არის თუ არა საქართველოში რეალიზებული ბუნებრივი აირი უხარისხო?

bb

 

 

საქართველოში მოძრავი ტრანსპორტის უმეტესობა ბუნებრივ აირზე მუშაობს. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილების 80% სწორედ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ამავე დროს, ამ სფეროში სერიოზული პრობლემებია, რომელიც, შეიძლება, როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

 

გიორგი ბედნიაშვილი, ექსპერტი:

 

_ თავიდანვე მინდა აღვნიშო, რომ საქართველოში ექსპლუატაციაში, ანუ რეალიზაციაში მყოფი ბუნებრივი აირი უხარისხოა. მეორე ფაქტორი არის ბაზრის არასწორი გადანაწილება და მესამე, _ არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

 

_ ბოლოდან დავიწყოთ, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში რას გულისხმობთ?

 

_ გაზგასამართ სადგურებთან დაკავშირებით გეტყვით, რა პრობლემებია საქართველოში, თან არ დაგავიწყდეთ, რასაც ახლა მოგახსენებთ, იმის გამოსწორება 10-15 წუთშია შესაძლებელი. მაშასადამე, საქართველოში ხდება „გაზის“ ბალონებში  ბუნებრივი აირის ზედმეტი წნევით ჩატუმბვა. უფრო კონკრეტულად, ჩატუმბვის მსოფლიო სტანდარტი არის 200 ატმოსფერო წნევა (გაზგასამართი სადგურები იგულისხმება, სადაც მანქანებს ემსახურებიან) და 200-ს ზევით, მაგალითად 201 წნევით დატუმბვა უკვე დარღვევაა. საქართველოში კი ტუმბავენ 230-240 და ზევით. ეს ძალიან საშიშია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა გაზგასამართ სადგურზე მაღალი წნევით ხდება ბალონებში ბუნებრივი აირის ჩატუმბვა. წნევა გადაჭარბებულია, ან ამ დროს თუ ბალონი  ძველია და დასუსტებული, ეს გამოიწვევს ბალონის გახეთქვას, რაც ბომბის აფეთქების ტოლფასია _ მანქანას შუაზე გლეჯს.

 

_ ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილა?

 

_ უამრავი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვეთ სტატისტიკა. როგორც ვიცი, მარტო თბილისში წელს ხუთი ასეთი შემთხვევა იყო. ასევე ბალონის აფეთქებები მოხდა ზუგდიდში, ქუთაისსა და ა. შ.

 

_ ორიოდე თვის წინ „სარაჯიშვილის“ მეტროსთან მდებარე გაზგასამართთან მანქანა აფეთქდა, მიზეზი მაღალი წნევა იყო?

 

_ ვიცი ეგ შემთხვევა. მანდ მაღალ წნევაზე ჩატუმბვის გამო არ მომხდარა აფეთქება, სიძველის გამო გასკდა. დანარჩენ შემთხვევებში ყველა აფეთქება დაბალი წნევის გამო მოხდა. თვითონ გაზგასამართ სადგურს ჭერი ახადა და დაუზიანა. ამ შემთხვევაში გაზგასამართი სადგურის მეპატრონე მტყუანი არ იყო, იმიტომ რომ სადღაც 6-7 ლარის ბუნებრივი აირი იყო მანქანაში ჩატუმბული 15-16-ის მაგივრად, ანუ ნახევარი წნევაც არ იყო შესული, ბალონი რომ გასკდა. დაბალ წნევაზე რომ მოხდა გასკდომა, იმიტომ გადარჩა ხალხი, თორემ ბალონი ბოლომდე დატენილი რომ ყოფილიყო, იქ ვერავინ გადარჩებოდა.

 

_ თუ შეიძლება, კარგად აგვიხსენით ეს საკითხი…

 

_ ერთი და იგივე მანქანით 20 კუბიან ბალონში რომ ჩაასხამს 20 კუბ ბუნებრივ აირს,  საქართველოში გადის 180 კილომეტრს. როცა 20 კუბ ბუნებრივი აირის ჩაასხამს სომხეთში, გადის 300 კილომეტრს.

 

_ საქართველოსა და სომხეთს ერთი და იგივე ბუნებრივი აირი მიეწოდება?

 

_ არა, სომხეთს რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება, საქართველოს მოეწოდება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი. ამ დროს, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უფრო მეტად კალორიულია, ვიდრე რუსული. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტები ასე ამბობენ.

 

_ კალორიულობა რას ნიშნავს?

 

_ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით უფრო მეტი უნდა გაიაროს მანქანამ, ვიდრე სომხურით (იგივე რუსულით). ამ დროს პირიქით არის.

 

_ რატომ?

 

_ არ ვიცი, აი, ეს უნდა გამოიძიოთ.

 

_ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ თქვენი მოსაზრება ამის გარშემო გექნებათ?

 

_ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ მაქვს.

 

_ მაშინ, ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არის ის, რომ საქართველოში შემოსული და იმპორტირებული ბუნებრივი აირი, სინამდვილეში, კალორიული არ არის?!

 

_ მე მხოლოდ ფაქტებით შემიძლია გელაპარაკოთ. ამისთვის საჭიროა ლაბორატორიული ანალიზები. მე კი ფაქტი ის მაქვს, რაც თქვენც შეგიძლიათ მოიპოვოთ. დატუმბეთ მანქანა საქართველოში და შემდეგ დატუმბეთ სომხეთში. შემდეგ გავლილი მანძილები შეადარეთ.

 

_ გასაგებია. ახლა მაღალ და დაბალ წნევაზე ბალონების დატუმბვაზე გვითხარით. რატომ ტუმბავენ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე მაღალზე? იქნებ, ბარომეტრი უჩვენებს არასწორად?..

 

_ არა, ბარომეტრი ყველა მანქანას აქვს, რომელიც ბოლომდე უჩვენებს, ბალონი დატენილია თუ არა. მე პირადად ჩემს მანქანაზე მაქვს გამოცდილი, სომხეთში რომ ჩავდივარ, ერევნის შესასვლელში ვტუმბავ ბალონს, მთელ ერევანს მოვივლი, ჩამოვდივარ თბილისში და კიდევ ორი დღე დავდივარ. ანუ ერთი ჩასხმით 318 კილომეტრს გავდივარ. იგივე მანქანით საქართველოში 180-190 კილომეტრს გავდივარ, ანუ მთელი 130 კილომეტრით ნაკლებს. 130 კილომეტრი ხუმრობა საქმე ხომ არაა? ორი უღელტეხილი უნდა გადაიარო, სომხეთში რომ მიდიხარ.

 

_ ბენზინზეც იგივე სიტუაციაა?

 

_ არა, განსხვავება არ არის: ბენზინზე აქ წვავს 15 ლიტრს და 15 ლიტრს წვავს იქაც. ბუნებრივ აირზე ვისი მანქანაც მუშაობს, სომხებმა იციან, როცა საქართველოში მოდიან. გადმოსვლამდე ბუნებრივი აირის ბალონი უნდა გაავსონ, რათა  საქართველოში არ მოუწიოთ ჩასხმა.

 

_ კალორიულობა რას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გაგატაროს?

 

_ რა თქმა უნდა. უფრო მეტი თბოენერგია გამოიყოფა ერთი კუბმეტრი ბუნებრივი აირის წვისას. მინიმუმ, 1500 კილოჯოულ კალორია სითბოს გამოყოფს, რამაც, წესით, მეტი უნდა გაგატაროს. საქართველოში კი პირიქით არის.

 

_ ძალიან უცნაურია, ბატონო გიორგი…

 

_ მეც მაგას ვამბობ! გამოსაძიებელია ეს საკითხი.

 

_ მესამე პრობლემაზეც გვითხარით, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ.

 

_ ავტომობილის ბალონები უნდა შემოწმდეს სამ წელიწადში ერთხელ. შემოწმება უნდა მოხდეს მაღალ, 300 ატმოსფერულ წნევაზე. თუ გაუძლო და არ გასკდა, ე. ი. 200-ც აუცილებლად გაუძლებს.

 

_ არ მოწმდება?

 

_ არ მოწმდება. მოწმდება მხოლოდ მაშინ, თუ ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდა, ნებაყოფლობითია.

 

_ რომ შემოწმდეს, როგორ ფიქრობთ, როგორი სურათი დაიდება?

 

_ 80-90% გაუძლებს. აი, ის 10% ხომ მაინც ბევრია? ერთი ბალონი რომ გასკდეს, 5 კაცს კლავს და რატომ, რისი გულისთვის?

 

_ წნევაზე მინდა გკითხოთ: რატომ ტუმბავენ საქართველოში 230-ზე, როცა უსაფრთხოების სტანდარტი 200-ია?

 

_ 200 არის მსოფლიო სტანდარტი. ყველა დეტალი, ყველა აპარატი, ყველა ბალონი, თუ რამე კეთდება, ფიზიკოსები, ინჟინრები, სპეციალისტები როდესაც აკეთებენ, იქ ბალონის კედლის სისქეა, ლითონის შემცველობა თუ რაც არის, გათვლას აკეთებენ 200 ატმოსფეროზე. ვერ გეტყვით, ჩვენთან რატომ ტუმბავენ 200-ზე ზევით. არ ვიცი.

 

 

 

„ქრონიკა+“ კომპანია „ვისოლს“ დაუკავშირდა.

 

 

 

რუსუდან კბილაშვილი, პრესსამსახური:

 

_ საქართველოში როდესაც მანქანა ბუნებრივი აირით იტუმბება, 180-190 კილომეტრს გადის. სომხეთში როდესაც მანქანა იტუმბება, იგივე მოცულობის ბუნებრივი აირით 300 კილომეტრს გადის. რა ხდება?

 

_ მაგ შემთხვევაში დატუმბვის სიჩქარეს გააჩნია.

 

_ რას გულისხმობთ, წნევას? ამაზეც მოგახსენებთ ახლავე…

 

_ ეს ტექნიკური საკითხია. არსებობს კანონით განსაზღვრული წნევა, არ ვიცი, ჰქვია.

 

_ კანონით განსაზღვრულია, სავარაუდოდ, მსოფლიოს სტანდარტი _ 200 კუბმეტრ წნევაზე დატუმბვა. 201 ერთი უკვე დარღვევაა…

 

_ კანონით განსაზღვრულია  კონკრეტული წნევა, რა წნევითაც უნდა დაიტუმბოს.

 

_ რა წნევაა ეს?

 

_ არ ვიცი.  სპეციალიტების სფეროა.

 

_ დამალაპარაკეთ სპეციალიტს.

 

_ გამომიგზავნეთ კითხვები. მე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ მე არ ვარ მაგის სპეციალისტი.

 

_ წერილობით კითხვა-პასუხი აქ არ გამოვა. უნდა დამალაპარაკოთ, იმიტომ რომ, როგორც წესი, გამოგზავნილ პასუხებში ბევრი თეთრი ადგილი რჩება. მერე გვიწევს ისევ ხელმეორედ დაკავშირება ა. შ.

 

_ ვეცდები, მაგრამ შეიძლება, ვერ მოახერხოს, იმიტომ, რომ სულ მოძრაობს. გამომიგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ. თუ შემხვედრი კითხვები გექნებათ, ისევ გამოაგზავნეთ და ისევ გიპასუხებთ.

 

_ კი ბატონო, შევთანხმდით.

 

 

 

რაც შეხება „ვისოლს“, მის პიარსამსახურთან, მისივე მოთხოვნით, მხოლოდ წერილობით ურთიერთობა გვექნება. ანუ ამ და მომდევნო პუბლიკაციების შემდეგ კბილაშვილი თავს ნუ შეიწუხებს ტელეფონზე რეკვებით (ჩემგან რჩევა). აზრი არ ექნება, პასუხს მაინც ვერ მიიღებს. ყველა კომუნიკაცია ამის შემდეგ მხოლოდ წერილობით იქნება, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

 

 

რაც შეეხება „სოკარს“, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ზუბიტაშვილმა, დეტალურად დაგვაკვალიანა:

 

_ უპირველეს ყოვლისა, აიღეთ საქართველოში არსებული კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს. იგულისხმება ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, რომელსაც ავტოგაზგასამართი სადგური ექვემდებარება. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ მანქანა, რომელშიც ეს ბალონი იქნება, ასევე უსაფრთხო და გამართული უნდა იყოს ტექნიკურად, თორემ ჟანგბადის ბალონი თუ უყენია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ იქ? მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაეცნობით ამ სტანდარტებს, შეიძლება ექსპერიმენტის დაგეგმვა. იქ ძალიან ბევრი რამეა საინტერესო. აქ მხოლოდ კალორიულობაზე დაყრდნობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალზე მნიშვნელოვანია ტექნიკური უსაფრთხოება.

 

_ ჩვენი მასალა სწორედ ბუნებრივი აირის ბალონებით იწყება, კერძოდ მსოფლიოში დადგენილი ატმოსფერული წნევის სტანდარტით, რაც საქართველოში, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, დაცული არ არის.

 

_ მსოფლიო სტანდარტი ძალიან განზოგადებული ნათქვამია. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ეს არის უმაღლესი დოკუმენტი დამავალდებულებელი, რომლის გადაცდომაც კანონდარღვევაა. აქედან გამომდინარე, უნდა ხდებოდეს სწორება კანონმდებლობაზე. რაც არის მოქმედი კანონმდებლობა, იმის ფარგლებში ხდება მოქმედება. 180 ატმოსფერო იქნება თუ 199, ეს არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი. აქედან გამომდინარე ამის უგულებელყოფა და მსოფლიო დონეზე აქცენტების გაკეთება შეიძლება მხოლოდ ვარაუდის დონეზე მოხდეს.

 

_ ანუ რას ამბობთ, რომ ავიღოთ აბსოლუტურად გამართული მანქანა, ექსპერტების მიერ წინასწარ შემოწებული და შემდეგი რამ ჩავატაროთ: დაიტუმბოს საქართველოში და იგივე მანქანა დაიტუბოს სომხეთში. სხვაობა არ იქნება?

 

_ მე მაგას არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საქმე. ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი. მე არ ვიცი, სომხეთში რა სახის ავტოგაზგასამართი სადგურია, რა სახის წნევაა, რა კალორიულობაა. ეს ყველაფერი შედარებითია.

 

 

 

ამ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ მომდევნო ნომერში უკვე დანარჩენი ხუთი ავტოგასამართი სადგურის საკმაოდ ვრცელ კომენტარებს შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

                                                                                                         თამარ როსტიაშვილი