რა კავშირია ვახტანგ გომელაურს, ,,კაფელშიკ” სიმამარსა და პოლიციის უფროს სიძეს შორის?!

jhj

როგორ შეიძლება, სიმამრის ოქროს ხელები გამოგადგეს? სიდედრი ხომ სიმწარესთან ასოცირდება, მაგრამ სიმამრი ყოველთვის სიტკბოს ნიშა იყო…

გაინტერესებთ, სიმამრისგან წარმატებული სიძის ისტორია? მაშინ დავიწყოთ!

სამყარო სულაც არ არის ქაოსის სტიქია და იღბალი არც ისე ბრმაა, როგორც ის ბევრს წარმოუდგენია. სამყარო ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო ადამიანი მისი ნაწილი, რომ იღბალი მოიზიდოს. ადამიანები ოდითგანვე მიმართავდნენ სხვადასხვა ტიპის თილისმას და მისი მეშვეობით იპროგრამებდნენ თავს მომავლის პოზიტივზე.

ამ მხრივ არსებობს რამდენიმე, განსაკუთრებით „აპრობირებული“ თილისმა-ამულეტი, რომელსაც დღესაც წარმატებით იყენებენ.

ვინ არის შოთა მოსულიშვილი?!

შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსად 32 წლის შოთა მოსულიშვილი დაინიშნა. იგი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.

შოთა მოსულიშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოვალეობას მიმდინარე წლის ივლისიდან ასრულებდა, მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მოსულიშვილი პოლიციაში რამდენიმე წელია, მუშაობს. მის სამართალდამცველ მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობის არც ერთი ეპიზოდი არ ეკუთვნის, გარდა ერთისა: კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გასულ წელს გვაცნობა, რომ გურჯაანის პოლიციას მოქალაქე, 19 წლის ლადი ელიკაშვილი, ცემაში ადანაშაულებდა.

ლადი ელიკაშვილი 2015 წლის 29 ოქტომბერს სამართალდამცველებმა პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფის მოტივით დააკავეს. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში პოლიციის მაშინდელი უფროსი, გიორგი კრაწაშვილი და მისი მოადგილეები: შოთა მოსულიშვილი და გიორგი დარეჯანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ. 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში ქალა-ტვინის დახურული ტრავმისა და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს. დაზარალებული ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა, სინამდვილეში, მისი სიძისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით დააკავეს და სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ელიკაშვილის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

  შოთას ამულეტი

 

ჩემი წყარო:

_ მუშაობა დაიწყო, თავი-ბოლო, 5 წელია…

_ მანამდე სად მუშაობდა?

_ ბირჟაზე იდგა…

_ ანუ?!

_ ანუ არსადაც არ მუშაობდა! კარგად ვიცნობ, მთელი ცხოვრება რომ ეფიქრა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პოლიციის უფროსი, ან მოადგილე გახდებოდა. რა იცის, რომ? ჩვენ ამდენი წელია, ვმუშაობთ და ეგ, კიდევ, მოვიდა და ჩვენი უფროსი გახდა. დანაშაულის კვალი „კანაოში“ გაჭრილი გზა ჰგონია. იცით, როგორ მოხვდა პოლიციაში უფროსის მოადგილედ? მაგის სიმამრი მეტლახისა და კაფელის ძალიან მაგარი ხელოსანია, ანუ ჩვენში როგორც ამბობენ, კარგი „კაფელჩიკია“, გულიანი კაციც არის, მართლა რომ შეგიყვარდება. ხოდა, ესენი რომ შეიცვალნენ, ხელისუფლება, ეს კაცი თბილისში ერთ-ერთი სახლის რემონტზე მუშაობდა. იმ სახლის მეპატრონეს, ვისაც კაფელსა და მეტლახს უგებდა, სთხოვა, წესიერი სიძე მყავს, არ მინდა, ბირჟაზე დამეღუპოსო… ადგა და იმ კაცმაც აგე, ძალოვანში დანიშნა!

_ ის კაცი ვინ არის?

_ ვახტანგ გომელაური.

_ დარწმუნებული ხართ?

_ სუფრაზე შოთა თავის სიმამრის ხელების სადღეგრძელოსა სვამს, _ რომ არა მისი ხელები, მე ამხელა იღბალს ვინ მომცემდაო? აი, ასე, ნეტა, მეც მყოლოდა ასეთი სიმამრი, ამდენი წელი რიგითად ხომ არ დამტოვებდა?

ვიფიქრე, ინფორმაცია უნდა გადავამოწმო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პოლიციის გურჯაანის სამმართველოს თანამშრომელთა 80%-მა იცის გომელაურის სახლის რემონტის ისტორია და რემონტის რეზონანსიც ცხვირწინ უზით.

ასე რომ, ამულეტი ხანდახან რაიმე ნივთი, მონეტა, ან ქვა არ არის, შეიძლება, ბედის თილისმა სიმამრი და მისი ხელებიც აღმოჩნდეს! მერე რა, რომ მას დამსახურებები არ აქვს? მაშინდელმა შს მინისტრმა ასე გადაწყვიტა, დღევანდელმა კი ისე, რომ მოადგილედ კი არა, სამმართველოს უფროსადაც დანიშნა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გომელაურის დეკლარაციას გადავხედე. დოკუმენტიდან ირკვევა: „გომელაური თბილისში, ვარკეთილის პირველ მკრ.-ში 64.00 კვ.მ. ბინას ფლობს. მის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს ამავე კორპუსში 88.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა აქვს. ნინო კუდუხაშვილის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა HONDA ჩღV (გამოშვების წელი _ 1998). გრაფა, რომელიც ფასიან ქაღალდებს ეთმობა, ცარიელია. რაც შეეხება გომელაურის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ვახტანგ გომელაურის სახელფასო ანგარიშზე ბანკ „ქართუში“ 5306.19 ლარი კრედიტი ირიცხებოდა, მისი მეუღლის მიმდინარე ანგარიშზე „თიბისი ბანკში“ _ 120.00 დოლარის კრედიტი. ვახტანგ გომელაურს დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 20000 დოლარი და 14000 ლარი. რაც შეეხება მის სახელფასო შემოსავალს, 2013 წელს გომელაურმა მინისტრის მოადგილის პოსტზე 84112.34 ლარი აიღო; 2013 წლის 4 ივლისიდან 2015 წლის 4 ივლისამდე გომელაურის სახელზეა აღებული სესხი ბანკ „ქართუში“ 5900 დოლარის ოდენობით. რაც შეეხება მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გასავალს, 2013 წელს გომელაურის ოჯახმა რემონტისთვის 30000 ლარი დახარჯა“.

ესეც რემონტი!

შსს პრესსამსახურთან შოთა მოსულიშვილის ბიოგრაფიით, მისი ღვაწლითა და 2014 წელს მისი დანიშვნის შესაბამისი საფუძვლითაც დავინტერესდით. პრესსამსახურმა გვთხოვა, რომ მისთვის წერილობით მიგვემართა და 10 დღის მანძილზე გვიპასუხებდა, ამდენად, სტატია სამომავლოდაც გაგრძელდება. მთავარია, როგორ გაუმართლებს სიმამრს სიძე.

 

 

                                                                                                                          მაკა მოსიაშვილი