რატომ გააძევეს ,,ქართუ ბანკიდან” გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი?

yu8

„ბიძინა ივანიშვილის იდუმალებით მოცულ წარსულზე მხოლოდ ლეგენდები არსებობს და რეალური ინფორმაცია, თითქმის, ხელმიუწვდომელია. ივანიშვილი და კრემლი ერთმანეთს კარგად უგებენ, საჭირო არაა, ყოველდღე დეპეშები უგზავნონ, _ როცა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამ მთავრობას დაამხობდა, კრემლი მიხვდა, რომ მაქსიმალურად უნდა დახმარებოდა რუსეთში აქტივების გაყიდვაში. ივანიშვილი საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანია“, _ წერდა, ჯერ კიდევ, 2013 წელს კახა ბენდუქიძე.

 

ამ საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანმა საქართველოში ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსიც შეცვალა. დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ვიზალიბერალიზაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო და 2017 წლის ნატოს სამიტი უჩვენოდ ჩაივლის. საქართველოს არაფორმალური მმართველი და საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს. ქვეყანა დღეს ზუსტად ისე იმართება, როგორც, თავის დროზე, „ქართუ ჯგუფი“.

 

რა ხდებოდა „ქართუში“ და როგორია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება მეგობრებისადმი, ამაზე „ქრონიკა+“-ის წყარო ექსკლუზიურად გვიყვება:

 

როცა „ქართუ ჯგუფი“ შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილმა მის ხელმძღვანელად ლაშა ძიძავა დანიშნა. ლაშა ძიძავა ეკა ხვედელიძის ნათესავის ქმარი და  ოჯახის ახლობელი გახლდათ. „ქართუ ჯგუფში“ სახელმწიფო სტრუქტურების ანალოგიური დეპარტამენტები გაჩნდა. მთავრობაში დიდხანს ხუმრობდნენ, ივანიშვილმა საკუთარი სამთავრობო  სტრუქტურები შეიქმნაო. ლაშა ძიძავას დროს დაიწყო სწორედ ამ დეპარტამენტების პროგრამების დაფინანსება, რომელიც, საბოლოო ჯამში, არამომგებიანი აღმოჩნდა, ასევე დაუსაბუთებელი პროექტებისთვის კრედიტები გაიცემოდა, რამაც განაპირობა კიდეც ძიძავას „ქართუდან“ განთავისუფლება და მის ადგილზე ირაკლი ტრიპოლსკის რეკომენდაციით გურამ ჩაგელიშვილის დანიშვნა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გურამ ჩაგელიშვილი „ქართუში“ არ გამდიდრებულა: ის მოსკოვში ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად ჯერ ცისტერნებით ყიდდა ბენზინს, შემდეგ ქათმის ბარკლებით ვაჭრობდა და „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობდა. გურამ ჩაგელიშვილმაც „ქართუში“ საკმაოდ დიდი ფული გააკეთა და, საბოლოო ჯამში, ელდარ გოგოლაძესთან დაპირისპირების გამო, წავიდა. ეს ერთადერთი სკანდალი არ არის, რომელიც ასევე ელდარ გოგოლაძის სახელს უკავშირდება. მოგვიანებით, სწორედ მისმა ქმედებებმა განაპირობა მეცხრე არხიდან ბიძინას მეგობრების ჩამოშორებაც (ამაზე ცოტა ქვემოთ).

 

რაც შეეხება „ქართუ ბანკს“, ამ დროისთვის, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბანკს სკანდალურად ცნობილი გიგა ჩრდილელი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მეტსახელად „15%-იანს“ ეძახდნენ. ივანიშვილის კარზე გიგა ჩრდილელი გია გობეჩიამ მიიყვანა. ივანიშვილი გამორჩეულად ჭკვიან ადამიანებად მიიჩნევდა იმ ხალხს, რომელსაც „კომაროვი“ ჰქონდა დამთავრებული, თუმცა ეს ფაქტი ხელს არ უშლიდა, რომ, მოგვიანებით, ეს ხალხი უცერემონიოდ მოეშორებინა თავიდან. ასევე გია გობეჩიამ მოიყვანა „ქართუში“ დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც გოგა ჩრდილელის მოადგილედ დაინიშნა. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტები იცვლებოდნენ, ხოლო გიგა ჩრდილელი თანამდებობას იმ დრომდე ინარჩუნებდა, სანამ პოლიტიკაში შემოსვლის წინ, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ღია წერილში იგი „ნაციონალების“ აგენტად არ გამოაცხადა.

 

თუმცა იქამდე, ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო და „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო, ამჯერად ქუმსიშვილ-ჩრდილელის ერთობლივ მაქინაციებზე უყვება: ტრადიციული გაგებით „ქართუ“ არასოდეს იყო ბანკი, მას ყოველთვის ჰქონდა ჭარბი ფული და კრედიტებსაც არ გასცემდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი „ვალუტჩიკი“ იყო და „ქართუში“ მისვლამდე ვაგზალზე სწორედ ვალუტას ახურდავებდა. ქუმსიშვილისა და ჩრდილელის მთავარი აფერა სწორედ სალაროში არსებული ჭარბი ფულით ვალუტის გარეთ გადახურდავება იყო, მოგებას იყოფდნენ, ხოლო სალაროში ფულს მოგვიანებით აბრუნებდნენ. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ტანდემი სესხებიდანაც გარკვეულ პროცენტს იღებდა, მაგრამ იმ სესხებს ვერ ეხებოდა, რომელსაც ივანიშვილი ჭყონიასა და თოფაძეს აძლევდა. „ქრონიკა+“-ის წყარო იხსენებს, რომ განსაკუთრებულ პატივში ივანიშვილის ბანკში სწორედ გოგი თოფაძე იყო, მას გრძელვადიან და დიდი მოცულობის სესხებს დაბალ პროცენტში აძლევდნენ. ამავე წყაროს გიგა ჩრდილელის კაბინეტში რამდენჯერმე უნახავს ნინო ბურჯანაძეც, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რომელი ბიზნესის სესხისთვის. სწორედ ამ პერიოდში ბანკში სამუშაოდ მოდის ნატალია თევდორაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსკოველი მეგობრის, გოჩა გოგიჩაიშვილის ნათლულია. დიმიტრი ქუმსიშვილი ცოლს ეყრება და ნატალია თევდორაშვილზე ქორწინდება. ქორწილში მათი ხელისმომკიდე გიგა ჩრდილელი იყო. ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოსკოველი მეგობრის ურთიერთობა ფუჭდება. გოჩა გოგიჩაიშვილი ერთადერთი მეგობარი არ არის, რომელმაც ივანიშვილთან მეგობრობა ბოლომდე ვერ გაქაჩა. ივანიშვილი სხვადასხვა დროს კარგავდა და იძენდა მეგობრებს, იყო ხშირი გაყრებიც და შერიგებებიც.

 

„ქართუ ჯგუფიდან“ ჩაგელიშვილის გაშვების შემდეგ პრეზიდენტად კახა ლომაიას ძმა, გია ლომაია დაინიშნა. ადრე გია ლომაია ნაყინის ქარხანაში მუშაობდა, რომელიც, მოგვიანებით, გოგი თოფაძემ იყიდა. სწორედ ნაყინის ქარხანაში დაუმეგობრდა ლომაია ბიძინა ივანიშვილის დისშვილს, კახა კობიაშვილს, რომელიც მალე მოადგილედ დააწინაურა. გია ლომაიამ ზუსტად გათვალა, _ კახა კობიაშვილი მას, როგორც კარგ მენეჯერს, ხშირად აქებდა ბიძასთან და სწორედ მისი რეკომენდაციით მოხვდა იგი „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტად. თუმცა, საბოლოო ჯამში, ლომაიაც სახლში გაუშვეს და მის ნაცვლად ამ პოსტზე „კგბ“-ს მაღალჩინოსანი ბადრი გულუა დაინიშნა. გულუა კომპანიაში უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა, ელდარ გოგოლაძემ მოიყვანა. სწორედ გულუას დროს გიგა ჩრდილელი „ქართუ ჯგუფის“ ვიცე პრეზიდენტად წინაურდება, ხოლო მის ადგილას ბანკში მოდის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც გიგა ჩრდილელის კომაროველი მეგობარია. კვირიკაშვილის მოადგილე კი დიმიტრი ქუმსიშვილი ხდება. ამ სამეულის შეხმატკბილებული მუშაობა მანამ გრძელდება, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადს გააკეთებს. 2011 წელს გამოქვეყნებულ წერილში მან „ქართუ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტად გამოაცხადა. ჩრდილელთან ერთად „ქართუდან“ გააძევეს დიმიტრი ქუმსიშვილიც და გიორგი კვირიკაშვილი. ქუმსიშვილი სამუშაოდ „პალიტრა მედიაში“ წავიდა, ხოლო კვირიკაშვილი უცხოეთში გაემგზავრა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კვირიკაშვილზე ივანიშვილს დათო საგანელიძემ მოუბრუნა გული. ეკონომიკის მინისტრად დანიშნულმა გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილი მოადგილედ მიიყვანა, ხოლო ქუმსიშვილის რეკომენდაციით გიგა ჩრდილელი „31-ე ქარხანაში“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

 

ერთად მუშაობდნენ „ქართუში“ ყოფილი და მოქმედი პრემიერებიც. ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ბევრად უფრო დაახლოებული პირი იყო, ვიდრე ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი. ამბობენ, რომ მათ ჩამოლაბორანტებაში ლომის წვლილი სწორედ ყოფილმა პრემიერმა შეიტანა, თუმცა ობიექტურობისთვის აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართუს“ ფინანსურ მაქინაციებში ჩართული არ ყოფილა.

 

ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობდა და „ქართუში“ წელიწადში ორჯერ თუ მიდიოდა. ამბობენ, რომ მას არ უყვარდა შევარდნაძე და ძალიან ეშინოდა კახა თარგამაძის. სულ უფრთხოდა, შევარდნაძეს არ ეფიქრა, რომ მას პრეზიდენტობა უნდა.

 

რაც შეეხება კადრებს, მას ძალიან მოსწონდა საბჭოთა მენტალობის ადამიანები, „კგბ“-ს ოფიცრები, ყოფილი პარტიული და კომკავშირული მუშაკები, მუდმივად ეჭვიანობდა გარემოცვაზე, მაგრამ, ამასთან, უკიდურესად პატივმოყვარე იყო. მას იმ პერიოდში სამი უახლოესი მეგობარი ჰყავდა: ირაკლი ტრიპოლსკი, ლაშა შონია და ნუგზარ ყიფიანი. ირაკლი ტრიპოლსკი მისი ჭორვილელი მეზობლის, ასან ნადირაძის სიძე გახლდათ. ასან ნადირაძემ ბიძინა ივანიშვილი თბილისში ჭორვილიდან წამოიყვანა, უპატრონა, ინსტიტუტში მოწყობაში დაეხმარა. სხვათა შორის, ივანიშვილი ამას ყოველთვის უმადლიდა, _ სახლი უყიდა, ფინანსურადად უზრუნველყოფდა. გიორგი, მისი შვილი, ივანიშვილის ქორწილში მეჯვარეც იყო. მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილმა სამივე მეგობარი „მეცხრე არხზე“ გაუშვა სამუშაოდ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სამივე მათგანის მუშაობით ძალიან უკმაყოფილო იყო. როგორც ამბობენ, ირაკლი ტრიპოლსკის ცნობილი ანტიპუტინური ფილმი „მეცხრე არხზე“ სწორედ ივანიშვილის დაცვის უფროსმა, ელდარ გოგოლაძემ შეუგდო. ტრიპოლსკიმ ყურადღება არ მიაქცია და ფილმი ეთერში ორჯერ გავიდა. ეს მეგობრების სამსახურიდან დასათხოვად ივანიშვილისთვის კარგი საბაბი აღმოჩნდა, მან ირაკლი ტრიპოლსკის ტელეფონით დაურეკა, _ რას მიკეთებ?! ამ ფილმის გამო პუტინმა შეიძლება, საბოლოოდ გამანადგუროსო! თან ტელეფონი სპიკერზე ჰქონდა ჩართული და მასთან ერთად მყოფ პირებს ასმენინებდა, როგორ საცოდავად იმართლებდა თავს ტრიპოლსკი. სიყრმის მეგობრები ერთმანეთს ასე დაშორდნენ, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა ისინი მალევე შემოირიგა. „მეცხრე არხზე“ კი ივანიშვილმა უშიშროების სამსახურის უფროსი, ელდარ გოგოლაძე გაამწესა.

 

საინტერესო და იდუმალებით მოცული იყო ივანიშვილის კარზე ელდარ გოგოლაძის ფიგურაც. როგორც ვარაუდობენ, შევარდნაძის მიერ შერისხული გოგოლაძე ივანიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურების თხოვნით შეიკედლა, მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძე ვუდროფის სიკვდილში იყო ეჭვმიტანილი. ელდარ გოგოლაძემ მოადგილედ, ასევე, „კგბ“-ს კადრი, ამირან არჩუაძე მიიყვანა. ამ უკანასკნელის პროფესიონალიზმში ეჭვიც კი შეჰქონდათ. ამბობდნენ, რომ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა, თუმცა უფრო ჭკვიანები ფიქრობდნენ, რომ არჩუაძე სწორედ ელდარ გოგოლაძის დავალებით ყვებოდა, როგორ უგზავნიდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ჟვანიას ყოველ თვე $10 000-ს და როცა ეს ფული მასთან მიჰქონდათ, როგორ იფშვნეტდა სიამოვნებისგან ხელებს ზურაბ ჟვანია. ასევე ყვებოდა იმასაც, რომ ვანო ჩხარტიშვილის მეშვეობით ფული ნანული შევარდნაძესთანაც მიდიოდა, რომ ივანიშვილმა „მოქალაქეთა კავშირის“ საარჩევნო კამპანია ერთი მილიონი დოლარით დააფინანსა, პარალელურად კი აფინანსებდა „ვარდების რევოლუციასაც“.

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ივანიშვილის უცნაური ხასიათის მაგალითად კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოჰყავს: თავიდან შუშის სასახლე ბიზნესცენტრი უნდა ყოფილიყო და ხაზანოვის პროექტით შენდებოდა. მოგვიანებით, ჯერ გერმანელი, შემდგომ იაპონელი არქიტექტორები ჩამოიყვანა. სამუშაოთა მწარმოებელი ზურა ცოტნიაშვილი იყო. ივანიშვილის დავალებით ცოტნიაშვილს ნაგებობის ერთი ფრაგმენტი მოუნგრევია, ერთი თვის შემდეგ ჩამოსული ივანიშვილი „პრარაბს“ აჰხირებია, _ ეს როდის დაგავალეო?! ნერვიულობაზე ცოტნიაშვილს მიკროინფარქტი მიუღია და საავადმყოფოში მოხვედრილა. ამ ამბით ბიძინა ძალიან შეწუხებულა, მკურნალობის ხარჯებიც თავად დაუფარავს და არც კომპლიმენტები დაუშურებია, _ შენ წესიერი კაცი ყოფილხარო. მეორე კონფლიქტიც არქიტექტორთან მოსვლია, რომელიც მას 3D პროექტებს უმზადებდა (ეს იმ დროისთვის ახალი ხილი ყოფილა), უმნიშვნელო დეტალზე დაწყებული კამათი ჩხუბში გადაზრდილა, არქიტექტორისთვის წნევას დაურტყამს და ის მეორე დილით საკუთარ კაბინეტში დაცვის თანამშრომლებს უგონოდ უპოვიათ. გამოჯანმრთელების შემდეგ არქიტექტორი სამსახურიდან წასულა, _ ამ მანიაკთან მუშაობა არ შემიძლიაო.

 

ივანიშვილს სპონტანური გადაწყვეტილებები სჩვევია, თუმცა, როგორც წესი, მერე ეს გადაწყვეტილებები შესაცვლელი უხდება. ერთ დღესაც, ჭორვილაში მიმავალს, ჭერათხევზე მანქანა გაფუჭებია, მძღოლს ავტოფარეხში დაურეკავს, ელექტრიკოსს ტელეფონით აუხსნია, როგორ უნდა მოექოქა მანქანა. ეს ბიძინას იმდენად მოსწონებია, რიგითი ელექტრიკოსი ავტოფარეხის გამგედ დაუნიშნავს, საბოლოოდ კი ის კაცი მოსახსნელი გამხდარა, უფროსობისთვის თავი ბოლო ვერ გაუგია.

 

„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უზომოდ ცნობისმოყვარეა, მას ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარემოცვას, მომხრეებსა და ოპონენტებს ეხება. ბევრმა არც კი იცის, _ გარდა იმისა, რომ ე. წ. ოტოს მისი დანიშნული კადრი აკონტროლებს, მას საკუთარი მოსმენების სამსახური _ ალტერნატიული ოტო _ შუშის სასახლეშიც აქვს და მისთვის საინტერესო ადამიანებს პირადად უსმენს.

 

 

 

                                                                                                     ელისო კილაძე