QronikaPlus
მედეა ვასაძე: „თორნიკე რიჟვაძეს ესროლეს“

მედეა ვასაძე: „თორნიკე რიჟვაძეს ესროლეს“

2025-07-16 10:39:22

შორენა მარსაგიშვილი

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის ამბავი სულ უფრო ბურუსით მოცული ხდება. თვითმკვლელობის ვერსიის თითქმის არავის სჯერა. ამ ვერსიას არც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე იზიარებს.

რას ფიქრობენ აჭარაში ამ ამბავზე? ვინ ითამაშა მთავარი როლი რიჟვაძეების აღზევებაში? რატომ წაიყვანეს დაჭრილი ექსჩინოვნიკი სასწრაფოდ თურქეთში? როგორ გადაიქცა ბათუმი ნარკოტიკებით სავსე ქალაქად? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მედეა ვასაძე:

_ ქალბატონო მედეა, თორნიკე რიჟვაძის თავს მომხდარმა ამბავმა ძალიან ბევრი ვერსია და ეჭვი გააჩინა. უმეტესობას არ სჯერა, რომ მან თავის მოკვლა სცადა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ? ვერსია ძალიან ბევრია.

_ თორნიკე რიჟვაძის თავს მომხდარ ამბავთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითმკვლელობის მცდელობა იყო; არიან ისეთები, რომლებსაც ამ ვერსიის არ სჯერათ, მათ რიგებში ვარ მეც. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმკვლელობის მცდელობა არ ყოფილა. არც იმ წერილის მჯერა, რომელიც ვითომდა იპოვეს მის ჯიბეში. წერილი, რომელსაც ემოციის ნატამალი არ გააჩნია, არ შეიძლება დაწერილი იყოს იმ ადამიანის მიერ, რომელიც სუიციდისთვის არის მზად.  პირადად მე ძალიან ბევრ კითხვას მიჩენს ის ფაქტი, რომ თორნიკეს მკურნალობის ადგილი სასწრაფოდ შეუცვალეს და გადაიყვანეს თურქეთში. იქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობით გამომდინარე არ გადაუყვანიათ, დარწმუნებული ვარ, რომ განარიდეს სიტუაციას, აქაურობას. 

_ ეს რატომ გააკეთეს, აქ მას რაიმე საფრთხე ემუქრებოდა?

_ სავარაუდოდ, ემუქრებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გადაიყვანდნენ თურქეთში სამკურნალოდ. 2012 წელს როდესაც ვიბრძოდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსაყვანად, მაშინ იყო სერიოზული დარბევები, როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე აჭარაში. გვარბევდნენ როგორც აქციებზე, ასევე ნებისმიერი თავშეყრის დროს, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. ძალიან ცუდად მახსოვს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამა _ ის აქტიურად მონაწილეობდა ამ დარბევებში.

_ თორნიკე რიჟვაძის მამაზეა საუბარი?

_ თორნიკე რიჟვაძის მამაზე, დავით რიჟვაძეზე მოგახსენებთ.

_ რომელიც მაშინ ხელვაჩაურის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო.

_ დიახ. დავით რიჟვაძე მსახურობდა ხელვაჩაურის პოლიციაში, იყო მაღალჩინოსანი. გაოგნებული დავრჩი, როდესაც ის „ქართულმა ოცნებამ“ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება.  ჩვენ „ქართული ოცნება“ ასე წარმატებულად მოვიყვანეთ ხელისუფლებაში და ყოველთვის ვახსენებდით ამ ხელისუფლებას, თუ რას აკეთებდა დავით რიჟვაძე „ნაციონალების“ მმართველობის დროს. მიგვაჩნდა, რომ არ შეიძლებოდა დავით რიჟვაძის აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშვნა. ეს იყო ჩემი და ჩემნაირი ადამიანების დაცინვა. „ქართული ოცნების“ რიგები 2013 წლის ბოლოს დავტოვე, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ ვეგუებოდი. არ იყო ეს სამართლიანი გადაწყვეტილებები. სადაც არ უნდა შევსულიყვავი რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად, ყველგან მხვდებოდნენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც საშინელ წინააღმდეგობას გვიწევდნენ 2012 წლამდე. ერთ-ერთი ასეთი იყო თორნიკე რიჟვაძის მამა.

თორნიკესთან დაკავშირებით უამრავი ბრალდება მესმის. ერთ-ერთია ის, რომ აჭარაში ნარკობიზნესს მფრაველობდა. შინაგანად ამ ბრალდებას, რატომღაც, არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს. სამაგიეროდ, არ გამოვრიცხავ, რომ მამამისი ყოფილიყო ამ საქმეში გარეული.  ადამიანები, რომლებიც იცნობენ კრიმინალურ საქმეებს, კრიმინალურ ფსიქოლოგიას და მენტალიტეტს, ისინი მარწმუნებენ, რომ როცა ითხოვენ რაღაც წილს კრიმინალური ფინანსებიდან, ეს ფული, პრაქტიკულად, არის ნაკეთები. კორუფციულ ნაწილში თორნიკე რიჟვაძე შეიძლება იყო გარეული, ამას არ გამოვრიცხავ. ასეთ თანამდებობებს ახლავს ხოლმე კორუფციული ფულის კეთება.

_ საქართველოში, სამწუხაროდ, ამის გარეშე შეუძლებელია თანამდებობაზე ყოფნა.

_ ამ ხელისუფლების პირობებში კორუფცია სხვა დონეზე ავიდა, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თორნიკე გარეული იყო ამ ფულის კეთებაში. აჭარის მთავრობის მეთაური უმაღლეს საბჭოში გაწეული მუშაობის შესახებ გვაბარებდა ხოლმე ანგარიშს.  თორნიკესაც უწევდა ანგარიშის ჩასაბარებლად მოსვლა. ის ამ თანამდებობაზე საკმაოდ ახალგაზრდა დაინიშნა და ძალიან აჟიტირებული იყო ამით. მახსოვს, როგორ მოვიდა ის უმაღლეს საბჭოში. მისი მოსვლის ფორმა ძალიან არ მომეწონა.

_ რა ჩაიდინა ასეთი?

_ იმაზე მეტი დაცვით მოვიდა, ვიდრე საჭიროა _ 10-12 კაცი ახლდა. კიდევ იყო რაღაც მომენტები, რომელიც ძალიან არ მომეწონა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ახალგაზრდა დაინიშნა ამ თანამდებობაზე და ძალიან აჟიტირებული იყო. მე მისი მოსვლის ფორმა გავაპროტესტე და პირდაპირ ვუთხარი, რომ ამ ამბავს უნდა გადაეჩვიო-მეთქი. ვურჩიე, უფრო მოკრძალებული თუ იქნებით, უკეთესია. ისიც ვუთხარი, რომ არ გამოვრიცხავ, ამ ხელისუფლების პირობებში ისეთი რამ დაგემართოთ, მარტო დარჩეთ საკუთარ თავთან-მეთქი. რატომღაც, მგონია, რომ სწორედ ეს მომენტი დაუდგა თორნიკეს, _ მარტო დარჩა.

მისი პოლიტიკური ბიოგრაფია საკმაოდ მოკრძალებულია. უამრავი კრიტიკის მიუხედავად, მის მიმართ პატივისცემა მქონდა ერთ ნაწილში. ის არის მთიანი აჭარიდან და ამ კაცმა საზღვარგარეთ მიიღო ფრაგმენტული განათლება. გარკვეულწილად იყო წარმატებული, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა დათანხმდა გამხდარიყო აჭარის მთავრობის მეთაური.

_ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდა? ვის უკავშირდება „ქართული ოცნების“ დროს რიჟვაძეების აღზევება? მამამისი ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალების“ ერთ-ერთი გამორჩეული მარბიელი იყო.

_ რიჟვაძეების აღზევებას უკავშირებენ კახა კალაძეს. ცნობილია, რომ მან გაუწია თორნიკეს რეკომენდაცია, დაეკავებინა ეს თანამდებობა. პროცედურულად პრეზიდენტი აკეთებს წარდგინებას და მერე აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევს. აქ არავინ არასოდეს წინააღმდეგობას არ უწევს. ასე გახდა თორნიკე მთავრობის მეთაური.

_ კალაძე საიდან იცნობდა რიჟვაძეებს?

_ ეს არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ კახა კალაძემ გაუწია მას რეკომენდაცია ამ თანამდებობაზე.

_ დავით რიჟვაძეს ვინ გაუწია რეკომენდაცია? როგორც ამბობენ, ის არა მხოლოდ „ნაციონალების“, არამედ ასლან აბაშიძის დროიდან იყო ოპოზიციის მარბიელი.

_ დავით რიჟვაძეს ისეთი ასაკი აქვს, რომ ასლან აბაშიძის პერიოდშიც იქნებოდა პოლიციაში. პირადად მე ვერ ვიხსენებ, რომ ის ასლან აბაშიძის დროს მონაწილეობდა ოპოზიციის დარბევებში. არც რაიმე კონფლიქტური პერიოდი მახსოვს. იმაში ეჭვი არ მეპარება, რომ ის ასლან აბაშიძის დროსაც ხელისუფლების ნეგატიურ სამსახურში იქნებოდა. აჭარაში დავით რიჟვაძის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშვნას ნეგატიურად შეხვდა ხალხი. ყველა გაოგნებული იყო, ისევე როგორც ახლა თორნიკეს ამბით. თითქმის ყოველი მესამე მაჩერებს და მეკითხება, რა მოხდა მის თავს. მე ბევრი რამე არ ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, ვიცი მხოლოდ ის, რასაც მედია გადმოსცემს. თუმცა ვფიქრობ, რომ მას ესროლეს. ეს არ ყოფილა თვითმკვლელობის მცდელობა.

_ რატომ უნდა ესროლათ მისთვის? რაიმე იცოდა ისეთი, რისი გამჟღვანებისაც ეშინოდა ხელისუფლებას?

_ ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ისეთი იცოდა. უფრო მგონია, რომ თორნიკემ რაღაცას წინააღმდეგობა გაუწია. ერთი პერიოდი იმას ვფიქრობდი, მამა ხომ არ დასაჯა-მეთქი.

_ რისთვის უნდა დაესაჯა მამა?

_ მას ხომ ბრალდებოდა, რომ ნარკობიზნესს მფარველობდა. მამამისზე არ გამოვრიცხავ, რომ ასე ყოფილიყო. და კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მამას თორნიკესთან ეს ამბავი შეთანხმებული ჰქონოდა. ამიტომ თავიდან ვიფიქრე, მამა ხომ არ დასაჯა-მეთქი. მაგრამ გამოვრიცხე ეს ვერსია. დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკეს ესროლეს.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აჭარაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით სასწაულად მძიმე ვითარებაა. გაბრუებული დადის მთელი ქალაქი. ბათუმი ნახმარი შპრიცებით არის სავსე. ნებისმიერი სამშენებლო ობიექტი, სადაც მშენებლობა შეჩერებულია, შპრიცებითაა მოფენილი. არ შეისვლება, ისეთი ამბავია. ერთ-ერთი მიტოვებული მშენებლობის ახლოს გავიარე იმ დღეს და შევიხედე. გული გამისკდა, იქ რაც ვნახე. მაშინვე დავურეკე მერიის შესაბამისს სამსახურს და ვთხოვე, თუ შეიძლება, ეს მესერი განაახლეთ, იქნებ, იქ შეღწევა ასეთი ადვილი აღარ იყოს-მეთქი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ახლა ბათუმში. სადარბაზოებსაც იყენებენ ნარკოტიკების გასაკეთებლად. სავსეა სადარბაზოები გადაყრილი შპრიცებით. სადმე პატარა მოფარებული ადგილი თუ არის, ყველგან შპრიცები ყრია. მოკლედ რომ ვთქვათ, ნარკოტიკებს მიაქვს ბათუმი.

_ ახლაც არის ასეთი ვითარება ბათუმში ნარკოტიკებთან დაკავშირებით? საკურორტო სეზონმა მოიტანა, თუ რა ხდება?

_ ნარკოტიკები ბათუმში ყოველთვის იყო, მაგრამ ასეთი საშინელება, რაც დღეს არის, არ მინახავს ადრე. ბოლო ერთი წელია, რაც ასეთი ამბავია. მოფარებულ ადგილს ვერ ნახავთ, რომ შპრიცები არ ეყაროს.

_ ამას ხელისუფლება და სამართალდამცველები ვერ ამჩნევენ?

_ როგორ შეიძლება, ეს ვერ შეამჩნიონ?! ყველაფერი ძალიან თვალში საცემია. პირდაპირ კატასტროფა ხდება ახლა ბათუმში, ნარკოტიკებმა წალეკა ჩვენი ქალაქი. არ ვიცი, რა ეშველება ამ ამბავს. ეს პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქნება საქმე. ბევრს საუბრობენ, რომ რიჟვაძის ბრალია ეს ამბავი. მე თორნიკეზე არ მგონია, მაგრამ მამამისი რომ ყოფილიყო ამ საქმეში, ამას არ გამოვრიცხავ.

_ თორიკე რიჟვაძე ვითომდა მის მიერ დაწერილ წერილში პატრიარქსაც მიმართავს. როგორც ამბობენ, რიჟვაძე მუსლიმია და რატომ უნდა მიემართა მას პატრიარქისთვის?

_ რიჟვაძეების რელიგიური მრწამსის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ არ მინდა, რამე ისეთი ვთქვა, რაც შემდეგ ტყუილი გამოდგება. თორნიკე ახალგაზრდა კაცია და მისი ასაკიდან გამომდინარე, ქრისტიანი უნდა იყოს.  მუსლიმანური გარემოცვიდან ის ხშირად იყო შორს, თუნდაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში, თბილისში ცხოვრობდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ამას აქვს ადამიანსა და მის რელიგიურ მრწამსზე გავლენა. მამას ის ასაკი აქვს, რომ შესაძლოა მუსლიმი იყოს.

_ რაც არც დანაშაულია და არც პრობლემა.

_ რა თქმა უნდა, არაა დანაშაული. ნეტა, ამის მეტი არაფერი პრობლემა ჰქონდეს დავით რიჟვაძეს.

_ ისევ ნარკოტიკების თემას დავუბრუნდეთ: ბოლო კვირების განმავლობაში აჭარაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ტარდება სპეცოპერაციები. არ შესუსტდა ამით ეს ნარკომანიის ბუმი, რომელზედაც ზემოთ საუბრობდით?

_ ბოლოს სადღაც ორი კვირის წინ ამოიღეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აჭარაში. აყვანილი არიან რეალიზატორები. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. როგორც ამბობენ, ერთი ბელარუსის მოქალაქე იყო. დაკავებულია ვიღაც ქალიც. ეს კარგია, რომ სპეცოპერაციები ტარდება, მაგრამ ასეთი კამპანიური ხასიათი ვერ იძლევა იმ შედეგს, რაც საჭიროა. სისტემური ბრძოლაა საჭირო. თუნდაც ისეთი, როგორიც, მაგალითად, წინა ხელისუფების დროს. ე. ი. ის აქტიურობა და შეუწყნარებლობა ნარკოტიკების მიმართ საჭირო ყოფილა. ასევე საჭიროა მუდმივი თვალთვალი ნარკოტიკებთან კავშირში მყოფ ადამიანებზე. სისტემური ბრძოლა უალტერნატივოა. კამპანიური ხასიათით ვერაფერს მივაღწევთ. სასწრაფო ზომებია მისაღები. სასწაული ამბები ხდება ბათუმში და სიტუაცია სულ უფრო უარესდება.

_ ასეთი ამბავი მხოლოდ ბათუმშია? აჭარის სხვა რეგიონებში როგორი ვითარებაა ამ მხრივ?

_ მარტო ბათუმს არ უდგას ეს პრობლემა. ქობულეთშიც მძიმე სურათია. არც ხელვაჩაურშია კარგი ამბები. მთელი ახალგაზრდობა გაბრუებული დადის.

_ ზემო აჭარაში რა ხდება ამ მხრივ? იქ, წესით, უკეთესი ვითარება უნდა იყოს.

_ არც იქ არის დიდად სახარბიელო სიტუაცია. ნარკოტიკებმა მთიან აჭარაშიც ააღწია. იქაურ სოფლებშიც მოიხმარენ ნარკოტიკებს. დიდი უბედურება ტრიალებს აჭარაში. ეს ამბავი დროულად არის მისახედი.

_ ზემოთ ვსაუბრობდით, ვინ ითამაშა როლი „ოცნების“ ხელისუფლების დროს რიჟვაძეების აღზევებაში. თორნიკეზე მითხარით, რომ კალაძემ ითამაშა როლი. მამამისზე საუბრისას სხვა თემაზე გადავედით. ვინ დააწინაურა ის? ყველამ იცოდა, რომ დავით რიჟვაძე „ნაციონალების“ მარბიელი იყო.

_ ჩემთვის გამაოგნებელია დავით რიჟვაძის დაწინაურება. როგორც უკვე გითხარით, ეს ამბავი აჭარაში ყველას გაუკვირდა. დანამდვილებით არ ვიცი, აქ რა სიტუაციაა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ შემთხვევაში თორნიკე დაეხმარა მამას დაწინაურებაში. ეტყობა, მამასაც ჰქონდა ამის სურვილი. თორნიკემაც თქვა „ოცნებაში“ და გაუწიეს მის თხოვნას ანგარიში. შინაგან საქმეთა ორგანოში დაწინაურების საკითხს წყვეტს შს მინისტრი. ეტყობა, მათ უთხრა და დანიშნეს. სხვანაირად ეს კაცი არაფრით არ უნდა ყოფილიყო „ოცნების“ მაღალჩინოსანი. იმდენი პრეტენზია გვქონდა ამ კაცის მიმართ, ვერ წარმოიდგენთ.

_ დავით რიჟვაძის სისასტიკეზე მართლა ლეგენდები დადიოდა. 2011 წლის მაისში ბათუმში სახალხო კრებამ ჩაატარა აქცია, რომელიც სასტიკად დაარბიეს. მურმან დუმბაძე გვიყვებოდა მაშინ, რომ ამას დავით რიჟვაძე მეთაურობდა.

_ ეს საშინელი დარბევა იყო. ტელევიზიის შენობასთან დაგვარბიეს მაშინ. 14 წელზე მეტი გავიდა იმ დარბევიდან და ჩემს მეუღლეს დღემდე იარა აქვს თავზე. საშინლად დაგვარბიეს მაშინ და არა მარტო მაშინ. იმ დარბევის დროს რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა კონცელიძეც, რომელიც შემდეგ ბათუმმა მაჟორიტარად აირჩია. რა უნდა თქვა?! პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

იმ ხალხს, ვინც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ მოსულიყო ხელისუფლებაში, ძალიან გვიკვირდა ხელისუფლების ეს პოზიცია. ბევრი გავაპროტესტეთ, მაგრამ ამაოდ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს თანამდებობებზე არიან, ვინც მათ წინააღმდეგ ვიბრძოდით, „ოცნებიდან“ წამოსვლა მოგვიწია.

_ ბათუმში ნარკოტიკების გარდა რუსების პრობლემაც დადგა. ადგილობრივები უკვე ჩივიან, რომ ყველაფერი ლამის რუსებმა დაიკავეს. რუსები უკვე ღიად ამბობენ, ბათუმი რუსული ქალაქიაო. რა ხდება ამ მხრივ? ძალიან მტკივნეულია ეს თემა და არა მხოლოდ ბათუმელებისთვის.

_ გეთანხებით, რომ ეს ძალიან მტკივნეული თემაა და აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას და არა მარტო მას. ზამთარში ნამდვილად იყო რუსების სიჭარბე, მაგრამ ახლა  რაღაც ფერადკანიანი ხალხის სიმრავლეა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ბათუმში. იმდენი არიან, რომ ქართველები საერთოდ ჩაიკარგნენ. ტურისტი და უცხოელი ბათუმს არასდროს უკვირდა, მაგრამ ახლა რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე. მუსლიმები არინ შემოსულები, თან ჩვეულებრივი მუსლიები კი არა, რაღაც ღრმა მუსლიმები. ჩადრიანი ქალებით გაივსო ბათუმი. ქუჩაში რომ გაიაროთ, სასწაულ სურათს ნახავთ. ბათუმში შეიძლება ქართველის პოვნა გაგიჭირდეთ, ისეთი ამბებია.

_ ეს ადამიანები დამსვენებლები არიან, თუ რუსებივით შეიძინეს ბინები და მანდ დასახლდნენ?

_ ძირითადად უფრო დამსვენებლები არიან, მაგრამ ბევრი, ალბათ, აქ შეიძენს ბინას. ბევრს უკვე ნაყიდი აქვს. ეს საკითხიც რაღაცნაირად დასარეგულირებელია. ასე არ შეიძლება ყველაფრის მიშვება. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე არაბული ქალაქი შენდება.

_ არაბები აშენებენ ამ ქალაქს?

_ არაბები აშენებენ და არაბებით იქნება ის ქალაქი დასახლებული. ამ ქალაქს „გონიოს მარგალიტი“ ჰქვია. მე ჯერ კიდევ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი, ეს საკითხი რომ განიხილებოდა. მაშინ საკითხი ოდნავ სხვანაირად იდგა, მაგრამ არაბული ქალაქის მშენებლობა ჩაიშალა. ახლა როგორც მეუბნებიან, უკვე გადაწყვეტილია ეს თემა და არაბული ქალაქი აშენდება.

_ ბევრი ასეთ რაღაცებში პრობლემას ვერ ხედავს.

_ მე სხვანაირად ვუყურებ ამ ამბავს. საკითხი კარგად რომ დაინახო, საჭიროა ბათუმის ქუჩებში გაიარო. როგორც გითხარით, ქართველები სულ ჩაკარგულები არიან. მართლა არ ვიცი, როგორ დაბალანსდება აქ სიტუაცია. ამდენი შემოსული უცხო ტომელი და ასე განლეული ქართველობა ძალიან მძიმე სანახავია.

_ ამ მხრივ თბილისშიც საკმაოდ მძიმე ვითარებაა.

_ ბათუმი თბილისზე პატარა ქალაქია და აქ განსაკუთრებით მწვავედ ჩანს ეს პრობლემა. ეს ძალიან დიდი ხიფათის მატარებელია. ეს ადამიანები უკვე რაღაც შეკრებებს მართავენ და კონფლიქტში შედიან ადგილობრივ მოსახლეობასთან.

_ დაბოლოს, ისევ რიჟვაძის თემას დავუბრუნდები, თქვენი აზრით, გავიგებთ ოდესმე, რა მოხდა სინამდვილეში?

_ ვერ გეტყვით. რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება გავიგოთ. ახლა, ალბათ, არაფერს იტყვიან. თან თუ მართლა ესროლეს თორნიკეს და ამაში დარწმუნებული ვარ, ის საფრთხეშია. საფრთხეში რომ არ ყოფილიყო, საქართველოდან არ გაიყვანდნენ.

გაზიარება