ბორჯომის რაიონის სოფელ ცემში მცხოვრებმა მანანა თვარაძემ ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს დახმარებისთვის მიმართა. მისი მეუღლე, რომელიც ბორჯომი-ბაკურიანი-ცემის ქვესადგურის უფროს ოსტატად მუშაობდა, გაურკვეველ ვითარებში გარდაიცვალა. „ქრონიკა+“-თან მანანა თვარაძე პროკურატურის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.
რა მუხლით აღიძრა საქმე, რა კავშირშია „ენერგო პრო ჯორჯია“ მომხდარ ფაქტთან და რატომ აყენებს ეჭვქვეშ გარდაცვლილის მეუღლე მიმდინარე გამოძიებას, დეტალურად ინტერვიუდან შეიტყობთ.
„ქრონიკა+“-ს მანანა თვარაძე ესაუბრება:
_ ჩემი მეუღლე, დავით ვარდოსანიძე, ცემის ქვესადგურის უფროსი ოსტატი იყო, სადაც 1992 წლიდან მუშაობდა. 4 ოსტატი ერთმანეთს ცვლიდა ხოლმე, ამიტომ როცა დილის 8 საათზე წავიდოდა სამსახურში, მეორე დილით ბრუნდებოდა. ბორჯომიდან ხელმძღვანელები თუ დაურეკავდნენ და ეტყოდნენ, ქვესადგური და დენის მიწოდება შეამოწმეო, ამოწმებდა. ხელმძღვანელები რასაც უბრძანებდნენ, იმას აკეთებდა და საკუთარი სურვილით ქვესადგურში შესვლის უფლება არ ჰქონდა.
_ როგორ მოხდა ეს ტრაგედია?
_ 2015 წლის 8 სექტემბერს ცემის ქვესადგურში ახალციხიდან 8-კაციანი ბრიგადა გამოგზავნეს, რომელიც ობიექტს ამოწმებდა. სამუშაოს დილის 10 საათიდან იწყებდნენ და საღამოს 6 საათზე ამთავრებდნენ. რადგან ამ დროს ჩემი მეუღლე უკვე ქვესადგურის ბრიგადირის თანამდებობაზე იყო გადაყვანილი, ამიტომ ბორჯომს ის უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, დენი როდის უნდა გათიშულიყო, რათა შემოწმებაზე მისულ ადამიანებს საქმე უსაფრთხოდ გაეკეთებინათ. მუშაობას რომ დაამთავრებდნენ, კვლავ ბორჯომში რეკავდა, მათ ატყობინებდა, რომ სამუშაო დაასრულეს და შემდეგ რთავდნენ დენს. ჩემი მეუღლისგან ვიცი, რომ სანამ ბრიგადა მუშაობდა, ქვესადგურში დენი გათიშული იყო.
ამ დღესაც, საღამოს 6 საათზე, ბრიგადამ მუშაობა დაასრულა და საჭმელად წავიდნენ. 7-ის ნახევრიდან 7 საათამდე ჩემს მეუღლეს ჩვენი რძალი ურეკავდა, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდა. 9 საათზეც დაურეკა, არც მაშინ უპასუხა. დილის 10-ის ნახევარი იყო, მეზობელი რომ მოვიდა და გვითხრა, _ დათოს დენმა დაარტყა და გარდაიცვალაო. როცა გავაცნობიერე, რა მოხდა, ცხადია, ყველაფერი გამოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ მუშებმა დათო დილის 7-ის ნახევარზე ნახეს გარდაცვლილი 54 ათასი ვოლტი ძაბვის ქვეშ, მაგრამ მას მხოლოდ თითები და ტანზე პატარ-პატარა ადგილები ჰქონდა დამწვარი, ასევე დამწვრობა აღენიშნებოდა ჭიპის ქვემოდან და თავი ჰქონდა გახეთქილი. ძალიან დამაეჭვა იმან, რომ ამხელა ძაბვის ქვეშ მყოფს მხოლოდ თითები ჰქონდა დამწვარი და სახეზე არაფერი ეტყობოდა. რამდენიმე დღეში სხვა ეჭვებიც გამიჩნდა. ვერავინ ამიხსნა, რატომ შევიდა ჩემი ქმარი ქვესადგურის ტერიტორიაზე, როცა ბორჯომს ელექტროენერგია გამორთული არ ჰქონდა? საქმე აღძრეს თვითმკვლელობის მუხლით და ასეთი ვერსია ჩამოაყალიბეს: ოჯახში უთანხმოება ჰქონდა და თავი მოიკლაო. იკითხონ მეზობლებში, ახლობლებში და დარწმუნდებიან, რომ მე და დათოს ოჯახში არავითარი პრობლემა არ გვქონია. თანაც ისეთი პიროვნება იყო, ასეთ რამეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა.
ახალციხის პროკურატურაში წავედი და ვთხოვე, ხელახლა დაეკითხათ ის 8 პიროვნება, რომელიც ჩემი ქმრის გარდაცვალების დროს ქვესადგურში იმყოფებოდა. იმ ღამეს ეს ადამიანები იქ იყვნენ, მაგრამ, რატომღაც, ყველა ამბობს, არაფერი ვიცითო. სამორიგეოში დათოს საწოლი ტელევიზორთან ედგა. თურმე, იმ საწოლში ერთ-ერთი ახალციხელი, შემოწმებაზე ჩამოსული თანამშრომელი ღამის 10 საათამდე იწვა. სწორედ მას უთქვამს, _ არ ვიცი, ქვესადგურში რა მოხდა, როცა გავიღვიძე, ვნახე, რომ დათო იქ არ იყო, ამიტომ წავედი იქიდანო. მისთვის არავის უკითხავს, სად წავიდა, ვისთან მივიდა, რა ნახა... სექტემბერში საღამოს 7-დან 9 საათამდე, ჯერ კიდევ, დღეა და თუ მართლაც იმ ტერიტორიაზე გარდაიცვალა, სადაც იპოვეს, მაშინ ბევრი თვითმხილველი უნდა არსებობდეს. დავუშვათ, რომ ჩამოსული თანამშრომლები სამუშაოს შემდეგ ქეიფობდნენ, მაგრამ რომელიმე მათგანს ტუალეტში გასვლა მაინც ხომ დასჭირდებოდა და ასეთ შემთხვევაშიც აუცილებლად დაინახავდნენ გარდაცვლილს, რადგან სწორედ ქვესადგურის ეზო უნდა გაევლოთ. თუმცა ფაქტია, რომ დილამდე ის არავის დაუნახავს. ყოველ შეთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებიან.
დათო ქვესადგურში არის შესული და ხელი აქვს წავლებული მაღალი ძაბვის სადენზეო. იოლია იმის თქმა, რომ თავს იკლავდა, მაგრამ გამოძიებას არ უნდა გაერკვია ყველაფერი? დაზუსტებით ვაცხადებ, რომ ჩემი ქმარი თავს არ მოიკლავდა. არ გამოვრიცხავ, რომ მას ბორჯომიდან დაურეკეს და რაღაცის გაკეთება დაავალეს, ვიღაცას კი დენის გათიშვა დაავიწყდა. დათოს ეგონა, რომ სადენებში დენი არ გადიოდა და ხელი ამიტომ მოჰკიდა. მე არ ვამბობ, რომ ვინმეს მისი სიკვდილი უნდოდა და ეს განგებ გააკეთა, შესაძლებელია, შეეშალათ, ან რაღაც სხვა მოხდა და ამ შემთხვევითობას ჩემი მეუღლე გადაჰყვა. ეს საშინელება ეზოში დატრიალდა და თვითმხილველი არ არსებობს, ეს დასაჯერებელია?
შეიძლება, იმ თანამშრომლებს დარჩათ რაიმე ქვესადგურში, რომლებიც ახალციხიდან ჩავიდნენ ცემში და ეს რომ დათომ გაიგო, ამისთვის შევიდა ეზოში. არ ვიცი, სხვა რა ვიფიქრო? მან იცოდა, რომ თუ დენი იყო გაშვებული, ეზოში შესვლა არ შეიძლებოდა და სხვა შემთხვევაში რატომ შევიდოდა? კომპანიაში არსებობს უსაფრთხოების სამსახური. მას თანამშრომლების სპეციალური ტანსაცმლით აღჭურვა ევალება. ქვესადგურში მომუშავეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სპეციალური სამოსი. ჩემს ქმარს რეზინის ხელთათმანები უნდა სცმოდა 54 ათასი ვოლტის ქვეშ.
_ გინდა მითხრათ, რომ სპეციალური ტანსაცმელი ქვესადგურის თანამშრომლებისთვის არ მიუციათ?
_ წლების განმავლობაში იქ არავის მიუტანია ასეთი რამ. არც ჩემს ქმარს ჰქონდა ასეთი ტანსაცმელი. ალბათ, მკითხავთ, კონკრეტულად ვის უნდა მიეტანა მათთვისო? ვის და „ენერგო პრო ჯორჯიას“. როდესაც ხაშურში ამ კომპანიაში ჩავედი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვნახე, მას ვუთხარი, _ არ ვიცი, ჩემი მეუღლე ითხოვდა თუ არა, მაგრამ თქვენ რატომ არ დაურიგეთ, თანამშრომლების სიცოცხლე არ გადარდებთ-მეთქი? მიპასუხა, _ თბილისიდან რასაც გვაძლევენ, იმას ვანაწილებთო. ზამთარში თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ და ზაფხულში _ თხელი, ანუ უსაფრთხოების ზომები საერთოდ არ იყო დაცული, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა.
_ თუ გამოძიება არ ჩატარებულა, არავინ დაუკითხავთ, თვითმკვლელობის მუხლით საქმე როგორ აღძრეს?
_ არ ვიცი, მეც კი არ დავუბარებივარ პროკურატურაში. მეუღლის დასაფლავებიდან მეათე დღეს თვითონ ავედი ბაკურიანში, სადაც ამ საქმის გამომძიებელია და ვიკითხე, რა ხდებოდა? მითხრა, თქვენთან ვერ მოვდიოდით, ასეთი მდგომარეობა რომ გქონდათო და ვერც გამოგიძახეთო. ძალიან უცნაურად ლაპარაკობდა. იმ რვა ადამიანიდან, რომელიც დათოს გარდაცვალების პერიოდში ცემში იმყოფებოდა, სამძიმარზეც კი არ მოსულა ვინმე. რატომ აღძარით საქმე თვითმკვლელობის მუხლით-მეთქი? _ ამ გამომძიებელსაც ვკითხე და იცით, რა მიპასუხა? _ ახალციხემ ასე გადმოგვცაო. გამომძიებელი ბაკურიანშია, პროკურატურა _ ახალციხეში და როგორც ჩანს, განკარგულებებს იქიდან იძლევიან.
კიდევ ავედი ახალციხეში და მოვითხოვე, ჩემი მეუღლის ტანსაცმელი გადმოეცათ, საქმე ეჩვენებინათ, მაგრამ უარით გამომისტუმრეს, _ მაგის უფლება არ გვაქვს, გამოძიება როცა დამთავრდება, მაშინ მიიღებთო. ასევე მოვითხოვე, გაეშიფრათ სატელეფონო ჩანაწერები. საინტერესოდ მივიჩნიე იმის გარკვევა, ვის დაუკავშირდა ბოლოს ჩემი მეუღლე და რაზე ელაპარაკა? ამით ყველა ეჭვს აეხდებოდა ფარდა, მაგრამ ამის უფლება არ გაქვთო.
_ რატომ არ გქონდათ არაფრის უფლება, როგორც ამბობთ, ოფიციალური მეუღლეები იყავით, შვილი, შვილიშვილი გყავთ. ასე არ არის?
_ დიახ, ასეა, მაგრამ არ უნდათ, დაზარალებულად მცნონ. პროკურატურას ვუთხარი, დაზარალებულად მცანით, ადვოკატს ავიყვან და რადგან თქვენ არ არკვევთ არაფერს, ყველაფერში თავად გავერკვევი-მეთქი. მიპასუხეს, _ დაზარალებული არ ხარ, გარდაცვლილიაო. ასეთი პასუხით გამომისტუმრა ახალციხის პროკურორმა ოთარ სანდოძემ და ფურცელზეც დამიწერა, რომ მე კი არა, დაზარალებული ჩემი გარდაცვლილი მეუღლე იყო.
ავადმყოფი ქალი ვარ, პენსიასაც შესაბამისს ვიღებ, რაც ძალიან კარგად იციან. ვეხვეწებოდი, დაზარალებულად ერთი საათით მაინც მცანით, რომ საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნოს-მეთქი, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს _ არ მცნობენ დაზარალებულად ოფიციალურ მეუღლეს. ახალციხეში ადვოკატიც ვნახე, მაგრამ დაცვაზე უარი მითხრა, _ დაზარალებულად თუ არ გცნობენ, მე ვერაფერში დაგეხმარებიო. მიუხედავად ამისა, პროკურატურაში გამომყვა, მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს შეხვდა. მანაც სთხოვა, _ ასე ნუ ექცევით ამ ქალბატონს, სცანით დაზარალებულად, რომ მე ამ საბუთებს ხელი მოვკიდოო. მაგრამ ისიც უარით გამოისტუმრეს. ისინი ფიქრობენ, რომ დაზარალებულად ცნობის შემდეგ კომპენსაციას მოვითხოვ და ამისი ეშინიათ. ჩემი მეუღლე სამუშაოს შესრულების დროს გარდაიცვალა, მაგრამ ამის დაფიქსირება რომ არ უნდოდათ, ამიტომ გადამალეს მკვდარი და დილით გამოაჩინეს. დაზარალებულად თუ მცნობენ და მისი გარდაცვალების ზუსტი დრო გაირკვევა, ჩემი მეუღლის ათი წლის ხელფასი ერთიანად უნდა გადმოგვირიცხონ. ასევე, ორივე ვიყავით დაზღვეულები და აქედანაც გვეკუთვნის ანაზღაურება. გარდა ამისა, ჩემთვის მეუღლის ხელფასი უნდა დაენიშნათ. ეს უნდა გაეკეთებინა კომპანიას და პროკურატურამ სწორედ ეს აარიდა მათ.
_ პროკურატურა რა შუაშია კომპანიის გადასახადებთან და ვალდებულებებთან, მაინც ვერ გავიგე და იქნებ, უკეთ განმიმარტოთ თქვენი ეჭვი?
_ ვფიქრობ, რომ შეკრულები არიან და ერთმანეთს მფარველობენ. აბა, სხვა რა ვიფიქრო? კომპანიაში თბილისის ოფისს მივწერე და ჩემი მეუღლის საბუთები მოვითხოვე, მაგრამ მიპასუხეს, _ როდის გარდაიცვალა თქვენი მეუღლე და რა ვითარებაში, გთხოვთ, გაგვაგებინოთ, ჩვენ არაფერი ვიცითო. კაცი ქვესადგურის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, დადგენილია, რომ დენმა დაარტყა და კომპანიამ ამის შესახებ არაფერი იცის, ასეთი რამ შეიძლება?!! ადამიანის გარდაცვალება დამალეს, წარმოგიდგენიათ?!! ადვოკატი მეუბნებოდა, არჩევნები დამთავრდეს და მერე ვნახოთ, რა იქნებაო. ახლა რომ ვუკავშირდები, აღარ მპასუხობს. ქვესადგურის გვერდით ეკლესია შენდება, თბილისელი კაცი აშენებს და ის კაცი ორჯერ დაკითხეს.
_ რატომ, თვითმხილველია?
_ ხომ გითხარით, ჩემს ქმარს თავი ჰქონდა გამსკდარი. ამას, როგორც ვიცი, დიდი ხმა აქვს და თუ მკვდარი კაცი დღის სინათლეზე ვერავინ დაინახა, ხმა მაინც როგორ ვერ გაიგეს? ეკლესიის მშენებლობაზე მუშებიც არიან და იქიდან ის ტერიტორია ხელისგულივით მოჩანს. გამორიცხულია, რომელიმეს რამე არ დაენახა, მაგრამ ყველა პირში წყალს იგუბებს. პროკურატურის ქმედებები ეჭვს მიძლიერებს, რომ დათო საღამოს მოკვდა, მაგრამ დილამდე გაჩუმდნენ, დამალეს, რომ მისი სამუშაო საათები გასულიყო, ასევე ამ დროში დაგეგმეს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ კომპანია გადაერჩინათ და ჩვენ, მარჩენალდაკარგულებს, კომპენსაციაც არ მოგვეთხოვა.
_ გარდაცვლილს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა? ის ხომ დააფიქსირებდა გარდაცვალების დროს?
_ ექსპერტიზა ჩაატარეს 9-ში. ახალციხიდან ექსპერტი ჩამოვიდა და იმავე დღეს აღძრეს საქმე, მაგრამ მისი პასუხი არ ვიცი. არ ვარ დაზარალებული და არც მცნობენ. დაზარალებული გარდაცვლილი ყოფილა და, ალბათ, მას უნდა გააცნონ. მე არ ვამბობ, რომ დათო დენის დარტყმით არ გარდაცვლილა, მაგრამ თუ გარდაცვლილი საღამოს 7 სააათიდან დილის 7 საათამდე ტყეში ეგდო, იქ სულ დადის ნადირი, ძაღლი და მხეცებმა რამე როგორ არ დაუშავეს?.. მაგრამ აქ სულ სხვა რამ მოხდა და ყველა მალავს სინამდვილეს. უსაფრთხოების უფროსს წამოსცდა, _ დილით, 7-ს აკლდა ათი წუთი, რომ დამირეკეს, კაცია გარდაცვლილიო. ამის მერე ბაკურიანის გამომძიებელს შევეკითხე, რომელ საათზე გაიგეთ დათოს გარდაცვალება-მეთქი? და _ ათის 15 წუთი იყოო. 7 საათიდან 9 საათამდე რას ელოდებოდნენ?!! რატომ არ დარეკეს და არ გაგვაგებინეს, რა ხდებოდა?!! უკვე არ ვიცი, რა გავაკეთო, თავდაპირველად თქვენ მოგმართეთ... ამ საქმეს არ დავტოვებ, ბოლომდე მივყვები და სიმართლეს მაინც ვიპოვი!
„ქრონიკა+“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ავთო დვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულ ფაქტზე კომპანიამ შიდა მოკვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილმა ოსტატმა, დავით ვარდოსანიძემ, უსაფრთხოების წესები დაარღვია. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა რასაც პროკურატურა დაამტკიცებს, მათთვისაც ის იქნება მისაღები.
ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე კი მთავარ პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს, ერთადერთი მოთხოვნით - საქმე ახალციხის პროკურატურამ აღარ გამოიძიოს და მასზე პასუხისმგებლობა მთავარმა პროკურატურამ აიღოს.
,,ქრონიკა+”, რა თქმა უნდა, დაინტერესდა საგამოძიებო უწყების პოზიციით. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხულია მოწმეები და ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ნელი ვარდიაშვილი