ვეძებ 27 ათას ლარს და შოთა აფხაიძეს!

1510596_688203054563305_1521324766_n

17 მაისის წინ ერთმა ახალგაზრდამ ნახევრადბრძნული ხმით ქართულ საზოგადოებას სკანდალური ინფორმაცია ამცნო: რუსული პროვოკაციების თავიდან აცილებისა და გეიაღლუმის ჩაშლის ინფორმაციის გასაჯაროების სანაცვლოდ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, გიგა ბოკერიას ცოლისგან, თამარ ჩერგოლეიშვილისგან, 27 ათასი ლარი აიღოო(!!!). სკანდალიც არის და სკანდალიც. მერე რა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქში“ ზუსტად ორი წლის წინათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მიმაბლოკა?.. უნდა ვაღიარო, რომ ეს მოწინააღმდეგე ბანაკში დაბნეულობის შესატანად მოხდა, სინამდვილეში, ჩერგოლეიშვილი და მე ერთმანეთს გვირაბით ვუკავშირდებოდით, რომელიც „ქრონიკა+“-ის ოფისიდან „ტაბულას“ ოფისამდე პირადად მე გავთხარე. არ გამიმართლა და შერლოკ ჰოლმსმა აფხაიძემ სწორედ ფაქტზე დამიჭირა(!!!). ამავე პრესკონფერენიაზე შოთა აფხაიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს უახლოეს დღეებში გაასაჯაროებდა, ისევე როგორც ის ელოდებოდა, არც მეტი, არც ნაკლები, „ფეესბეს“ აგენტობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. მოკლედ, რაა! ეს „ევრაზიის ინსტიტუტი~“ ნამდვილად „პროფესიონალების ბუდეა“. „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული სკანდალური მიმოწერის შემდეგ, რომელიც გაზეთს თეკლა არშბამ გადასცა, ჯერ „ევრაზიის ინსტიტუტის“ აქტივისტი ირაკლი ყიფიანი გადავიდა ღრმა იატაკქვეშეთში, მოგვიანებით კი შოთა აფხაიძე გაქრა შარშანდელი თოვლივით. ეჰ, ბედი არ გინდა? იმედი მქონდა, კაცი 27 ათასი ლარის ასავალ-დასავალის გარკვევაში დამეხმარებოდა, თამარ ჩერგოლეიშვილთან გამეგზავნებოდა (ამ სკანდალური ინფორმაციის მერე „ტაბულას“ შეფი შიფროვკებითაც აღარ მეხმიანება), მაგრამ… კოვზი ნაცარში ჩამივარდა. ამასობაში, გიორგი ჩხარტიშვილის დახმარებით, რუსული პროვოკაციების სქემაც გაიშიფრა და 18 მაისს არც შოთა აფხაიძე მახსოვდა და აღარც 27 ათასი, რომ არა ერთი მცირეტირაჟიანი გაზეთის მოფსიქოლოგო ჟურნალისტი, რომელმაც „კომპრომატები“ ცხვირწინ ამიფრიალა და პასუხი მომთხოვა. მართალია, იმავე ჟურნალისტმა იმავე მცირეტირაჟიან გაზეთში გვამცნო, რომ ქვეყნის მოღალატეების სია ჩემით არც იწყება და არც მთავრდება, და ყველა ის პირი, ვინც გაბედა და „კუდის“ უფროსის ყოფილი მოადგილე, „სპეტაკი“ ვაჟა ლელუაშვილი თემურ ფეიქრიშვილთან ერთად აუგად მოიხსენია, დახვრეტის ღირსია! მაგრამ მაინც… „კომპრომატი“ უსერიოზულესია და პასუხის გაცემაც ცოტა გამიჭირდა, ამ მოფსიქოლოგო ჟურნალისტმა, ეტყობა, ჯერ არ იცის, რომ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრინციპული პოზიცია დაიჭირა და, როგორც ბიზნესომბუდსმენს, ისე საქართველოს პროკურატურას, თემურ ფეიქრიშვილის საქმიანობის შესწავლა დაავალა, ისევე როგორც, პროკურატურაში ფეიქრიშვილი ქვემო ქართლში და თბილისის ზემო ზონაში მიტაცებულ მიწებთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაიკითხა და რაკი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის გზას დაადგა, როგორც ჩანს, არც „პორტირებულ“ მეოცნებეებს ელით კარგი დღე. არააა!.. რასაც ვერ გავატარებ, ვერ გავატარებ. 1988 წელს რუსულმა „ფეესბემ“ რომ გადამიბირა, უმორჩილესად ვთხოვ შოთა აფხაიძეს, დოკუმენტები მიპოვოს, რა? საქმე რომ გაუადვილდეს, ჩემი მხრივ, შევახსენებ, რომ 1988 წელს, ჯერ კიდევ, გაგანია საბჭოთა კავშირი იყო და „ფეესბე“ არ არსებობდა, ის მხოლოდ მოგვიანებით შეიქმნა და მისი მეხუთე განყოფილების შეფი, ბევრი ქართველი ოპოზიციონერისათვის კარგად ნაცნობი სერგეი ბესედა, ჩემი დაუძინებელი მტერია. 1988 წელს საბჭოთა „კაგებე“ სულს კი ღაფავდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, მე, 19 წლის გოგო, დამწყები ჟურნალისტი, მეორეკურსელი, რომელიც დედობისთვის ემზადებოდა, რა დამსახურებისთვის აღმოვჩნდი ამ უწყების მაღალი ყურადღების ღირსი? მოკლედ, ჩემო მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება: ვეძებ ახალგაზრდა, საშუალო სიმაღლის ბიჭს, ოდნავ მობრიყვო სახით და ნახევრადბრძნული ხმით. წარმოშობით, ჩემდა სამწუხაროდ, ქუთაისელია, თავს ხოხობთან ერთად დაბადებულ, ვაკელ თბილისელად ასაღებს. მას თან აქვს 27 ათასი ლარის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები. ან ავლილი, ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ? მპოვნელი აუცილებლად დაჯილდოვდება… ჩერგოლეიშვილის მიერ გადახდილი 27 ათასი ლარით. ისე, რატომ 27 და არა 30 ათასი? რაც არ ვიცი, არ ვიცი.

ელისო კილაძე