სარფი თუ ანაკლია? – მიშას დაბრუნების გეგმა და ძალოვანთა სრული მზადყოფნა!

ms

 

შარშან, ივნისში, შუსტერის პროგრამაში სტუმრობის დროს, რომელ პროგრამაზეც სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის განმავლობაში მისი ყველაზე საინტერესო ფრაზების, ალბათ, 80% მოდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ასეთი რამ თქვა: „იცით, მე ნახევრად მეგრელი ვარ _ არის ასეთი კუთხე საქართველოში, ძველი კოლხებისა და იქ ერთი ტრადიცია აქვთ: ხელ-ფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და ღრმა წყალში გაგდებენ, თან გეუბნებიან: „გაცურე!“ ჩვენი წინაპრები ცურვის სწავლას ამ მეთოდით ახერხებდნენ, მაგრამ ამას დრო სჭირდება“.

 

იმას, ისწავლა თუ არა კარგად ცურვა მიხეილ სააკაშვილმა ამ მეთოდით, დიდი გამოცდა ოქტომბერში ელის. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ბუკვალური ნათქვამია, მაგრამ შანსი იმისა, რომ სააკაშვილი „თავფარავნელი ჭაბუკი 2“ გახდეს, არცთუ მცირეა და თუ ამ მოლოდინს „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებს და ილუზიურ სამყაროში ცხოვრებად უთვლის სააკაშვილის მომხრეებსა თუ მომლოდინეებს, ეს არაფერს ცვლის, რადგან ისინი, თავიანთი თითქმის ყოველდღიური განცხადებებით იმის თაობაზე, თითქოს არეულობის სცენარს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა ამზადებს, სწორედ ამ მოლოდინს კვებავენ და ასაზრდოებენ…

რასაკვირველია, სააკაშვილს, რომელმაც, ყველაფერთან ერთად, უკვე საკმაო პოლიტიკური გამოცდილებაც დააგროვა, არაფერი ეშლება და საქართველოს ხელისუფლების აკვიატებას, შიშსა და შეშფოთებას სათავისოდ იყენებს. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სააკაშვილი დასცინის, „ეკაიფება“ ხელისუფლებას, როცა „წელს კახეთში რთველში მივიღებ მონაწილეობას და ღვინოს დავწურავ“ ტიპის განცხადებებს აკეთებს. ეს იმას ჰგავს, ჩვენი ბავშვობის „ტომი და ჯერის“ ერთ-ერთ სერიაში ტომი უკვე დაჭერილ ჯერის რომ გაუშვებს, ის გარბის, სინამდვილეში კი ტომს თითი აქვს კუდზე დადებული და იქამდე მისვლას ახერხებს, სანამდეც გაწელილი კუდი აძლევს ამის საშუალებას.

როდის დაიწყო სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების დაანონსება? უკავშირდება თუ არა ეს ანონსი მხოლოდ ამ არჩევნებს? როგორც ჩანს, არა მხოლოდ ამ არჩევნებს უკავშირდება:

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ ხმები სწორედ იმ დროს აქტიურდებოდა ხოლმე, როცა ეს ენმ-ს რეიტინგს ძალიან დასჭირდებოდა. გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საქართველო მაინც ლიდერების ქვეყანაა და ასეთად დარჩება კარგა ხნის განმავლობაში, რადგან აქ სამოქალაქო აქტივობა სწორედ ლიდერის ქარიზმაზე, მის იმიჯსა და ქუჩაში მიტინგებზე ქცევის მანერებზეა დამოკიდებული, ამაში კი სააკაშვილს ბადალი არ ჰყავს.

სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ, 2014 წელს, ადგილობრივი არჩევნების ჩავლის შემდეგ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობა და შედეგები დადებითად შეფასდა, სააკაშვილის დაბრუნების თემა ისევ გააქტიურდა. სქემა ასეთი იყო: საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში საერთაშორისო ავტორიტეტზე უნდა ეზრუნა, რათა მის მიმართ სიმპათია ისევ გამოკვეთილი ყოფილიყო, ხოლო შემდეგ კი ეს სიმპათია საქართველოში დაბრუნების წინაპირობა გამხდარიყო.

პირველი მართლაც მოხდა _ საკაშვილმა უკრაინაში ყოფნის განმავლობაში, ცხადია, მოახერხა საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვება, მაგრამ მეორე ნაწილი, ანუ გახდება თუ არა ეს ავტორიტეტი დაბრუნების გარანტი, ჯერ ისევ ღიაა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: სააკაშვილის შესაძლო დაბრუნება საქართველოში დასავლეთს საკმაოდ აშფოთებს. მათთვის ეს „პუტინის სცენარის“ გაუმჯობესებული ვარიანტია, მაგრამ აქვე ცალსახად უნდა ითქვას, რომ თუ ისინი ხალხის ნებას დაინახავენ, ამას თავიანთ მოსაზრებებზე წინ აუცილებლად დააყენებენ.

სწორედ ამიტომ, სააკაშვილმა, უკრაინაში მყოფ რეფორმატორებთან ერთად, მისი დაბრუნების დაანონსება დაიწყო. მარტო ის რად ღირს, რომ სარფში ჩავიდა, საქართველოდან ერთი ხელის გაწვდენაზე, წინ კიდევ ერთი სიმბოლო _ ჭიქა ჩაი დაიდგა და პარტიის აქტივს შეხვდა…

გზავნილებმა, ცხადია, იმუშავა: მისი შესაძლო დაბრუნების დაუშვებლობაზე მაშინვე ალაპარაკდა სახელისუფლებო ელიტა და მედიაც.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სამეგრელოსა და აჭარაში ამ ცოტა ხნის წინათ თბილისიდან საგანგებოდ მიავლინეს ე. წ. რეაგირების ჯგუფი, რომელსაც უკრაინიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავება და საქართველოსკენ სააკაშვილის დაძვრის შემთხვევაში, მისი მარშრუტის დაზუსტება ევალება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ საზღვაო გზით საქართველოში შემოსვლა განიხილება, შემოსვლის პუნქტებად კი _ სარფი ან ანაკლია. იგივე მოლოდინია მოსახლეობაშიც.

სარფის არჩევის შემთხვევაში სიტუაცია, შესაძლოა, უფრო რთულად განვითარდეს, ვიდრე ანაკლიის შემთხვევაში: სარფის დროს მდგომარეობას უცხო ქვეყნის სასაზღვრო პუნქტი გაართულებს, ხოლო ანაკლიაში ზღვით შესასვლელად სხვადასხვა, ლეგიტიმური გზა, ასე თუ ისე, არსებობს…

ცხადია, მოსახლეობისა და საქართველოს ხელისუფლების მოლოდინის გაძლიერებას მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც უწყობს ხელს. სამეგრელოში სანდრა რულოვსის დაბანაკებამ ძალოვნებში, სპეცსამსახურებსა და მოსახლეობაშიც ის განცდა გააჩინა, რომ სააკაშვილმა, არჩევნების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, სამეგრელოში ამოჰყოს თავი. როგორც ზუგდიდში ამბობენ, სანდრას ყოველი შეხვედრა მოსახლეობასთან სააკაშვილის შესახებ შეკითხვით იწყება და მთავრდება: „როდის ჩამოვა მიშა?“ ან „ხომ ჩამოვა მიშა?“ რასაც პასუხად მოსდევს: „მალე, აუცილებლად ჩამოვა“, ან „აბა, რას იზამს, ჩამოვა აუცილებლად“.

„როცა სანდრა მოსახლეობასთან მიტინგზე გამოდის, ყველა გაფაციცებით უსმენს. ჯერ არ მინახავს, ასე ყურადღებით უსმენდნენ ვინმეს, მიშას გარდა. თანაც, მეც და ყველას ამ გამოსვლების დროს გვგონია, რომ საცაა, მიშაც გამოჩნდება და უფრო ომახიანად დასძახებს, ვიდრე სანდრა“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან 67 წლის ნუგზარ ბაგათელია, ჯიხაშკარში მცხოვრები პენსიონერი.

ჯიხაშკარი ის სოფელია, სადაც სანდრას შეხვედრის ჩაშლაც სცადეს, მაგრამ ამაოდ _ მომხვდურები მოსახლეობამ დაიფრინა და ასე განსაჯეთ, ფეხქვეშ აუცილებლად გაიგებდნენ, რომ არა… „ნაციონალები“. სწორედ თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, ლევან მესხიამ, ლელა ქებურიამ და სხვებმა მისცეს დრო „ასათესად“ რამდენიმე მანქანით მოსულ ამრევებს, როცა მათკენ დაძრულ, განრისხებულ ჯიხაშკარელებს გადაეფარნენ. „აქ ჯიხაშკარია, რაც კორცხელში გააკეთეს, არ გავაბედინებთ“, _ ამბობდნენ ჯიხაშკარელები.

მათ აქვთ სოფლის სახელითა და მისი ტრადიციებით სიამაყის უფლება: 1998 წლის თებერვალში ეს სოფელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო _ სწორედ აქ მიიყვანეს მძევლებად აყვანილი გაეროს დამკვირვებლები გოჩა ესებუამ და მისმა თანამებრძოლებმა. მაშინ სოფელს ალყა შემოარტყეს, რამდენიმე ელიტური სპეცდანიშნულების დანაყოფი, მათ შორის, მუხროვანის ბატალიონი და ყოფილი ალფელები მზად იყვნენ შტურმისთვის, მაგრამ მოსახლეობისგან შემდგარი დელეგაცია მაშინდელ უშიშროების მინისტრ ჯემალ გახოკიძესთან მივიდა და უთხრა, _ თუ აქ ტყვია გავარდება, თოფებს ავიღებთ და გოჩა ესებუას შევუერთდებითო. თან პირობა დადეს, რომ მძევლად აყვანილთა სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. გახოკიძემ ეს ამბავი შევარდნაძეს უპატაკა, იმანაც იაზრა და თითქმის უკვე გადაწყვეტილი და დამტკიცებული შტურმის გეგმა დახია.

ჯიხაშკარელებმა მაშინ პირობა შეასრულეს: სახლში, სადაც მძევლები ჰყავდათ გადამალული, სოფლის მცხოვრები დიასახლისები, ლამის იყო, მორიგეობდნენ, რომ ექვს დამკვირვებელს საჭმელ-სასმელი არ მოჰკლებოდა. მეგონა მარღიას სახლში დღეში სამჯერ იშლებოდა, მინიმუმ, 20-კაციანი სუფრა, სადაც ჩიტის რძის მაწონსაც კი გასინჯავდით. ბედნიერი „მძევლები“ ტერორისტებთან ერთად მიირთმევდნენ ელარჯსა და გებჟალიას, ზედ კი ჭაჭას ღვინის ჭიქებით აყოლებდნენ, თანაც, ჭიქას „ტერორისტებს“ უჭახუნებდნენ.

მაშინ ამ სტატიის ავტორმა ამ ქეიფის ამსახველი კადრებიც გადაიღო და მანაც მთელი მსოფლიო მოიარა… ჯიხაშკარმა დაამტკიცა, რომ სტუმრების პატივისცემაც იცის და კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაც: რამდენიმე დღეში ყველა მძევალი უპრობლემოდ დაუბრუნდა თავიანთ სამუშაო ადგილებს და, მგონი, მადლობელიც კი დარჩნენ, იმხელა ფულადი კომპენსაცია მიიღეს ტყვეობაში გატარებული ორი დღის გამო…

ჯიხაშკარზე იმიტომ შევჩერდი ასე დიდხანს, რომ სწორედ ამ სოფელს განიხილავენ მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელად და დროებით შტაბად იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს. ზუგდიდიდან 8 კილომეტრში მდებარე, მთას შეფენილი სოფელი ულამაზესი ციხესიმაგრით _ ეს ადგილი, შესაძლოა, სააკაშვილის ბანაკიც გახდეს. ჩვენი ინფორმაციით, სცენარი ასეთია: უკრაინიდან სააკაშვილი მცურავი ტრანსპორტით პირდაპირ ანაკლიაში, ან განმუხურში გადმოდის ნაპირზე, სადაც იმ დროს წინასწარ ორგანიზებულად მიყვანილი და თვითონ მისული მასა იქნება მობილიზებული. რასაკვირველია, ძალოვნები ვერ გაბედავენ სააკაშვილის დაპატიმრებას, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ხოლო სააკაშვილი კანონისადმი დაუმორჩილებლობას იმით ახსნის, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არ აღიარებს თავს დამნაშავედ.

ხალხით გარშემორტყმული სააკაშვილი დღის განმავლობაში გამოჩნდება ზუგდიდში უამრავ ადგილას, რომ ხალხმა დაინახოს _ ის აქ არის. საღამოს საათებიდან მიხეილ სააკაშვილი ჯიხას გორასთან ახლოს დასახლდება.

ეს სცენარი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებს გააყალბებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ცესკოს მეშვეობით. „ნაცმოძრაობას“ მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს, „ოცნებას“ _ ინფანტილური და უმოტივაციო, ამიტომაც, ბუნებრივია, ენმ სერიოზულ შედეგს ელოდება. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია 35-დან 40%-დე, ანუ დაახლოებით იმდენივეზე, რამდენსაც, ენმ-ს ლიდერთა ვარაუდით, „ქართული ოცნება“ აიღებს და თუ სხვაობა პროცენტებს შორის არარეალური იქნება, არჩევნების გაყალბების საბაბით, ხალხის ქუჩაში გამოყვანაც დაიწყება და სააკაშვილიც ოდესიდან დაიძრება…

 

 

                                                                                      ლაშა ბერულავა