როინ ჯანაშია – ემზარ კვიციანს: „ჯერ მითვისებულ იარაღზე გაასწორე ანგარიში და მერე ილაპარაკე გმირობაზე!“

t5

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და აფხაზეთის ომის დროს 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილე შეიარაღებისა და ტრანსპორტის დარგში როინ ჯანაშია „ქრონიკა+“-თან სკანდალურ ინფორმაციას ამხელს, რომელსაც ის, თითქმის, 25 წელია, ინახავს. ჯანაშიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს ეხება, რომელიც, 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილის თქმით, ტყვია-წამალს თვითნებურად დაეპატრონა და აფხაზეთში ქართველი მებრძოლები მის გარეშე დატოვა. როგორც ჯანაშია აცხადებს, კვიციანმა ჯერ 23-ე ბრიგადის წევრებთან უნდა გაასწოროს ანგარიში და მერე ილაპარაკოს გმირობაზე და პარლამენტში შესვლაზე.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება როინ ჯანაშია:

_ დიდი ხანია, გადავწყვიტე, ეს ამბავი მოვყვე და სიმართლე მიწაში არ გავიყოლო, მაგრამ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ პროცესი ისე წავიდა, რომ რაღაც საკითხები იყო გასარკვევი იმასთან მიმართებით, რა პრეტენზიებიც ემზარ კვიციანთან მაქვს. ბევრი რაღაც გავარკვიეთ, საბუთებში ჩავიხედეთ, ისედაც ყველაფერი მახსოვს, ომის დროს ახალგაზრდა კაცი ვიყავი და მეხსიერება არც ახლა მღალატობს. თავიდანვე გეტყვით, რომ კვიციანს არც პოლიტიკურად ვებრძვი და არც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ვარ. მე ვარ აფხაზეთიდან და რომელ ბრიგადაშიც ვმსახურობდი, პასუხს იმაზე და იმ ხალხზე ვაგებ, რომლებიც მაშინ იქ ომობდნენ.

_ რა პრეტენზიებზე საუბრობთ?

_ როგორც კი ხელი მოეწერა დაგომისის ხელშეკრულებას და გადაწყვეტილება მიიღეს მძიმე ტექნიკის გაყვანის თაობაზე, ეს პროცესი ძალიან გაიწელა. მიზეზი ის იყო, რომ ბრიგადის მეთაურიდან დაწყებული, მთელი შემადგენლობა არ ეთანხმებოდა იარაღის გატანას. ყველა ამბობდა, მოგვატყუებენო. წინააღმდეგობას მხოლოდ 23-ე ბრიგადა უწევდა, რომელსაც გენო ადამია მეთაურობდა, თორემ ხელისუფლება, სხვა კორპუსის მეთაურები და გენერალიტეტი არ ეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომ იარაღის გატანა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. მძიმე ტექნიკაზეა საუბარი. პროცესი რომ გაჭიანურდა, შოიგუ ჩამოვიდა. ერთ-ერთ შეხვედრას მეც ვესწრებოდი. მან იკითხა, თუ რატომ არ სრულდებოდა დაგომისის ხელშეკრულების მოთხოვნები? ერთ-ერთმა ადამიანმა უპასუხა, რომ არსებობს 23-ე ბრიგადა, მისი უფროსი შეიარაღების დარგში აქ არის და ეს ტექნიკა მათ უნდა გაიტანონო. ტექნიკის გასატანი გემები უკვე მოყენებულია, ნაპირზე დგას, ჩვენ კიდევ რაღაც მიზეზებს ვიგონებთ და არ გაგვყავს, თუმცა წინა ხაზიდან უკვე გამოყვანილია და ყველა პოზიციაზე გვიყენია. ვიგონებთ, თითქოს საწვავი არ გვაქვს. მაშინ შოიგუმ განაცხადა, _ თუ მოლაპარაკების მოთხოვნები არ შესრულდება, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, ის ადამიანი დაიხვრიტებაო! ჩემი ყურით მოვისმინე. _ საწვავი თუ უჭირთ, ჩვენ უზრუნველვყოფთო! და მოგვაწოდეს ორი დატვირთული საწვავის მანქანა, აავსეს ჩვენი ტანკების ავზები და ღამის სამ საათზე გაყვანა დავიწყეთ. ეს პროცესი ერთ დღეში დამთავრდა, მერე ტყე-ტყე დაიწყეს ბატალიონების ტერიტორიაზე იმ ტექნიკის ძებნა, რომელიც აღრიცხულ ტექნიკას აკლდა. ისიც მახსოვს, რომ ერთ-ერთი ტანკი რომელიღაც ბატალიონს გადაუმალავს, იპოვა ჯგუფმა, რომელიც ტექნიკას ეძებდა და ჩემი თანდასწრებით, რადგან გემი უკვე წასული იყო, ბომბი ჩააგდეს ლუქში და გაანადგურეს. ავტომატურ იარაღზე არავის ულაპარაკია, ყველას ხელში შერჩა. ყველანაირი შეიარაღების სასროლი მასალა რაც იყო: სატანკო, საარტილერიო და სხვა, ეს ყველაფერი დარჩა, მარტო ტექნიკა წავიდა ფოთში, ხელით ხომ ვერ გაისვრიდი?! თბილისიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა და ჩემს ყურამდე ინფორმაცია მოვიდა, რომ ამ ტყვია-წამლის გატანა უნდოდათ. ამ დროს ხალხი აღშფოთებულია, ბრიგადაში ჯარისკაცები მოდიან და პრეტენზიას აცხადებენ, რომ იარაღს არ ვაძლევთ. ვეუბნებით, _ ომი დამთავრდა, ფაქტობრივად, ბრიგადის მეთაური გენო ადამია გადაყენებულია და ძალა არ აქვს, რომ მათ იარაღი მისცეს.

ერთ ღამეს, 23:00 საათი იქნებოდა, შევდივარ გენო ადამიასთან, მასთან ზის რამდენიმე კაცი, ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელობა იყო, რომლის ვინაობის დასახელებას ახლა არ ვაპირებ, თუმცა ამის შესახებ ბევრმა იცის. მივედი გენოსთან და ვუთხარი, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ტყვია-წამალი იყო შემოტანილი დაგომისის ხელშეკრულების დადებამდე, რომელიც დარჩენილია, ჩვენ გვაქვს და საშიშროება არსებობს, ამბობენ, ომი დამთავრებულია და რა ვუყოთ-მეთქი? გენომ მითხრა, _ ეს ტყვია-წამალი ჩვენია და აქ უნდა დარჩესო. ვუთხარი, _ სადაც ახლა ეს ტყვია-წამალი ალაგია, არ არის გამართლებული, რომ იქ იყოს, როგორც თქვენ იტყვით, რომელი ბატალიონის მეთაურებსაც ენდობით, მათი მეშვეობით გავიტანოთ, თორემ დადიან, მონიტორინგს ატარებენ და ამასაც წაიღებენ-მეთქი. გენო ადამია მეუბნება, _ ჩემს გვერდით ზის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური და პირველი პარტია ამას გაატანეო. ამ დროს გენოს კაბინეტში იმყოფება ახალგაზრდა, წვერმოშვებული კაცი, ემზარ კვიციანი, რომელიც კუთხეში ზის და რომელსაც ჩვენი ლაპარაკი  აბსოლუტურად არ გაუგონია. ხმამაღლა არ ვსაუბრობდით და თან დიდი დარბაზი იყო. მე კვიციანს ფიზიკურად ვიცნობდი, ის მიცნობდა თუ არა, არ ვიცი. მე და მითითებული ბატალიონის მეთაური გარეთ გავედით, შემდეგ ჩემს კაბინეტში შევიყვანე. კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი საუბარი არავის ესმოდა. მოვილაპარაკეთ, რა რაოდენობის ტყვია-წამალი იქნებოდა გასატანი, ვუთხარი, რომ 2-3 მანქანა მოეყვანა. შეხვედრა დავთქვით მეორე დღის 11:00 საათზე. საწყობი ბაბუშერის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. ბატალიონის რამდენიმე წარმომადგენელი დათქმულ დროზე მოვიდა, უკვე გამზადებული მქონდა გასატანებელი ტყვია-წამალი. შევნიშნე, რომ ემზარ კვიციანი 60-70 მეტრის მანძილზე იდგა, შორს იყო და ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ მოსულა. მანქანების დატვირთვა რამდენიმე საათი გაგრძელდა, საბუთი ჩემს სახელზე გამოიწერა, როგორც კი დატვირთვა დამთავრდა, მანქანები დაიკეტა. ბატალიონის მეთაურს ვუთხარი, _ ამ საბუთს ჯიბეში ვიდებ, ჩემს სახელზეა გამოწერილი, შენ ვერ მოგცემ იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში არ ვართ და ვერსად გაისვრი, სამშვიდობო ხელშეკრულება დადებულია და ეს უკვე დასჯადია. ეს არის ქვეყნის მარაგი, როდესაც დაგვჭირდება, მეთაურის მითითებით და ჩემ გარეშე, ერთი პატრონის გაცემა არ უნდა მოხდეს-მეთქი. ეს კაცი ამაზე დამთანხმდა და პროცესი დამთავრდა.

_ სად წაიღეს ეს ტყვია-წამალი, ამის შესახებ იცოდით?

_ რა მნიშვნელობა აქვს, სად წაიღებენ, კაცი პასუხს აგებს! მეთაურის დავალებით მე ვიყავი შუამავალი და პირველი პარტია ამ ბატალიონის მეთაურს მივეცი. რა ტყვია-წამალიც დარჩა, სხვა ბატალიონებისთვის უნდა მიგვეცა. მოკლედ, დავისვენე, ეს ტყვია-წამალი რომ გავატანე, დავიგულე, რომ რაღაც ნაწილი მარაგში გვაქვს. ამის შემდეგ სხვა ბატალიონები დავიბარეთ. არც ერთი საკითხი გენო ადამიას გარეშე არ გადაწყვეტილა, რაოდენობასაც ის მეუბნებოდა, რადგან მან იცოდა, რომელი ბატალიონი რა ძალას ფლობდა, აქედან გამომდინარე ნაწილდებოდა ეს ტყვია-წამალი. ამ ბატალიონების ყველა მეთაური დღესაც ცოცხალია და ყველამ იცის, რომ თავიანთი წილი მიიღეს. ეს პროცესი ერთ კვირაში დამთავრდა. მიდის აურზაური, ბრიგადა არც დაშლილია, გულრიფშში სამშვიდობო 300-კაციანი ჯგუფი შეიქმნა, გავიდა ორი კვირა და სოხუმის დაბომბვა დაიწყო. ატყდა ამბავი, შევარდნაძე და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები ჩამოფრინდნენ, მიდის მობილიზაცია, ბატალიონის მეთაურები ჩამოვიდნენ, ხალხი ჩამოიყვანეს, გვიწყვია სასროლი მასალა, მაგრამ ტექნიკა გატანილია, ფიზიკური ძალის გარდა არაფერი გაგვაჩნია. ღამით ჯარისკაცებმა ჩამოსვლა დაიწყეს, სულ დედას გვაგინებენ, _ ხომ გითხარით, ომი არ დამთავრებულაო! საკუთარი ნებით ჩამოდიოდა ხალხი და თავიანთ პოზიციებზე გასვლა უნდოდათ, მაგრამ რა პოზიციებზე გავიდოდნენ, როცა ომი დაიწყო? ჩვენს პოზიციებზე უკვე სამშვიდობოები იდგნენ _ რუსი, ქართველი, აფხაზი და გაეროს წარმომადგენლები. ყველა დაიჭირეს, მტრებმა დაატყვევეს და ისინი ჩვენს პოზიციებში ჩასხდნენ. ჩვენი სანგრები აივსო მტრით, მაგრამ მაინც ვმოქმედებდით, იარაღის რაღაც ნაწილი ხომ გვქონდა, ერთი ტანკი იყო დარჩენილი, ერთი ჰაუბიცა, ესენი ავამუშავეთ და მთელი ორი კვირის განმავლობაში ვისროდით.

იმ ღამეს ის ხალხი დავიბარე, ვისაც ტყვია-წამალი გადავეცით. ბატალიონის მეთაურს ცოლი ჰყავდა ონკოლოგიური ავადმყოფი და მოსკოვში იწვა. მას ჩემთვის არ შეუთანხმებია, მოსკოვში გაფრენილა და იქ იმყოფებოდა. მეტი ტყვია-წამლის საშუალება არ გვაქვს, აქედან კიტოვანი უნდა შემოვიდეს, იქიდან _ ლოთი ქობალია, იმედი გვაქვს, რაღაც მომენტი უნდა მოვიგოთ, სოხუმის ჩაბარება თავში არც მოგვსვლია და რაღაც ფორმებით ისევ დაიწყო წინა ხაზის აწყობა. ჩემი გაგზავნილი ხალხი წავიდა იმ კუთხეში, სადაც იარაღი შევინახეთ. კონკრეტულად, სად ეწყო, არ ვიცი, მაგრამ ის ხომ ვიცი, ვინ წაიღო. ის ხალხი, ვინც დატვირთვას ესწრებოდა, დავიბარე, დღეს ყველა ცოცხალია. ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. ცარიელები ჩამოვიდნენ, არ მოგვცესო, მაგრამ რატომ არ მისცეს, არ მეუბნებიან. შევედი გენოსთან, სიტუაცია ავუხსენი, ქვეყნის წინაშე ვაგებ პასუხს და ეს პასუხისმგებლობა ახლაც მაწევს, გენოს მითითება კი იყო, მაგრამ ჩემი ინიციატივით მოხდა ამ ტყვია-წამლის გატანა. მეორედ წავიდნენ და ამ ბიჭებს საერთოდ არ დახვდა ადგილზე.

_ ვინ არ ატანდა?

_ ემზარ კვიციანის სახელმა გაიჟღერა, ის ხელმძღვანელობსო. ორჯერ დაიმალა. სულ სამჯერ ავიდა ეს ხალხი სვანეთში და ნულზე დაგვტოვა. დატვირთვას ვინც ესწრებოდა, ის ხალხი მიდიოდა. მათ იცოდნენ, ეს ტყვია-წამალი სადაც ეწყო, უბრალო ხალხი კი არა, ხელმძღვანელობა გახლდათ, ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. წარმოიდგინეთ, სამჯერ ახვიდე სვანეთში და ცარიელი ჩამოხვიდე. დამთავრდა, უარი მივიღეთ, ომი მიმდინარეობს, ასეთ პირობებში ვართ, ბატალიონის მეთაური, ვისაც ტყვია-წამალი გადავეცი, მოსკოვშია, მაშინ არც მობილურები არსებობდა და ტელეფონითაც ვერ დამიკავშირდებოდა. აფხაზეთში ომი რომ განახლდა, ალბათ, ტელევიზიით გაიგო, უბრწყინვალესი კაცია, მასთან დღესაც ვმეგობრობ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 14 დღე რაც ხდებოდა აფხაზეთში, მთელმა ქვეყანამ იცის, ბოლოს, სოხუმი დავტოვეთ და წამოვედით.

_ იმ დროს ემზარ კვიციანი რას წარმოადგენდა, სად იბრძოდა?

_ საბუთების გადასინჯვა რომ წავიდა, ვის მივეცი იარაღი და ვის _ არა, თავისი ნომრებით და ყველა საბუთით, იქ ეს კაცი არსად ფიგურირებს. როცა ადამიანი ომშია და წინა ხაზზე იბრძვის ნებისმიერი ბატალიონის შემადგენლობაში, დგება საბუთი, ყველას სახელსა და გვარს ვიწერთ, ასევე მონაცემებს, რომელი ბატალიონია და ვინ მეთაურობს. მერე მე ან სხვა მივყვებოდით შტაბიდან, მივდიოდით დანიშნულ ადგილამდე, სადაც პასუხისმგებელი გვხვდებოდა, გადავაბარებდით და უკან ვბრუნდებოდით. ეს სია ოპერატიულ წიგნში იწერება. აბა, საიდან იციან სახელები და გვარები, ვინ მოკვდა, რომელ საათზე მოკვდა, ან ვიღაც არ დაბრუნდა? ასე მიდის მუშაობა… ემზარ კვიციანი ომის დროს, ჩვენი მონაცემებით, არც ერთი ბატალიონის სიაში არ ითვლება 27 სექტემბრამდე, 28 სექტემბერს თუ ვინმემ ჩაწერა, ეს მისი ამბავია, მაგრამ როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე, ეს კაცი არც ერთ ბატალიონს ომის პერიოდში არ ჰყოლია, თუ მერე არ მისცეს რაღაც საბუთი. მას შეუძლია დაასახელოს, სად მიიღო იარაღი, ვინ მისცა და ა. შ. მას აქვს უფლება თქვას, ვიყიდე, ვიშოვე, წავართვი და ა. შ. იარაღს იშოვიდა კაცი სოხუმში, მით უმეტეს, კვიციანისთანა კაცი, მაგრამ ოფიციალურადაც ხომ უნდა ყოფილიყო, ტყვია-წამალიც ხომ უნდა ჰქონოდა, ანდა უფროსი ხომ იქნებოდა იქ? დამისახელოს კაცი, რომელთანაც მას ომის დროს ურთიერთობა ჰქონია და საერთოდ, თუ ჩამოდიოდა სოხუმში? შეიძლება, გულრიფშში ჩამოდიოდა ნათესავებთან პურ-მარილზე, ეს სხვა ამბავია, სოხუმში ეს კაცი თუ ვინმემ ნახა ფიზიკურად?.. კვიციანი მე ვნახე პირველად, რაზე იყო ეს კაცი ჩამოყვანილი, რაღაც ნიუანსები ვიცი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის… ამის შემდეგ კვიციანი დაიმალა და ქვევით ერთი პატრონა არ ჩამოუშვა.

_ რატომ და როგორ დაეპატრონა კვიციანი ამ ტყვია-წამალს, ამის შესახებ თუ იცით?

_ როდესაც ეს ტყვია-წამალი გადაჰქონდათ, გზად გაჰყვა კვიციანი და გაიგო. როგორც ჩანს, იმ ბიჭებს არც დაუმალავთ. ხომ არ დავაბრალებ, ახლოს არ გაგვკარებია, როდესაც ამ ტყვია-წამლის გატანა გადავწყვიტეთ, არც დატვირთვას ესწრებოდა, მოშორებით იდგა კუთხეში, ღობის გარეთ. სად წაიღეს ეს იარაღი, მისი ადგილმდებარეობის შესახებ ყველაფერი იცოდა. რომც ეთქვათ ბიჭებს, დიდი ამბავი, სვანები გმირი ხალხია, მარტო ბორია გერლიანი და ზაზა პაკელიანი რომ გაზარდა, იმ კუთხეს ეს ორი კაცი მთელი ცხოვრება ეყოფა! ან რატომ უნდა დაემალათ? საქართველოსთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. კვიციანი მათ ახლდა და, როგორც ჩანს, ენდობოდნენ. ჩემი ვარაუდია, სადაც მიიტანეს, საიმედო ადგილას დააწყვეს, მეომარი ბიჭები იყვნენ და შეიძლება, დაავალეს კიდეც, რომ დაეცვა. მილიონების საქმე იყო, ერთი პატრონა 7 დოლარი ღირდა, 400 ცალი ყუმბარმტყორცნის ჭურვი იყო მარტო ატანილი, ყველაზე მეტად საჭირო იარაღი, მაგრამ როდესაც ის ხალხი სვანეთში ავიდა, ვინც მას ეს ტყვია-წამალი მიაბარა, დაბრუნებაზე უარი განუცხადა. 3-ჯერ ავიდა ბატალიონის მეთაურის მოადგილე, ბოლოს მოვიდა და მითხრა, _ იქ წამსვლელი აღარ ვარო! აიღო თავისი იარაღი და თავის ბატალიონში წავიდა. სხვას ვერ გავაგზავნიდი, მისი სოფლელები იყვნენ და იმათ არ გამოატანა, მერე კი საერთოდ დაემალა. ომი მიდის, ხალხი მეუბნება, _ სად გაქვთ ტყვია-წამლის მარაგიო?! იგივეს მეუბნებოდა მინისტრის მოადგილე ვანო გურგენიძე.

_ დანარჩენი ბატალიონებისთვის გადაცემულ ტყვია-წამალს რა ბედი ეწია?

_ დანარჩენი ტყვია-წამალი რომელი ბატალიონების მეთაურებსაც მივეცით, ისინი სოხუმელები იყვნენ და იქვე სოფლებში ჰქონდათ მიბარებული. ის ტყვია-წამალი გამოიტანეს და 14 დღის განმავლობაში ისროდნენ. მეომრები დამინახავდნენ თუ არა, ტყვია-წამალს მთხოვდნენ. უკვე ვიმალებოდი, ცენტრალურ შტაბში წავედი, სადაც შევარდნაძე იჯდა. იქ შემომივარდა ერთი ბატალიონის მეთაური, _ თქვენ აქ ზიხართ, ჩვენ ვიხოცებით, სადაა ტყვია-წამალიო?! როცა მიხვდნენ, რომ უკვე ომს ვაგებდით და უკან უნდა დაგვეხია, მეომრები განაპირა სოფლებში ცხოვრობდნენ, სოფელში რომ მიდიხარ და ცოლ-შვილი გამოგყავს, ზურგი ხომ უნდა, ტყვია-წამლის გარეშე როგორ შეიძლებოდა?! ეს მთელმა ქვეყანამ იცის! იქიდან წამოსვლის შემდეგ დაიქცა ქვეყანა, დევნილობაში ვართ და ეს საქმე ჩაიფარცხა.

_ ამ ამბის შემდეგ თუ შეხვდით იმ ბატალიონის მეთაურს, რომელსაც ტყვია-წამალი გაატანეთ, თუ გისაუბრიათ მასთან ამ საკითხზე?

_ ამ საქმიდან გაიარა ორმა თვემ და ბატალიონის მეთაური ვნახე, მოსკოვიდან ჩამოვიდა. ეს ამბავი მოვუყევი და მითხრა, _ თავი დამანებე, მაგაზე ლაპარაკი არ მინდაო. ამიტომ ჩვენ შორის ამ ამბის გარჩევა ამ მომხდარა. ლაპარაკი უკვე ზედმეტი იყო, ისეთ მდგომარეობაში ვიყავით. დროდადრო ამ თემაზე იყო საუბარი. შემდეგ კვიციანი გუბერნატორად დაინიშნა და ამაზე ლაპარაკს, უბრალოდ, ვერ ვბედავდი. როდესაც შენი ხალხი ომში წინა ხაზზე იღუპება, ეს ყველაფერი იცი, მოდიან შენთან და უარს ეუბნები, აფხაზეთიდან სანამ სვანეთში ავა ომი, მანამდე ჯერ აქ უნდა იბრძოლო! ხომ გითხარით, ეს ამბავი ყველამ იცის, არავისთან შეთანხმებით არ გეუბნებით ამას, არავინ გამიფრთხილებია, ნებისმიერი ბატალიონის მეთაურს რომ ჰკითხოთ, იყო თუ არა მარაგი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ყველა დაადასტურებს და იმასაც იტყვიან, კვიციანმა რომ არ გამოატანა ეს ტყვია-წამალი! კვიციანმა იქ დიდი ხანი იმუშავა, ცუდ საქმეს აკეთებდა თუ კარგს, ამაზე ბევრია დაწერილი, ციხეშიც იყო და ა. შ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათთან უთანხმოება მოუვიდა, მოვლენები როგორც განვითარდა, ყველამ იცის… მე, ბრიგადის მეთაურის მოადგილე, ახლა რომ გალის რაიონში შევიდე, თხასავით ჩამომკიდებენ და ცოცხლად გამაძრობენ ტყავს, სია აქვთ შედგენილი და მეც იქ ვწერივარ. ახლა ამ კაცს ვეკითხები, _ შენ, ემზარ კვიციანი რომ ებრძოდი (თუ ებრძოდი) აფხაზებს, შენი ქვეყანა რომ გადაგიდგა, გაიქეცი, სოხუმში მიდიხარ, იქ ცხოვრობ დიდი ხანი, იქიდან სადღაც გიშვებენ, რატომ არ გკლავენ?! რატომ არ მოსთხოვეს პასუხი, თუკი ამდენი გმირობა აქვს ჩადენილი და რასაც მასზე ლაპარაკობენ?! ერთი ბატალიონის მეთაური, ან მოადგილე გაუშვით სოხუმში და ნახავთ, რასაც უზამენ! საცოდავი რუზგენ გოგოხია დაიჭირეს, ორი წელი დახვრეტის მუხლით იჯდა კაცი და მთელი მსოფლიო იყო მის გამოყვანაში ჩარეული. კითხვა გამიჩნდა, _ კვიციანი რატომ გააცილეს სოხუმიდან? თუმცა მაშინაც არ ამომიღია ხმა, ვიფიქრე, ძველი ამბავია, კაცი ციხეში იჯდა, ისიც შევარდნაძის პოლიტიკის მსხვერპლია და არ გავხადე ეს საკითხი სალაპარაკოდ. უამრავი საიდუმლო მაქვს, რომელიც არასოდეს მითქვამს და არ მინდა, მიწაში ჩავიყოლო, ყველამ უნდა იცოდეს მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე! თუ ამ კაცს ქვეყნის წინაშე რაიმე დამსახურება აქვს, ამისხნას, ეს ნდობა რატომ გაგვიცრუა?! ტელევიზიით გამოდის და ამბობს, მე იქ იარაღი მქონდაო და ასახელებს იმ ბატალიონის მეთაურის სახელსა და გვარს, ვისაც მივეცი, იმან დამიტოვა, მაჩუქაო და ბევრი საქმე გავაკეთეო. რას ჰქვია, აჩუქა?! ასეც რომ ყოფილიყო, არ უნდა ეკითხა, ვისას მჩუქნიო?! ამდენი ტყვია-წამალი რომ მოგცა იმ კაცმა, ან როდის მოგცა, მოსკოვში რომ იყო, იმ ღამეს დაგირეკა? დაგიბარა, როინი თუ ამოვა, არ გაატანოო?! მთელი ქვეყნის მარაგი, ამხელა ტყვია-წამალი, მთელი არსენალი გიწყვია და უარს ამბობ გაცემაზე! თან რა ხდებოდა, იცით? იქ ისეთი მასალაც იყო, რომლის გასროლა არ შეეძლო, ისეთი ჭურვები იდო ტყუილად, მას შესაბამისი იარაღი არ ჰქონდა, ამაზე დიდი ღალატი რა არის, მითხარით?! ჩვენ გვქონდა იარაღი, რომ გაგვესროლა ეს ჭურვები, რატომ დაიტოვე?! საბუთი როინ ჯანაშიას ედო ჯიბეში და ქვეყანას ეკუთვნოდა ეს ტყვია-წამალი, მე ვიყავი პასუხისმგებელი, რომ არ განიავებულიყო! ჯერ იმან როგორ გითხრა, შენიაო და თუ გითხრა, შენ როგორ აიღე?! ამდენი ხანი რატომ არ თქვი, გიწყვია, არაფერს აკეთებ და ხალხს ტყვია არ აქვს, ომში რომ გაისროლოს?!

_ ბატონო როინ, ძალიან მძიმე ამბავს ყვებით. ე. ი. ემზარ კვიციანს არც აფხაზეთში უომია და ვინც ომობდა, მათთვის განკუთვნილ ტყვია-წამალსაც თვითნებურად დაეპატრონა?

_ რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ქრონოლოგიურად დაწყობილი საქმე. ტყვია-წამალი მაჩუქაო, თვითონ თქვა ტელევიზიით, მე თვითონ მოვისმინე. იმ ღამესვე მინდოდა მეკითხა, _ ემზარ, ვინ მოგცა შენ ტყვია-წამალი, ან როდის მოგცა? ომის შემდეგ თუ მოგცა, ასეთ დროს სახელმწიფოს უნდა ჩაბარებოდა. თუ ასე იყო, ვინც მოგცა, ციხეში უნდა იყოს, თუმცა შენც უნდა იყო ციხეში, რომ აიღე! არაფერში გჭირდებოდა და რომც დაგჭირვებოდა, ქაღალდზე უნდა ყოფილიყო ოფიციალურად ეს ყველაფერი გაფორმებული. ეს ადრე თქვა, ახლა  დეპუტატობაზე დაიწყო ლაპარაკი. მე არ ვარ „ნაციონალების“ წევრი და მხარდამჭერი, მაგრამ ლაპარაკობს და წერს „ფეისბუქზე“, _ პარლამენტში აუცილებლად უნდა მოვხვდე და სადაც პარლამენტის წევრი ვიქნები, იქ „ნაციონალებს“ შემოვუშვებო?! ჯერ ერთი, „ნაციონალებს“ იქ არავინ უშვებს, ამას აკეთებს ხალხი და ხალხის შემოშვებულის, ვინც არ უნდა იყოს, მათი ხელის ხლება არავის შეუძლია. რაც დრო გადის, ეს კაცი თანდათან საკუთარ თავს ცამდე სწევს და აცხადებს, თითქოს გმირი იყოს! ამიტომ მინდა მივმართო, _ ბატონო ემზარ, სანამ პარლამენტში მოხვალ, მანამდე 23-ე ბრიგადის წევრებთან მოგიწევს ანგარიშის გასწორება! ამ ყველაფრის შემდეგ ვერ მოვითმენდი, ერთი არასწორი სიტყვა თუ ურევია ჩემს მონაყოლში, მზად ვარ, მასთან დავჯდე და პირდაპირ ვეტყვი ბევრ რაღაცას. ახლა ამას ვლაპარაკობ სახალხოდ, არაფერში ვამტყუნებ, მაგრამ რაც მოგიყევით, ეს არის ნაღდი! ტყვია-წამლის ვეებერთელა მარაგი იდო იმ ტერიტორიაზე, ვინც ეს აიტანა, იმათ არ მისცა და თუ ვინმემ აჩუქა, რატომ აჩუქა და რატომ იჩუქა თვითონ?! ეს არ იყო სუნამო და სუვენირი! ეს ამბავი იციან სოხუმის მეომრებმა, 23-ე ბრიგადის წევრებმა, როცა ეს იარაღი დააკლდათ ბრძოლაში. ახლა, როგორც უნდა, სადაც უნდა, იქ შემხვდეს. თუ უნდა, მარტო მივალ, მოწმე არ მჭირდება, მთელი ბრიგადაა ჩემი მოწმე, თვითონ დაიყენოს მოწმეები. სად არის მართალი?! როცა ის საქართველოდან გაიქცა, ოქრუაშვილმა სვანეთიდან შეიარაღების მთელი არსენალი ჩამოიტანა, ტელევიზიით ვნახე და ვვარაუდობ, რომ სწორედ ეს იყო იმ იარაღის ნაწილი, რომელიც ვერ გამოიყენა. იქ ამ იარაღს ვერავინ აიტანდა, რადგან აქედან სამშვიდობოები იდგნენ და იარაღის ასატანად პოლიციური რაზმი უნდა ყოფილიყო მარტო ავტომატური იარაღით, ენგურჰესთან რუსი სამშვიდობოები იდგნენ, იქ ვერ გაგატარებდნენ და აფხაზეთიდან იმას იქ არავინ აიტანდა. ამაზე მინდა პასუხი და მერე ილაპარაკოს დეპუტატობაზე! ეს ჭუჭყი მოიშოროს, თუ მოიშორებს, თუ არადა, ის ბიჭები, რომლებიც იქ ჩაიხოცნენ, მათ სისხლში მისი ხელი ურევია! დაანებოს თავი გმირობაზე და პარლამენტში მოსვლაზე ლაპარაკს, პარლამენტში მოსვლა არ არის დიდი საქმე, იქ ჯაბა იოსელიანიც იჯდა, ქვეყნის დამაქცევარი და აგერ ასვენია დიდუბის პანთეონში, ის აიტანა ხალხმა და პარლამენტში კვიციანის მოსვლას ვერ აიტანს?! კიდევ ვიმეორებ: ჩემს მონაყოლზე რამე პრეტენზია თუ აქვს, სადაც უნდა, იქ შევხვდები, თუ უნდა, საძმოში დამიბაროს და თუ უნდა, ტელევიზიით, სახალხოდ მელაპარაკოს!

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ემზარ კვიციანს დაუკავშირდა:

_ ჯერ ერთი, იმ ბატალიონის მეთაური, რომელსაც თქვენ მისახელებთ, ცოლის ავადმყოფობისთვის კი არ იყო წასული მოსკოვში, დაჭრილი იყო და 2 მეტრი ნაწლავი ჰქონდა მოჭრილი. ნუ აფორმებენ ახლა სხვანაირად. მერე, რამდენი მანქანაც ამოვიდა სვანეთში, იმდენს ვტვირთავდით, ხალხი პოზიციებზე გვყავდა გაშვებული უღელტეხილებზე და ჩვენ თვითონ ვტვირთავდით და ვუშვებდით სოხუმისკენ დატვირთულ მანქანებს. აბა, რით ომობდნენ ბიჭები? ერთი მძღოლიც მახსოვს, რომელიც თბილისშია, ნოდარ გერლიანი, რომლის მანქანა დატვირთული იყო ტყვია-წამლით და ქვევით გავუშვით. დაახლოებით 7 თუ 8 მანქანა იყო, რომელიც გავუშვით, მერე ვეღარ ვუშვებდით იმიტომ, რომ ჩვენ მანქანები საიდან გვყავდა? ჩვენ თვითონ ფეხით დავდიოდით. თვითონ რამდენი მანქანაც გამოუშვეს, იმდენი მანქანა გავუშვით, რამდენი მანქანაც ამოვიდა. სხვათა შორის, თქვენ რომ ახსენეთ, იმ ბატალიონის მეთაურის მითითებით იყვნენ ამოსულები.

_ როინ ჯანაშია ამბობს, არსად არ მოიპოვება ოფიციალური მონაცემები იმის თაობაზე, რომ თქვენ აფხაზეთის ომში იბრძოდით. არც იარაღია და ტყვია-წამალია თქვენზე რეგისტრირებული.

_ მართალს ამბობს, თავიდან ჩვენ არ გვაძლევდნენ, გასამარჯვებლად არ იყვნენ და ომის მოგებას არ აპირებდნენ. იმიტომაც იყო, რომ 2011 წლის ოქტომბერში 11 ცხედარი მომისვენეს სოფელში; იმიტომაც იყო, ზურგში რომ გვესროდნენ ქართველები; იმიტომაც იყო… უამრავი იმიტომ!.. იმიტომაც ჩამოაგდეს ქართველებმა ჩვენი ჯიმი მაისურაძე, საუკეთესო მფრინავი. ახლა რატომ ამბობს ამას, არჩევნების წინ ვინ დაუკვეთა, რომ ამაზე ელაპარაკა?!.

_ როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ახლა იმიტომ თქვა, რომ თქვენ დეპუტატობის კანდიდატი ხართ და სანამ პარლამენტის წევრი გახდებით, ჯერ 23-ე ბრიგადის წევრებთან უნდა გაასწოროთ ანგარიში…

_ ეგ თქვენი რესპონდენტი პირწავარდნილი „ნაციონალია“. ჯერ ერთი, მაგათ არავინ აირჩევს პარლამენტში და თუ აირჩევენ და „ნაციონალები“ შემოვიდნენ პარლამენტში, თუ გააყალბეს, ამ უკანონობას არავის ვაპატიებთ. ამაზე იყო ლაპარაკი, როდესაც ვამბობდი, რომ „ნაციონალებს“ იქ არ გავაჭაჭანებთ-მეთქი. მაგ „ნაციონალი“ დაწყნარდეს კარგად და ის მოყვეს, თუ როგორ იყო გამოქცეული იქიდან და რატომ მიატოვეს პარტიზანული მოძრაობის გარეშე სოხუმი, მით უმეტეს, თუ მეომარი იყო და თუ რაღაცას ხელმძღვანელობდა იქ?! საერთოდ, აფხაზეთი იყო გაყიდული და არანაირი ძიება არ მიდის მაგასთან დაკავშირებით! სულ მაგას ვითხოვ, რომ უნდა იყოს გამოძიებული! იარაღს არ მაძლევდნენ, თუ მაძლევდნენ, ძალიან ცოტას, ამიტომაც იყო, 21 კაცი რომ მყავდა ტყვედ აყვანილი, იარაღს ვითხოვდი, რომ იარაღი მეშოვა, რომ დამეცვა კოდორის ხეობა ღალატის შემთხვევაში. ჩვენებმა წაიყვანეს მაშინ ის ტყვეები და ჩვენებმა მომცეს შეიარაღება. მაშინ ჩვენთან გამოგზავნეს გენერალი შარაშენიძე და ითხოვდა, ტყვეები გაგვატანეთო. არ ვაძლევდით, რომ შეიარაღება არ გვქონდა და იქიდან ვუყურებდი, რომ ღალატი იყო. ამიტომაც არ ვაძლევდი შეიარაღების გარეშე ხალხს. სხვათა შორის, შარაშენიძემ უხერხულობაში ჩამაგდო, გენერალი კაცი იყო და მითხრა, _ ცარიელი არ გამიშვა აქედან, შევარდნაძემ გამომგზავნაო. _ ცარიელს კი არ გაგიშვებ, მაგრამ არანაირი შეიარაღება არ გამაჩნია და მაშინ რა გავაკეთოთ-მეთქი? ამ დროს ჩვენ ბატალიონი ვართ მესაზღვრეების. ვალერი ჩხეიძე იყო მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი და შეიარაღებას საერთოდ არ გვაძლევდნენ საკმარისად. ამის მერე იყო, რომ 300 ავტომატს დამპირდნენ და ამომიტანეს 45, ისიც დაჟანგული და ზოგს ლულები ჰქონდა დაღუნული. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩვენ არ შევიარაღებულიყავით იმიტომ, რომ იცოდნენ, ჩვენ ვიბრძოლებდით და არ დავთმობდით ტერიტორიებს და ეს არ აწყობდათ უცხოელებს. ამის ნაწილია ის ადამიანი, რომელიც ახლა ამას ლაპარაკობს. არ ვიცი მაგის გვარი და სახელი, რაღაც არაფერს მეუბნება, სად იბრძოდა და რას აკეთებდა. თუ ვინმეს აინტერესებს, სად ვიბრძოდი, თითოეული რიცხვი მახსოვს და წელი აბსოლუტურად! დანარჩენი ის, რომ ბრიგადაში არ არის გაწერილი, მართალს ამბობს, იმიტომ, რომ არ მაძლევდნენ ბრიგადიდან შეიარაღებას. თვითონ რა უყო იარაღი? რამდენი ათასი კაცი იყო შეიარაღებული და დღეს რამდენი ათასია კიდევ ვეტერანი, ამაზე რატომ არ ლაპარაკობს?! რამდენი გაყალბებული ვეტერანია და ფილტრაციას ვერ აუდიოდა კობა კობალაძე! გასაგებია, რომ ის პირწავარდნილი „ნაციონალია“, რომელსაც სამშობლო არ აინტერესებს, ამიტომაც იოლად მიატოვა იქაურობა და ხალხთან ერთად წამოვიდა, რომ გაასწრეს გასაცოდავებულ ლტოლვილებს, თავზე რომ ახტებოდნენ, ტანკებით რომ გადაუარეს მანქანებს და სადაც ტანკმა ვერ იარა, იქ ტექნიკა მიატოვეს და იქიდან გამოიქცნენ. ესენი ლაპარაკობენ ჩემზე, რომელმაც შევინარჩუნე ის ტექნიკაც, ხალხიც და საშუალება მივეცი ლტოლვილებს, სამშვიდობოზე წამოსულიყვნენ. ეს ხალხი მელაპარაკება ახლა! თქვენ მითხარით, ეს კაცი პარლამენტის წევრი იყოო, სწორედ იმ პარლამენტის, რომელმაც დაადგინა, რომ ომი დამთავრდა 1994 წლის 27 სექტემბერს, როცა გაგანია ომში ვიყავით კოდორის ხეობაში და იმისთანა ხალხი დამეღუპა! ომში ვიყავით 2016 წლის 25 ივლისამდე. თვითონ კანონი მიიღო და ხმა მისცა იმ კანონს, რითაც ჩვენ ნაომრებად აღარ გვთვლიან და აღარ გვიწოდებენ დაღუპულსაც და დაჭრილსაც, ასეთი მტრები გვყავს ჩვენ!

(სტილი დაცულია)

 

                                                                                                                       თამარ ბატიაშვილი