალიონში როგორ მოხვდა?

_ არ ვიცი, ჩემს ძმას ვინ დაუკავშირდა, რატომ აღმოჩნდა გია იმ დღეს მუხროვანში, ამას ვერ გეტყვით. ეჭვი მაქვს, როცა მუხროვანში სიტუაცია დაიძაბა, მისი განმუხტვა უნდოდათ, რადგან ჩემს ძმას ჯარში დიდი წონა ჰქონდა და დიდ პატივს სცემდნენ, ეტყობა, სიტუაციის განმუხტვაში დახმარება სთხოვეს.

_ ვინ სთხოვა?

_ არ ვიცი, ქალბატონო ნელი. იმ ღამეს გია ჩემთან დარჩა სახლში. ერთად ვიყავით მე, ჩემი მეუღლე, შვილები და გია. უსინათლო შვილი მყავს და ღამით ის და ჩემი ძმა საუბრობდნენ. დილით, 9:30 საათზე, გავიღვიძე და გია სახლში აღარ დამხვდა. მერე ტელევიზიით გავიგე, რომ მუხროვანში რაღაც ხდებოდა და ღვალაძის ინტერვიუც მოვისმინე. მას მერე ჩემს ძმასთან კავშირი აღარ მქონია. გია იქ იქნებოდა სამოქალაქო ფორმით, რადგან მას სამხედრო ფორმა არ ჰქონდა. უკრაინიდან პატარა ჩემოდნით იყო ჩამოსული და ამბობდა, ორ-სამ დღეში უკან უნდა დავბრუნდეო. კაცი, რომელიც ვითომ ამბოხს აპირებდა, ორ დღეში უკან როგორ დაბრუნდებოდა? გიას მუხროვანში ყოფნის დროს ალყა შემოარტყეს მუხროვანს და მონათლეს, თითქოს იქ ამბოხი მზადდებოდა, რაც თავად მუხროვანში მყოფმა ბიჭებმაც ტელევიზიით შეიტყვეს. ისინი მიზანში ჰყავდათ ამოღებული და იცოდნენ, რომ რადგან ეს საშინელი ადამიანები ყველაფერზე მიდიოდნენ, მათ დაიჭერდნენ და ამიტომაც დატოვეს მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ამის მერე ტყეს აფარებდნენ თავს და ხელისუფლებამ ჯილდოები დააწესა, ვინც მათ დაიჭერდა. 200 ათასი ოთანაძეზე იყო დაწესებული და 50-50-ათასიანი ლარი ჩემს ძმასა და ლევან ამირიძეზე. მათი ძებნის პერიოდში თქვენ არ იცით, ჩვენ რა დღეში ვიყავით.

_ თქვენზეც იყო ზეწოლა?

_ დიახ, იყო. დედა ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, მე _ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. მთელ უბანს შემოარტყეს ალყა. ჩემს შვილიშვილს, 6-7 წლის ბავშვს, სკოლაშიც დაჰყვებოდნენ. მე თეთრი წყაროში ვმსახურობდი და მეც მყავდა მოთვალთვალე მოჩენილი. ჩემს თანამშრომელს, ვისი მანქანითაც დავდიოდი, მასაც დაჰყვებოდნენ. ღამე „მარშუტკის“ ტიპის ავტომობილი იდგა გვერდით კორპუსთან შეიარაღებული ხალხით და არ ვიცოდი, როდის შემომივარდებოდნენ და რა მოხდებოდა, მაგრამ, ეტყობა, ისიც იცოდნენ, რომ ჩემთან გიას კავშირი არ ჰქონდა. ყოველ ღამეს შიშით ვათენებდი, მაგრამ, ნეტავ, შემოვარდნილიყვნენ და ჩემთვის ექნათ რამე, ოღონდ ჩემი ძმა გადარჩენილიყო.

სახლის გვერდით სახანძრო კიბე ადის. თურმე, ამ კიბეზეც კი ისხდნენ და ასე გვითვალთვალებდნენ. ჩემს ზემოთ მცხოვრები მეზობელი ქალბატონი 18 მაისს სადარბაზოში, კიბეზე ადიოდა, ხელი სტაცეს და კუდ-ში დაკითხვაზე წაიყვანეს. 7 საათი გამოკეტილი ჰყავდათ. მას უთქვამს, _ ჩემგან რა გინდათ, მისი და ხომ იცით, სადაც არის და იმას ჰკითხეთ, მე რა უნდა ვიცოდე იმის გარდა, რომ ეს ადამიანი არის პატიოსანი, პატრიოტი პიროვნება, მისი ცუდი არასდროს გაგვიგიაო. უპასუხიათ, _ მისი და სისხლით ნათესავია, ამიტომ უფლება არ გვაქვს, დავკითხოთო. ჩემი დაკითხვა თუ არ შეიძლებოდა, აბა, ოთანაძის ძმები და ნათესავები როგორ მიიყვანეს კუდ-ში? როგორც გითხარით, პატარა ბავშვითაც კი მოახდინეს მათზე ზემოქმედება.

_ თქვენ რატომ მოგერიდნენ და მხოლოდ რატომ გითვალთვალებდნენ?

_ არ ვიცი! ჩემს ქმარს, შვილებს, მთელ ოჯახს გვითვალთვალებდნენ ღიად. რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული ზეწოლა იყო.

20 მაისს ტელევიზიით გავიგე, რომ ბიჭები ჩაცხრილეს და ჩემი ძმის საძებნად გავიქეცი. ქერჩის ქუჩაზე მხოლოდ მანქანა დამხვდა და იქ უკვე ასფალტს აგებდნენ. გიას მეგობრებთან ვრეკავდი და ვეკითხებოდი, _ ხომ არ იცით, რა ხდება-მეთქი? _ არაო, _ მეუბნებოდნენ, მაგრამ, თურმე, მათთვის ყველაფერი ცნობილი იყო და იცოდნენ, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო. მე კიდევ სულელივით მაინც დავდიოდი და ვეძებდი ძმას. როცა გავიგე, რომ დაჭრილები ღუდუშაურში გადაიყვანეს, იქ წავედი. საავადმყოფოსაც პოლიციის ალყა ჰქონდა შემორტყმული. შეშვება ვითხოვე და უარი მითხრეს. ისტერიკა დამემართა. მკითხეს, _ ვინ ხარო და არ ვუთხარი ჩემი გვარი. _ მოქალაქე ვარ, ექიმის ნახვა მინდა, ავად ვარ-მეთქი და პირადობა მომთხოვეს. მეუღლის გვარზე ვარ და ამიტომ შემიშვეს, მაგრამ თან ერთ-ერთი პოლიციელიც შემომყვა. შიგნით უკვე კივილი დავიწყე და პოლიციელის თავიდან მოცილებას ვითხოვდი. მერე ექიმმაც უთხრა, ცოტა ხანს გადით, ვერ ხედავთ, ქალი რა დღეშიაო? მარტო რომ დავრჩი, ექიმს ფეხებში ჩავუვარდი და ვთხოვდი ეთქვა, ვინ იყვნენ მიყვანილები საავადმყოფოში. გავიგე, რომ იქ გია არ იყო, ამიტომ ვიფიქრე, ჩემი ძმა ცოცხალი იყო და არც დაჭრილა. რას წარმოვიდგენდი, რომ მომიკლავდნენ. გამთენიისას მოვედი სახლში და ტელევიზიით შევიტყვე, რომ გია მოკლეს. დედამ, 80 წლის ქალმა, ტელევიზიით გაიგო შვილის სიკვდილი.

_ კუხიანიძე ამბობს, რომ შავნაბადის ბატალიონში ამბოხს აწყობდნენ და ეს ყველაფერი ამიტომ მოხდა. რით ამტკიცებთ, რომ ეს ტყუილია?

_ ეს არის ზღაპრები, რომელიც მათ მოიგონეს. რაღაც ხომ უნდა დაებრალებინათ ამ ადამიანებისთვის. ამიტომაც გავმწარდი მის ინტერვიუზე. ქალბატონი ელისო, ალბათ, არაფერ შუაში იყო, მაგრამ გამწარებულმა დავრეკე, _ ჩემი ძმა მკვდარი მაინც მოასვენეთ მიწაში-მეთქი. გია რომ რუსებს ებრძოდა, მათ ჩემს ძმაზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული. ეგენი, ვინც ჩემს ძმას ასეთი რამ დამართეს, კუხიანიძეები, ახალაიები და სხვები, მაშინ „წამლის“ კეთებით იყვნენ დაკავებულები. მე, იცით, რით ვარ ბედნიერი? _ ხალხი იცნობს გიასაც და მაგათაც. გია საქართველოსთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობის დროსაც, სამაჩაბლოშიც, აფხაზეთშიც და მე ეგენი იქ არ მინახავს. არავის არ უთქვამს, რომ რომელიმე მათგანი ომში იყო და საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა. ეგენი მაშინ საზღვრებს გარეთ „გულაობდნენ“ მამიკოების ფულებით, წამლებს იჩხერდნენ, კაზინოებში დადიოდნენ. აი, როგორი ხალხი გვყავდა 9 წელიწადი მთავრობაში.

ვერ გამიგია დღევანდელი პროკურატურისგან, რომ ამბობენ, მტკიცებულებები არ არისო. ის კაცი გამოვარდა მაშინ და თქვა, გია კრიალაშვილი მიწიდან ამოიღეთო. ტელევიზიითაც დაიდო კადრები, რომ მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა. სხვათა შორის, ამაზე პრემიები გაიცა. სიაში პირველი ერეკლე კოდუა წერია, რომელმაც 5 ათასი ლარი აიღო. 22-23 მაისს გარე პერიმეტრზე მდგარმა ხალხმაც კი აიღო პრემიები. იმის მიხედვით იზრდებოდა პრემია, ვის რა წვლილი ჰქონდა შეტანილი ამ საქმეში. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს სია. ცოცხალმა გვამმა, მერაბიშვილმა გასცა ეს პრემიები. მე მას ამ სახელს ვუწოდებ, რადგანაც ის ჩემთვის სწორედ ცოცხალი გვამია. ამათ ხმა როგორ ამოეღებათ, დღევანდელი მთავრობა სუსტია, თორემ ესენი ციხეში უნდა ლპებოდნენ და გარეთ ვერ დადიოდნენ.

_ კუხიანიძე ამბობს, რომ არსებობდა ჩანაწერები, რომელიც მუხროვანის ამბოხის მონაწილეთა რუსულ კვალს ამტკიცებს და ახლა გამქრალია.

_ რანაირად გაქრებოდა ჩანაწერები? თუ ასეთი ჩანაწერები ჰქონდათ, რატომ არ დადეს მტკიცებულებად სასამართლოში? ხომ ჩატარდა ოთანაძის, ამირიძისა და დანარჩენი ბიჭების სასამართლო? როგორ ფიქრობთ, რაიმე ჩანაწერები რომ ჰქონოდათ, არ დადებდნენ? დიახ, დადებდნენ და რას ბოდავს ეს ადამიანი, ვერ გავიგე!. 2009 წელს სასამართლო რომ ჩატარდა, მაშინ ვინ გააქრო ეს ჩანაწრები, იქნებ, ისიც თქვას?

_ კუხიანიძის საუბრიდანაც ჩანს, რომ მან მოახერხა საზღვარზე გადასვლა და ქვეყნის დატოვება. ხარაზიშვილი, რომელმაც, როგორც ამბობენ, თქვენს ძმას ესროლა, ამ ხელისუფლებამ დააწინაურა. ეს არ გაღიზიანებთ? რატომ არ გაქვთ ამის გამო პრეტენზია პროკურატურასთან, პოლიციასთან?.. ვინც, წესით, ეს ადამიანები უნდა დასაჯოს და ამას არ აკეთებს, მას რატომ არაფერს ეუბნებით და სთხოვთ?

_ ვჩივი, როგორ არ ვჩივი. დღესაც მქონდა გამომძიებელთან საუბარი. როგორ ფიქრობთ, მე კმაყოფილი ვიქნები, შეურაცხყოფილი და გაუბედურებული ქალი? როცა მუხროვანის კადრები დაიდო, გამომძიებელმა დაკითხვაზე დამიბარა და მითხრა, ეს კაცი იმსახურებს იმას, რომ საქმე გამოძიებული იყოსო. ბოდიშს გიხდით, რომ გაჭიანურდაო. ახლა მეც აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, რატომ ჭიანურდება საქმე და ყველაფერზე რატომ ამბობენ, მტკიცებულება არ არისო. თუმცა „ნაციონალებივით“ რომ აწამებდნენ ხალხს ესენიც, ალბათ, მტკიცებულებებიც ექნებოდათ. ლმობიერად რომ იქცევიან და ასე ატარებენ დაკითხვებს, ამის გამო არ აქვთ მტკიცებულებებიც.

_ იმაზე არ გიფიქრიათ, რომ სანამ ხარაზიშვილი თანამდებობაზეა, ამ საქმეს დასრულება არ უწერია?

_ ხარაზიშვილმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. მას შეეძლო, გია ფეხებში დაეჭრა, ან სიცოცხლისთვის უსაფრთხო ადგილებში. სხვათა შორის, გიას ერთი ტყვია დუნდულაში აქვს მოხვედრილი. ძალიან მაინტერესებს, დუნდულაში როგორ მოხვდა ტყვია, როცა კაცი სკამზე ზურგით იჯდა? ორი ტყვია მუხლში აქვს მოხვედრილი და ერთი _ გულში. სწორედ გულში მოხვედრილი ტყვიით აქვს გაგლეჯილი გულის პარკუჭები, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა, აორტა, ყველაფერი. გია რომ მანქანიდან გადმოუგდიათ, წიხლიც ჩაურტყამთ, ამას უკვე დედა აქვს ……

მაგ ნაძირალებმა ენა გააჩუმონ. ხალხს იქამდე ნუ მიიყვანენ, რომ სამართლიანობის აღდგენას აღარ დაელოდონ. მათ საკმაოდ აცადეს ხელისუფლებას, თუმცა ქართველი ხალხი ისეთი გონიერია, რომ, ალბათ, კიდევ აცდის, რათა სრულფასოვნად აღადგინონ სამართლიანობა და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი.

დავუშვათ, ჩემმა ძმამ მართლაც ჩაიდინა რაღაც, რაზედაც ის უნდა დასჯილიყო. ვის ჰქონდა უფლება, მისი სიცოცხლე ხელეყო? ცოტა ხნის წინ გადატრიალებაზე რომ საუბრობდნენ „ნაციონალები“, აქედან თარგამაძეები და სხვები ჰყვებოდნენ, რატომ დაიბარეს დაკითხვაზე და არ დაცხრილეს ისე, როგორც ისინი მოექცნენ ჩემს ძმას? ესენი ხომ ღიად სუბრობდნენ გადატრიალებაზე? ან ვითომ თარგამაძე რომ ააფეთქეს და პრეტენზიები აქვს, დამნაშვეებს არ აკავებენო, თავად რატომ დადის გარეთ?

თქვენ იცით, ჩემი ძმა მიცვალებული როგორი იყო? თავი და გულმკერდი გადახსნილი ჰქონდა, იღლიები, როგორც ტომრები, ისე ჰქონდა ამოკერილი და ძაფები ეკიდა. კაცი იყო დაჩეხილი. მე მგონია, მიცვალებულზე იყარეს ჯავრი. გია იმდენად შეცვლილი იყო, ხალხი რომ მოდიოდა, ამბობდა, რომ არ ვიცოდეთ, გიას პანაშვიდია, ვერ დავიჯერებდით მის სიკვდილსო, მეც კი ვფიქრობდი მერე, იქნებ, ჩემი ძმა არც იყო მკვდარი-მეთქი? გაოგნებული ვარ, რამ შეცვალა ასე მიცვალებული? მაინტერესებს, გვამი აწამეს?

არ ვიცი, რატომ აწინაურებენ ხარაზიშვილს ახლა, ეტყობა, მფარველი ჰყავს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და რომელიმე მაღალჩინოსანი ჰყავს მფარველი მასაც. ვიცი, რომ როცა ეს ხელისუფლება მოვიდა, ზვიად ხარაზიშვილს ხსნიდნენ, მაგრამ დაირეკა და ის თანამდებობაზე დატოვეს. მერე კი დააწინაურეს. უკვე არსებობს ვარაუდი, რომ მას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მფარველობს. ეს ხომ საქართველოა და აქ კანონები არ არსებობს…

_ იცით, ვინ არის ხარაზიშვილის მფარველი?

_ არ ვიცი. ეტყობა, მაღალჩინოსანია და მაგ სტრუქტურაში მუშაობს. ჩემზე ზეწოლა გიას გარდაცვალების მერეც იყო. ჩემს ოჯახში სამი წელი არც ერთს არ გვქონდა მუშაობის უფლება. ჩემი შვილი ფეხბურთს თამაშობდა, ნაკრებში იყო და იქიდანაც გამოუშვეს. ჩემი ოჯახი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს. გიას მეგობრები და ახლობლები რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით. ამის მერე ჩემი ბინა თაღლითურად აღმოჩნდა ბანკში, ის ბინაც წამართვეს და დღეს ქუჩაში ვარ. ამიტომ თავის გაკეთებულ საქმეებზე ილაპარაკონ და ამ მთავრობას შეეშვან. ამათ ისიც ეყოფათ, რასაც სჩადიან.

_ რას გულისხმობთ?

_ პირველი, ყველაზე მთავარი ცოდვა არის ის, რომ სამართლიანობა არ აღდგა. ჩვენი ადვოკატი ნათია კორკოტაძე სხვა ბიჭების სასამართლოს ესწრებოდა და იქ თქვა, _ მეგონა, საუკუნის პროცესზე მოვდიოდი და ეს დადგმული სპექტაკლი იყოო. მაგრამ მჯერა, რომ „ნაციონალები“ ყველა ჩადენილ დანაშაულზე აგებენ პასუხს ადრე თუ გვიან. ყველა მათი დანაშაული ბოლომდე გამოჩნდება და ფირებსაც ვნახავთ, რადგან ისინი ყველაფერს იღებდნენ. ჩემს ძმაზე ცუდს ეგენი ვერ დადებენ, რადგან გია პატრიოტი და მებრძოლი იყო. ის პრინციპების გამო მოკლეს, რადგან ბიჭები ხალხის დასარბევად არ გავიდნენ და აღლუმი არ ჩაუტარეს ომში უამრავი ჯარისკაცის დაღუპვის მერე. რა ეაღლუმებოდათ, ამდენი ადამიანი დაეხოცათ და ამხელა ტერიტორიები დაკარგეს!

ხელისუფლებას ხმა იმიტომ მივეცით, რომ სამართლიანობა აღმდგარიყო, ყველა დამნაშავე დასჯილიყო, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ეს არ შეასრულა და გულნატკენი ვარ. ეს იყო მათი უმთავრესი დაპირება. მინდა, ახსოვდეთ, ისინი მოვიდნენ ჩვენი ბიჭების სისხლით _ რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, შარაძის სისხლით, ამიტომ რაც ხალხის ნება იყო, ის უნდა შეასრულონ.

ვთხოვ პროკურატურას, ვემუდარები მათ, მე-8 წელია, დედაჩემი გიას გამო სიკვდილს ელოდება და ნატრობს. იქნებ, მოასწრონ ეს მოხუცი, შვილმკვდარი დედა იმას, რომ მისი შვილის მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს და მიწაში მასაც გულნატკენს ნუ გაუშვებენ.

 

ნელი ვარდიაშვილი