მთავარი საზოგადოება ალექსანდრე იაშვილი: „ნაკრებში მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“

ალექსანდრე იაშვილი: „ნაკრებში მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“

1844
0
გაზიარება

ia

ნამდვილი პროფესიონალი, შეუპოვარი სპორტსმენი, თავმდაბალი ადამიანი _ ფეხბურთელობისას ასეთი გახლდათ ალექსანდრე იაშვილის მოკლე დახასიათება, დღეს კი ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია.

ფეხბურთის ფედერაცია სულ უფრო და უფრო ხდება პოლიტიზებული ორგანიზაცია, თუმცა ალექსანდრე იაშვილთან ამაზე სასაუბროდ არ მივსულვართ, მხოლოდ ფეხბურთზე ვილაპარაკეთ.

ფეხბურთზე სალაპარაკოც ძალიან ბევრია და ერთი ინტერვიუ ამას, ალბათ, ვერ ეყოფა. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი მკითხველისთვის და, ზოგადად, გულშემატკივრისთვის, ალექსანდრე იაშვილის პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე საინტერესო უნდა იყოს.

მაშ, ასე! „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

_ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ავსტრიასთან საშინაო მარცხით დაიწყო.  ცხადია, მხოლოდ ერთი თამაშით ვერ შეფასდება მწვრთნელის მიერ გაწეული სამუშაო და ვერც მთლიანად გუნდი, თუმცა ეს არ იყო პირველი მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ვლადიმერ ვაისის ხელქვეით ითამაშა და ამიტომ ჩნდება კითხვა, _ რა სახეს იძენს ჩვენი ეროვნული ნაკრები ამ მწვრთნელის ხელში?

_ ჩვენი და ვაისის ყველაზე მთავარი ფაქტორი, ამ ეტაპზე, არის ის მენტალიტეტი, რითაც გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ _ ასეთი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, უმთავრესი გუნდის შედეგია, რითაც უნდა შეფასდეს მწვრთნელისა და ჩვენი საქმიანობა. ყველა მწვრთნელს სჭირდება დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ვაისი ისეთ გუნდს ჩამოაყალიბებს, რომელიც ბოლომდე იბრძვის. როცა 0:2-ს აგებ, ძნელია თამაშის შემობრუნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა კი გვიჩვენეს, რომ არ ნებდებიან. სამწუხაროდ, ავსტრიასთან დავმარცხდით და ცხადია, ასეთი შედეგით კმაყოფილი ვერავინ იქნება.

_ მწვრთნელი და დრო ახსენეთ და საინტერესოა, დროის კრედიტი რამდენი აქვს ვლადიმირ ვაისს?

_ ამ შესარჩევში ეს ვაისის პირველი მატჩი იყო და დროის კრედიტზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია.

_ შესარჩევში იყო პირველი მატჩი, მთლიანობაში კი ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უკვე ხუთი შეხვედრა ითამაშა.

_ ავსტრიასთან ჩვენი ნაკრებისგან ყველა მეტს ელოდა, რადგან შესარჩევი ციკლის კარგად დაწყება, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და ბრძოლა გაგრძელდება. ნაკრების შედეგებზე პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. გვჯერა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის და მაინც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე დროის კრედიტზე ლაპარაკი არ ღირს.

_ საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ერთი ხელმძღვანელი ჰყავთ, თუ ეს მოდელი აუცილებლობად არ მიგაჩნიათ?

_ ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, გია გეგუჩაძე გახლავთ. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ერთმანეთში ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

_ საქართველოს ნაკრების უწინდელ მწვრთნელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს არ ჰყავს ბევრი საერთაშორისო კვალიფიკაციის ფეხბურთელი და ნაკრებიც ამის გამო ვერ აღწევს წარმატებასო. ახლა როგორ შეაფასებდით ვითარებას, საქართველოს ნაკრებს აქვს მოთამაშეთა ის რესურსი, რომლითაც წარმატების მიღწევა შესაძლებელია?

_ არიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაც დრო სჭირდებათ წინსვლისთვის. ჩვენი მიზანია მაქსიმიმუს მიღება იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც გვყავს. ყველამ სწორად უნდა ვიმუშაოთ წარმატების მისაღწევად. ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, გაცილებით მაღალ დონზე რომ შეუძლია თამაში. მათ მაქსიმუმი უნდა გაიღონ და ამით ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან.

_ საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა ხშირად 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ბრალდებათ და მერე იწყება ხოლმე ე. წ. გაახალგაზრდავების პროცესი. ამჯერადაც, ალბათ, ასე აღარ დგას საკითხი…

_ ვინც დღეს 30 წელსაა გადაცილებული და საქართველოს ნაკრებში თამაშობს, ყველა ნამდვილი პროფესიონალია და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ, მათგან საქმისადმი დამოკიდებულება ისწავლონ. ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუსტად იცის, რომელი ფეხბურთელი სჭირდება ნაკრებს. გამოცდილი ფეხბურთელი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში.

_ ბოლო წლებში ქართველი ფეხბურთელები, ფაქტობრივად, ვერ ხვდებიან ევროპის ელიტურ ლიგებში. ეს რისი ბრალი უნდა იყოს?

_ წარსულზე, ქართული ფეხბურთის წინა პერიოდზე ლაპარაკს მოვერიდები. მირჩევნია, აწმყოზე და მომავალზე გაგცეთ პასუხი, რადგან ფედერაციაში ხელმძღვანელობა ერთი წელიც არ არის, რაც შეიცვალა, ჩვენ კი დიდი მიზნები გვაქვს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ვახორციელებთ.

_ საქართველოს ნაკრების  ფეხბურთელები ახლა დასავლეთ ევროპიდან რუსულ კლუბებში რომ მიდიან, ამაზე რას იტყვით?

_ ეს მათი გადაწყვეტილებაა…

_ თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი მაინც ფულისკენ, კონტრაქტისკენ და მისი პირობებისკენ მიდის, ეს ტენდენცია უცვლელია. ფინანსური დაინტერესება დამატებითი სტიმულია ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებისთვისაც, ასეა აფრიკული ქვეყნების ნაკრებებშიც. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თუ იგეგმება ფინანსური სისტემის შექმნა ფეხბურთელებისთვის?

_ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

_ ქართულ კლუბებზე ვთქვათ: ალბათ, ყველა გულშემატკივარს აინტერესებს, რატომ ვერ გადიან ქართული გუნდები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე? ფაქტია, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების კლუბები ამას ახერხებენ, ისიც ფაქტია, რომ უეფას მიერ ფორმატის შეცვლის შედეგად ჯგუფურ ეტაპზე გასვლა აღმოსავლეთ ევროპის კლუბებისთვის ახლა უფრო იოლია, ვიდრე მანამდე…

_ არ მიყვარს შედარებები სხვა ქვეყნებთან. შემიძლია თამამად გითხართ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალი მოდელი სწორედ იმას ემსახურება, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებით ჩემპიონატი უფრო დაძაბული და საინტერესო გახდეს, უფრო მწვავე კონკურენცია გაჩნდეს, უმაღლესი ლიგის გუნდებს არ ჰქონდეთ ინფრასტრუქტურული ხარვეზები. ქართული კლუბები ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდნენ, ამისთვის კარგი ეროვნული ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია.

_ როცა კლუბში წამდაუწუმ იცვლება პოლიტიკა, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი, ამას უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირება უშველის? გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაცია არანაირად არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ამა თუ იმ კლუბში  ხდება, თუმცა არსებობს ასეთი მაგალითი: როცა გიორგი დევდარიანი  გორის „დილას“ მწირი ბიუჯეტით წვრთნიდა და სამ კვირაში შეკოწიწებული გუნდით დანიური „ოლბორგიც“ დაამარცხა ევროპალიგის შესარჩევში და სპლიტის „ჰაიდუკიც“, წლეულს კი ერთმა ქართულმა გუნდმა ოთხ ევროთამაშში ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა. ვფიქრობ,  ჩვენს უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს, მოხდება თუ არა რომელიმე ქართულ კლუბში კარგი მწვრთნელისა და კარგი ფეხბურთელების  თანხვედრა?..

_ რაც თქვენ თქვით, ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა და მისი განზოგადება, დამეთანხმებით, ვერ იქნება მართებული. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ხუთი წლის განმავლობაში დაეხმარება ქართულ კლუბებს და ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ სწორად დაგეგმონ განვითარების პოლიტიკა.

_ უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირება ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ ფეხბურთელს და ნაკლებ მწვრთნელს უმაღლეს ლიგაში, სააქართველოს ქვედა ლიგებში კი იმაზე გაცილებით ნაკლები აჟიოტაჟი და ინტერესია, ვიდრე უმაღლესში. მეორე ბუნდესლიგა, ინგლისის ჩემპიონატი, სერია B _ ჩვენი პირველი ლიგა მაყურებელთა დასწრებით და აჟიოტაჟით მათთან ახლოსაც კი ვერ მივა და, ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პირველ ლიგაში თამაში დიდი მოტივაცია ნაკლებად იქნება. ისიც უნდა ითქვას, რომ ათგუნდიან უმაღლეს ლიგაში ჩვენს გუნდებს ერთმანეთთან, მინიმუმ, ოთხჯერ მოუწევთ თამაში, თუ თასზე გადაეყრებიან ერთმანეთს, ალბათ, ექვსჯერაც. ფეხბურთელი იყავით და ძალიან კარგად გესმით, სეზონში ერთსა და იმავე გუნდს ექვსჯერ რომ გადაეყრები, ეს რამდენად მოსაბეზრებელია? და კიდევ: თუ სახელმწიფო უკვე კონცეპტუალურად აფინანსებს ქართულ კლუბებს, რომელი სჯობს _ ათი მოფულიანებული გუნდი, თუ თექვსმეტი მოფულიანებული გუნდი?

_ ჩვენი აზრით, ჩემპიონატის ახალი ფორმატი არის ოპტიმალური ვარიანტი. წლევანდელმა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონატის ამ ფორმატზე და ასევე გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა. ჩვენი კლუბების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ძველი ფორმატით ისინი აბსოლუტურად მოუმზადებლები ხვდებოდნენ ევროსეზონს. ახალი სისტემით კი კლუბები მას გაცილებით მომზადებულები შეხვდებიან. ამას გარდა, ასეთი ჩემპიონატი უფრო საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი იქნება. ახლა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი გარდამავალ ეტაპზეა, ჩვენი ათვლის წერტილი 2017 წლის ჩემპიონატი იქნება. ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაც ამისკენაა მიმართული.

_ 2016-17 წლების სეზონისთვის თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და სპორტული პრინციპით მოიპოვა უმაღლესში დაბრუნების უფლება, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით „ვიტ ჯორჯია“ უმაღლეს ლიგაში არ დაუშვეს. კლუბისა და ფედერაციის დავაში ჟურნალისტი მსაჯული ვერ იქნება, თუმცა ფაქტია, რომ „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი გურამ რუხაძე უკვე ოცი წელია, რაც ამ კლუბს აფინანსებს და კერძო ინვესტორისთვის ფეხბურთის ფედერაციას ხელის შეწყობა ჰმართებდა. ალბათ, იყო იმის შესაძლებლობა, რომ ფედერაცია „ვიტ ჯორჯიას“ ხარვეზების აღმოფხვრაში დახმარებოდა და „ვიტ ჯროჯიას“ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უმაღლესი ლიგის კარი გაეღო…

_ განგებ არავინ დაჩაგრულა. ლიცენზირების კომიტეტმა არ გასცა ლიცენზია და საამისოდ, ცხადია, საფუძველიც ჰქონდა. „ვიტ-ჯორჯიას“ გარდა ლიცენზია ცხინვალის „ლიახვმაც“ ვერ აიღო, ამიტომ ვინმეს მიმართ ჯიბრში ჩადგომა არასერიოზული მგონია.

_ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს ფონდი ყველა ქართულ გუნდს აძლევს გარკვეულ თანხას, გაჩნდა თუ არა დაინტერესება კერძო ინვესტორების მხრიდან?

_ არის ინტერესი „ზუგდიდის“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მიმართ. აქვე მინდა აღვნიშნო, _ ძალიან სასიხარულოა, რომ იზრდება კერძო სექტორის ინტერესი ფეხბურთის მიმართ. მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სპონსორს _ „VTB ბანკს“, ასევე დიდი მადლობა ეროვნული ნაკრების ახალ პარტნიორს „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგის“ სახით, კოკა-კოლას, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით ჩვენთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.

_ საქართველო უნდა იყოს ფეხბურთელთა ექსპორტიორი ქვეყანა _ არსებობს ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკა?

_ ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდეს საქართველოში,  განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთი, ფეხბურთის მასობრიობა, რადგან, წარმოუდგენელია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება მასობრიობის გარეშე. სამუშაო უამრავია და ყველამ ბევრი უნდა ვიშრომოთ მიზნის მისაღწევად.

 

                                                                                               დავით თავართქილაძე

 

 

დატოვეთ კომენტარი