აგრო-საინვესტიციო სესხი _ ახალი შეთავაზება ფერმერებს!

tv

პირველად საქართველოში „თიბისი ბანკი“ და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრო სექტორში ჩართულ პირებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს _ აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

 

ამ მიზნით, 5 სექტემბერს, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საზოგადოებას ახალი საბანკო პროდუქტი, აგრო-საინვესტიციო სესხი წარუდგინეს.

20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. სესხის პროცენტს ნაწილობრივ, ან სრულად სახელმწიფო დაფარავს, ფერმერი კი სესხის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, რაც გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი, რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ, 5 წელია.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მინიმუმ, 1 ჰა ფართობს ფლობენ და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით.

აგრო-საინვესტიციო სესხით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი სრულ მსხმოიარობამდე.

აგრო-საინვესტიციო სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც „თიბისი ბანკი“ აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია  სახელმწიფო პროგრამებში: „შეღავათიანი აგროკრედიტი და „აწარმოე საქართველოში“. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, „თიბისი ბანკმა“ 8000-მდე მომხმარებელზე 320 მლნ ლარის ოდენობის სესხი გასცა.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:

_ ჩვენ მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი მართლაც უნიკალურია. მისი უნიკალურობა ის გახლავთ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს გრძელვადიანი დაფინანსების მიღების საშუალება ეძლევათ, რაც მრავალწლიანი ბაღების გაშენებას მოხმარდება. სესხის მოცულობა 20 000 ლარიდან, 600 000 აშშ დოლარამდეა. 5 წლის განმავლობაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრო-საინვესტიციო პროცენტს გადაიხდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძირი თანხის დაბრუნებას ფერმერები მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყებენ.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მინიმუმ, 1 ჰა ფართობს საკუთრებაში ფლობენ და მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით არიან დაინტერესებულნი. აგრო-საინვესტიციო სესხით, ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი, მის სრულ მსხომიარობამდე დაფინანსდება. ამ სესხის პარალელურად, ფერმერები სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით _ `დანერგე მომავალი~ ისარგებლებენ. `დანერგე მომავლის~ ფარგლებში ფერმერები გრანტის სახით, ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70%-სა და სარწყავი სისტემის მაქსიმუმ 50%-ს მიიღებენ. აგრო-საინვესტიციო სესხის მიღების მსურველებმა „თიბისი ბანკის“ ფილიალებს უნდა მიმართონ.

 

ოთარ დანელია _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი:

_ აგრო-საინვესტიციო სესხი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომელიც თანხვედრაშია იმ პროექტებთან, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ბანკებიც გამოეხმაურებიან ამ ინიციატივას. ეს არის ძალიან სწორი და დროული დასაწყისი. ბოლო წლების განმავლობაში 4-5-ჯერ გაიზარდა საქართველოში მიწის ფასი და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება. 2017 წლიდან ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები სოფლის მეურნეობაში, რომელიც დაწყებული პროექტების შედეგები იქნება.